ლიტერატურამოთხრობა

თინათინ დალაქიშვილი – უჟმური მგზავრი

ტაქსი აეროპორტთან გაჩერდა. მძღოლს საბარგული გავახსნევინე და ორი მძიმე ტყავის ჩანთა გადმოვიღე. მერე ხელჩანთა გავხსენი და ფული მივაწოდე. მძღოლმა მადლობის მსგავსი რაღაც ჩაიბურდღუნა და მანქანაში ჩაჯდა.

ხელჩანთა მხარზე გადავიკიდე, ორ დიდ ჩანთას ჩავებღოჭიალე და დიდი გაჭირვებით მივათრიე რეგისტრაციის ადგილამდე.

– ცოტა ფრთხილად, – შემომღრინა ჩემს წინ მდგომმა ქუდჩამოფხატულმა და რამის თვალებამდე პალტოს საყელო აწეულმა მამაკაცმა, რომელსაც შემთხვევით ფეხზე დავაგდე ჩანთა.

– უკაცრავად, – ვუთხარი ცოტა ამრეზილი სახით, მისი ტონით გაღიზიანებულმა.

მამაკაცი ისევ მიტრიალდა და თავის საბუთებს დაუწრო თვალიერება. რიგმა წინ წაიწია. ისევ ავიღე ხელში ჩემი ბარგი და მეც რამდენიმე ნაბიჯით წინ წავედი.

ჩანთების სიმძიმემ წონასწორობა დამაკარგვინა და წინმდგომს შევეჯახე. ისევ ის უკმაყოფილი სახე (თუმცა ჩვენთვის რომ ვთქვათ, რატომ ექნებოდა კმაყოფილი სახე…) ამეფარა თვალებს წინ.

მის სახეზე ამოვიკითხე წინადადება, “ცოტა ფრთხილად”, რომელიც არ წარმოუთქვია, თუმცა მაინც ყველაფერი გასაგები იყო.

“იდიოტი, – ჩავიბურტყუნე ჩემთვის, – სჯობია ამ ბარგის გადაადგილებაში მომეხმაროს…”

როგორც იყო ჩემი რიგი დადგა და ფორმიან ქალს ჩემი საბუთები გადავაწოდე.

“ ბარგი ჩააბარეთ,” – გაისმა მწივანი ხმა. ახლაღა გამახსენდა, რომ ამ ჩანთებით სალონში არ შემიშვებდნენ.

აქეთ-იქით მიმოვიხედე.

– იქით, – ფორმიანმა ქალმახელი მაჩვენა ის ადგილი სადაც ბარგს იბარებდნენ. ძლივს მივათრიე ჩანთები მითითებულ ადგილამდე და ახლა იქ მომიხდა რიგში დგომა.

ესეც შენი ცხოვრების შეცვლა… მომწყინდა ერთიდაიგივე: სამსახური სახლი, სამსახური სახლი. იმ ასაკიდან გამოვედი, როდესაც დისკოტეკებზე წასვლა გიხარია. ახლა ჩემს გარშემო, ასე ვთქვად საოჯახედ მომწიფებული მამაკაცები ტრიალებენ, რომლებიც ისეთ ქალს დაეძებენ, ვინც მათ გამოადგებათ: კარგი ოჯახისშვილი, შეძლებული, დამაკმაყოფილებელი გარეგნობით.

მე სრულიად ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს და ამიტომ ჩვენს საკმაოდ დიდ კოლექტივის წარმომადგენელ მამაკაცებში, ასე ვთქვათ, პოპულარობით ვსარგებლობ.

მპატიჟობენ რესტორანში, დაბადების დღეებზე… და ერთიდაიგივე ხელწერა. დატკეპნილი ფრაზები, მანერები…

მოკლედ ყველაფერ ამას გამოვექეცი და ახალ წელს ვენაში შევხვდები. ცოტა გადავასხვაფერებ ჩემს ცხოვრებას.

როგორც იქნა შემოწმების გავლის შემდეგ, ტრაპს მივაღწიე. ქერა ბორტგამცილებელს ბილეთი და პასპორტი ვაჩვენე და მითითებული სალონისაკენ გავწიე. ადგილის პოვნა არ გამჭირვებია. დაღლილი სავარძელში ჩავეხეთქე და ახლა-ღა გადავხედე გვერდზე მჯდომს.

“ჰმ, ის ბრძანდება, ნერვიული მგზავრი, – ჩამეცინა და ამრეზილი სახით გვერდზე გავიხედე. შუაში მომიწევს ჯდომა. განაპირას ვინ იქნება ნეტავ? ისე ილუმინატორთან მერჩივნა…

– ხომ არ გამიცვლიდით ადგილს, – მივუტრიალდი “ნაცნობს”.

“ჰმ, – რაღაცის თქმა დააპირა, მერე რატომღაც შეყოვნდა, – რას ვიზამთ, რაკი თქვენ ასე გსურთ… – მჟავე გამომეტყველება გადაეკრა სახეზე.

“ ეშმაკსაც წაუღია ამისი უკმაყოფილება, რაც მთავარია ფანჯარასთან ვიჯდები.” მადლობა გადავუხადე და ადგილები გავცვალეთ.

შემდეგ შეწუხების გამო ბოდიშის მსგავსი წინადადება წარმოვსთქვი.

– არ შეგაწუხებდით, მაგრამ თვითმფრინავში პირველად ვზივარ და არ ვიცი როგორ ავიტან ფრენას. მანქანითაც მიჭირს მგზავრობა.

ვხედავდი ჩემს სიტყვებზე როგორ აეზიდა წარბები მაღლა.

– ცუდად ხდებით? – დაკონკრეტება სცადა და ჩემს თავის დაკვრით გამოხატულ დასტურზე ისევ ტყემალნაჭამის ნიღაბი გადაეკრა სახეზე.

რომ არ გამცინებოდა, ილუმინატორის პლასტმასის ფარდა ავწიე და გარეთ გავიხედე.

თვითმფრინავის ძრავის ხმა გაისმა. გვერდზე მჯდომმა გაზეთი ამოიღო ჩანთიდან და კითხვა დაიწყო.

თვითმფრინავი დაიძრა და ნელნელა სიმაღლე მოიკრიფა. “ნაცნობი” მალიმალ ჩემსკენ აპარებდა მზერას და დაძაბული მადყოფნაში იყო, რომ ჩემი “მარცხის” შემთხვევაში გაზეთი აეფარებინა.

ცოტაც და ხარხარი ამიტყდებოდა. ძლივს ვიკავებდი თავს. ხელები პირზე მივიფარე. იგი წამოხტა, ტუალეტისკენ წასვლა დააპირა, ალბათ ეგონა, რომ გული მერეოდა, მაგრამ ბორტგამცილებელმა ცივი ხმით აუწყა, რომ ჯერ ადგომა არ შეიძლებოდა. ისევ დაეშვა თავის სავარძელზე და რაც შეიძლება ჩემგან სკამის საპირისპირო მხარეს მიიკუნჭა.

მე ფანჯრისკენ მივატრიალე თავი კედელს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. რამოდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ მე კარგად ვიყავი და ჩემგან “საშიშროება” არ ელოდებოდა, სავარძელზე გასწორდა და ისევ გაზეთის კითხვა გააგრძელა.

ჩანთიდან კრემ-პუდრა ამოვიღე და რბილი ღრუბელით სახეზე მოვისვი. ამავე დროს მოვასწარი სარკეში კარგად შემთვალიერებინა ჩემი მეზობელი.

სიმპატიური მამაკაცი იყო. ალბათ 40-42 წლის იქნებოდა. “დასანანია, რომ ასეთი მჟავე ხასიათის მამაკაცს ასეთი გარეგნობა ჰქონდეს”, – გავიფიქრე. უცებ, პლასტმასის ყუთი ხელიდან გამიცურდა და ამოტრიალებული მის ფაქიზად გაუთოებულ შავი შარვლის მუხლზე დაეცა.

– მოკლედ!.. – წამოიყვირა და ზამბარაზე მჯდომარესავით წამოხტა. მე უხერხულობისაგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ერთ ადგილზე გავშეშდი. ბოდიშის მსგავს სიტყვებს ვლუღლუღებდი და შეცბუნებული სახით ვუყურებდი.

გამწარებულმა ყუთი ხელში მომაჩეჩა და დასვრილი შარვლით ტუალეტისკენ გავარდა. ახლა კი მართლა შევწუხდი. მაგრამ ეს საზიზღარი ხა-ხა-ხა, ხი-ხი-ხი, სადღაც ყელთან მიღიტინებდა და გადმოხეთქვას ლამობდა.დაბრუნებულს კითხვა შევაგებე:

– ლაქა ხომ არ დაგიტოვათ?

– დიახ, სამწუხაროდ ამას ქიმწმენდის მეტი არაფერი უშველის, – და მერე ჩემს მზადყოფნაზე, ცხვირსახოცით ამომეცილებინა ლაქა, ცივად დაამატა, – ნუ შეწუხდებით.

– სუნამოთი დავასველებ ცხვირსახოცს და იქნებ ამით მოვაცილოთ ლაქა, სუნამო ხომ სპირტზეა დამზადებული.

– ძალიან გთხოვთ ნუ შეწუხდებით, ადგილზე მივალ და მე მოვუვლი, – მითხრა და მუხლებზე გაზეთი დაიფარა.

ნახევარი საათი ასე უბრად ვიმგზავრეთ. სიტყვა არც ერთს არ დაგვიძრავს. მომწყინდა ასე ჯდომა და საუბრის დაწყება ვცადე.

– ვენაში მიემგზავრებით, თუ ავსტრიის სხვა ქალაქში?

– ვენაში, – იყო მოკლე პასუხი, ისე რომ თავი ჩემსკენ არც კი მოუტრიალებია.

– სამსახურეობრივ საქმეზე?

გვერდზე მჯდომმა გაკვირვებულმა გადმომხედა და მიპასუხა:

– დიახ.

მე შემდეგი კითხვის დასასმელად მოვემზადე, მან კი თავი მიატრიალა და გაზეთი სახეზე აიფარა.

“გრუბიან, უზრდელი, ტყეში გაზრდილი”, – შევამკე ეპითეტებით. არ შევიმჩნიე მისი განწყობა და გავაგრძელე.

– მე ჩემს მეგობართან ჩამოვედი. ახლა არ მელოდება, დათქმულზე ცოტა ადრე მოვახერხე წამოსვლა და არც კი შემიტყობინებია, სურპრიზი მინდა გავუკეთო. ახალ წელს მასთან შევხვდები.

გაზეთიდან უკმაყოფილო სახე გამოყო და წარმოსთქვა:

– ჰოო?

რას მიანიშნებდა ეს სიტყვა ვერ მივხვდი. ქამარზე ჩამოკიდული მობილური შევნიშნე.

– როუმინგზე ჩართულია? – შევეკითხე.

– კი. დარეკვა თუ გინდათ, ინებეთ.

– არა, მეც ჩართული მაქვს როუმინგზე. მარტო ზარის ხმის გასინჯვა მინდა. იქნებ გადმომირეკოთ, რომ შევამოწმო.

მობილური ტყავის შალითიდან ამოაძვრინა და მომაჩერდა.

– დარეკეთ, რას ელოდებით.

– ნომერი?

– ოჰ, გამოვითიშე.

აქ კი იქედნურად ჩაიცინა.

– ხშირად გემართებათ-ხოლმე?

– რა?

– არაფერი, ნომერი მიკარნახეთ ავკრიფო. მე სწრაფად ვუკარნახე და თან ვფიქრობდი, რა იგულისხმა კითხვაში?

ჩემს ჩანთაში პოლიფონოური მუსიკა გაისმა.

– გმადლობთ, კარგად ისმის. ზოგჯერ ხმა თავისთავად დაბლდება და მეშინია ვინმემ რომ დამირეკოს ვერ გავიგებ. ყველაფერი წესრიგშია. გმადლობთ, – გავუღიმე. მანაც ზრდილობის გულისთვის რვა კბილი გამოაჩინა.

“ამისთვის ესეც დიდი მიღწევაა”, – გავიფიქრე. ბორტგამცილებელმა გავუწყა, რომ თვითმფრინავი დაეშვება ათ წუთში. ქამარი შევიკარი და საათს დავხედე.

– საათი გადასწიეთ, – მირჩია გვერდზე მჯდომმა. გაკვირვებულმა შევხედე. არ მოველოდი მისგან რჩევებს… თვითმფრინავი მსუბუქად დაეშვა მიწაზე. ბორტგამცილებელმა უფლება მოგვცა დაგვეტოვა სალონი. ნატის დათბილული ქურთუკი ჩავიცვი და ჩანთას წამოვავლე ხელი. ძირს დაგდებული ჩემი პასპორტი და ბილეთი შევნიშნე.

– კიდევ კარგი დავინახე, – გამიელვა თავში და ჩანთის საფულეში ჩავდე. ჩემი მეზობელი გასასვლელისაკენ დაიძრა. მეც მივყევი.

ტრაპთან ავტობუსი დაგვხვდა. ავედი, სკამზე ჩამოვჯექი. “ნაცნობი” არ ჩანდა, ეტყობა ვინმე ეფარებოდა. ბარგს კარგა ხანი ველოდებოდი. რატომღაც დაიგვიანა. უცებ მას მოვკარი თვალი. ხელში გაბერილი ჩანთა ეჭირა და გასასვლელისაკენ მიეშურებოდა.

“ალბათ ბარგი არ ჰქონდა ჩაბარებული. მხოლოდ ერთი ჩანთითაა წამოსული”, – გავიფიქრე.

როგორც იყო ესკალატორი ამუშავდა და ნაირნაირი ჩემოდნები და ჩანთები გამოჩნდა. ჩემს ჩანთებს ხელი დავავლე, მერე გასასვლელში “ბირკები” შემიმოწმეს და ტაქსებისაკენ წავედი.

მანანა, ჩემი მეგობარი, ქმართან და ოჯახთან ერთად ვენის გარეუბანში, პატარა ვილაში ცხოვრობდა. ადვილად მიაგნო ტაქსის მძღოლმა. ფული მივაწოდე და სახლისაკენ გავემართე. ეზოს კარს მივუახლოვდი. ზარი დავრეკე. არავინ გამოჩენილა. კიდევ დავრეკე. კვლავ სიჩუმე იყო. სახლს შემოვუარე, მეჩხერი რკინის მესრიდან ვათვალიერებდი ეზოს, არავინ ჩანდა. კართან დავბრუნდი და ისევ დავრეკე ზარი. კვლავ სიჩუმემ მიპასუხა. გვერდით მდგარ სახლისკენ გავიხედე. ეზოში ხნიერი ქალი მოჩანდა. მისკენ გავეშურე. დამტვრეული გერმანულით ვიკითხე თუ სად არიან მათი მეზობლები და ხელით მანანას სახლზე მივანიშნე.

– ააა, ვინტერფერიენ… – მიაყარა ქალმა, მაგრამ შინაარსის გამოტანა მაინც შევძელი: საფრანგეთში წაიყვანეს ბავშვები ზამთრის არდადეგებზე. ამის გააზრებაზე გავშეშდი.

“რა სულელი ვარ, რომ არ ვაცნობე წინასწარ ჩემი ჩამოსვლის თარიღი. აი, სურპრიზი!!! ჩემს თავს მოვუწყე სურპრიზი!!! რა უნდა ვქნა ეხლა?!”

ისე წამოვედი მეზობელი სახლის ეზოდან, ხანშიშესული ავსტრიელი ქალისათვის მადლობაც არ გადამიხდია… მოვდიოდი და ათასი ფიქრი მერეოდა თავში, მაგრამ რა გამეკეთებიდა არ ვიცოდი.

ტროტუარზე მივაბიჯებდი ჩაფიქრებული. მერე გზის გადაკვეთა დავაპირე, აქეთ-იქით გავიხედე. მანქანები არ ჩანდა და თამამად გადავედი. ის იყო შუა ზოლს მივუახლოვდი, რომ გამყინავი: “ჰალტ!” შემომესმა და ზედ თეთრ ზოლზე გავშეშდი. გერმანელ ნაცისტებზე გადაღებულ ფილმებიდან გამჯდარი ნაცნობი მყივანი ხმის გაგონებაზე გავშეშდი და უკან, საიდანაც ხმა მომდიოდა, ძლივს მივიხედე. რატომღაც მოველოდი ნაცისტების ეპოლეტებიან ფორმაში და მკლავზე სვასტიკა გამოსახულ ლენტშებნეულ მამაკაცის დანახვას ველოდი… ხელში შემრჩა დაჩაჩანაკებული ხმელ-ხმელი მოხუცი, რომელიც ბუნიკიან ჯოხს გამწარებული უკაკუნებდა ასფალტს. მომიახლოვდა ხელი ჩამკიდა. მერე თავისი ხელჯოხით შუქნიშანზე მიმანიშნა. როდესაც მჭვანე შუქი აინთო ხელი გამიშვა და ისევ ისეთი ყინულოვანი ხმით მითხრა:

– ახლა წადი.

დაფეთებული გადავედი გზაზე, რომ ისევ წითელ შუქს არ მოესწრო ჩემთვის და ის საშინელი ხმა არ გამეგონა… უცებ ბახის № 2 პრელუდია (დო მინორი) გაისმა ჩემს ჩანთაში. ვინ უნდა მირეკავდეს. საპირისპირო ტროტუარზე გადავედი.

“ბილეთის დაბრუნება მომიწევს. იქნებ დღეს ან ხვალ მიფრინავდეს თვითმფრინავი…”

გზაზე ტაქსი გამოჩნდა. ხელი ავუწიე, გავაჩერებინე. აეროპორტში, ვუთხარი და ისევ ფიქრებში ჩავიძირე.

საათსა და ათ წუთში უკვე აეროპორტში ვიყავი და საბილეთო სალაროში ჩემს გაჭირვებაზე ვესაუბრებოდი. ბილეთი და პასპორტი დავუდე წინ.

– ვწუხვარ, მაგრამ რეისი ვენა-თბილისი კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობითაა დანიშნული.

ფერი წამივიდა. სალაროში მჯდომმა ქალმა, მექანიკურად პასპორტი გადაშალა და სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

– თქვენთვის გინდათ ბილეთი?

– კი, – ცოტა არ იყოს გავოცდი ამ კითხვაზე.

ქალმა პასპორტი ჩემსკენ მოატრიალა. მოვარდისფრო ფურცელში ჩაკრული ფოტოდან ჩემი “ მჟავე” თანამგზავრი მიმზერდა.

“ღმერთო ჩემო, საიდან, – თაზე ხელი წავივლე, – სად გავეცვალა პასპორტები. ეს-ღა მინდოდა? – ჩანთაში ჩავიხედე. მეორე პასპორტი შევნიშნე. სწრაფად გადავშალე. ეს ჩემი პასპორტი იყო. წარმოვიდგინე რა დღეში იქნებოდა… ნეტავ რა ჰქვია? სწრაფად გადაშალა პასპორტი და სახელი და გვარი ამოიკითხა: კახა ნებიერიძე. დაბადების თარიღი 17 10 1969 წ.

ჰმ, 35 წლის ყოფილა. რამ დაამჟავა ასე ამ ასაკში… მერე თავში წამომიტივტივდა, რა დღეში იქნებოდა იგი, პასპორტდაკარგული… უცებ გამახსენდა, რომ მობილურზე მისი ნომერი იყო დაფიქსირებული. საჩქაროდ ამოვიღე ჩანთიდან და გადავურეკე. საოცრად განერვიულებული ხმა მომესმა.

– თიკო ვარ… თუმცა არ მიცნობთ სახელით, არც გავცნობილვართ…

– აჰ, თქვენ ხართ, – ალბათ ხმაზე მიცნო, – ახლა რა გნებავთ, ისე, კი რომ იცოდეთ საუცხოოდ დამთარსეთ…

– ნუ ნერვიულობთ, თქვენი პასპორტი მე მაქვს…

– რაა?!! – ლომისებური ღრიალი გაისმა, – როგორ აღმოჩნდა თქვენთან?!

– ამის ახსნას კარგა დრო დასჭირდება, მობილური კი წერს. სჯობია სადმე შევხვდეთ… სად ხართ, ვეცდები მოგნახოთ…

– სასტუმრო “ციმერმანის” ფოიეში ვდგევარ…. ვერკეშტრასე 4.

– ერთი წუთით ჩავიწერ, თორემ ისეთი დათარსული დღე მაქვს, ესეც არ ამერიოს…

– ნუთუ…. – დაიწყო და აღარ დაამთავრა, ეტყობა რაღაც მჟავე უნდა ეთვა და იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლებელია გაბრაზებულს პასპორტი აღარ მიმეტანა, გაჩუმება არჩია.

– რაღაც უნდა გეთქვათ…

– არა, მერე გეტყვით, ფული იწერება. ე.ი. სასტუმრო “ციმერმანი”… – გამიმეორა მისამართი. ისევ გავაჩერე ტაქსი და ბლოკნოტში ჩაწერილი მისამართი ყურადღებით წავუკითხე.

– კი, – თავი დამიკრა მძღოლმა და მანქანა ადგილს მოსწყდა.

საათნახევარში ექვს სართულიან შენობასთან ვიდექი, რომლის სახურავის შპილზე რკინის მამალი იყო დამაგრებული და ქარის მიმართულებას უჩვენებდა. შემინული კარები გაიღო და კახა დავინახე.

– მადლობა ღმერთს, გადავრჩი, თორემ რა მელოდა, ღმერთმა უწყისს… – გახსნილი პალტოს კალთები ქარზე უფრიალებდა. ყელზე შარფი ჰაიჰარად ჰქონდა შემოხვეული, რომლის ბოლოს წითელი ქვით მოკირწყლულ ფილაქანზე მიათრევდა.

– შარფი გაგიჭუჭყიანდებათ.

– მაგას არ ვჩივი, რახან პასპორტი და ბილეთი ვიპოვე…

– ჰო, ჩემგან განსხვავებით, თქვენ ბედმა გაგიღიმათ, – ნაღვლიანად ჩავიცინე.

– რატომ, რაშია საქმე?

“ოჰო, რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებს. როგორ სცვლის სიხარული ადამიანს”, – გავიფიქრე და მოკლედ მოვუყევი ჩემი ამბავი…  იგი ჩაფიქრდა, თმები ხელის ნელი მოსმით უკან გადაიწია და მითხრა:

– მე შემიძლია შემოგთავაზოთ ჩემთან დაბინავება… ავსტრია გადაჭედილია ტურისტებით და იმ სასტუმროებში, სადაც შედარებით შეღავათიანი ფასებია ადგილები აღარ არის. აქ აღმოვაჩინე თავისუფალი ერთი ნომერი, მხოლოდ ორადგილიანია. მე ავიღე ეს ნომერი, სამივლინებო ხარჯებს სამსახური იღებს თავისთავზე. ასე რომ დაფიქრდით…

– სხვა გზა არ მაქვს, – წამომცდა. კახას შევხედე, ისევ “ჩამჟავდა”.

– წამომყევით, – მითხრა და არც უფიქრია მძიმე ჩანთების წაღებაში მომხმარებოდა.

მართლა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი, არ დავთანხმდებოდი მის დახმარებაზე… მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა…

კახა ადმინისტრატორის მაგიდისაკენ წავიდა. მე ძლივს მივათრიე ჩემი მძიმე ჩანთები, თან გუნებაში ჩემ თავს ვთათხავდი, ამდენი ტანსაცმლის წამოღებისათვის. ადმინისტრატოს სუფთა, გამართული, უაქცენტო გერმანულით აუხსნა, რომ მასთან ერთად ვიცხოვრებდი და პასპორტი მომთხოვა. მივაწოდე ადმინისტრატორს ჩემი საბუთი.

ადმინისტრატორმა სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი გააკეთა და გასაღები მიაწოდა პორტიეს. კაკლის საბერტყელასავით მაღალი პორტიე მომვარდა, ჩანთები ჩამომართვა და ნომრისკენ მიმავალებს უკან გამოგვყვა.

განიერი ლიფტის კარებთან შევჩერდით. ლიფტის გარშემორტყმული რკინის ბადე ხელოვნების ნიმუში იყო. მხვიარა მცენარე გადაჯაჭვულიყო ზანზალაკების ყვავილის ტოტებთან და მთელ სიმაღლეზე მიუყვებოდა. მაღლიდან ნელნელა ეშვებოდა ლიფტის კაბინა. ჟღრიალით გაჩერდა. მე და კახა ლიფტში ჩავსხედით და მე-5 სართულზე ავედით. პორტიე უკვე კარებწინ დაგვიხდა. იგი მოსამსახურე პერსონალის ლიფტით ამოსულიყო. მან კარები გაგვიღო, წინ გაგვატარა, მერე ძირს დადებულ ჩემოდნებს დასწვდა, ოთახში შემოიტანა. მერე ფარდები გასწია და შეგვეკითხა, რამეს ხომ არ დავავალევდით.

კახამ უარის ნიშნად თავი გააქნია და პორტიეს გასვლისას ხელში ქაღალდის კუპიურა ჩაუდო.

– ახლა მოვეწყოთ. ალბათ დაღლილი იქნებით და დასვენებას ინებებთ. თქვენ საძინებელს დაგითმობთ. მე აქ დივანზე წამოვწვები. ისე იგრძენით თავი თითქოს ცალ-ცალკე ნომრებში ვცხოვრობთ… მესიამოვნა მისი სიტყვები.

“ცოტა ზრდილობას მოუხმო, კარგია… მე საძინებელი დამითმო….”

***

მეორე დღეს დილით ადრე ავდექი. კახა არ ჩანდა. სასტუმროს რესტორანს მივაშურე. ჩვენი სართულის მაღლა იყო. კუთხის მაგიდასთან დავჯექი და ოფიციანტს ჩაი და ორცხობილა შევუკვეთე.

ხუთი წუთიც არ გასულა, კახა მაღალ სათვალეებიან მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. ისეთი სახე მიიღო, ვითომც ვერ დამინახა. მოპირდაპირე მხარეს წავიდა და კოლონას მოფარებულ მაგიდა დაიკავა.

მე ავღშფოთდი. სალამი მაინც ეთქვა. ამ დროს ოფიციანტი მომიახლოვდა. ჩაი და ორცხობილა მომიტანა. მე ხელი დავავლე ჩაის ჭიქას და კახას მაგიდისაკენ წავწდი.

ჩემს დანახვაზე დაიბნა.

– ოო, თქვენზც აქ ხართ? – ვითომ ახლა დამინახა პირველად.

– ხომ არ შეწუხდებით, თქვენს მაგიდასთან რომ დავიკავო ადგილი, – სპეციალურად გერმანულად ვიკითხე. სათვალეებიანმა კახას შეხედა.

– დაბრძანდით, ამას კითხვა უნდა? – კახამ გერმანულადვე მიპასუხა და სკამი გამომიწია. მე გავუღიმა მას და სკამზე მოვიკალათე. ეტიკეტის დაცვის აუცილებლობის გამო კახამ წარმოთქვა:

– ჩემი ნაცნობი… თანამემამულე… თიკო… ააა, – გვარი დაავიწყდა.

– მალაციძე, – შევეშველე.

სათვალეებიანი წამოდგან ხელი გამომიწოდა და მითხრა:

– ოტტო შულცი.

– ოტტო დირიჟორია, ჩემი მეგობარი.

– სასიამოვნოა.

ოტტოს მოვეწონე. სულ მიღიმოდა. დაინტერესდა ჩემი პროფესიით, იმით თუ მიყვარდა თუ არა კლასიკური მუსიკა.

როდესაც გაიგო, რომ ჩემი მეორე პროფესია მუსიკათმცოდნეობა იყო, აღფრთოვანდა და 31 დეკემბერს, ე.ი. მომდევნო დღის 8 საათზე თავის კონცერტზე დამპატიჟა. კახას სახეზე შევატყვე, რომ არ ესიამოვნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. საუზმე დავმთავრეთ. დამშვიდობებისას ოტომ კიდევ ერთხელ მკითხა მივიდოდი თუ არა კონცერტზე. რა თქმა უნდა ამაზე დადებითი პასუხი მიიღო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. რატომღაც კახამ “მომახსენა”, რომ დღეს ცოტა დააგვიანდებოდა. ესეც ეტიკეტის გამო, ალბათ…

***

ის დღე ქალაქის დათვალიერებას დავუთმე. ქალაქის ღირშესანიშნაობების ბუკლეტი ვიყიდე და უფრო გამიადვილდა “გზის” გაკვლევა. ექვსი საათისთვის სასტუმროში დავბრუნდი.

“საინტერესო, კონცერტზე კახა წამიყვანს თუ მარტოს მომიწევს წასვლა?”

ქალაქში ნაყიდი ბუტერბროდით წავიხემსე და გამოსასვლელი კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე. სარკეში ჩავიხედე.

“კარგად გამოვიყურები. შიკ!” – კომპლიმენტი ვუთხარი საკუთარ თავს და გადავწყვიტე ოცი წუთი დამეცადა კახასათვის, თუ არ მოვიდოდა, ტაქსი გამომეძახა.

ამ დროის განმავლობაში უაზროთ დავბორიალობდი, ნომერში. ხან სარკეში ვიხედებოდი და დავრცხნილ თმას ხელმეორედ ვისწორებდი, ხან ფანჯარაში ვიხედებოდი, ქუჩაში მიმავალ ხალხს ვათვალიერებდი.

ოცი წუთიც გავიდა. კახა არ ჩანდა. ის იყო, კარი დავკეტე, რომ ლიფტიდან გამოსული კახა დავინახე. ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა. ვიგრძენი მოვეწონე…

– ოჰო, უკვე მიდიხართ?

– კი, – მოკლედ ვუპასუხე და გასაღები მივაწოდე.

– თუ დამიცდით, ერთად წავიდოდით.

მე რამოდენიმე წამით შევყოვნდი:

– კარგით, მე მგონი ჯერ არ ვიგვიანებ…

ნომერში შევყევი და სავარძელში ჩავჯექი.

– თქვენს საძინებელში მოგიწევთ გასვლა, უნდა გამოვიცვალო.

– პარდონ, – სავარძლიდან წამოვიზლაზნე და საძინებელში შევედი.

მალე მისი ხმა გავიგონე:

– შეგიძლიათ გამოხვიდეთ. მე მზად ვარ. ოთახიდან გამოვედი. კახას შევხედე. ჩემს თავს ძლივს გამოვუტყდი, რომ ძალიან მიმზიდველი იყო…

***

კონცერტმა დიდებულად ჩაიარა. ოტტომ ბრწყინვალე იყო დირიჟორის პულტთან. კონცერტის შემდეგ ჩვენთან მოვიდა და საახალწლო კარნავალზე დაგვპატიჟა. ოტტომ თავისი მანქანით, ვენის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ხალხით სავსე ფუნდუკში ამოგვაყოფინა თავი.

აქ ყველგან ეროვნული სული იგრძნობოდა. ავსრტიული მუსიკა, ოფიციანტების ჩაცმულობა. ასე მეგონა მე-18 საუკუნის ავსტრიაში მოვხვდი. მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.

გადავწყვიტეთ ახალი წლის დადგომას აქ შევხვედროდით. მთელი საღამო მე და ოტტო ვცეკვავდით. ხშირად ვგრძნობდი კახას მზერას. ბოლოს როგორც იქნა გაბედა და მითხრა:

– ჩემთან ცეკვას ხომ არ ინებებდით?

– რატომაც არა, – ახლა მასთან ერთად დავსრიალებდი, სწრაფი ვალსის ჰანგების თანხლებით.

შემდეგი ცეკვაც დაისაკუთრა, შემდეგიც და ამასობაში თორმეტი საათიც გახდა. დიდმა კედლის საათმა გუგუნით ჩამორეკა თორმეტჯერ. ყველამ შუშხუნა შამპანურით სავსე ჭიქები მივუჯახუნეთ ერთმანეთს. თითქოს ყველა აქ მყოფი დიდი ხნის ნაცნობები ვიყავი. ვუღიმოდით და ახალი წლის დადგომას ვულოცავდით ერთმანეთს…

***

ერთმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ოტომ მთელი ავსტრია მოგვატარა. აეროპორტში კახამ და ოტტომ მიმიყვანეს. ის იყო ორივესთან გამომშვიდობება დავაპირე, რომ კახამ განაცხადა:

– მეც ამ რეისით ვბრუნდები, – და ამ სიტყვების დასტურად ბილეთი ამიფრიალა თვალწინ. დავიბენი. ოტტომ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, ორივე გადაგვკოცნა და წავიდა… მთელი გზა კახას პირი არ გაუჩერებია. მე ჩუმად ვიჯექი. როლები შევიცვალეთ… მგზავრობის დასასრულს მოულოდნელად ხელი ხელზე დამადო და შემეკითხა:

– წინააღმდეგი ხომ არ იქნები თბილისშიც რომ შევხვდეთ ერთმანეთს? მე შევხედე, გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button