ლიტერატურა

მერაბ ღაღანიძე – “ჩემი მეფე”

ამ რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა შვეიცარიაში მცხოვრები ჩეხი მწერლის, პეტრ ხუდოჟილოვის, მოგონებები, _ მწერლისა, რომელიც, სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია თავის ზოგიერთ წიგნს, საკმაო წარმატებით, გერმანულ ენაზე წერს. იგი, ამასთანავე, ხშირად გამოდის ხოლმე ჩეხი და გერმანელი ერების შერიგებისა და მორიგების მომხრედ, რაც არცთუ ისე ჩვეული და ჩვეულებრივია ჩეხი მოღვაწისა თუ, საერთოდ, ჩეხური საზოგადოებისათვის, მაგრამ ეს სხვა და ფართო საუბრის თემაა (თუნდაც იმაზე ჩასაფიქრებლად, რატომ არასოდეს დამდგარა ქართველი და რუსი ერების ურთიერთშერიგების საკითხი, თუმცა ის ზიანი, რაც ჩვენ ჩრდილოელი მეზობლისაგან საუკუნეების განმავლობაში გვრგებია, არაფრით ჩამორჩება იმ ბრალს, რამაც ასე მოსისხლედ გადაჰკიდა ევროპის შუაგულში მცხოვრები ჩეხები და გერმანელები).

ამჯერად კი ისევ მწერლის მოგონებებს მივუბრუნდეთ და იქ შევყოვნდეთ, სადაც იგი, მის მრავალრიცხოვან თანამემამულეთა მსგავსად, 1968 წელს საბჭოთა ტანკების მიერ პრაჰის ოკუპაციის შემდეგ და შედეგად, იძულებით აღმოჩნდება მოშორებული თავის ქვეყანას, თავის ახლობლებს, თავის საქმეს.

ცხოვრების ხელახლა აწყობისა და დაწყობის მცდელობისას, ოჯახთან ერთად ევროპის სხვადასხვა განედებზე ხეტიალისას, ემიგრანტის ზურგჩანთით აღჭურვილ ახალგაზრდა მწერალს ერთ არცთუ მშვენიერ ყინვიან დღეს, შუაგულ ზამთარში, ნორვეგიის დედაქალაქში შემოაღამდება და, რაკი იქაურთაგან, ნორვეგიელთაგან, განსხვავებით, სიცივისაგან რესტორანში ან კაფეში თავის შეფარების სურვილს მისი ჯიბე ძნელად თუ გასწვდება, ოჯახი გადაწყვეტს, ცოტა ხნით ანტიკვარიატში ანუ ნახმარი და დაძველებული წიგნების მაღაზიაში მოითქვას სული. რაკი გვიანი საღამო იყო, მაღაზიის პატრონის გარდა, იქ მხოლოდ ერთი მყიდველი ყოფილა შემორჩენილი, რომელიც თურმე ამ პატრონთან ერთად პატარა მაგიდასთან ჩაის მიირთმევდა. რა თქმა უნდა, პატრონს ჩაის დასალევად გათოშილი ჩეხებიც მიუწვევია, მაგიდასთან მჯდომ სტუმარს კი ბატონკაცურად მიუხმია ბავშვები და მათთვის სახელები გამოუკითხავს. პატარებს ნორვეგიული არ ესმოდათ, იქ მყოფ მამაკაცს კი _ ჩეხური, მაგრამ შუამავალი ენის დახმარებით იმ მყიდველს მათი ვინაობა და სადაობა მაინც გაუგია. მეტად საყურადღებოა, მეტად საყურადღებოო, _ ჩაფიქრებულს რამდენჯერმე გაუმეორებია, ხოლო რაკიღა უკვე წასასვლელად ემზადებოდა, ემიგრანტების ოჯახისათვის უთქვამს, უეჭველად უნდა მეწვიოთ და თქვენი ამბავი დაწვრილებით მიამბოთო. მიპატიჟების გამო მადლობის გადახდის შემდეგ უფროს და თამამ ყმაწვილს მიმპატიჟებელი ძიასათვის უკითხავს, თუ სად ცხოვრობდა იგი, უკვე შინ მიმავალ უცნობს კი უპასუხია, აქვე, არც თუ შორს, ციხე-სიმაგრეშიო.

როგორც კი მას კარი გაუხურავს, ჩეხი მწერალი მაღაზიის პატრონს ამ კაცის ვინაობას შეჰკითხვია, რაზეც პასუხად მიუღია, ეს ჩვენი მეფე არისო. გაოგნებული ჩეხები მას გულდაგულ ჩასძიებიან, როგორ, მეფე დაცვის გარეშე როგორ დადისო, ხოლო მათზე მეტად განცვიფრებულ მაღაზიის პატრონს გაკვირვება ვერ დაუმალავს, კი მაგრამ დაცვა რაში სჭირდება, მეფე აქ წიგნების შესარჩევად მოდის და, თუკი დრო აქვს, ჩაის ერთად ვსვამთ ხოლმეო.

როცა დაეჭვებულ ემიგრანტებს ამ შეხვედრის ამბავი იმ ღამისგასათევის პატრონისათვის მოუყოლიათ, სადაც თავიანთ სახლ-კარს მოწყვეტილი ჩეხები დროებით ყოფილან თავშეფარებულნი, ნორვეგიელ მასპინძელს იმ უცნაური წიგნის მყიდველის აღწერის მოსმენის შემდეგ ღიმილით უთქვამს, კი, უეჭველად ის ყოფილა, ჩემი მეფეო.

ეს ამბავი თავისთავად იმდენად მეტყველი, მშვენიერი და ამაღელვებელია, რომ რასმე დამატება და განსჯა სრულიად ზედმეტი ჩანს. ამ ამბავმა მართლაც ბევრი რამ შეიძლება მოგვაგონოს, ბევრი რამ შეიძლება არ მოგვაგონოს, შეიძლება გაგვახსენოს გადმოცემები და ლეგენდები ქართველ ხელმწიფეთა ცხოვრებიდან ანდა იაკობ გოგებაშვილის უმშვენიერესი მოთხრობა “მეფე ერეკლე და ინგილო ქალი”, მაგრამ არასგზით არ მოგვაგონებს ცარიზმის ბატონობის იმ 117 წელიწადს, რომლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით, არასგზით არ მოგვაგონებს კომუნიზმის 70 წლიან სისხლიან, სასტიკ, არაადამიანურ ძალაუფლებას, რომელიც თავის უღმერთო და უსჯულო ჰიმნში ღაღადებდა, რომ არაფერში სჭირდება არც ღმერთი, არც მეფე და არც გმირი, ხოლო მათ გარეშე დარჩენილ “კრულვით დაღდასმულ მშიერ მონებს” კომუნისტური სამოთხის აგებას ჰპირდებოდა.

დღევანდელი საქართველო გულწრფელ სურვილს გამოთქვამს, ევროპის ნაწილად იქცეს, ისევ ევროპას დაუბრუნდეს, თუმცა ძველი კონტინენტი დღესაც ისევე არაერთგვაროვანი და მრავალშრიანია, როგორიც ის, ალბათ, ყოველთვის იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ საერთოქართული სწრაფვის საგანი სწორედ ის ევროპაა (რომელიც, გულდასაწყვეტად, უფრო მის იდეალურ სახეს შეესაბამება და რომელიც, თუკი ოდესმე მართლა ამგვარი ყოფილა, ნელ-ნელა წარსულის ნისლში უჩინარდება), სადაც მეფესაც პატივს სცემენ, ტრადიციასაც, იერარქიულ საზოგადოებასაც და ამ საზოგადოებაში სხვადასხვა ფენის განსაკუთრებულ დანიშნულებასა და მოვალეობასაც, ამასთანავე, რწმენას, წესრიგს, გარჯას, განსხვავებულ შეხედულებას და, რაც მთავარია, ერთმანეთს, _ ის ევროპა, სადაც, მართალია, მიწიერი სამოთხე არ აუშენებიათ, მაგრამ ადამიანს ადამიანურად სულის მოთქმის და სულის ამოთქმის საშუალება მაინც აქვს, _ შესაძლოა, იმიტომაც, რომ იქ კარგა ხანია მეფეების (გინდა ბელადების) გაღმერთებაც უკან აქვთ მოტოვებული და მათი სასაკლაოზე გასტუმრებაც.

1999

პირველად გამოქვეყნდა:
ჩვენი მწერლობა, #31 (109), 2-9 აგვისტო, 2002.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button