ენიგმაისტორიამეცნიერებარელიგია

ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები

ათასობით წლების განმავლობაში ისინი უდაბნოს გამოქვაბულებში ინახებოდა. 972 ტექსტი, რომელთაგან უმეტესობა ფრაგმენტის სახითაა, სერიოზულ თავსატეხს ქმნის. მკვდარი ზღვის გრაგნილები ანტიკური ხელნაწერების უძველესი და ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც თანამედროვე ეპოქაში აღმოუჩენიათ. აღმოჩენიდან 60 წლის შემდეგ ისინი ისევ გვამცნობენ ახალ საიდუმლოებს იმ ებრაული სამყაროს შესახებ, რომელშიც იესო ქრისტე იშვა. მათ შორისაა სპეციფიკური განძეულობების რუკა მათი შესაბამისი ადგილმდებარეობებით. რას გვიმხელენ ეს უძველესი ხელნაწერები? შეგვიძლია თუ არა, მათი მეშვეობით ნათელი მოვფინოთ იმ პერიოდს, როცა ორი დიდი რელიგია ერთმანეთს გამოეყო და სამუდამოდ შეცვალა ისტორია?

ზოგჯერ ისეთი პატარა რამეც კი, როგორიცაა გზააბნეული თხა, მნიშვნელოვნად ცვლის ისტორიას. 1947 წელს, როცა ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, იუდეის უდაბნოში ბედუინ ბიჭს თხა დაეკარგა. ჩათვალა რა, რომ გამოქვაბულში გაუჩინარდა, ბიჭმა ქვა ისროლა, რათა შეეშინებინა და გარეთ გამოეყვანა, მაგრამ ამის ნაცვლად მტვრევის ხმა მოესმა. რადგან არ იცოდა შიგნით რა ელოდა, თავის დაზღვევის მიზნით მოუხმო ბიძაშვილს, მოჰამად ედ-დიბს, რათა გამოქვაბული დაეთვალიერებინათ. ნაპოვნმა იმედები გაუცრუათ – არანაირი თხა, არანაირი განძი, მხოლოდ დამსხვრეული კერამიკა და უძველესი ჭურჭლები, რომლებშიც ტილოში გახვეული გრაგნილები ინახებოდა. მოჰამად ედ-დიბმა მათ ტომარაში მოუყარა თავი და რამდენიმე დღის შემდეგ, არ იცოდა რა მათი რეალური ღირებულება, მიჰყიდა ბეთლემელ მეწაღეს 30 დოლარის ექვივალენტში. ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო და მათ გარდა 900-ზე მეტი გრაგნილი არსებობდა. მათი ღირებულება რელიგიური და ისტორიული კუთხით შეუფასებელია, წარმოადგენს დღემდე შემორჩენილ ფაქტობრივად ერთადერთ ბიბლიურ დოკუმენტებს, რომლებიც ახ.წ. 100 წლამდეა დაწერილი.

დღესდღეობით მკვდარი ზღვის გრაგნილები ისრაელის მუზეუმის ერთ-ერთ ფრთაში ინახება. ისინი გვიამბობენ შორეულ წარსულზე და იუდაიზმის ადრეულ პერიოდზე, ასევე ქრისტიანობის წარმოშობაზეც. გრაგნილების უმეტესობა შეიცავს იმ ბიბლიურ ამბებს, რომლებიც უკვე ვიცით – მათშია ძველი აღთქმის ყველა წიგნის (გარდა ესთერის წიგნისა) მრავალი ასლი, მათ შორის დაბადების წიგნის 20, გამოსვლის 17 და ფსალმუნების 37 ასლი. თუმცა გრაგნილები უფრო მეტია, ვიდრე ებრაული ბიბლიის უძველეს წიგნთა მდიდრული ბიბლიოთეკა – ტექსტების ნაწილი მანამდე არასდროს უნახავთ. მკვლევარები წააწყდნენ უცნობ ფსალმუნებს, მისტიკურ ხელნაწერებს, აპოკალიფსურ ნააზრევებს სამყაროს აღსასრულის შესახებ, ასევე ამოუცნობ სპილენძის გრაგნილს, რომელიც განძის რუკას ჰგავდა. გარდა ამისა, იყო ისეთი ხელნაწერებიც, რომლებიც აღწერდა იდუმალი ებრაული სექტის მოძღვრებებსა და რიტუალებს. სექტის, რომელიც უდაბნოში ვრცელდებოდა და ცხოვრებას აღიქვამდა, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას.

გრაგნილები აღმოაჩინეს მკვდარი ზღვის რეგიონში, იუდეის უდაბნოში, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ყველაზე დაბალი ადგილია. აქაურმა მშრალმა გარემომ გრაგნილები დიდი ხნის განმავლობაში შემოინახა ასე თუ ისე დაუზიანებლად. 1947 წლის მოვლენის შემდეგ სხვა გამოქვაბულებიც გამოიკვლიეს და თითოეულ მათგანში ახალ ფრაგმენტებს წააწყდნენ. ეს გამოქვაბულები გაბნეული იყო ყუმრანის გარშემო. უახლოესი გამოქვაბული მისგან მხოლოდ 15 მეტრის მოშორებითაა. გრაგნილების ნაწილი ხელუხლებელი აღმოჩნდა, ზოგი კი სერიოზულად იყო დაზიანებული. წარწერები 3 ენაზე იყო შესრულებული – ძველი ებრაული, არამეული და ბერძნული. უმეტესობა პერგამენტზე ეწერა, ზოგიერთი კი – პაპირუსზე.

1956 წლის იანვარში ბედუინებმა აღმოაჩინეს გრაგნილების კიდევ ერთი საცავი, რომელსაც პირობითად მე-11 გამოქვაბული ეწოდა. ის შეიცავდა ლევიტელთა და ფსალმუნების ხელნაწერებს. აქ ასევე იყო საკმაოდ დიდი – 7 მეტრზე გრძელი „ტაძრის გრაგნილი”. ის აღწერს ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ მითითებებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისთვის მოსაწონი ებრაული ტაძარი, ზუსტი დეტალებითა და ზომებით. სწავლულების ნაწილმა მას „მეორე თორა” უწოდა. ისტორიკოსები მაშინვე დაინტერესდნენ, თუ ვინ შეადგინა ეს გრაგნილები და პასუხის საძიებლად ყუმრანის ნანგრევების გამოკვლევა გადაწყვიტეს.


ყუმრანის დასახლება ტრადიციულად განისაზღვრებოდა, როგორც რომაული ფორტის ნარჩენები. თუმცა თანამედროვე მკვლევარები ფიქრობენ, რომ ის რეალურად სრულიად სხვა რამ იყო. სამხედრო სადარაჯოს ნაცვლად ფიგურირებს მონასტრის ვერსია, რომელიც გაჭირვებაში მყოფ ებრაელებს უნდა აეგოთ. ქრისტეს შობამდე 40 წლით ადრე რომმა შეიერთა იუდეა, მმართველად თავისი მორჩილი დანიშნა და ხელში ჩაიგდო იერუსალიმის ტაძარი, ყველაზე საკრალური ადგილი წმინდა მიწაზე. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ გრაგნილთა ავტორებმა უდაბნოს შეაფარეს თავი, რათა გარიდებოდნენ რომის დამპყრობელობასა და ტაძრის წახდენას. მაგრამ რას წარმოადგენდა კონკრეტულად ეს სექტანტური დაჯგუფება? რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი საინტერესო მინიშნებას გვაძლევს.

იოსებ ფლავიუსი აღწერს მისტიკოსთა ჯგუფს, სახელად ესეებს. ესეები იყვნენ განდეგილი ებრაელი ბერები, რომლებიც ქრისტეს შობამდე და შობის შემდეგ პირველ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ფლავიუსის მიხედვით, ესეებს სძულდათ ის, რასაც ხედავდნენ, თუ როგორ ირყვნებოდა იერუსალიმის წმინდა ტაძარი და თავი შეაფარეს იუდეის შორეულ უდაბნოებს, სადაც ამჟამად ყუმრანია. რადგანაც მკვდარი ზღვის ხელნაწერების ავტორები საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი ესეები იყვნენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ ძვირფასმა ნაშრომმა 2000 წელი იარსება. გრაგნილებში ძველი აღთქმის თარგმანს ერწყმის რევოლუციური იდეები, ისინი მოასწავებს ახალი მიმდინარეობის გაჩენას, რომლის საფუძველიც იქნება გალილეველი დურგლის ქადაგებები და დასავლურ ისტორიას მიმართულებას შეუცვლის.

გრაგნილებში ვხვდებით პერსონაჟს, რომელიც „სიმართლის მასწავლებლად” იწოდება. ის ებრძოდა ცოდვილ მღვდლებს და მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, ზურგი ექციათ მატერიალური სიმდიდრისთვის, ყოფილიყვნენ თავმდაბლები და ეცხოვრათ ღვთისმოშიშად. ისტორიკოსები ეჭვობენ, რომ მასწავლებელი და მღვდლები იერუსალიმის ტაძრის ორი დაპირისპირებული მხარე იყო, სადაც მღვდლები გამოვიდნენ გამარჯვებული. ამიტომ მოძღვარმა და მისმა მიმდევრებმა თავი უდაბნოს შეაფარეს, სადაც განავითარეს აზრი, რომ ისინი იყვნენ რჩეულები, სინათლის შვილები, რომლებიც საბოლოოდ დაამარცხებდნენ ბნელ ძალებს და გადარჩებოდნენ. გრაგნილებში ასევე ნახსენებია კიდევ ერთი ცნობილი ქრისტიანული იდეა – სამყაროს აღსასრული. მკვდარი ზღვის გრაგნილთა ავტორები არმაგედონის მოლოდინში იყვნენ.

გრაგნილებში ქრისტიანობის სხვა პარალელებსაც წავაწყდებით. „მას ღვთის ძეს უწოდებენ… მათი სამეფო იქნება საუკუნო და მათი ბილიკები – სამართლიანი.” ესეების ყველაზე წარმატებული პერიოდი ის დროა, როცა იესო ქადაგებას იწყებდა და მას შეიძლებოდა, ესესხა ესეების ზოგიერთი ნათქვამი. რამდენად შესაძლებელია, რომ იესო იმ საზოგადოების წევრი იყო, რომელმაც ცნობილი ხელნაწერები შექმნა? ამისთვის თავად გრაგნილების გულდასმით გამოკვლევაა საჭირო.

1947 წელს იერუსალიმის ქუჩებში შეიარაღებული შეტაკება მიმდინარეობდა, რადგან ახლადშექმნილი გაერო ქმნიდა ახალ სახელმწიფოს – ისრაელს, რასაც არ ეპუებოდნენ პალესტინელები. პირველი გრაგნილები პალესტინის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ისრაელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე რამდენიმე თვით ადრე. შემდგომ წლებში სხვა ხელნაწერებიც იპოვეს და უძველესი ფრაგმენტები შავ ბაზარზე აღმოჩნდა. ზოგის ინტერესს ფული წარმოადგენდა, ზოგისას – პოლიტიკური სარგებელი, ნაწილი კი საუკუნო კითხვებზე ეძებდა პასუხებს. 1954 წელს 4 გრაგნილი ამერიკაში ჩაიტანეს და რეკლამა „The Wall Street Journal”-შიც კი განთავსდა, რაც ერთმა ებრაელმა არქეოლოგმა შენიშნა და ანონიმურად შეიძინა 250 000 დოლარად.

მსოფლიო ელოდა, რომ მუზეუმში მოღვაწე მკვლევარები გრაგნილებს გააერთიანებდნენ და შედეგებს მალე გამოაქვეყნებდნენ, თუმცა ებრაელ სწავლულებს 40 წელი დასჭირდათ. ამან მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ ხელნაწერები რაღაც ისეთს შეიცავდა, რისი გამხელაც მათ არ სურდათ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სწავლულები იკვლევდნენ 1000-მდე ტექსტს, რომლებიც 15 000 ნაწილად იყო დანაწევრებული, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ზოგიერთ გრაგნილს ნაწილები აკლია, ზოგი კი ერთმანეთის ასლია, რაც საქმეს ართულებს. ამას დამატებული ხელნაწერთა სიმყიფე – ისინი ადვილად განიცდიდნენ დეზინტეგრაციას. გრაგნილების 80% შესრულებულია პერგამენტზე, 20% კი პაპირუსზე. ორივე მასალა ორგანულია და ვარგისობის გარკვეული ვადა გააჩნია. ისრაელის მუზეუმის ლაბორატორიაში ფრაგმენტებს ასუფთავებენ და ათავსებენ აბრეშუმის ფურცლებს შორის, რაც დროებით დამცავ გარემოს ქმნის. ყოველთვის, როცა ფრაგმენტს ვინმე ეხება, იზრდება მისი დაქუცმაცების შანსი. თუმცა არსებობს გამოსავალი – გრაგნილების კვლევა შეხების გარეშე.


ლოს-ანჯელესში მცხოვრები დოქტორი ბრიუს ცუკერმანი იყენებს ციფრულ ტექნოლოგიას და ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით კითხულობს იმ ასოებს, რომლებსაც შიშველი თვალი ვერ ამჩნევს. სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამით ცუკერმანი ფრაგმენტებს აერთიანებს და საერთო სურათს ქმნის. კოლეგებთან ერთად მან შექმნა მკვდარი ზღვის ხელნაწერების მთლიანი ბაზა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია 25 ქვეყნის მეცნიერთათვის. ინფრაწითელი გამოსხივებით გამოაშკარავდა სიტყვები და ფრაზები, რომელთაგან ზოგი ნაცნობია ებრაელებისთვის, ქრისტიანებისა და მუსლიმთათვის: „თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.” სხვა ტექსტები, როგორიცაა ომის წესების გრაგნილი, ასახავს ერთ-ერთი სექტის შეხედულებას აპოკალიფსზე: „მართალთა შვილები იბრწყინებენ სამყაროს ყველა კიდემდე, და იქნება ასე, ვიდრე არ დადგება წყვდიადის აღსასრული.” ეს სიტყვები აშკარად მოგვაგონებს ახალი აღთქმის რიგ მუხლებს, რაც ახალ კითხვებს აჩენს მათი ავტორების შესახებ.

როცა ბედუინმა ბიჭებმა გრაგნილები აღმოაჩინეს, ამით ბიძგი მისცეს ახალ არქეოლოგიურ სიგიჟეს. დომინიკელთა ორდენის ფრანგი ღვთისმსახური, მამა როლანდ დე ვო, ზედამხედველობდა გამოქვაბულებში ჩატარებულ გათხრებს და ასობით ახალი ფრაგმენტი აღმოაჩინა. მან დაასკვნა, რომ ლოგიკური იქნებოდა, ავტორებს სადმე ახლოს ეცხოვრათ. ყველაზე სავარაუდო ვერსია ყუმრანის ნანგრევები გახდა. დე ვოს მიხედვით, ტერიტორიის ფიზიკური იერსახე მის ეჭვს აძლიერებდა. კომუნალური სტრუქტურის გამო მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ყუმრანი სპეციალურად გრაგნილების შესაქმნელად აიგო. უძველესი ტექსტების კოპირება ნელა ხდებოდა. ინტენსიური მუშაობა მრავალი მოხალისე გადამწერის კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვდა, ყველა მათგანი ემსახურებოდა წარსული იდეების უკვდავყოფის იდეას.

დასახლების პერიოდში, დაახლოებით 2000 წლის წინ, ყუმრანი 7250 კვ. მეტრს შეადგენდა და შეეძლო 200 ადამიანის დატევა. დერეფნები უკავშირდებოდა სხვადასხვა ოთახებს, მათ შორის გამორჩეულია ერთ-ერთი, მეცნიერები მას გრაგნილების ოთახად მოიხსენიებენ და აქ სავარაუდოდ ხელნაწერები ინახებოდა. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს 10 აუზი, რომლებიც შესაძლოა რიტუალური აბაზანებისთვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, აქ იყო მთავარი კომუნალური ოთახი, სადაც წევრები სადილობდნენ – მასში კერამიკის გროვები აღმოაჩინეს. ნაგებობა აშენდა ქვისა და აგურის კომბინაციით და გარს კედელი ერტყა. ერთ-ერთი ოთახი, რომელიც ცენტრში მდებარეობს, შეიცავს ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ გრაგნილები ყუმრანში შეიქმნა. დე ვომ მას სკრიპტორიუმი, იგივე საწერი ოთახი უწოდა. აქ მან გრძელი და ვიწრო მაგიდებისა და სკამების ნარჩენები იპოვა, ასევე სამელნეები. სკრიპტორიუმის ახლოს დე ვო კიდევ ერთ, ნაგებობის ყველაზე დიდ ოთახს წააწყდა, რომელთანაც ჭურჭლების საწყობი იყო. 1000-მდე ფინჯნის, ფიალისა და თეფშის აღმოჩენამ დაარწმუნა დე ვო, რომ ეს სასადილო იყო, სადაც ესეები ეზიარებოდნენ ხოლმე.

რიტუალში, რომელიც წინ უსწრებს იოანე ნათლისმცემლის სწავლებებს, გრაგნილის ავტორები თავიანთ თავს წმინდა წყლით წმენდნენ სულიერად. ყუმრანში შემორჩენილია წყლის სადინარი სისტემა, რომლებიც წვიმის წყალს სპეციალურ აუზებში აგროვებდა. ასეთი აუზები მრავლადაა და მათ კედლებზე ფართო კიბეებია ამოკვეთილი. მათი მეშვეობით ყუმრანელები აუზში ჩადიოდნენ და წყალში მთლიანად იძირებოდნენ, შემდეგ კი იქიდან სულიერად განწმენდილები ამოდიოდნენ. აუზები, სასადილო ოთახები და სკრიპტორიუმი ეკუთვნოდა ებრაელების გამოყოფილ დაჯგუფებას, შესაძლოა ესეებს, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი რელიგიური მემკვიდრეობა შეურყვნელად შეენახათ და გაეუმჯობესებინათ. თუმცა ეს არაა ყუმრანის დანიშნულების ერთადერთი ახსნა. დღესდღეობით არქეოლოგიური მონაცემები არაფერს ამბობს იმაზე, რომ აქ ნამდვილად ესეები ცხოვრობდნენ.

არქეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ყუმრანის აუზებს რიტუალური აბაზანებისგან განსხვავებული დანიშნულება ჰქონდათ. თუკი აუზები ერთმანეთს უერთდებოდა და წყალი ერთ აუზიდან მეორეში გადადიოდა, წმინდა აღარ იქნებოდა და განწმენდის რიტუალისთვის ვერ გამოიყენებდნენ. ამ შემთხვევაში მათი დანიშნულება გაცილებით მატერიალური იქნებოდა. ერთ-ერთი აუზის ფსკერზე არქეოლოგებმა 30 სმ სისქის თიხა აღმოაჩინეს. შესაძლოა, აქ კერამიკური ნაწარმი მზადდებოდა. ამ ვერსიით, ყუმრანი სამხედრო პოსტი იყო და რომის მიერ დაპყრობის შემდეგ თიხის ჭურჭლების საწარმოდ იქცა. გრაგნილები სადმე სხვაგან შეიქმნებოდა და მოგვიანებით ყუმრანში დაიდებდა ბინას. თუმცა ბევრი სწავლული სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, რომ გამოქვაბულების ყუმრანთან ასე ახლოს განლაგება უბრალოდ დამთხვევაა.

პირველი გათხრებიდან 60 წლის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ყუმრანის საიდუმლოებებიდან მხოლოდ მცირეოდენი გაირკვა. ვინ შექმნა გრაგნილები? ვინ იყვნენ აქ მცხოვრები ებრაელები? ყუმრანში შეიქმნა ხელნაწერები თუ ავტორებმა გაქცევისას დატოვეს აქ? საქმეს გააადვილებდა ისეთი მტკიცებულების არსებობა, როგორიცაა სამელნეში არსებული მელნის დამთხვევა გრაგნილის საწერ მასალასთან. მაგრამ ეს შრომატევადი საქმეა და პასუხი იმაზე, თავსებადია თუ არა ეს ორი ნივთიერება, შეიძლება წლების შემდეგ დადგინდეს. რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ისაა, რომ გრაგნილების ავტორი იუდაიზმისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე ცხოვრობდა და სურდა როგორც წარსული ცოდნის დაცვა, ისე აპოკალიფსური მომავლის ფურცლებზე ასახვა. ეს აჩენს ლოგიკურ კითხვას: რაში სჭირდებოდა თავმდაბალ და სულიერ ფასეულობებზე მზრუნველ ხალხს განძის რუკა?


იორდანიის დედაქალაქ ამანის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება მკვდარი ზღვის გრაგნილების ყველაზე შემაცბუნებელი ხელნაწერი – სპილენძის გრაგნილი. ის აღწერს ოქროსა და ვერცხლის საგანძურს, რომლის წონაც ტონებით განისაზღვრება. მისი აღმოჩენის (1952 წ) შემდეგ მკვლევარები გაოცებული იყვნენ იმ ფაქტით, რომ რუკა ეკუთვნოდა სიღარიბეში მცხოვრებ დაჯგუფებას, რომელიც სამყაროს აღსასრულს ელოდა. გამოცანაა ისიც, თუ საიდან იცოდნენ, როგორ ამოეკვეთათ გამოსახულებები წმინდა სპილენძზე ან რატომ აირჩიეს მაინცდამაინც სპილენძი – იმ პერიოდის ერთ-ერთი უძვირფასესი მასალა. აშკარაა, რომ მათ სურდათ, ინფორმაცია დიდი ხნით შენახულიყო.

გასაშლელად ზედმეტად მყიფე გრაგნილი 29 ნაწილად დაჭრეს, შემდეგ კი მის თარგმნას შეუდგნენ. ტექსტის შიგთავსი ინდიანა ჯონსის ფილმების სცენარს მოგვაგონებს: „ტაძრის წყაროს სათავესთან არის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლები, რომლებშიც შესაწირი და ფული ინახება, მთლიანობაში 600 ტალანტი. ხეობაში, ქვების წრის შუაგულში, 17 წყრთის სიღრმეზეა ჩამარხული 17 ტალანტი ოქრო და ვერცხლი.” ძველ ებრაულ ენაზე შესრულებული სპილენძის გრაგნილი იძლევა ზუსტ აღწერილობას, თუ სად ინახება დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა. მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო ამქვეყნიური სიმდიდრე მიმზიდველი რამ ანტიმატერიალისტი ადამიანებისთვის, რომლებმაც გრაგნილები შექმნეს? ამის ორნაირი ახსნა არსებობს.

შესაძლოა, ძვირფასეულობა წარმოადგენდა სოლომონის განძს, რომელიც პირველ ებრაულ ტაძარში ინახებოდა, საუკუნეების შემდეგ კი ბაბილონელებმა მიიტაცეს. ასევე შეიძლება, სპილენძის გრაგნილი აღწერდეს მეორე ტაძრის განძს, რომელიც რომაელებმა გრაგნილების შექმნის პერიოდში გაანადგურეს. ჩატარებულმა გათხრებმა ჯერჯერობით ვერანაირი ძვირფასეულობა ვერ აღმოაჩინა. თუმცა მკვლევართა ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

უძველესი მეტალებისა და არტეფაქტების სპეციალისტი და ინჟინერი რობერტ ფეზერი თვლის, რომ გამოცანის გასაღები გრაგნილში ჩაშიფრული ტექსტია. ებრაულ ნაწერებში მან 14 ბერძნული ასო აღმოაჩინა, პირველი 10 ასოს შეერთებით კი მიიღო „ახენატენ” – ძვ.წ. 1350 წელს მცხოვრები ეგვიპტელი ფარაონის სახელი (იგივე ამენჰოტეპ IV, ეხნატონი). ეხნატონმა შექმნა რევოლუციური იდეოლოგია, რომელსაც ისტორიაში პირველი მონოთეისტური რელიგია ეწოდა. ის ცხოვრობდა იმ პერიოდში, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის გამოთვლით, წინ უსწრებდა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენას. ბიბლიის წაკითხვისას აშკარაა, რომ ძველი აღთქმის მთავარი პერსონაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ ან ეგვიპტიდან გამოვიდნენ, იზიარებდნენ ერთი ღმერთის იდეას.

ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ თუკი ებრაელებს ეგვიპტიდან არ გადმოუღიათ მონოთეიზმის იდეა, მაშინ შესაძლოა, ის თავად ეგვიპტელებმა მიიტანეს ებრაელებამდე. ბოლოსდაბოლოს, ეგვიპტე დომინანტი ლიდერი იყო ათასობით წლების განმავლობაში, მათ შორის ძვ.წ. 1-ლ საუკუნეშიც, როცა გრაგნილების უმეტესობა შეიქმნა. თუკი ფეზერი მართალია, სპილენძის გრაგნილს გაცილებით მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე საგანძურის რუკაა. ეს არის ნიშანი, რომ ებრაელებს ახსოვდათ ეხნატონი და პატივს სცემდნენ მას, პირველ მონოთეისტს, ხოლო იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში არსებული ერთი ღმერთის იდეა ფარაონების მიწას უკავშირდება. მაგრამ მკვლევართა უმეტესობისთვის ეს კოდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფარაონს, ებრაელებსა და სპილენძის გრაგნილს, ზედმეტად ჩახლართულია იმისთვის, რომ მის გაშიფრვას ხელი მოჰკიდონ, ხოლო გრაგნილში აღწერილ განძსა და ეხნატონის ძვირფასეულობას ერთმანეთთან 1000 წელზე მეტი აშორებთ. ფეზერი თვლის, რომ სპილენძის გრაგნილი მანამდე არსებული გაცილებით ძველი დოკუმენტის ასლია და ქრონოლოგიური სხვაობა ამით აიხსნება.

მკვლევარების უმეტესობა არ ეთანხმება ფეზერს და თვლიან, რომ სპილენძის გრაგნილი რომელიმე ადგილობრივი ლეგენდის, შესაძლოა ფარსის ექვივალენტი იყოს. თუმცა მიუხედავად იმისა, მივყავართ თუ არა ამ ნაშრომს საგანძურამდე ან იუდაიზმის საწყისამდე, აშკარაა, რომ სხვა გრაგნილები შეიცავენ მნიშვნელოვან ქვეტექსტებს ქრისტეს პერიოდის იუდაიზმზე. ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი ნათელს ფენენ ქრისტიანობის ადრეულ ეტაპებსაც და შეიძლება დავასკვნათ, რომ იესო ესეების წარმომადგენელი იყო. გრაგნილების ავტორები იყვნენ მოწმენი იუდაიზმიდან გარკვეული ფენების გამოცალკევებისა და ატარებდნენ რიტუალებს, რომლებიც ჩამოგავდა ქრისტიანულს. მაგალითად ზიარება. გრაგნილებიდან ირკვევა, რომ იყო მღვდელი, რომელიც დალოცავდა სასმისს და მას ხალხში ჩამოატარებდნენ. ზიარების გარდა აღწერილია რიტუალური ბანაობა სულიერი განწმენდისათვის, რომელიც ესადაგება ქრისტიანული ნათლობის იდეას. წყალში ჩაძირვით ისინი ღმერთთან ამყარებდნენ სულიერ კავშირს.


ომის წესების გრაგნილი აღწერს დიდ ბრძოლასა და წყვდიადის ძეების განადგურებას, რომლის პარალელსაც ვხვდებით იოანეს გამოცხადების წიგნში არმაგედონის ომის სახით. „იქნება ბრძოლა და საშინელი ხოცვა-ჟლეტა ისრაელის ღმერთის წინაშე, რადგან ეს დღე გამწესებულია მის მიერ…როგორც დღე წყვდიადის ძეების ამოჟლეტისა.” არის ვარაუდი, რომ იესომ მინიმუმ გარკვეული პერიოდი გაატარა გრაგნილთა ავტორებთან. რობერტ ფეზერი ბევრ საერთოს პოულობს ყუმრანის გრაგნილებსა და ახალ აღთქმას შორის. ხოლო იმ უცნაურობას, რომ არაფერი ვიცით იესოს ცხოვრების მთავარ მონაკვეთზე, თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში 12 წლის ასაკიდან ქადაგების დაწყებამდე, ყუმრანელ ესეებთან ცხოვრებით ხსნის – იესო მათ მოძღვრებებსა და ბიბლიურ ტექსტებს სწავლობდა. თუმცა ამ თეორიის გასამყარებლად მკვდარი ზღვის გრაგნილებში ხელმოსაჭიდს ვერაფერს შევხვდებით.

იესოსა და ესეებს შორის კავშირის თეორიის სკეპტიკოსები აღნიშნავენ რიგ განსხვავებებს, თუ რისი სწამდათ ესეებს და რას ქადაგებდა იესო. ესეები რიტუალურ განწმენდას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და არატოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდათ უწმინდურად მიჩნეულ ადამიანებთან, იესო კი კეთროვნებს ამხნევებდა. ესეები ერიდებოდნენ გადასახადების ამკრეფებს და ცოდვილებს, იესო კი მათ გარემოცვაში იყო. ერთ-ერთი გრაგნილი მოწინააღმდეგის სიძულვილს ქადაგებს, ხოლო იესო – მტრის სიყვარულს. ნამდვილად არსებობს იმის ალბათობა, რომ იესო ესეებს იცნობდა და მათგან გარკვეული ელემენტები ისესხა კიდეც, თუმცა ძირითადი გზავნილი რადიკალურად განსხვავდებოდა.

ზოგიერთის აზრით, ყუმრანის გრაგნილებმა საფრთხე შეუქმნა ტრადიციულ ქრისტიანულ დოქტრინებსა და ამ რელიგიის უნიკალურობას, ააშკარავებს რა მანამდე არსებულ მესიანურ იდეოლოგიას. გარდა ამისა, ის უპირისპირდება იესოს ღმერთობის იდეას. იესო თავის თავს ღვთის ძეს უწოდებდა, რაც მის მიმდევრებს ღვთიური ბუნების დადასტურებად მიაჩნიათ, თუმცა გრაგნილებში ამ ტერმინს სხვა დანიშნულებით ვხვდებით: „მას ღვთის ძეს უწოდებენ… მათი სამეფო იქნება საუკუნო და მათი ბილიკები – სამართლიანი.” როგორც ჩანს, ეს ფრაზა გავრცელებული იყო მესიანურ იუდაიზმსა და ყუმრანის საზოგადოებაში. ყუმრანში მას არ გააჩნია ღვთიური მნიშვნელობა. ამ ინტერპრეტაციით იესო ქრისტეს პიროვნება განისაზღვრება ისე, როგორც უყურებს მას თანამედროვე იუდაიზმი – მოკვდავ წინასწარმეტყველად.

აღმოჩენის შემდეგ გრაგნილები ყურადღებით იქნა შემოწმებული და შესწავლილი ასობით მეცნიერის მიერ, მაგრამ დღემდე დაუდგენელია, ვინ დაწერა ისინი ან რა მიზნით. თუმცა ვისაც უნდა შეექმნა, თავს დიდი გასაჭირი გადახდა და მათი დამალვა გადაწყვიტა, თითქოს მათში ისეთი რაღაც იყო, რაც შეიძლებოდა, სამუდამოდ დაკარგულიყო. დღეს ვიცით, რომ ყუმრანის მაცხოვრებლებს ჰქონდათ კიდეც შიშის მიზეზი – 70 წელს რომაელებმა გაანადგურეს იერუსალიმის მეორე ტაძარი და სოფლებში ჯარისკაცები გაგზავნეს, რათა რომაული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებული ებრაელები დაეშოშმინებინათ. არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ იერუსალიმი მიწასთან გასწორდებოდა, რადგან რომაელებმა შეაღწიეს პალესტინასა და იუდეაში და რამდენიმე ქალაქი და სოფელი ააოხრეს. მათ შორის იყო ყუმრანიც. შესაძლოა, გრაგნილების გამოქვაბულებში გადამალვა სწორედ მაშინ მოხდა, როცა რომაელთა არმია ყუმრანს მიუახლოვდა.

რომაელთა წინააღმდეგ ებრაელთა პირველი აჯანყების შემდეგ, 68 წელს, ყუმრანი განადგურდა. აქედან ესეების კვალიც ქრება. ებრაელთა აჯანყება დასრულდა მასადაში, სამხრეთ იუდეაში მდებარე თავდაცვით ნაგებობაში. 1000 ებრაელს გარს შემოერტყა რომაელთა არმია და თვეების განმავლობაში ალყაში ჰყავდათ. როდესაც რომაელები მასადაში შეიჭრნენ, აღმოაჩინეს, რომ ყველა ებრაელს თავი მოეკლა. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მათ შორის იყვნენ ესეებიც, რომლებმაც რომაელების მორჩილებას სიკვდილი ამჯობინეს. ეს ხსნის იმას, თუ რატომ აღარ დაბრუნებულა ვინმე გრაგნილების წამოსაღებად. ავტორებმა უნებლიედ შექმნეს დროის კაფსულა, რომელიც 2000 წელი ინახებოდა და რამდენიმე ათეული წლის წინ აღმოაჩინა თხის საძებნელად წასულმა ბიჭმა. ამჯერად ყველაფერი დამოკიდებულია მკვლევარებზე, რათა გაარკვიონ, თუ რას ნიშნავს ტექსტის დედაარსი და რა დანიშნულება აქვს მას. მკვდარი ზღვის ხელნაწერების ფრაგმენტების შეერთებამ შესაძლოა, ახალი საიდუმლოები და თავსატეხები გამოააშკარავოს. თუმცა ვერაფერი გადაფარავს იმ ფაქტს, რომ გრაგნილებმა უკვე გვიამბეს იმ მნიშვნელოვან ეპოქაზე, როცა ორი რელიგია ერთმანეთს გამოეყო და სამუდამოდ შეცვალა ისტორია.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button