მუსიკა

Ergland – Eclectic (2012)

soft rock, baroque pop, alternative / indie rock

ტრეკლისტი:

  1. Your Day (3:49)
  2. Sorry (I’m A Loser) (4:31)
  3. Known Things (5:00)
  4. Voyageur (3:09)
  5. This Song (2:14)
  6. Madness Dream (4:11)
  7. Super Genius (3:08)
  8. Instructions (2:43)
  9. Put Your Money… (4:56)
  10. It’s You (Who Knows) (4:10)
  11. Love (3:33)

შემადგენლობა:

  • გიორგი ერგემლიძე – ვოკალი, ინსტრუმენტები, პროგრამირება

”Eclectic” გიორგი ერგემლიძის (aka “Ergland”) სადებიუტო სოლო ალბომია. გიორგი Mutual Friends-ის ვოკალისტი იყო და ამ ჯგუფის ერთადერთი ალბომის რამდენიმე სიმღერის ახალი ვარიანტი აქაც გვხვდება. იგი ცნობილი კომპოზიტორის, ნუგზარ ერგემლიძის ვაჟია და ალბომის სმენისას ნუგზარის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძლიერი და ნაკლებად ძლიერი მხარეებიც შეიმჩნევა.

ალბომი ინგლისურენოვანია. გამხსნელი სიმღერა, ”Your Way”, სამოცდაათიანების სოფთ-როკის (ა-ლა Bread) ხასიათს ატარებს: ლამაზი მელოდია, სიმღერის შუაგულში კარგად გაწყობილი ვიოლინოს პარტია და ბექ-ვოკალი, შთამბეჭდავი ფინალი… სასიამოვნო დასაწყისია!

”Sorry (I’m A Loser)”– ეს სიმღერა Mutual Friends-ის ალბომშიც იყო შესული. სიმართლე გითხრათ, იგი მაინცდამაინც არ მომწონს – მელოდია და ტექსტი ოდნავ მეპრიმიტიულება და არც მოალტერნატივო, ხმაურიანი არანჟირებით ვარ აღტაცებული.

ალბომში Sorry-ის მიერ შემოტანილი ელექტრონული ელემენტები შემდეგ სიმღერაში (“Known Things”) უკვე წინა პლანზე გამოდის, ღიად სინთეზური რიტმითა და დამუშავებული ვოკალით. სიმღერა ატმოსფეროს შექმნას ცდილობს, მაგრამ კომპოზიციის მხრივ, ცოტა არ იყოს, გაწელილი და უმიზნოა.ამის შემდეგ ალბომი უფრო საინტერესო ხდება: ”Voyageur”ინსტრუმენტული ნაწარმოებია, სადაც Hammond ორღანის (ალბათ ვირტუალურის) ლამაზი აკორდული პროგრესია მინიმალისტური არანჟირების პირობებშიც კი მსმენელზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.

”This Song” ერთმანეთს უხამებს ლამაზ ვოკალურ ჰარმონიებს, მარტივ აკუსტიკურ აკომპანიმენტს და ოდნავ არაბუნებრივ სინთეზატორულ ფონს. ავტორი ხარკს უხდის თანამედროვე ტენდენციებს – სიმღერის სმენისას James Blake-ს მუსიკა გაგონდება. ის უპრეტენზიო, მაგრამ კარგად გაწყობილია, განსაკუთრებით ბექ-ვოკალის ჩართვები.

ახლა კი, ჩემი აზრით, ალბომის მწვერვალს მივადექით. “Madness Dream” Mutual Friends-ის ალბომშიც იყო შესული, თუმცა იქ ცოტათი საეჭვო პროდუქცია სიმღერის ძლიერ მხარეებს გარკვეულ წილად ნიღბავდა. აქ კი ჟღერადობა გაცილებით უშუალოა და ემოციაც ბორკილებისაგან თავისუფალი. სასიამოვნო, იუმორისტული ტექსტი, ძალიან ლამაზი მელოდია და თითქმის უნაკლო არანჟირება, რასაც გვიანდელი The Beatles-ის სული შემოაქვს… ამ სიმღერას შეუძლია თავსა და გულში ჩარჩენა!

“Super Genius” – რიტმული სიმღერაა, თითქმის საცეკვაო სიმღერაა. არანჟირებაც სიმღერის შესაფერისია – არაფერი ზედმეტი, მაგრამ არც სიცარიელის გრძნობა რჩება. ამ სიმღერის მოსმენისას, რატომღაც სულ Justin Timberlake მახსენდება. ერთი სიტყვით, კარგია!

შემდეგი სიმღერა ”Instructions”, სტილისტურად წინამორბედს წააგავს, თუმცა ხარისხით ვერ შეედრება. შაბლონური რიტმი და ტექსტი, სუსტი მელოდია. კიდევ კარგი, რომ გაწელილი არ არის. სჯობს გადავიდეთ შემდეგზე.

”Put Your Money…”-ში პირქუში ატმოსფეროა შექმნილი და მისამღერიც მოსაწონია. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, არანჟირებაში გიტარის ატმოსფერული რიფებიც ჩართულიყო – ეს უკეთ წარმოაჩენდა სიმღერის სათქმელს. იდეა კი ნამდვილად საინტერესოა.

“It’s You (Who Knows)” – ეს სიმღერა “Your Way”-ს სოფტ-როკ და “Madness Dream”-ის ბაროკო პოპ ღირებულებებს აერთიანებს, ორივესთვის დამახასიათებელი ”სევდიანი მაჟორით”. იდეა ლამაზია და გამოსახვასაც ბევრი არაფერი დაეწუნება.

ბოლო სიმღერა ”Love” მედიტაციურ მღერას უფრო მაგონებს, ვიდრე პოპ-სიმღერას. ასე მგონია, რომ იგი დიდი ფიქრის გარეშე. თითქმის სპონტანურადაა ჩაწერილი. ვერ ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივია, მაგრამ ბევრად უარესი album closer-ებიც მინახავს.

მთლიანობაში, ალბომი თავის სახელწოდებას ნამდვილად ამართლებს; აქ სტილთა და ჟღერადობათა მრავალფეროვანი პალიტრაა წარმოჩენილი – ლამაზი, აკუსტიკური ბალადური როკიდან ”სინთეზირებულ” ალტერნატივამდე. ალბომის მელოდიური, პოპ-მხარე უფრო სასიამოვნო მოსასმენია.

არის რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა – Your Way, It’s You (Who Knows) და განსაკუთრებით ლამაზი Madness Dream; რამდენიმე – არცთუისე კარგი (Sorry, Known Things, Instructions); დანარჩენები კი საკმაოდ მაღალი დონისაა.

ალბომის ამ ეკლექტურობის, სადებიუტო სტატუსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩემი შეფასება ასეთია: 7 / 10.

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?h9xr1s01d1jdd01

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button