ლიტერატურასაინტერესო

ბუკოვსკის გამოჭრილი ყელი

ალბათ თითებზე ჩამოსათვლელია, თანამედროვე ლიტერატურაში მწერალი, მითუმეტეს მამაკაცი, რომელსაც ისევე კარგად ესმის ქალის, როგორც ჩარლზ ბუკოვსკის.

მისი ყველაზე პატარა მოთხრობა “კასი, ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში” ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბუკოვსკის ქალები ყველაზე ნამდვილები არიან.

კასის მამაკაცები მოხმარების საგნად აღიქვამენ და ამაში გასაკვირი არაფერია. უცხოებისათვის კასი ერთი ქარაფშუტა, თავქარიანი, აყალმაყალის მოყვარული მეძავია. რომელ კაცს არ უნდა სექსი ყველაზე ლამაზ ქალთან თუნდაც ფულის ფასად. ქალებისათვის კასი შურისა და მტრობის მთავარი ობიექტია კლასიკური გაგებით ქალური შურის ობიექტი.

დედამიწაზე ყველა ცოცხალ არსებას უნდა, რომ ვიღაცას უყვარდეს, მათ შორის კასისაც, თუმცა ბუკოვსკის ამ მოთხრობის ხიბლი ის ერთადერთი კაცია, რომელმაც კასის ნამდვილი სახე დაინახა.

ნებისმიერი ქალი ეშმაკს მიჰყიდის სულს თუკი ერთხელ მაინც დაინახავს მათ ვინმე ისე როგორც კასის ხედავდა ის კაცი. როგორც ციდან მოვლენილ სასწაულს, რომელსაც დაცვა სჭირდება.

კასის სჭირდება რომ ვიღაცას უყვარდეს თავისი სიგიჟეებით, ისეთი როგორიც რეალურად არის. ის თავის სილამაზეს ისე ებრძვის, როგორც უსასტიკეს მტერს. ის რის გამოც ქალებს შურთ და კაცებს უნდათ, კასისთვის საპყრობილეა, რომლიდანაც თავის დაღწევა ყველაფრად უღირს.

ზოგჯერ რაღაც რაზეც უარს ვამბობთ, სინამდვილეში ერთადერთი რამაა რაც ყველაზე მეტად გვინდა და ის, ვისაც მხოლოდ სიტყვები ესმის ამ მომენტს ვერასოდეს დაიჭერს. ბუკოვსკიმ ქალის მთავარი საიდუმლო ათ გვერდში ამოხსნა. კასის გამოჭრილი ყელი ბუკოვსკის გამოჭრილი ყელია. მან ყელი გამოსჭრა იმ სიმახინჯეს, რომლითაც უნებლიედ სილამაზეს დაღავენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ სიტყვები ესმით.

კასის ჭრილობა ის ჭრილობაა, რომლებსაც უნებლიედ ვაყენებთ ერთმანეთს ყოველდღე, რადგან რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, არაფრად ღირს შენი გრძნობები, თუ სხვისი გაბედნიერება ვერ შეძელი, თუ სხვისი განკურნება ვერ შეძელი შენი სიყვარულით.

Source
https://literbloging.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button