პოეზია
ზვიად რატიანი – “აი ისინიც, ცუდი დღეები”
აი ისინიც, ცუდი დღეები. მთელი ღამე ბომბავდნენ ქალაქს
და არსად გვქონდა გასაქცევი. როცა ინათა,
ხმაური მიწყდა. მე გავედი აივანზე –
განთიადის ირიბ მზეში ირხეოდნენ
ქალაქის თავზე ერთ ღამეში ამოზრდილი
გიგანტური ხეები კვამლის
და ჯერ კიდევ მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებით
ჩაჭიდებოდნენ მძინარეებს; ახლა უკვე
სამუდამოდ მძინარეებს,
რომლებსაც შემდეგ შევიცოდებ,
ჯერ ადრეა. ჩემი გული სავსეა რწმენით,
რომ მეც, ჩემებიც, გადავრჩებით, მორიგი ჭურვი
სხვა სახლს მოხვდება, თუნდაც იმას – მოპირდაპირეს,
ხოლო ჩვენი – გადარჩება. მე ცას ავყურებ,
საიდანაც მოველი საფრთხეს, საიდანაც მოველი შველას,
თვალს არ ვაშორებ – რათა მზერა არ გამექცეს
მოპირდაპირე სახლისაკენ, რომლის ერთ-ერთ აივანზე გამოდის კაცი
და ცას აჰყურებს. მისი გულიც სავსეა რწმენით.
2008, აგვისტო