უცნაურიფლორა & ფაუნა

საშიში ცხოველების უფრო საშიში ვარიანტები

უამრავ ადამიანს აწუხებს ცოცხალი არსებების ფობიები, რომელთაგან საკმაოდ გავრცელებული, მაგრამ ნაკლებად რაციონალურია ფუტკრებისა და ობობების შიში. თუმცა ასევე არსებობს მომაკვდინებელი ცხოველების, მაგალითად ნიანგებისა და გველების ფობიაც, რაც ცხადია, უფრო გონივრულია. მაგრამ თუკი თქვენ იმ ბედნიერთა რიცხვში ხართ, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვთ, იცოდეთ, რომ არიან ცხოველები, რომლებმაც შეიძლება წარმოდგენა შეგიცვალოთ. სიაში მოყვანილია ისედაც საშიში არსებების გიგანტური ვერსიები.


● მფრინავი შავი მელა
ინდონეზიაში, პაპუა-ახალ გვინეასა და ავსტრალიაში მობინადრე მფრინავი შავი მელა მსოფლიოში ყველაზე დიდი ღამურაა. მისი ნათესავებისგან, მაგალითად ვამპირი ღამურასგან განსხვავებით, ის უმეტესწილად ბალახისმჭამელია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანზე თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელია, გარეგნობა მაინც საშიში აქვთ და მათი დანახვისას სიმშვიდის შენარჩუნება ძნელია. საშუალო ზომის მფრინავ შავ მელას 1 მ სიგრძის ფრთები აქვს, თუმცა რიგ შემთხვევებში ორჯერ მეტიც. ნამდვილად არაა სასიამოვნო იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოფრინავს თქვენსკენ თქვენს სიმაღლეზე გრძელი ფრთების მქონე ღამურა 40 კმ/სთ სიჩქარით. მსგავსი მონაცემები აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე დიდ მფრინავ მელასაც.


● ინდური გიგანტური ტყის მორიელი
მცდარია შეხედულება, რომ უდიდესი მორიელი სამეფო მორიელია. ის ნამდვილად გამოირჩევა ზომებით, თუმცა რეკორდსმენი სხვა სახეობაა – ინდური გიგანტური ტყის მორიელი (Heterometrus swammerdami). მისი პოვნა შეიძლება სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებსა და მალაიზიაში. მისი სიგრძე საშუალოდ 20 სმ-ია, უდიდესი კი 23 სმ იყო. სამეფო მორიელს ზომის გარდა სისწრაფეშიც ჯობნის, არის უფრო აგრესიული, შესაბამისად მეტია ალბათობა, რომ მისი თავდასხმის მსხვერპლი გახდებით. ინდური გიგანტური ტყის მორიელის შხამი ადამიანისთვის საშიში არაა, თუმცა არც მსხვერპლებს ხოცავს მოწამვლით – მისი სტილი მარწუხებით დაგლეჯაა.


● ლომის ფაფრიანი მედუზა
ლომის ფაფრიანი მედუზა გავრცელებულია ჩრდილოეთ არქტიკის, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების წყლებში. გამორჩეულ ინდივიდებს საცეცები 30 მეტრამდე ეზრდებათ, ხოლო ყველაზე მასიური ლომის ფაფრიანი მედუზა 37 მეტრს აღწევდა სიგრძეში, რაც ლურჯ ვეშაპზე მეტია (ყველაზე გრძელი ლურჯი ვეშაპი 33.6 მეტრი იყო). ის 1870 წელს გამოირიყა მასაჩუსეტსის სანაპიროზე და ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ცხოველად ისტორიაში. დანესტრვა ადამიანისთვის სასიკვდილო არაა, თუმცა საშინელ ტკივილებს იწვევს. ცნობილი წყალქვეშა ფოტოგრაფი ალექსანდრ სემიონოვი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ წააწყდა ამ არსებას და ნიღბის ტარების მიუხედავად, მაინც დაისუსხა სახეზე. მისი თქმით, ამის შემდეგ ტუჩები ანჯელინა ჯოლივით ჰქონდა დაბერილი. ლომის ფაფრიანი მედუზის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს სხვა მედუზებსაც.


● გიგანტური აზიური ონავარი
გიგანტური აზიური ონავარი ყველაზე მსხვილი ონავარია მსოფლიოში, 5-5.5 სმ სიგრძითა და 7.5 სმ ფრთებით. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ევროპული ონავრის სიგრძე მხოლოდ 2 სმ-ია. გარდა იმისა, რომ სხვებზე ორჯერ-სამჯერ გრძელია, გიგანტურ აზიურ ონავარს უკიდურესად მტკივნეული ნესტარი აქვს და კბენისგან გამოწვეულ ტკივილს ცხელი ლურსმნის უროთი ჩაჭედებას ადარებენ ხოლმე. ნესტარი 0.6 სმ სიგრძისაა, მისი მეშვეობით ონავარი გამოყოფს ძლიერ შხამს, რომელსაც ქსოვილების დაშლა შეუძლია. იაპონიაში ყოველ წელს 30-40 ადამიანი იხოცება გიგანტური ონავრის ნაკბენით. აღსანიშნავია, რომ მისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელია – გიგანტური აზიური ონავარი 40 კმ/სთ სიჩქარეს 100 კმ-ის მანძილზე ინარჩუნებს.


● გოლიათი ჩიტიჭამია ობობა
სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნახევარში მობინადრე გოლიათი ჩიტიჭამია ობობა ყველაზე დიდი ტარანტულია და მისი გაშლილი ფეხების სიგრძე 30 სმ-ს აღწევს. როგორც სახელიდან ჩანს, ის ხშირად მიირთმევს ჩიტებს, რაც სახლის ობობასთან შედარებით გაცილებით საშიშ რეპუტაციას აძლევს. დროის უმეტეს ნაწილს გოლიათი ჩიტიჭამია თავის გათხრილ (ან სხვისგან მითვისებულ) სოროში ატარებს. ბევრი ობობისგან განსხვავებით, პოტენციური საფრთხისას ის შიშინის მსგავს ბგერებს გამოსცემს. კბენა საკმაოდ მტკივნეულია და ადვილად შეუძლია ადამიანის კანის გახვრეტა, თუმცა შხამი არც ისე საშიშია. უფრო მავნე შეიძლება მათ სხეულზე არსებულ თმიან გამონაზარდებთან შეხება იყოს. გოლიათი ჩიტიჭამია ობობა მიიჩნევა აგრესიულ სახეობად, რის გამოც ობობის მოყვარულებს ხშირად აფრთხილებენ მათი სახლში გაჩერების შესახებ.


● იაპონური კიბორჩხალა-ობობა
იაპონური კიბორჩხალა-ობობა უდიდესი კიბორჩხალაა. მისი სიგრძე ბრჭყალიდან ბრჭყალამდე ზოგჯერ 3.8 მეტრს აღწევს, რაც ფეხსახსროვან ცხოველებში რეკორდია. სახელიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მისი საბინადრო რეგიონია იაპონიის სანაპიროები. მათი პოვნა შეიძლება 50-600 მეტრის სიღრმეზე. ყველაზე დიდი ინდივიდი 2009 წელს დაიჭირეს წყნარ ოკეანეში და „Crabzilla” შეარქვეს (Crab + Godzilla). მისი სიგრძე 3.7 მეტრი იყო, ასაკი კი – 40 წელი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახეობას შეუძლია, 100 წლამდე იცოცხლოს, დროთა განმავლობაში სიგრძეც მოიმატებს. იაპონური კიბორჩხალა-ობობის ძირითადი საკვები მოლუსკები და ლეშია. ლეგენდებში მათ აღწერენ, როგორც დამხრჩვალი მეზღვაურების გვამებზე მონადიმე არსებებს. შესაძლოა, ეს ლეგენდა არც ისე შორს იყოს სინამდვილისგან.


● კოლოსალური კალმარი
მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან მხოლოდ რამდენიმე გამოუკვლევიათ. 2007 წელს ერთ-ერთი მათგანი ახალი ზელანდიური სათევზაო გემის კაუჭებს გამოება და ეკიპაჟი 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, გემბანზე ამოეთრიათ. მისი სიგრძე 10 მეტრი, ხოლო წონა 495 კგ იყო. კოლოსალური კალმარის აღწერა 1925 წლიდან იწყება, როცა ვეშაპის მუცელში ორი საცეცი იპოვეს, თუმცა მთლიანი სხეულის აღმოჩენა იშვიათია. ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე, ძნელია მათი მონაცემები განისაზღვროს, თუმცა ვიცით, რომ შეიძლება 13-14 მეტრს მიაღწიონ, რაც სკოლის ავტობუსზე გრძელია და უდიდესი უხერხემლო ცხოველის სტატუსს ანიჭებს მას.


● გიგანტური ზღვის იზოპოდი
ერთი შეხედვით ეს არსება უზარმაზარ რწყილს ჰგავს და მათ მსგავსად არც ისე სასიამოვნო იქნება იმის აღმოჩენა, რომ გიგანტური ზღვის იზოპოდი თქვენსკენ მოცურავს. ბინადრობენ ინდოეთის, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ფსკერზე. ზომაში შეიძლება 76 სმ-ს, წონაში კი 1.7 კგ-ს მიაღწიონ, როცა „ტიპიური” იზოპოდი 1-5 სმ-ია. აგებულებით ნამისჭიას ჰგვანან და მათ მსგავსად შეუძლიათ ბურთის ფორმის მიღება. ამერიკის კონტინენტებზე დაჭერილი გიგანტური იზოპოდები ზოგჯერ აკვარიუმებში გადაჰყავთ.


● ლოლონგი
ნიანგები ერთ-ერთი ყველაზე საშიში გარეგნობის მქონე ცხოველები არიან თანამედროვე ეპოქაში. მათ წააწყდებით აფრიკაში, აზიაში, ამერიკის კონტინენტებზე და ავსტრალიაში. უმეტესწილად მათი სიგრძეა 1-1.5 მეტრი, თუმცა არიან მსხვილი სახეობებიც, რომლებიც 4.5 მეტრამდე იზრდებიან. იშვიათ შემთხვევებში კი ნიანგის სიგრძე 6 მეტრს აღწევს. ერთ-ერთი მათგანია ლოლონგი, რომელიც ტყვეობაში მყოფი უდიდესი ნიანგი იყო (მოკვდა 2013 წლის 10 თებერვალს). ის ფილიპინების ტერიტორიაზე დაიჭირეს, სიგრძე 6 მეტრსა და 17 სმ-ს შეადგენდა, წონა კი – 1 ტონაზე მეტს. ზოოპარკში 18 თვე იცხოვრა, სანამ სტრესისა და ინფექციისგან მდგომარეობა არ გაურთულდა. მისი ასაკი სავარაუდოდ 50 წელი იყო.


● ბირმული და ბადისებრი პითონები
ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან და დასახლებებიდან გავრცელებულა უზარმაზარი გველის დაჭერის ამბავი. მსგავსი რამ მოხდა ინდონეზიაში რამდენიმე წლის წინ, როცა ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა განაცხადეს 15 მეტრი სიგრძის პითონის პოვნის შესახებ, თუმცა ოფიციალური გაზომვა რომ ჩატარდა, უცნაური ფაქტის მომსწრენი აღმოჩნდნენ: გველი 8.5 მეტრით „დაპატარავებულიყო”. რაც შეეხება დადასტურებულ ცნობებს, გველებში სიგრძის რეკორდსმენები არიან ბადისებრი და ბირმული პითონები, მათ შეიძლება 7 მეტრს მიაღწიონ, რაც მათ ყველაზე გრძელ რეპტილიებად აქცევს. რაც შეეხება ცალკეულ ცოცხალ ინდივიდებს, ყველაზე მასიურია ილინოისის საფარის პარკში მცხოვრები ბირმული პითონი ირონიული სახელით „Baby” – მისი სიგრძეა 8.23 მეტრი, წონა კი – 183 კგ. თუ ფიქრობთ, რომ დიდი ზომის გამო პითონის შემჩნევა ადვილია, ცდებით – ისინი არაჩვეულებრივი მოცურავეები არიან და წყალქვეშ 30 წუთი ძლებენ, რის შემდეგაც მარტივად შეუძლიათ თავს დაესხან ნავში მყოფ ადამიან(ებ)ს. თუმცა საბედნიეროდ ადამიანებზე თავდასხმა იშვიათია და მათ დიეტაში წამყვანი ადგილი მომცრო ზომის ცხოველებს უკავიათ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button