ენიგმაუცნაურიუცხოპლანეტელები

„უცხოპლანეტელის” ჩონჩხისგან გამოწვეულ ვნებათაღელვას ბოლო მოეღო

10 წლის წინ ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, აღმოაჩინეს 15 სმ სიგრძის ჩონჩხი და „ატა” შეარქვეს. მას აღენიშნებოდა რიგი ანომალიები, როგორიცაა თავი ქალის არაბუნებრივი ფორმა, წვრილი სხეული და 12-ის ნაცვლად 10 ნეკნი. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ვერსიები, რომ ეს იყო აბორტით მოცილებული ნაყოფი, მაიმუნი ან უცხოპლანეტელი. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დნმ ტესტებით სხეული გამოიკვლიეს და რამდენიმე დღის წინ დასკვნა გაავრცელეს: ეს მუტირებული ადამიანია.

ჩილეს ადგილობრივი გაზეთის მიხედვით, უცხოპლანეტური გარეგნობის ჩონჩხი აღმოაჩინა ოსკარ მუნოსმა 2003 წლის 19 ოქტომბერს, როცა ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებს ეძებდა ატაკამას უდაბნოში მდებარე ქალაქ ლა-ნორიაში.

როგორც ტესტებმა დაადგინა, ეს იყო ადამიანი და 6-8 წლის ასაკში გარდაიცვალა. „დეფორმირებების მიზეზს მუტაცია წარმოადგენს. ყველა ნუკლეოტიდი, რომელიც შევამოწმეთ, ადამიანისაა. არაფერია ორგანიზმში ისეთი, რაც მის არამიწიერ წარმოშობაზე მიგვანიშნებდა”, განაცხადა გარი ნოლანმა, სტენფორდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა მიკრობიოლოგიის დარგში.


ნოლანმა და მისმა კოლეგებმა ეს უცნაური ეგზემპლარი 2012 წლის შემოდგომაზე გამოიკვლიეს მაღალი რეზოლუციის ფოტოგრაფიითა და რენტგენის სხივებით, მოახდინეს სკანირება კომპიუტერული ტომოგრაფიით და შეამოწმეს დნმ-ის ნიმუშები. მკვლევარებს სურდათ, დაედგინათ, რა იყო ანომალიური ჩონჩხის განვითარების მიზეზი, რატომ ჰქონდა ნაკლები ნეკნი, რა ასაკში მოკვდა, მუცლად მყოფი ნაყოფი იყო, დაბადებისას გარდაცვლილი თუ ბავშვი, ან სულაც სამხრეთ ამერიკის რომელიმე პრიმატი.

ანალიზმა ასევე გამოავლინა თავის ქალის დეფორმირებები და სახისა და ყბის განუვითარებლობა, აღინიშნებოდა აკროცეფალიაც, იგივე მაღალი თავის სინდრომი – თანდაყოლილი ეფექტი, რომელიც გამოიხატება თავის ქალის წაწვეტებულ ფორმაში.

მეცნიერთა ჯგუფმა შეამოწმა მიტოქონდრიული დნმ-იც, ანუ დნმ-ი უჯრედისთვის ენერგიის მიმწოდებელ სტრუქტურებში, რომელიც დედიდან შვილს გადაეცემა. ანალიზმა აჩვენა, რომ ინდივიდი იყო ატაკამიდან, B2 ჰაპლოტიპის ჯგუფიდან. ჰაპლოტიპი ერთ ქრომოსომაში ლოკალიზებული გენებია, რომლებიც თაობების მანძილზე უცვლელია და შეუძლია მიგვანიშნოს, ვინ იყვნენ ინდივიდის წინაპრები. ამ შემთხვევაში B2 ჰაპლოტიპი სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება.

მიტოქონდრიული დნმ-ის ალელის მონაცემები მიანიშნებენ, რომ „დედა ადგილობრივი მაცხოვრებელია სამხრეთ ამერიკიდან, ჩილეს რეგიონიდან”.


დოქტორმა სტივენ გრიერმა, რომელიც კვლევებს ხელმძღვანელობდა, უარყო შეხედულება, რომ ეს ჩონჩხი შექმნილია და სინამდვილეში ცოცხალი ორგანიზმი არასდროს ყოფილა. „სკანირება ნათლად აჩვენებს შინაგან ორგანოებს, როგორიცაა ფილტვები და გულის სტრუქტურის ნარჩენები. სხვადასხვა სახის კვლევები მიუთითებს ერთ დასკვნაზე, რომ ეს რეალური ორგანიზმია და არა ვინმეს შექმნილი ფარსი”, განაცხადა გრიერმა.

„მან 6-8 წლის ასაკამდე იცოცხლა. აშკარაა, რომ სუნთქავდა, იკვებებოდა, ჰქონდა მეტაბოლიზმის უნარი”, აღნიშნავს ნოლანი. „თუმცა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა ზომის იყო ის დაბადებისას.”

მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ სხვა რიგ საკითხებსაც, მაგალითად იმ მუტაციებს, რამაც ეს ანომალიები გამოიწვია. მათ ვერ მიაგნეს იმ მუტაციების კვალს, რომლებიც ჯუჯის სინდრომს იწვევს. თუმცა რომც ეპოვათ, ეს მაინც არ ახსნიდა ყველა დეფორმირებას. ნოლანი აღნიშნავს, რომ ამ უიღბლო ბავშვს სჭირდა დეფექტების მთელი სერია, რომელთა დიდ ნაწილს მედიცინა ჯერ კიდევ არ იცნობს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button