თავის ქალებთან დაკავშირებული ტოპ 10 ფარსი
თავის ქალა ჩონჩხის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის წარმოდგენას გვაძლევს მისი მფლობელის სახეზე. თავის ქალის მეშვეობით ასევე შესაძლებელია კვებაზე, ცხოვრების სტილზე, ასაკზე, ჯანმრთელობასა და ტვინის ზომაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ისტორიის მანძილზე ხშირად აღმოუჩენიათ უცნაური თავის ქალები, რომლებიც მანამდე არსებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ზოგჯერ მსგავსი შემთხვევები მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ არასწორი ინფორმაციის გამიზნულად გავრცელებით გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ხელი მოუთბიათ.
ვარსკვლავ-ბავშვის თავის ქალა. ეს თავის ქალა მექსიკაში აღმოაჩინეს 1930 წელს, მაგრამ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ 1999 წელს იხილა მწერალ ლოიდ პაის მეშვეობით. ბევრი ირწმუნებოდა, რომ ის ეკუთვნოდა არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელს ან ადამიანისა და უცხოპლანეტელის ჰიბრიდს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ნაწილი ბავშვისას ჰგავდა, ზემოთა წილი უზარმაზარი იყო – მოცულობით 1600 სმ³-ს აღწევდა, რაც ქვედა ნაწილის პროპორციას 400 სმ³-ით აღემატებოდა. რადიონახშირბადულმა ანალიზმა თავის ქალის ასაკი 900±40 წლით განსაზღვრა და როგორც ლოიდ პაი ირწმუნებოდა, ანონიმურმა მეცნიერებმა მისი არაადამიანური წარმოშობა დაადასტურეს. თუმცა დნმ-ის დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ეკუთვნოდა აბორიგენ ამერიკელს, 4-5 წლის ბავშვს, რომელსაც სტანჯავდა ჰიდროცეფალია (ქალას ღრუში ტვინის სითხის რაოდენობის მომატება), თანდაყოლილი დარღვევა, რომლის დროსაც თავის ქალაში ზომაზე მეტი თხევადი ნივთიერებაა (მაგალითის სანახავად დააკლიკეთ). ამ მდგომარეობით დატანჯულ ადამიანებს თავის ქალის ზედა ნაწილი ზომაზე მეტად განიერი აქვთ, თუმცა თანამედროვე მედიცინის პირობებში შესაძლებელია ზედმეტი სითხის გამოდევნა და ქალის წნევის შემცირება.
კალავერასის თავის ქალა. ეს თავის ქალა მემაღაროეებმა აღმოაჩინეს 1866 წელს კალავერასის ოლქში (კალიფორნიის შტატი, აშშ) 40 მეტრის სიღრმეზე. ამერიკელი გეოლოგი ჯოზი უიტნი მას იყენებდა მტკიცებულებად, რომ ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ამერიკის კონტინენტებზე დასახლებული, ჯერ კიდევ პლიოცენის ეპოქაში 2 მილიონი წლის წინ. 1 წლით ადრე მას გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები, სადაც ირწმუნებოდა, რომ ადამიანები, მასტოდონტები და სპილოები ერთად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, თავის ქალა თანამედროვე ადამიანისას ჰგავდა და კრეაციონისტებმა იმის დასადასტურებლად მოიმხრეს, რომ ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი სახით არსებობდნენ. მათდა სამწუხაროდ, თავის ქალას ჩაუტარდა ქიმიური ანალიზი და დადგინდა, რომ ის არც ისე ძველი ყოფილა. ამერიკელი ანთროლოპოგი ფრედერიკ პუტნამი, რომელიც უიტნის მხარეს იდგა, სიმართლის გასარკვევად კალიფორნიაში გაეშურა, სადაც დაადგინა, რომ ეს ყველაფერი ფარსი ყოფილა – ინდიელების თავის ქალები ამოეთხარათ და ისეთ ადგილას დაეფლოთ, რომ მემაღაროეებს ეპოვნათ. მიუხედავად ამისა, უიტნიც და პუტნამიც უკან არ იხევდნენ და თავიანთ მოსაზრებაზე რჩებოდნენ. საბოლოო ანალიზი აღმოჩენას 1992 წელს ჩაუტარდა – რადიონახშირბადულმა დათარიღებამ თავის ქალის ასაკი 1000 წლით განსაზღვრა.
ფრენოლოგია. ფრენოლოგია ევროპული ფსევდომეცნიერება იყო, რომელიც მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული. ექიმები ამჩნევდნენ, რომ იმათ, ვისი ტვინიც უფრო მეტად იყო განვითარებული და შესაბამისად, უფრო ამობურცული, გარკვეული სახის ნიჭები აღენიშნებოდათ და პირიქით. მაგალითად, მეტყველებაზე პასუხისმგებელ არეში არსებული ნაპრალები იწვევდა საუბრის ნაწილობრივ ან სრულ უუნარობას. ამან ზოგიერთ მკვლევარს უბიძგა იმ დასკვნამდე, რომ თავის ქალაზე არსებული ამოზნექილობებისა და დეფორმირებების მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა, განესაზღვრათ ტვინის ფორმა და ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე დასკვნები გამოეტანათ. მრავალი ადამიანი შეცდა და ფრენოლოგიის მეთოდით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ გარკვეული სახის ნიჭი ჰქონდა და ამით სხვებს აღემატებოდა. უფრო მეტიც, ხშირად ფრენოლოგიას იყენებდნენ იმისთვის, რომ ბავშვის მომავალი ეწინასწარმეტყველებინათ და განესაზღვრათ, როგორები იქნებოდნენ მოზრდილობის ასაკში. მათდა სამწუხაროდ, მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ტვინის ფორმა არ ესადაგება თავის ქალის მოყვანილობას. ხოლო ტვინის ის უბნები, რომლებიც მათი აზრით, აყალიბებდნენ გარკვეულ შტრიხებს, როგორიცაა კეთილსინდისიერება და თავაზიანობა, სულაც არ ყოფილან მათზე პასუხისმგებელნი. თუმცა ფრენოლოგიას დადებითი მხარეც ჰქონდა – მეცნიერებზე მოხდენილი გავლენის გამო ხელი შეუწყო მე-19 საუკუნის ფსიქიატრიისა და თანამედროვე ნეირომეცნიერების განვითარებას, რამაც, თავის მხრივ, ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ჩაუყარა საფუძველი.
პილტდაუნის ადამიანი. თავის ქალა, რომელიც 1912 წელს აღმოაჩინეს ინგლისის ქალაქ პილტდაუნში, მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ უძველეს ადამიანსა და პრიმატს შორის გარდამავალი სახეობა, ე.წ. „დაკარგული ჯაჭვი”, რადგან მას ახასიათებდა ორივე მათგანის შტრიხები. თავის ქალის ზედა მხარე ადამიანური შესახედაობის იყო, ხოლო ყბა – მაიმუნის. აღსანიშნავია, რომ ამ ტყუილის 40 წლის განმავლობაში სჯეროდათ და მასზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მხოლოდ 1953 წელს რამდენიმე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო თანამედროვე ადამიანის თავის ქალაზე მიმაგრებული ორანგუტანის ყბა. კონკრეტული დამნაშავე ამ ამბავში არ ჩანს, თუმცა ცხადია, რომ თითს იმ არქეოლოგებისკენ იშვერენ, ვინც ეს თავის ქალა იპოვა ან პოპულარიზაციას უწევდა – პიერ ტეიარ დე შარდენი, ჩარლზ დოუსონი, არტურ კონან დოილი, არტურ კიტი, მარტინ ჰინტონი და ვირ კოული. ამის შემდეგ სამეცნიერო წრეებში გამოთქმა „პილტდაუნის თავის ქალა” (ან „პილტდაუნის ადამიანი”) გამოიყენება სიცრუისა და ფარსის სინონიმად, ის ითვლება სამეცნიერო წრეში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითობად, რადგან წლების განმავლობაში პილტდაუნის თავის ქალის მიხედვით მსჯელობდნენ ადამიანის ევოლუციური განვითარების გზაზე.
Batavus Genuinus. 1828 წელს ჰოლანდიურ კუნძულ მარკენზე უცნაურ თავის ქალას წააწყდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ძველად მიიჩნიეს, ჰქონდა ერთი უცნაური შტრიხი – მკვეთრად დახრილი შუბლი, რითაც მანამდე ცნობილი ადამიანების თავის ქალებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა. მრავალი ჰიპოთეზა შეიქმნა ამ უცნაურობის ასახსნელად, მათგან დომინირებდა ის ვერსია, რომ წარსულში კუნძულის მოსახლეები ჰომო საპიენსები კი არ ყოფილან, არამედ უფრო ძველი ჰომინიდები, რომლებსაც იზოლაციის გამო უნიკალური გარეგნობა ჰქონდათ. გერმანელმა ბიოლოგმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა მათ მეცნიერული სახელიც კი მოუფიქრა – Batavus Genuinus. ანთროპოლოგებმა შენიშნეს, რომ კუნძულის მოსახლეობას იმ პერიოდშიც აღენიშნებოდა შუბლის მსგავსი მოყვანილობა და გაუჩნდათ აზრი, რომ ისინი ნეანდერტალელების შთამომავლები იყვნენ. 1912 წელს ჰოლანდიელმა ექიმმა იოჰანეს ანტონიუს ჯეიმს ბარჯმა დაამტკიცა, რომ უჩვეულო ფორმის შუბლის მიზეზი ადგილობრივი ტრადიცია იყო – ჯერ კიდევ პატარა ბავშვებს მჭიდროდ უხვევდნენ თავის ზედა ნაწილს და ასე ამყოფებდნენ 7 წლის ასაკამდე, რაც თავის ქალის ფორმას შესაბამის დაღს ასვამდა. მარკენის კუნძულიდან სხვა ტერიტორიაზე გადასული ადამიანები ჩვეულებრივი ფორმის შუბლის მქონე შვილებს აჩენდნენ და სხვა ადამიანებთანაც უპრობლემოდ მრავლდებოდნენ, რითიც დამტკიცდა, რომ ისინი ნამდვილად ჰომო საპიენსები იყვნენ.
ტრეპანაცია. ტრეპანაცია – თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია ქირურგიული ჩარევის გზით. ტრეპანაცია ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო ოპერაციაა, რომელსაც ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იყენებდნენ (სხვათა შორის, უმაღლეს დონეზე სრულდებოდა ხევსური „აქიმების” მიერაც). ტრეპანაცია მოიცავდა თავის ქალის არეში ხვრელის გაკეთებას, რაც წარმოადგენდა თავთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მეთოდს. ამ გზით ცდილობდნენ, განეკურნათ თავის ტკივილი, აპოპლექსიური შეტევები და გონებრივი დარღვევები. ნაპოვნია უამრავი თავის ქალა ტრეპანირებული ხვრელებით. მეთოდის სახიფათოობის მიუხედავად, ტრეპანაცია ხშირად არ მთავრდებოდა სიკვდილით, თავის ქალებს აღენიშნებოდათ გარკვეული დოზით გამოკეთება, რაც გახვრეტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ხდებოდა. თუმცა ინფექციების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც არ იყო დაბალი. დღესდღეობით ტრეპანაცია გამოიყენება ფსევდომეცნიერულ მიმართულებებში, გარკვეული კატეგორიის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ამ გზით შესაძლებელია ბოროტი სულების ან ენერგიის გამოდევნა, რომ ის აუმჯობესებს ჯანმრთელობას, კურნავს დეპრესიას და ა.შ.
გიგანტური თავის ქალა. ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ სამხედრო დანაყოფები მეთვალყურეობდნენ გარკვეულ ტერიტორიებს და უცხო პირებს არ უშვებდნენ, შესვლა მხოლოდ ოფიციალურ სამთავრობო პირებს შეეძლოთ. ასევე ვრცელდებოდა ფოტოებიც, რომლებზეც მუშები უზარმაზარი ზომის თავის ქალასა და ძვლებს თხრიდნენ და ასუფთავებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ გიგანტური არსების ჩონჩხი აღმოეჩინათ. ეს ამბავი სწრაფად გახდა პოპულარული, გავრცელდა სხვადასხვა სახის საიტებზე (ძირითადად ბლოგებსა და ფორუმებზე), ხშირად გზავნიდნენ ელექტრონული ფოსტით, აღწერილობა კი დროდადრო იცვლებოდა. რეალურად, სურათები მანიპულაციებს წარმოადგენს და რამდენიმე ფოტოს ერთობლიობაა. ისინი ძირითადად საიტ worth1000.com-დანაა აღებული, სადაც სწორედ ფოტო-მანიპულაციებს შორის ტარდება კონკურსები სხვადასხვა კატეგორიებში (მათ შორის „არქეოლოგიურ ანომალიებში”). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: გიგანტური ადამიანების ჩონჩხები.
წაგრძელებული თავის ქალები. მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ისეთი თავის ქალა აღმოუჩენიათ, რომლებსაც დეფორმირებული ან ზომაზე მეტად გრძელი ზედა ნაწილი ჰქონდათ. უამრავმა უფოლოგმა თუ მისტიკის მოყვარულმა ადამიანმა ისინი უცხოპლანეტელთა ნაშთებად ჩათვალა. რეალურად საქმე იმაშია, რომ ჩვილის თავის ქალა საკმაოდ რბილი და დამყოლია, ამიტომ ზოგ რეგიონში გავრცელებული იყო უცნაური ტრადიცია – რამდენიმე თვის განმავლობაში მათ მჭიდროდ უხვევდნენ თავს, ისევე როგორც ხდებოდა ეს მარკენის კუნძულზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვეულებას საკმაოდ შორეულ წარსულში აქვს დასაბამი – პირველი მაგალითები გვხვდება დამწერლობის შექმნამდე, 45 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელებსა და პლეისტოცენის ეპოქის (14 000 წლის წინ) ჰომო საპიენსებში, რასაც შანიდარის გამოქვაბულში (ერაყი) აღმოჩენილი ნამარხები ცხადყოფს. პირველ ჩანაწერებს კი ჰიპოკრატესთან ვხვდებით ქრისტეს შობამდე 400 წელს. თავის ქალის დეფორმაციის ტრაციდია დღემდეა შემორჩენილი ზოგიერთ რეგიონში. მიიჩნევა, რომ ამის მიზეზი ან ესთეტიკაა, ან სოციალური სტატუსის განსაზღვრა. თუკი პროცედურა სწორად და ფრთხილად სრულდება, ტვინის დაზიანებას არ იწვევს.
რქიანი თავის ქალა. ბევრი განაცხადი არსებობს რქიანი თავის ქალის აღმოჩენის შესახებ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანის წარმოდგენა მოხერხდა მიუკერძოებელი მეცნიერული ანალიზისთვის. ზედა მხარეს არსებული გამონაზარდები ერთი შეხედვით ნამდვილად ჰგავს რქებს, თუმცა რეალურად კანის ერთგვარი სიმსივნური გამონაზარდებია. ისინი არ წარმოადგენენ ჩონჩხის ნაწილს და ფრჩხილებს უფრო მეტად ჰგვანან, ვიდრე ნამდვილ რქებს. რქიანი თავის ქალების ამბის მასიური გავრცელება სავარაუდოდ მაშინ დაიწყო, როცა განაცხადეს, რომ ისინი დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს პენსილვანიის შტატში და შემდეგ მისტიურად გაქრა, სანამ ექსპერტები შესწავლას მოახერხებდნენ. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, თავის ქალებს კბილების ორი რიგი და დემონური შესაძლებლობები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცნობით, ექსპერტებმა თავის ქალების რეალურობა დაადასტურეს, ეს რეალობას არ შეესაბამება, რადგან კონკრეტული სახელ-გვარის მქონე ექსპერტები საერთოდ არ არსებობდნენ ან პირიქით – საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. რქიანი თავის ქალების ამბავს უკავშირდება ე.წ. ბიბილოიანი თავის ქალები, რომლებიც სავსებით რეალურია და ეკუთვნოდა ადრეულ ჰომინიდს, პარანთროპს – ადამიანის მსგავს განამარხებულ მაიმუნს, რომელიც ახლოსაა ავსტრალოპითეკთან. მას ფესვებისა და მცენარეული ნაყოფის დასაღეჭად მსხვილი ყბები ჰქონდა განვითარებული. ყბის მძლავრი კუნთები კი საგიტალურ ღარს უკავშირდებოდნენ, ისევე როგორც თანამედროვე მამრი გორილების შემთხვევაში.
კრისტალის თავის ქალები. კვარცისგან დამზადებული ეს თავის ქალები მე-19 საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული, სხვადასხვა კოლექციონერებისა და მუზეუმების ხელში გადადიოდა. ლეგენდის მიხედვით, ისინი 3000 წლის წინ დამზადდა მაიას ან აცტეკების ტომის წევრთა მიერ უცხოპლანეტელების დახმარებით და გარკვეულ ძალებს ფლობდნენ. მაგალითად, ასეთ თავის ქალაზე შეხება ადამიანს ყველანაირი დაავადებისგან განკურნავდა და უზარმაზარ ძალაუფლებას მიანიჭებდა. მათი რაოდენობა 13-ს შეადგენდა და ვინც ყველა მათგანს ჩაიგდებდა ხელში, ღმერთი გახდებოდა. ლეგენდის მოყვარულთა სამწუხაროდ, ყველა მსგავსი თავის ქალა, რომლებიც კი აქამდე გამოიკვლიეს, ევროპის ტერიტორიაზე დამზადებული აღმოჩნდა და ასაკით არაუმეტეს 2.5 საუკუნისანი არიან. უმეტესი მათგანი გაცილებით „ახალგაზრდაა” და არანაირი კავშირი არ აქვთ ინდიელებთან. ჯერჯერობით გამოცანაა, ერთმა ადამიანმა დაამზადა ყველა კრისტალის თავის ქალა თუ ჯერ ერთმა ხელოვანმა დაიწყო და მისი გავლენით სხვებმა განაგრძეს ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ნაკეთობები მიმზიდველი და ლამაზია, მათთან დაკავშირებული ლეგენდები მხოლოდ გულმოდგინედ დამუშავებული ფარსია.