Intel-მა შესაძლოა წარადგინოს დრეკადი სმარტფონი
20 თებერვალს უნდა მოხდეს დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ის წარდგენა. საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ამგვარ მოწყობილობებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორისაა Xiaomi, Huawei, LG და Motorola. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიცხვს პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი – Intel-იც შეუერთდა. კომპანიამ უკვე დააპატენტა ნიმუში.
არსებული მონაცემების მიხედვით, Intel-ის პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტების მოწყობილობებისგან.
პირველ რიგში, დაკეცილი მდგომარეობისას იგი სრულფასოვან სმარტფონს მოგვაგონებს.
მეორე – მოწყობილობის დაკეცვა სამგვარად იქნება შესაძლებელი.
მესამე – ახალ სმარტფონს ექნება სტილუსის მხარდაჭერა, ელექტროფანქარი კი მოწყობილობის ერთ-ერთ ნაკეცში შეინახება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ის დრეკად სმარტფონს შეეძლება მიიღოს პრიზმის ფორმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე და არა Android-ზე.