ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?
კოლოსალური სილამაზე და შიშის მომგვრელი კომპლექსურობა – რისი შედეგია სამყაროს საოცრებები, კოსმოსური შემთხვევითობის თუ გონიერი შემოქმედების? საუკუნეების განმავლობაში რელიგიასა და მეცნიერებას მწვავე უთანხმოება ჰქონდათ. ამჟამად მეცნიერება აქტიურად იკვლევს ამ საკითხს და ფიზიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გასაღები მათემატიკაშია, ნევროლოგების აზრით, ის ტვინში იმალება, პროგრამისტები კი თვლიან, რომ ღმერთი ერთ-ერთი მათგანია და ჩვენი სამყარო სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ შექმნილი სიმულაცია.
ყველა კულტურას ჰყავს ღმერთი, ძლევამოსილი არსება, რომელმაც შექმნა სამყარო და წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ რატომ არის სამყაროს შემოქმედის რწმენა ასე გავრცელებული? იყო თუ არა ეს ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი, რათა გარკვეული ფსიქოლოგიური ან კულტურული მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ? არსებობს თუ არა რეალურად ღმერთი?
400 წლის წინ ცხოვრობდა გამორჩეული ინტუიციის მქონე უდიდესი ასტრონომი გალილეო გალილეი. ბუნების უდიდესი წიგნი დაწერილია მათემატიკის ენაზე, ამბობდა ის. მის შემდეგ გენიოსი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ნიუტონი და აინშტაინი, იყენებდნენ მათემატიკას, რათა ბუნების შემოქმედების საიდუმლოებები ამოეხსნათ და ფორმულებით შემოქმედისთვის მიეგნოთ. თუმცა ჯერჯერობით ყველანაირი მსგავსი მცდელობა, რომელიც ბუნების პრინციპების ჩაწვდომას ეხებოდა, ფრაგმენტული იყო. არსებობს კანონთა წყობა, რომელიც ესადაგება ელემენტარულ ნაწილაკებს და კანონები, რომლითაც იმართება გიგანტური ობიექტები, როგორიცაა ვარსკვლავები და გალაქტიკები. მათემატიკის ეს ორი წყება კი ერთმანეთს ვერ ეთავსება. ფიზიკოსები ცდილობენ შექმნან ერთიანი, სრულყოფილი თეორია, მათემატიკური მონახაზი, რომელიც ყველაფერს ახსნის.
სამყაროს შექმნა შეგვიძლია შოკოლადის სუფლეს მომზადებას შევადაროთ, რადგან მას სჭირდება ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობით შერევა და განსაზღვრულ დროს სპეციფიკურ ტემპერატურაზე გამოცხობა. მსგავსადვეა სამყაროც – მისი არსებობისთვის საჭიროა 4 ფუნდამენტური ძალის ზუსტი ბალანსი. ეს ძალებია გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი ბირთვული და სუსტი ბირთვული ძალები.
ყველაზე უკეთ, ცხადია, გრავიტაციას ვიცნობთ – სიარულის დროს წაქცევა, მძიმე საგნის ხელიდან გავარდნა და მსგავსი მოვლენები დედამიწის მიზიდულობის გამო ხდება. ელექტრომაგნეტიზმის მეშვეობით ვიგებთ, როგორ მოქმედებს ქიმია. რამის მომზადებისას გამოყენებული ენერგია ელექტრომაგნიტური ენერგიაა. სუსტი ბირთვული ძალა მილიარდჯერ ჩამორჩება ელექტრომაგნეტიზმს, მისი ფუნქცია რადიოაქტიურობის წარმოშობაა. მაგალითად, ბანანში არსებული კალიუმი რადიოაქტიურია და მისი დაშლის ტემპი რომ მაღალი იყოს, ჩვენს სიკვდილს გამოიწვევდა. მზე ბირთვული რეაქტორია, ძლიერი ბირთვული ძალა ატომური რეაქციებისას ათავისუფლებს დიდი რაოდენობით ენერგიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ოთხივე ძალა ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც მოქმედებენ, რათა სიცოცხლემ იარსებოს. მათი შეცვლა და პარამეტრების გარდაქმნა უდიდეს ზიანს გამოიწვევს: პლანეტა გაუჩინარდება, მზე ჩაქრება, დნმ დაიშლება.
ფიზიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ფუნდამენტური ძალების ასეთი ზუსტი თანწყობა ღმერთის შემოქმედებაა. დოქტორმა ჯონ პოლკინგჰორნმა დიდი როლი ითამაშა ფუნდამენტური სუბატომური ნაწილაკის, კვარკის აღმოჩენასა და კვლევაში. მეცნიერის გარდა ის ანგლიკანი მღვდელიცაა და მისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთი დახვეწილი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო და მის მიღმა არ იყოს ღვთიური შემქმნელი. თუმცა მეცნიერთა აზრი იყოფა იმაზე, რამდენად წარმოადგენს ფუნდამენტური ძალების ბალანსი გონიერი შემოქმედის დადასტურებას.
დოქტორი ალან გუტი კოსმოლოგიის სფეროში ცნობილი ფიგურაა. მისი ინფლაციის თეორია ხსნის, თუ როგორ ყალიბდებოდა სამყარო ადრეულ ეტაპზე. დიდი აფეთქების მომენტის შემდგომ სამყარო უჩვეულოდ სწრაფად ფართოვდებოდა, თვალის დახამხამებაში მისი ზომა 100 000-ჯერ მატულობდა. ინფლაცია გვეხმარება იმის ახსნაში, როგორ შეიძლებოდა სამყარო ჩამოყალიბებულიყო ისეთად, როგორიც ამჟამად არის. თუმცა ამ თეორიას ერთი საოცარი ქვეტექსტი გააჩნია: ეს სამყარო სულაც არაა ერთადერთი.
ინფლაციის პროცესის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ როცა ის წყდება, ყველგან ერთნაირად არ ჩერდება. იქ, რასაც ამჟამად მულტისამყარო ეწოდება, არის ადგილები, სადაც ინფლაცია ჩერდება და ისინი ახალ სამყაროდ გარდაიქმნებიან, ხოლო სხვაგან ინფლაცია გრძელდება, დროთა განმავლობაში კი ისევ წარმოიშობა ახალი სამყაროები, რომელთა რიცხვი შესაძლოა უსასრულო იყოს. თუკი მულტისამყარო მართლაც არსებობს, მაშინ ჩვენ ვიმყოფებით უამრავი სამყაროდან ერთ-ერთში. ამასთან, თითოეულ მათგანს განსხვავებული ფიზიკის კანონები გააჩნია.
ჩვენს სამყაროში 4 ფუნდამენტური ძალა იდეალურად არის გაერთიანებული. მათი მეშვეობით ჩნდება და ვითარდება სიცოცხლის ფორმები. თუმცა ალან გუტის მულტისამყაროში არსებულ თითოეულ სამყაროს შესაძლოა, ძალების განსხვავებული ბალანსი ჰქონდეს. შესაძლოა, სადღაც ელექტრომაგნეტიზმი სუსტია, ხოლო გრავიტაცია – გაცილებით ძლიერი. შედეგი – სრულიად განსხვავებული სამყარო, სადაც ადამიანის არსებობა შეუძლებელია. ალანისთვის ჩვენი სამყარო სულაც არაა ღმერთის ჩარევით შექმნილი რამ, არამედ ერთი რიგითი სამყარო, რომელშიც შემთხვევითობის საფუძველზე ფუნდამენტური ძალები ისე დაბალანსდა, რომ მრავალფეროვანი სიცოცხლის წარმოშობას შეუწყო ხელი.
ერთი სამყარო, 4 ფუნდამენტური ძალა, მილიარდობით გალაქტიკა და სამყაროს უჩვეულო სიზუსტე და კომპლექსურობა – ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი კოსმოლოგი ჩააფიქროს და განაცვიფროს, თუ როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთმანეთში. არსებობს თუ არა კოსმოსის ერთიანი დიზაინი? და თუ მას მივაგნებთ, იქნება თუ არა ეს გასაღები ღმერთის გონებისკენ? ამ საკითხის ამოხსნას მეცნიერებმა ათწლეულები და მილიარდობით დოლარი შეალიეს. მათ ააგეს ატომების ამაჩქარებელი გიგანტური დანადგარი, რათა უფრო მეტი გაეგოთ ოთხი მთავარი ძალის მოქმედებაზე. როგორც აღმოჩნდა, მიკროსკოპულ დონეზე, ატომებზე მილიარდჯერ მცირე ზომებში, ძალებს იწვევს ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობა. მაგალითად, ელექტრომაგნეტიზმის შემთხვევაში ეს ნაწილაკი ფოტონია, ძლიერი ბირთვული ძალისას – გლიუონები, სუსტი ბირთვული ძალისას – W და Z ბოზონები, ხოლო რაც შეეხება გრავიტაციას, მისი წარმომშობი ნაწილაკი, პირობითად გრავიტონი, ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.
არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი სულაც არაა კოსმოსში, არამედ ის ჩვენს თავებში არსებობს და მისი შეგრძნების ხელოვნურად გამოწვევაც კი შეიძლება. ათასობით წლების განმავლობაში კაცობრიობა მედიტირებდა, მარხულობდა, ეზიარებოდა და ლოცულობდა, რათა სამყაროს მმართველ ძალასთან კონტაქტი დაემყარებინა. მაგრამ რა მოხდება, თუკი გავიგებთ, რომ ამისთვის მხოლოდ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსთან მაგნიტის მიახლოებაა საკმარისი?
დოქტორი მაიკლ პერსინგერი უძღვება გონების ცნობიერების კვლევის ლაბორატორიას, რომელიც ლორენშენის უნივერსიტეტში მდებარეობს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციონირების კავშირი სხვადასხვა განცდებთან, განსაკუთრებით ღმერთის შეგრძნებასთან. მაიკლ პერსინგერი ნეირომეცნიერია და თვლის, რომ ღმერთი ჩვენი ტვინის შემოქმედებაა. უფრო მეტიც, ის კონკრეტულ რეგიონსაც ასახელებს – მარჯვენა ნახევარსფერო.
ექსპერიმენტის მონაწილეებს პერსინგერი თავზე აცმევს ყვითელ ჩაფხუტს, რომელსაც „ღმერთის მუზარადს” უწოდებს, ოთახში სინათლეს აქრობს და ტვინში მიმდინარე პროცესებს 1 საათის განმავლობაში აკვირდება. რამდენიმე წუთში, როცა ორგანიზმი მშვიდდება, პერსინგერი ააქტიურებს მაგნიტურ სპირალს, რომელიც ჩაფხუტის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მისი სიმძლავრე არ აღემატება თმის საშრობს, მაგრამ შექმნილია იმგვარად, რომ ენერგიის ფოკუსირება მოახდინოს მარჯვენა საფეთქლის წილზე. პერსინგერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მონაკვეთი წარმოშობს შეგრძნებას, რომ ადამიანის სიახლოვეს ვიღაც ან რაღაც არის. ექსპერიმენტის მონაწილეთა 80%, მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა შემოქმედის არსებობის, მუზარადის ამოქმედებიდან მალევე გრძნობს ღმერთის სიახლოვეს. არიან ისეთებიც, ვინც სულის, მოჩვენების ან უბრალოდ ვინმეს არსებობას აღიქვამენ.
დოქტორი პერსინგერის კვლევები ზრდის იმის ალბათობას, რომ არამხოლოდ ზებუნებრივი შეგრძნებების, არამედ ისტორიის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური გამოცხადებების მიზეზიც შესაძლოა მხოლოდ თავის ტვინში მიმდინარე გარკვეული პროცესები იყოს. აბრაამი, მოსე, ელენ უაიტი, ინდიელი შამანები – თითქმის ყველა რელიგიური ლიდერი და სულიერი წინამძღოლი ირწმუნებოდა, რომ მას თავად შემოქმედი დაეკონტაქტა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრ ცნობილ რელიგიურ მოაზროვნეს სხვადასხვა შემთხვევების გამო საფეთქლის წილი ჰქონდა გააქტიურებული. მაგალითად, ლუთერს, რომელმაც ახალ ქრისტიანულ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, ელვა დაეცა. თუმცა ცალკე საკითხია სტიმულები – რა იწვევს ღმერთის არსებობის შეგრძნებას? ელექტროობით შესაძლებელი გახდა მისი ხელოვნურად გამოწვევა, მაგრამ რას ვიტყვით ბუნებრივ სტიმულებზე? შესაძლოა არსებობდეს სხვა სტიმულებიც, რომლებსაც საზოგადოებები ქმნიან, სტიმულები, რომლის მიზეზიც ორგანიზმში მომხდარი ქიმიური რეაქციებია და საბოლოო შედეგი რელიგიური გამოცხადებები და სხვა განცდებია.
ათასობით წლების განმავლობაში მილიარდობით ადამიანი თავის ცხოვრებას წარმართავდა ერთი საერთო იდეის გარშემო, რომ არსებობს სამყაროს შემქმნელი, რომელიც კაცობრიობას აკვირდება, ზრუნავს მათზე, ღმერთი, რომელიც არის შემოქმედიც და დამცველიც. დოქტორი პერსინგერის მუზარადი კი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, სიტუაცია სხვაგვარადაა და ღმერთს სულაც არ შევუქმნივართ, არც გვიცავს, არამედ მხოლოდ ჩვენი გონების ნაყოფია. თუმცა არსებობს მეცნიერი, რომელიც უფრო მეტად რადიკალურ მოსაზრებას გვთავაზობს: ღმერთი რეალურია, ჩვენ კი ილუზია ვართ. ჩვენი შემოქმედი შესაძლოა, რეალურად კოსმოსური კომპიუტერის პროგრამისტი იყოს, ჩვენ კი სხვა არაფერი ვართ, თუ არა სიმულაცია.
კომპიუტერულმა გენიოსმა უილ რაითმა შექმნა თამაში „The Sims” და კომპიუტერული სამყარო, რომელშიც ციფრული ადამიანები ცხოვრობენ. დროთა განმავლობაში ეს თამაში დაიხვეწა და პერსონაჟებიც ადამიანების უკეთეს სიმულაციად იქცნენ. ეს ბუნებრივია – ბოლო ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერული შესაძლებლობები და შესაბამისად – კომპიუტერული სიმულაციების დონე და რეალობასთან მსგავსება. შესაძლოა, ოდესმე კომპიუტერული თამაშები იმდენად დაიხვეწოს, რომ გააუფერულოს ზღვარი რეალობასა და სიმულაციას შორის. ან შეიძლება, ეს უკვე მოხდა კიდეც.
კალიფორნიის ქალაქ პასადენაში მდებარე რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი რიჩ ტერილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მარსის მისიების დახვეწაში მონაწილეობს. მას აღმოჩენილი აქვს 4 ახალი თანამგზავრი სატურნის, ნეპტუნისა და ურანის გარშემო, ასევე დააფიქსირა მზის სისტემის შორეული ანალოგი. მრავალი ადამიანის მსგავსად ისიც დაინტერესებულია საკითხით, ვინ ან რა არის ჩვენი შემქმნელი?
ტერილი ფიქრობს, რომ ღმერთის თვისებები – სამყაროს კანონების შექმნა და ნებისმიერი რამის სურვილისამებრ შეცვლა – საოცრად ჰგავს პროგრამისტების მოქმედებას, როცა ისინი სიმულაციურ გარემოს ქმნიან. მურის კანონზომიერების მიხედვით, კომპიუტერის სიმძლავრე ყოველ 2 წელში ან 18 თვეში ორმაგდება. თუ ისტორიას გადავხედავთ, ტემპი უფრო სწრაფიც კია – ბოლო 18 წლის განმავლობაში გაორმაგებისთვის საშუალოდ 13 თვე იყო საჭირო. ამჟამად პლანეტის უსწრაფესი კომპიუტერები თავისუფლად ედრებიან ან ჯობნიან კიდეც ადამიანებს გონებრივ მონაცემებში. მათი გამოთვლითი უნარი გაცილებით ძლიერია – ასრულებენ კვადრილიონობით (10^15) ოპერაციას წამში. მომავალ წელს ეს მონაცემი გაორმაგდება, ათწლეულში კი 500-ჯერ მოიმატებს. აქედან გამომდინარე, ათი წლის შემდგომი სუპერკომპიუტერები ჩვენზე 500-ჯერ ძლიერები იქნებიან.
რიჩ ტერილი დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოსთვის კომპიუტერები შეძლებენ შექმნან დედამიწის ზუსტი სიმულაცია, სადაც დაასახლებენ ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ამ სიმულაციის შემოქმედები და შეგვეძლება მასში მოქმედი ფიზიკის კანონები შევცვალოთ. ფაქტობრივად, მასში ყველაფერს შევძლებთ და ყველა ის თვისება გვექნება, რასაც ღმერთს მიაწერენ. ჩვენ ვართ ზღვარზე, რომლის გადალახვის შემდეგაც კომპიუტერებში შევქმნით ახალ სამყაროებს და მასში მოვათავსებთ მგრძნობიარე არსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ღმერთად ვიქცევით. თუმცა ტერილის ჰიპოთეზა ამით არ მთავრდება – ის მიიჩნევს, რომ თუკი მეცნიერულად დამტკიცდება, რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის დიდი ალბათობით არსებობს და ჩვენ The Sims-ის მსგავს სიმულაციაში ვართ, შემოქმედი კი სუპერკომპიუტერთან ზის და გვაკვირდება. ტერილი ფიქრობს, რომ ბუნებაში ამის მტკიცებულებაც არსებობს.
მხოლოდ ერთადერთი გზაა იმის გასარკვევად, ვიმყოფებით თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში – გამოსახულების გადიდება. მიუხედავად იმისა, რამდენად რეალისტურია, ნებისმიერი კომპიუტერული გამოსახულება საბოლოოდ პიქსელების დონეზე დადის. შეიძლება იფიქროთ, რომ რეალურ სამყაროში მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ცდებით.
გასულ საუკუნეში ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მატერია მართლაც შედგება უწვრილესი პიქსელებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ატომზე მილიარდჯერ პატარა, უხილავ ფუნდამენტურ ნაწილაკებს. მისი ამხსნელი თეორია – კვანტური მექანიკა – არამარტო მატერიაზე, არამედ მთელ სამყაროზე ვრცელდება. სივრცე, დრო, ენერგია – ყველაფერი ერთგვარ პიქსელებამდე დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო შედგება სასრული რაოდენობის კომპონენტებისგან, მას გააჩნია მდგომარეობათა სასრული რიცხვი, შესაბამისად, ის ნამდვილად შეიძლება წარმოადგენდეს ძალიან ძლიერი კომპიუტერის შემოქმედებას. მაგრამ არსებობს თუ არა ამის პირდაპირი მტკიცებულება?
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ლაბორატორიაში 1928 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს. ექსპერიმენტისას სპეციალური მოწყობილობა ელექტრონებით „ბომბავს” გრაფიტის ატომებს, მის უკან კი ეკრანია, რომელიც აფიქსირებს, როგორ ისხლიტება ისინი. თუკი ეს აპარატი მილიარდჯერ დიდი იქნება და ელექტრონების მაგივრად ტყვიებს გაისვრის, ეკრანზე წარმოქმნილი გამოსახულება იქნებოდა ქაოსური, რომელიც ტყვიებისგან დარჩენილი ნახვრეტებით მიიღებოდა. მაგრამ როცა პროცესი მიმდინარეობს სუბატომურ დონეზე, ელექტრონის ასხლეტა სულაც არაა ქაოსური პროცესი. თითოეული ელექტრონი თითქოს გრძნობს, სად იმყოფება გრაფიტის ატომები და მოქმედებს არა წერტილივით, არამედ დიფრაქციულად, შესაბამისად ისინი ტალღურ თვისებებს ავლენენ. მატერიას კონკრეტული თვისებები გააჩნია მაშინ, როცა ვიკვლევთ, ვზომავთ, ვაკვირდებით, სხვა დროს კი დიფუზიურია, არ აქვს განსაზღვრული ფორმა. ეს ძირითადი კვანტური კანონები ესადაგება ყველა სუბატომურ ნაწილაკს. როცა მათ ვუყურებთ, ისინი წერტილებივით არიან, როცა არ ვაკვირდებით – კარგავენ თავიანთ ფიზიკურ ფორმას. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს კომპიუტერებთან?
როდესაც ვთამაშობთ რომელიმე ვიდეოთამაშს, მაგალითისთვის ავიღოთ SimCity, მასში გვხდება უზარმაზარი ქალაქები. გადაადგილებისას ვიდეოთამაში გამოსახულებას გვაძლევს იმ მონაკვეთში, საითაც ვიყურებით და შესაბამისად, საითაც გვჭირდება. თუკი სხვაგან გავიხედავთ, გამოსახულება იქით შეიქმნება. სამყაროც მსგავსად იქცევა და გვაძლევს ინფორმაციას მხოლოდ იმაზე, რასაც ვუყურებთ, ხოლო როცა არ ვუყურებთ, აუცილებელი არაა, ის ისევ იქ იყოს. სამყარო კონკრეტულ ფორმას მხოლოდ დამკვირვებლის წინაშე იღებს, სწორედ ისე, როგორც კომპიუტერულ სიმულაციებში ხდება.
რიჩ ტერილი ასევე აყენებს მოსაზრებას, რომ ჩვენ ზღურბლის ერთ მხარეს ვდგავართ, ხოლო მეორე მხარეს მდგარი ღვთაებები მომავლის ადამიანები არიან. განა ვინ მოინდომებს ადამიანების მსგავსი არსებების სიმულაციის შექმნას თავად ადამიანებზე მეტად? ისინი იქნებიან ღმერთის თვისებების მქონეები და ახალი სამყაროების შექმნა შეეძლებათ. ეს საკმაოდ რადიკალური მოსაზრებაა ღმერთის შესახებ, თუმცა ტერილი სულაც არ თვლის შეუძლებლად. თუკი სიცოცხლე არაცოცხალი მასალისგან წარმოიქმნა და შემდეგ განვითარდა ადამიანამდე, ანუ არაფრიდან მოაზროვნე არსებებად ჩამოვყალიბდით, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ შორეული მომავლის ადამიანები ღმერთები იქნებიან.
მეცნიერებაში ყოველთვის იყო ისეთი საკითხები, რომელთა ახსნა ვერ ხერხდებოდა და ასახსნელად ღმერთის ცნება შემოდიოდა. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ამგვარი საკითხების რაოდენობა მუდმივად მცირდება, ხოლო ღმერთის ჩარევა საქმეს პირიქით ართულებს, რადგან მაშინ უნდა შემოვიტანოთ მისი შემქმნელის ცნებაც და ასე უსასრულოდ. ზოგი მიიჩნევს, რომ მეცნიერული ცოდნა არასდროს იქნება სრულყოფილი და ყოველთვის დარჩება ადგილი რწმენისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ის ღმერთი იქნება, რომელიც რეალურად მომავლის ადამიანია, თუ ის ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ეთაყვანებოდნენ. ადამიანური ინსტინქტი, რომელიც მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას წარმართავს, არ მოგვცემს გაჩერების საშუალებას, სანამ პასუხს არ მივაგნებთ. შესაძლოა, მეცნიერებამ ოდესმე შექმნას მეთოდი, რომლითაც გადავლახავთ იმ ზღვარს, რომელიც სამყაროს რეალური შემქმნელისგან გვაშორებს. თუ, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად არსებობს.
მომზადებულია Discovery Channel-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.