განხილვამუსიკა

საბავშვო მედიცინა / Children’s Medicine – Live @ Various Venues Through Out Tbilisi, Moscow & Eastern Europe (1991/92)

post-punk

ტრეკლისტი:

  1. Aliza Just Waits (2:27)
  2. Alone In The Movie (2:32)
  3. Around Your House (2:19)
  4. How Can I Suffer (3:21)
  5. I Need More (3:53)
  6. I Need Your Love (4;16)
  7. I Think It Goes Down (3:33)
  8. I’m In The Dance (3:41)
  9. შედიხარ ტყეში (3:55)
  10. Singing Of Chan (The God Of Caffeine And Nicotine) (4:57)
  11. Beautiful Days Are To Come (Bonus) (3:11)

შემადგენლობა:

  • დადა დადიანი – ვოკალი, გიტარა, კლავიში, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • ირაკლი ჩარკვიანი – კლავიში, ვოკალი
  • ჯოზეფა – ბას-გიტარა, საყვირი

”ტაქსის” ფაქტობრივი დაშლის შემდეგ, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, დადა დადიანმა და ირაკლი ჩარკვიანმა, ბასისტ ჯოზეფასთან ერთად ახალი პროექტი, ”საბავშვო მედიცინა” შექმნეს. ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ მათი საკონცერტო ჩანაწერებისაგან ერთი არაოფიციალური ალბომი შეკრებილიყო და შთამომავლობას შემორჩენოდა. მათ სასიმღეროდ ინგლისური ენა აირჩიეს. ამას, როგორც ჩანს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა. ერთი მხრივ, ეს ქართული ერთ-ერთი პირველი მთლიანად ინგლისურენოვანი ჩანაწერია; მაგრამ ამის შედეგად ლირიკა გაცილებით გამარტივდა (დამეთანხმებით, ძნელია უცხო ენაზე წერა) და მიუხედავად იმისა, რომ ტექსტები თითიდან ნამდვილად არაა გამოწოვილი, მათ ის სიმწვავე და შთამბეჭდაობა გააკლდა, რამაც ”ტაქსის” მუსიკა ასე ფასეული გახადა.

”საბავშვო მედიცინა” ”ტაქსისგან” მუსიკალურადაც განსხვავდებოდა. ვინაიდან შემადგენლობაში სულ 3 მუსიკოსი იყო, ჟღერადობა უფრო მინიმალისტური გახდა და მუსიკა ძირითადად რიტმ-სექციას (დრამ-მანქანა/ბასი) მიჰყავს. ჩარკვიანის კლავიშები მეტწილად ფონურ როლს ასრულებს და სიმღერებს საინტერესო, განმეორებად მოტივებს აპარებს; გიტარის იშვიათ პასაჟებს კი დადიანი ითავსებს ხოლმე.

მოკლედ, ეს ყველაფერი ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ – ვერა. ალბომი რიგ შემთხვევებში ძალიან მონოტონურად ისმის. საინტერესო მომენტები გვხვდება იქ, სადაც ჯგუფი პოულობს პირქუშ ენერგიას (Aliza Just Waits), ლამაზ მელოდიურ მისამღერს (I Need Your Love, I Think It Goes Down) ან საინტერესო რიტმულ გადაწყვეტას (I Need Your LoveHow Can I SufferI’m In The Dance). ალბომის განმავლობაში ეს სამივე კომპონენტი ერთადერთხელ შეიკრიბა და მივიღეთ ”შედიხარ ტყეში”, რომელსაც თამამად შეიძლება ქართული როკის კლასიკა ვუწოდოთ. ეს ქართულ-ინგლისურად შესრულებულ სიმღერა მფეთქავ რიტმს მიჰყავს და ლამაზ, განმეორებად საგიტარო მოტივს მიჰყავს, რომელსაც გვირგვინად საყვირის ფსიქოდელური პარტია (ჟოზეფას შესრულებით) ადევს. ეს სიმღერა მთლიან ალბომად ღირს! ამასთან ერთად, ეს დადიანის საუკეთესო ვოკალური მომენტია.

ალბომს ბონუსად მოჰყვება დადა დადიანის ერთი სოლო სიმღერა, რომელსაც დანარჩენ სიმღერებთან შედარებით უფრო ელექტრონული ჟღერადობა აქვს; შეიძლება ვთქვათ, რომ არა უშავს. ალბომი რომ შევაჯამოთ. გვაქვს 1 უძლიერესი, კლასიკური სიმღერა, რომელიც დანარჩენებს ერთი კლასით სჯობს, რამდენიმე კარგი ნაწარმოები (I Need You LoveI Think It Goes DownAliza Just Waits) და დანარჩენი ასეთუისე საშუალო ნამუშევარი, საინტერესო კომპონენტებით ან მათ გარეშე. ეს ალბომი მიმაჩნია ამ ძალიან იმედისმომცემი შემადგენლობის მიერ გაცილებით უფრო უკეთესის შექმნის ვერგამოყენებულ საშუალებად. ამაში როლი როგორც სუბიექტურმა (სასიმღერო ენის არჩევანი) ასევე ობიექტურმა (ჩანაწერი სტუდიის გარეთ, მინიმალური შემადგენლობა) მიზეზებმაც ითამაშა. მაგრამ ამასთან ღირს გამეორება, რომ ტრიომ მთელი პოტენციალით ერთხელ მაინც გაიბრწყინა: ამის შესაფასებლად მოისმინეთ ”შედიხარ ტყეში”.

შეფასება: 6,5 / 10.

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?wwdi1k640aojdjs

Source
georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button