ლიტერატურამოთხრობა

ედგარ ალან პო – კლდოვანი მთების ამბავი

1827 წლის შემოდგომით, ვირჯინიის შტატში, შარლოტსვილის ახლოს რომ დავსახლდი, შემთხვევით გავიცანი ბ-ნი ოგასტეს ბედლოუ. ყოველმხრივ საყურადღებო გახლდათ ეს ყმაწვილი ჯენტლმენი და მეც დიდი გულისყურითა და ცნობისმოყვარეობით მოვეკიდე ამ ნაცნობობას. თუ ვინ იყვნენ მისი სულიერი და ხორციელი ნათესავები, ვერ დავადგინე. ვერც მისი ოჯახის შესახებ გავიგე ვერაფერი. ვერც ის მითხრეს, თუ საიდან იყო ჩამოსული. კი გეუბნებით, ყმაწვილი ჯენტლმენი-მეთქი, მაგრამ მისი ასაკი ძალიან საეჭვო შექმნილიყო ჩემთვის. თქმა არ უნდა, ყმაწვილი ჩანდა, თავადაც ამას იძახოდა, ყმაწვილი ვარო, მაგრამ ზოგჯერ იყო და ვიფიქრებდი ხოლმე, ასი წლისა უნდა იყოს მეთქი. ყველაზე უფრო გასაოცარს ამ კაცის აღნაგობას შეარქმევდით. უჩვეულოდ მაღალი და გამხდარი, წელშიაც მეტად მოხრილი იყო. მჭლე და გრძელზე გრძელი კიდურები ჰქონდა, შუბლი – მოგრძო და დაბალი, სახე – უსისხლო ზაფრანისფერი, პირი ვეება და მოძრავი, მთლად კბილებჩოღერა, ოღონდ საღი, აქამდე ამის მსგავსი ადამიანის პირში მე არ მინახავს. სასიამოვნო ღიმილი იცოდაო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ როგორღაც თქვენს გულს კი იგებდა ამით და, ამასთან ერთად, სულ ერთნაირად, სევდით მოცული იღიმებოდა დღენიადაგ წარუვალი ჩანდა მისი კაეშანი. თვალები უჩვეულოდ დიდრონი ჰქონდა და კატისებრ მრგვალი, გუგები უპატარავდებოდა და უდიდდებოდა ხოლმე სინათლის დაკლება-მომატების კვალობაზე, ვითარცა ეს კატისებრთა ცხოველებს სჩვევიათ. თვალის თეთრონი საკვირვლად აუელვარდებოდა მღელვარების ხანს და თითქოსდა კი არ ირეკლებოდა, შიგნიდან გამოსცემდა სხივებს სანთლის ან მზის მსგავსად, ჩვეულებრივ კი ბუნდი და ლიბრგადაკრული მთლად აზრმოკლებული ჩანდა და ასე გაიფიქრებდით, დიდი ხნის დასამარებული გვამისააო.
თავადაც დიდად სწყინდა, როგორც ჩანს, თავისი ასეთი გარეგნობა და ხშირადაც ახსენებდა, თითქოსდა უნდოდა აეხსნა თუ გაემართლებინა, რამაც პირველად გული მომიკლა. მაგრამ სულ მალე შევეგუე ამას და აღარც მიმძიმდა იმასთან ყოფნა. თითქოსდა სურდა, უფრო გადაკვრით ეთქვა, ვიდრე პირდაპირ მოჰყოლოდა მტკიცებას, მართალია დღეს ასეთს მხედავთ, მაგრამ ერთ დროს რომ გენახეთ, ძალიანაც მოგეწონებოდითო, ნევრალგიის გაუთავებელმა შეტევებმა მიმიყვანაო ამ დღემდე. წლების მანძილზე ერთი ექიმი ნახულობდა, გვარად ტემპლტონი, მოხუცი ჯენტლმენი, ასე, სამოცდაათი წლისა უნდა ყოფილიყო, პირველად იმას სარატოგაში შეხვდა და იმ დღიდან მოყოლებული ამ კაცმა დიდად უშველა, ანუ ასე სჯეროდა მას. დაბოლოს ბედლოუმ, მდიდარი რომ გახლდათ, ხელშეკრულება დაუდო ექიმ ტემპლტონს. ამ ხელშეკრულების თანახმად ექიმს მიეცემოდა დიდი გასამრჯელო, რათა მას მთელი დრო და თავისი საექიმო გამოცდილება ამ ავადმყოფისთვის მოეხმარა.
თავის სიყმაწვილეში ექიმ ტემპლტონს ბევრი უმოგზაურია და პარიზში ყოფნის ხანს მესმერის ერთგული მიმდევარი გამხდარა. მაგნეტიკურ ხერხებს იშველიებდა ეს კაცი და თავის პაციენტს მწვავე ტკივილები შეუმცირა; ამ წარმატების შედეგად, რაღა თქმა უნდა, ავადმყოფი გარკვეულწილად გაიზიარებდა იმ მოძღვრებას, ამ ხერხებს რომ ესაძირკვლებოდა. მაგრამ იმ ექიმმა, ყველა ენთუზიასტის დარად, სულაც მოისურვა მოწაფის გადმოყვანა თავის რწმენაზე და იმდენად იყოჩაღა, რომ ის წამებული კაცი მრავალგზის გახდა ცდისპირი. ბევრ ცდას ის შედეგი ჰქონდა, ჩვეულებრივი რომ იყო ამ უკანასკნელ ხანებში და დღეს უკვე ხანდახან თუ იპყრობს ყურადღებას ან სულაც ვეღარ ამჩნევენ, მაგრამ იმხანად, აქ მოთხრობილი ამბავი რომ მოხდა, თითქმის არც იყო ცნობილი ამერიკაში. მე იმის თქმა მინდა, რომ ექიმ ტემპლტონსა და ბედლოუს შორის ნელინელ, ცხადლივ დამკვიდრდა rapport, ანუ მაგნეტიკური დამოკიდებულება. მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით ხსენებული rapport ჩვეულებრივი ძალის საზღვრებს სცილდებოდა-მეთქი; ოღონდ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ძილქუშის დაწოლას დავარქმევდით. პირველი ცდა მაგნეტიკური ძილის გამოწვევისა სრულიად გაუცუდდა მესმერისტს. მეხუთედ თუ მეექვსედ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს და ისიც დიდი ძილისხმევის შედეგად მხოლოდ მეთორმეტეჯერ მოუპოვებია სრული წარმატება. შემდგომ ამისა პაციენტის ნება მალე ემორჩილებოდა მკურნალის განკარგულებას, და იმხანად, როდესაც პირველად გავიცანი ორივენი, სულ მცირეოდენი შეგონება სჭირდებოდა ექიმს და ძილი მაშინვე მოიცავდა ავადმყოფს, რომელსაც შეიძლება არც კი სცოდნოდა, თუ იყო ვინმე ამ დროს მასთან. ახლა კი 1845 წელს, მსგავს საოცრებას ყოველდღიურად ათასები ხედავენ და მე ვბედავ ეს თითქოსდა შეუძლებელი მოვლენა აღვწერო როგორც სრული რეალობა.
დიდი ტემპერამენტის მქონე გახლდათ ბედლოუ, მგრძნობიარე, აგზნებული, აღტაცებული, ძალუმი და მრავალფეროვანი წარმოსახვა იცოდა, რაც, თქმა არ უნდა, კიდევ უფრო გაცხოველებოდა მორფს შეჩვეულ კაცს, ბევრსაც ყლაპავდა ამ ბალღამს, ურომლისოდაც ვეღარც წარმოედგინა არსებობა. ჩვეულებრივ დიდ დოზას დააყოლებდა ხოლმე საუზმეს, უფრო სწორად, ერთ ფინჯან მაგარ ყავას და შუადღემდე აღარაფერს ჭამდა, მერე კი მარტოდმარტო ან ძაღლის თანხლებითღა დიდხანს დაეხეტებოდა ველურ და სევდის მომგვრელ გორებში, შარლოტსვილის დასავლეთითა და სამხრეთით რომ არის და რომელსაც უწოდებენ კლდოვან მთებს.
ერთ მოქურუხებულ, თბილსა და ნისლიან-ბურუსიან დღეს, ნოემბრის მიწურულს, წლის იმ დროს, უცნაური interregnum რომ არის და რასაც ამერიკაში ინდოელთა ზაფხულს ეძახიან, ბ-ნი ბელდოუ, ჩვეულებისამებრ გორებში სახეტიალოდ წავიდა. დღე გავიდა და ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
საღამოს რვა საათი იქნებოდა და კარგა მაგრადაც შევშინდით, რად დააგვიანდაო და საძებნელადაც უნდა წავსულიყავით, რომ უცებ გამოჩნდა საღსალამათი, ოღონდ ჩვეულებრივზე უფრო აგზნებული კი გახლდათ. თავის მოგზაურობასა და დაგვიანების მიზეზი რომ გვიამბო, გაოცებული დავრჩით.
– თუ გახსოვთ, – გვითხრა მან, – დაახლოებით დილის ცხრა საათზე გავედი შარლოტსვილიდან. მაშინვე მთებს მივაშურე და ათისთვის ერთი, სრულიად უცნობი ხევი ვნახე. დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი იქაურობას იმ მიხვეულ-მოხვეულ ვიწრობებში მიმავალი. დიდებული სანახავი იყოო ის მთელი არემიდამო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ იმდენად გაუდაბურებული და მოწყენილი ჩანდა, რომ აღტაცებული დავრჩი. თითქოსდა სრულიად შეურყვნელი იყო ეს მივარდნილი ადგილი. ფიქრი ვერ მომეცილებინა, რომ იქ, სადაც მე მივდიოდი, ამ მწვანე კოდიანსა და ნაცრისფერ ქვა-ღორღზე კაცს არ გაეჭაჭანებინოს. შესასვლელი ისე მოზღუდული იყო და მიუდგომელი, რომ იმ ღარტაფში მისასვლელად ერთი და ორი კი არა, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას შემთხვევით გავლა იყო საჭირო. ამისდა კვალად სულაც არ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი, რომ თავგადასავლების მაძიებელთაგან მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ამ უდაბურ ადგილას ფეხი დაადგა. სქელი და რაღაც უცნაური ნისლი თუ კვამლი, როგორც ეს ინდიელთა ზაფხულის დროს იცის, მძიმედ ჩამოშლილიყო, ყოველი საგანი მოეცვა ჩემ გარშემო და, რაღა თქმა უნდა, ეს საგნები ციებ-ცხელებიანი კაცის თვალით დანახულს დამსგავსებოდა. იმდენად განუჭვრეტელი იყო ეს სასიამოვნო ბურუსი, რომ თორმეტ იარდზე ჩემ წინ ვეღარაფერს ვხედავდი. სავალი მეტად მიხვეულ-მოხვეულიყო, მზე არ ჩანდა და მალე აღარ ვიცოდი, თუ საით მივდიოდი. თავის ჩვეულებრივი ეფექტისთვის მიუღწევია ამ დროს მორფს და მთელ ამ არემიდამოს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფოთლის თრთოლვა – ბალახის ფერი – ფუტკრის ზუზუნი – ნამის ელვარება – ნიავის ფშვინვა – ტყის სურნელება მთელი ამ სამყაროს ჩქამი იყო, სათავე მხიარული და ნაირფერი, უწესრიგოდ მოძალებული აღფრთოვანებული ფიქრებისა.
რამდენიმე საათს მივიდოდი ასეთ ყოფაში, ნისლი სულ უფრო დაბლა განრთხმულიყო და მთლად გარშემომხვეოდა, დაბოლოს ხელის ფათურითღა მივიკვლევდი გზას. და მაშინ ენით უთქმელმა შფოთიანობამ მომიცვა, როგორღაც ავნერვიულდი, ვჭოჭმანობდი, კანკალმა ამიტანა. ფეხის გადადგმის მეშინოდა, ვაითუ სადღაც უფსკრულში გადავიჩეხო-მეთქი. ისიც გამახსენდა, თუ რა უცნაური ამბები მოუყოლიათ ამ კლდოვანი მთების შესახებ, თითქოსდა ველური, სისხლისმსმელი ტომები ბინადრობდნენ ამ ტევრებსა და გამოქვაბულებში. ათასნაირი ბუნდი ზმანება დამეუფლა და თავგზა ამიბნია. ზმანება-მეთქი, რომელთა ბუნდოვანება კიდევ უფრო აძლიერებდა ჩემს სასოწარკვეთილებას. და უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო ხმამაღალმა დოლისცემამ. დიდად გამიკვირდა, რაღა თქმა უნდა, სად დოლისცემა და სად ეს გორები-მეთქი. მთავარანგელოზის საყვირის ხმაც კი არ გამაოცებდა ასე. მაგრამ შიშიანობისა და ცნობისმოყვარეობის ახალი და კიდევ უფრო გამაოგნებელი წყარო დავინახე. თითქოსდა გასაღებების დიდი შეკვრა ყოფილიყო, რაღაც ჟღარუნი და ჩხერება მომესმა და იმავე წამს შავტუხა და ნახევრად შიშველმა კაცმა ჩამირბინა ყვირილ-ყვირილით. ჩემთან ისე ახლოს გაირბინა, რომ იმისი სუნთქვა მომეახლა სახეზე. ცალ ხელში რაღაც, ფოლადის რგოლებით გაწყობილი იარაღი დაეკავებინა, მორბოდა და მაგრად მოიქნევდა. მიიმალა თუ არა ნისლში ფეხდაფეხ მიჰყვა ხვნეშა-ხვნეშით თვალებაბრიალებული ვეებერთელა ცხოველი. ნამდვილად არ შევმცდარვარ, ეს იყო აფთარი.
ამ ურჩხულის დანახვაზე ისე აღარ შევშინებულვარ, რადგან ახლა კი დავრწმუნდი, მომეჩვენა-მეთქი, და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა გონს მოვსულიყავი. გაბედულად და ცოცხლად წინ წავედი. თვალებს ვიფშვნეტდი. გავყვიროდი. ხელები დავიჩქმიტე. წყარო დავინახე უცებ, დავიხარე, დავისველე კისერი, ხელ-პირი. ამან მიშველა, გონზე მოვედი და მოვიცილე ის ჩემი შემაწუხარი გუნება-განწყობილება. წამოვდექი, ახლა კი სულ სხვა კაცი ვარ-მეთქი. ასე გავიფიქრე, და მტკიცედ და მშვიდად განვაგრძე ის ჩემი უცნობი სავალი. დაბოლოს, დაძაბულობისაგან ქანცგაწყვეტილი, მძიმე ჰაერისაგან სულშეხეთული ერთი ხის ძირას ჩამოვჯექი. მზემ გამოიჭვრიტინა უცებ და ფოთოლთა ტევრის ბუნდი, მაგრამ ცხადლივ გარშემოკრული ჩრდილი დაეფინა ბალახს. მრავალი წუთი გაოცებული დავცქეროდი ამ ჩრდილს. გავშეშდი კიდევაც გაკვირვებისაგან. მაღლა ავიხედე. ეს ხე პალმა იყო.
თავზარდაცემული წამოვიჭერი – მძინავს-მეთქი, ეს ფიქრი რაღას მიშველიდა. ვხედავდი და ვგრძნობდი, სრულ ჭკუაზე ვიყავი, ამ სრულ ჭკუაზე მყოფი აღვიქვამდი მთელ სამყაროს ახალ და ენით უთქმელ შეგრძნებებისას. იმ წუთასვე თაკარა სიცხე დადგა. საკვირველი სურნელება მოჰყვებოდა ნიავს. ჩქაფუნი ჩამესმა, თითქოსდა აქ სადღაც უნდა ყოფილიყო წყალუხვი, მდოვრე მდინარე, რომლის ხმასაც შერთოდა მრავალრიცხოვანი ბრბოს უცნაური ყაყანი. ჩემს მაშინდელ ყოფას ზუსტად ვერ აგიწერთ; ვიდრე სულ გაოგნებული ყურს ვუგდებდი ამ ხმებს, თითქოსდა ჯადოქარმა ჯოხი აიქნიაო, ქარის უეცარმა და ძალუმმა კვეთებამ ამ არემიდამოს ნისლი შემოაცალა. თურმე მაღალი მთის ძირას ვმდგარვარ და გავცქეროდი ვეებერთელა ველს, რომელზეც მიიკლაკნებოდა დიდებული მდინარე. იმის სანაპიროზე მოჩანდა აღმოსავლური ქალაქი, რომლის მსგავსი არაბულ ზღაპარში შეგვხვედრია, თუმცა ეს ჩემ წინ მდებარე უფრო საკვირველი სანახავი იყო. იმ ადგილიდან, საიდანაც მე დავყურებდი, თითქოსდა რუქაზე დაუხაზავთო, ყოველი კუთხე და კუნჭული ჩანდა ამ ქალაქისა. აურაცხელი მაცხოვრებლებით მოფენილი ქუჩაბანდები ყოველმხრივ კვეთდნენ ერთმანეთს და უფრორე ხეივნებს მოგვაგონებდნენ, ვიდრე ქუჩებს, თვალისმომჭრელი ფერებით გამოირჩეოდა სახლები. სადაც არ მიდგებოდით, ყველგან დაინახავდით საკვირველ მოხატულ-მოჩუქურთმებულ აივნებს, ვერანდებს, მინარეთებს, სამლოცველოებს. ბაზარი დუღდა და გადმოდიოდა, სულო და გულო, რა არ გამოეტანათ აქ – აბრეშუმები, მუსლინები, მოელვარე დაშნები, უძვირფასესი ქვები და სამკაულები. ყოველ მხარეს და ყოველ ნაბიჯზე დაინახავდით ალმებსა და პალანკინებს, ტახტრევნებით დაჰყავდათ ბანოვნები, მძიმედ დააბიჯებდნენ ბრწყინვალედ მორთული სპილოები, ყოველგან იდგა საოცრად გამოჭრილი კერპები, მოოქრულ-მოვერცხლილი იყო დოლები, დროშები, გონგები, კვერთხები. და ამ ბრბოში, ჯაჯღანსა და არეულ-დარეულობაში ურიცხვ შავ და ყვითელ ტურბანებიან და ლაბადებიან, მოფრიალე წვერებიან სახლში დაეხეტებოდა აუარება მორთულ-მოკაზმული წმინდა ხარი და ამავე დროს, აქვე დაშლიგინობდა ჭყივილ-კივილით ასევე მორთული მაიმუნების ჯარი, დაძვრებოდნენ მეჩეთების ლავგარდნებზე, მინაერთებსა და სამლოცველოებზე. ხალხით გაჭედილი ქუჩებიდან, სადაც არ გავიხედავდით, ეშვებოდა კიბეები, რომელთა ბოლო საფეხურები საბანაო ადგილებს ებჯინებოდნენ, თავად მდინარე კი ამ დროს თითქოსდა ძლივსღა მიედინებოდა დამძიმებული უამრავი გადატვირთული გემით და აღარც კი ჩანდა მდინარის ზედაპირი. ქალაქის ირგვლივ წამოჭიმულიყო პალმებისა და ქოქოსების დიდებული კორომები რაღაც სხვა ათასწლოვანი გიგანტური გასაოცარი ხეებითურთ. აქა-იქ მოჩანდა ბრინჯის მინდვრები, ჩალით დახურული ქოხმახები, წყალსატევი, მივარდნილი ტაძარი, ბოშათა ბანაკი, ტანწერწეტა ქალიშვილი, დოქით თავზე მარტოდმარტო ამ დიდებულ მდინარის სანაპიროსკენ მიმავალი.
თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ თქვათ, ზმანება იყოო ეს და მეტი არაფერი, მაგრამ ასე არ არის, რასაც ვხედავდი, რასაც მე ვფიქრობდი, რასაც მე ვგრძნობდი, რაც მე მესმოდა, არ ჰგავდა სიზმარს. ნამდვილად სრულ გონებაზე ვიყავი. პირველად კი შემეპარა ეჭვი, ფხიზელი თუ ვარ-მეთქი, მაგრამ რამდენიმე ცდის ჩატარების შემდეგ მალე დავრწმუნდი, ცხადლივ ვხედავდი ყველაფერს. მართლაც, ვინმეს რომ სძინავს და ძილში რაღაც ეჭვი გაუჩნდება, თუ მძინავსო, ამ ეჭვის დაზუსტებას ვერ ახერხებს და იმწუთასვე იღვიძებს. ასე, მაგალითად, ნოვალისი არ ცდება, როდესაც ამბობს: „თუ გვესიზმრება, გვძინავსო, მაშინ მალე გავიღვიძებთ კიდევაც“. ყველაფერი, რაც ვნახე სიზმარი უნდა ყოფილიყო უთოდ, სიზმარი და მეტი არაფერი, მაგრამ რაკი ვეჭვობდი, ვყოყმანობდი და ცდებიც კი ჩავატარე, რაღაც სხვანაირ ფენომენს გადავყრივარ თურმე.
– ვერ დავიჩემებ, ცდებით-მეთქი, – შეაწყვეტინა ექიმმა ტემპლონმა, – მაგრამ მერე რა მოხდა, მიამბეთ, თქვენ ადექით და იმ ქალაქში ჩადით…
– ჰო, მე ავდექი, – განაგრძო დიდად გაოცებულმა ბედლოუმ და თან ექიმს შესცქეროდა, – ავდექი-მეთქი, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ქალაქში ჩავედი. აუარება ხალხში გამოვიარე, ქუჩებში გამოსულიყვნენ და ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, ყოველ ნაბიჯზე ეტყობოდათ, რომ საშინლად განრისხებულიყვნენ. უცებ, რაღაც შეუცნობელი იმპულსის გამო დიდი გულისყურით დავიწყე იქაურობის თვალიერება. თითქოსდა, ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბები უნდა გადამხდენოდა, თუმცა არ ვიცოდი, რა და როგორ. ვხედავდი იმ ბრბოს და ვგრძნობდი, ძალიან მტრულად ვიყავი განწყობილი იმათ მიმართ. დავუსხლტი იმათ და სწრაფად წამოვედი, ქალაქს შემოვუარე და სხვა გზით შემოვედი. ყველგან ღრიანცელი იდგა, ჯავრით ყაყანებდნენ. სანახევროდ ინდოელთა, სანახევროდ ევროპელთა მსგავსად მორთულების პატარა ჯგუფი დავინახე, მეთაურები ჰყავდა, ჯენტლმენები, რომელთაც ბრიტანული ფორმის მსგავსი ტანსაცმელი ეცვათ და ქუჩებიდან აურაცხელი ბრბოს გაყრა უნდოდათ. ბრძოლის ველზე დაცემულის იარაღი ავისხი და უმცირესობის მხარე დავიჭირე; არც კი ვიცი, ვის შევები მთლად გააფთრებული, ნერვული სასოწარკვეთილებით მოცული, ბევრნი იყვნენ და მალე გვაჯობეს, უკან დავიხიეთ და რომელიღაც შენობას შევაფარეთ თავი, ბარიკადები ავაგეთ და ახლა, რამდენიმე ხნით დაცული ვიყავით. შენობის სახურავთან ერთი დასაზვერი სარკმელი იყო და იქიდან დავინახე, აბობოქრებული ურიცხვი ბრბო, ერთ, მდინარეზე გადმოშვერილ დიდებულ სასახლეს მიაწყდა და იერიშით შიგ შეჭრას ლამობდნენ. ანაზდად ზედ სასახლის ზედა ფანჯრიდან ვიღაც ჩამოუშვეს, დიაცური შესახედაობის კაცი, იმის თანმხლებთ თავიანთი ტურბანებისაგან თოკი შეეკრათ და იმით. ნავი დახვდა იქვე და მდინარის მეორე მხარეს გადავიდა.
და ახლა ეს მოვისურვე. მოკლე, მაგრამ მგზნებარე სიტყვით მივმართე ჩემს ამხანაგებს და იმათთაგან რამდენიმე გვერდში ამომიდგა, შენობიდან გამოვცვივდით და შლეგური იერიში წამოვიწყეთ. ჩვენს გარემომცველთა ბრბოში შევიჭერით. პირველად შედრკნენ და უკუმიდგნენ. შემდეგ მხნეობა მოიკრიბეს, გააფთრებით შემოგვიტიეს და ისევ უკუმიგდნენ. ამ დროს კარგა მაგრად დავცილდით იმ შენობას და სადღაც, ვიწრო ქუჩებში მოვხვდით არეულ-დარეულები, თავგზააბნეულები, ზემოდან დაგვყურებდა მაღალი სახლები, რომელთა ქვეშ არც არასდროს ჩაუღწევია მზის ნათელს. ქალაქის კაცნი ფიცხლად გვიტევდნენ, შუბებს გვიღერებდნენ, ისრის სეტყვა დაგვაყარეს. გასაოცარი ისრები ჰქონდათ, მალაურ დახვეულ კრისს მოგვაგონებდნენ, მოსრიალე გველების მსგავსს, ამ შავ გრძელტარიანი ისრებისთვის შხმიანი წვერო დაეტანებინათ. მარჯვენა საფეთქელში მიმხვდა ერთი ისარი. ტორტმანით წავიქეცი. იმავე წამს სულის ამომხდელმა უღონობამ მომიცვა. ერთი გავიბრძოლე… სუნთქვა შემეკრა… მოვკვდი.
– ახლა კი, – გავუღიმე მე, – ვეღარ იტყვით, სიზმარი არ იყოო ის თქვენი თავგადასავალი. როგორღა დაგვიმტკიცებთ, მკვდარი ვარო?
ეს სიტყვები რომ ვთქვი, რაღა თქმა უნდა, დიდ წინააღმდეგობას მოველოდი ბედლოუსაგან; მაგრამ რა გაოცებული დავრჩი, როდესაც შევნიშნე, მერყეობდა, შეკრთა, მთლად გაფითრდა და აღარაფერი მიპასუხა. ტემპლტონს შეხედე. გაშეშებული და გაოგნებული იჯდა თავის სავარძელზე – კბილები უკაწკაწებდა და სადაცაა თვალები წამოუცვივდებოდა საბუდედან. საბუდიდან, განაგრძეთო! უთხრა მან ბოლოს ხრინწიანი ხმით ბედლოუს.
– კარგა ხანს, – თქვა მან, – ჩემი ერთადერთი გრძნობა თუ შეგრძნება არყოფნის წკვარამი იყო, აზრი სიკვდილისა. დაბოლოს, თითქოსდა სული ჩემი, უეცრად და ძალუმად რაღაცამ გაანათა მსგავსად ელექტრობისა. სინათლე და მოქნილობა აღვიქვი ამასთან ერთად. სინათლე კი არ მიხილავს, შევიგრძენი. თითქოსდა იმავე წამს მიწიდან წამოვდექი, მაგრამ სხეულს, მხედველობის, სმენისა და შეხების უნარს ვერ ვგრძნობდი. ბრბო აღარსად ჩანდა. ბუნტი ჩათავებულიყო. გარკვეულწილად დამშვიდებულიყო ქალაქი. ჩემ ქვემოთ გვამი ეგდო, საფეთქელში ისარი ჰქონდა გაყრილი, თავი მაგრად შეშუპებოდა და დამახინჯებოდა. მაგრამ ყოველივე ამას მე კი არ ვხედავდი, ვგრძნობდი. სრულიად აუმღვრეველი გახლდით. გვამსაც არ შევუშფოთებივარ. რამე ნება-სურვილი არ მქონდა, მაგრამ რაღაცამ კი მაიძულა მოძრაობა, შევფრთხიალდი, მსუბუქად გამოვეშურე ქალაქიდან, გარშემოვუარე მას და იმავე გზით გამოვედი, რითაც შევედი. ხეობის იმ ადგილას რომ მივატანე, სადაც აფთარს გადავაწყდი, რაღაცამ დამკრა, თითქოსდა ბატარეის დენი ყოფილიყო; სხეულიც შევიგრძენი და ნება-სურვილიც გამიჩნდა. ისევ გავხდი ის, რაც ვიყავი და სასწრაფოდ შინისაკენ გამოვწიე, მაგრამ იმას, რაც გადამხდენოდა, არ დაეკარგა რეალობის სიცხადე და ეხლაც, ამ წუთშიც კი ვერ გეტყვით, სიზმარი იყო-მეთქი.
– არც იყო, – ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა ტემპლტონი, – მაგრამ კი არის ძნელი რაღაც სხვა რამე დავარქვათ იმას. სავარაუდებელია, რომ თანამედროვე ადამიანის სული განსაცვიფრებელი ფსიქიკური აღმოჩენების კარიბჭესთან მისულა. მოდით და ახლა ამ აზრს დავჯერდეთ. დანარჩენი შეიძლება ასე აიხსნას. აბა, ერთი ეს ფერადი სურათი ნახეთ, კი მინდოდა უფრო ადრე მეჩვენებინა, მაგრამ რაღაც გაურკვეველი შიშის გამო დღემდე ვერ შევძელი.
– დავხედეთ იმ სურათს, ვერაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ვერ შევნიშნე, მაგრამ ბედლოუს კი თავზარი დასცა. შეხედა თუ არა, კინაღამ გრძნობა დაკარგა. პატარა პორტრეტი იყო და მეტი არაფერი. ზედმიწევნით ზუსტად, არა ვცდები, იმეორებდა იმის სახის ნაკვთებს. ყოველ შემთხვევაში, ასე გავიფიქრე სურათის შეხედვისთანავე.
– აბა, დააკვირდით, – თქვა ტემპლტონმა, – ამ სურათის თარიღს, აი, აქ, ამ კუთხეში, ძლივსღა ჩანს – 1780. სწორედ ამ წელიწადს დაუხატიათ ეს პორტრეტი, ჩემი მკვდარი მეგობრის, ბ-ნ ოლდების სურათია, კალკუტაში გავიცანი ის კაცი, უორენ ჰასტინგსის მმართველობის ხანს, ოცი წლისა ვიყავი მაშინ. პირველად რომ სარატოგაში გნახეთ, ბ-ნო ბედლოუ, სწორედ გასაოცარი მსგავსება თქვენსა და ამ პორტრეტს შორს იყო მიზეზი, რომ გაგიცანით, დაგიმეგობრდით და ბოლოს ხელშეკრულებაც კი დავდეთ და მას მერე სულ თქვენი კომპანიონი ვარ. სწორედ ამას მიველტვოდი ნაწილობრივ ან სულაც იმის გამო, რომ გული მიკვდებოდა იმ ჩემი დაღუპული ამხანაგის გახსენებაზე და, აგრეთვე, ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა დამეუფლა და ცოტათი შევშფოთდი კიდეც თქვენთან შეხვედრის ხანს.
თქვენ რომ გამოწვლილვით აღწერეთ, თუ რა მოგეჩვენათ იმ მთებში, ცხადლივ მოგვაგონებს ინდოეთის ქალაქ ბენარესს წმინდა მდინარის სანაპიროზე. ის ბუნტი, ბრძოლები და სისხლისღვრა მართლაც მომხდარა შეიტ-სინგის აჯანყების დროს, 1780 წელს, მაშინ ჰასტინგსი ძლივს გადარჩენილა ცოცხალი. ტურბანებისაგან გაკეთებულ თოკს რომ ჩამოჰყვა, თავად შეიტ-სინგი გახლდათ. შენობაში შეცვენილი ჯარისკაცები იყვნენ სიპაები და ბრიტანელი ოფიცრები, მათ ხელმძღვანელობდათ ჰასტინგსი. იმათ შორის მეც ვიყავი და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა წინ აღვდგომოდი იმ ოფიცრის მიერ ანაზდეულად და საბედისწეროდ წამოწყებულ იერიშს, იგი ქუჩებში შეება ბრბოს და და ბენგალელის მოწამლულმა ისარმა გაათავა. ის ოფიცერი ჩემი უძვირფასესი მეგობარი იყო. გვარად ოლდები. ამ ხელნაწერში შეგიძლიათ ამოიკითხოთ (თქვა ეს და რვეული გამოგვიწოდა, სწორედ ახლახან დაეწერა რამდენიმე ფურცელი), რომ იმ დროს, როდესაც თქვენ მთებში ის ამბავი გადაგხდათ, მე აქ, სახლში გამოწვლილვით აღვწერდი იმ ამბავს ამ რვეულში. დაახლოებით ერთი კვირა იყო გასული ამ საუბრის შემდეგ, რომ შარლოტსვილის გაზეთმა შემდეგი ცნობა გამოაქვეყნა: „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ბ-ნ ოგასტეს ბედლოს გარდაცვალებას, ამ ჯენტლმენის კეთილი გული და მრავალი ღირსება დიდხანს იყო შარლოტსვილის მოქალაქეთა თაყვანისცემის საგანი.
ბ-ნ ბ-ს უკვე რამდენიმე წელიწადი აწუხებდა ნევრალგია, რომელმაც ბევრჯერ კინაღამ ბოლო მოუღო; მაგრამ ეს ავადმყოფობა არ ყოფილა მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი. იგი ერთი მეტად უჩვეულო შემთხვევის გამო გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კლდოვან მთებში სეირნობის ხანს ოდნავ გაცივდა და ციებ-ცხელება შეეყარა, ამას დაერთო თავში მოჭარბებული სისხლის მოწოლა. შვება რომ მიენიჭებინა მისთვის, ექიმმა ტემპლტონმა სისხლის ადგილობრივ გამოშვებას მიმართა. წურბელები საფეთქლებზე დაასვეს. თავზარდამცემი იყო ავადმყოფის უეცარი სიკვდილი და, როგორც აღმოჩნდა, წურბელებიან დოქში სრულიად შემთხვევით მოხვედრილიყო ჭიაყელას მსგავსი შხამიანი ტკიპა, რომელსაც ზოგჯერ მეზობლად მდებარე ტბორში პოულობენ. სწორედ იგი მიკვროდა მის მარჯვენა საფეთქლის მცირე ძარღვს. სამედიცინო წურბელასთან მისი დიდი მსგავსების გამო შეცდომა მეტად გვიან შეუნიშნავთ.
N. B. შარლოტსვილის შხამიანი ტკიპა შეგიძლიათ გამოარჩიოთ წურბელისაგან სიშავით და, განსაკუთრებით, იმ ხვეული თუ ჭიაყელასებური მოძრაობით, გველმა რომ იცის“.
ხსენებული გაზეთის რედაქტორთან რომ ვსაუბრობდი ამ საგანსა და ამ საყურადღებო შემთხვევაზე, უცებ ვიკითხე, როგორ მოხდა, რომ დაღუპულის გვამი ასე დაუწერიათ-მეთქი – ბედლო.
– მგონია, – ვუთხარი მე, – რაღაც იცით და იმიტომ, მაგრამ მე სულ ასე ვფიქრობდი, რომ ეს გვარი უ-თი მთავრდებოდა.
– რაღაც იცითო? არა, – მიპასუხა მან, – ეს ბეჭდვის უბრალო შეცდომაა. ამ გვარს, ბედლოს, ყველგან და ყოველთვის ბოლოში უ დაერთვის და არც არასდროს გამიგონია, რომ სხვაგვარად დაეწერათ იგი.
– ჰოდა, – ჩავიბურტყუნე მე და მივტრიალდი, – სწორედ უთქვამთ, ყოველივე გამონაგონზე უცნაურიაო ჭეშმარიტება, რადგან თუ ბედლოს უ-ს გარეშე უკუღმა წაიკითხავთ გვარი ოლდები იქნება. ეს კაცი კი მეუბნება, ბეჭდვის შეცდომააო.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button