ლიტერატურასაკითხავი

უილიამ ფოლკნერი – საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში

კითხვა – ვინ არის მთავარი გმირი რომანისა „აბესალომ, აბესალომ!?“ აშკარაა, რომ სატპენი, თუმცა იმასაც ამბობენ, ქვენტინი არისო. მაინტერსებს, ბოლოს და ბოლოს ვინ არის მთავარი გმირი?

ფოლკნერი – მთავარი გმირი სატპენია, დიახ. ეს არის ამბავი კაცისა, ვისაც ვაჟიშვილის ყოლა სურდა და იმდენი ვაჟი ჰყავდა, იმდენი, რომ სწორედ მათ დაღუპეს სატპენი. რომანში გაკვრით მოთხრობილია ქვენტინ კომპსონის სიძულვილიც თავისი საყვარელი ქვეყნის მანკიერი თვისებებისადმი. მაგრამ მთავარი გმირი სატპენია, კაცი, ვისაც ვაჟიშვილების ყოლა უნდოდა.

კითხვა – სერ, ამავე წიგნთან დაკავშირებით მაინტერესებს, თქვენი ჩანაფიქრის მიხედვიტ როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება მისტერ კოლდფილდისადმი, ელენის მამისადმი?

ფოლკნერი – როგორ გითხრათ, ჩემი დამოკიდებულება ის გახლავთ, რომ იგი გასაცოდავებული კაცი იყო. ვერაფერს გეტყვით, როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება. მაგრამ მე ახლაც თანაგრძნობით ვუყურებ და მებრალება იგი. ჩემი აზრით, კოლდფილდი საცოდავი კაცია…

კითხვა – სერ, რა შეთანხმება დადეს გუდჰიუ კოლდფილდმა და სატპენმა ტვირთის თამასუქთან დაკავშირებით? ხომ დადეს რაღაც შეთანხმება?

ფოლკნერი – არ მახსოვს. ეს წიგნი კარგა ხანია დავწერე. მაგრამ კოლდფილდი სასიამოვნო, მიმზიდველი კაცი იყო და სატპენი კი – თავხედი, უხეში კაცი. სატპენი კოლდფილდის სისუსტეს თავისი მიზნებისათვის იყენებდა. ზუსტად არ მაგონდება, რა იყო და როგორ.

კითხვა – სერ, რომანში, „აგვისტოს ნათელი“, მთავარი გმირის, ჯო ქრისტმასის, გაჭირვებისა და საკუთარი თავის ძიების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ მას სჯერა, ნახევრად ზანგი ვარო, და მაინც ვერაფრით ვერ გამოურკვევია, არის თუ არა ეს მართალი. იგი ასე გყავთ ჩაფიქრებული, ნახევრად ზანგი რომ იყოს, თუ ეს ყოველივე ამბის ტრაგიკულ ირონიულობას ერწყმის?

ფოლკნერი – ვფიქრობ, მისი ტრაგედია ეს იყო… არ იცოდა, ვინ იყო და ამიტომ არარაობა გახლდათ. იგი თავისი ნებით გაუნაპირდა ადამიანებს, რადგან არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა. ეს იყო მისი ტრაგედია. ჩემთვისაც ეს გახლდათ ამბის ტრაგიკული, ცენტრალური იდეა – რომ მან არ იცის, ვინ არის, და მისთვის აღარ არსებობს გზა ცხოვრებაში. ადამიანის ყველაზე ტრაგიკულ ყოფად ეს მიმაჩნია, როცა იგი ხედავს, რომ… არ იცის, ვინ არის, და ის კი იცის, რომ ვერც ვერასოდეს გაიგებს.

კითხვა – სერ, თუ იგი არ არის… თუ სინამდვილეში ზანგის სისხლი არ ურევია, მაშინ რა დანიშნულება აქვს რომანის დასასრულს გევინ სტივენსის ეჭვს, როცა იგი განმარტავს, ეს არის სისხლსი კონფლიქტიო? ეს უბრალო მიხვედრაა თუ საბოლოო ცოდნა, რომ…?

ფოლკნერი – დიახ, ეს მიხვედრა გახლავთ, ვარაუდი, რომელსაც სტივენსი გამოთქვამს. ხალხი, რომელმაც დაღუპა ქრისტმასი, ვარაუდს გამოთქვამს, თუ ვინ იყო იგი. დაადგინეს კიდეც, ვინც იყო. მაგრამ ქრისტმასმა არ იცოდა და გაუნაპირდა კაცობრიობას.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ქრისტმასის ეპიზოდს რომ ამუშავებდით, თუ გქონდათ წინასწარგანზრახული ქრისტმასის ამბის სიახლოვე ოიდიპოსის თქმულებასთან, მაგალითად, როგორც ჟურნალ „ვირჯინია ქუორტერლი-ში“ გამოქვეყნებულ ესეიში შენიშნავენ?

ფოლკნერი – არა, არც წინასწარგანზრახული მქონია და არც გაცნობიერებული. ეს გახლავთ შემთხვევა, როცა მწერალი თავისი მეხსიერების საკუჭნაოში ბრუნდება, და უკან დაბრუნება იმისათვის სჭირდება, რათა შექმნას გმირი ან სიტუაცია; და მსგავსება აქ არ გახლავთ წინასწარგანზრახული. ეს დამთხვევაა, შემთხვევითობაც კი არა, დამთხვევა.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, „ველურ პალმებში“ არის ერთი ადგილი, რაც ძალზე გვაგონებს დიდ ინკვიზიტორს დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“, ეს თავი თითქოს გაკიცხვაა არა ქრისტესი, არამედ ორგანიზებული რელიგიისა. რომანში, „აგვისტოს ნათელი“, მოქმედება თითქოს ფანატიკურ კალვინიზმზეა დაფუძნებული. მართალია, რომ თქვენ პიროვნულ რელიგიას ორგანიზებულ რელიგიაზე გაცილებით მაღლა აყენებთ?

ფოლკნერი – დიახ, ყოველთვის ასე ვფიქრობდი.

კითხვა – მაშ, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ უმჯობესია ადამიანმა ხსნა თავის თავში ეძიოს, ვიდრე გარეთ?

ფოლკნერი – დიახ, ცხადია.

***

კითხვა – ერთი შეხვედრისას ბრძანეთ, რომანებისათვის წინასწარმოფიქრებული გეგმა იშვიათად მაქვსო, წერას რომელიმე ხასიათი ან შემთხვევა მაწყებინებსო. მაინტერესებს, რომელმა გმირმა ან შემთხვევამ შთაგაგონათ „აბესალომ, აბესალომ!“-ის დაწერა?

ფოლკნერი – სატპენმა.

კითხვა – ჯერ ეს გმირი მოიფიქრეთ და მერე…

ფოლკნერი – დიახ, გამიჩნდა, იდეა კაცისა, ვისაც ვაჟიშვილების ყოლა სურდა და სწორედ მათ კი დაღუპეს იგი. დანარჩენი გმირები იმისათვის გამოვიგონე, რათა სატპენის ამბავი მომეთხრო.

***

კითხვა – ვეძებდი სატპენს… სატპენის დაცემის მიზეზს ვეძებდი, მისტერ ფოლკნერ, და ვიფიქრე, რომ ეს სამოქალაქო ომის ბრალიც უნდა ყოფილიყო, მართლა ასეა?

ფოლკნერი – დიახ, ასე გახლავთ.

კითხვა – მაგრამ ეს მთავარი მიზეზი არ უნდა იყოს.

ფოლკნერი – არა, სამოქალაქო ომი ჩემი მიზნებისათვის გამოვიყენე. სატპენის ქვეყანა სამოქალაქო ომმა დაანგრია, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა სატპენი, რადგან მას კვლავ სურდა დინასტიის შექმნა. ამას იმ კაცის დახმარებითაც კი აპირებდა, ყმაწვილობისას მისთვის რომ უთქვამს, უკანა კარიდან გაიპარეო.

კითხვა – სერ, რომანში „აგვისტოს ნათელი“, ბევრი მოქმედება უბრუნდება თემას თუ სურათს, ყვითელი კვამლის სვეტი რომ ამოდის ჯოანა ბარდენის ქოხიდან. მაინტერესებდა… თქვენ ბრძანეთ, „ხმაური და მძვინვარება“ ჩამაგონა ერთმა იდეამ, თუ როგორ მიძვრება პატარა კედი ხეზეო. ასევე ხომ არ არის რომანში, „აგვისტოს ნათელი“, ალბათ თქვენ ნახეთ ეს სურათი და ამბავიც ამით დაიწყეთ.

ფოლკნერი – არა, ამ ამბავს ლენა გროუვი იწყებს. ამბავი იწყება იდეით პატარა გოგოზე, ვისაც არაფერი გააჩნია იმ სურვილის გარდა, რომ თავის სატრფოს მიაგნოს. ეს გახლდათ… ასე იმიტომ მოხდა, რომ მე მოხიბლული ვიყავი ქალებით, ქალის სიმამაცითა და სიმტკიცით. ეს ამბავი რომ მოვყევი, მერე უფრო მეტის თქმა მომინდა, მაგრამ ყველაფერი ლენა გროუვის სახით დაიწყო.

***

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, „სავანეში“ არის გმირი, სახელად პოპაი, იგი ბოროტებასა და მატერიალისტურ საზოგადოებას ხომ არ გამოხატავს? რისთვის გყავთ გამოყვანილი?

ფოლკნერი – არა, არაფერსაც არ გამოხატავს, იგი ერთ-ერთი დაღუპული ადამიანია. იგი მხოლოდ შემთხვევით იქცა ბოროტების სიმბოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში; მაგრამ მე ხალხზე ვწერ და არა იდეებზე, არა სიმბოლოებზე.

კითხვა – სერ, მითხრეს, რომ სათაური – „აგვისტოს ნათელი“ – სასაუბრო მეტყველებიდან შემოგიტანიათ და ამიხსნეს, ეს გამოთქმა, ფეხმძიმეობისაგან განთავისუფლებას ნიშნავსო. მართლა ასეა?

ფოლკნერი – არა, ეს სათაური იმიტომ გამოვიყენე, რომ ჩემს მხარეში აგვისტოს თვემ რაღაც განსაკუთრებული სინათლე იცის, სულ ეს არის სათაურის აზრი. მას ამ მხრივ თითქოს არავითარი საერთო არა აქვს წიგნთან, ამბავთან.

კითხვა – როგორ გამოთქვამთ თქვენი მითიური ოლქის სახელს?

ფოლკნერი – თუ დავმარცვლავთ, ასე გამოითქმის: ი-ო-კნა-პა-ტო-ფა. ეს გახლავთ ჩიკასოს ინდიელთა ტომის სიტყვა და ნიშნავს – წყალი ნელა მიედინება სწორ მიწაზე.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, რა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უოშ ჯოუნზს, ამ ბედკრულ კაცს, ვისი ხელითაც იღუპება სატპენი? ეს იმ სოციალური ფენისაკენ ხომ არ მიგვახედებს, საიდანაც სატპენი გამოვიდა, და ირონიული ეფექტის მოხდენას ხომ არ ვარაუდობს? მაინც რა აზრი გაქვთ აქ ჩადებული?

ფოლკნერი – ერთი მხრივ ასეა, მეორე მხრივ კი უოშ ჯოუნზი იმ ადამიანს გამოხატავს, ვინც სამოქალაქო ომს გადაურჩა. სვეტებიან სასახლეებში მცხოვრები არისტოკრატია განადგურდა, უოშ ჯოუნზი კი უცვლელი დარჩა, იგი 1861 წლამდე უოშ ჯოუნზი იყო და 1865 წელშიც იგივე დარჩა, და საბოლოოდ სატპენს შეეჯახა.

***

კითხვა – რომანში, „აგვისტოს ნათელი“, ხომ არ გრძნობთ, რომ მამა ჰაიტაუერი კვდება იმის ფიქრით, რომ რაღაც ხსნას მიაღწია – რაღაც განწმენდას?

ფოლკნერი – იგი არ მომკვდარა, მან დაიღუპა ცხოვრება. დაკარგა ცოლი. დაკარგა საკუთარი თავი, ერთადერთი რამ დარცა – მამაცი პაპა, რომელიც ცხენით შეიჭრა ქალაქში, რათა იანკების საწყობები გადაეწვა, ესღა შერცა. სხვა ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ რადგან ჰაიტაუერი ღვთის კაცი იყო, ცდილობდა, ღვთის კაცად დარჩენილიყო და თავი არ მოეკლა. მას უნდა გაეძლო, ეცოცხლა, ერთადერთი რამ შერჩენოდა, წმინდა და მშვენიერი – მოგონება პაპისა, მამაცი კაცი რომ ყოფილა.

კითხვა – რამდენად არის „აბესალომ, აბესალომ!“ შრივისა და ქვენტინის მიერ აღდგენილი? რა უნდა ჩათვალოს მკითხველა ობიექტურ ჭეშმარიტებად და მათ პიროვნულ (მოგონებად)?

ფოლკნერი – ამბავს ქვენტინი უყვება შრივს. შრივი კომენტატორია, რაც ამბავს რეალურობას ანიჭებს. მხოლოდ ქვენტინს რომ მოეყოლა, ამბავი მთლად არარეალური იქნებოდა. აუცილებელი იყო, რომ ამბავი რეალური, დამაჯერებელი, დამარწმუნებელი ყოფილიყო, სხვაგვარად ბოლთან და მძვინვარებასთან ერთად გაქრებოდა.

კითხვა – სერ, ამავე საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ინგლისურ კლუბში ბრძანეთ, ერთხელ გვერდზე გადავდე „აბესალომი“, რათა მერე დავბრუნებოდიო. მაინტერესებს, ეს ის ადგილი ხომ არ არის, დასასრულს მისს როზა რომ… ხომ არ მოგეჩვენათ, რომ იგი გაგირბოდათ, რადგან ამ დროს შრივი შემოდის. იქნებ მოიგონოთ, სერ?

ფოლკნერი – მახსოვს წერა მაშინ შევწყვიტე, როცა მივხვდი, რომ საკმარისი არ ვიცოდი, ან საკმაოდ არ ვიყავი შეპყრობილი თუ დაწმენდილი; მაგრამ რომელ ადგილზე შევჩერდი, არ მახსოვს, თუმცა როცა დავბრუნდი, ყველაფერი ხელახლა დავწერე. ვფიქრობ, რაც მივატოვე, გაფანტული ფრაგმენტები იყო, დაუკავშირებელი ფრაგმენტები, და როცა დავუბრუნდი, ხელახლა დავწერე.

***

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ხომ არ განმისაზღვრავთ ერთ თვისებას. ვგულისხმობ წინადადებას „დათვიდან“, ამ წინადადებას წაგიკითხავთ, რათა მიგახვედროთ, რას გეკითხებით: „ბიჭს მორჩილებისა და სიამაყის შესწავლა სურდა, რათა ტყეში მოხერხებული და ღირსეული ყოფილიყო. უცებ იგრძნო, მოხერხებას ისე სწრაფად იძენდა, რომ შეეშინდა, ღირსებას ვერ მივაღწევ, რადგან მორჩილება არ მისწავლიაო…“ მერე კი ასე გრძელდება „ … ვიდრე ბერიკაცმა, ვისაც არც დაურიგებია და არც წინ გაუძღოლია, მაინც თითქოს ხელით არ მიიყვანა იქამდე, სადაც ბებერმა დათვმა და ფინიამ არ უჩვენეს მას კიდევ ერთი რამ, რისი მეოხებითაც ორივეს მიაღწევდა“, რა არის ეს „კიდევ ერთი რამ“?

ფოლკნერი – სიმამაცე.

კითხვა – … მეგონა, ეს შებრალება უნდა იყოს-მეთქი, ან სიმართლე, მისტერ ფოლკნერ.

ფოლკნერი – ეს იყო სიმამაცე. პატარა ძაღლს ხომ წარმოდგენაც არა აქვს, დათვი თუ მასზე დიდია.

კითხვა – სათაური „აბესალომ, აბესალომ!“ ბიბლიიდან, სამუელის მეორე წიგნიდან ამოღებული ნაწყვეტი ხომ არ არის?

ფოლკნერი – დიახ.

კითხვა – რომანს რომ წერდით, ეს ეპიზოდი გახსოვდათ თუ ჯერ რომანი დაწერეთ და მერე გაიაზრეთ სათაურთა მსგავსება?

ფოლკნერი – ერთდროული მოხდა. როგორც კი გამიელვა იდეამ კაცზე, ვისაც ვაჟიშვილების ყოლა სურდა და სწორედ ვაჟებმა დაღუპეს, მაშინვე ეს სათაური გამახსენდა.

***

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, რომელს თვლით თქვენს წიგნებში საუკეთესოდ?

ფოლკნერი – იმას, რომელმაც ყველაზე ტრაგიკულად და ბრწყინვალედ დამამარცხეს. ეს იყო „ხმაური და მძვინვარება“. ამდენ ხანს და ასე დაძაბულად არც ერთ სხვა წიგნზე არ მიმუშავია, ეს ჩემთვის იყო ყველაზე მგზნებარე და შემძვრელი იდეა და ყველაზე ბრწყინვალედ დამამარცხა. ეს არის ჩემი… საუკეთესოდ კი არა ვთვლი… როგორ გითხრათ; საუკეთესო არასწორი სიტყვაა… ყველაზე ძალიან ეს წიგნი მიყვარს.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, უმრავლესობა, ძალზე გააოგნა თქვენი სტილის ცვლილებამ რომანში – „აგვისტოს ნათელი“. მაგალითად, თქვენ თხრობისას იყენებთ აწმყო დროს და არა მყოფადს. ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ახალი ფორმაა დრამატიზმის შესაქმნელად?

ფოლკნერი – არა, ეს მხოლოდ თხრობისათვის საუკეთესო გზად მომეჩვენა. სტილი წინასწარგანზრახვით არ შემიცვლია. არც კი ვიცი, სტილი რა არის. მე არ… მწერალს ბევრი რამ აქვს შიგნიდან გარეთ გამოსატანი და დრო აღარ რჩება სტილზე წუხილისა. თუ მარტო წერა უყვარს და სხვა არაფერი აწუხებს, მაშინ მწერალს შეუძლია სტილისტი გახდეს, მაგრამ მათ, ვისაც ბევრი აქვთ სათქმელი, მოუქნელად წერის მეტი არაფერი რჩებათ, ვთქვათ, ბალზაკი როგორც იყო.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, „აბესალომ, აბესალომ!“-ში, როცა შრივი და ქვენტინი ამბავს აღადგენენ, ისინი იხსენებენ ვექილს, ვინც ჩარლზის დედის საქმეს აწარმოებდა სატპენის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს ვექილი მართლა არსებობდა, თუ მათი წარმოსახვის ნაყოფი იყო?

ფოლკნერი – უკაცრავად, მაგრამ არ მახსოვს.

კითხვა – ისინი საუბრობენ იმ კაცზე, ვინც ჩარლზის  დედას რჩევას აძლევდა სატპენის წინააღმდეგ აღძღულ საქმეში.

ფოლკნერი – ალბათ იყო ვექილი. ეს წიგნი არ მახსოვს, მაგრამ დიახ, ვექილი იყო. ეს ლოგიკურად ჟღერს მისისიპურ საქმეებში. დიახ, იყო… პატარა ვექილი იყო.

***

კითხვა – სერ, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი მსაჯულია ნებისმიერი მწერალი თავისი ნაწარმოებისა?

ფოლკნერი – იგი… მას მხოლოდ იმის განსჯა შეუძლია, თვითონ თუ აკმაყოფილებს, სხვაგვარად კი, ალბათ ფუყე მსაჯულია, რადგან მას ეხება; და არაფრად არ უნდა ნაკლი დაინახოს, და საშუალო წიგნზე იტყვის პირველხარისხოვანიაო, თვითონ არის გარეული და იმიტომ.

კითხვა – და პირიქით, შეიძლება სათანადოდ ვერც შეაფასოს?

ფოლკნერი – დიახ, ასეც შეიძლება მოხდეს.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, რა მიზანს ისახავთ, ერთი და იგივე გმირები რომ გამოგყავთ თქვენს ნაწარმოებებში?

ფოლკნერი – არავითარს, მე მხოლოდ… მთელი ცხოვრება პატარა ქალაქში გავატარე, მისისიპში, და იქ დიდი მრავალფეროვნება არ იგრძნობა. მწერალი გამოცდილების, წარმოსახვისა და დაკვირვების ძალით წერს თავის გარემოზე. ვფიქრობ, ეს იკმარებს ახსნა-განმარტებად.

კითხვა – სერ, ასეთივე შეკითხვა მინდა მოგცეთ, ზოგიერტი თქვენი რომანიდან კრეფთ გმირებს, დიდი ხნის წინ იმ რომანში რომ იყვნენ, და სხვა რომანში გადაგყავთ, მაგალითად სნოუპსების ამბავთა უმეტესობა, რამდენადაც ვიცი, 1929 წელს დაიწერა, და მაინც, თქვენ წელსაც გამოეცით წიგნი სნოუპსებზე. ძნელი ხომ არ არის, წლების შემდეგ ამოკრიფოთ გმირები და უცვლელად დატოვოთ მათი პიროვნებანი?

ფოლკნერი – არა, რას ბრძანებთ. ეს გმირები ჩემთვის სავსებით რეალური და მუდმივია. ყოველთვის ჩემს გონებაში არიან. არ მიჭირს უკან დაბრუნება და ამორჩევა. მათი საქმეები მავიწყდება, მაგრამ ხასიათი არა, და წიგნი რომ დასრულდება, ხასიათიც კი არ მთავრდება. ის გრძელდება და ვითარდება, ადრე თუ გვიან ჩავუჯდები და წერას გავაგრძელებ.

კითხვა – ამბობენ, რომ თქვენ ადამიანს გულის საიდუმლოებებზე წერთ. ხომ არ არსებობს ერთი მთავარი ჭეშმარიტება ადამიანური გულისა?

ფოლკნერი – იცით, ეს შეკითხვა თითქმის მეტაფიზიკურია. მე ვიტყოდი, რომ თუკი არსებობს ერთი ჭეშმარიტება ადამიანური გულისა, ეს არის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ამაღლება, გაუმჯობესება შეუძლია. ეს ყველა ადამიანს ახასიათებს.

***

კითხვა – მაინტერესებს, ხომ არ ეჭვობდა ჩარლზ ბონი, რომანში „აბესალომ, აბესალომ!“, თავისი მამის ვინაობას?

ფოლკნერი – მე მგონი, იცოდა. არ ვიცი საიდან… დედამ თუ უთხრა. მე მგონი, იცოდა.

კითხვა – ეს ცნობიერი ცოდნა იყო თუ არაცნობიერი, რას იტყვით?

ფოლკნერი – ალბათ ცნობიერი ცოდნა იყო, იმ აზრით, რომ დედამ უთხრა, ვინც იყო მამამისი. შესაძლოა არ სჯეროდა, ან არ იცოდა, ან არ ენაღვლებოდა. ვფიქრობ… არ მჯერა, რომ იგი რაღაც ნათესაობას გრძნობდა სატპენთან, მამაშვილურ ნათესაობას, მაგრამ ალბათ დედამ უთხრა, მიგატოვესო, და თუ ეს სჯეროდა, ცხადია სატპენიც უნდა სძულებოდა.

კითხვა – სერ, თქვენ… ნათანაილ ჰოთორნს სწამდა, გულის გატეხვა უდიდესი ცოდვააო. ხომ არ გვეტყოდით, რას ფიქრობთ ამ სიტყვებზე, უდიდეს ცოდვაზე, ან დანაშაულზე ან ცოდვის ხასიათზე? ეთანხმებით ამ აზრს?

ფოლკნერი – დიახ, დიახ, ვეთანხმები.

კითხვა – რაიმე საერთო ხომ არ არსებობს „რექვიემის“ ნენსისა და „იმ ჩამავალი მზის“ ნენსის შორის?

ფოლკნერი – ეს ერთი და იგივე პიროვნებაა.

კითხვა – მათ ორივეს შეემთხვათ ის ფათერაკი მისტერ სტოვალთან, ქუჩაში?

ფოლკნერი – დიახ, ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. ვფიქრობ, ეს ხალხი მე მეკუთვნის და შემიძლია ვამოძრაო დროში, როცა მჭირდება.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, მთელს თქვენს ნაწარმოებებში ჩანს თემა, რომ არსებობს წყევლა სამხრეთზე. იქნებ აგვიხსნათ, რა წყევლაა ეს და აქვს თუ არა სამხრეთს შანსი გადარჩენისა?

ფოლკნერი – ეს წყევლა არის მონობა, ეს აუტანელი მდგომარეობაა… ადამიანის დამონება არ შეიძლება… და სამხრეთმა უნდა იზრუნოს ამ წყევლის ასაშორებლად და აიშორებს, თუკი რაიმეს იღონებს. ამის ბრძანება არ შეიძლება, ნება-სურვილით უნდა მოგვარდეს, რაც, მჯერა, მოხდება, თუკი თავის ნებაზე მივუშვებთ.

კითხვა – ხალხის რეაქცია სატპენის მეორე ქორწინებისას… არავინ რომ არ ესტუმრა ქორწილში… ხალხის ეს რეაქცია სატპენის ცხოვრების ათვალწუნებით იყო გამოწვეული, მისი სოციალური ცოდვებით თუ იმიტომ, რომ არ იცოდნენ, საიდან ჰქონდა ფული?

ფოლკნერი – ოჰ, იგი ბევრს აცოფებდა იქ. მათ ეშინოდათ მისი, იმიტომ, რომ უხეში იყო. სხვა არაფერს ეპოტინებოდა, რჩებოდა იმად, რაც იყო და ამით აცოფებდა ადგილობრივ მკვიდრთ, და ისინიც რიყავდნენ. შურისძიების გამო კი არა, მასთან ურთიერთობა არ სურდათ.

კითხვა – სერ, თქვენ ბრძანეთ, ვგრძნობ სამხრეთს იმედი არ გადაწურვიაო. არადა, სნოუპსები ფრანგის სამოსახლოს დაეპატრონნენ, ფლემი ჯეფერსონის ბანკის პრეზიდენტი გახდა. განა ეს ხალხი უნდა გამოუძღვეს სამხრეთს ბნელეთიდან?

ფოლკნერი – ეს ის ხალხია, ახალი ეპოქის ინდუსტრიასთან შეგუება რომ შეუძლია, მაგრამ მათ გარდა რჩება რაღაც… როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე… ეს არის ძველი მხედრული სული, რაც თავს იჩენს ხოლმე, რაც ჩნდება. მხედრულ სულში ვგულისხმობ იმ ხალხს, ვისაც სწამს ღირსება – ღირსების გულისათვის და პატიოსნება – პატიოსნების გულისათვის.

კითხვა – როგორ ფიქრობთ, ხალხმა ერთად უნდა მოიყაროს თავი თუ როგორ უნდა აღსრულდეს ეს გმირობა? განა არა გრძნობთ, რომ არსებობს წყევლა, რაც უნდა ჩამოვირეცხოთ?

ფოლკნერი – თავმოყრა საჭირო არ არის. მეეჭვება, თავმოყრით რაიმე მიიღწეოდეს. ხალხი მიზანს ინდივიდუალური პროტესტით აღწევს.

კითხვა – სატპენი სულიან-ხორციანად გადაგვარებული პერსონაჟია, ვთქვათ, კლეგარტივით – („ბილი ბადი“) ან იაგოსავით („ოტელო“), თუ მისი შებრალება შეიძლება?

ფოლკნერი – ვფიქრობ, შეიძლება. იგი გადაგვარებული არ ყოფილა, უზნეო იყო, უხეში, საშინელი თავკერძა. ჩემთვის იგი შესაბრალისია, ისევე, როგორც ყველა, ვინც ადამიანებს უარყოფს, ვისაც არა სწამს, რომ ადამიანურ ოჯახს ეკუთვნის. სატპენს ეს არა სწამდა. იგი სატპენი იყო. სურდა, ყველაფერი მოეხვეჭა, რაც უნდოდა, რადგან დიდი და ძლიერი იყო, და ვფიქრობ, ასეთი ხალხი ადრე თუ გვიან იღუპება, რადგან აუცილებელია ადამიანთა ოჯახს ეკუთვნოდე და ამ ოჯახში მოვალეობაც გქონდეს…საუბარი პროზის განყოფილების ასპირანტებსა და რომანის განყოფილების ბოლო კურსის სტუდენტებთან, 1957 წლის 27 აპრილი

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, „აგვისტოს ნათელში“ გამოთქმული შეხედულება ტენისონზე – ჰაიტაუერი რომ აბობს, ტენისონის კითხვა „წააგავს ტაძარში საჭურისის გალობას ისეთ ენაზე, სულ რომ არ აღელვებს, გაუგებენ თუ არაო“ – თქვენი შეხედულება ტენისონზე?

ფოლკნერი – რას ბრძანებთ, ეს ჰაიტაუერის შეხედულება გახლავთ და მე მის შეხედულებებზე პასუხს არ ვაგებ. ტენისონს მე სხვანაირად ვუყურებ, ახალგაზრდობაში ტენისონს დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ახლა სულ ვეღარ ვკითხულობ.

კითხვა – რომანში „აბესალომ, აბესალომ!“, თქვენ რომ ბრძანეთ, ამ ბოლო დროს კარგად არ მახსოვსო, ხომ არ გაგონდებათ, როდის შეიტყობს ჩარლზ ბონი, რომ სატპენი მამამისია? ეს მანამდეა თუ მას მერე, რაც იგი ნიუ ორლეანს დატოვებს და უნივერსიტეტში მიდის?

ფოლკნერი – მგონი, ეს დედამ ჩააგონა, როგორც კი იმხელა გახდა, რომ დამახსოვრებას შეზლებდა, და ახლა ჩარლზი მამას სამართლიანობის გულისთვის ან საკუთარი თავისათვის კი არ დაეძებს, არამედ იმიტომ, რომ შური იძიოს მიტოვებული დედის გამო. ჩარლზს ეს უნდა სცოდნოდა. იგი იქ უნდა ყოფილიყო ჩაფლული – თავის ბავშვობის პირველ დღეებში, რომ ამ მიტოვებულ ქალს არასოდეს მიეცა უფლება, დაევიწყებინა ეს ამბავი.

კითხვა – ნიუ ორლეანელი ვექილი ბონსა და დედამისს პირადი გამორჩენის გულისთვის ხომ არ ეხმარება?

ფოლკნერი – ალბათ ასეა. დიახ, სატპენის კვალს რომ მიაგნო, როცა გაიგო, სატპენი მდიდარი კაციაო, დიახ, იფიქრა, ამ საქმეში ხელს მოვითბობო. ბონს ხელის მოთბობა სრულაიდ არ აღელვებს, მას შურისძიება სწყურია დედის გამო.

კითხვა – როგორ გგონიათ, ჩარლზ ბონისა და სატპენის ურთიერთობა რამდენად ეხმაურება, როგორც თქვენ მიიჩნევტ, სამხრეთის ძირითად რასობრივ ყოფას?

ფოლკნერი – ეს გახლავთ წარმოჩენა სამხრეთის ძირითადი რასობრივი სისტემისა, რაც შემჭიდროვებული და კონცენტრირებული ხდება, როგორც კი მწერალი რაიმე შემთხვევისა თუ ხასიათის აღწერას იწყებს, იმ მიზეზით, რომ ახლა სამოციანი წლები არ არის. მან უნდა აკეთოს თავისი საქმე… წიგნის ფურცლებზე, მაგრამ… ეს არის აღწერა სამხრეთის ძირითადი, მუდმივი ყოფისა, დიახ.

კითხვა – თქვენს ნაწარმოებებში აღწერილი სისასტიკის მრავალი შემთხვევა კუ კლუქს კალნს მოგვაგონებს, და მინდა გავიგო, პირდაპირ რატომ არასოდეს ასახელებთ, რომ გასაგები იყოს?

ფოლკნერი – სული, რომელიც აღძრავს ადამიანს, ზეწარი ჩამოიცვას და შენს ეზოში ჩირაღდნები ააგიზგიზოს, საკმაოდ გავრცელებულია მისისიპში, მაგრამ ყველა მისისიპელი როდი იბურება ზეწრით და ანთებს ჩირაღდნებს, ისინი ზიზღით, სიძულვილითა და ძრწოლით უყურებენ მათ, ვინც ასე იქცევა, მაგრამ ეს სული, ეს იმპულსი მათშიც არსებობს, ოღონდ ისინი ღამის პერანგებისა და ანთებული ჩირაღდნებისაგან განსხვავებულ მეთოდს ეძებენ. კუ კლუქს კლანში არაფერია იმდენად დრამატული, რომ მოთხრობაში მისი გამოყენება მომსურვებოდა, თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა გამოვიყენო.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ზუსტად ხომ ვერ გვეტყოდით, რატომ არის „ხმაურისა და მძვინვარების“ ერთი ნაწილი კურსივით დაწერილი? ამით რა იგულისხმება?

ფოლკნერი – მე მჭირდებოდა მეთოდი, რათა მკითხველისათვის მიმენისნებინა, რომ ამ იდიოტს დროის შეგრძნება არ გააჩნია. ათი წლის წინათ მომხდარი ამბავი გუშინდელი ჰგონია. ამის მისაღწევად მჭირდებოდა სხვადასხვა ფერის მელანი, მაგრამ ეს ძალზე ძვირი ჯდებოდა. გამომცემელი ამას ვერ აუვიდოდა.

კითხვა – განა ქვენტინთანაც იგივე არ მეორდება?

ფოლკნერი – დიახ, რადგან ისიც გიჟსა და ნორმალურს შორის ირწევა. აქ ეს იმდენად არ იგრძნობა, რამდენადაც ბენჯისთან, რადგან ქვენტინი გაყოფილია ბენჯისა და ჯეისონს შორის. ჯეისონს არ სჭირდება კურსივი, რადგან იგი სავსებით ნორმალურია.

კითხვა – და მეორე, რაც შევამჩნიე, არის ის, რომ თქვენ საჭიროდ არ მიიჩნევთ ყოველ ზმნასთან იყოს ქვემდებარე, შემასმენელი და სხვა ამგვარი რამ.

ფოლკნერი – როგორ გითხრათ… ვფიქრობ ეს მართლაც ვერაფერი შეკითხვაა. ვცდილობდი, მომეთხრო ამბავი ისე, როგორც ჩემი აზრით, იდოტმა ბავშვმა დაინახა. და მგონია, რომ ამ იდიოტ ბავშვს არ უნდა სცოდნოდა, რა არის გრამატიკა, მხოლოდ იმას ამბობს, რასაც განიცდის.

კითხვა – მე ქვენტინს უფრო ვგულისხმობდი და მას ხომ უთუოდ… იგი ჰარვარდში სწავლობდა, მას უნდა სცოდნოდა.

ფოლკნერი – იცით, ქვენტინი განათლებული ნახევრად გიჟი გახლდათ და გრამატიკას უკუაგდებდა. რადგან მისი ნახევრად შეშლილი გონებისათვის ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მიაჩნდა, რომ სხვების გონებისთვისაც ნათელი უნდა ყოფილიყო… რომ რასაც იგი ხედავდა, სავსებიტ ლოგიკური იყო, სავსებით ნათელი.

კითხვა – სერ, კიდევ ერთი გულუბრყვილო შეკითხვა მინდა მოგცეთ, როცა ვცდილობ ჩავწვდე მნიშვნელობას, რაც გმირებს აერთიანებს რომანში „აგვისტოს ნათელი“, მეჩვენება, რომ ყველა მათგანს ამა თუ იმ გზი ხელი მოსცარვია სიყვარულში და ცდილობენ იქნებ რაიმეს მიაგნონ, ამგვარი მნიშვნელობის მინიჭება ხომ არ გსურდათ?

ფოლკნერი – შესაძლებელია, ცხადია, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ ხალხზე ვწერდი, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, შესაძლებელია, ასე უნდა იყოს, მაგრამ მწერლისთვის ესეც შემთხვევითია.

კითხვა – მაგრამ ისინი ყველა რთულ მდგომარეობაში არიან. მეტ-ნაკლებად… თითქმის გაღატაკებულნი.

ფოლკნერი – დიახ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ბევრნი არიან. უამრავი ხალხი დაეძებს რაღაცას და ძალიან ხშირად ეს რაღაც სიყვარულია – აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს სიყვარული ქალსა და კაცს შორის. შესაძლოა ეს იყოს სიყვარული უნივერსალური ძალისა, სიძლიერისა, რაც ცხოვრებას გასდევს, სამყაროს გასდევს. ამან შესაძლოა მიიღოს ფორმა… ამ სიყვარულის ობიექტი შეიძლება გახდეს კაცი ან ქალი, რადგან კაცისა და ქალის ინტინქტური ბუნების ნაწილია ის, რომ უნდა ობიექტი, ვისაც უნდა გადაუშალოს ის საძიებელი სიყვარული.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ვფიქრობ, სტუდენტისათვის ბუნებრივი საქციელია, რომ მას მერე, რაც დაწერს თემას ან რაიმე სკოლაში წარსადგენად, იგი ამ ნაწერს წააკითხებს თავისი ოთახის ამხანაგს ან სხვა ვინმეს, ვინც ახლოს არის მასთან, წააკითხებს და აზრის გამოთქმას სთხოვს. თქვენც ასე ხომ არ იქცევით, როცა მოთხრობას ან რომანს დაწერთ? ხომ არ არის თქვენს ოჯახში ან თქვენს ახლო მეგობრებში ისეთი ვინმე, ვისაც დაწერილს აკითხებთ და ეუბნებით, რას იტყვიო?

ფოლკნერი – არა, არავის ვაკითხებ, რადგან ჩემს აზრს უფრო ვენდობი, ვიდრე სხვისას. და ვიცი, რომ სხვისი აზრი ჯერ არც მჭირდება. ასე რომ, აქამდე არც მიფიქრია ვინმესთვის მეჩვენებინა, რადგან მართლაც არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ. სხვისი აზრი ჯერ არ გამომდგომია. შესაზლოა, თუკი საქმეში წამადგა, ყველა შევაწუხო, თავი მოვაბეზრო, ლამის სიკვდილი მოვანატრო, ხელნაწერს გადამიხედეთ-მეთქი.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ტემპლ დრეიკი და გევინ სტივენსი რომ კვლავ გააცოცხლეთ რომანში „რეკვიემი მონაზვნისათვის“ – ვფიქრობ, ეს გვიანდელი პროცესია. „სოფელს“, „ქალაქსა“ და „კარმიდამოში“ ყველაფერი ერთ მთლიანობად ხომ არ გაგიაზრებიათ?

ფოლკნერი – დიახ, მართალია, ასე იყო… დავიწყე ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა ამ გოგონას მომავალი? მერე ვიფიქრე, რა იქნებოდა ქორწინებამ სუსტ კაცთან რომ დააკავშიროს-მეთქი? რა გამოვა აქედან? და უეცრად მომეჩვენა, რომ ეს დრამატული იქნებოდა და დაწერად ღირდა. მაგრამ ეს იყო… თქვენ მართალი ხართ… ამაზე არ მიფიქრია, „სავანეს“ რომ ვწერდი.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, თქვენივე შენიშვნიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ თქვენ გწამთ, მოთხრობაში გმირების განვითარებასთან ერთად, რომ შესაძლოა მწერალიც განვითარდეს. რას იტყვით, სწორად მივმხვდარვარ?

ფოლკნერი – დარწმუნებული ვარ, ასეა. მწერალი სწავლობს ყველაფრიდან, რასაც წერს, სწავლობს თავისი შექმნილი ხალხისაგან. იგი ჯერ გულწრფელად გაიაზრებს ამ ყოველივეს, მერე ანიჭებს თვისებებს ადამიანური საქმიანობისა, ადამიანური საქციელისა, ადამიანურ მისწრაფებათა, შემდეგ კი სწავლობს – დიახ, ისინი ასწავლია, ისინი აოცებენ მწერალს, ასწავლიან ისეთ რამეს, რაც არ იცის, ისინი რაღაცას ჩაიდენენ და მწერალი უეცრად თავის თავს ეტყვის, ჰოი, ეს რა მართალია, ეს ასეაო.

კითხვა – ადრინდელ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, განა თქვენ არ ბრძანეთ, რომ რომანში – „აგვისტოს ნათელი“… იმის თაობაზე მსჯელობდით… რომ ცხოვრებას მხოლოდ ტრაგიკული მხარე აქვს.

ფოლკნერი – მე ასე არ ვფიქრობ. ერთადერთი პიროვნება ამ წიგნში ვისაც ცხოვრება ტრაგიკულად წარმოედგინა, ჯო ქრისტმასია, რადგან არ იცოდა, თუ ვინ იყო, და თავისი ნებით განუდგა ადამიანებს. დანარჩენებს, ვფიქრობ მიაჩნიათ, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ არსებობს ბედნიერებაცა და სიკეთეც – ბაირონ ბანჩი და ლენა გროუვი ყოველგვარ გასაჭირს გადაიტანენ.

კითხვა – გენეალოგია ამ ხალხისა, ერთმანეთს რომ უკავშირდებიან, მაკქასლინებისა და ყველასი – წიგნების დაწერამდე შეიქმნა თუ თითოეული წიგნის დასრულების შემდეგ?

ფოლკნერი – არა, ეს მას მერე შეიქმნა, რაც ეს ხალხი გამოჩნდა, მოთხრობის წერისას ერთ გმირზე ვფიქრობ და იგი უეცრად ჩაითრევს ხოლმე უამრავ ხალხს, რომ არც მინახავს და არც არაფერი მსმენია მათზე აქამდე, და ასე თავისთავად განვითარდა გენეალოგია.

კითხვა – ზოგიერთი სახელი თქვენს წიგნებში მრავალმნიშვნელოვანია, უაღრესად მრავალმნიშვნელოვანი. მაინტერესებს, ეს უბრალო დამთხვევაა, თუ თქვენ წინასწარგანზრახვით შემოიტანეთ სახელები: გეილ ჰაიტაუერი, ჯოანა ბარდენი..?

ფოლკნერი – იცით, ეს პრე-ელიზაბეთური ტრადიციიდან მომდინარეობს, როცა გმირებს იმის მიხედვით არქმევდნენ სახელებს, თუ რას გვაგონებდნენ გმირები ან რას სჩადიოდნენ… ცხადია, მე მეჩვენება, რომ ამ ხალხმა თვითონ დაირქვა სახელები, მაგრამ ვიცი საიდანაც მოდის ეს სახელები… ეს მოდის… მე მაგონდება ძველი მირაკლები, მორალისტები ადრეულ ინგლისურ ლიტერატურაში. ჩოსერი.

კითხვა – სერ, ხომ არ ხედავთ საერთოს ტომას სატპენსა და ფლემ სნოუპს შორის? ისინი არიან… არა მგონია, რომ რაიმე კომედიის მსგავსი იყოს – „აბესალომში“; და „სოფელსა“ და „ქალაქშიც“ საკმაოდ გაშლილი მოქმედებაა, მაგრამ ორივე… მათ დიდი გეგმა აქვთ და ამ გეგმის განხორციელებისათვის არაფერს ერიდებიან – ისინი ხალხს საკუთრი მიზნებისათვის იყენებენ.

ფოლკნერი – ჰო, ოღონდ სატპენს დიდი გეგმა ჰქონდა. სნოუპსის გეგმა მეტისმეტად მდაბალი იყო – მას მხოლოდ გამდიდრება სურდა, ოღონდ არ ანაღვლებდა, თუ როგორ. სატპენსაც გამდიდრება სურდა, ოღონდ ეს არ ყოფილა მთავარი. მას სურდა შური ეძია უბრალო ხალხის მაგივრად არისტოკრატებზე, უკანა კარიდან რომ აძევებდნენ ხოლმე. სატპენს სურდა ეჩვენებინა, რომ მასაც შეეძლო შეექმნა დინასტია – გამხდარიყო მეფე და დასაბამი მიეცა უფლისწულთა შთამომავლობისათვის.

კითხვა – მეჩვენება, რომ ფლემსაც რაღაც ამგვარი ჰქონდა გუნებაში, მას რესპექტაბელობა უფრო ჭირდებოდა, ვიდრე ფული, არა?

ფოლკნერი – არა, არა, მან ძალზე გვიან აღმოაჩინა, რომ რესპექტაბელობაც უნდა ჰქონოდა, მას არ მონდომებია რესპექტაბელობა, ვიდრე არ მიხვდა, რომ ესეც საჭირი იყო. იგი უამისოდაც იოლად გავიდოდა, რომ შესძლებოდა, მაგრამ უეცრად დაჭირდა.

კითხვა -ეს უხეში დამოკიდებულება სატპენსა და ფლემ სნოუპსისა, ეს უნარი, გამოიყენონ ხალხი ისე, რომ არაფრად ჩააგდონ ისინიც თუ ადამიანები არიან, რაღაც ადამიანობის წამრთმევია, ეს დამოკიდებულება თითქოს თანდათან უარესდება, როცა ისინი სოფლიდან ქალაქში ჩამოდიან. ასე გქონდათ განსაზღვრული, ასე გქონდათ ჩაფიქრებული?

ფოლკნერი – ისინი იმიტომ კი არ ფუჭდებიან, რომ ქალაქში ჩამოდიან. ისინი ჩამოდიან ქალაქში, რათა უფრო მეტი ხალხი მოძებნონ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად. ფუჭდებიან იმიტომ, რომ ხალხს იყენებენ და თანაც ზიზღით უყურებენ. მხოლოდ ცოტას თუ მოეპოვება საკმარისი ზნეობრივი სიმაღლე სულისა, რომ ხალხი დაიხმაროს და მათდამი ზიზღი არ განუვითრდეს და ეს – ხალხისადმი ზიზღი ქალაქში ჩასვლას კი არ მოაქვს, არამედ წარმატებას.

კითხვა – მინდა გკითხოთ ძველ სამხრეთსა და ახალ სამხრეთზე… „დათვში“ პატარა ბიჭი დავაჟკაცებული რომ ბრუნდება და დაქცეულ ტყეს ხედავს… მინდოდა გამეგო, ძველი სამხრეთი უფრო გიყვართ თუ ახალი სამხრეთი?

ფოლკნერი – ჰო, ახალმა სამხრეთმა უამრავი ხალხი მოიზიდა და ქვეყანა ძალზე შეიცვალა, მოისპო მისისიპის ნაწილი, მე რომ ასე მიყვარდა ყმაწვილობისას. მოისპო ტყე. თუმცა სისულელეა კაცი პროგრესის მოწინააღმდეგე იყო, რადგან ყველაფერი პროგრესის ნაწილია და სხვა გზა არცა აქვთ – უაზრობაა არ შეურიგდე ამას, დაუპირისპირდე. ალბათ ყველას აწუხებს რაღაც ნოსტალგია ყმაწვილობის ხანისადმი. ყველას ავიწყდება უსიამოვნო, ცუდი ამბები, რაც თავს გადახდენია, ახსოვს მხოლოდ ტკბილადმოსაგონებელი. ასე, რომ შესაძლოა ჩრდილოელიც განიცდიდეს იგივეს ძველი და ახალი ჩრდილოეთისადმი, რასაც სამხრეთელი განიცდის ძველი და ახალი სამხრეთისადმი.

კითხვა – ვგონებ, ჟურნალ „ლაიფის“ ბოლოდროინდელ ნომერში იყო წერილი თქვენი გუბერნატორის შესახებ, მოყვანილი იყო მისი სიტყვები მისისიპის პროგრესის თაობაზე, რაც სკლებს უკავშირდებოდა – როგორ მოახერხებს გუბერნატორი, თქვენ რომ ბრძანეთ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაუჭიროს მხარი სეგრეგაციის და, ამავე დროს, ყველაფერი იღონოს ფერადკანიანთა ყოფის გასაუმჯობესებლად?

ფოლკნერი – იგი უკეთესი ადამიანი გამოდგა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა მისისიპში. ვფიქრობ, მისი ჭეშმარიტი სურვილები რომ სცოდნოდათ, არასოდეს აირჩევდნენ. და იგი… მე მიმოწერა მქონდა მასთან, ვიდრე აირჩევდნენ, და ახლაც, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, მიგზავნის წერილებს თავისი საკანონმდებლო პროექტების შესახებ; როცა კი შემთხვევა მიეცემა, იყენებს ჩემს სიტყვებს, რაც კი მისთვის მითქვამს სეგრეგაციის შესახებ. და იგი პიროვნებაა, ვინც იცის, ვინც ხედავს, რომ საქმის მიტოვება იოლია, რაღაც ახალი უნდა გაკეთდეს. მაგრამ მან თავისი შტატიც უნდა წარმოადგინოს და იგი ვერ გამოვა სეგრეგაციის ერთბაშად აკრძალვის მოთხოვნით, მაგრამ იცის, რომ რაღაც ახალი უნდა გაკეთდეს და ფიქრობს, როგორც ბევრი სხვაც მისისიპში, რომ ყოველ ზანგს სურს თანასწორობა, თანასწორობა განათლებითა და ეკონომიურად, რომ ზანგს ისევე არა სურს აითქვიფოს თეთრკანიანებში, როგორც თეთრებს არა სურთ ზანგებში ათქვეფა, და გუბერნატორი ამბობს, ზანგს რომ ჰქონდეს კარგი სკოლები, ისეთივე კარგი, როგორიც სხვებს, რომ შეეძლოს ყველგან სიარული, რომ მიეცეს უფლება, შევიდეს ყველგან, სადაც მოესურვება, თეთრების ეკლესიაშიც კი, თუკი მოესურვება, თეთრების მაღაზიაშიც, ეს მოაგვარებს სეგრეგაციის საკითხსო. ვინმე იტყვის, სირთულე ის არის, რომ მისისიპელები არაფრისდიდებით არ იზამენ, ზანგი გვერდით მოისვანო. მაშინ თეთრებს შეუძლიათ ადგნენ და გაეცალნონ თუ არ მოსწონთ, და ყველაფერი რიგზე იქნება; მათ შეუძლიათ ერთი და იგივე ტრანსპორტით იმგზავრონ, მაგრამ არ შეუძლიათ ერთსა და იმავე ეკლესიაში ისხდნენ. თუკი ყველა ფეხზე იდგება ეკლესიაში, იქნებ ზანგმაც შეძლოს შიგ შესვლა.საუბარი საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებთან 1957 წლის 8 მაისი

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, აქ ერთგვარ ფუგას ხომ არ მიმართავთ რბოლების თემაზე? ამან დიდი სიამოვნება მოგგვარათ?

ფოლკნერი – დიდი სიამოვნება მართლაც მომგვარა, მაგრამ ფუგისათვის არ მიმიმართავს რბოლების თემაზე, მე ვწერდი ხალხზე იმგვარად – თავშესაქცევად რომ მეჩვენებოდა და იმედი მქონდა, მკითხველისათვის თავშესაქცევი იქნებოდა. არა, ეს უპირველად ხალხზეა დაწერილი, ხალხზე, დაბრკოლებას რომ წააწყდა და ისე გადალახა, როგორც შეეძლო.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, ოდნავ გადავუხვევ ლიტერატურული თემიდან, მაგრამ ვისურვებდი… წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდით, მოგეთხროთ საბერძნეთში თქვენი მოგზაურობის შესახებ? მინდოდა ცოტაოდენი რამ შემეტყო, თუკი ძალიან არ გადავუხვევთ ძირითად თემას.. ძალიან არ დავცილდებით.

ფოლკნერი – უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომ ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იყო ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია – ვგულისხმობ ადრეულ წარმოდგენას, განათლებით მიღებულ წარმოდგენას, ანგლო-საქსთაგან მიღებულ ცოდნას, რომ ეს ქვეყანა ასეთი იყო და ცხადია, აქ იგრძნობოდა ელინური ნათელი, რის შესახებაც გამგეონა და წამეკითხა. ვნახე ჰომეროსის ღვინისფერი ზღვა. და ეს… იყო ამ ერთადერთ ადგილას, სადაც კი ვყოფილვარ, იყო შეგრძნება ძალზე შორეული წარსულისა, მაგრამ აქ არაფერი ყოფილა მტრული. ძველი მსოფლიოს სხვა ადგილებში ყოველთვის იყო შეგრძნება რაღაც გოტიკურისა და შიშის მომგვრელისა… აქ ხალხს ისეთი დამოკიდებულება აქვს წარსულსადმი, რომ წარსული, მისი სიშორის მიუხედავად, ახლობელია თავისი სინათლით, გაზაფხულის მობრუნებით, თუმცა არ მოელი ძველი ბერძნების აჩრდილთა ხილვას, არ ღმერთების ხილვას, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისინი ახლოს არიან და კვლავ ძლევამოსილნიც არიან; რომ მათ მიაღწიეს და ტკბებიან ერთგვარი ნირვანათი, ისინი არსებობენ, მაგრამ თავისუფალნი არიან ადამიანური ცდუნებებისა და გაჭირვებისაგან, აღარ უხდებათ ადამიანურ პრობლემებში ჩარევა. ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როცა ისინი უყურებენ, თუ რას სჩადიან ადამიანები და მათ საქმიანობაში არ ერევიან. დიახ, ეს ძალზე საგულისხმო გახლდათ. ვფიქრობ, ორი კვირა საბერძნეთში არა მარტო ძალიან ცოტა დროა, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ამ ქვეყნისათვის, აქ ადამიანმა შეუზღუდავი დროით უნდა იმოგზაუროს. სანახაობებს აქ საზღვარი არა აქვს და დარწმუნებული უნდა იყო, რომ ნახავ იმას, რაც ზუსტად ასე წარმოგედგინა. აქ ნახავ ვრცელ ვაკეს და ერთბაშად ზეაღმართულ დათოვლილ პარნასს, ძველ ნანგრევებს, ძველთაძველი შესახედაობა რომ აქვთ, და მაინც, აღძრავენ გრძნობას, თითქოს ყველაფერი ეს ჯერ კიდევ გუშინ იყოო. თუკი აგამემნონი ოდესმე ცხოვრობდა და ნამდვილად არსებული ადამიანი იყო, აქ იქნებოდა, რადგან აქ უნდა ყოფილიყო. იგი არსებობს ადამიანის გონებაში, ლიტერატურის ისტორიაში, ამიტომ მას უნდა ეარსება კიდეც ერთ დროს, როგორც სიცოცხლით სავსე ადამიანს.

კითხვა – მისტერ ფოლკნერ, თქვენს ახალ წიგნში „ქალაქი“, გამოყვანილი გყავთ ფლემ სნოუპსი, ვინც რესპექტაბელობას ეპოტინება, და მე მაინტერესებს… რადგან თქვენ, ვფიქრობ, ტრილოგიის დაწერას აპირებტ, მაინტერესებს მომავალ წიგნში როგორ სახეს მიიღებს ფლემ სნოუპსი?

ფოლკნერი – მას არასოდეს სმენია რესპექტაბელობის შესახებ. მან არც კი იცოდა თუ ასეთი რამ არსებობდა, ვიდრე მოულოდნელად არ შეიტყო, რესპექტაბელობა საჭირო ყოფილაო, და, ამგვარად, წაეპოტინა კიდეც, და როგორც კი რესპექტაბელობა აღარ დაჭირდება, არც მისი უკუგდება გაუჭირდება. მას ჰქონდა გარკვეული მიზანი, რისი მიღწევაც სურდა. იგი გამოიყენებდა ყოველგვარ საშუალებას, სრული უმოწყალობით გამოიყენებდა, რათა მიზნისათვის მიეღწია და თუ რესპექტაბელობა დასჭირდებოდა, მასაც მოიხმარდა. თუკი ცოლის დაღუპვა დაჭირდებოდა, დაღუპავდა. თუკი შვილის, გოგონას, გადაქცევა დაჭირდებოდა თავის იარაღად, კიდეც გადააქცევდა და არავითარ სინდისის ქენჯნას არ იგრძნობდა. რესპექტაბელობა მისთვის მხოლოდ საშუალება გახლდათ.

***

კითხვა – რამ შთაგაგონათ მოთხრობა („იყო“), თუ გახსოვთ?

ფოლკნერი – ამ მოთხრობის შთამაგონებელი გახლდათ ერთი იმ სამი უძველესი იდეათაგან, რის შესახებაც ადამიანს შეუძლია წერა, ეს არის სიყვარული, სქესი. ჩემთვის სასაცილო გახლდათ, რომ კაცი, ვისაც ძალით ჩაითრევენ ნიშნობაში, თვითონ ვერ ახერხებს თავის დაღწევას და მისი… მას უხდება ძმის გამოძახება და მისი ძმა ყველაფერს იღონებს, რაც შეუძლია; პოკერის თამაშის უნარსაც გამოიყენებს. ეს ამბავი ჩემთვის თავშესაქცევი გახლდათ, სასაცილო. ისიც მინდოდა – ამას სოციოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა – მეჩვენებინა ჩემი ქვეყანა ისეთი, როგორიც იყო იმ დროს. ჩემს ქვეყანაში არ ყოფილა კოლონიური პლანტაციებისათვის ნიშანდობლივი დახვეწილობა. ჩემი ქვეყანა ჯერ კიდევ ზღვარზე იდგა. პლანტაციები, სვეტებიანი შესასვლელები ჩარლსტონისა და ნატჩესის შტატებში იყო. ჩემი ქვეყანა კი ჯერ კიდევ ზრვარზე იდგა. ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობდა ულამაზოდ, ულაზათოდ, მაგრამ ერთგვარი უბრალოებითაც კი. ეს ყველაზე მეტად მაინტერესებდა. რადგან გავრცელებული სურათი სამხრეთისა გახლავთ მაგნოლიები, კრინოლინი, ბერძნული პორტალები და სხვა ამგვარი რამ, რაც მართლაც იყო, ოღონდ სამხრეთის გარშემო, არა შიგნით დაბურულ ტყეში.

კითხვა – კმაყოფილი ხართ აქ, უნივერსიტეტში, ყოფნით?

ფოლკნერი – დიახ, სერ, ძალიან.

კითხვა – დაგვაინტერესა თქვენმა განცხადებამ ვირჯინიაში ჩამოსვლის გამო, სნობები მიყვარსო, რომ ბრძანეთ, მე მაინტერესებს…

ფოლკნერი – როგორ გითხრათ, ეს იყო… ვფიქრობ, ჩვენ მაშინ ასე თუ ისე არაოფიციალურად ვსაუბრობდით და მე მართლაც არ მიგულისხმია, რომ ეს შეხედულება სერიოზულად მიგეღოთ. ნება მიბოძეთ განვმარტო, თუ რას ვგულისხმობდი. – სნობი გახლავთ ის, ვინც იმდენად არის აღვსილი ყველაფრით და იმდენად კმაყოფილია იმით, რაც აქვს, რომ სხვისი არაფერი სჭირდება. როცა უცხოელი ჩამოდის, მას, როგორც უცხოელს შეეფერება, ისე იღებენ. ექცევიან თავაზიანად, როგორც უცხოელს ეკადრება და ცივილიზებულ ხალხს შეეფერება. და ჩემი აზრით, ვირჯინიელებიც ასე იქცევიან. ისინი არასოდეს მომცვივდებიან ხოლმე, მათ ჩემგან არაფერი სჭირდებათ. ისინი მთავაზობენ თავიანთ სტუმართმოყვარეობას და ასე მღებულობენ. მე ისღა დამრჩენია, რომ წესიერად მოვიქცე.

***

კითხვა – ნება მიბოძეთ გკითხოთ, აიკ სნოუპსი საიდან გყავთ შემოყვანილი „სოფელში“, როგორ შექმენით იგი? ვინმეს გაგონებთ, ვინც გინახავთ თუ არა?

ფოლკნერი – არა, ეგ არის, არც ერთი მწერალი არ კმაყოფილდება ღვთის მიერ შექმნილი ადამიანებით. დარწმუნებულია, უკეთესის შექმნა შემიძლიაო. ჩემთვის აიკ სნოუპსი გახლდათ უბრალო, საინტერესო ადამიანი, კაცისთვის ბუნებრივი, ნორმალური შეცდომებით, მისი… მას ჰქონდა სიმდაბლე, რის წინააღმდეგაც იბრძვის ადამიანი, სიამაყე, პატიოსნება, სიამამაცე, ადამიანსი იმედი რომ აქვს, მუდამ მექნებაო. და დროდადრო იგი მარცხდება. და ამ დროს იგი შესაბრალისია. მაგრამ მაინც ჰუმანურია, კვლავ სწამს, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უკეთესი, ვიდრე არის, და ესაა ის, რის გაკეთებასაც მწერალი ცდილობს, რაც მწერალს აინტერესებს – აჩვენოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ჭიდილში პრობლემებთან, თავის ბუნებასთან, თავის გულთან, თავის მახლობლებთან და თავის გარემოსთან. სულ ეს არის, ჩემი აზრით, ის, რაზეც იწერება ყოველი წიგნი თუ მოთხრობა. ცხადია, არსებობს გარდქმნაც. პრობლემები იყოფა ფულის, სქესის, და სკვდილის კატეგორიებად. მაგრამ ძიერული პრობლემა მაინც ადამიანია თავისი ჭიდილით საკუთრ გულთან, ახლობლებთან, გარემოსთან.

***

კითხვა – სერ, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი გმირები – რამდენადაც ეს შესაძლებელია – მხოლოდ ადამიანები არიან, მიუხედავად ამისა მე გამიჩნდა მოსაზრება, რომ ფლემ სნოუპსი პრაქტიკულად წარმოადგენს არა ადამიანურ ხასიათს, არამედ რაღაც სიმბოლოს მსგავსს. ეს ოდესმე ხომ არ… როცა წერდით, ამას ფიქრობდით, თუ…?

ფოლკნერი – იცით, ეს დამოკიდებული გახლავთ იმაზე, თუ რისი სიმბოლოა იგი. თქვენ ხედავთ ხალხს, ვინც არაადამიანურნი არიან. ვფიქრობ, მე არ გამომიგონია ისინი ასეთებად – არაადამიანურ ტიპას, რის გამოსახულებასაც ფლემ სნოუპსი წარმოადგენს. ვფიქრობ, ჯეისონ კომპსონი, ჩემს მეორე წიგნში, სრულიად არაადამიანურია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი, ვიმედოვნებ, ცოცხალი ადამიანია. მე ცხოვრებაში ვიცნობდი ხალხს, ვინც უიმედონი იყვნენ, ვინც იმედდაკარგულნი იყვნენ, ვინც, ჰუმანურობის გაგებით, ჭეშმარიტი ადამიანური ყოფის გაგებით, გულწრფელობის გაგებით, არაადამიანურნი იყვნენ, მაგრამ მაინც ცოცხალი ადამიანები ერქვათ, ფლემი არავითარი სიმბოლოს გულისათვის არ გამომიგონია. შევქმენი იმიტომ, რომ უეცრად ადგილი მოიძებნა მისთვის იმ განსაზღვრულ სცენაზე, რომლის შესახებაც ვწერდი, განსაზღვრულ ადამიანურ პრობლემაში, რის შესახებაც ვწერდი. სიმბოლოზე სულ არ მიფიქრია.

კითხვა – აქ მყოფთაგან, ვინც ამ საღამოს შევიკრიბეთ, ვფიქრობ, უმრავლესობა ჯერ კიდევ დამწები ინჟინერია. მრავალი ჩვენგანი წელს ამთავრებს სწავლას. მინდოდა გამეგო, თუ გაქვთ… შესაძლოა შეკითხვით საკითხს ვშორდებოდე… მინდოდა გამეგო, ხომ არ გექნებოდათ რჩევა ყმაწვილკაცისათვის, ცხოვრებაში რომ გამოდის, თქვენ შეგიძლიათ გვირჩიოთ იმ კაცის პოზიციიდან, ვისაც თქვენსავით შეუსწავლია ადამიანი და ხალხი.

ფოლკნერი – ერთხელ ერთმა ძალზე ჭკვიანმა კაცმა მითხრა, არასოდეს რჩევას არ ვიძლევი, ვაითუ ეს რჩევა მიიღონო. თავიდან არ მესმოდა, თუ რისი თქმა უნდოდა ამით, მაგრამ ახლა, მგონი, გავიგე, პირდაპირ რომ მოგახსენოთ, თქვენს ნაცვლად წყალში ვერავინ ჩადგება, თქვენ თვითონ მოგიწევთ ყველაფრის გაკეთება; და გამოცდილებას, რჩევას მიიღებთ, ვფიქრობთ, არა იმით, რომ რჩევა გვკითხოთ, არამედ რაღაც ბიძგის საშუალებით. მიიღებთ წაკითხული წიგნებიდან, თქვენი კოლეჯისდროინდელი გამოცდილებიდან. ყოველი კაცი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს მყარად და მე ახლა ვიცი, რომ არავის რჩევას არ მივიღებდი. მირჩევნია მე თვითონ დავუშვა შეცდომები, ვიდრე მივიღო რჩევა, რომელიც ამ შეცდომებს თავიდან ამაცილებს, რადგან ახლა ვიცი, რომ შეცდომებს მაინც და მაინც დიდი ზიანი არ მოაქვთ.

კითხვა – იცით, ეს თავისთავად უკვე კარგი რჩევაა.

ფოლკნერი – გმადლობთ.

***

კითხვა – ვიღაცასთან საუბარში თქვენ ჩამოთვალეთ რიგი ღისებებისა. რამდენიმე ამ საღამოსაც ახსენეთ. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ? მგონი, ღირსებებში სიმამაცე და პატიოსნებაც მოიხსენიეთ.

ფოლკნერი – ჰო, ოღონდ ცოტა უკეთესი სიტყვა ვიხმაროთ, ვიდრე ღირსებებია – ეს გახლავთ ადამიანური გულის ჭეშმარიტი თვისებანი. ეს არის სიამამაცე, ღირსების გრძნობა, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული. ეს არ არის ღირსებანი, ან არ შეიძლება მათი გამოყენება, ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კარგია. ადამიანი იყენებს… ცდილობს გამოიყენოს ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გახლავთ საძირკველი, რაზეცაა დაშენებული მთელი ადამიანური ისტორია, და რომელმაც – ადამიანთა მოდგმა გადაარჩინა. ამ ჭეშმარიტების გარეშე ადამიანი დაიღუპებოდა, ისევე როგორც მასტოდონტები და სხვა ეფემერული არსებანი ბუნებისა მოვიდნენ და წავიდნენ მსოფლიო ისტორიაში. ადამიანმა გაძლა, მიუხედავად თავისი არარაობისა, იმიტომ, რომ სწამს და სჯერა ამ ჭეშმარიტებებისა, ადამიანი პატიოსანია არა იმიტომ, რომ ღირსებითაა აღსავსე, არამედ იმიტომ, რომ ეს ხსნის ერთადერთი გზაა. თუ ხალხი მუდამ იცრუებდა, ვერასოდეს გავიგებდით, სად ვიყავით, რა ხდებოდა. თუკი ადამიანს არ ეცოდინებოდა თანაგრძნობა, სუსტი ვერაფერს იღონებდა თავის დასაცავად. თუკი სიამაყე არ ეცოდინებოდა, საამაყოც არაფერი ექნებოდა, რომ ეთქვა, კარგად მოვიქეცი, სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, შემიძლია დავწვე და დავიძინოო. ეს გახლავთ მოსახმარი ჭეშმარიტებანი არა იმიტომ, რომ ღირსებანია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გზა მშვიდად იცხოვრო შენს თავთან და გარშემომყოფთაგან.თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button