დავით კარიჭაშვილი – ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი
XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად არის ცნობილი დავით კარიჭაშვილის სახელი. იგი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მისი ინტერესები ისტორიულფილოლოგიურ
მეცნიერებათა ფართო სფეროს მოიცავდა. დავით კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ლიტერატორი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი, რედაქტორ-გამომცემელი და პუბლიცისტი.
დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, სასულიერო პირის ოჯახში. 1869 წელს შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, 1876 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1880 წლიდან სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1883 წელს მიემგზავრება ჯერ ჟენევაში, შემდეგ პარიზში და იქაურ უნივერსიტეტებში ისმენს ლექციებს ლიტერატურაში, ისტორიაში, ენათმეცნიერებასა და ბუნებისმეტყველებაში. 1885 წელს `ივერიასა~ და `დროებაში~ დაიბეჭდა პარიზიდან გამოგზავნილი მისი რამდენიმე წერილი. იმავე წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.
ჩამოსვლისთანავე დავითი მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად, ამავე დროს უკავშირდება `ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას~ და მისი აქტიური წევრი ხდება. იგი ამ `საზოგადოების~ მდივანია 1899 წლამდე. 1892 წელს აირჩიეს `საზოგადოების~ გამგეობის წევრად, ხოლო 1918 წელს _ გამგეობის თავმჯდომარედ. 1922 წლიდან იგი `საზოგადოების~ საპატიო თავმჯდომარეა.
35 წელი იღვწოდა დ. კარიჭაშვილი ამ `საზოგადოებაში~. მან შეადგინა კატალოგი `საზოგადოების~ წიგნსაცავისა, რომელსაც თავის დროზე მიიჩნევდნენ ამ ფონდის ყველაზე სრულ და სანდო აღწერილობად (კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისა, ტფ., 1905). `ამ ხელთნაწერს კატალოგში ისეთი ცნობებია, რომელნიც ნათელს ჰფენენ ჩვენის ძველი დროის ცხოვრებას, ამიტომაც არ შეგვიძლია არ მივულოცოთ დავით კარიჭაშვილს გამარჯვება ამ საქმეში~, _ წერდა `კატალოგის~ გამოსვლასთან დაკავშირებით მოსე ჯანაშვილი (ჯანაშვილი 1895: 3). დ. კარიჭაშვილი მუშაობდა დაუღალავად, თანაც არცთუ ისე სახარბიელო პირობებში. გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, 1927 წლის 26 ივლისს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი შეხედულებანი რიგ ლიტერატურულ საკითხებზე გამოვლინდა ცალკეული ნაშრომების, წერილებისა და ამა თუ იმ წიგნზე დაწერილი რეცენზიის სახით. მკვლევარი ცდილობდა ჩასწვდომოდა ძველი ქართული ლიტერატურის სიღრმეებს და მისი ისტორიის სადავო უბნებში მეტი სინათლე და გარ-კვეულობა შეეტანა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მისი რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის `ვინ იყო მობიდან ეპის-კოპოზი~, რომელმაც შუქი მოჰფინა სადავო საკითხს `ქარ-თლის ცხოვრებაში~ ნახსენებ მობიდან ეპისკოპოსის ვინაობის შესახებ. მეცნიერი თანმიმდევრულმა ძიებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მობიდანი სპარსული წოდებაა ცეცხლთაყვანისმცემელთა ეპისკოპოსისა, რომელიც საქართველოში იგზავნებოდა სპარსეთიდან და მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის მსახურთა გვერდით. რადგან მობიდანი წოდებით უტოლდებოდა ქრისტიან ეპისკოპოსს, მემატიანემ უწოდა მას უბრალოდ ეპისკოპოსი. შემდეგ იგი მიიჩნიეს ქრისტიან ეპისკოპოსად, რომელიც გარეგნულად იცავდა მართლმადიდებლობას, სინამდვილეში კი იყო მაზდიანი და ქრისტიანობისთვის ძირგამომთხრელ მოღვაწეობას ეწეოდა. დავით კარიჭაშვილი მიიჩნევდა, რომ ეს მობიდანი არის `ქართლის მოქცევაში~ ნახსენები ქართლისა და ჰერეთის ერისთავი გლონოქორი. მისი პოზიცია ამ საკითხზე გაიზიარეს ივ. ჯავახიშვილმა და ნაწილობრივ კ.კეკელიძემ. ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი გასცა დავითმა `კალმასობის~ ანუ `ხუმარსწავლას~ თაობაზე დასმულ საკითხსაც, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი გასული საუკუნის ბოლოს. მეცნიერთა აზრი გადაიხარა თხზულების ავტორად იონა ხელაშვილის აღიარებისაკენ. ამ საკითხისადმი მიძღვნილ წერილში საკუთარი შეხედულების გაცხადებამდე დ. კარიჭაშვილმა თავდაპირველად მიმოიხილა საკითხის შესწავლის ისტორია, ხოლო შემდეგ თავისი მეცნიერული ძიების შედეგები გააცნო მკითხველს. მან შეისწავლა თხზულების ხელ-ნაწერები, ორი სავარაუდო ავტორის ცხოვრება-მოღვაწეობა, ენა, სტილი.
მათი ნაშრომები შეუდარა `კალმასობას~ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ `კალმასობის” ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ იოანე ბატონიშვილი. მოგვიანებით აღმოჩენილმა იონა ხელაშვილის წერილმა ეს აზრი სავსებით დაადასტურა. `თორმეტი წელიწადია ჰსწერს იოანე ბატონიშვილი ჩემს სახელსა ზედა, ე.ი. მალაპარაკებს ყოველსავე სწავლასა სულიერსა და ხორციელსა~, _ ამბობს იონა ხელაშვილი წერილში.
1910 და 1914 წლებში ორჯერ გამოიცა წიგნი `ხუცური ანბანი~, რომელშიც ანბანთან ერთად გამოქვეყნდა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი `წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა~, `ქართული ქორონიკონი~ და `ქართული ანბანის წარმოება და განვითარება~. ამ უკანასკნელში დავითი საუბრობს ქართული ანბანის ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ სახეობებზე, მათი განვითარების ისტორიასა და ურთიერთმიმართებაზე. იგი უერთდება მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელიც ქართული ანბანის ბერძნულიდან წარმომავლობას ამტკიცებს.
მკვლევარი სარეცენზიო წერილებით გამოეხმაურა ნიკო მარის ნაშრომის «სომხულ-ქართული ფილოლოგიური ტექსტების” IV და V ტომების გამოსვლას. IV ტომში მოთავსებულია შავთელის “აბდულმესია” და ჩახრუხაძის `თამარიანი~. ქართულ ტექსტებს წინ უძღვის გამომცემლის წინასიტყვაობა და სტატია.
წერილის დასაწყისში დ. კარიჭაშვილი მსჯელობდა ნ. მარის ფართო ერუდიციაზე. `სწორედ რომ ამისთანა ცოდნის პატრონი უნდა იყვეს ის კაცი, რომელიც შეუდგება ქართულ-სომხურის ფილოლოგიის ძიება-გამოკვლევას. მხოლოდ ამისთანა კაცისგან უნდა მოელოდეს ქართული ფილოლოგია წარმატებასა და განვითარებას~, _ წერდა რეცენზენტი (კარიჭაშვილი 1902: 3). იგი ყურადღებას ამახვილებდა ნ. მარის იმ თვალსაზრისზე, რომელიც ქართული ენის სემიტურ ენებთან ნათესაობასა და სომხურ ენასა და ლიტერატურასთან ურთიერთობას ეხება.
ნ. მარს შეუძლებლად მიაჩნდა ქართული და სომხური მწერ-ლობის ერთიმეორისაგან დაშორებით შესწავლა (ეს აზრი მისი ნაშრომის ორივე ტომშია გატარებული). წერილში დ. კარიჭაშვილი იმ სიახლეებსა და მიგნებებზე საუბრობდა, რომელთაც ნ. მარის პუბლიკაციებში ვხვდებით _ მის მეტად საინტერესო ვარაუდებზე თხზულებათა ავტორების შესახებ; ხაზს უსვამდა ტექსტების დამახინჯებული ადგილების ნ. მარისეულ შესწორებებს, არეულ-დარეული ნაწილების დალაგებას და ტექსტებს დართული ლექსიკონების მნიშვნელობას (1. არქაულ სიტყვათა; 2. უცხო სიტყვათა; 3. საკუთარ სახელთა ლექსიკონები).
რეცენზენტის აზრით, მართალია, ნ. მარის შრომა შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის, მაგრამ იგი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ნაშრომის V ტომში წარმოდგენილია: 1. ორი კრიტიკული წერილი; 2. `წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა~; 3. ნაწყვეტი ეზნიკის წერილისა მაშტოცის მიმართ; 4. სია წმინდანთა, რომელნიც, სომხების რწმენით, მფარველებად ითვლებიან სხვადასხვა ავადმყოფობის დროს; 5. გიორგი ვართაპეტის შენიშვნა ანტონ კათალიკოზის გადაყენებისა და განდევნის შესახებ; 6. სალექსიკონო შენიშვნები.
დავითი შეეცადა გამოეკვეთა ნაშრომის ის ასპექტი, რომლითაც იგი ქართულ მწერლობას უკავშირდება _ ისაუბრა ძველი ქართული თხზულების _ `წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა~ _ ისტორიულ-ლიტერატურულ მნიშვნელობაზე და ბოლოს, განსხვავებული თვალსაზრისი გამოთქვა ზოგიერთი სიტყვის განმარტება-წარმომავლობასთან დაკავშირებით. დ. კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ღვაწლმოსილი რუს-თველოლოგი. `ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ~ ორჯერ, 1903 და 1920 წლებში, გამოსცა `ვეფხისტყაოსანი~, რომლის რედაქტორობა დავითს დაევალა. პოემას ერთვის წინასიტყვაობა, ლექსიკონი და შენიშვნები. როგორც ამ გამოცემათა წინასიტყვაობაში, ისე პრესის ფურცლებზე მკაფიოდ გამოიკვეთა მკვლევრის პოზიცია ამა თუ იმ რუსთველოლოგიური საკითხისადმი.
დ. კარიჭაშვილის გამოუქვეყნებელ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია `წმინდა შუშანიკის წამება~, რომელსაც საგან-გებოდ განვიხილეთ წერილში `პირველი განსხვავებული თვალსაზრისი `შუშანიკის წამების~ შესახებ~. როგორც ჩანს, მკვლევარს მიზნად ჰქონდა გამოექვეყნებინა XII-XVIII საუკუნეების მწერლობის მოკლე მიმოხილვა, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში შემონახული ხელნაწერი. აქ განხილულ თხზულებებს მეტ-ნაკლებად ახლავს ავტორთა ბიოგრაფიები და წინ უძღვის ანალიზი იმ ისტორიული ვითარებისა, რომელშიც ესა თუ ის თხზულება შეიქმნა.
XII საუკუნის მწერალთაგან საუბარია სარგის თმოგველზე, შავთელსა და ჩახრუხაძეზე. მოხმობილია მეცნიერისთვის ცნობილი ყველა ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ხასიათის მონაცემი მათზე. საერო მწერლობასთან ერთად მსჯელობა XII საუკუნეში განვითარებულ ფილოსოფიურ, საღვთისმეტყველო და იურიდიულ ლიტერატურასაც ეხება. მკვლევარმა მოკლედ მიმოიხილა იმ მამულიშვილთა ღვაწლი, რომელთაც წვლილი შეიტანეს ამ მეცნიერებათა განვითარებაში.
XIII-XVI საუკუნეების მწერლობის განხილვამდე მკვლევარმა აგვიწერა ის ისტორიული მდგომარეობა, რომელიც ლიტერატურისა და, ზოგადად, კულტურის დაქვეითების მიზეზი გახდა. `ამ დროის საერო ლიტერატურა, _ წერდა იგი, _ მოკლებულია საკუთარ დამოუკიდებელ ხასიათს და შემოქმედებას. ენის მხრითაც ამ დროინდელი ლიტერატურა ბევრად ჩამოუვარდება კლასიკური ხანის ლიტერატურას~. ამ შესავლის შემდეგ მკვლევარმა განიხილა `რუსუდანიანი~ (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი), პოემა `ალღუზიანი~ და სხვა. შემდეგ თარგმანების განხილვას ეთმობა ადგილი. საუბარია სპარსულიდან თარგმნილ ნაწარმოებებზე `სირინოზიანი~, `ლეილა და მეჯნუნი~ და სხვ. გვიანდელი მწერლებიდან დასახელებულია `ღირსშესანიშნავი მწერალი ქალი მაკრინე~, კახეთის მეფის ერეკლე I-ის ასული.
მკვლევარი სასულიერო და საისტორიო მწერლობის აღორძინებასაც შეეხო. იგი ორიგინალური სასულიერო ნაწარმოებების ავტორთა შორის ასახელებდა ნიკოლოზ კათოლიკოსს (XII ს.), არსენ კათოლიკოსს (XIII ს.) და ევთიმე საყვარელიძეს. XVII საუკუნის მწერლობის მიმოხილვა მაშინდელი ისტორიული მდგომარეობის ანალიზით იწყება. გამოკვეთილია კათოლიკე მისიონერების წვლილი საგანმანათლებლო საქმიანობაში. მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს სულხან-საბა ორბელიანის უდიდეს დამსახურებაზე ქართველი ერისა და ქართული მწერლობის წინაშე.
ნაშრომის დასასრულ ავტორი ბესიკისა და საიათნოვას შემოქმედებას ეხება. აღნიშნავს ხალხის იმ დიდ სიყვარულს, რომლითაც ეს პოეტები სარგებლობდნენ. ხელნაწერი დასრულებული ნაშრომის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და უფრო ერთგვარ მონახაზად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იგი უდავოდ საინტერესოა, როგორც XII-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობის ისტორიულ-ფილოლოგიური შეფასების ცდა.
დ. კარიჭაშვილი ეხმაურებოდა ყველა სიახლეს, რომელიც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კვლევაში იჩენდა თავს. იგი პატივისცემით იმსჭვალებოდა იმ მეცნიერთა მიმართ, რომელთათვის ქართული ლიტერატურა და ისტორია სერიოზული ძიებისა და ზრუნვის საგანი იყო. დავითმა საგანგებო წერილები უძღვნა ნიკო მარისა და მარი ბროსეს მოღვაწეობას, სამაგალითოდ დასახა მათი ფართო განათლება, შრომისმოყვარეობა და დაუშრეტელი ენერგია.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა წერილსა თუ ნეკროლოგში, რომლებიც დავით კარიჭაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა, ხაზგასმულია კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, რომლითაც იგი საზოგადოებრივ საქმეს უდგებოდა. სწორედ აქტიურმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად დავით კარიჭაშვილს ვალმოხდილ მამულიშვილთა გვერდით დამსახურებული ადგილი დაუმკვიდრა.
ლია კარიჭაშვილი