ფორტ ბოიარდის მშენებლობის ისტორია
ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს ფრანგული რეალითი-შოუ “ბოიარდის ციხე-სიმაგრე”, რომელიც წლების განმავლობაში გადიოდა ეკრანზე და რომელიც ნებისმიერი სქესისა და ასაკის მაყურებლისათვის მიმზიდველი და საინტერესო სანახავი იყო. მინდა თქვენთან ერთად მცირეოდენი ექსკურსი ჩავატაროთ წარსულში და გავიხსენოთ შუა ზღვაში მდებარე ამ ეგზოტიკური და უცნაური შენობის მშენებლობის ისტორია.
ფორტის მშენებლობის ისტორია ჯერ კიდევ შორეულ 1666 წელს დაიწყო მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეფობის დროს.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა გასცა ბრძანება აეგოთ ხომალდები ქალაქ როშფორთან ახლოს, რომელიც განლაგებული იყო მდინარე შარანტის სანაპიროზე. აი სწორედ მაშინ შეიქმნა საჭიროება აეგოთ ფორტი შუა უბეში, რომელიც სანაპიროზე მყოფ ბატარეებთან ერთად განახორციელებდა ცეცხლოვან ბლოკადას მტრის ხომალდების წინააღმდეგ.
მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ პროექტის შედგენა და მშენებლობის წარმართვა დაავალა ცნობილ მშენებელ-არქიტექტორ სებასტიან ვობენს, თუმცა მისგან სასტიკი უარი მიიღო. არქიტექტორმა მეფეს პირში მიახალა სიტყვები:” სირ, უფრო იოლია მთვარეს მისწვდე კბილებით, ვიდრე ასეთ ადგილას ფორტი აააშენო”.
XIX საუკუნეში ამ ადგილას ფორტის აშენება უკვე აღარ იყო ისეთი არარეალური, პროექტის აქტუალურობა კი ისევ იდგა დღის წესრიგში, რადგან ნაპოლენის საგარეო პოლიტიკის კურსმა გაართულა საფრანგეთის ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან.
მშენებლობა დაიწყო 1801 წელს. იმის წყალობით, რომ მშენებლობის ადგილზე ქვიშის მყარი გრუნტი იყო, დაიწყეს მასზე ფუნდამენტის აშენება ქვის ბლოკების დაწყობით. მაგრამ თავისი სიმძიმის გამო ეს ბლოკები ღრმად ჩაეფლო მოძრავ ქვიშაში და ფუნდამენტის აგება ძალზე გაჭიანურდა. 1809 წელს მშენებლობა სრულიად გაჩერდა და განახლდა მხოლოდ 1837 წელს, მეფე ლუი ფილიპ I-ის მეფობის დროს, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ინგლისთან ურთიერთობა ისევ დაიძაბა.
მშენებლობა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ დამთავრდა.
ფორტი საკმაოდ დიდი ფართობის გამოვიდა: სიგრძე-68 მეტრი, სიგანე -31 მეტრი და სიმაღლე-20 მეტრი. ფორტის გარნიზონი 250 ადამიანისაგან შედგებოდა, თუმცა მისი აგების დასრულების შემდეგ შენობამ უკვე დაკარგა თავის პირვანდელი დანიშნულება.
ალბათ ყველა თქვენგანისთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორ მიიღო ფორტ ბოიარდმა ახალი დანიშნულება გასული საუკუნის ბოლოს. საინტერესო სათავგადასავლო გადაცემები, რომელთა ჩაწერა და გადაღება აქ ხდებოდა და სადაც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ღებულობდნენ მონაწილეობას მსურველები, ძალიან პოპულარული იყო წლების განმავლობაში.