ენდრიუ ჰეივუდი – სახელმწიფო
“სახელმწიფოს მიზანი მუდამ ერთია: მოათვინიეროს, დაიმორჩილოს და დათრგუნოს პიროვნება”.
მაქს შტირნერი, “მე და ჩემი” (1845)
სახელმწიფოს დაღი ადამიანის ლამის ყოველგვარ საქმიანობას ატყვია: აღზრდა-განათლებიდან მოყოლებული, ყოფის ყველა სფეროს – ეკონომიკას, სოციალურ კეთილდღეობას, საოჯახო ატმოსფეროსა თუ თავდაცვას. სახელმწიფო ყველაფერს საზღვრავს და აკონტროლებს, ზედამხედველობს და წარმართავს, თაოსნობს და მოძღვრავს – ჩვეულებრივ, ცხოვრების ყველაზე კერძო და ინტიმური საკითხებიც კი (ქორწინება-განქორწინება, აბორტი, სარწმუნოება) საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს “საზრუნავი” ხდება ხოლმე. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ პოლიტიკა ხშირად ესმით როგორც “სახელმწიფოს შესწავლა”, ანუ სახელმწიფოს რაობის კვლევა; იდეოლოგიური დავა-კამათიცა და პარტიული პოლიტიკაც მუდამ ამ საკითხებს უტრიალებს: ბოლო-ბოლო, რა ევალება სახელმწიფოს და რა რჩება გასაკეთებელი ცალკეულ პიროვნებას, ან ამა თუ იმ საზოგადოებრივ ჯგუფს? პოლიტიკური ანალიზისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კი სახელმწიფო ძალაუფლების არსის განსაზღვრა იქცა.
ამგვარად, ამ თავში შემდეგი ძირითადი საკითხებია განხილული:
საკვანძო საკითხები:
< რაა სახელმწიფო და რით განვასხვავოთ იგი ხელისუფლებისაგან?
< რა კუთხით იკვლევდნენ და რა ახსნას უძებნიდნენ ხოლმე სახელმწიფო ძალაუფლებას?
< ზოგადად რომ ვთქვათ, სახელმწიფო სიკეთის წყაროა თუ ბოროტების?
< რა როლს ანიჭებდნენ სახელმწიფოს, როგორ ნაწილდებოდა პასუხისმგებლობა მასსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის?
< რა კვალი დაამჩნია გლობალიზაციამ სახელმწიფოს როლსა და ძალაუფლებას?
რა არის სახელმწიფო?
- სახელმწიფოთა ტიპები
- პლურალისტური სახელმწიფო.
- კაპიტალისტური სახელმწიფო.
- “ლევიათანი” სახელმწიფო.
- პატრიარქალური სახელმწიფოს როლი
- მინიმალისტური სახელმწიფოები.
- პროგრესირებადი სახელმწიფოები.
- სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები.
- “კოლექტივიზირებული” სახელმწიფოები.
- ტოტალიტარული სახელმწიფოები.
- სახელმწიფო და გლობალიზაცია.
- სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის ეპოქაში
- “სახელმწიფოს” სახეცვლილება
რა არის სახელმწიფო?
რაღას არ აღნიშნავდნენ ცნებით “სახელმწიფო” – ინსტიტუციების ერთობლიობას, ტერიტორიულ ერთეულს, ფილოსოფიურ იდეას, ჩაგვრისა და გაერთიანების საშუალებას და სხვ. და სხვ. ამგვარ განსხვავებებს, ნაწილობრივ, ისიც განაპირობებდა რომ სახელმწიფოს რაობა სამი სხვადასხვა თვალსაზრისით ესმოდათ – იდეალისტური, ფუნქციონალური და ორგანიზაციული გაგებით. იდეალისტური გაგება ყველაზე ნათლად გ.ვ.ფ. ჰეგელის ნაშრომებში მოჩანს. ჰეგელი საზოგადოებრივი არსებობის სამ “დონეს” გამოყოფდა: ოჯახს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს. იგი ამტკიცებდა, რომ ოჯახს “თავისებური ალტრუიზმი” ახასიათებს, როცა ადამიანი – შვილებისა თუ მშობლების სასიკეთოდ – საკუთარ ინტერესებს უგულვებელყოფს; ამის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებას ჰეგელი “საყოველთაო ეგოიზმის” სფეროდ მიიჩნევს, სადაც უმთავრესი პიროვნების “კერძო” ინტერესია; ხოლო სახელმწიფო იმგვარი ზნეობრივი მთლიანობაა, რასაც საფუძვლად ურთიერთთანაგრძნობა, ანუ – “საყოველთაო ალტრუიზმი” უძევს. თუმცა, იდეალიზმის ხინჯიც ისაა, რომ უპირობოდ აღიარებს სახელმწიფოს ზეობას და მასზე ზნეობრივი კატეგორიებით საუბრისას, ვერ ახერხებს, მკვეთრად გამიჯნოს სახელმწიფოს შემადგენელი და მის მიღმა მყოფი ინსტიტუციები.
სახელმწიფოსადმი ფუნქციონალური მიდგომა მთავარ ყურადღებას სახელმწიფო ინსტიტუტების დანიშნულებასა და მიზანს უთმობს, ხოლო მის უმთავრეს ამოცანად “სოციალური წესრიგის” შენარჩუნებას მიიჩნევს. ამგვარად, სახელმწიფო განისაზღვრება, როგორც საზოგადოებაში წესრიგისა და სტაბილურობის დამცველი ინსტიტუტების ერთიანობა. ამგვარი რამ ახასიათებთ სწორედ თანამედროვე მარქსისტებს, რომელნიც თვლიან, რომ სახელმწიფო ჩაგვრის ინსტრუმენტია კაპიტალისტური სისტემის ხელში და წესრიგის დამყარებით მხოლოდ საკუთარ არსებობას იხანგრძლივებს. ფუნქციონალისტების ძირითადი სისუსტე ისაა, რომ წესრიგის უზრუნველმყოფ ნებისმიერ ინსტიტუტს (თუნდაც ოჯახს, მასმედიას, პროფგაერთიანებებს თუ ეკლესიას) თავად სახელმწიფოსთან აიგივებენ. ამიტომაც, სახელმწიფოს რაობის განსაზღვრისას, თუკი საწინააღმდეგო საგანგებოდ არ იქნა მითითებული, ამ წიგნში ჩვენ მხოლოდ ორგანიზაციულ მიდგომას განვიხილავთ.
ამ თვალსაზრისის თანახმად, სახელმწიფო მმართველობის აპარატია ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, ანუ – იმ ინსტიტუციათა ერთობლიობა, რომელნიც საზოგადოებრივი ყოფის ორგანიზაციაზე აგებენ პასუხს და ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან. ამგვარი განმარტების ერთი ღისება ისიცაა, რომ სახელმწიფოს ცნება მკვეთრად იმიჯნება სამოქალაქო საზოგადოებისაგან. სახელმწიფო მმართველობის მრავალგვარ ინსტიტუტს აერთიანებს: ბიუროკრატიას, შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას, სასამართლოს, სოციალური დაცვის სისტემასა და სხვ., ანუ – მთელ “პოლიტიკურ ორგანიზმს”, და სწორედ ამის წყალობით მოხდა იმგვარი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება XV-XVI საუკ. ევროპაში, რომელმაც ყველას და ყველაფრის დაქვემდებარება მოახერხა – გინდა სულიერი, გინდა მიწიერი ცხოვრების სფეროში. მართლაც, თვითმპყრობელი სახელმწიფოებრიობის თანამედროვე გაგება ჯერ კიდევ 1648 წ. “ვესტფალიის ზავის” პირობებში აისახა. სხვათა შორის, ორგანიზაციული მიდგომა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფოს როლის ზრდასა თუ დაკნინებაზეც ვისაუბროთ, იმისდა მიხედვით, იზრდება თუ მცირდება მისი პასუხისმგებლობა; ფართოვდება თუ იზღუდება ინსტიტუციონალური მექანიზმების არეალი.
ასე და ამგვარად, შეგვიძლია სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშანთვისება ჩამოვთვალოთ:
- სახელმწიფო “უზენაესია” და იგი აბსოლუტურ და შეუზღუდავ ძალაუფლებას ახორციელებს, რამდენადაც ნებისმიერ საზოგადოებრივ გაერთიანებასა თუ ჯგუფზე მაღლა დგას. თომას ჰობსმა სახელმწიფოს ეს იდეა ბიბლიური ლევიათანის, ანუ, გიგანტური “გველეშაპის” ალეგორიად წარმოსახა.
- სამოქალაქო საზოგადოების “კერძო” ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსტიტუტები იმთავითვე “საჯარო” ხასიათისაა: სახელმწიფო დაწესებულება პასუხს აგებს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაზეც და განხორციელებაზეც, მაშინ როცა ოჯახი, კერძო ბიზნესიცა და პროფგაერთიანებაც პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.
- სახელმწიფო – კანონიერების აღსრულებაა. მისი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, თუმცა არა ყოველთვის, საზოგადოების ნების გამოხატულებაა და იგულისმება, რომ ისინი საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვითაა განპირობებული; ამდენად, სახელმწიფო საზოგადოების მუდმივი ინტერესების დამცველად ითვლება.
- სახელმწიფო ბატონობის საშუალებაა. მისი ავტორიტეტი იძულებას ემყარება – მას უნდა შესწევდეს უნარი, სათუოდ არ გახადოს არც კანონის მორჩილება, არც კანონდამრღვევთა დასჯა. შესაბამისად, “კანონიერი ძალადობის” (მაქს ვებერი) მონოპოლია სახელმწიფოს უზენაესობის პრაქტიკული გამოვლინებაა.
- სახელმწიფო ტერიტორიალური გაერთიანებაა; მისის იურისდიქცია გეოგრაფიულადაა განსაზღვრული და ვრცელდება ყველაზე, ვინც მის საზღვრებში სახლობს – სულ ერთია, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, თუ არა. საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო (თეორიულად მაინც), ავტონომიურ ერთეულად განიხილება.
სახელმწიფო არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებისგანაა გამოყოფილი, ის შინაგანადაც დაყოფილია და არაერთი განშტოებისა თუ ნაწილისაგან შედგება: სახელმწიფო აპარატი მოიცავს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ “მთავრობას”, საკანონმდებლო სახალხო კრებას ან პარლამენტს, სასამართლოს, ბიუროკრატიულ აპარატს, შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას, თვითმმართველობის ადგილობრივ და რეგიონალურ ინსტიტუტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც “სახელმწიფოსა” და “ხელისუფლების” ცნებებს შორის სხვაობაა (არადა, მათ ხშირად ურევენ ერთმანეთში) და განსხვავება მხოლოდ მეცნიერული ხასიათისა არაა – იგი უშუალოდ უკავშირდება შეზღუდული და კონსტიტუციური მმართველობის იდეას. მოკლედ, სახელისუფლებო ძალაუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითოკება, თუკი არსებული ხელისუფლება სახელმწიფოში დაუსაზღვრავი და შეუზღუდავი მმართველობის დამყარებას ვერ შესძლებს.
ხელისუფლებასა და სახელმწიფოს შემდეგი ნიშან-თვისებანი განასხვავებთ:
- “სახელმწიფო” უფრო მეტია, ვიდრე “ხელისუფლება” – იგი რთული კავშირია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ინსტიტუტს მოიცავს და ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს; ხელისუფლება კი სახელმწიფოს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია.
- სახელმწიფო დროში გაწელილი, შეიძლება ითქვას, უწყვეტი ფენომენია. ხელისუფლება – დროებითია: მთავრობები მოდიან და მიდიან, მმართველობის სისტემებიც იცვლებიან და იხვეწებიან.
- ხელისუფლება მხოლოდ საშუალებაა, რითაც სახელმწიფოს პოლიტიკა ცხოვრებაში ხორციელდება. ამ საქმეში ხელისუფლება ქვეყნის “გონია” და იგი სახელმწიფოს არსებობას ახანგრძლივებს.
- სახელმწიფო განუპიროვნებელ ნებას ამკვიდრებს – მისი დაწესებულებების თანამშრომლები მოხელეებად ირჩევიან და იწვრთნებიან, და როგორც წესი, პოლიტიკურად მიუკერძოებელნი უნდა დარჩნენ, რათა სახელმწიფო დაწესებულებები არსებული ხელისუფლების იდეოლოგიურ აღტკინებას არ აყვეს.
- სახელმწიფო, თეორიულად მაინც, საზოგადოების მუდმივ ინტერესებს გამოხატავს: ანუ – საერთო, საყოველთაო ნებას; ხელისუფლება კი იმათ მომხრეთა სიმპათიებს, ვინც ამჟამად იმყოფება ქვეყნის სათავეში.
სახელმწიფო – პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც დამოუკიდებელს იურისდიქციას ავრცელებს გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში და ხელისუფლებას მუდმივმოქმედი ინსტიტუციების მეშვეობით ახორციელებს; ეს ის დაწესებულებებია, რომლებიც “საჯაროა” იმდენად, რამდენადაც სწორედ ისინი აგებენ პასუხს საზოგადოებრივი ცხოვრების კოლექტიურ ორგანიზებაზე და საზოგადოების მიერვე ფინანსდებიან. ამგვარად, სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტს მოიცავს, თუმცა ის ასევე გულისხმობს სასამართლო სისტემებსა და ა.შ.; შესაძლებელია ასევე, მისი გაიგივება მთელს “სახელისუფლებო პოლიტიკასთან”. გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერის თანახმად, სახელმწიფო “კანონიერი ძალადობის” საშუალებებზე მონოპოლიით განისაზღვრება. დავა-კამათი სახელმწიფოს ძალაუფლების რაობასა და თავად სახელმწიფოს როლზე არა და არ წყდება.
კონსტიტუციური მმართველობა: მმართველობის ფორმა, რომელიც საკანონმდებლო და ინსტიტუციური შეზღუდვების პირობებში ხორციელდება, რომელნიც ძალაუფლებასაც კვეცენ და პიროვნულ თავისუფლებასაც უზრუნველყოფენ.
სახელმწიფოთა ტიპები
რაკიღა გავარკვიეთ, თუ რას ნიშნავს “სახელმწიფო”, ახლა სხვა პრობლემასაც შევეხოთ: როგორია სახელმწიფო ძალაუფლების ბუნება და რას ემსახურება იგი? ზოგადი გაგებით, სახელმწიფო – “იმთავითვე საკამათო” ცნებაა. არსებობს უამრავი თეორია, და ყოველი მათგანი სახელმწიფოს საფუძვლებს, განვითარების გზებსა და საზოგადოებაზე მის გავლენასაც განსხვავებულად იაზრებს. მართლაცდა, ჯერ კიდევ საკითხავია, სრულად ავტონომიურია და საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი ესა თუ ის სახელმწიფო, თუ სწორედაც რომ საზოგადოების ნაყოფი და ძალაუფლებისა და რესურსების უფრო ფართო გადანაწილების გამოვლინება. მეტიც – საყოველთაო, კოლექტიურ კეთილდღეობას ემსახურება, თუ ერთ ცალკეულ ჯგუფს ან რომელიმე გაბატონებულ კლასს? ასევე, საკითხავია – დადებითი და კონსტრუქციულია სახელმწიფო, და შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს თუ პირიქით – უარყოფითი და დამანგრეველი მოვლენაა და არათუ მისის შეზღუდვა, იქნებ საერთოდ მასზე უარის თქმაც იყოს უმჯობესი. გამოყოფენ სახელმწიფოთა 4 სხვადასხვაგვარ ტიპს:
- პლურალისტური სახელმწიფო
- კაპიტალისტური სახელმწიფო
- “ლევიათანი” სახელმწიფო
- პატრიარქალური სახელმწიფო
პლურალისტული სახელმწიფო
პლურალისტური სახელმწიფოს თეორეტიკოსებს აშკარა ლიბერალური ხედვა ახასიათებთ. მათი გაგებით, სახლემწიფო უფრო თამაშის წესების დამცველი “მსაჯია”, და არა საზოგადოების მსაჯული. ამგვარი გაგების კვალი ატყვია, ზოგადად, ლამის მთელს ანგლო-ამერიკულ პოლიტიკურ აზროვნებას, როცა ნიველირებულია სახელმწიფოსა და მისი ორგანიზაციების როლი და ყურადღება “მმართველობის ფორმაზე” გადააქვთ. მართლაც, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო როგორც აბსტრაქცია, უკანა პლანზე იწევს, ხოლო მისი ინსტიტუტები – სასამართლოები, სამოქალაქო სამსახურები, შეიარაღებული ძალები – დამოუკიდებელ მოთამაშეებად გვევლინებიან, და არა უფრო ზოგადი, სახელმწიფო მანქანის ნაწილებად. ანუ, სახელმწიფოს უგულებელყოფა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუკი არსებული ხელისუფლების ნებასთან იგივდება და მიუკერძოებელი არბიტრისა თუ მსაჯის როლს ვეღარ ასრულებს.
სახელმწიფოს ამ ანგლო-ამერიკული თეორიის ფუძემდებლად XVII საუკ. ფილოსოფოსები, თომას ჰობსი და ჯონ ლოკი ითვლებიან და მათთვის უმთავრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია: ის მიზეზები, თუ რატომ უნდა დაემორჩილოს პიროვნება სახელმწიფოს, რატომ უნდა სცეს პატივი. მათი მტკიცებით, სახელმწიფო ნებაყოფლობითი შეთანხმების, ანუ სოციალური კონტრაქტის შედეგია, რომელსაც პიროვნება მას შემდეგ “აფორმებს”, როცა ხვდება, რომ ბუნებრივი მდგომარეობის საფრთხეების, განუკითხაობისა და სისასტიკისაგან მისი დაცვა, მხოლოდ უზენაეს ძალაუფლებას შეუძლია. სახელმწიფოს გარეშე ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფენ, ჩაგრავენ და იმონებენ, სახელმწიფო კი წესრიგისა და ცივილიზებული თანაარსებობის გარანტი და თავისუფლების დამცველია. ლოკის თქმით, “სადაც კანონი არ კანონობს, იქ აღარც თავისუფლებაა”.
ლიბერალური თვალსაზრისით, სახელმწიფო საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ ჯგუფებს შორის მიუკერძოებელი მსაჯის როლს უნდა ასრულებდეს მხოლოდ და ცალკეული პიროვნების ყველა სხვა თანამოქალაქისგან დაცვა შეეძლოს; მისი მიუკერძოებლობა კი იმაში უნდა ჩანდეს, რომ ყველა მოქალაქის ინტერესებს თანაბრად ითვალისწინებდეს და ამდენად, საყოველთაო სიკეთისა თუ საზოგადო ნების გამომხატველიც იყოს. ჰობსის თანახმად, სტაბილურობასა და წესრიგს მხოლოდ შეუზღუდავი სახელმწიფო მმართველობა დაიცავს და მისი ძალაუფლება არც ეჭვს და არც ზედმეტ შეკითხვებს არ უნდა ბადებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქემ არჩევანი აბსოლუტიზმსა და ანარქიას შორის უნდა გააკეთოს. თავის მხრივ, ლოკი უფრო ტიპიურად ლიბერალური პოზიციებიდან იცავდა შეზღუდული სახელმწიფოს იდეას: მისი აზრით, სახელმწიფოს მიზანი უაღრესად სპეციფიურია და მხოლოდ თანდაყოლილი, “ღვთივბოძებული” პიროვნული უფლებების დაცვა მოეთხოვება; კერძოდ – სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების, ამ შემთხვევაში, ერთმანეთისაგან აშკარადაა გამიჯნული სახელმწიფოსა და ცალკეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მაგრამ რაკიღა სახელმწიფოს როგორც თანდაყოლილი უფლებების დაცვა, ისე მათი ფეხქვეშ გათელვაც შეუძლია, მოქალაქეებსაც უნდა გააჩნდეთ სახელმწიფოსაგან თავდაცვის გარკვეული მექანიზმები და ამგვარ რამეს ლოკი კონსტიტუციურ-წარმომადგენლობით მმართველობაში ხედავდა.
XX საუკუნეში სწორედ ეს იდეები გარდაისახა სახელმწიფოს პლურალისტურ თეორიად. როგორც საზოგადოების არსებობის ფორმა, პლურალიზმი გულისხმობს, რომ ლიბერალურ დემოკრატიებში ძალაუფლება ფართოდ და სამართლიანადაა დანაწილებული. როგორც სახელმწიფოს არსებობის ფორმა, პლურალიზმი სახელმწიფოს მიუკერძოებლად იმდენად მიიჩნევს, რამდენადაც მას შეუძლია შეითავსოს განსხვავებული ინტერეს-ჯგუფებიცა და ყველა სოციალური კლასიც. შვარცმანტელის (1994) თქმით, სახელმწიფო “საზოგადოების მსახურია და არა ბატონი”. ამგვარად, სახელმწიფო ის “ჭურჭელია”, შიდა პროცესების დუღილს რომ გადახარშავს და ეს შეხედულება ორ უმთავრეს პრინციპს ემყარება: ჯერ ერთი, სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას გონივრული აუცილებლობა უნდა განაპირობებდეს – არაარჩევითი ინსტიტუტები, როგორიცაა საჯარო სამსახური, მართლმსაჯულება, პოლიცია, შეიარაღებული ძალები და ა.შ., არაპოლიტიზირებულია და საერთო ხელმძღვანელობას ემორჩილება. ამდენად, სახელმწიფო აპარატი საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მოთხოვნილებებს უნდა პასუხობდეს. მეორე პირობა დემოკრატიული პროცესის წარმატება და შეუქცევადობაა – ანუ, პარტიული კონკურენცია და ინტერეს-ჯგუფთა აქტიურობა, ასე ვთქვათ ხელისუფლების მხრივ საზოგადოებრივი აზრის მიმართ მგრძნობიარობასა და ყურადღებას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო მხოლოდ ის ფლუგერია, რომლისთვისაც ქარის დანიშნულებას საზოგადოებრივი მოთხოვნები უნდა ასრულებდეს.
თუმცა, დღევანდელი ე.წ. “ნეოპლურალისტები” როგორც წესი, სახელმწიფოს მიმართ ბევრად უფრო კრიტიკულნი არიან ხოლმე. მაგ. რობერტ დალი, ჩარლზ ლინდლბომი და ჯ.კ. გელბრაიტი ამტკიცებენ – თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოების სტრუქტურა ბევრად გართულდა და ხალხის მოთხოვნებსაც გაცილებით ნაკლებად ითვალისწინებენ, ვიდრე ამას კლასიკური პლურალიზმი მოითხოვსო; და ასევე, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ბიზნესი იმ პრივილეგიებით სარგებლობს, რასაც სხვა ჯგუფები ნამდვილად ვერ ეღირსებიანო. თავის “პოლიტიკასა და საბაზრო ურთიერთობებში” (1997) ლინდბლომი მიუთითებდა, რომ როგორც მთავარი დამფინანსებელი და საზოგადოების უდიდესი დამსაქმებელი, ბიზნესი აშკარა გავლენით სარგებლობს ნებისმიერ ხელისუფლებაში – რა იდეოლოგიურ საფუძველსა თუ პლატფორმაზეც არ უნდა იდგეს ეს უკანასკნელი. მეტიც, სახლმწიფოს საკუთარი ვიწრო ინტერესებიც გააჩნია: სახელმწიფო ელიტა, რომელიც თანამდებობის პირებისაგან, მოსამართლეებისაგან, პოლიციის მაღალ-ჩინოსნებისაგან, სამხედრო სარდლობის წარმომადგენელთაგან შედგება, ან თავ-თავიანთი სფეროს ბიუროკრატიულ ინტერესებს მისდევენ, ანდა საკუთარი “კლიენტურისას”. და მართლაც, თუკი სახელმწიფოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ მივიჩნევთ, მაშინ ის თავისთავად საზოგადოების ძლევამოსილ (და ალბათ, უძლიერეს) ინტერეს-ჯგუფადაც მოგვევლინება. მსგავსმა მსჯელობამ ერიკ ნორდლინგერი (1981) ლიბერალური დემოკრატიის იმ სახელმწიფოცენტრულ მოდელამდე მიიყვანა, რომლის საფუძველსაც “დემოკრატიული სახელმწიფოს ავტონომიურობა” წარმოადგენს.
კაპიტალისტური სახელმწიფო
მარქსისტული ხედვით, კაპიტალისტური სახელმწიფო მკვეთრად განსხვავდება იმ პლურალისტური წარმოდგენისაგან, როცა იგი მიუკერძოებელ მსაჯად, არბიტრად ისახებოდა. მარქსისტებს თუ დავუჯერებთ, საზოგადოების ეკონომიკური წყობის განუხილველად, სახელმწიფოს რაობის განსაზღვრა უბრალოდ, წყლის ნაყვაა და ამგვარი თვალსაზრისი იმ კლასიკურ დებულებას იშველიებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ კლასობრივი ჩაგვრის იარაღია: იგი კლასობრივი სისტემის პირმშოა და, გინდა-არგინდა, ამავე სისტემას ეფუძნება. თუმცა, ბოლო ხანებში გამართული მწვავე დებატების შედეგად, მარქსისტებმაც იცვალეს ნირი და ამ “კლასიკურ” განსაზღვრებასაც საკმაოდ დაშორდნენ. კაცმა რომ თქვას, ეს კიდევ იმითაც გახლდათ განპირობებული, რომ საკუთარ ნაწერებში თავად მარქსიც მეტად ბუნდოვან მითითებეს იძლეოდა სახელმწიფოს რაობის თაობაზე და არც რაიმე დამაჯერებელი თეორია შემოუთავაზებია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზოგადად, სახელმწიფოს მარქსი ერთგვარ “ზესტრუქტურად” ანუ ზედნაშენად მიიჩნევდა, რომელიც ეკონომიკურ “ბაზისზეა” დაყრდნობილი, და სწორედ ეს ბაზისია საზოგადოების საფუძველთა საფუძველიო. თუმცაღა ურთიერთკავშირი ამ ბაზისსა და მის ზედნაშენს (ანუ, ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოსა და წარმოების კაპიტალისტურ წესს შორის) არცთუ მთლად ნათელია და ცხადი. რაც შეეხება კონკრეტულად სახლმწიფოს რაობაზე მარქსის შეხედულებებს, ორი ამგვარი მოსაზრება მოიპოვება მის “კომუნისტურ მანიფესტსა” (1848) და “ლუი ბონაპარტეს 18 ბრუმიერში” (1852). პირველში იგი აცხადებს, რომ: “თანამედროვე სახელმწიფოს როლი მისი აღმასრულებელი საბჭოს მიერ ბურჟუაზიის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაა მხოლოდ”. ამ გაგებით, სახელმწიფო მთლიანად საზოგადოებასა და მის მმართველ კლასზეა დამოკიდებული, კაპიტალისტური წყობის დროს კი ეს კლასი ბურჟუაზიაა. შესაბამისად, შეუვალი მარქსისტი ლენინიც სახელმწიფოს მხოლოდ “ჩაგრულთა ექსპლუატაციის ინსტრუმენტად” განიხილავდა.
რაც შეეხება მეორე დებულებას, მას მარქსის მიერ 1848-1851 წწ. საფრანგეთში განვითარებული რევოლუციური მოვლენების ანალიზისას ვაწყდებით: მისი მტკიცებით, სახელმწიფოს, ნაპოლეონის ხელში, კლასობრივი სისტემისაგან მხოლოდ “მოჩვენებით ავტონომიის” მიღწევა შეუძლია, და ისიც იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ნებას ახვევს საზოგადოებას და “უგვანი პარაზიტიზმის გამოვლინებად” იქცევა. და თუკი სახელმწიფო მაინც აცხადებდა პრეტენზიას რომელიმე კლასის მოთხოვნათა განსიტყვებაზე, ასეთად ბურჟუაზია კი არა, მხოლოდ და მხოლოდ წვრილი გლეხობა თუ რჩებოდა. ამგვარად, ირკვევა რომ მარქსი სახელმწიფოს ავტონომიურობას მხოლოდ ფარდობითად განიხილავს, და მოქიშპე კლასებს შორის მომრიგებლად გამოსვლის პრეტენზიით, თავად ამ კლასობრივი სისტემის დამცველად გვევლინება.
როგორც ვხედავთ, ორივე ეს დებულება მკვეთრად განსხვავდება სახელმწიფო ძალაუფლების ლიბერალური თუ პლურალისტური მოდელებისაგან. კერძოდ, მარქსის მიხედვით, კლასთა უთანაბრობის გათვალისწინების გარეშე სახელმწიფოს რაობაზე ლაპარაკს აზრი ეკარგება; ხოლო თავად იგი კაპიტალისტური საზოგადოების პირმშოა და ან ჩაგვრის იარაღი – გაბატონებული კლასის ხელში – კლასთაშორისი დაპირისპირების მექანიზმი. ოღონდ ერთიც ითქვას – სახელმწიფოსადმი მარქსის დამოკიდებულება სულაც არაა ბოლომდე უარყოფითი: კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლის პერიოდში, მისი მტკიცებით, სახელმწიფო კონსტრუქციულ როლსაც შეასრულებდა – ე.წ “პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურის” სახით; კაპიტალიზმის უღლის გადაგდება კი ავტომატურა გამოიწვევდა ბურჟუაზიული სახელმწიფოს ნგრევასა და ახალი, ჯერ უნახავი, პროლეტარული ქვეყნის გაჩენას.
მაგრამ ეგეცაა – როცა “პროლეტარიატის დიქტატურის” სახელმწიფოზე ლაპარაკობს, მარქსი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და რაკი ნებისიმიერ სახელმწიფოს იგი მხოლოდ და მხოლოდ ჩაგვრის იარაღად სახავს, გაბატონებული კლასი (ამჯერად – პროლეტარიატი) თავად გამოყავს შესაძლო მჩაგვრელის როლში და შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო, მარქსს თუ დავუჯერებთ, კლასობრივი დიქტატურის გამომხატველია. იქნებ სწორედ ამიტომაც, შემდგომ იგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი, სულაც არაა აუცილებელი სოციალური წყობა და რომ, კლასობრივი ანტაგონიზმის გაქრობისთანავე, სახელმწიფოც “დასაფლავდება”. ამგვარად, მარქსის აზრით, “ჭეშმარიტი” კომუნისტური საზოგადოება სახელმწიფო ფორმაციის გარეშეც იოლას გავიდოდა და რაკიღა სახელმწიფო კლასობრივი შეწყობის შედეგია, ამ სისტემის გაქრობისთანავე ისიც დაკარგავდა აზრსა თუ ფუნქციას.
მარქსის არაერთგვაროვანმა მემკვიდრეობამ თანამედროვე მარქსისტებს, ანუ ნეომარტქსისტებს, საკმარისზე მეტი საფუძველი მისცა სახელმწიფო ძალაუფლების რაობის შემდგომი ანალიზისათვის. ამ კვლევას იტალიელი მარქსისტის, ანტონიო გრამშის ნაწერებმაც შეუწყო ხელი. იგი ამტკიცებდა, რომ მმართველი კლასის ბატონობა უფრო იდეოლოგიურ მანიპულირებაზეა დამოკიდებული, ვიდრე ღია დაპირისპირებაზე. ამ თვალსაზრისით ბურჟუაზიის ბატონობა ძირითადად განპირობებულია “ჰეგემონიის” მეშვეობით: ინტელექტუალური წინამძღოლობითა თ კულტურული კონტროლით, რაშიც მნიშვნელოვან როლს სწორედ სახელმწიფო ასრულებს. 1960-70-იან წწ., სახელმწიფოს თაობაზე მარქსისტულ კამათში ორი დაპირისპირებული შეხედულება გამოიკვეთა: რალფ მილიბენდისა და ნიკო პულანცასის (1936-79). დავა დიდხანს გაგრძელდა და ორივე მხარემაც არაერთხელ გადახედა საკუთარ პოზიციებს, თუმცა ერთი – ბოლომდე სახელმწიფოს ინსტრუმენტალისტური, ხოლო მეორე – სტრუქტურალისტური თვალსაზრისის ერთგული დარჩა.
თავის წიგნში “სახელმწიფო კაპიტალისტურ საზოგადოებაში” (1969) მილიბენდმა სახელმწიფო მმართველი კლასის იარაღად გამოაცხადა და განსაკუთრებით იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო ელიტა, სრულიად უსამართლოდ, პრივილეგირებული და შეძლებული ფენების წარმომადგენლებისაგან ყალიბდება. სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალიზმის გაფეტიშებაც სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ერთის მხრივს ქვეყნის საჭესთან საჯარო მოხელეები და სხვა ჩინოსნები დგანან, მეორეს მხრივ კი – ბანკირები, მსხვილი მეწარმეები და სხვა ბიზნეს-ლიდერები; ე.ი. ორივე ჯგუფი კაპიტალისტური კლასის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, “პოლიტიკურ ძალაუფლებასა და სოციალურ კლასებში” (1968) პულანცასმა უარყო ამგვარი სოციოლოგიური მიდგომა და პირიქით – ხაზი გაუსვა, რამდენად ზღუდავს სახელმწიფოს ავტონომიურობას ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ძალაუფლების ესა თუ ის სტრუქტურა. ამგვარად, მან ივარაუდა, რომ არსებული სოციალური სისტემის შენარჩუნების გარდა, სახელმწიფოს სხვა არაფერი გზა არ რჩება: კაპიტალისტური სახელმწიფოს შემთხვევაში, მისი ფუნქცია კაპიტალიზმის დროში გაწელილი ინტერესების სამსახურამდე დაიყვანება, გინდაც ამგვარ მიზანს თავად კაპიტალისტთა კლასის ესა თუ ის სეგმენტი არც ეთანხმებოდეს. ამის მაგალითია დემოკრატიული უფლებებისა და სოციალური რეფორმების ზრდა, რაც თავად მუშათა კლასის მონაპოვარია, თუმცა კაპიტალისტური სისტემის სიკეთედ ცხადდება ხოლმე.
თანამედროვე მარქსიზმის მიღწევებმა მნიშვნელოვნად დააახლოვა პლურალისტური და მარქსისტული თეორიები: როგორც პლურალისტებმა თანდათანობით აღიარეს კორპორატიული ძალაუფლების მნიშვნელობა, ასევე ნეომარქსისტებიც იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ იმ იდეაზე, თითქოსდა სახელმწიფო, უბრალოდ, კლასობრივი სისტემის ანარეკლი იყოს. რაც მთავარია, ნეომარქსისტებმა ისიც აღიარეს, რომ თანამედროვე პირობებში კლასიკური ორკლასიანი მოდელი (ბურჟუაზია – პროლეტარიატის წინააღმდეგ) უაღრესად გამარტივებული და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლოა. პულანცასის კვალად, ნეომარქსისტები უკვე აღარც მალავენ რომ მნიშვნელოვნად გადანაწილდა თავად მმართველი კლასიც (მაგ. ფინანსური კაპიტალი ერთია და საწარმოო – სხვა) და არჩევით დემოკრატიის წარმოშობამ საკმაო ძალა შესძინა მმართველი კლასის მიღმა დარჩენილ ინტერეს-ჯგუფებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სახელმწიფოსადმი ბობ ჯესოპისეულ (1982) მიდგომაში, რომელიც სახელმწიფოს კლასთა დაპირისპირების შერბილების მეშვეობით კაპიტალიზმის არსებობის გახანგრძლივების იარაღად კი არ მიიჩნევდა, არამედ “პოლიტიკური სტრატეგიების კრისტალიზაციის” საშუალებად: ანუ, იმ ინსტიტუციათა შეკავშირებად, რომელთა მეშვეობითაც ურთიერთ-დაპირისპირებული ინტერეს ჯგუფები ბატონობისა თუ ჰეგემონიისათვის იბრძვიან, ამ კუთხით, სახელმწიფო აღარ არის გაბატონებული ჯგუფისა თუ მმართველი კლასის მიერ შემართული “იარაღი”. ის უფრო თავისებური ერთობაა, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ ეტაპზე ძალთა ბალანსს ასახავს.
“ლევიათანი” სახელმწიფო
სახელმწიფოს ლევიათანად (ანუ, ხარბ და მომხვეჭელ, თვითკმარ ურჩხულად) აღქმა თანამედროვე პოლიტიკაში უპირატესად, ახალ მემარჯვენეობასთან იგივდება. თუმცა, ამგვარი თვალსაზრისი ადრეული, ანუ კლასიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობს – კერძოდ, ინდივიდუალიზმის რადიკალური მოძღვრებებიდან. ახალი მემარჯვენეობა – ყოველ შემთხვევაში, მისი ნეო-ლიბერალური ფრთა – ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევისადმი განსაკუთრებული გაღიზიანებით გამოირჩევა, რადგან იმთავითვე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პარაზიტული წარმონაქმნია და როგორც პიროვნულ თავისუფლებას, აგრეთვე ეკონომიკურ დამოუკიდებლობასაც ემუქრება. პლურალისტებისაგან განსხვავებით, მათთვის მიუღებელია სახელმწიფოს აღქმა მიუკერძოებელ არბიტრად, სახელმწიფო მათთვის “მზრუნველი და მეტიჩარა ძიძაა”. რომელიც ვერ ითმენს და ყველაფერში ცხვირს ყოფს. მათი აზრით, სახელმწიფოს ინტერესები სრულიად ცალკე დგას საზოგადოების ინტერესებისაგან, და ეს ინტერესები სახელმწიფოს როლისა და პასუხისმგებლობის განუხრელ ზრდას მოითხოვს. ამდენად, ახალი მემარჯვენეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ჩარევის XX საუკ. დამკვიდრებული ტენდენცია, არა ხალხის ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილებამ მოიტანა, და არც კლასობრივი დაძაბულობის შერბილებით კაპიტალიზმის მდგრადობის შენარჩუნების სურვილმა, არამედ, სახელმწიფოს შიდა განვითარების დინამიკამ.
ახალი მემარჯვენეობის თეორეტიკოსები სახელმწიფო ძალაუფლების ექსპანსიონისტურ გამოვლინებებს მასზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხრიდან განხორციელებული წნეხის მიზეზით ხსნიან. მოთხოვნის წნეხი თავად საზოგადოების ხელთაა და ჩვეულებრივ, არჩევითი დემოკრატიის მექანიზმებით ხორციელდება. IV თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალი მემარჯვენეობის აზრით, საარჩევნო ციებ-ცხელებისას პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან და მოსახლეობას არარეალურ დაპირებებს სთავაზობენ – იმის გაუთვალისწინებლად, საბოლოო ჯამში, როგო აისახება ეს ყოველივე ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც შეეხება მიწოდების წნეხს, იგი თავად სახელმწიფოსშიდა პრობლემაა, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ჩინოსნებს უკავშირდება და ამდენად, “ჭარბი მმართველობის” თეზისს ეხმიანება.
ეს თეზისი, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი არჩევანის იმ თეორეტიკოსებთან ასოცირდება, ვისი აზრითაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პიროვნებების კარგად გააზრებული კერძო ინტერესები განაპირობებს ხოლმე. ასე მაგალითად, ნისკანენი (1971) ამტკიცებდა, ამერიკის კონგრესისმაგვარ საკანონმდებლო ორგანოებში, საბიუჯეტო კონტროლი როგორც წესი, მოიკოჭლებს და ქვეყნის ბიუჯეტის “შეკვრასაც”, ძირითადად, სახელმწიფო სააგენტოებისა და უამღლესი თანამდებობების ბიუროკრატების ინტერესები განსაზღვრავსო. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს ექვემდებარება (სახელმწიფო ელიტა სათავისოდ განაწყობს არჩევითი პოლიტიკოსების გუნება-განწყობას) და ამიტომაც, საზოგადოებრივი არჩევანის მოდელსა და უკვე განხილულ მაქსისტულ თვალსაზრისს შორის არსებულს გარკვეულ პარალელებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. თუმცა, სხვაობაც ნათელია და ის იმ ინტერესს უკავშირდება, რაც სახელმწიფო – ეს კლასთა და საერთოდ, საზოგადოებრივ ინტერესთა ჭიდილის ანარეკლია, ახალი მემარჯვენეები კი სახელმწიფოს დამოუკიდებელ და ავტონომიურ, საკუთარი ინტერესების გამტარებელ ერთობად აღიქვამს. ამ გადასახედიდან, ბიუროკრატიული კერძო ინტერესი უთუოდ გულისხმობს “გაზვიადებულ” ხელისუფლებას და სახელმწიფო ჩარევასაც ამართლებს, რადგან სწორედ ასე უზრუნველყოფს იგი თავად ბიუროკრატიის რიგების გაფართოებას, დასააქმების ზრდას ამ სფეროში, ხელფასების, მატებას, სახელისუფლებო პროგრამების გატანას და საერთოდ, საჯარო მოხელეების მნიშვნელობის ხაზგასმას. საკუთარ თავზე მზრუნველი ბიუროკრატის ამგვარი ტიპი აშკარად ვერ თავსდება იმ პლურალისტურ წარმოდგენებში, რომელთა თანახმადაც სახელმწიფო მანქანა საზოგადოების სამსახურისა და მკაცრი პოლიტიკური კონტროლის პრინციპებზე იგება.
პატრიარქალური სახელმწიფო
დღესდღეისობით, პატრიარქალურ სახელმწიფოზე საუბრისას, ფემინისტური თეორიის მოსაზრებებს ვერანაირად ვერ გავექცევით თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს სახელმწიფოს თაობაზე რაიმე გამოკვეთილი, მაინცდამაინც ფემინისტური ხასიათის მწყობრი სისტემა არსებობდეს. მესამე თავში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ფემინისტური თეორია ტრადიციებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრს მოიცავს და ამდენად, სახელმწიფო ძალაუფლებისადმი რამდენადმე განსხვავებული მიდგომითაც გამოირჩევა. მეტიც, როგორც წესი, ფემინისტები სახელმწიფო ძალაუფლების არსს არც კი მიიჩნევენ უმთავრეს პოლიტიკურ საკითხად და უფრო სხვადასხვა ინსიტუტებში – ოჯახი იქნება ეს თუ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა – ჭარბად დაგროვილი მამაკაცური ძალაუფლების უფრო ღრმა ფესვების კვლევით არიან დაკავებულნი. მართალია, ზოგიერთი ეჭვის თვალის უყურებს სახელმწიფოს რაობის საყოველთაოდ მიღებულ განსაზღვრებებს და იმას ამტკიცებს, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი ძალადობის განხორციელება ოჯახსა თუ ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებში გამეფებული ჩვეულებრივი ძალადობისა და უთანაბრობის მახინჯი ანარეკლი იყოს. და მაინც, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიედაც, ფემინისტებმა საკმაოდ გამოაცოცხლეს კამათი სახელმწიფოს რაობასთან დაკავშირებით და სახელმწიფო ძალაუფლების ახლებური ხედვაც შემოგვთავაზეს.
იმ ლიბერალმა ფემინისტებმა, რომელთა აზრითაც, სქესობრივი ანუ გენდერული თანასწორობა შესაძლოა გამათანაბრებელი რეფორმების გზით დამყარდეს, თანდათანობით სახელმწიფოს არსებითად პლურალისტური გაგებისაკენ წაიწიეს; ბოლოს კი სულაც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუკი ქალებს ჩამორთმეული აქვთ საკანონმდებლო და პოლიტიკური, განსაკუთრებით – საარჩევნო უფლებები, სახელმწიფო უთუოდ გადაიხრება მამრობითი პრიმატისაკენ. თუმცა, სახელმწიფოს მიუკერძოებლობისადმი მათი უპირობო რწმენა იმითაა გამოხატული, რომ ნებისმიერი მსგავსი მახინჯი გადახრის რეფორმებით გამოსწორებისა სჯერათ. ამ თვალსაზრისით, ლიბერალ-ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს (ქალების ჩათვლით) თანაბრად მიუწვდება ხელი სახელმწიფო ძალაუფლებაზე და ეს ძალაუფლებაც სამართლიანობასა და საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრებას ემსახურება. ამდენად, ლიბერალ-ფემინისტები, როგორც წესი, სახელმწიფოს დადებით ფენომენად აღიქვამდნენ და მისი მხრიდან ჩარევასაც გენდერული უთანაბრობის მოგვარებისა და ქალთა როლის გაზრდის საშუალებად მოიაზრებდნენ. ამის გამოხატულებაა სწორედ ის არაერთი კამპანია – ხელფასის გათანაბრების, აბორტის დაშვების, მშობლების მხრიდან შვილებზე ერთნაირად ზრუნვის, სოციალური შეღავათებისა თუ სხვა რამ მოთხოვნებით. თუმცა, რადიკალი ფემინისტები უფრო კრიტიკულად და ზოგჯერ უარყოფითადაც კი აფასებენ სახელმწიფოს ფუნქციას და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ძალაუფლება – პატრიარქალური ყოფისთვის დამახასიათებელი, ღრმა ფესვების მქონე ჩაგვრის გამოვლინებააო.
სახელმწიფო ძალაუფლების შეფასებისას, რადიკალური ფემინიზმი დიდ მსგავსებას ავლენს მარქსიზმთან. ასე მაგალითად, სახელმწიფოს არც ერთი არ მიიჩნევს საკუთარი ინტერესების მქონე ავტონომიურ ერთობად. სახელმწიფო და მისთვის დამახასიათებელი გადახრები, მათთვის ზოგადად საზოგადოებაში ძალაუფლების “ღრმა” სტრუქტურის გამოვლინებაა. მაშინ როდესაც მარქსიზმი სახელმწიფოს ეკონომიკურ კონტექსტში აღიქვამს, რადიკალური ფემინიზმისთვის მთავარი გენდერული უთანასწორობის კონტექსტია და სახელმწიფო, არსებითად, მამრთა ძალაუფლების ინსტიტუტს წარმოადგენს. საერთო კი ისა აქვთ, რომ ფემინისტურ მოძღვრებაშიც გამოიკვეთა ინსტრუმენტალისტური და სტრუქტურალისტური მიმდინარეობები. ინსტრუმენტალისტთა ხედვით, სახელმწიფო მხოლოდ საშუალება ან იარაღია, რასაც მამაკაცები საკუთარი ინტერესების დასაცავად და პატრიარქალური ყოფნის შესანარჩუნებლად იყენებენ. მსგავსი მოსაზრება ფემინისტთა უმთავრესი რწმენის გამოვლინებაა, რომლის თანახმადაც პატრიარქალურობას ცხოვრების საჯარო და კერძო სფეროებად საზოგადოების მკვეთრი დაყოფა ახანგრძლივებს. ქალთა დაჩაგრული მდგომარეობა, ტრადიციულად, გამოწვეული იყო მათი მიჯაჭვით კერძო, საოჯახო სფეროსადმი, ისინი მხოლოდ დედებად და დიასახლისებად რჩებოდნენ და საჯარო საქმიანობაზე – პოლიტიკა იქნებოდა ეს თუ ეკონომიკა – ხელი არ მიუწვდებოდათ. მარტივად თუ ვიტყვით, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მამაკაცები მართავენ და ისიც სათავისოდ.
მაშინ როდესაც ინსტრუმენტალისტები ყურადღებას სახელმწიფო აპარატის ჩინოსნებზე, იგივე ელიტაზე ამახვილებენ, ხოლო სტრუქტურალისტები უმთავრესად იმას მიიჩნევენ, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები რა დონითაა ჩართული უფრო ფართო პატრიარქალურ სისტემაში დღევანდელი რადიკალი ფემინისტები განსაკუთრებულ ყურადღებას საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გაჩენას უთმობენ და რაც არ უნდა უცნაური გეჩვენოთ, მასში ისევ ახალი ტიპის პატრიარქალური ძალაუფლების გამოვლინებას ხედავენ. მათი აზრით, საყოველთაო კეთილდღეობა შესაძლოა კვლავ პატრიარქალურობის გამოვლინებად იქცეს, თუკი ოჯახზე მიბმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოკიდებულება შეცვლის: მაშინ ქალები, უბრალოდ, სამუშაო ძალის რეზერვისტები გახდებიან.
სახელმწიფოს როლი
სახელმწიფო ძალაუფლების განსხვავებული გაგება მისსავე როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მცდელობიდან მომდინარეობს: რა უნდა აკეთოს სახელმწიფომ, რა ფუნქცია-ამოცანები უნდა შეასრულოს და რა მიანდოს კერძო პირთ? ანარქისტების გარდა, რომელნიც სახელმწიფოს იმთავითვე ბოროტ და უსარგებლო წარმონაქმნად სახავდნენ, ყველა სხვა პოლიტიკური ხედვა მას უცილობლად მიიჩნევს. თვით რევოლუციონერი სოციალისტებიც კი, სახელმწიფოს ნგრევის ლენინური ლოზუნგით შთაგონებულნი, კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლისას დროებითი პროლეტარული სახელმწიფოს არსებობის საჭიროებას მაინც აღიარებენ. სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმათა შორისაა:
- მინიმალისტური სახელმწიფო
- პროგრესირებადი სახელმწიფო
- სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო
- “კოლექტივიზირებული” სახელმწიფო
- ტოტალიტარული სახელმწიფო
მინიმალისტური სახელმწიფო
მინიმალური სახელმწიფო კლასიკური ლიბერალიზმის იდეალია, რამდენადაც სწორედ მის მიზანს – პიროვნების მაქსიმალური თავისუფლების მიღწევას უწყობს ხელს. ეს თვალსაზრისი სოციალური კონტრაქტის თეორიიდან მომდინარეობს და სახელმწიფოს უმთავრეს ღირსებად ადამიანთა იმგვარად მოთოკვას მიიჩნევს, რომ ერთი პიროვნების უფლებებმა სხვათა თავისუფლებებს არ შეუქმნას საფრთხე. სახელმწიფო, უბრალოდ, დამცავი მექანიზმია – მას მშვიდობისა და სოციალური წესრიგის იმ საზღვრების დადგენა ევალება, რომელშიც მოქალაქეები თავიანთთვის საუკეთესოდ მოიწყობენ ცხოვრებას. ლოკის ცნობილი გამონათქვამი რომ მოვიშველიო, “სახელმწიფო ღამის გუშაგია, რომლის დახმარებაც მხოლოდ საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში ხდება საჭირო”. მინიმალისტურ, თუ გნებავთ, გუშაგსახელმწიფოს, სამი უმთავრესი დანიშნულება აქვს: პირველი და უმთავრესი, იგი საშინაო წესრიგის უზრუნველსაყოფად არსებობს, მეორე – ზრუნავს ცალკეულ მოქალაქეთა შორის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე და მესამე – საგარეო თავდასხმისაგან იცავს ქვეყანას. აქედან გამომდინარე მინიმალისტური სახელმწიფოს ინსტიტუციონალური აპარატი პოლიციამდე, სასამართლო სისტემამდე და ამა თუ იმ სახის შეიარღებულ ძალებამდე დაიყვანება. ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ზნეობრივი და სხვა პასუხისმგებლობები პიროვნების საქმეა და შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების საზრუნავი.
დღესდღეისობით მინიმალისტური სახელმწიფოს იდეა ახალმა მემარჯვენეებმა აიტაცეს: ძირითადად თავისუფალი ბაზრის, ანუ კლასიკური ეკონომიკური თეორიების საფუძველზე, მათ სახელმწიფოს “საზღვრების შეკვეცა” დაისახეს მიზნად. რობერტ ნოზიკის გამოკვლევებში ეს ლოკისეული ლიბერალიზმის გადამღერებაა და პიროვნების უფლებათა – განსაკუთრებით კი საკუთრების – დაცვას ანიჭებს უპირატესობას. თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტი ეკონომისტებიც, როგორიც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმენი არიან, სახელმწიფო ჩარევას იმ “რკინის ხელად” თვლიან, რაც კონკურენციას, წარმოების ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას ზღუდავს. ახალი მემარჯვენეების თვალსაზრისით, სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში მხოლოდ ორ ფუნქციამდე დაიყვანება: გარკვეული პარამეტრებში შეინარჩუნოს საბრუნავი ფულის მასა (დაბალი ან ნულოვანი ინფლაცია) და ანტიმონოპოლიური კანონების ამოქმედებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი.
პროგრესირებადი სახელმწიფო
თუკი მინიმალისტური სახელმწიფოს საუკეთესო ისტორიულ მაგალითებად XIX საუკ. ბოლოს, ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეგვიძლია მივიჩნიოთ, იაპონიაცა და გერმანიაც იმთავითვე პროგრესირებად სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, დაჩქარებული პროგრესის გზას დაადგნენ და სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევას საწარმოო ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზნებით ამართლებდნენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს ბაზრის ჩანაცვლებას დაგეგმვისა და კონტროლის სოციალისტური სისტემით, ლაპარაკია პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მცდელობაზე სახელმწიფოსა და უმთავრეს ეკონომიკურ ინტერეს-ჯგუფთა შორის, რასაც ხშირ შემთხვევაში, კონსერვატული და ეროვნული პრიორიტეტები ედო საფუძვლად.
ამგვარი პროგრესირებადი სახელმწიფოს კლასიკური მაგალითი იაპონიაა. 1868-1912 წლებში, მეიძის პერიოდში, იაპონიის სახელმწიფომ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ძაიბუცუსთან – უდიდეს საოჯახო ბიზნეს იმპერიებთან, რომლებსაც მთელი იაპონური ეკონომიკა ეჭირათ ხელში ლამის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე. 1945 წლიდან, იაპონიის სახელმწიფოს პროგრესირებადი როლის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ როგორც ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო, ასევე იაპონიის ბანკი, და მათ ერთობლივად შეიმუშავეს კერძო ინვესტიციების პროგრამა – მიზნად დაისახეს მთელი ეკონომიკა საერთაშორისო თვალსაზრისით კონკურენტუნარიანად ექციათ. პროგრესირებადი ჩარევის მსგავსი მოდელი მუშაობდა საფრანგეთშიც, სადაც მემარცხენე თუ მემარჯვენე მთავრობები, ერთნაირად აღიარებდნენ ეკონომიკური დაგეგმვის აუცილებლობას, სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი კი საკუთარ თავს ეროვნული ინტერესების დამცველად მიიჩნევდა. ავსტრიაში და, გარკვეული თვალსაზრისით, გერმანიაშიც – ეკონომიკურ პროგრესს ე.წ. “პატრნიორული სახელმწიფოს” შექმნის შედეგად მიაღწიეს: მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა ერთის მხრივ სახელმწიფოს, მეორეს მხრივ კი, უმთავრეს ეკონომიკურ ინტერეს-ჯგუფებს შორის. უკვე ახლახანს, ეკონომიკურმა გლობალიზაციამ “კონკურენტული სახელმწიფოების” გაჩენას შეუწყო ხელი, რის თვალნათელ მაგალითად აღმოსავლეთ აზიის ხუთი ვეფხვის ეკონომიკა გამოდგება: ტრანსნაციონალური კონკურენციის გაძლიერების პირობებში, ამ ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს ეროვნული კეთილდღეობის სტრატეგიათა შემუშავება და განხორციელებაც.
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო
თუკი პროგრესირებადი სახელმწიფოები ეკონომიკაში ჩარევას პროგრესის უზრუნველყოფის გამო არ ერიდებიან, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები ამ პრაქტიკას უფრო სხვა გამართლებას უძებნიან და როგორც წესი, პატიოსნების, თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად, საზოგადოების საფუძვლიან სახეცვლილებაზე საუბრობენ ხოლმე. ასე მაგალითად, ავსტრიასა და შვედეთში სახელმწიფო ჩარევა როგორც პროგრესირებადი, ისე სოციალ-დემოკრატიული პრიორიტეტების კარნახით ხდებოდა; ოღონდ ეგაა, პროგრესირებადი ტენდენციები და სოციალ-დემოკრატია ყოველთვის ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მარკანის (1988) თქმით, II მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ბრიტანეთმა გარკვეული სოციალ-დემოკრატიული სიმპათიები კი გამოავლინა, მაგრამ პროგრესირებადი სახელმწიფოს მოდელი მისთვის ტრადიციულად მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოს ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს: მისთვის ზოგადად სახელმწიფოს ცნება აუცილებელ ბოროტებას აღარ წარმოადგენს და გარკვეულ დადებით ელფერსაც კი იძენს, რამდენადაც თავისუფლების ხარისხის ზრდისა და სამართლიანობის დაცვის იარაღად განიხილება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამგვარი სახელმწიფოა როგორც თანამედროვე ლიბერალების, ასევე სოციალ-დემოკრატების იდეალი.
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო არამარტო ზოგადი წესრიგის პირობებს ქმნის, არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საბაზრო ეკონომიკის უთანასწორობისა და უსამართლობის შესარბილებლად. მისთვის მთავარი არა იმდენად დოვლათის დაგროვებაა, რამდენადაც ამ დოვლათის თანაბრად და სამართლიანად გადანაწილება. პრაქტიკულად, ეს სიღარიბის მოსპობისა და სოციალური უთანაბრობის შემცირების მცდელობამდე დაიყვანება. სწორედ ამიტომ, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს ორი უმთავრესი მახასიათებელი ქენზიანიზმი და სოციალური კეთლდღეობაა. თუ გახსოვთ, ქენზიანიზმის ეკონომიკური პოლიტიკა კაპიტალიზმის “მართვას” გულისხმობს და საბოლოო მიზნად ეკონომიკურ წინსვლასა და სრულ დასაქმებას ისახავს. ამგვარი პოლიტიკა იქნებ დაგეგმვის ელემენტებსაც შეიცავდეს, თუმცა კლასიკური ქენზიანიზმის სტრატეგია მაინც უფრო “მოთხოვნის” რეგულირებას გულისხმობს – ფისკალური პოლიტიკის, ანუ – საზოგადოებრივი ხარჯებისა და დაბეგვრის დონეების მოწესრიგების ხარჯზე. საზოგადოებრივი კეთილდღეობის პოლიტიკის გატარებამ ე.წ. კეთილდღეობის საზოგადოების გაჩენას შეუწყო ხელი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო თავისი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის ტვირთი. ამ თვალსაზრისით, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო “ხელისშემწყობია”, და პიროვნების ღირსეული არსებობის პრინციპს მიიჩნევს უმთავრესად.
კოლექტივიზირებული სახელმწიფო
თუ პროგრესირებადი და სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ძირითადად კერძო ეკონომიკის დასაცავად ერევიან, კოლექტივიზირებული სახელმწიფოები ეკონომიკას მთლიანად საკუთარ გავლენას უქვემდებარებენ. ამის საუკეთესო მაგალითები საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის გასაბჭოებული ქვეყნებია: მათ ბოლო მოუღეს კერძო მეწარმეობას და დარგობრივი სამინისტროებისა და საგეგმო კომიტეტების დიდი ქსელის მიერ მართული ეკონომიკის ცენტრალიზებული სისტემა შექმნეს. ეს გახლდათ ე.წ. “მბრძანებლური ეკონომიკა”, რომელიც “ზემოდან” იგეგმებოდა და კომუნისტური პარტიის უმაღლესი ეშელონების მხრიდან კონტროლდებოდა. სახელმწიფოს კოლექტივიზაციას საფუძველს უმაგრებდა სოციალიზმის ფუნდამენტური პრინციპი – კერძო საკუთრებასთან შედარებით, საერთო საკუთრების უპირატესობის თაობაზე.
თავის დროზე, ცხადია, ნაციონალიზაციას არც მარქსი და ენგელსი გამორიცხავდნენ: ენგელსი, მაგალითად, ამტიკეცბდა, რომ “პროლეტარიატის დიქტატურის” დამყარებისთანავე, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები და მთელი ტრანსპორტი სახელმწიფო მეთვალყურეობას უნდა დაქვემდებარებოდა; თუმცა, პროლეტარული სახელმწიფო მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნებოდა და კლასობრივი დაპირისპირების მოსპობასთან ერთად, ისიც შეწყვეტდა არსებობას. რეალობაში, საქმეა სხვანაირად დატრიალდა და საბჭოური კოლექტივიზირებული სახელმწიფოც საკმაოდ გამძლე, ძლიერ ბიუროკრატიულ მონსტრად ჩამოყალიბდა. სტალინის მმართველობისას სოციალიზმი ფაქტიურად სტეიტიზმთან (სახელმწიფოებრიობასთან) გაიგივდა და ამ წყობის მთელი “ავ-კარგი” უბრალოდ სახელმწიფო აპარატის შეუზღუდავი უფლებებისა და ძალის დემონსტრირებაში გამოვლინდა: 1962 წელს, ხრუშჩოვის მიერ პროლეტარიატის დიქტატურის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო, ფორმალურად, “მთელი საბჭოთა ხალხის” ინტერესების გამომხატველად იქცა.
ტოტალიტარული სახელმწიფო
ჩარევა, თავისი უკიდურესი ფორმითა და დოზებით, ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ახასიათებთ. ტოტალიტარიზმის არსი იმგვარი ყოვლისმომცველი სახელმწიფოს შექმნაა, რომლის გავლენაც ადამიანის არსებობის ნებისმიერ სფეროზე აისახება. სახელმწიფო თავის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ აქცევს არა მარტო ეკონომიკას, არამედ განათლებას, კულტურას, რელიგიას, ოჯახურ ყოფასა და ა.შ. ისტორიულად ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ჰიტლერის გერმანია და სტალინის სსრკ. თუმცა, მსგავსი რამ სადამ ჰუსეინის ერაყსაც ახასიათებდა. ასეთი რეჟიმის მთავარი საყრდენი მუდმივი ძალადობისა და დაშინების პოლიტიკაა, იდეოლოგიური მანიპულირების მკაცრი სისტემა და ერთიანი კონტროლი. მსგავსი ტიპის სახელმწიფოები არ ცნობენ სამოქალაქო საზოგადოებას და “კერძო” სფეროსაც უკიდურესად ზღუდავენ. თუმცა, ამაზე ხმამაღლა მხოლოდ ფაშისტები ლაპარაკობდნენ, პიროვნული მეობის საზოგადოებრივ მთლიანობაში გათქვეფას რომ ისახავდნენ მიზნად. ზოგჯერ იმასაც ამტკიცებენ, თითქოს ტოტალიტარული სახელმწიფოს ცნება ჯერ კიდევ ჰეგელიდან მომდინარეობს, ვისაც სახელმწიფო იმ “ეთიკურ ერთობად” მიაჩნდა, სადაც საყოველთაო ალტრუიზმი და ურთიერთთანაგრძნობა დაისადგურებდა. ტოტალიტარიზმის თვალსაზრისით, გამოდის რომ ცივილიზაციის განვითარება სახელმწიფოს ძლიერების შეუზღუდავ ზრდასა და მისი პასუხიმგებლობების გაფართოებას უკავშირდება.
სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის ეპოქაში
სახელმწიფო და გლობალიზაცია
გლობალიზაციის მოძალებამ უფრო გააცხოველა კამათი სახელმწიფოს ძალაუფლებასა და მნიშვნელობაზე გლობალიზებულ სამყაროში. გამოიკვეთა სამი განსხვავებული პოზიცია: ზოგიერთმა თეორეტიკოსმა თამამად განაცხადა, რომ გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს, როგორც ანგარიშგასაწევი მოთამაშის როლი, უცილობლად დაკნინდება: ძალაუფლება სახელმწიფოდან გლობალურ ბაზრებზე და ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე გადაინაცვლებს. ამ თვალსაზრისის ყველაზე თავგამოდებული დამცველები, ე.წ. “ჰიპერგლობალისტები” აცხადებენ – სახელმწიფო ისე “გამოიფიტა”, სინამდვილეში ცარიელ სახელადღა დარჩაო. თუმცა, სხვები არ იზიარებენ იმ აზრს, თითქოს გლობალიზაციამ არსებითად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა – დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მათი აზრით, დღესაც მთავარი მოქმედი პირები არიან საკუთარ საზღვრებში და ამდენად, მსოფლიო არენაზეც ჯერ კიდევ წამყვან როლს ასრულებენ. ამ კუთხით, გლობალიზაცია და სახელმწიფო არც ერთმანეთისაგან გამიჯნული, და მით უმეტეს, არც დაპირისპირებული ძალები არ არიან: პირიქით, საკითხავი ისაა, გლობალიზაციის პროცესს რამდენად შეუწყო ხელი თავად სახელმწიფოს არსებობამ და რამდენად ითვალისწინებს ეს პირველი – მეორის ინტერესებს. ამ ორი შეხედულების გარდა, არსებობს მესამეც, რომლის თანახმადაც გლობალიზაციამ ხარისხობრივად შეცვალა სახელმწიფოს როლიცა და ახალი მნიშვნელობაც, გარკეულად აისახა დამოუკიდებლობის არსზეც, მაგრამ ყოველივე ამან მხოლოდ სახელმწიფოს სახეცვლილება გამოიწვია და არა მისი ძალაუფლების კლება თუ ზრდა.
თუმცა, როცა საუბარია სახელმწიფოს ძალაუფლებისა თუ არსის ცვლილებაზე, ძირითადად ეკონომიკური გლობალიზაციის გავლენას გულისხმობენ ხოლმე და ამ გავლენის მთავარი მახასიათებელი “ზეტერიტორიალურობის” ცნების გაჩენაა. ესაა პროცესი, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა სულ უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს “უსაზღვრებო” მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით ფინანსურ ბაზართან მიმართებაშია თვალსაჩინო: იგი პრაქტიკულად სრულიად გლობალიზებულია იმ თვალსაზრისით, რომ კაპიტალი აშკარად და დაუბრკოლებლად მიედინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და არც ერთი სახელმწიფო აღარაა დაცული სამყაროს ნებისმიერ ადგილას შექმნილი სერიოზული ფინანსური კრიზისის შედეგებისაგან. ასევე აშკარაა გავლენის გადანაცვლება ტერიტორიული სახელმწიფოებიდან “დეტერიტორიალიზებული”, ტრანსნაციონალური კორპორაციების სასარგებლოდ. სწორედ ამ კორპორაციებს შეუძლია ინვესტიციებისა და პროდუქციის მსოფლიოს სხვა კუთხეში გადატანა, თუკი სახელმწიფო პოლიტიკა ხელს არ უწყობს მათი მოგების ზრდას და ზოგადად, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეტიც, გლობალიზაცია შეიძლება რეგიონალიზაციის ტენდენციასაც დავუკავშიროთ, რაც აისახა კიდეც იმგვარი რეგიონალური სავაჭრო ბლოკების მნიშვნელობის ზრდით, როგორებიცაა ევროკავშირი და ჩრდილო-ამერიკული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (NAFTA).
როცა საზღვრები პირობითი ხდება და ძველი გეოგრაფიული მოცემულობებიც იცვლება, სახელმწიფოს დამოუკიდებლობაც, ტრადიციული გაგებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომაცაა, რომ XXI საუკუნეში, მმართველობამ მკვეთრად “დამოუკიდებლობის შემდგომი” ხასიათი შეიძინა. ძალზე ძნელია ერთმანეთს შევუთანხმოთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და გლობალიზებული ეკონომიკა. ეკონომიკური ცხოვრების დამოუკიდებლად კონტროლი მხოლოდ შეზღუდული ეროვნული ეკონომიკების პირობებში ხერხდებოდა, ერთი მთლიანი, გლობალიზებული ეკონომიკის არსებობა კი თავისთავად უკარგავს აზრს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. და მაინც, უსაზღვრებო, გლობალურ ეკონომიკაზე ლაპარაკმა მეტისმეტად არ უნდა გაგვიტაცოს: სხვა თუ არაფერი, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს საბაზრო ეკონომიკის წარმატებულობას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში (ფუკუიამა, 2005). მართალია, თუკი დამოუკიდებლად მოთამათე სახელმწიფოებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ ტრანსნაციონალური ეკონომიკის გასაკონტროლებლად, გაერთიანების შემთხვევაში, ისინი ამას წარმატებით ახერხებენ, რისი მაგალითებიცაა “დიდი შვიდიანისა” თუ “დიდი რვიანის”, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებობა.
სახელმწიფო ძალაუფლებასა და მნიშვნელობაზე ასევე პოლიტიკური გლობალიზაციის პროცესმაც იმოქმედა, თუმცა მისი გავლენა საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივიც კი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, ნატო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, შეასუსტა სახელმწიფოთა უნარი, თვითმმართველ პოლიტიკურ ერთეულებად ემოქმედათ. ხომ აშკარაა, რომ ევროკავშირის წევრობა ასუსტებს სახელმწიფო ძალაუფლებას, რადგან სულ უფრო და უფრო მეტ გადაწყვეტილებას (სავალუტო პოლიტიკა იქნება ეს, სასოფლო-სამეურნეო, თავდაცვითი თუ საგარეო), სწორედ ზოგადევროპული ინსტიტუტები იღებენ და არა ცალკეული წევრი ქვეყნების მთავრობები. ყოველივე ამის შედეგია მრავალსაფეხურიანი მმართველობის ფენომენის გაჩენაც. ჩვენში დარჩეს და, “წმინდად” ეროვნული მმართველობა ყოველთვის მითი იყო (სორენსენი, 2004), და ახლა მით უმეტეს. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია თავის მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო დავებს განიხილავს და აგვარებს; მეორეს მხრივ, პოლიტიკური გლობალიზაცია არა მარტო ზღუდავს სახელმწიფოს როლს, ახალ-ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ასე მაგალითად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭო – ყველაზე გავნლენიანი პოლიტიკური ორგანიზმი – უპირატესად წევრი ქვეყნების მიერაა შექმნილი და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს ტრიბუნას სთავაზობს გადაწყვეტილებათა ზეეროვნულ დონეზე მისაღებად. მათ საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლობის უფრო მაღალ დონეზე გავიდნენ: ევროკავშირით უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე მონაწილე სახელმწიფოთა დამოუკიდებლობების ჯამი.
სახელმწიფოს სახეცვლილება
სახელმწიფო – ისტორიული ინსტიტუტია: მისი წარმოშობა პასუხი იყო XVI საუკ. ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე და მას შემდეგ იგი მუდამ ირეკლავს და პასუხობს ცვალებად რეალობას. XIX საუკუნეში, ეროვნული სახელმწიფოების შექმნის შემდეგ, მთელი XX საუკ. განმავლობაში, განსაკუთრებით კი II მსოფლიო ომის შემდგომ, სახელმწიფო სულ უფრო და უფრო მეტ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობას კისრულობდა, რამაც სოციალ-დემოკრატიული, ანუ კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელებამდე მიგვიყვანა კიდეც. თუმცა, XX სუაკ. 80-იან წლებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში და მეტ-ნაკლები სისწრაფით დაიწყო ზოგადად სახელმწიფოს როლის დაკნინება, რაც ჩაურევლობის პოლიტიკას, პრივატიზაციასა და ყველა სფეროში საბაზრო რეფორმების დანერგვას მოყვა შედეგად. მართალია, ამგვარ ტენდენციებს იდეოლოგიური მოსაზრებებიც უმაგრებდა ზურგს (ახალი მემარჯვენეობა) მათ სხვა, უფრო ძლიერი ძალებიც ერთვოდა: გლობალური კონკურენციით გამოწვეული წნეხი და უფრო ეფექტური საშუალებების გამონახვის აუცილებლობა საჯარო პოლიტიკისა თუ მომსახურების სფეროში. ბევრისათვის ეს მმართველობის “მართვით” (იხ. გვ. 6) შეცვლას მოასწავებდა. რამდენადაც საზოგადოება უფრო რთული და დინამიური გახდა, დრომ მართვის ახალი მეთოდების აუცილებლობაც მოიტანა: ყურადღება მიექცა არა იმდენად სახელმწიფოს იერარქიულ ინსტიტუტებს, არამედ ინფორმაციულ ქსელებსა და თავისუფალ ბაზარს, და ამდენად, თანდათანობით წაიშალა დაყოფა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის.
ზოგიერთის აზრით, ამ მოვლენებმა ახალი – კონკურეტული, საბაზრო, ასე ვთქვათ, პოსტ-მეოდერნული ტიპის სახელმწიფოს შექმნას შეუწყო ხელი. ფილიპ ბობიტი იმდენად შორსაც კი წავიდა, განაცხადა – ეროვნული სახელმწიფოდან საბაზროზე გადასვლით მსოფლიო პოლიტიკა ძირფესვიანად შეიცვალა და ლიბერალიზმს, ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის ამ “უსასრულო ომსაც” წერტილი დაესვაო. საბაზრო სახელმწიფოს ძირითადი ნიშანი ეკონომიკის ვერტიკალურ მართვაზე უარის თქმაა: წაშლილი საზღვრების პირობებში, ბაზარი ეკონომიკური ორგანიზების ერთადერთ საიმედო პრინციპად გვევლინება. საბაზრო სახელმწიფოს განსაკუთრებული ფორმა ე.წ. “აზიური ვეფხვების” ეკონომიკაში გამოვლინდა და მას კონკურენტული სახელმწიფოს სახელით იხსენიებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში, უპირატესი მნიშვნელობა განათლებასა და პროფესიონალიზმს ენიჭება, რაც წარმატების მთავარი გარანტია ახალი, უკვე ტექნოლოგიებზე და არა ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკებისათვის.
სამხრეთ კორეის, ტაივანის, და – სიღატაკის და უწიგნურობის დღემდე მაღალი დონის მიუხედავად – ინდოეთის მაგალითზე, განვითარებადი სამყაროს სახელმწიფოებმა სწრაფად აიტაცეს ეკონომიკური მოდერნიზაციის სტრატეგია. თუმცა, ბევრი სხვა ქვეყანა ჯერაც “სუსტ”, “კვაზი”, “ვერშემდგარ” სახელმწიფოებად იწოდება. ეს განსაკუთრებით იმგვარ აფრიკულ ქვეყნებზე ითქმის, როგორებიცაა სომალი, სიერა-ლეონე, ლიბერია და კონგო. მათ სისუსტეს ერთი მიზეზი აქვს: ვერ მოხერხდა სახელმწიფო ძალაუფლების მთავარი გამოცდის ჩაბარება – ადამიანის უსაფრთხოებისა და ქვეყნისშიდა წესრიგის უზრუნველყოფა. ეს კი, თავის მხრივ, კოლონიალიზმის შემდგომი ფორმალური პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში, ძალაუფლების პოლიტიკურად, სოციალურად, და ეკონომიკურად უმწიფარი ინსტიტუციებისათვის გადაცემამ გამოიწვია. მსგავსი ტიპის ქვეყნებს რობერტ კუბერმა “თანამედროვეობამდელი” სახელმწიფოები უწოდა, რადგან იქ ხსენებული სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახერხებენ “ძალის გამოყენებაზე კანონიერი მონოპოლიის დამყარებას” და თოფოსნების თარეშსა და ზოგადად კრიმინოგენურ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან – საზოგადოების გამთლიანებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
შეჯამება
- სახელმწიფო – პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც დამოუკიდებელ იურისდიქციას ახორციელებს გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში. მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – ხელისუფლებისაგან განსხვავებით – სახელმწიფო ყველა საჯარო ინსტიტუტს აერთიანებს და განუპიროვნებულ ძალაუფლებას ფლობს – როგორც საზოგადოების ინტერესების მუდმივი გამომხატველი და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფისა.
- არსებობს სახელმწიფოს რაობის რამდენიმე განსხვავებული თეორია: პლურალისტები მას საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფთა ინტერესების მიუკერძოებელ არბიტრად მიიჩნევენ; მარქსისტების მტკიცებით, სახელმწიფო კლასობრივ სისტემას ამყარებს ჩაგრულთა დაბეჩავების, ან უკეთეს შემთხვევაში, კლასობრივი კონფლიქტის შერბილების გზით; ახალი მემარჯვენეობისთვის სახელმწიფო “თვითმკმარი ურჩხულია”, რომელსაც მხოლოდ მოხვეჭა და გამდიდრება აინტერესებს; რადიკალი ფემინისტები კი იმ პატრიარქალურ ცრურწმენებზე მიუთითებენ, რაც მამაკაცთა ძალაუფლებას აძლიერებს სახელმწიფოში.
- სახელმწიფოს იდეის მომხრეები მასში ან პიროვნების თანამოქალაქეებისაგან დაცვის იარაღს ხედავენ, ან იმ მექანიზმს, რომელმაც კოლექტიური ქმედებების ორგანიზება უნდა მოახერხოს. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ – სახელმწიფო, უბრალოდ, გაბატონებული სოციალური ჯგუფების ინტერესებს ემსახურებაო.
- სახელმწიფოები მუდამ განსხვავებულ როლს ასრულებდნენ: მინიმალისტური სახელმწიფოები მხოლოდ წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნავდნენ, პროგრესირებადი სახელმწიფოები დოვლათის შექმნასა და ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას ესწრაფვოდნენ; სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები უთანასწორობის მოსპობასა და საბაზრო ეკონომიკის უსამართლობის აღმოფხვრას ისახავდნენ მიზნად; კოლექტივიზირებული სახელმწიფოები საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ქვეყნის მთელ ეკონომიკას; ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ყოვლისმომცველი პოლიტიზირება ახასიათებთ და ფაქტიურად, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვას ესწრაფვიან.
- თანამედროვე სახელმწიფოები დიდ გავლენას განიცდიან ეკონომიკური და პოლიტიკური გლობალიზაციის მხრივ, თუმცა დღემდე საკამათოა, ამის გამო რამდენად თვით სახელმწიფო ძალაუფლება. ახლად შექმნილი საბაზრო სახელმწიფოები ნაკლებად იწუხებენ თავს “ეკონომიკურ საკითხებზე” ფიქრით და მაქსიმალურად ცდილობენ, ინიციატივის გამოჩენის მეტი შესაძლებლობები მისცენ მოქალაქეებს. თუმცა, დღემდე ცალკე პრობლემად რჩება ყოფილი კოლონიური ქვეყნები, რომლებიც სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას ვერაფრით ახერხებენ – იქ გამეფებული მუდმივი არეულობის გამო.
შენიშვნები:
- პოლიტიკური ვალდებულება: მოქალაქის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; სახელმწიფო მმართველობის უფლების საფუძველი.
- გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) – გერმანელი ფილოსოფოსი, ითვლება თანამედროვე იდეალიზმის ფუძემდებლად. გამოთქვა მოსაზრება რომ ადამიანის ცნობიერება და მატერიალური საგნები სინამდვილეში ერთი მთლიანობაა. “გონის ფენომენოლოგიაში” (1807) ჰეგელი შეეცადა ჩამოეყალიბებინა მწყობრი რაციონალური სისტემა, რომელიც ტრადიციულ ქრისტიანობას ჩაენაცვლებოდა, ხოლო აბსოლუტური გონების თვითრეალიზაციისკენ მისწრაფებაში, საკაცობრიო ისტორიისა და ფაქტიურად, თავად სამყაროს ახლებურად გადააზრების გზას ხედავდა. მისი თქმით, ისტორია არსებითად, საკაცობრიო გონის სვლაა სასრული წერტილისაკენ. თავის მთავარ პოლიტიკურ ნაშრომში “სამართლის ფილოსოფია” (1821), სახელმწიფოს ის ზნეობრივ იდეალად და ადამიანის თავისუფლების უზენაეს გამოხატულებად წარმოაჩენს. ჰეგელმა უდიდესი გავლენა მოახდინა მარქსსა და ე.წ. “ახალგაზრდა ჰეგელიანელებზე”, ისევე როგორც მოგვიანებით – ე.წ. “ფრანკფურტის სკოლაზე”. მან ასევე განაპირობა როგორც ფაშისტური იდეოლოგიის, ასევე იმგვარ ლიბერალთა მრწამსის ჩამოყალიბება, როგორიც იყო, ვთქვათ, თ. ჰ. გრინი (1836-82).
- “ბუნებრივი მდგომარეობა”: საზოგადოების ყოფაცხოვრება, რომლისთვისაც უცხოა პოლიტიკური ხელისუფლება და პიროვნების შეზღუდვა ნებისმიერი იურიდიული კანონებით. ფაქტიურად, მხოლოდ თეორიული მოცემულობაა.
- ანარქია: სიტყვა-სიტყვით – მმართველობის გარეშე; ცნება “ანარქია” ხშირად გამოიყენება უარყოფით კონტექსტში – დესტაბილიზაციისა და ქაოსის აღსანიშნავად.
- “სოციალური კონტრაქტის” თეორია – ეს თეორია საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში ცალკეულ პიროვნებათა ნებაყოფლობით ურთიერთშეთანხმებას გულისხმობს. ჰობსის, ლოკისა და რუსოს სახელებთან დაკავშირებული “სოციალური კონტრაქტის თეორია” დღესაც აქტუალურია თეორეტიკოსებისათვის, როგორიც ჯონ როულზია; ოღონდაც, მას თითქმის არასოდეს ანიჭებენ განსაკუთრებული ისტორიული მოვლენის მნიშვნელობას – უფრო იმ საზომად მიიჩნევენ ხოლმე, რითაც მმართველობის ამა თუ იმ ფორმის ავკარგიანობა განისაზღვრება. სოციალური კონტრაქტის თეორეტიკოსებისათვის იდეალური იმგვარი საზოგადოებაა, როცა ყოველი ცალკეული პიროვნება ისე ცხოვრობს, თითქოს თავად ჰქონდეს ხელსაყრელი კონტრაქტი დადებული სახელმწიფოსთან. კლასიკური გაგებით, ეს თეორია სამ პირობას უნდა პასუხობდეს:
1. არსებობს რაღაც წარმოსახული, სახელმწიფოს გარეშე საზოგადოება (ე.წ. “ბუნებრივი მდგომარეობა”) სადაც, უსაზღვრო თავისუფლების პირობებში, სიცოცხლე “მოსაწყენი, უაზრო, უსიხარულო დაუნდობელი და ხანმოკლეა” (ჰობსი).
2. შესაბამისად, ხალხი ცდილობს თავი დააღწიოს ბუნებრივ მდგომარეობას და სოციალური კონტრაქტი გააფორმოს – აღიაროს, რომ მხოლოდ უზენაესი ძალაუფლებაა წესრიგისა და სტაბილურობის გარანტი.
3. სოციალური კონტრაქტი მოქალაქეებს ავალდებულებს, პატივი სცენ და დაემორჩილონ სახელმწიფოს – იმ უსაფრთხოების მისაღწევად, რასაც მხოლოდ პოლიტიკური მმართველობის სისტემა უზრუნველყოფს. - ნეოპლურალიზმი: საზოგადოებრივი საკითხების თეორიული ხედვა, რომელშიც პლურალისტური ფასეულობებისადმი ერთგულებაა შენარჩუნებული და კლასიკური პლურალიზმის გადახედვის საჭიროებაც მოიაზრება – ელიტიზმის, მარქსიზმისა თუ ახალი მემარჯვენეობის თეორიათა გათვალისწინებით. ნეოპლურალიზმი შეხედულებათა და პოზიციათა ფართო სპექტრს კი მოიცავს, მაგრამ ძირითადი თემების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: პირველი – ეს თანამედროვე ტენდენციების ახსნის მცდელობაა, ვთქვათ, პოსტინდუსტრიული ან პოსტკაპიტალისტური საზოგადოების წარმოშობის საკითხი; მეორე – იმისდა მიუხედავად, რომ კაპიტალიზმს უდავო უპირატესობა ენიჭება სოციალიზმთან შედარებით, მაინც მოძველებულად მიიჩნევა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის დოქტრინები; და მესამე – დასავლური დემოკრატიები “მახინჯ პოლიარქიებად” განიხილება. სადაც დიდი კორპორაციები წრეგადასული ზეგავლენით სარგებლობენ.
- ბურჟუაზია: მარქსისტული ტერმინი, რომელიც კაპიტალისტური საზოგადოების მმართველ კლასს, წარმოების საშუალებების მფლობელებს აღნიშნავს
- ნეო-მარქსიზმი – ნეო-მარქსიზმი, რომელსაც ხანდახან თანამედროვე მარქსიზმადაც მოიხსენიებენ – მარქსის კლასიკური იდეების გადახედვისა და გადამუშავების მცდელობას, და ამავდროულად, მარქსიზმის იდეებისა და მეთოდოლოგიის გარკვეული ასპექტებისადმი ერთგულებას გულისხმობს. როგორც წესი, ნეომარქსისტები “ჭეშმარიტების” მარქსიზმისეულ მონოპოლიას უარყოფენ და სხვა თეორიებსაც ეტანებიან: ჰეგელიანურ ფილოსოფია, ლიბერალიზმს, ანარქიზმს, ფემინიზმს და გონივრული არჩევანის თეორიასაც კი. თუმცა, აქ ორი ძირითადი თემის გამოყოფაა შესაძლებელი: პირველი – ნეო-მარქსისტები შეეცადნენ კლასიკური მარქსიზმის მექანიცისტური და დეტერმინისტური იდეებისათვის მეოძებნათ შემცვლელი და ეკონომიკის პირველადობისა და პროლეტარიატისათვის უპირატესი როლის მონიჭების დებულებები უარეყოთ; მეორე – შეეცადნენ მარქსის წინასწარმეტყველებების წარუმატებლობა, მის მიერ იდეოლოგიისა და სახელმწიფო ძალაუფლების ანალიზის მცდარობით აეხსნათ.
- პატრიარქატი – სიტყვა-სიტყვით, “მამის მმართველობას”, ანუ ოჯახში ქმრისა თუ მამის ბატონობასა და ცოლისა თუ ბავშვების მისდამი დაქვემდებარებას ნიშნავს. როოგრც წესი, უფრო ზოგადი გაგებით “მამაკაცების ბატონობის” აღსანიშნავად გამოიყენება – მამაკაცების მიერ ქალების ჩაგვრისა და ექსპლუატაციაზე ყურადღების გასამახვილებლად. ამგვარად, ცნება “პატრიარქატი” ზოგადად საზოგადოებრივ სისტემაში მამაკაცთა ძალაუფლებას გულისხმობს. პატრიარქატი რადიკალური ფემინისტური ანალიზის ძირითადი ცნებაა, რადგან მასში სქესთა შორის არსებული უთანასწორობის მუდმივობა, დაკანონება და ყოვლისმომცველობაა ხაზგასმული. სოციალისტ-ფემინისტები კი სქესთა უთანასწორობასა და კერძო საკუთრებას შორის კავშირზე ამახვილებენ ყურადღებას და პატრიარქატსა და კაპიტალიზმს ჩაგვრის ტყუპ სისტემებად განიხილავენ.
- რადიკალური ფემინიზმი: ფემინიზმის ფორმა, რომელიც გენდერულ დაყოფას საზოგადოებრივი უთანაბრობის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფაქტორად მიიჩნევს და მის მიზეზებს ოჯახური ცხოვრების წყობაში ეძიებს.
- სამუშაო ძალის რეზერვისტები: მუშა-მოსამსახურეთა ის კატეგორია, რომელიც პირველ რიგში ხდება შემცირებების მსხვერპლი; ამ ტიპის “რეზერვისტების” შრომითი უფლებები დაუცველია და საბაზრო ეკონომიკის პირობებში მათ არავითარი წონა არ გააჩნიათ.
- უფლებები: ზნეობრივი ან კანონიერი ნორმა, რაც ადამიანის ქცევას ან მის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს; ერთმანეთისაგან განასხვავებენ სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს.
- რობერტ ნოზიკი (1938-2002) – ამერიკელი მეცნიერი და პოლიტიკური მოაზროვნე. მისი მთავარი ნაშრომი – “ანარქია, სახელმწიფო და უტოპია” (1974) პოლიტიკურ ფილოსოფიის სფეროში თანამედროვეობის მნიშვნელოვან მონაპოვრადაა აღიარებული და მან უდიდესი გავლენა მოახდინა ახალი მემარჯვენეობის თეორიებსა და მრწამსზე. ნოზიკმა განავითარა ლოკის იდეებთან მიახლოებული ლიბერტარიანიზმის მოდელი, სადაც ასევე აისახა XIX ს. ამერიკელი ინდივიდუალისტების: სპუნერისა (1808-87) და ტაკერის (1854-1939) გავლენა. იგი საკუთრების უფლებების დამცველად გვევლინება და – თუკი, რა თქმა უნდა, ქონება, სამართლიანი გზით იქნა დაგროვილი ან ნაანდერძევი. ეს პოზიცია მინიმალური მმართველობის და მინიმალური დაბეგვრის აშკარა მხარდაჭერაა – კეთილდღეობისა და გადანაწილების იდეათა საწინააღმდეგოდ. ნოიზიკისეული, უფლებებზე ორიენტირებული სამართლიანობის თეორია, გარკვეულწილად, ჯონ როულზთან კამათის გამოძახილია. მოგვიანებით, მან საგრძნობლად შეარბილა საკუთარი უკიდურესი ლიბერტარიანიზმი.
- “ხუთი ვეფხვის” ეკონომიკა: იაპონურ ყაიდაზე მოჭრილი, სწრაფმზარდი და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკები (ტაივანი, სინგაპური, სამხ. კორეა, ჰონკონგი, მალაიზია…).
- სოციალური სამართლიანობა: მატერიალური ამონაგების ზნეობრივად გამართლებული გადანაწილება. სოციალურ სამართალში, ხშირად თანასწორობის სასარგებლოდ მიკერძოებასაც გულისხმობენ ხოლმე.
- სტეიტიზმი (სახემწიფოებრიობა) – სტეიტიზმი (ფრანგულად “estatisme”) ემყარება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ჩარევა ყველაზე უპრიანი გზაა პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად თუ ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად. სახელმწიფოს, როგორც საყოველთაო კოლექტიური ქმედების ორგანიზებისა და საერთო მიზნების მიღწევის უმთავრეს მექანიზმად აღიარება, მსგავს შეხედულებას კიდევ უფრო ამყარებს. ამგვარად, სახელმწიფო ეთიკურ იდეალად (ჰეგელის მიხედვით), და “საყოველთაო ნების”, ანუ საზოგადოებრივი ინტერესის მსახურად მიიჩნევა. ყველაზე აშკარად სტეიტიზმი იმ სახელმწიფო პოლიტიკაში ვლინდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას არეგულირებს და აკონტროლებს: ეს პოლიტიკა შეიძლება იყოს შერჩევითი ნაციონალიზაციაც და ეკონომიკური მართვაც, როგორც ლიბერალური, ისე ფაშისტური კორპორატიზმიც თუ საბჭოური სტილის სახელმწიფო კოლექტივიზაციაც.
- კოლექტივიზაცია: კერძო საკუთრების გაუქმება საერთო თუ საზოგადოებრივი მფლობელობის სისტემის სასარგებლოდ.
- ზეტერიტორიულობა: ტრადიციული გეოგრაფიის გადააზრება, რაც სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის დაკნინებამ, “მანძილების შემცირებამ” და საერთოდ, პლანეტის “დაპატარავებამ” მოიტანა.
- ეკონომიკური დამოუკიდებლობა: სრული გავლენა, რასაც სახელმწიფო მის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ ცხოვრებაზე ახორციელებს – ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ვაჭრობისა და ფულის მასის ბრუნვის კონტროლის ჩათვლით.
- პოლიტიკური გლობალიზაცია: იმ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მნიშვნელობის ზრდა, რომელთა იურისდიქციაც საერთაშორისო დონეზე, რამდენიმე სახელმწიფოს მასშტაბით ვრცელდება.
- მრავალსაფეხურიანი მართვა: რთული პოლიტიკური პროცესი, რომლის დროსაც ხელისუფლება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურადაა გადანაწილებული მმართველობის ადგილობრივ სახელმწიფო და ზესახელმწიფოებრივ დონეებზე.
- კეთილდღეობის სახელმწიფო: სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე კისრულობს პასუხიმგებლობას და უმთავრეს საზრუნავად სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების და სხვა მსგავს სფეროებს მიიჩნევს (რაც სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად ვლინდება).
- კონკურენტული სახელმწიფო: სახელმწიფო, რომელიც თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის სტრატეგიას ირჩევს და ახორციელებს კიდეც.
- თოფოსნობა (უორლორდიზმი): მდგომარეობა, რომლის დროსაც სუვერენული სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები გაუთავებლად იბრძვიან ძალაუფლებისათვის.
- სუსტი სახელმწიფო: სუსტია სახელმწიფო, რომელსაც უნარი არ შესწევს ეფექტურად შეასრულოს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ფუნქციები. ამგვარი სახელმწიფო, როგორც წესი, არაქმედითუნარიანი და კორუმპირებული ადმინისტრაციული სტრუქტურებით ხასიათდება და მოქალაქეთა უსაფრთხოებისა თუ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ჩამორჩენილ სუსტ სახელმწიფოს, ლეგიტიმურობის დაბალი დონეც გამოარჩევს, და ბოლოს, მას უმნიშვნელო გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზეც – ძალზე ხშირად მხოლოდ გარეშე ეკონომიკურ ინტერესებზე რჩება დამოკიდებული. თუმცა, სახელმწიფოს სისუსტეს სხვა მიზეზებიც იწვევს: შესაძლებელია, იგი სუსტი სამხედრო თვალსაზრისითაც, იმისდა მიხედვით, რამდენად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა მეზობლებზე, ანდა – რაც უფრო მნიშვნელოვანია – სხვათა აგრესიისგან თავის დაცვა. შესაძლებელია სახელმწიფო ეკონომიკურადაც ჩაითვალოს სუსტად, თუკი მისი სტრუქტურების როლი ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების მართვაში უმნიშვნელოა (ამ გაგებით, იქნებ შეერთებული შტატებიც “სუსტ” სახელმწიფოდ ჩაგვეთვალა, თუმცა, რა თქმა უნდა, არა სხვა რომელიმე პარამეტრით).
კითხვები განსასჯელად:
- მართლა ასეთი “უსიხარულო, დაუნდობელი და ხანმოკლე” იქნებოდა ბუნებრივ მდგომარეობაში სიცოცხლე?
- ხელისუფლება აკონტროლებს სახელმწიფოს, თუ პირუკუ?
- შეიძლება თუ არა სახელმწიფო საზოგადოების “მიუკერძოებელ არბიტრად” მივიჩნიოთ?
- სახელმწიფო ელიტის არსი და წარმომავლობა უცილობლად განაპირობებს თუ არა მის “აჩემებებს”?
- რაში ვლინდება ხოლმე ჯანსაღი ურთიერთობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის?
- ნიშნავს თუ არა გლობალიზაცია სახელმწიფოს როლის შემცირებას?
- მოხდა თუ არა ეროვნული სახელმწიფოს გარდაქმნა საბაზრო სახელმწიფოდ?
დამატებითი საკითხავი:
- Hay, C., M. Lister and D. Marsh, The State: Theories and Issues (Basingstoke and New York: Palgrave Macmillan, 2006).
- Jessop, B., Stte Theory: Putting Capitalist States in Their Place (Oxford: Polity Press, 1990)
- Pierre, J. and B. Guy Peters, Governance, Politics and the State (Basingstoke: Palgrave Macmillan, 2000).
- Schvarcmantel, J., The State in Contemporary Society: An Introduction (London and New York: Harvester Wheatsheaf, 1994).
- Sorensen, G., The Transformation of the State: Beyond the Myth of Retreat (Basingstoke and New York: Palgrave Macmillan, 2004).
***
ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. მესამე გამოცემა. საქართველოს უნივერსიტეტი. გამომცემლობა: საქართველოს მაცნე. მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭელიძე
ელექტრონული ფორმით მოამზადა ლაშა ქვლივიძემ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”