საკითხავი

მარიამ კუპრაშვილი, ირაკლი მაისურაძე – ინტელექტის უმნიშვნელობა საგანთა დიდ სქემებში

ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს ინტელექტი, აზროვნების უნარი. თუმცა საინტერესოა ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი დიდ სქემებში, უფრო დიდ მატერიებსა და გარესამყაროში. არის თუ არა ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილი და სრულუფლებიანი წევრი? მიიჩნევა თუ არა მისი ინტელექტი მრავლისმომცველად და მრავლისმომცემად სამყაროში?

ინტელექტი პიროვნების თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის საფუძველს წარმოადგენს. სადღაც, ოდესღაც „გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს“ (ფრ. ნიცშე). სწორედ ამის შემდეგ გრძელდება ადამიანების დაუღალავი ცდა ცოდნის გაღრმავებისათვის, გრძელდება გზა შემეცნებისაკენ. დროის სვლასთან ერთად იზრდება ადამიანების შეხედულებები საკუთარი ინტელექტის დონეზე. ადამიანი განვითარდა და გაუჩნდა ამბიცია დაეპყრო სხვისი ტერიტორია, ხელში ჩაეგდო ძალაუფლების სადავეები. სწორედ ამ განვითარების მაღალ დონეზე მდგომმა ადამიანმა წამოიწყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, შექმნა ატომური იარაღი… ამ შემთხვევაში ჩვენთვის სრულიად უმნიშვნელოა ადამიანის განვითარების მაღალი საფეხური. ადამიანმა დააგროვა ცოდნა, რომელიც შეიწირავს მილიონობით ადამიანს და სარგებელსაც არავის მოუტანს. ასეთი ცოდნა კაცობრიობისათვის და უფრო მასშტაბური მატერიებისათვის უაზროა და არაფრისმომცემი.

რა შეიძინა კაცობრიობამ ამ დროის მანძილზე? რამდენად ღირებულია იგი სრულიად სამყაროსთვის, იმაზე დიდი მატერიებისათვის ვიდრე დედამიწაა? არ გეჩვენებათ, თითქოს ის ცოდნა რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ის ინტელექტი რომელიც კაცობრიობამ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად დააგროვა ზედმეტად უმნიშვნელოა და და არაფრისმომტანი საგანთა უფრო დიდ სქემაში? ადამიანი საკუთარ ინტელექტს დიდი ენთუზიაზმით აფასებს, თუმცა, ბუნებაში მისი ადგილი მეტად უმნიშვნელოა. ადამიანებს საკუთარი თავი სამყაროს ცენტრი, ღერძი ჰგონიათ (ან სურთ რომ იყვნენ), და თითქოს სამყაროს მზერა მხოლოდ მათკენაა მიმართული. შესაძლოა, ინტელექტის უფრო დაბალი დონის, განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი, ჩვენთვის უმნიშვნელო არსებებიც ფიქრობენ იმავეს. ფიქრობენ, რომ მათი „ცოდნა“, მათი გამოცდილება, მათი წარმოდგენები ჩვენს ყურადღებას არასდროს გამოეპარება. ამ შემთხვევაში კარგად სჩანს ადამიანის ცოდნის უსუსურობა დანარჩენი სამყაროსათვის.

„ქედმაღლობა აბრმავებს ადამიანს, ამიტომაც ცდება საკუთარი ინტელექტის შეფასებაში.“ რა შეიძლება იყოს იმაზე დამღუპველი ვიდრე საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, ინტელექტის არასწორად შეფასებაა? რა თქმა უნდა დიდ გამოგონებებს, დიდ დამსახურებებს ყოველთვის თან ახლავს მცირეოდენი ქედმაღლობა, საკუთარი თავის განდიდება, თუმცა ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლო და უმნიშვნელოა. ჩვენი ცოდნა და გამოგონებები თითქმის არაფერს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს განვითარების იმ დონეს, რომ სამყაროს ცენტრში მოექცეს და მთელი ყურადღება მიიპყროს, ასეთი დამოკიდებულება მაინც დამღუპველია.

ადამიანის ინტელექტის მნიშვნელობის ერთ ჭრილში განხილვა არ იქნებოდა სწორი. ის ხომ ურთულესი აგებულების ერთადერთი მოაზროვნე არსებაა დედამიწაზე. ადამიანის სამყაროში მოვლინება შემთხვევითი და უბრალო ვერ იქნება. ეს ის ადამიანია რომელმაც უძველესი დროიდან დღემდე განავითარა საკუთარი თავი და გარემო. თუ კი ადამიანი ფართო მატერიებისა და გარე სამყაროებისაგან დამოუკიდებლად ცოცხლობს, არსებობს, ცხოვრობს, მაშინ შეუძლებელია მისი ინტელექტი, ცონდა და გამოცდილება უმნიშვნელო იყოს. ყველა სულიერსა თუ უსულოს აქვს თავისი დანიშნულება.
ადამიანის ინტელექტი ადამიანისთვისვე გახდა ვრცელი და უკიდეგანო სამყაროს გასაღები. შეუძლებელია უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ მისი აღმოჩენები და მიღწევები. ეს ის მცირედია რაც ადამიანმა შეძლო, ხოლო მისი უდიდესი შესაძლებლობები მომავალში უფრო დიდ აღმოჩენებსა და განვითარების უფრო მაღალ საფეხურს გვპირდება. შეიძლება ეს ყველაფერი გარე სამყაროსა და უფრო დიდი სქემებისათვის ზღვაში წვეთია და უმნიშვნელო, თუმცა „თუ თევზს განვსჯით იმ შესაძლებლობით, რომ ხეზე ავიდეს, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე დაიჯერებს, რომ უუნაროა.“ ადამიანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმით უნდა განვსაჯოთ. არ იქნებოდა სწორი ის, რომ მისი ინტელექტის მნიშვნელობა და მისი მიღწევები გარე სამყაროებისა და დიდი სქემებისათვის უმნიშვნელოდ და არაფრისმომცემად ჩაგვეთვალა.

ადამიანი გახსნილი, ღია რეალობაა, რომელიც თავისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. იგი ნაწილია ერთი მთლიანისა, ისევე როგორც ერთი მთლიანია მისი ნაწილი.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი

2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button