საინტერესო ფაქტები მზის სისტემაზე
● იუპიტერი კოსმოსურ ნაგავს იწოვს.
იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და უმეტესწილად ცნობილია დიდი წითელი ლაქით – მის ზედაპირზე მდებარე მასიური ანტიციკლონური ქარიშხლით, რომელიც დედამიწას ზომით სამჯერ აღემატება. თუმცა ამის გარდა გიგანტი პლანეტა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი არსებობა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იუპიტერის შთამბეჭდავი მონაცემები და მისი გრავიტაციული ძალა ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს და კოსმოსურ ნაგავს (ძირითადად ასტეროიდებს, ნამსხვრევებს და ა.შ.) თავისი ორბიტისკენ ექაჩება, რის შედეგადაც მათ დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევს.
● მზის სისტემაში 5 ჯუჯა პლანეტაა.
ჯუჯა პლანეტა ეს არის ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც მოძრაობს მზის გარშემო, აქვს საკმარისი მასა გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად, არ შეუძლია გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან და არ მოძრაობს რომელიმე პლანეტის გარშემო (არ არის თანამგზავრი). მზის სისტემაში ხუთი ჯუჯა პლანეტაა. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიიღო, ყველამ იცის – პლუტონი. დანარჩენი ოთხია ჰაუმეა, ცერერა, ერისი და მაკიმაკი.
● მზის სისტემა სავსეა ასტეროიდებით.
ასტეროიდებზე მრავალი ჰოლივუდური ფილმი გადაღებულა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მზის სისტემაში არსებობს როგორც მსხვილი ასტეროიდების სარტყელი (მარსსა და იუპიტერს შორის), ისე მრავალი წვრილი ასტეროიდი, რომლებიც სივრცეშია გაფანტული და ზოგიერთი მათგანი დედამიწის სიახლოვესაცაა. რაც შეეხება ფილმებს, მათში გავრცელებულია ერთი შეცდომა – კოსმოსური ხომალდები მანევრირებენ მსხვილ ასტეროიდებს შორის, რომ შეჯახება აირიდონ. რეალობა ისაა, რომ ასტეროიდები, როგორც წესი, ერთმანეთისგან დაშორებულნი არიან ისე, რომ მსგავსი განლაგება ნაკლებად მოსალოდნელია.
● ვენერა ყველაზე ცხელი პლანეტაა.
კითხვაზე, რომელია მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მერკური, რადგან ის ყველაზე ახლოსაა მზესთან. მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ – მერკურზე (427°C) ცხელი პლანეტა ვენერაა (462°C), მიუხედავად იმისა, რომ მასზე მეტადაა მზისგან დაშორებული. ამის მიზეზი ისაა, რომ მერკურს ატმოსფერო თითქმის არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება პლანეტისგან გამოყოფილი სითბოს დაგროვება. რაც შეეხება ვენერას, მისი სქელი ატმოსფერო მზისგან წამოსულ სითბოს კარგად ინახავს. აღსანიშნავია, რომ ვენერა ერთგვარი თეთრი ყვავია მზის სისტემის პლანეტებში – ის ყველა დანარჩენის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს თავისი ღერძის გარშემო.
● პლუტონის სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი.
2006 წელს მრავალი ადამიანისთვის მოულოდნელი და განმაცვიფრებელი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა. ბავშვობაში ყველას გვასწავლეს, რომ პლუტონი პლანეტაა და ეს თითქოს ეჭვმიუტანელი ფაქტი იყო, შედეგად მეცნიერთა გადაწყვეტილებამ ბევრი ჩააფიქრა, კიდევ რა არასწორი წარმოდგენა შეიძლება გვქონოდა მზის სისტემაზე. გასაკვირია, მაგრამ პლუტონის სტატუსზე დავა 1970-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, უბრალოდ ამაზე ნაკლებად საუბრობდნენ სამეცნიერო წრეების მიღმა. რეალობა ასევე ეწინააღმდეგება გავრცელებულ შეხედულებას პლუტონის ზომაზე – სინამდვილეში ის საკმაოდ მოკრძალებული ზომისაა, დედამიწაზე 170-ჯერ პატარა.
● მერკურის ერთი დღე დედამიწისაზე 58-ჯერ გრძელია.
პლანეტის ერთი დღე წარმოადგენს მის სრულ წრეს თავისი ღერძის გარშემო. რადგანაც დედამიწაზე ეს პერიოდი დაახლოებით 24 საათს შეადგენს, სიტყვა „დღე” ჩვენს გონებაში ავტომატურად ამ ხანგრძლივობად აღიქმება, ამიტომ ძნელია წარმოიდგინო მერკურის დღე, რომელიც თითქმის 2 თვე გრძელდება. ძალიან დიდხანს დაგვჭირდებოდა ლოდინი იმისთვის, რომ გათენებისთვის გვეცქირა (თუმცა მსგავს ფენომენს შეიძლება ანტარქტიდაზეც წააწყდეთ, სადაც მზე მთელი ზამთარი ჰორიზონტს ქვემოთაა და რეგიონს სხივები არ მიეწოდება). გამომდინარე იქიდან, რომ მერკური მზის გარშემო შემოვლას 88 „დედამიწურ” დღეს ანდომებს, გამოდის, რომ მასზე წელიწადში ორი დღეა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა: პლანეტის უცნაური ორბიტის გამო ცაზე ისე ჩანს, თითქოს მზე წინ და უკან მოძრაობს.
● ურანზე სეზონები 20 წელი გრძელდება.
ურანის ღერძი 97 გრადუსითაა გადახრილი, რაც შესაბამის შედეგს იძლევა – სეზონის ხანგრძლივობა აქ ჩვენებურ 20 წელიწადს შეადგენს და მიზეზია მრავალი მეტეოროლოგიური უცნაურობისა. ბოლო პერიოდში ურანზე ნელ-ნელა მთავრდება ხანგრძლივი ზამთრის შტორმი და მალე დაიწყება გაზაფხულის პერიოდი, რომელიც დედამიწისას ნაკლებად ჰგავს – ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და ხშირია ქარიშხლები. ეს ყველაფერი გასაკვირი არცაა, რადგან ურანი მზის სისტემის ყველაზე ცივი პლანეტაა, არის მომენტები, როცა ტემპერატურა −224°C-ზე ჩამოდის.
● მზის სისტემის მასის 99% მზეზე მოდის.
მზე, ცხადია, მზის სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გიგანტური მხურვალე აირის ბურთულა მუდმივად გვაწვდის სინათლეს, სითბოსა და ენერგიას, მისი მეშვეობით მუშაობს თითქმის ყველაფერი, თუმცა მისი შთამბეჭდავი ზომებიც აღნიშვნად ღირს. მთელი მზის სისტემის წონის 99.86% მზის მასაა, ანუ დაახლოებით 2×10^30 კგ, რაც დედამიწას 330 000-ჯერ აღემატება. დარჩენილი მასის დიდ ნაწილს ავსებენ იუპიტერი და სხვა დიდი პლანეტები, დედამიწის წილი კი უმნიშვნელოა.
● მთვარეზე ნაკლებს აიწონით.
მთვარის მცირე მასის გამო, მასზე გრავიტაცია გაცილებით სუსტია, ვიდრე დედამიწაზე – დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარეზე ყოფნისას შეგიძლიათ დაახლოებით 6-ჯერ მაღლა ახტეთ, ვიდრე დედამიწაზე. ანალოგიურად იმოქმედებს გრავიტაცია წონაზეც. მაგალითად, თუ დედამიწაზე იწონით 70 კგ-ს, მთვარეზე დაახლოებით 11 კგ-მდე შემსუბუქდებით.
● სატურნი არაა ერთადერთი პლანეტა რგოლებით.
ყველამ ვიცით სატურნის გასაოცარი რგოლების შესახებ, რომლებიც ნამსხვრევებისგან, ქვებისგან, ყინულისა და სხვადასხვა ნაწილაკებისგან შედგება, თუმცა მსგავსი სანახაობით მხოლოდ სატურნი არაა დაჯილდოებული. ფაქტიურად მზის სისტემაში ყველა დიდ პლანეტას აქვს რგოლები. ეს ეხება როგორც იუპიტერს, რომლის რგოლებიც დედამიწიდან არ ჩანს, ისე ნეპტუნს. ურანსაც კი 9 ნათელი და რამდენიმე მკრთალი რგოლი აქვს გარშემო, მაგრამ დიდი მანძილის გამო მათი დანახვაც ძნელია.