განხილვაწიგნები

ანდრო ბუაჩიძე – სიმშვიდის სურნელება – რეცენზია

ლელა სამნიშვილი, მუდმივი ტატუ (ლექსები, 2005-2006), თბ. “სიესტა”, 2006.
როცა მეტ-ნაკლებად უცნაურ პოეტურ ხელწერასთან გაქვს საქმე, კვანძის გახსნა რომელიმე ერთი ლექსიდან უნდა დაიწყო. ლელა სამნიაშვილის ლექსი “ბალახის სუნი” სისადავით და არყოფნის ჩუმი სევდით არის გაჟღენთილი.ბალახის სუნი არცერთ სუნს არ წააგავს, როგორც პოეტი ამბობს, ეს “სიმშვიდის სურნელებაა”. ესეთი სუნი არც რძეს აქვს და არც ყვავილს. აქ უკვე შეგრძნებით აღძრულ ასოციაციაზეა საუბარი. ბალახი მარადიულ სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ მარადიული სიმშვიდის განუყოფელ ნაწილად იქცა ბებია და პოეტიც ამ საკვირველი ფენომენის სიღრმისეულად აღქმას ცდილობს. ბალახი არამარტო სიმშვიდეა ან არყოფნა, არამედ სიყვარულიც. ლელა სამნიაშვილი არ ეკუთვნის იმ პოეტების კატეგორიას, რომლებიც სათქმელს აგროვებენ და მერე ფრთხილად ამზეურებენ, ფრთხილად წარმოთქვავენ, რადგან გამჟღავნებისას გრაფიკული და ემოციური სიმკვეთრე არ განელდეს. პოეტი დაურიდებლად, თითქოს სულმოუთქმელად ალაპარაკებს თავის ლირიკულ მუზას და ამიტომაცაა, რომ მისი ლექსების ემოციური ტემპერატურა არათანაბარია, ზოგჯერ საგრძნობლად აიწევს სიმხურვალე, ზოგჯერ კი ეცემა. ეს მონაცვლეობა ხშირად სასურველ ესთეტიკურ ეფექტს ქმნის, მხოლოდ აქა-იქ უმნიშვნელო, ფერმკრთალი ფრაზაც იპარება. ლელა სამნიაშვილი ლექსის პირველი ფრაზიდან ცდილობს მკითხველის მონუსხვას, მის განცვიფრებას. საამისოდ კი ცხადია, ორიგინალური, უჩვეულო, უცნაური სათქმელი უნდა თქვას. ჩვეულებრივ, ორიგინალური სათქმელი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად იბადება ხოლმე, მაგრამ თუ პოეტს აქვს მძაფრი სურვილი, რომ შოკში ჩააგდოს მკითხველი, ის გონებას იშველიებს და მისი მეშვეობით ქმნის უჩვეულო პოეტურ სიტუაციას. ლექსში “კულინარიული მცდელობა” საუბარი პოეტის სამზარეულოს ეხება. პოეტი ენაში განასაგნებს თავის სათქმელს. ყოველივე ამას “დიასახლისის გულმოდგინებით” აკეთებს. როგორც თვითონ ლელა სამნიაშვილი ამბობს, ეს არის მისი “განწირული კულინარია, რომელიც ვერც დაგათრობს, ვერც დაგაპურებს.” ცნობილია, რომ პოეზიის რეცეპტი არ არსებობს. და ლელა სამნიაშვილი თვითონ წერს თავის რეცეპტს, სადაც მარილივით არის გაზავებული სევდაც და სიხარულიც. პირადად ჩემთვის, ამ რეცეპტით “შემზადებული” ის ლექსები ან ის ფრაზებია ყველაზე უფრო შთამბეჭდავი, რომელთაც თავიანთი იდუმალი ნათება აქვთ: “სამი დილაა მაღვიძებს ყვავი,/ უამინდობის შავი მამალი./ ჩანთის წიგნებით, თერმოსის ყავით/ მთელი ზამთარი – ჩექმით სავალი/ მიდევს. შევფუთნი ფიფქის ქინქლებით/ ფარანს და ამინდს ღიმილს ავუწყობ,/ მაინც მოვიწყენ, სხვა რა იქნება…/ უცხო ქალაქში თვითონ ვარ უცხო.”ლელა სამნიაშვილი პროზაულ ნაკადს თავისებურად აზავებს პოეზიაში. აქ არის პოეზიის პროზად ქცევის ერთგვარი ხიფათი, ანუ განწყობა, რომელმაც ლექსი უნდა შვას, შეიძლება მშრალ რიტორიკად იქცეს. ასეთ დროს ფაქტობრივად ბეწვის ხიდიაგასავლელი. ლექსები, “ხატვის გაკვეთილი” და “ორი ტატუ” პროზაული შტრიხებითაა შესრულებული, თუმცა ფარულ პოეტურ მუხტს ინარჩუნებს.არაერთხელ ჩამოვარდნილა სიტყვა პოეტურ ციკლზე. ციკლი შინაარსობრივი მთლიანობა უნდა იყოს, ფრაგმენტებისგან წარმოქმნილი მთლიანობა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფრაგმენტების, ლექსების შეერთება ყოველთვის არ წარმოშობს ციკლს. ლექსების მიღმა უნდა ჩანდეს ავტორი, ლირიკული სუბიექტი, რომელიც მოძრაობს, დადის, იცინის, ტირის, ფიქრობს, დარდობს, ნაღვლიანობს. ე.ი. უნდა ჩანდეს ცოცხალი ადამიანი. ამ სიცოცხლეს კი დინამიზმი წარმოადგენს. ლელა სამნიაშვილის ლექსებში ლირიკული სუბიექტის მოძრაობის რიტმი აშკარად იგრძნობა, მხოლოდ, ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა გასწორდეს ფოკუსი ანუ უფრო ნათელი უნდა გახდეს პოეტური აზროვნება, რათა ხელშესახებად აღიქვას მკითხველმა ის გარემო, რომლის არსებობასაც ლირიკული გმირის მოძრაობა ანიჭებს აზრს. ლელა სამნიაშვილი ხშირად იყენებს იმ ინტონაციას, რომელიც 60-იანი წლების ქართულ პოეზიაში იყო დამკვიდრებული. ვთქვათ, ლექსებში “გორელები”, “მე ღვთაებად ავირჩევდი არტემიდას”, “კონტრაბანდა”, ეს ინტონაცია კი მეორდება, მაგრამ პოეტური ანტურაჟი, ყოველდღიურობის ატმოსფერო, პოეტური ნაკადის სიჭარბე იმდენად ძლიერია, რომ 60-იანი წლების არავითარი ასოციაცია არ აღიძვრება. “ველოსიპედი” ამერიკული პოეზიის ნიმუშს წააგავს. ამგვარი პროზაიზაცია თამაშიც არის და მოულოდნელიც, ფინალიც არ არის ურიგო: “ვუყვარდი შენს ველოსიპედს: ჩემი წამოსვლის დღესვე დაიმტვრა”.აქ უბრალოდ პროზაული შტრიხები ან ნაკადი კი არ არის შეჭრილი პოეზიაში, არამედ თვითონ პროზაული ნაწარმობის მსგავსი გაბმული ტექსტია ლექსის გრაფიკული გამოსახულებით მოწვდილი. ინტერვალები ტექსტს ნაწყვეტებად აცალკევებს და ამით სხვაგვარ მნიშვნელობას სძენს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ცარიელი ადგილები იმას “იტევს”, რაც უთქმელია და ნაგულისხმევი. ფაქიზი მინიშნებების ტექნიკა ლელა სამნიაშვილს არაერთგზის აქვს გამოყენებული და საკმაოდ მოხერხებულადაც. პოეტისთვის მთავარი მაინც მნიშვნელოვანი სათქმელია. ჩემი აზრით, შინაარსობრივი თვალსაზრისით ლელა სამნიაშვილის ლექსები სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ძიების პროცესი არ შეიძლება ცალმხრივი იყოს – ფორმისმიერ წესრიგს შინაარსობრივი სისავსის ხარისხი ქმნის. უშუალოდ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. უკვე მიღწეული პოეტური ოსტატობის დონე ლელა სამნიაშვილისთვის ამ გამოცდილების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარკვეულ პერიოდში პოეტის სტილური ძიებანი სასურველია მეტად შეერწყას მის სათქმელს. ლექსს ჩამოშორდება ზედმეტი მინარევი, მეტ ჰაეროვნებას და სინატიფეს შეიძენს, ემოციურადაც უფრო იოლად აღსაქმელი გახდება. შეუძლებელია პოეტს თვითდაკვირვების საკმაოდ ხშირი მომენტები არ ჰქონდეს, ის ხომ ყველაფერთან ერთად თვითშემფასებელიც არის. ამიტომაც ხანმოკლე თუ ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ დამდგარ ფერიცვალების პროცესს ყველაზე ადრე თვითონ შეამჩნევს.
“ცხელი შოკოლადი”, ლიტერატურა”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button