ყოდე, ჩვენს ერთად ყოფნას ბოლო მოეღება, თუ ვინმემ შეიტყო ჩვენი ამბავი.
_ კრინტსაც არ დავძრავ, _ აღუთქვა კრუნხუმ.
მთელმა ულადმა მოიყარა თავი დღესასწაულზე. კრუნხუც მოვიდა სხვებთან ერთად. დღესასწაული ბრწყინავდა ხალხით, ცხენებითა და სამოსელით. იყო ასპარეზობა ეტლების სრბოლაში, ჰოროლთა ტყორცნაში და სიმძიმეების აზიდვაში. დღესასწაულის დასასრულ თავად მეფის ეტლი ჩაება ასპარეზობაში და მეფის ცხენებმა აჯობეს ყველა ცხენს. მაშინ შეიყარნენ მძნობელნი ულადისა, რათა ხოტბა შეესხათ მეფე-დედოფლისათვის, მისი ფილიდებისა და დრუიდების, მსახურებისა და მხედრებისათვის, აგრეთვე მთელი თავყრილობისათვის.
_ არაოდეს გვინახავს, მეფის თეთრონების დასადარი თეთრონები, _ ამბობდნენ ისინი, _ ჭეშმარიტად, მთელს ირლანდიაში არ მოიძებნება უფრო მუხლადი ბედაურები.
_ ჩემი ცოლი უფრო მუხლადია, ვიდრე მეფის თეთრონები, _ იზრახა კრუნხუმ.
_ შეიპყარით ეს კაცი, _ იჭექა მეფემ, _ და არ განუტევოთ, ვიდრე მისი ცოლი ასპარეზობაზე არ გამოცხადდება!
კრუნხუ მყისვე შეიპყრეს, მის ცოლთან კი წარგზავნეს მოციქულები. მახა მიესალმა მოსულებს და გამოჰკითხა მიზეზი მოსვლის.
_ ჩვენ წარმოგვგზავნეს შენს წასაყვანად, _ უპასუხეს მათ, _ რაიღამცა შენ დაიხსნა პატრონი შენი, რომლის შეპყრობაც მეფემ ბრძანა. რამეთუ მან იზრახა, რომ შენ უფრო მუხლადი ხარ, ვიდრე მეფის თეთრონები.
_ ავი საქმეა! _ იზრახა მახამ. _ მას არ უნდა გაემხილა ეს. მაგრამ მე მაქვს სამართლიანი მიზეზი: ფეხმძიმედ ვარ და ახლოა ჟამი მშობიარობისა.
_ არავითარი მიზეზი! _ წამოიძახეს მოციქულებმა. _ იგი უნდა მოკვდეს თუ შენ არ მოხვალ.
_ რა გაეწყობა, უნდა დაგთანხმდეთ, _ თქვა მახამ.
და მახა მოციქულებთან ერთად წავიდა დღესასწაულზე. ყველამ მოიყარა თავი მახას სანახავად.
_ ლირწობაა, აგრე რომ მიჭვრეტენ, _ იზრახა მახამ, _ რაისთვის მომიყვანეთ აქ?
_ მეფის თეთრონებს რომ გაეჯიბრო, _ იყო პასუხი.
_ მე მაქვს უარის საბაბი, _ იზრახა მახამ, _ ახლოვდება ტკივილები მშობიარობის.
_ აღმართეთ ხმალი! _ იჭექა მეფემ.
_ მშობიარობამდე მაინც მადროვეთ, _ თქვა მახამ.
_ არავითარი დრო, _ წარსთქვა მეფემ.
_ სირცხვილი თქვენ, ჭეშმარიტად სირცხვილი თქვენ, ეგ საქმე მოგაყივნებთ დიდი მოყივნებით! მიუშვით ცხენები, _ იზრახა მახამ.
და მიუშვეს მეფის თეთრონები და მახა თეთრონებზე უწინ მიიჭრა ჰელოსთან. ამ დროს მახას აღმოხდა კივილი და შუა უტევანზე შვა ტყუპი: ასული ფიალ და ძე ფიარ.
ოდეს თავმოყრილთა მამრთა გაიგონეს კივილი დედაკაცისა, მყის იგრძნეს, რომ მათში არ ჰგიეს მეტი ძალი, ვიდრე მშობიარე დიაცში.
_ ეს სამარცხვინო დაღი სამარადჟამოდ დაგრჩებათ თქვენ, _ იზრახა მახამ, _ ვინაითგან დაამდაბლეთ პატივი ჩემი. ამიერიდან უწყოდეთ ყველამ: ყოველთვის, ოდეს თქვენს ხალხს ეწვევა გასაჭირი, მშობიარობის ტკივილის მაგვარი სენი შეიპყრობს ყოველ თქვენგანს და რამდენ ხანსაც დიაცი იტანჯება მშობიარობით, იმდენ ხანს გასტანს ტანჯვა თქვენი: ხუთი დღე და ოთხი ღამე გასტანს ტანჯვა თქვენი, ანდა ხუთი ღამე და ოთხი დღე. და ასე იქნება ცხრა თაობის განმავლობაში.
და ეს გამართლდა. ამგვარი უბედურება გრძელდებოდა ულადთა შორის კრუნხუს დროიდან, ვიდრე ფერგუს დომნალის ძის მეფობამდე.