National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: ველური ცხოველების საუკეთესო ფოტოები (2011)

კონკურსის გამარჯვებული ფოტო – ყავისფერი ვარხვები მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის სითხისგან არიან გაჟღენთილები. ესპანელმა ფოტოგრაფმა დანიელ ბელტრამ ეს სცენა ლუიზიანას შტატის ქალაქ ფორტ ჯექსონში დააფიქსირა. ზოოლოგმა და ფოტოგრაფმა მარკ კარვარდინმა განაცხადა, რომ სურათმა “უბედური შემთხვევისგან ხელოვნება შექმნა”.

ველური სამყაროს ფოტოგრაფების კონკურსი, რომელიც წელს 47-ედ გაიმართა, საერთაშორისო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას ბუნების ფოტოგრაფიის დარგში. ამჟამად მას ფრანგული კომპანია “Veolia Environnement” აფინანსებს (წარსულში Royal Dutch Shell, Kodak, Prudential plc და ა.შ.), ხოლო ფოტოების შერჩევას მეთვალყურეობენ ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმი და ჟურნალი “BBC Wildlife”.

ყოველ წელს ფოტოგრაფებისგან შემდგარი ჟიური ათი ათასობით ფოტოდან საუკეთესოებს არჩევს რამდენიმე კატეგორიაში.


იმისთვის, რომ ცხოველების პორტრეტის კატეგორიის გამარჯვებული ფოტო გადაეღო, გერმანელმა ფოტოგრაფმა კლაუს იკლემ თვეები გაატარა გერმანიის შავ ტყეში. შედეგად მან მოახერხა მდედრი წითელი მელას გამოჭერა. გადაღების შემდეგ ცხოველი ფოტოგრაფთან იყო 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. “ის ისე მშვიდად იყო, რომ გვერდზეც კი მომიწვა”, იხსენებს კლაუსი.

შეწყვილების სეზონის დასაწყისში მელა გაუჩინარდა. “მე ისევ მენატრება და მისი ნახვა მინდა. ის განსაკუთრებული მომენტები არასდროს დამავიწყდება, ის ჩემთან მოვიდა და მთლიანად მომენდო, ფოტოს გადაღებაც ამიტომ გადავწყვიტე”.


გალაპაგოსის ზვიგენები მეძებარი ხომალდისგან წამოსული სინათლის გარშემო დაცურავენ მოზამბიკის არხის ლაგუნაში. გერმანელ-სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ტომას პიტერ პესჩაკი იმ ექსპედიციის წევრი იყო, რომლის მიზანიც საფრთხეში მყოფი ამ სახეობის ზვიგენების აღწერა გახლდათ. ფოტომ წყალქვეშა სამყაროს კატეგორიაში გაიმარჯვა.

ეს ლაგუნა, რომელიც გალაპაგოსის ზვიგენების ერთადერთი ცნობილი მუდმივი თავშესაფარია, ერთ-ერთია წყნარი ოკეანის მიღმა მდებარე იმ იშვიათი ადგილებიდან, სადაც ამ სახეობას შეიძლება წააწყდეთ.


ფრინველებმა, რომლებსაც შავ დრონგოებს ეძახიან, ცეცხლს მიაშურეს, რათა იქიდან გამოფრენილ მწერებს დასხმოდნენ თავს. ინდოეთის კაზირანგას ეროვნულ პარკში გადაღებულმა ფოტომ გაიმარჯვა “ფრინველების ქცევის” კატეგორიაში.

“აუტანელი სიცხე იყო”, ამბობს ინდოელი ფოტოგრაფი ნილაჯან დასი. “და ეს იქ, სადაც მე ვიდექი – ცეცხლიდან 30 მეტრის მოშორებით”.

თუმცა, როგორც ჩანს, დრონგოებს ეს ნაკლებად ადარდებდათ. ცეცხლის ალების სიახლოვეს ისინი დაახლოებით 10 წამის განმავლობაში დაფრინავდნენ, შემდეგ კი გაუჩინარდნენ.


ანტარქტიდის სიახლოვეს, დიდ ბრიტანეთის მფლობელობაში მყოფ სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე, სამეფო პინგვინების მოყიყინე ჯგუფი თოვლში მიბაჯბაჯებს. სურათი გამარჯვებულია კატეგორიაში “ცხოველები მათ მშობლიურ გარემოში”.

ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა ოლე იორგენ ლიოდენმა ეს ფოტო ანტარქტიდაზე მეოთხე ვიზიტისას გადაიღო, ასე რომ მან წინასწარ იცოდა, ამინდის მხრივ როგორ მკაცრ პირობებში მოუწევდა ყოფნა. “გადაღებისას საკეტის სიჩქარე შედარებით შევანელე, რათა დამეფიქსირებინა თოვლის ფიფქების თითქმის ჰორიზონტალური ცვენა”.


ქვიშის დიუნების გიგანტური მთა ირეკლება მონღოლეთის ალაშანის უდაბნოს გეოლოგიურ პარკში მდებარე ტბაში, გობის უდაბნოს სიახლოვეს. როცა შვეიცარიელი ფოტოგრაფი ალესანდრა მენიკონზი პარკის ყველაზე მაღალ დიუნზე აცოცდა, იქიდან დანახულმა ხედმა სუნთქვა შეუკრა.

“ასეთი სცენა არასდროს მინახავს – ათასობით პატარა, ქარისგან გაფხვიერებული დიუნი ერთ დიდ დიუნში იყო მოქცეული, ტბის ანარეკლი კი მიღებულ სურათს აორმაგებდა. თავი დაკარგულად ვიგრძენი ქვიშის უზარმაზარ ოკეანეში. მესმოდა მხოლოდ ქარის ქროლვის სუსტი ხმა და ჩიტების დილის ჭიკჭიკი”.


ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა ალექსანდრ მიკლებუსტმა 10 ღამე გაატარა სამალავში, რათა გადაეღო მამალი გნოლების წყვილის პაექრობა.

ყოველ წელს ნორვეგიის მუნიციპალიტეტ რინგსაკერში ქათმის ზომის ფრინველები პატარა ტერიტორიებზე ბუდეს იშენებენ, დილაობით კი მაყურებელი მდედრების გულის მოსანადირებლად გამოდიან. ეს ორი მამალი ტერიტორიის მფლობელის გასარკვევად მართავს დუელს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button