კარლ გუსტავ იუნგი – მონოლოგი ულისეს გამო
ულისეს, რომელიც ჩემს სათაურში ფიგურირებს, კავშირი აქვს ჯეიმზ ჯოისთან, და არა პრაქტიკულ, შტორმების მიერ გატაცებულ პერსონაჟთან ჰომეროსის სამყაროდან, რომელმაც უწყოდა, როგორი მოხერხებულობითა და მოქმედებით დაეღწია თავი ადამიანებისა და ღმერთების მტრობისა და შურისმაძიებლობისათვის, და რომელიც მომქანცველი ხეტიალის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. თავის ბერძენ სეხნიასთან მკვეთრი კონტრასტის გამო, ჯოისის ულისე პასიურია, ის მხოლოდ ცნობიერებას იკვლევს _ ის ოდენ თვალია, ყური, ცხვირი და პირი, მგრძნობიარე ნერვი, ყოველგვარი არჩევანისა და კონტროლის გარეშე რომ ექვემდებარება მოღრიანცელე, ქაოტურ, უაზრო წყალვარდნილს მატერიალურ სამყაროში არსებული სულიერი მოძრაობებისა და მოვლენებისა, _ და არეგისტრირებს ამ ყოველივეს თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით.
“ულისე” წიგნია, რომლის შვიდას ოცდათხუთმეტ გვერდზე მიედინება დროის ნაკადი _ შვიდას ოცდათხუთმეტი დღე, რომლებშიც ჩაწნეხილია ერთი-ერთადერთი გაუცნობიერებელი ყოველი დღე ყოველი ადამიანისა, აბსოლუტურად რომ არაა კავშირში დუბლინურ 1904 წლის 16 ივნისთან _ დღე, რომლის განმავლობაშიც, სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. ნაკადი, რომელიც სიცარიელეში იღებს სათავეს და სიცარიელეშივე ჩაედინება. ხომ არ არის ეს ყოველივე უჩვეულოდ გაგრძელებული და მეტისმეტად გართულებული სტრინდბერგისეული გამონათქვამი ადამიანის ცხოვრების არსის შესახებ, გამონათქვამი, არასოდეს რომ არ მთავრდება, რასაც მკითხველი ძრწოლის მდგომარეობაში მოჰყავს? შესაძლოა, ის ნამდვილად ეხებოდეს ცხოვრების არსს, მაგრამ რაც ამჯერად სავსებით ცხადია, ისაა, რომ ის ეხება ცხოვრების ათეულ ათასობით ზედაპირს, ასეული ათასი ფერით რომაა მოხატული. რამდენადაც მე შემიძლია ამის გარჩევა, ამ შვიდას ოცდათხუთმეტ გვერდზე არ გვხვდება არც ერთი გამეორება და არც ერთი ღვთითკურთხეული ციცქნა კუნძულიც კი, სადაც მრავალტანჯულ მკითხველს შეეძლო სული მოეთქვა. არც ერთი ადგილი, სადაც ის, შთაბეჭდილებებით გაბრუებული, შესძლებდა სიმარტოვეში ჩამოჯდომას, და საიდანაც მას შეეძლებდა მშვიდად გადაევლო თვალი უკან მოტოვებული გზისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, ასი გვერდის ფარდი იქნებოდა ის გზა თუ უფრო ნაკლებისა. ოღონდ კი შესძლებოდა რაიმე ჩვეულებრივის, ნაცნობის, იქით გამსხლტარის დანახვა, საითაც მას არც ელოდებიან. მაგრამ არა! შეუბრალებელი და შეუწყვეტელი ნაკადი გვერდით ჩაივლის, მისი სიჩქარე და მიზანსწრაფულობა უკანასკნელ ორმოც გვერდზე იმ დონემდე იმატებს, რომ თვით სასვენ ნიშნებსაც კი წალეკავს. იმ სიცარიელეს ეს ანიჭებს უსასტიკეს გამომეტყველებას, რის გამოც სუნთქვა გეკვრის, დაძაბულობა იმგვარ ხარისხს აღწევს, რომ აუტანელი ხდება და აფეთქებით იმუქრება. სრულიად უიმედო სიცარიელე _ მთელი წიგნის დომინანტია. ის არა მარტო იწყება და მთავრდება არაფრით, მასშიც არ არის არაფერი, გარდა არაფრისა. იგი საშინლად უსარგებლოა. თუ წიგნს ლიტერატურული ოსტატობის თვალსაზრისით შევხედავთ, ის აბსოლუტურად ბწყინვალეა, ჯოჯოხეთური დაბადება რაღაც ურჩხულისებურისა.
მე მყავდა მოხუცი ბიძა, რომელსაც ჰქონდა უნარი ყოველთვის მოვლენის არსს ჩასჭიდებოდა. ერთხელ მან ქუჩაში გამაჩერა და მკითხა: “იცი, როგორ ტანჯავს ეშმაკი ცოდვილთა სულებს ჯოჯოხეთში?” როცა ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, განმიცხადა: “ის მათ ალოდინებს”. და ასე დამშორდა. მისი შენიშვნა მაშინ ამომიტივტივდა გონებაში, როცა პირველად შევაღწიე “ულისეს” წიაღში. ყოველი ფრაზა აღვიძებს მოლოდინს, რომელიც არ აღსრულდება; ბოლოს და ბოლოს კი, სრულიად ნებაგამოცლილი, ებმებით მახეში. მართლაც ასეა: არაფერი არ ხდება, ამისგან არც არაფერი გამომდინარეობს, და მაინც იდუმალი მოლოდინი, უიმედო თავმინებების საპირისპიროდ, იზიდავს მკითხველს გვერდიდან გვერდში. შვიდას ოცდათხუთმეტი გვერდი, რომლებიც არაფერს შეიცავენ, არავითარ შემთხვევაში არ არის ცარიელი თეთრი ფურცლები, პირიქით, მჭიდრო ტექსტით არის გაჭექილი. თქვენ კითხულობთ, კითხულობთ, კითხულობთ, და თავს აჯერებთ, რომ თითქოს გესმით რასაც კითხულობთ. ჟამი-ჟამ თქვენ “ჩავარდებით” რომელიმე ფრაზაში, როგორც საჰაერო ორმოში, მაგრამ საბოლოოდ, როცა აღწევთ სიმშვიდის სასურველ დონეს, თქვენ უკვე ყველაფერს ეგუებით. ასევე მეც სადღაც ას ოცდამეთხუთმეტე გვერდამდე არ მცილდებოდა გამოსავლის არარსებობის შეგრძნება, ორჯერ ჩამეძინა კიდეც. დაუჯერებელი მრავალფეროვნება ჯოისის სტილისა ახდენს მონოტონურად მაჰიპნოზირებელ ზემოქმედებას. მკითხველამდე ვერაფერი აღწევს; ყველაფერი გაურბის, უსხლტება, ტოვებს მას დამჯდარს მთქნარებისაგან ყბამოქცეულად. ეს წიგნი ყოველთვის სადღაც მაღლა ან გვერდით ჩავლილი რჩება; ის თავის თავთანაც კი არაა მორიგებული, ერთდროულად ირონიულიცაა, სარკასტულიც, შხამიანიც, ამპარტავნულიც, ნაღვლიანიც, სასოწარკვეთილებით აღსავსეცა და მწარეც…
თარგმანი რუსულიდან – სერგო წურწუმია.
“ეუროპეიშე რევიუ”, ოქტომბერი, 1932 წ.