სტივენ ჰოკინგი სამყაროს წარმოშობის შესახებ
სტატია წარმოადგენს ლექციის თარგმანს, რომელიც პროფესორმა სტივენ ჰოკინგმა წაიკითხა კალიფორნიის უნივერსიტეტში 2007 წლის 13 მარტს.
ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ბოშონგოს ტომის წევრების აზრით, დასაწყისში იყო მხოლოდ წყვდიადი, წყალი და დიდი ღმერთი ბუმბა. ერთ დღეს ბუმბამ მუცელში ტკივილი იგრძნო და მზე ამოანთხია. მზემ წყლის ნაწილი დააშრო და ხმელეთი გამოაჩინა. ბუმბამ, რომელსაც ჯერ კიდევ სტანჯავდა ტკივილი, ამის შემდეგ მთვარე, ვარსკვლავები და ცხოველები ამოუშვა. ლეოპარდი, ნიანგი, კუ და საბოლოოდ ადამიანიც.
ეს კრეაციონისტული მითი, სხვა მითების მსგავსად, ცდილობს გასცეს პასუხი კითხვებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვსვამთ: რატომ ვართ აქ? საიდან გავჩნდით? ამაზე პასუხი, როგორც წესი, იყო ის, რომ ადამიანის არსებობა არც ისე დიდ პერიოდს ითვლის, რადგან აშკარაა, რომ ადამიანთა რასა ცოდნასა და ტექნოლოგიას მუდმივად აუმჯობესებს. აქედან გამომდინარე, ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა ეარსებათ, რადგან ამ შემთხვევაში პროგრესის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. მაგალითად, ეპისკოპოს ჯეიმს აშერის თქმით, ბიბლიის პირველი წიგნი ,,დაბადება” სამყაროს წარმოშობის თარიღად იღებდა ქრისტეს შობამდე 4004 წლის 27 ოქტომბერს, დილის 9 საათს. მეორე მხრივ, ფიზიკური არემარე, როგორიცაა მთები და მდინარეები, ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ძალიან უმნიშვნელოდ იცვლება. ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ ისინი მუდმივი და უცვლელი იყვნენ და ან ყოველთვის არსებობდნენ ან ადამიანებთან ერთად გაჩნდნენ. თუმცა ყველა არ იყო აღფრთოვანებული იმ აზრით, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა.
არისტოტელე, ყველაზე ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, მიიჩნევდა, რომ სამყარო მუდამ არსებობდა. მუდმივი რამ უფრო სრულყოფილია, ვიდრე შექმნილი. მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც ვხედავთ წინსვლასა და პროგრესს, ისაა, რომ წარღვნისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების გამო ცივილიზაცია მუდმივად უბრუნდება საწყის პერიოდს. მუდმივი სამყაროს იდეის დაჯერების მოტივაცია იყო სურვილი, თავიდან აერიდებინათ მუდმივი ჩარევის საკითხი, რომელიც მისი შექმნისა და არსებობისთვის იყო საჭირო. ამის საპირისპიროდ, ვისაც სჯეროდა, რომ სამყაროს დასაბამი ჰქონდა, იყენებდნენ მას ღმერთის არსებობის არგუმენტად, რომელიც იყო პირველმიზეზი ან სამყაროს მთავარი მამოძრავებელი.
თუკი ვინმეს სჯეროდა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, იბადებოდა ბუნებრივი კითხვა: რა მოხდა დასაწყისამდე? რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? იქნებ ჯოჯოხეთს ამზადებდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ კითხვებს დასვამდნენ? საკითხი, ჰქონდა თუ არა დასაბამი სამყაროს, იყო დასაწყისი დიდი საფიქრალისა გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტისთვის. ის გრძნობდა, რომ არსებობდა ლოგიკური წინააღმდეგობები, იგივე ანტიმონიები (პარადოქსის ერთ-ერთი სახე). თუკი სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, რატომ იცდიდა უსასრულო დროის განმავლობაში, სანამ არსებობას დაიწყებდა? ამას მან თეზისი უწოდა. მეორე მხრივ, თუკი სამყარო მუდამ არსებობდა, რატომ დასჭირდა უსასრულო დრო, რომ დღევანდელობამდე მოეღწია? ამას ანტითეზისი დაარქვა. ორივე, თეზისიც და ანტითეზისიც, ეფუძნებოდა კანტის, ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენი ადამიანის დასკვნას, რომ დრო აბსოლუტურია. ეს იმას ნიშნავდა, რომ დრო მიდიოდა უსასრულო წარსულიდან უსასრულო მომავალში, ნებისმიერი სამყაროსგან დამოუკიდებლად, რომლებიც შესაძლოა არსებობდნენ ან არ არსებობდნენ. ეს იდეა ჯერ კიდევ ესადაგება ბევრი დღევანდელი მეცნიერის გონებაში არსებულ სურათს.
თუმცა 1915 წელს აინშტაინმა წარმოადგინა თავისი რევოლუციური ნაშრომი – ფარდობითობის ზოგადი თეორია. მასში დრო და სივრცე აღარ ითვლებოდნენ აბსოლუტურად და არ წარმოადგენდნენ მოვლენების ფიქსირებულ უკანა ფონს. ამის ნაცვლად, ისინი იყვნენ დინამიკური სიდიდეები, რომლებსაც სამყაროში არსებული მატერია და ენერგია ქმნიდნენ. ისინი განისაზღვრებოდნენ მხოლოდ სამყაროს შიგნით, ამიტომ დროის არსებობაზე საუბარს, სანამ სამყარო შეიქმნებოდა, აზრი აღარ ჰქონდა. ეს იგივე იქნებოდა, სამხრეთ პოლუსის სამხრეთ მიმართულება რომ გვეძებნა. თუკი სამყარო არსებითად არ იცვლებოდა დროში, როგორც 1920-იან წლებამდე მიიჩნევდნენ, მაშინ ე.წ. სამყაროს დასაბამი იქნებოდა არაბუნებრივი. აქედან გამომდინარე, სამყარო შეიძლებოდა გუშინ შექმნილიყო, მაგრამ ყველანაირი მეხსიერებითა და ფიზიკური მონაცემებით, რათა ჰქონოდა შესახედაობა, რომ გაცილებით ძველი იყო. ეს აჩენს დიდ ფილოსოფიურ კითხვებს არსებობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მე ამას დავუპირისპირებ მეთოდს, რომელსაც ,,პოზიტივისტურ მიდგომას” უწოდებენ. მისი ძირითადი აზრი ისაა, რომ ჩვენ განვმარტავთ მოვლენებს ჩვენი გრძნობის ორგანოებიდან გამომდინარე იმ მოდელის პირობებში, რომელიც სამყაროსთან დაკავშირებით შევქმენით. მთავარი ის კი არაა, ეს მოდელი რამდენად ახლოა რეალობასთან, არამედ მუშაობს თუ არა ის. მოდელი ითვლება კარგ მოდელად, თუკი ის პირველ რიგში განმარტავს დაკვირვებათა დიდ ერთობლიობას მარტივად და ელეგანტურად. ასევე თუკი მოდელი მოიცავს გარკვეულ წინასწარმეტყველებებს, რომელთა გამოცდაც და სავარაუდო სიმცდარის დამტკიცებაც შესაძლებელია დაკვირვებით.
პოზიტივისტური მიდგომის პირობებში შესაძლებელია სამყაროს ორი მოდელის შედარება. ერთ მათგანში სამყარო შეიქმნა გასულ წელს, მეორეში კი სამყარო გაცილებით დიდი ხანია არსებობს. მოდელს, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთ წელზე დიდი ხანია არსებობს, შეუძლია ახსნას ისეთი რამეები, როგორიცაა იდენტური ტყუპები, რომლებსაც ერთნაირი საწყისი აქვთ, რაც 1 წელზე მეტი ხნისაა. მეორე მხრივ, მოდელი, რომელშიც სამყარო გასულ წელს გაჩნდა, მსგავს მოვლენებს ვერ ახსნის. ამიტომ პირველი მოდელი უკეთესია. აზრს მოკლებულია იმ კითხვის დასმა, სამყარო მართლა არსებობდა ერთ წელზე მეტი ხნის წინ თუ ასეთად გაჩნდა. პოზიტივისტურ მიდგომაში ორივე ერთნაირია. უცვლელ სამყაროში საწყისი წერტილი არ არსებობს.
სიტუაცია შეიცვალა, როცა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა გალაქტიკა თანდათანობით გვშორდება. უფრო მეტიც, რაც უფრო შორს არიან ჩვენგან გალაქტიკები, მით უფრო სწრაფად მიიწევენ წინ. სამყარო არ იყო დროში უცვლელი, როგორც მანამდე ყველა ფიქრობდა. ის ფართოვდებოდა. მანძილი შორეულ გალაქტიკებს შორის თანდათანობით იზრდებოდა დროსთან ერთად. სამყაროს გაფართოება იყო XX საუკუნის, ან შეიძლება ისტორიის, ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური აღმოჩენა. ის გადაიზარდა დებატებში, ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაბამი. თუკი ამჟამად გალაქტიკები ერთმანეთს შორდებიან, მაშინ წარსულში ოდესღაც ერთად უნდა ყოფილიყვნენ. თუკი ისინი მუდმივად მოძრაობდნენ, დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ ერთმანეთის თავზე იქნებოდნენ შეჯგუფულნი. იყო თუ არა ეს სამყაროს დასაწყისი?
ბევრი მეცნიერი მაინც დანაღვლიანებული იყო იმ აზრის გამო, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, რადგან მათი აზრით, ეს ფიზიკის მარცხს ნიშნავდა. ზოგს მოუწია დახმარებისთვის შემოეტანა გარე ძალა (ღმერთი), რომელიც განსაზღვავდა, როგორ დაიწყო სამყარო. ამის გამო მათ წინ წამოწიეს თეორია, რომლის მიხედვითაც სამყარო ამ მომენტში ვითარდებოდა, მაგრამ დასაწყისი არ ჰქონია. ერთ-ერთი იყო ,,უცვლელი მდგომარეობის თეორია”, რომელიც 1948 წელს წამოაყენეს ბონდიმ, გოლდმა და ჰოილმა. უცვლელი მდგომარეობის თეორიაში, როცა გალაქტიკები ერთმანეთს შორდებოდნენ, იქმნებოდა ახალი გალაქტიკები იმ მატერიისგან, რომელიც სავარაუდოდ მუდმივად წარმოიშვებოდა კოსმოსში. სამყარო მუდმივად იარსებებდა და მუდმივად ერთი ფორმა ექნებოდა. პოზიტივიზმის გადმოსახედიდან ამ ბოლო ფრაზას პერსპექტივა ჰქონდა, რადგან შეიძლებოდა მისი გამოცდა დაკვირვებით.
1960-იან წლებში კემბრიჯის ასტრონომთა ჯგუფმა მარტინ რაილის ხელმძღვანელობით გამოიკვლია სუსტი რადიოსიგნალები. ისინი თანაბრად და ერთფეროვნად იყვნენ განაწილებულნი მთელ ცაზე, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მათი წყაროების უმეტესობა ჩვენი გალაქტიკის მიღმა მდებარეობდა. შესაბამისად, სუსტი წყაროები უფრო მოშორებით მდებარეობდა. უცვლელი მდგომარეობის თეორია აცხადებდა, რომ წყაროების რაოდენობის გრაფიკის ფორმა იქნებოდა წყაროების სიძლიერის საპირისპირო. მაგრამ დაკვირვებამ აჩვენა უფრო მეტი სუსტი წყარო, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც მიიყვანა მეცნიერები დასკვნამდე, რომ წყაროების სიხშირე წარსულში უფრო მაღალი იყო. ეს ეწინააღმდეგებოდა უცვლელი მდგომარეობის თეორიის ძირითად ვარაუდს, რომ ყველაფერი მუდმივი იყო დროში. ამ და სხვა მიზეზების გამო უცვლელი მდგომარეობის თეორია უარყვეს.
შემდეგი მცდელობა, აერიდებინათ სამყაროს დასაბამის არსებობა, იყო აზრი, რომ მანამდე არსებობდა შეკუმშული მდგომარეობა, მაგრამ ბრუნვისა და ადგილობრივი უწესრიგობების გამო მატერია არათანაბრად ნაწილდებოდა. ამის ნაცვლად, მატერიის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს ცდებოდნენ, სამყარო ისევ ფართოვდებოდა, სიმჭიდროვე კი შემოსაზღვრული იყო. როგორც შემდგომში ორი რუსი მეცნიერი, ლიფშიცი და ხალატნიკოვი, ირწმუნებოდნენ, მათ დაამტკიცეს, რომ ზუსტი სიმეტრიის გარეშე შეკუმშვით ყოველთვის მიიღებოდა გარდატეხა, ხოლო სიმჭიდროვე განსაზღვრული იყო. ეს შედეგი საკმაოდ დამაჯერებელი აღმოჩნდა მარქსისტ-ლენინისტური დიალექტიკური მატერიალიზმისთვის, რადგან ის თავიდან იცილებდა ყველანაირ ავბედით კითხვას სამყაროს შექმნის შესახებ. ამიტომ ის საბჭოთა მეცნიერებისთვის რწმენის შემადგენელი ნაწილი გახდა.
როცა ლიფშიცმა და ხალატნიკოვმა თავიანთი კვლევა გამოაქვეყნეს, მე 21 წლის სტუდენტი ვიყავი და ვეძებდი ისეთ რამეს, რაც ფილოსოფიის სადოქტორო თეზისისთვის გამომადგებოდა. მე არ მჯეროდა მათი ე.წ. მტკიცებულებისა და როჯერ პენროუზთან ერთად გავემგზავრე, რათა განმევითარებინა ახალი მათემატიკური ტექნოლოგია საკითხის შესასწავლად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სამყარო ვერ გარდატყდებოდა. თუკი აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სწორია, სამყაროს დასაბამის მომენტში მიიღებოდა სინგულარობა, რომელსაც თან ახლდა უსასრულო სიმჭიდროვე და სივრცე-დროის გამრუდება. დროც აქედან იღებდა სათავეს.
დაკვირვებადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამყაროს ძალიან მკვრივი დასაწყისი ჰქონდა, 1965 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ეს იყო რამდენიმე თვის შემდეგ, რაც სინგულარობაზე პირველი დასკვნა გავაკეთე, რომელიც მოჰყვა კოსმოსის სუსტი მიკროტალღოვანი ფონის აღმოჩენას. ეს მიკროტალღები იგივეა, როგორიც თქვენს მიკროტალღოვან ღუმელში, მაგრამ გაცილებით სუსტია. მათ თქვენი პიცის ,,გათბობა” მხოლოდ –271.3 გრადუსამდე შეუძლიათ, რაც არც ისე კარგი მაჩვენებელია გაყინული პიცის გასალღობად, მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამ მიკროტალღებზე დაკვირვება თქვენც შეგიძლიათ: გადართეთ ტელევიზორი თავისუფალ არხზე. ეკრანზე გამოჩენილი ფიფქების ნაწილი სწორედ მიკროტალღოვანი ფონის მოქმედების შედეგია. მიკროტალღოვანი ფონის ერთადერთი გონივრული განმარტება ისაა, რომ ეს არის ადრეულ წარსულში არსებული ძალიან ცხელი და მკვრივი მდგომარეობიდან დარჩენილი რადიაცია. სამყაროს გაფართოებასთან ერთად რადიაცია გრილდებოდა, სანამ არ მიიღო ის სუსტი სახე, როგორიც დღესაა.
პენროუზისა და ჩემ მიერ შემუშავებული სინგულარობის თეორემები წინასწარმეტყველებდნენ, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. მიუხედავად ამისა, ისინი არ ამბობდნენ, როგორ მოხდა ეს. ზოგადი ფარდობითობის თეორიის განტოლებები სინგულარობასთან მიმართებაში არაეფექტური იყო. აქედან გამომდინარე, აინშტაინის თეორია ვერაფერს გვეტყვის იმაზე, როგორ შეიქმნა სამყარო, არამედ გვამცნობს, როგორ ვითარდება დასაბამის შემდეგ. არსებობს ორი პოზიცია, რომლის ქონაც შესაძლებელია პენროუზისა და ჩემ მიერ გაკეთებული დასკვნების შემდეგ. პირველის მიხედვით, ღმერთმა გადაწყვიტა, როგორ შექმნილიყო სამყარო იმ მიზეზების გამო, რომლებსაც ვერასდროს გავიგებთ. ეს იყო რომის პაპ იოანე პავლე II-ს პოზიცია. ვატიკანში გამართულ კოსმოლოგიის კონფერენციაზე პაპმა მეცნიერებს უთხრა, რომ სამყაროს შესწავლა მისი შექმნის შემდგომი პერიოდიდან კარგი იდეაა, მაგრამ არ უნდა ჩაეძიონ უშუალოდ დასაბამის მომენტს, რადგან ეს შესაქმის, ღმერთის შრომის პერიოდი იყო. გამიხარდა, რადგან პაპი ვერ მიხვდა, რომ ჩემს ხელთ არსებულ ქაღალდზე სამყაროს შექმნის ახსნა ეწერა. ნამდვილად არ მსურდა, ინკვიზიციის ხელში აღმოვჩენილიყავი გალილეოს მსგავსად.
ჩვენი შედეგების მეორე ინტერპრეტაცია, რომელსაც მეცნიერთა უმეტესობა მხარს უჭერს, არის ის, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორია არაეფექტური ხდება ადრეული სამყაროს ძლიერ გრავიტაციულ ველებთან მიმართებაში. ამიტომ ის უნდა შეიცვალოს უფრო სრულყოფილი თეორიით. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან ფარდობითობის ზოგადი თეორია მხედველობაში არ იღებს მატერიის პატარა ზომის სტრუქტურებს, რომლებიც კვანტური თეორიით იმართებიან. როგორც წესი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამყაროს ზომა უკიდურესად დიდია კვანტური თეორიის მიკროსკოპულ მასშტაბებთან შედარებით. მაგრამ როცა სამყარო პლანკის ზომისაა, სანტიმეტრის მემილიარდედ მეტრილიონედ მეტრილიონედი, ეს ორი ზომა თანაბარი ხდება და საჭიროა კვანტური თეორიის გათვალისწინებაც.
იმისთვის, რომ სამყაროს წარმოშობა გავიგოთ, ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტური თეორია უნდა გავაერთიანოთ. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზაა ფეინმანის იდეა. რიჩარდ ფეინმანი (იხ. სურ.) კეთილშობილური ხასიათის მქონე ადამიანი იყო, რომელიც კალიფორნიის ქალაქ პასადენას სტრიპტიზ-კლუბში ბონგოს დოლებზე უკრავდა, ასევე გახლდათ არაჩვეულებრივი ფიზიკოსი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მან წამოაყენა აზრი, რომ სისტემა გადავიდა A მდგომარეობიდან B მდგომარეობაში ყველა შესაძლო გზითა და ისტორიით. თითოეულ გზასა და ისტორიას გააჩნია თავისი ამპლიტუდა და ინტენსივობა, ხოლო სისტემის A-დან B-მდე გადანაცვლების ალბათობა გამოითვლება თითოეული გზისთვის ამპლიტუდების შეჯამებით. არსებობს სამყაროს ისტორია, რომელშიც მთვარე ლურჯი ყველისგანაა გაკეთებული, მაგრამ მისი ამპლიტუდა დაბალია, რაც თაგვებისთვის ცუდი სიახლეა.
სამყაროს ამჟამინდელი მდგომარეობის ალბათობა გამოითვლება ყველა იმ ისტორიის ამპლიტუდების შეჯამებით, რომლებიც ამ მდგომარეობით მთავრდებიან. მაგრამ როგორ დაიწყო ისტორიები? საჭირო იყო თუ არა, შემქმნელს გაეცა ბრძანება სამყაროს შექმნის შესახებ? თუ ეს თავდაპირველი მდგომარეობაა, რომელიც მეცნიერული კანონებით განისაზღვრება? ეს კითხვა იმ შემთხვევაშიც გაჩნდებოდა, თუკი ისტორიები სათავეს უსასრულო წარსულიდან აიღებდნენ. თუმცა უფრო მისაღებია ის აზრი, რომ სამყარომ 15 მილიარდი წლის წინ დაიწყო არსებობა. პრობლემა, რომელიც ეხება იმას, თუ რა მოხდა დროის დასაწყისში, ჰგავს იმ კითხვას, თუ რა მოხდება დედამიწის კიდემდე მისვლისას, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ პლანეტა ბრტყელი იყო. არის მსოფლიო ბრტყელი თეფშის მსგავსი, რომლის ბოლოებიდანაც ზღვა იღვრება? მე ეს ექსპერიმენტულად მაქვს გამოცდილი – მიმოგზაურია მსოფლიოს გარშემო და არასდროს გადავვარდნილვარ დედამიწიდან.
როგორც ყველამ ვიცით, დედამიწის კიდესთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრა, როცა ხალხმა გაიაზრა, რომ მსოფლიო არ იყო ბრტყელი თეფშის მსგავსი, არამედ მრუდე ზედაპირის მქონე. თუმცა დრო ცოტათი განსხვავებულია. ის გამოყოფილია სივრცისგან და სარკინიგზო ხაზის მოდელს ჰგავს. თუკი მას დასაწყისი ჰქონდა, მაშინ ისეთი ვიღაცაც უნდა არსებობდეს, რომელმაც მატარებელი აამოძრავა. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია აერთიანებს დროსა და სივრცეს, მაგრამ დრო მაინც განსხვავდებოდა სივრცისგან და ჰგავდა დერეფანს, რომელსაც ან დასაწყისიც ჰქონდა და დასასრულიც, ან უსასრულოდ გრძელდებოდა. თუმცა როცა ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტური თეორია გავაერთიანეთ, მე და ჯიმ ჰარტლმა გავაანალიზეთ, რომ უკიდურეს პირობებში დრო შეიძლება იყოს სივრცის სხვა მიმართულების მსგავსი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ვიცილებთ დროის დასაწყისის პრობლემას, ისევე მარტივად, როგორც მოვიცილეთ დედამიწის კიდის პრობლემა.
სამყაროს დასაწყისი იყო დედამიწის სამხრეთ პოლუსის მსგავსი, სადაც განედები დროის როლს თამაშობდნენ. სამყარომ არსებობა დაიწყო წერტილით, რომელიც სამხრეთ პოლუსს ჰგავს. ჩრდილოეთით გადანაცვლებისას ვხვდებით მუდმივი განედების რგოლებს, რომლებიც თანდათან იზრდება და სამყაროს ზომას გამოსახავს.
იმის კითხვა, თუ რა ხდებოდა სამყაროს შექმნამდე, აზრს კარგავს, იმიტომ რომ არაფერია სამხრეთ პოლუსის სამხრეთით. დრო, რომელიც განედების გრადუსების მსგავსია, ათვლას დაიწყებდა სამხრეთ პოლუსზე. სამხრეთ პოლუსზეც ისე მოქმედებს ბუნების კანონები, როგორც დედამიწის სხვა ნებისმიერ წერტილზე. ეს წყვეტს საუკუნოვან პრობლემას სამყაროს დასაწყისის შესახებ – მას თავიდანვე მართავდა მეცნიერული კანონები. სურათი, რომელიც მე და ჯიმ ჰარტლმა შევქმენით სამყაროს სპონტანური კვანტური შექმნის შესახებ, რაღაცით მიაგავდა ორთქლის ბუშტების წარმოქმნას მდუღარე წყალში. მისი იდეა ისაა, რომ სამყაროს ყველაზე შესაძლო ისტორიები ბუშტების ზედაპირს მიაგავს – ბევრი პატარა ბუშტი ჩნდება, რომლებიც შემდეგ უჩინარდებიან. ეს შეესაბამება იმ პატარა სამყაროებს, რომლებიც ფართოვდებიან, მაგრამ ნადგურდებიან ჯერ კიდევ მიკროსკოპულ ზომაში არსებობისას.
არსებობს შესაძლო ალტერნატიული სამყაროები, მაგრამ ისინი დიდ ინტერესს არ იწვევენ, რადგან მათი არსებობა არც ისე დიდხანს გრძელდება, რომ შექმნან გალაქტიკები და ვარსკვლავები, რომ არაფერი ვთქვათ ინტელექტუალურ სიცოცხლეზე. თუმცა პატარა ბუშტებიდან ზოგიერთი იზრდება ზომაში და თანდათან აღწევს დიდ მაჩვენებელს, რითაც შეესაბამება იმ სამყაროებს, რომლებსაც ზრდის მასშტაბური ტემპი აქვთ. ამ პროცესს ინფლაცია ეწოდება, მსგავსად იმ მოვლენისა, როცა ფასები სწრაფად იმატებს ყოველწლიურად.
ინფლაციის მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა გერმანიაში, I მსოფლიო ომის შემდგომ. 18 თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა 10 მილიონჯერ. მაგრამ ეს არაფერია ადრეული სამყაროს ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით. სამყარო იზრდებოდა მილიონ ტრილიონ ტრილიონჯერ წამის უმცირეს მონაკვეთებში. ფასების ინფლაციისგან განსხვავებით, ადრეული სამყაროს ინფლაცია ძალიან კარგი მოვლენა იყო. მან წარმოშვა უზარმაზარი და ერთგვაროვანი სამყარო, რომელსაც დღეს ვხედავთ. თუმცა ის ყოველთვის ერთგვაროვანი ვერ იქნებოდა. სამყაროს ისტორიების შეჯამებისას უმნიშვნელოდ არარეგულარულ ისტორიებს თითქმის ისეთივე ალბათობა ენიჭებათ, როგორიც სრულიად ერთგვაროვან და რეგულარულ ვერსიებს. ამიტომ თეორია წინასწარმეტყველებს, რომ ადრეული სამყარო ოდნავ არაერთგვაროვანი იყო. ეს არაერთფეროვნებები სხვადასხვა მიმართულებებიდან წარმოშობდა პატარა ცვლილებებს მიკროტალღოვანი ფონის არეში. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი გამოიკვლია თანამგზავრმა “Map”-მა და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისეთი ცვლილებები აღენიშნებოდა, როგორიც ივარაუდებოდა. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
ადრეულ სამყაროში არსებული უწესრიგობები გამოიწვევდა იმას, რომ ზოგიერთ რეგიონს სხვაზე მეტი სიმკვრივე ექნებოდა. ზედმეტი სიმკვრივის გრავიტაციული მიზიდულობა შეანელებდა რეგიონის გაფართოებას და საბოლოოდ შეიძლებოდა მისი დაშლაც გამოეწვია, რის შემდეგაც წარმოიქმნებოდა გალაქტიკები და ვარსკვლავები.
ყურადღებით დააკვირდით მიკროტალღოვანი ცის რუკას. ის სამყაროში არსებული ყველანაირი სტრუქტურის ლურჯი ანაბეჭდია. ჩვენ ადრეულ სამყაროში არსებული კვანტური რხევების შედეგი ვართ. ღმერთი ნამდვილად თამაშობს კამათლებით.
ბოლო 100 წლის განმავლობაში კოსმოლოგიის დარგში უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ და სამყაროს გაფართოების აღმოჩენამ დაამსხვრია წარმოდგენა მუდმივად არსებულ და უსასრულო სამყაროზე. ამის ნაცვლად ზოგადი ფარდობითობა ამბობს, რომ სამყარო და თავად დროც დიდი აფეთქებიდან იღებენ სათავეს. ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ შავ ხვრელებში დრო არ არსებობს. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის აღმოჩენამ და შავ ხვრელებზე დაკვირვებამ ამ დასკვნების სისწორე დაადასტურა. ამან მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროსა და ზოგადად რეალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორია საუბრობდა სამყაროს ადრეულ წარსულში არსებულ მაღალი გამრუდების პერიოდზე, ის არაფერს ამბობდა, როგორ წარმოიშვა სამყარო დიდი აფეთქებისგან. ასე რომ მხოლოდ ზოგადი ფარდობითობა ვერ გასცემდა პასუხს კოსმოლოგიის უმთავრეს კითხვას: რატომ არის სამყარო ასეთი? თუმცა თუკი ზოგად ფარდობითობას გავაერთიანებთ კვანტურ თეორიასთან, შესაძლებელია ვივარაუდოთ, როგორ დაიწყო სამყარომ არსებობა. საწყის ეტაპზე მას გაფართოების მაღალი მაჩვენებელი ექნებოდა. ორი თეორიის გაერთიანება გვამცნობს, რომ ამ ე.წ. ინფლაციური პერიოდის დროს პატარა მერყეობები ხელს შეუწყობდა გალაქტიკების, ვარსკვლავებისა და სამყაროში არსებული სხვა სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ეს დადასტურებულია კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონში არსებულ პატარა არაერთფეროვნებებზე დაკვირვებით, რომლებსაც ზუსტად ის თვისებები აქვთ, რაც მანამდე იყო ნავარაუდევი. ასე რომ როგორც ჩანს, სამყაროს წარმოშობის გაგების გზაზე ვდგავართ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.
ადრეული სამყაროსკენ მიმართული ფანჯარა მაშინ გაიხსნება, როცა შევძლებთ გრავიტაციული ტალღების გამოაშკარავებას კოსმოსურ აპარატებს შორის მანძილის ზუსტი გაზომვით. გრავიტაციული ტალღები მუდმივად ვრცელდებოდნენ ადრეული პერიოდიდან ჩვენს დრომდე, მათ არანაირი მატერიალური დაბრკოლება არ ხვდებოდათ. ამის საწინააღმდეგოდ, სინათლე მრავალჯერ იქსაქსებოდა თავისუფალ ელექტრონებთან შეხების დროს, სანამ ელექტრონები არ გამოცალკევდნენ. ამ დროს სამყარო 300 000 წლის იყო.
გარკვეული სახის დიდი წარმატებების მიუხედავად, ყველაფერი ჯერ კიდევ არაა ამოხსნილი. ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია კარგი თეორიული წარმოდგენა იმ დაკვირვებებთან დაკავშირებით, რომ სამყაროს გაფართოების ტემპი დიდი ხნის შენელების შემდეგ ისევ მატულობს სიჩქარეში. ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით დაზუსტებით სამყაროს მომავალზე. მუდმივად განაგრძობს ის გაფართოებას? არის თუ არა ინფლაცია ბუნების კანონი? თუ საბოლოოდ სამყარო ისევ განადგურდება? დაკვირვებებზე აგებული ახალი შედეგები და თეორიული წინსვლის ტემპი სწრაფად იზრდება. კოსმოლოგია ძალიან აქტიური და ამაღელვებელი დარგია. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით პასუხებს, რომლებიც გადაწყვეტენ საუკუნოვან კითხვებს – რატომ ვართ აქ? საიდან გავჩნდით?
გმადლობთ, რომ მისმენდით.