გიორგი ლორთქიფანიძე – ტრიალოგი ლიტერატურულ კაფეში
ქალაქზე თბილი საღამო ჩამოწვა. გაკრიალებული საპატრულო მანქანის შავ პოლიციურ ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მძღოლმა ჩართო მანათობელი ციმციმა, ნელი სვლით კოსტავას ქუჩას აუყვა და სპორტის სასახლესთან მოედანი ფრთხილად გადაჭრა. გამხდარი, წვრილყვრიმალიანი პოლიციელი საჭეს ლაღად, მარჯვენა ხელის მკვირცხლი მოსმებით მართავდა, მარცხენა ღია ფანჯარაში უდარდელად გადმოეყო, თან ქუჩას აკვირდებოდა, თან კი გვერდით მჯდომ მეწყვილესთან მასლაათით ირთობდა თავს. შებინდებულ ტროტუარებზე დაღლილი ქალაქის მოფუსფუსე სიმშვიდე სუფევდა. სულ მალე მანქანამ სასტუმრო “აჭარასთან” წითლად აალებული შუქნიშნის წინ დაამუხრუჭა, მაგრამ რამდენიმე წამში ამკრძალავი ალისფერი, ჯერ ყვითელმა, შემდეგ კი მწვანემ შეცვალა და საპატრულომაც გააგრძელა ნელი, დინჯი სრიალი ვაჟას მიმართულებით. უცებ ქუჩის ბუნებრივი ხმაური თითქოს ერთიანად გაირღვა და პოლიციელების ყურამდე ყრუ და შორეული ტკაცანების ხმამ მოაღწია.
– გასროლებს გავდა. – ჩაილაპარაკა მარჯვნივ მჯდომმა.
– არ დაიჯერო. გათახსირებული ბენზინია. აფერისტები, მაგათი. ასეთი იცი რამდენი მომისმენია!
– მაინც გააჩერე. გადავალ, გავხედავ, ვინმე უშნოდ ხომ არ გარბის.
– ჰო, მიდი, დავაი, გადადი.
საპატრულო გაჩერდა. პოლიციელი მყისვე გადმოვიდა მანქანიდან, ირგვლივ გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი დალანდა. ფეხით მოსიარულეთა ნაკადი ძველებურად, მდორედ და გულგრილად მიედინებოდა ტროტუართან შეყოვნებული საპატრულოს გასწვრივ. პოლიციელი ადგილზე შეტორტმანდა, ერთიც მიმოიხედა და მანქანაში დაბრუნდა.
– მგონი, მართალი ხარ. საეჭვო არაფერია, წავედით. ეტყობა მართლა უხარისხო ბენზინი იყო.
– მაგ კაკანზე ჭიპი მაქვს მოჭრილი. ეჰ, ჩემ უბანში ბათქი რო ატყდებოდა ძველ დროს ახალ წლებზე, ეხლა სადაა. აქ, ცენტრში, ისეთი რა უნდა მოხდეს, იომებს ვინმე თუ რა? კულინარების პონტები წავიდა, ტო! საეჭვო რაიონში ეხლა ავდივართ, რა. ბახტრიონს კიდევ რა უშავს, მაგრამ ფანასკერტელზე ღამით ქალის მარტო გაშვება მტრისას. დენი თუ გამოირთო, მაშინ ხო პროსტო ჯოჯოხეთია, კატასტროფა. ერთხელ მანდ ფეხით ვიყავი და ფარანიც არა მქონდა. მეშვიდე სართულიდან მოვდიოდი და კიდე კაი მოვასწარი, ლიფთში არ გავიჭედე. ჩამოვედი და არ ჩაქრა, ტო! ერთი სული მქონდა, ბახტრიონამდე ჩამეღწია. აზრზე მოდი: გრძელი, ჩაბნელებული კორპუსები, ჩახლართული ეზოები, გარშემო ძაღლები ყეფენ, ჩემი კაი, ტო… მერე იტყვიან, ცოფი რატომაო მოდებული ქალაქში. არა, საღამოთი ცოლის იქ გამშვები ნაღდად არა ვარ, რა. ვააბშჩე, იმ სიბნელეში ნაშას მობილურის წართმევა თუ აკმარეს, ბედი ჰქონია. ისე, ძმაო, სულელურ ჭორებს ნუ აყვები, გაგადურაკებენ.
– რა ჭორებს?
– რა და… ამას წინათ, გახსოვს, შაყირნოი “არიენტიროვკა” რო შემოგვიგდეს განყოფილებაში: ყურადღებით იყავითო, ქალაქში რაღაც “სიკვდილის ესკადრონი” მოქმედებსო, ტრუპებიო, პოლიტიკოსები ერთმანეთს დაერივნენ, ჩუმი ატსტრელი მიდისო… თურმე ინტერნეტით ვიღაცას გამოუგზავნია, ვითომ უშაყირია რა. არ დაიჯერო, სულ დივერსიული ჭორებია. მტრები გვივრცელებენ. ამ ჩვენ პატრულზეც ბოღმით სკდებიან, ეს რა მაგარი რამე უჩალიჩია მთავრობასო… უჰ, შენი დედა… რანაირად ატარებს, ტო! მოდი გავყვეთ, კაკ რაზ ფანასკერტელზე ადის, მგონი მთვრალია, ხიფათს გადაეყრება, რა.
– მაშინ დავაი, მიაწექი…
და მოთმინებიდან ოდნავ გამოსული პატრული მხნედ დააწვა ბახტრიონი-ფანასკერტელის მაღლობისაკენ.
X X X
…ახლა კი შენ სხვა რამ გევალება. უნდა შეაბა და ინფორმაცია გამოცინცლო. მე მგონი კარგად გესმის, რომ მთელი ეს ყიყინი და წკმუტუნი, ეს უმსგავსო საპარლამენტო ბაზარი რაღაც ფინანსურ ამნისტიაზე, საყოველთაო პატიებაზე და მისთანები – ჩვენ არ გვეხება. უკვდავი ჩე გევარას სახელს გეფიცები, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა აქტუალობას ვერასოდეს დაკარგავს – ვერც მსოფლიოში და ვერც საქართველოში. კორუფციასთან ომში იძულებითი წუთშესვენება – ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალო ტაქტიკა. “მორჩას” ზნეობრივი იდეალები გადასინჯვას არ ექვემდებარება, ხოლო საქმიანი დოსიები მუდამ მუშა მდგომარეობაში უნდა გვქონდეს – დრო მოვა და გამოგვადგება. ნაძირლებს ჩვენ ყოველთვის გავემიჯნებით და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ. გახსოვდეს, რომ აწ გარდაცვლილი პენსიონერი მამამისი ოდესღაც საბჭოთა მაღალჩინოსანი იყო და შეუძლებელია ამ გარემოებას მის ფსიქოლოგიაზე ზეგავლენა არ მოეხდინა. განსაკუთრებით კი მისი საძმაკაცო გვაინტერესებს, მისი წრე, კორუფციონერი და ბობოლა მამიკოების შვილები. ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, მამათა ნაქურდალის შენარჩუნებაზე გადასულან და ასე აქცევენ ქვეყანას – არაფერი აინტერესებთ საკუთარი თავის გარდა.
– იმ საცოდავებს კიდევ დარჩათ ქვეყნის დაქცევის თავი?
– “კუ და მორიელი” ხომ წაგიკითხავს ბავშვობაში? ასეა, მორიელი თავისას არ მოიშლის. ეხლა, თურმე, რაღაც ორგანიზაციას ქმნიან და მასში მეცნიერებისა და კულტურის უკმაყოფილო მოღვაწეების ჩათრევას აპირებენ. კაი უცნაური სახელი კი შეურჩევიათ: “საქართველოს ცოდნის პარტია”. მოკლედ, პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად წააგეს და ახლა ასპარეზზე შემოცურებას ასე ქვეწარმავლურად, სლიპინ-სლიპინით, აპირებენ. ხალხისთვის თავისი არსებობის შეხსენება სურთ. იცოდე, არ მიჰქარო და მის ფანდებს არ წამოეგო, ყველა შემთხვევაში ნამდვილ მორჩელად და ღირსეულ მებრძოლად უნდა დარჩე. კმარა მაგათი პარპაში! წარმოიდგინე, რომ შენ ჩვენი მატა ხარი ხარ, ის ქვემძრომი – ჩასაფრებული მტერი და სამშობლოს მოღალატე. თუმცა რაღა ჩასაფრებული, ბოლო დროს ბოღმას აღარც მალავს, ანთხევს და ანთხევს, ბოროტად სარგებლობს ჩვენი წრეგადასული ლმობიერებითა და უდარდელობით. სინამდვილეში ერთი წვრილფეხა მომწერლო ჟურნალისტია, მეტი არაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი მკითხველი ამ ფარისევლურ და მარქსისტული მიაზმებით გაჟღენთილ საზოგადოებაში მასაც ჰყავს. დროზე უნდა მოვთოკოთ. იმედი შენზეა. წარმატების შემთხვევაში მაგ ვაჟბატონისა და მისი პარტიის კომპრომეტაციას ნებისმიერ მომენტში მოვახერხებთ. მეტი არც გევალება.
_ კი მაგრამ, ასე უცებ და ბუნებრივად რანაირად დავუახლოვდე? პირველი ნაბიჯია ყველაზე რთული, თანაც ორმოცს გადაცილებული კაცია, ჩემზე ლამის ოცი წლით უფროსი. საერთო არაფერი გვაკავშირებს.…
– უნდა მოახერხო. მჯერა, რომ შენისთანა კარგ გოგონას ეს არ გაუჭირდება. შენ ხომ მომავალი ფსიქოლოგი ხარ? როგორც ყველა მომწერლო ელემენტს მინიმუმ ორი სუსტი წერტილი გააჩნია – ლიტერატურული პრეტენზიები და გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ მამაკაცურ ღირსებებზე. ჰოდა, სწორედ ამ სისუსტეების გამოყენებას უნდა ეცადო. ლიტერატურული კაფე ხომ იცი კოსტავაზე?
– გამიგია, მაგრამ არ ვყოფილვარ.
– ჰოდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგ ვაჟბატონმა მანდ თითქმის ყოველდღე, ასე შვიდის მერე იცის შევლა. როგორც წესი, მარტო მოდის ხოლმე. არ დავიზარე, რამდენჯერმე შევყევი და პირადად დავადგინე, რომ კაპუჩინოს და ტეკილას უკვეთავს – ტეკილას ჩასარტყმელი ფული კი ჰქონია ვაჟკაცს, – ყავას ნელ-ნელა წრუპავს, თან ტეკილას აყოლებს და მიბრძანდება მერე სახლში. იშვიათად თუ გამოელაპარაკება ვინმეს. დედასთან ცხოვრობს პეკინზე – ცოლს გაცილებულია, ერთადერთი ბავშვი კი ყოფილ მეუღლესთანაა. ეხლა, ალიმენტს უხდის თუ არა, ნაღდად არ ვიცი – ალბათ, მატერიალურად ეხმარება. ა ბატონო, – მე საწყისი ინფორმაცია მოვიპოვე და ლანგარზე მოგართვი, ჯერი შენზეა. საღამოთი კაფეში, როგორც წესი, ხალხმრავლობაა, თავისუფალი მაგიდა იშვიათია, ამიტომ მომენტი უნდა შეარჩიო და გვერდზე მიუჯდე, უარს ვერ გეტყვის, არ იკადრებს. მერე კი შენ იცი, ზრდილობიანი, ზომიერად თამამი საუბარი გაუბი, არ ითავხედო. რამდენიმე ასეთ შეხვედრაში შეგეჩვევა კიდეც. ყავაზე, ნაყინზე, ნამცხვარზე ფულის დახარჯვა თუ მოგიწია – არ მოგერიდოს, გრანტიდან ისე დავფარავთ, რომ ანგარიშს არ მოგთხოვთ, მაგის დარდი ნუ გაქვს. მაგრამ გაითვალისწინე: ოპერაციას უსასრულოდ ვერ გავწელავთ, მისი ნდობის მოსაპოვებლად თვე-თვენახევარს გაძლევ, იმედია იმყოფინებ.
– ერთი ასეთი კითხვა დამებადა: ჩემი შეხედულებები… ნუ, ეგ ყველაფერი რასაც ვფიქრობ ჩვენ ბრძოლაზე, “მორჩაზე”, “კმარაზე”, ყოფილ და ახალ მთავრობებზე, უნივერსიტეტზე, განათლების რეფორმაზე, ამერიკაზე, რუსეთზე, აფხაზეთზე, ცხინვალზე, ერთი სიტყვით ყველაფერზე, თუნდაც ლიტერატურაზე, სჯობს დავმალო და მის აზრებს ავყვე, თუ მეტად გახსნილი ვიყო? იქნებ ის აჯობებდა, რომ სულაც ფარდა ამეხადა ჩემი საქმიანობისთვის და თანდათან ჩვენკენ გადმომებირებინა? ნუ, მეცადა მაინც.
– არა მგონია, თუმცა… ეგ – საქმე საქმეზე რომ მიდგება – შენ თვითონ გადაწყვიტე. ჩვენი ორგანიზაციის წევრობა შუბლზე არ გაწერია. აზრებს და შეხედულებებს რაც შეეხება… აბა, რა ვიცი, მაგრამ… კაცი პარტიას ქმნის და ასე იოლად საკუთარ პრინციპებს, ალბათ, ვერ გადაუდგება. რომც გადაუდგეს, მთელი “მორჩას” სახელით შემიძლია კიდევ ერთხელ განვაცხადო: მისი ყაიდის ხავსმოკიდებული ადამიანები სამშობლოს ვეღარ გამოადგება. დაბადების წელი არ უვარგა, ყავლი გაუვიდა, ასეთ ასაკში მამაკაცები არ იცვლებიან. გარდა ამისა, პირადად მე მისი გადმობირება უსარგებლოდ მიმაჩნია: მოღალატეს ვერ ვენდობით, ინფორმაციის წყაროს კი დავკარგავთ… მე მაინც გირჩევდი არ დაუფარო საკუთარი შეხედულებები ამ სამყაროზე. ჯერ ერთი, უკეთ გამოგივა; გულახდილობა, ასე ვთქვათ, ძალასა და ეშხს შეგმატებს, მეორეც ერთი – ზოგჯერ კამათში მოხდენილად უნდა დაუთმო კიდეც. ოსტატობა ეგაა! ეს ამხელა თბილისი სინამდვილეში საკმაოდ პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ან თუ არ იცნობს – გაიცნობს, დიდ ტყუილებს აზრი არა აქვს. შენი მთავარი კოზირი – იგივე ნიღაბი – მისდამი შენი ვითომდა კეთილგანწყობა უნდა გახდეს. საკუთარ ინტუიციას მიენდე. პირველ ეტაპზე მთავარია მისი ნდობა მოიპოვო, ნდობა… აბა, წავედი. ჩე!
– ჩე!
X X X
შემოდგომის ნაწვიმარი დილის უღიმღამო ნისლით შეღებილ, დიდ და მაღალჭერიან, იმთავითვე საშუალო ტევადობის სხდომებისთვის განკუთვნილ დარბაზს თითქოს ჩვეული სისავსე აკლდა. ჯერჯერობით სულ ოთხნი იყვნენ: მუქი ფერის ოფიციალურ კოსტუმებსა და ძვირადღირებულ ჰალსტუხებში გამოწყობილი ორი ფრიად სერიოზული იერის მქონე მამაკაცი, მესამე – გაღეღილ პოლოში, უჰალსტუხო, დამსწრეთაგან არაჯანსაღი სიმსუქნითა და გარეგნული უბრალოებით გამორჩეული, და სანდომიანი მანდილოსანი მოოქროვილ სათვალეში, რომლის უზადო ჩაცმულობასა და ნატიფ გარეგნობას თითქოს ერთვოდა მოწინავე საკლასო დამრიგებლის უხილავი აურა. შეკრებილები უხალისოდ ისხდნენ ოვალური ფორმის პრიალა მაგიდის გარშემო, მაგრამ თათბირის დაწყებას არ ჩქარობდნენ: აქ საგანგებოდ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მოწვეული და მათ გარეშე საკითხების გარჩევას აზრი არ ჰქონდა. მოლოდინი ოდნავ გაგრძელებულიყო და მანდილოსანმა მდივან ქალს ყავის სახელდახელოდ მომზადება სთხოვა, შემდეგ ხელჩანთიდან ორად გაკეცილი გასართობი ჟურნალი ამოიღო და მის დათვალიერებას შეუდგა. მაღალმა და მხარბეჭიანმა მამაკაცმა მარჯვნივ მსხდომ მეზობელს – პირქუში სახის მომეტებულად მკაცრი ნაკვთებისა და გამომეტყველების მატარებელ ახალგაზრდა კაცს – გამჭოლი მზერა სტყორცნა, სკამიანად, მთელი ტანით მიუბრუნდა და ხმადაბალი, თუმცა ალაგ-ალაგ ენერგიული და ფეთქებადი საუბარი გაუბა. მათი დიალოგის ცალკეული და ზედმეტად ხმამაღალი სიტყვები ეულად დარჩენილი ჭარბწონიანი მამაკაცის ყურსაც სწვდებოდა, მაგრამ საუბარში ჩართვის შესაძლებლობას ეს უკანასკნელი – მიუხედავად შეფარული სურვილისა – მაინც მოკლებული იყო. მცირე უხერხულობა მალე თავისთავად გაიფანტა: მდივანმა ქალმა გამჭრიახობა გამოიჩინა და ერთის ნაცვლად ოთხი ფინჯანი ყავა შემოიტანა, რასაც მომლოდინენი წამიერი გახალისებითა და მხიარული ღიმილით შეხვდნენ.
ახლოვდებოდა ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” პირველი წლისთავი, ხოლო ამ რევოლუციის მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევის ბედი ბევრწილად დარბაზში შეკრებილ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. მიმდინარე ისტორიული ეპოქის პრაგმატული რეალობიდან გამომდინარე ახალი ხელისუფლების წარმატებას, ქვეყნისა და ერის ბედს, საბოლოოდ ფული წყვეტდა, შემოსავალი კი, სამწუხაროდ, საკმარისი არასოდეს არ იყო – არც რევოლუციამდე, და არც მის შემდეგ. მაგრამ თუ წინა, კორუმპირებულ და გაკოტრებულ ხელისუფლებაზე ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ახალ მთავრობას – დემოკრატიის დროშით ხელისუფლებაში მოსულთა ხვედრი კი ამ მხრივ ყველგან და ყოველთვის ერთნაირია, – ყველა ყველაფერს ერთბაშად სთხოვდა, თანაც სწრაფად. მიუხედავად ძველი რეჟიმის ბევრი უკანონოდ გამდიდრებული მსახურის განკულაკებისა და კეთილგანწყობილი გარე სამყაროდან შემოსული არცთუ მცირე მატერიალური დახმარებისა, სახელმწიფოს ხელში მოქცეული რესურსები ხალხის მზარდ მოთხოვნილებებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა. ყველაფერ ამას კი დროთა განმავლობაში შესაძლოა შორს მიმავალი უარყოფითი შედეგები გამოეწვია და ხალხის ნდობა შეერყია. სწორედ სახსრების დეფიციტი იყო მთავარი პრობლემა და ოთახში შეკრებილთა შეფიქრიანების ჭეშმარიტი მიზეზი.
მხარბეჭიანმა მამაკაცმა საკუთარი ყავა სწრაფად შესვა, მაჯის საათს დახედა და უკმაყოფილოდ წარმოთქვა: “ამ საცობებს ვერაფერი მოვუხერხეთ! ვერც “მიგალკები” შველის საქმეს და ვერც კორტეჟი, მაინც აგვიანებენ… ჰო, მართლა – ამ უნივერსიტეტთან და მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებით სულ აწუხებენ ჩემი ოჯახის წევრებს, გინდა არ გინდა – ჩემამდეც აღწევს… დღის წესრიგით გათვალისწინებული არა გვაქვს, მაგრამ სანამ ეგენი მოვლენ… ძალიან ბევრმა მოინდომა მღვრიე წყალში თევზაობა და ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ – რეიტინგს უნდა მოვუფრთხილდეთ. როგორ მოვეკიდოთ, მეგობრებო, მეცნიერ მუშაკთათვის მინიმალური ხელფასის გაზრდის იდეას? ბოლო-ბოლო ოჯახში მარცხვენენ, პროფესორს საცხოვრებელ მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება როდემდე უნდა ჰქონდესო? გასაგებია, რომ წინა მთავრობამ საშინელი მემკვიდრეობა და ცარიელი ხაზინა დაგვიტოვა, შევარდნაძის გაღატაკებულ ინტელიგენციას ყველაფრის იმედი გადაეწურა და იმანაც – გარდა ზოგიერთი ხისთავიანისა – ჩვენ დაგვიჭირა მხარი. ისე, კაცმა რომ სთქვას, ნათელია, რომ ქვეყანას ძველი ყაიდის საპენსიო კომუნისტური ინტელიგენცია აღარ სჭირდება, მის რიგებში უამრავი უქნარა, დეკვალიფიცირებული და კორუმპირებული ადამიანია, მაგრამ, სანამ რეფორმებს ჩავატარებთ და საკითხი გლობალურად მოგვარდება, აწი ჩვენ – ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? მივცეთ რამე?”.
X X X
– ბოდიში, ეს სკამი დაკავებულია? შეიძლება? ოჰ, ეს თქვენა ხართ? გამარჯობათ!
– დიახ, მე გახლავართ. ძალიან სასიამოვნოა, დაბრძანდით ქალბატონო… ნატო, არა?
– თითქმის. მე ნატა მქვია.
– აჰ, მაპატიეთ, ერთი ასო შემშლია! ჰო, ნატა. ეჰ, ნეტავ რა ვუყო ამ ჩემს ნაადრევ სკლეროზს. მშვენიერი სახელია – ნატა.
– გმადლობთ… თქვენ კი – ბატონი კობა, არა?
– დიახ კობა, სტალინის სახელობის კობა… იქნებ არც დამიჯეროთ, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ კვლავ შევხვდებოდით, თუმცა არ მეგონა რომ ეს ორ დღეში მოხდებოდა. ნება მომეცით ამის აღსანიშნავად ფინჯან ყავაზე დაგპატიჟოთ. თურქული თუ კაპუჩინო?
– გმადლობთ, თურქული იყოს, ოღონდ… იცით, დაქალს ველოდები, მაგრამ ჯერ არ ჩანს. ხელს ხომ არ გიშლით?
– რას ბრძანებთ!
– ერთი ძალიან უბრალო თხოვნა მაქვს და, იმედია, შემისრულებთ.
– ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად შევეცდები… ქალბატონო, ერთი თურქული ყავა და ერთიც ტეკილა, ლიმონიც მოაყოლეთ თუ შეიძლება… ტეკილას ხომ არ ინებებთ? ან რაიმე სხვა სასმელს? ნამცხვარს ხომ არ მიირთმევთ?
– არა, არა. ნუ შეწუხდებით. სასმელს ვერიდები, სწრაფად მათრობს, ნამცხვარი კი უბრალოდ არ მინდა. რთული თხოვნა არაა. იცით რა… მოდით, ამიერიდან ერთმანეთს შენობით მივმართოთ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… მე ყველა შენობით მომმართავს და ეს ძალიან მომწონს. თქვენობით რომ მელაპარაკებიან, ასე მგონია, ბებერი ვარ. ჩემთვისაც უფრო ადვილი იქნება პირდაპირ კობა დაგიძახოთ. ხომ ხედავთ, თქვენი სახელი უშეცდომოდ დავიმახსოვრე.
– შესანიშნავია. რასაკვირველია, თანახმა ვარ. მართალი გითხრა, უბრალოდ დამასწარი. სტუდენტი ხარ?
– მაშ, თანაც უნივერსიტეტის. მომავალი ფსიქოლოგი. შენ კი… მოიცა, მოიცა… აქამდე არ მითქვამს, მაგრამ შენი სახე მაშინაც მეცნო და ვერაფრით გავიხსენე საიდან. ამაზე ფიქრში ძლივს დამეძინა. სად შეიძლებოდა მენახე, კობა?
– ნუ, ალბათ ბევრგან. თუნდაც ტელევიზიით.
– მართლა?
– მართლა. მე ჟურნალისტი ვარ, ჟურნალ “ობობას ქსელის” პოლიტიკური მიმომხილველი. გარდა ამისა წიგნი მაქვს დაწერილი და გამოცემული. ზოგჯერ ხდება: სხვადასხვა ტელეარხების ტოკ-შოუებზე და დისკუსიებზე მიწვევენ. მაგალითად “რუსთავზე”, ჯანრი კაშიასთან, ინგა გრიგოლიასთან, და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ბოლო დროს ნამდვილი სატელევიზიო პაექრობა იშვიათობა გახდა, ყველა რაღაც დაუწერელ კანონებს იცავს.
– “ობობას ქსელს” ზოგჯერ ვყიდულობ, დედაჩემიც კითხულობს. ტოკ-შოუებს კი პრაქტიკულად არ ვუყურებ, არ მცალია და, მართალი გითხრა, ეგ ჟანრი მაინცდამაინც არ მაინტერესებს. ვფიქრობდი, იქნებ სადმე წვეულებაზე გადავეყარე-თქო, ან იქნებ მეუღლის მხრიდან ვიცნობ…
– მეუღლის? ო, აი ეგ კი ალბათ არა, გამორიცხულია. ჯერ ერთი შენზე გაცილებით უფროსია, სულ სხვა თაობაა. გარდა ამისა… ეჰ, გამოგიტყდები, რომ ამჟამად სრული თავისუფლებით ვსარგებლობ.
– ო, ეგ ძნელი მისახვედრი სულაც არ არის. აქ ხომ მარტო მოდიხარ. თუმცა ეხლა ისიც კი შევნიშნე, რომ ბეჭედი არ გიკეთია.
– მერე რა რომ მარტო მოვდივარ? ნეტავ რომელი საუკუნეა კარზე? პირდაპირ გამაოცე, ნატა. ბეჭედი ბევრ ცოლიანსაც არ უკეთია. არც ადრე ვატარებდი, ხოლო განქორწინებას რაც შეეხება… ფორმალობები არ მიყვარს. ჩემს სათაყვანებელ მეუღლეს სწორედ ის არ ესმოდა, რომ მწერალი და ფორმალობა შეუთავსებელი ცნებებია. დაოჯახებულ ქალად რატომღაც არ მეჩვენები და გაითვალისწინე: ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სასამართლო მთავარი როდია.
– ჰა-ჰა, რაო, როგორ თქვი, რომელი საუკუნეაო? ან გაუთხოვარი რატომ გეჩვენები, იქნებ გეშლება? შენ გგონია, კავალერი არა მყავს?
– შეიძლება გყავს და არა ერთიც, მაგრამ გათხოვილის იერი და თვალები მაინც სულ სხვაა. არა მგონია მეშლებოდეს. ცხოვრებისეული გამოცდილება ასე მკარნახობს და რა ვიცი.
– გამოგიტყდები, რომ ამ შემთხვევაში არ გეშლება, თუმცა შეიძლება სხვანაირადაც ყოფილიყო საქმე. იერსაც მოევლებოდა, მაგრამ… ერთი სიტყვით, არ მეჩქარება – ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინა მაქვს. გთხოვ, აღარ გვინდა მეტი ამაზე რა. ათასჯერ გადაღეჭილი, მოსაწყენი და მოსაბეზრებელი თემაა…. მაშ, ყველა სიკეთესთან ერთად მწერალიც ყოფილხარ.
– ნუ, ეგ ხმამაღალი ნათქვამია. უფრო ლიტერატორი. მწერალი მაინც სხვამ უნდა გიწოდოს. ზოგი იტყვის: ეგ თავმდაბლობა კი არა, თვალთმაქცობა და საბჭოური გადმონაშთიაო, მაგრამ ასე მჯერა და რა ვქნა. ისე კი, მწერლობა – ბედისწერაა. მე უბრალოდ ჩემთვის ვწერ, ასე ვთქვათ, საკუთარ ლიტერატურულ ჭიას ვახარებ. ერთხელ ზღაპრების კონკურსშიც კი გავიმარჯვე.
– საბავშვო ზღაპრების?
– დიახაც რომ.
– მაინც დასაფასებელია. ეგ ჭია ყველა ადამიანს ხომ არ ღრღნის, მხოლოდ რჩეულებს. თანაც გაგიმარჯვია. ფული მოგცეს?
– ათას ხუთასი დოლარით დამაჯილდოვეს, მაგრამ… Страна не знает своих героев. აი, ჩემი ლიმონიც… აბა, გაგვიმარჯოს. უჰ, რა მაგარია ეს ოხერი! შენ თუ იცი, ნატა, როგორ უხდება ტეკილას ლიმონი. ყინული, ლიმონი და მარილი – ამათ გარეშე ტეკილა მხოლოდ კაქტუსისგან გამოხდილი მიქსტურაა, ჭაჭაზე უარესი.
– აბა, რატომ სვამ?
– რატომ? მდ-ა-ა… რა ვიცი. სახელი მომწონს, მასში ჩაქსოვილი რომანტიკა. მექსიკა, აცტეკები, სისხლით მორწყული პირამიდები, კორტესი… ამ ერთ სირჩა ტეკილაში კაცობრიობის მთელი ისტორია ეტევა, მე კი მას ერთი ყლუპით… ისე, რომ იცოდე, ტეკილასადმი მიდრეკილება საკმაოდ ძვირი მიჯდება.
– ეგ მეც გავიფიქრე. ეტყობა, როგორც ჟურნალისტს კარგი ჰონორარები გაქვს.
– დიდი არაფერი. უბრალოდ რამდენიმე წლის წინათ ძალიან ხელსაყრელი მომენტი არ გავუშვი ხელიდან. შემიძლია პირნათლად ვაღიარო, რომ ფორტუნამ გამიღიმა. ჩვენს ძველ, ელიტურ, პაპისეულ საკუთარ სახლს თავისი ნაკვეთით ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, ძალიან ფულიანმა მყიდველმა დაადგა კეთილი მზერა და… მოკლედ, მაშინ მე და ჩემმა ძმამ ბევრი პრობლემა გადავწყვიტეთ, და ცოტაოდენი ფული დღემდე შემომრჩა. არ მექნება და აღარ დავლევ. ამ მხრივ ნამდვილი ძველი ქართველი ვარ და არც ალიმენტის გადახდის პრობლემა მაწუხებს, ისედაც ვეხმარები. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც: ჩვენი სახელოვანი წინაპრები საგვარეულო მამულებს ყიდდნენ და ამით გაჰქონდათ თავი.
– ჰოო… ალბათ ამიტომაა, რომ საკუთარ ჩვევებს ასეთ არეულ დროსაც არ ღალატობ. წარსულს ხომ არ მისტირი?
– ნუთუ ასეთ მოხუცად გეჩვენები? თუმცა, კარგი შეკითხვაა. შენთან შედარებით ალბათ დინოზავრი ვარ, საბჭოთა ხელისუფლებაც კი მახსოვს. ძველ დროს არ მივტირი, მეტი საქმე არა მაქვს რა! მაგრამ არც ეს, შენი გამოთქმით არეული, დრო მეხატება გულზე. კრეტინიზმისა და უხამსობის დოღია, მეტი არაფერი! Хамло и Чернь! მაპატიე, უნებურად ავნერვიულდი. ისე, იცოდე: ნერვები თუ ამეშალა, ხშირად რუსულზე გადავდივარ, ლანძღვა-გინებაში რუსულ ენას ბადალი არა აქვს. გემუდარები, ერთ პატარა ნამცხვარს აგიღებ რა! ქალბატონო, ერთი ნიგვზიანი, თუ შეიძლება! იცოდე, აქაური ნიგვზიანი ყოველთვის ახალი და გემრიელია.
– უი, რაზე შეწუხდი? მადლობთ, ზედმეტი იყო… მაშ საგვარეულო მამულების გაყიდვით აგიწყვია ცხოვრება? ბოდიში, ცოტა უტაქტო კითხვა კი გამომივიდა, მაგრამ შენ თვითონ დაიწყე…
– უტაქტო კი არა, ფაიზაღი სიმართლე და ჭეშმარიტებაა. არც ისეთი ფაქიზო ვარ. ხომ გითხარი, არ მიყვარს ფორმალობები. ხომ გემრიელია?
– ძალიან. ვიცი, რომ ბინის გაყიდვა მშობლებს არ უყვართ, გარემოს შეცვლას ერიდებიან.
– მამა გარდამეცვალა, დედას კი, მერწმუნე, არაფერი დავაკელით. ეხლაც მასთან ერთად ვცხოვრობ პეკინზე, კარგ გარემონტებულ ოროთახიანში.
– ვაკის სახლი რამდენსართულიანი იყო?
– ორიანი, მაგრამ დაშენების შესაძლებლობითა და დიდი გარაჟით. სწორედ ამაშია საქმე. წინდახედულმა მამამ შვილებზე იზრუნა და გადარჩენის საშუალება მოგვცა. თუმცა, არც იმდენი დამრჩა, რომ… ტეკილა კარგია, მაგრამ ჩემი ნატვრის შესასრულებლად ფული მაინც არ მყოფნის.
– რა ნატვრაა ასეთი ძვირი?
– საკუთარ გაზეთზე ვოცნებობ, მაგრამ ვერ ვქაჩავ… აი, მხარში თუ ამომიდგა ვინმე…
– გასართობ გაზეთზე თუ…
– არა. მეტი სიმართლე და საღი აზრი, მდიდარი ანალიტიკა, სპორტი და ჭორები ზომიერად, ნაკლები გართობა – ისიც ბოლო გვერდზე. სენსაციების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არც ნორმალური პოლიგრაფიის. სულ ესაა ჩემი განუხორციელებელი კრედო.
– ეტყობა, მამაშენი ძალიან წარჩინებული კაცი იყო. პროფესორი ან აკადემიკოსი, არა? გადმოცემით ვიცი, რომ კომუნისტების დროს სწორედ პროფესორები ფასობდნენ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ისე, თავის საქმეში პროფესორიც იყო და აკადემიკოსიც. იქნებ მეტიც კი იყო. როგორმე მოგიყვები… კაი, რა დასამალი ეგაა: მინისტრი იყო მჟავანაძის დროს, თანაც გავლენიანი მინისტრი. გაგიგია მჟავანაძე? აბა, ნიგვზიანი არ მინდოდაო?
– მართლა ძალიან გემრიელი იყო, მომეწონა. მადლობელი ვარ.
– აი, რამდენი გაიგე ჩემი პერსონის შესახებ. ამაში კი საფასურს მოვითხოვ, ოდენ მადლობით ვერ შემოიფარგლები… გეხუმრები, ცხადია! ვისურვებდი ჩემთვის მუდამ გამოცანად და ჯოკონდას ღიმილად დარჩე, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ… რა იქნება, შენს შესახებაც მომიყვე რამე…
– აუცილებლად, მაგრამ… აი, ჩემი დაქალიც. სალუტ მარიკა! ვაიმე, კობა, უნდა გადავჯდე, ხომ არ გეწყინება? იმედია, აქ კიდევ შევხვდებით და როგორმე ჩემზეც მოგიყვები. დიდი, დიდი მადლობა.
– შეხვედრამდე, ნატა…
X X X
წარმოიდგინეთ: ბუნებრივ ნიჭიერებასთან წილნაყარ ადამიანს უამრავი წიგნი ჰქონოდეს წაკითხული, განგებას ცოლ-შვილით, ნაცადი მეგობრებითა და ღირსეული სამსახურით დაეჯილდოვებინოს, ცხოვრებაში, როგორც ყველა ნორმალურ პიროვნებას, რამდენიმე – უიღბლო და იღბლიანი – სიყვარულიც გადაეტანოს, პროფესიული ერთგულების ფასიც სცოდნოდეს, ჰობის სახით ჭადრაკი და პოკერი შეერჩიოს, ფეხბურთიც უყვარდეს, სამომავლო გეგმებსაც აწყობეს და ალაგებდეს, და – საზოგადოდ – სამყარო თავისი ეგონოს, მაგრამ…
მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება: ამ პატივდებულ პიროვნებას მთლიანობაში ჯანმრთელად მიაჩნდეს თავი, არ ეპუებოდეს ასაკს, არ გაურბოდეს ახლობელთა წრეში პოკერის გაშლას, ბავშვივით უხაროდეს მოგება და ვაჟკაცური ღიმილით ხვდებოდეს უცილობელ მარცხს, ჟინიანად ეწეოდეს სიგარეტს და მეგობრულ სუფრაზე ზომიერადაც სვამდეს, ამასთან ყურადღებას არ აქცევდეს მოხშირებული თავბრუსხვევების კასკადსა და დღის განმავლობაში არტერიული წნევის აწევ-დაწევას, უდრტვინველად ეგუებოდეს ქვედა კიდურების უეცარ დაბუჟებას, შეეჩვიოს არასასიამოვნო ჩხვლეტებსა და ჭვალებს გულის არეში, და იყოს ასე არხეინად. მაგრამ ერთ მშვენიერ – ან არცთუ მშვენიერ – დღეს, კამერულ სუფრაზე კარგად მოლხენის შემდეგ, დესერტად მორთმეული თურქული ყავისა და ჩიბუხის გაბოლების თანხლებით, მასაც კი, ამ ბედნიერ ადამიანს, შეიძლება მიეძალოს სურვილი ამ უსიამო შეგრძნებების გულახდილად გაზიარებისა – რასაკვირველია უფრორე ენის მოსაფხანად და გულის გადასაყოლებლად, ვიდრე გულწრფელი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, – მოპირდაპირე რბილ სავარძელში განცხრომით მოკალათებული ძველი ნაცნობისთვის, ცნობილი ვერისუბნელი ექიმისა და მოწოდებით კეთილშობილი პოკერისტისთვის, მისგან ტკბილი დასტურის მისაღებად – ეგ არაფერი, ჩემო ძმაო, ჩვენი ასაკის კვალობაზე კაჟივითა ხარ, სერიოზული არაფერი გჭირს და ძველებურად, ლაღად გააგრძელე ვნებიანი ცხოვრებაო. მაგრამ ნათქვამია: კაცი ბჭობდა – ღმერთი იცინოდაო, და თუ ის ექიმი კაცი მართლაც გამოცდილი დიაგნოსტია, და თუ ქეიფსა და კარტის თამაშში მას ჯერ ბოლომდე არ გაუცვლია მოყვასისადმი თანაგრძნობის უნარი, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომატიკა მან შესაძლოა საგანგაშოდ მიიჩნიოს, ვერ გამორიცხოს, რომ ყავის ყლუპებს შორის მოსმენილ ჩივილებში ვითარცა სარკეში ირეკლება გულარხეინი თანამეინახის ორგანიზმის სიღრმეში აღმოცენებული ვერაგი სნეულება, რომელიც, სათანადო ზომების არმიღების შემთხვევაში – ხოლო ზოგჯერ ასეთი ზომებიც არასაკმარისია, – ლეტალური დაბოლოების საშიშროებას შეიცავს. ერთი სიტყვით, ჩვენი წარმოსახვითი გმირის ბედი იმაზეცაა დამოკიდებული, აღიქვამს თუ არა მას ნაცნობი დასტაქარი ჩვეულებრივ პაციენტად, თუ მხოლოდ პოკერის პარტნიორად, ვისთვისაც უსიამო სიმართლის პირში თქმით გუნების წახდენა სავალდებულო სულაც არაა.
ნუ მოვერიდებით განზოგადებას, და ეს ჩვენი ჩიბუხიანი და ნიჭით მომადლებული გმირი ჩვენსავე საზოგადოებას მივამსგავსოთ, ხოლო ხელისუფლება – იმ ჩვენთვის ბოლომდე ამოუცნობი ხასიათის მქონე ექიმს. ასეთი შედარება მით უფრო მართებულია, რომ გარე სამყაროსთან მისტიური შერკინებისას ორივე მოპაექრე – საზოგადოებაც და ხელისუფლებაც – გამოცდილი პოკერისტივით იქცევა, ფსონში საკუთარი ქვეყნის ბედს ჩადის, და ხან დაუფარავი, ხანაც შენიღბული აზარტით ცდილობს საკუთარი უძირო ამბიციის დაკმაყოფილებას.
ასეა, კამათლის გორებით დაკავებული საზოგადოების ცოცხალი ორგანიზმის წიაღშიც თანდათანობით გროვდება უარყოფითი ნიშნის მუხტი – მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით უფრო მოგონილი და ვირტუალური, ვიდრე ნამდვილი, – რომლის ველში შობილი ცვლილებები დროთა განმავლობაში მომაკვდინებელი თვით ამ უმრავლესობისთვის ხდება. ასეთი ცვლილებების – სინამდვილეში კი სიმპტომების – სხვადასხვა საჯარო გამოვლენებში: ლექსიკაში, მოდაში, ღირებულებათა დაპირისპირებაში, მრავალსიტყვიან და ფუჭ დისკუსიებში, უტოპიური იდეალებისკენ სწრაფვაში, ზოგჯერ ნარების ხელებით გლეჯვაშიც კი, – ბუნებრივად აისახება ქვეყანაში ჩამოყალიბებული საზოგადოების არსი, ცხოვრების წესი, მისი სიცოცხლისუნარიანობა და შინაგანი განვითარების ლოგიკა. ამ განვითარების ბოლო, ხშირად გაუცნობიერებელი, კი მარტივზე მარტივია – ან ევოლუცია და გამარჯვება, ან საერთო დეგრადირება და კოლაფსი.
ერთ-ერთ ასეთ – მავანისთვის მოგონილ და ოდენ ენის საფხან მასალად ქცეულ, – სადისკუსიო თემად საბაზრო ურთიერთობების ბადეში მოფართხალე ცოდნის მომპოვებელი ადამიანების მასიური დაბეჩავება გვევლინება. სათანადო სამუშაო პირობების არარსებობა, უმწეობა, უფულობა, დაცინვა – და ეს ყოველივე გაუთავებლად, წლებისა და წლების განმავლობაში… მოსახლეობის ამ თხელი და მეტად მგრძნობიარე ფენის მიმართ პატივისცემისგან დაცლილ და ზედაპირულ დამოკიდებულებაში თავს იჩენს საზოგადოების წიაღში ჩასახული ძნელად განკურნებადი სენის – გონის გენერალიზებული დაბნელების – უტყუარი სიმპტომი, მითუმეტეს თუ განგების ძალით, ცოდნის მომპოვებლებს არსებობა და მოღვაწეობა ღარიბ და მუდმივად სხვათა მოიმედე პატარა ქვეყნებში უწევთ.
მაგალითისთვის კი გამოდგება ერთი პატარა, ამაყი და სილამაზით განთქმული, ღვთიშობლის წილხვედრი კოპწია კავკასიური ქვეყანა, რომელიც – ჩვენი წარმოსახვითი გმირისა არ იყოს, – მუდამჟამ საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული და თან მართლაც გენიალობასთანაა წილნაყარი თავისი მდელოებით, მთებით, ტყეებით, ტბებით, მდინარეებით, ზღვით, ტაძრებით, კულტურით, ინტელექტით…
ყოველივე ამის დაცვას კი საზოგადოების მხრიდან გაფრთხილება და კეთილი ნების გამოვლენა უნდა, თორემ…
თორემ დროთა განმავლობაში დაიშრიტება ტბები და მდინარეები, დაჭკნება ტყეები, ჩაკვდება კულტურა, სულს გააფრთხობს მეცნიერება, გეოგრაფიულ რუკაზე ერთ უსახურ ლაქად გადაიქცევა თვითმყოფადი პატარა ქვეყანა, მისი ტიპიური ბინადარი კი დაემსგავსება მოსულელო ორფეხა თოჯინას, ზომბის, რომლის მართვას ძლიერთაგან ამა ქვეყნისა არაფერი უნდა თავის ქალაში დროულად ჩატანებული ზამბარის კარგად მოქოქვის გარდა.
ცინიზმით დაავადებულ უმეცარ ობივატელს მცოდნე ადამიანების დასახასიათებლად გულის სიღრმეში ისედაც ერთადერთი შეფასება გააჩნია – მუქთამჭამელები; ის ურჩევნია მამულსა შეეშვან მოსაბეზრებელ წუწუნს და თოხი დაიჭირონ ხელში. ეგ არახალია. სოციალურ ბოღმას ყველა დროსა თუ ფორმაციაში დიდი გაქანება ეძლეოდა. იგი ყოველთვის რჩეული, თვალსაჩინო და საქმეში ჩახედული ადამიანების წინააღმდეგ იყო მომართული და ჩვენი პატარა ქვეყანა ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება.
ობივატელური უმრავლესობის ხანაც ხმამაღლა გამოთქმული, ხანაც გამოუთქმელი, მაგრამ სავსებით გულწრფელი რწმენით, ისეთი პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენია – თუ მხოლოდ ზომასა და ფულზე მიდგება საქმე, – თანამედროვე მეცნიერება ძვირი და უსარგებლო ფუფუნებაა. ყველაფერი ფასეულის – ჭკუა-გონების ჩათვლით – გარედან შემოტანა და ადგილზე გამოყენებაა შესაძლებელი, და თუ დარჩა კიდევ რაიმე აღმოსაჩენი დედამიწაზე – დაე ეს აღმოჩენები სხვათა, უფრო წარმატებული, განვითარებული და მდიდარი ერების კუთვნილება გახდეს. გასაკეთებელს ისინი მაინც ჩვენზე უკეთ გააკეთებენ. მით უმეტეს, რომ ფხიანი და ნიჭიერი ჩვენებური ამ პირობებშიც არ დაიჩაგრება; კეთილი უცხოელები მას შეამჩნევენ, დაუძახებენ, ფულს გადაუხდიან, საერთო ფერხულში ჩააბავენ, და ამ გზით ის სამშობლოსაც შორს გაუთქვამს სახელს, და საკუთარ თავსა და ოჯახსაც წაადგება. ბოლო-ბოლო, ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა? მართლაც, ზოგადად რომ ვთქვათ, ცოდნის მოპოვებისა და სასიკეთოდ გამოყენების კეთილშობილურმა საქმემ დიდი ხანია გადალახა სახელმწიფო საზღვრები. ბედკრულ პატარა ქვეყანას კი ისედაც თავისი პაწია, მაგრამ სასიცოცხლო პრობლემები აწუხებს. მათ მოსაგვარებლად მას სჭირდება ჯარი, პოლიცია, საბაჟო და საგადასახადო ბიუროკრატია, ფულის ერთეულიც კი, მაგრამ ცოდნის მომპოვებლები – ნურას უკაცრავად. ჩვენს კომერციალიზებულ ეპოქაში პატარა ქვეყანას ამ ხელით სათრევი ტვირთის გარეშეც შეუძლია თავის გატანაც და კანონიერი ამბიციების დაკმაყოფილებაც – სერვისით, ეგზოტიკური ტურიზმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებით, კონფლიქტურ ზონებში ცოცხალი ძალის ექსპორტით…
ჭეშმარიტი ცოდნის მომპოვებელი ადამიანები იშვიათობაა, ცოდნის მოპოვებას დიდი ნიჭი, შრომა და მონდომება სჭირდება, ახალი და ცინიკური დემოკრატიები კი ასეთი ადამიანების ერთობას ხშირად – უფრო გამოუცდელობითა და ძველი წესების რესტავრაციის შიშით, – დამსხვრეული ტოტალიტარიზმის რელიქტად, მის მჭრელ და არცთუ უხიფათო ნატეხად აღიქვამენ. ამასთან ღატაკი და დაქცეული ქვეყნების სხვადასხვა რეფორმატორული ვალდებულებებით დახუნძლულ ბიუჯეტებს უჭირთ წინა წყობილებიდან შემორჩენილი რელიქტური სოციალური ფენების შესანახი ხარჯების გაწევა. სამაგიეროდ პოლიტიკური პრაქტიკა, როგორც წესი, მალე ადასტურებს “ყოფილ გამორჩეულ ადამიანთა” ერთიანობის მოჩვენებითობას, მათ თანდაყოლილ ინფანტილობას, და იმასაც, რომ ახალ პირობებშიც ისინი საოცრად დიდ ენერგიას ახარჯავენ არა საერთო ინტერესების კანონიერ დაცვას, არამედ ერთმანეთთან მეტოქეობასა და ქიშპს. საკვირველია, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით მათ ახალი დემოკრატიების ყველაზე ბუნჩულა, უხიფათო და მშვიდობიანი ფენა შეადგინეს – ამიტომაც რეფორმისტულ საზოგადოებაში მგლური კანონების გაბატონებისთანავე (ეს კი, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად მოხდა) სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე და საკუთარი პიროვნული მარიფათის ამარა დარჩნენ. სხვა საქმე იყო ტოტალიტარიზმი – აქ პროტესტის პირველი ხმა სწორედ მათი მხრიდან გაისმოდა ხოლმე. დიქტატის წინააღმდეგ მათი ამბოხი ხშირად წარმატებითა და საძულველი მარწუხების მტვრევით დამთავრებულა, მაგრამ მალე ისიც გაირკვა, რომ მიღწეული გამარჯვება ნანატრ სასწაულს ვერანაირად ვერ შობს და ახალი ცხოვრების ბატონ-პატრონები სულაც არ აპირებენ ადრე უხვად გაცემული ტკბილი დაპირებების შესრულებას. აღმოჩნდა, რომ სანუკვარ დემოკრატიას მეცნიერების ცხარე ცრემლების აღარ სჯერა და ოდესღაც აყვავებული ინსტიტუტებისა და მოფუსფუსე ლაბორატორიების უმრავლესობა საბაზრო პირობებში პირდაპირ თუ არ უქმდება, სრულ ფინანსურ კრახსა და დეგრადირებას განიცდის მაინც. ეს ბუნებრივიცაა – სამოქალაქო დაპირისპირებით გასავათებულ ქვეყნებში სამეცნიერო პერსონალებს ხომ სწრაფი და დიდი მოგების მოტანა არც საკუთარი თავისთვის და არც ახალი ბატონებისთვის არ ძალუძთ. შემდეგ კი… უპატრონოდ დარჩენილი ცოდნის მომპოვებლები – მსოფლიოს მდიდარ მხარეებში სასწრაფოდ გადახვეწილი ცალკეული და უთუოდ ნიჭიერი პიროვნებების გარდა, – ხან შიმშილით იხოცებიან, ხან თავის რჩენას საკუთარი ბიბლიოთეკებიდან ოდესღაც ძვირფასი წიგნების ჩალის ფასად გაყიდვით ახერხებენ, ხანაც, ბედმა თუ გაუღიმათ, ახალი და ძველი კაპიტალისტების სამსახურში ჩადგომით გადიან ფონს. ამასთან ისინი, ახალ ნათელ მომავალთან ადაპტაციის იმედით, კვლავაც უდრტვინველად იტანენ ყოველგვარ ტყუილსა და დამცირებას.
შემჩნეულია, რომ ცოდნის მომპოვებელთა ინტელექტუალურ ფუქსავატობას ჯერ კომფორტული ინერტულობა, შემდეგ კი საკუთარი ნების უცილობელი დათრგუნვაც მოსდევს. ეს სენი მთელ მსოფლიოშია მოდებული, და მისი გამომწვევი ვირუსი არ ცნობს არც გეოგრაფიულ, არც ისტორიულ საზღვრებს – უბრალოდ, ამ დაავადების სიმპტომები უფრო აშკარად სწორედ დემოკრატიის გზაზე შემდგარ ახალბედა საზოგადოებებში ვლინდება. ქართველი ინტელიგენტი, რუსი интеллигент, ჩინელი ჯიში ფენძი (მცოდნე ელემენტი), თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ იშვიათად ამერიკელი და ევროპიელი ინტელლეცტუალ-ებიც კი (რასაკვირველია, განუზომლადYუკეთეს მატერიალურ გარემოში), საბოლოო ჯამში თვითონ იძლევიან საფუძველს საკუთარი დაჩაგვრისთვის, რადგან ძალზე ადვილად ურიგდებიან პრესტიჟის შელახვას, მეორეხარისხოვნებას და, რაც მთავარია, ხელისუფალთა მიერ კულუარული წესით მოწონებული უხერხემლო ოფიციალური მესვეურების საკუთარ თავზე მოხვევას – თურმე ამ ამპარტავანი ადამიანების სათანადო წესით შერჩევა და შენახვა, დემოკრატიული დეკორუმით შემკულ საზოგადოებებში რაღაც საკრალური რიტუალის მაგვარი რამ ყოფილა. მეცნიერების ფარისეველ მესვეურთ, როგორც წესი, ჩირადაც არ უღირთ ნაკლებად წარმატებული კოლეგების – ანუ დამარცხებული კონკურენტების – ბედი. ისინი აგრესიული სიამაყით აღნიშნავენ თავის პოლიტიკურ უბიწოებას, ყოველთვის მხარში უდგანან ნებისმიერ, ყველაზე უვარგის ხელისუფლებასაც კი, და, ამა ქვეყნის ძლიერთა განაწყენების შიშით, მათი მხრიდან თითის დაქნევის გარეშეც ყოველგვარ ნასუფრალზე თანხმდებიან. საერთო ამინდს ვერც ყველასთვის ცნობილი და ბრწყინვალე გამონაკლისების არსებობა ცვლის – ჯორდანო ბრუნოსა და კოპერნიკის ეპოქიდან მოყოლებული, ცოდნის მომპოვებელთა მხრიდან გმირული საქციელის ცალკეული მაგალითები, სამწუხაროდ, მხოლოდ ადასტურებენ ზემოთმოყვანილი ზოგადი წესის ძლევამოსილებას. ერთიცაა: თუ დიდ ქვეყნებს – ამერიკას, რუსეთს, ჩინეთს – დროთა განმავლობაში ძალუძთ საკუთარი რესურსების მობილიზაციით მეცნიერების როლისა და პრესტიჟის აღდგენა და ეროვნული მეცნიერული სკოლებისთვის ძველი დიდების დაბრუნება, პატარა და ღატაკი ქვეყნების ხვედრი ამ მხრივ გაცილებით უფრო სავალალოა – ის საყოველთაო გლობალიზაციის ოკეანეში უპირობო ჩაძირვის პერსპექტივას უკავშირდება. ასეთი ქვეყნების მართვაში ნაციონალისტური ლოზუნგებით მოსული ახალი ელიტების გაუაზრებელი ამბიციების უკიდეგანობამ, შესაძლოა დროებით მოსახლეობის ფართო მასაც და საზოგადოების წამყვანი ძალაც ერთნაირად აღაფრთოვანოს, მაგრამ ობიექტურ რეალობას მოწყვეტილი განზრახვების პრაქტიკული განხორციელება, როგორც წესი, ძალიან მალე გადაულახავ დაბრკოლებებს აწყდება და, უკეთეს შემთხვევაში, ამა სამყაროს ძლიერ მოთამაშეთა პოლიტიკურ გეგმებში თანამონაწილეობასა და თანმდევ ძვირადღირებულ მილიტარიზაციას ვერ სცილდება.
ამასობაში კი ცოდნის მომპოვებელი ადამიანების ოდესღაც პატივცემული კოჰორტაც ბერდება, უღიმღამოდ ტოვებს ასპარეზს, და ეროვნული მეცნიერება, როგორც პატარა ქვეყნის ერთ დროს გამორჩეული დარგი, ნელ-ნელა თავისით ქრება…
და აბა, განა გასაკვირია, შორეული თბილი კაბინეტების ქედმაღალი მფლობელების ნებითა და კარნახით, მათი დახვეწილი რეფერენტების მიერ სანდომიანად მოციმციმე კომპიუტერებზე პატარა ქვეყნებისთვის აწყობილი სუსხიანი სამერმისო სცენარები, ამ ქვეყნების ზედმეტად კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთ მაინცდამაინც რომ არ ეხატებოდეთ გულზე?
X X X
– …მიხარია, რომ დავალებას თავს შესანიშნავად ართმევ და თქვენი დაახლოების პროცესი ისე სწრაფად მიექანება, რომ უკვე კინოშიც კი დაგპატიჟა.
– მაშ. თანაც “რუსთაველში”, რაღაც ახალ ბლოკბასტერზე. წავყვე?
– თავისთავად ცხადია.
– მართალი გითხრა, არ მინდა. რაღაც ზედმეტები არ იფიქროს.. გუშინ ისეთი ქათინაურებით ამავსო, რომ… ძალიან “ვზროსლია” რა!
– ვიცი, მაგრამ… ქალმა კაცი თავის ჭკუაზე უნდა ატაროს. თანაც, ჯერ საქმე და საქმე, და მერე სხვა დანარჩენიო. ხომ იცი, ასეთია “მორჩას” კანონი, ჩე!
– მე ნებაყოფლობით ვემორჩილები ამ კანონს. თანაგუნდელებიც ამიტომ ვართ. უბრალოდ არ მინდა უბანში სახელი გამიტყდეს, ჩე!
– ყველაფერი მესმის, მაგრამ ამჯერად კობასთან მეგობრობის გაგრძელებას მთელი “მორჩას” სახელით გთხოვ. საქმის ინტერესებში ოდნავ თუ გაეკეკლუცები, ამით რა დაშავდება? ზღვარს ნუ გადაალახინებ და უბნის ბიჭ-ბუჭებს რაც შეეხება, დარდი არ გქონდეს, ერთ უბანს რამენაირად გავაკონტროლებთ. ამხელა ქვეყანა ჩვენ ჭკუაზე დადის და თბილისის ერთი პატარა უბანი რა გახდა, ჩე!
– რაც შეეხება მთელ ქვეყანას… ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრა და ვატყობ, რომ ხალხში თანდათან უკმაყოფილება გროვდება. ამაზე თუ გიფიქრია?
– როგორ არ მიფიქრია. ვარდების რევოლუციით გაღვივებული კოცონი ჯერაც ტკიცინებს, მაგრამ – შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, – სახალხო ნდობის მოპოვება გაცილებით იოლი ყოფილა, ვიდრე მისი შენარჩუნება. ამიტომ, პირველ რიგში, ისევ ჩვენი რიგების გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ, წინ უამრავი საქმეა და მხარ-თეძოზე არხეინად წამოწოლას ისტორია არ გვაპატიებს. სიტყვამ მოიტანა და ბარემ, როგორც “მორჩას” ნაცად აქტივისტსა და ჩემი ნდობით აღჭურვილ პირს, ერთ საიდუმლოს გაგანდობ: “მორჩა” დიდი წმენდისთვის ემზადება. ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით ჩვენს რიგებში მალე სერიოზული გამიჯვნა დაიწყება – რევოლუციის იდეალებისადმი თავდადებულებსა და ჩვენს მოძრაობასთან მიტმასნილებს შორის. სხვანაირად კონკურენტებს – თუნდაც კმარელებს – ვერ ვაჯობებთ, ჩე!
– შენ კი ამბობ საიდუმლოებაო, მაგრამ ასეთმა ინფორმაციამ უკვე გაჟონა. ჩვენი პირველადი ჯგუფის წევრებმა, გესმის, ამ ლიფსიტებმა, ისიც კი მახარეს, რიგგარეშე ყრილობამდე მივა საქმეო. ისე მეწყინა, რომ აღარც კი ჩავეკითხე: ვინ, საიდან, როგორ? მართალი გითხრა, ეგ ყველაფერი მაინც ჭორი მგონია.
– აი, კიდევ ერთი ნაღდი საბუთი იმისა, რომ შინაგანმა მტერმა ჩვენ რიგებშიც შემოაღწია. ამ ინფორმაციას არ უნდა გაეჟონა, მაგრამ ხომ ხედავ, ვიღაცამ დამასწრო. სამწუხაროდ, ჭორი კი არა, სიმართლეა. რევოლუციის შემდეგ რაც მეტი დრო გადის, “მორჩაში” გამიჯვნა თავისით, ბუნებრივად ხდება, მაგრამ ეს პროცესი თუ თვითდინებაზე მივუშვით და სიტუაცია მუდმივად არ ვაკონტროლეთ, ვითარება შეიძლება ცუდად აიმღვრეს. ამღვრეულ წყალში კი კარგად იცი ვინც ხარობს – ისინი, ვისაც გარდაქმნების დამუხრუჭება სურთ. მერე ერთხელაც იქნება, ხალხი იფეთქებს და… დანარჩენი ცნობილია: ხალხის რისხვა აბობოქრებულ მდინარეს ემსგავსება, მტყუან-მართლის გარჩევა არ იცის, და ბევრი იმათგანი, ვინც დღეს თვალებში შემოგვციცინებს და ძმობას გვეფიცება, თავის გადარჩენას ამ დინების ძირძველი მორჩელებისკენ მიბრუნებით შეეცდება. ეს თუ გაუვიდათ, ესე იგი დაგვიმსახურებია. ერთი მითხარი: ეგ ლიფსიტები სიგარეტს ხომ არ ეწევიან?
– არა, ჩემი თანდასწრებით წესდების ასე უტიფრად დარღვევას როგორ გაბედავდნენ. მოწევენ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ, ჩე!
– კარგია, რომ ვერ ბედავენ… რას ვამბობდი?
– გამიჯვნაზე და წმენდაზე მიყვებოდი.
– ჰო-ო… ამ ერთმა წელმა ისიც დაგვანახა, რომ “მორჩას” ზოგიერთი უღირსი წევრი რევოლუციურ მუხტს მხოლოდ ძველი კორუფციონერების ახალი კორუფციონერებით ჩანაცვლებისთვის იყენებს. იდეურად ისინი ხალხის გადაღლას იხვევენ ხელზე და ფსევდოჰუმანიზმის ლოზუნგებს ებღაუჭებიან, სინამდვილეში კი მათ ქვენა გრძნობები ამოძრავებთ და დაშანტაჟებული კორუფციონერების მაყუთით საკუთარი ბიზნესების აწყობა სურთ. ეს უკვე გამოჩნდა და ხალხის მხრიდან ჩვენდამი გაღიზიანების საფუძველიც გახდა. მაგრამ ბრმები ხომ არა ვართ, მეტისმეტია რა! “მორჩას” ძირითადი, ჯანსაღი ნაწილი ამგვარ მაიმუნობაზე და თანმდევ გაუმართლებელ კომპრომისებზე ვერ წავა. არადა, არ იცი ვის ავტორიტეტს ეფარებიან ჩვენი ოპონენტები? ძალიან კონფიდენციალურად გაგიმხელ, რომ ძირითადად ბარაბაძეს და მის ძვირფას კნეინა ბრაჭულს ეყრდნობიან.
– ბარაბაძეს და ბრაჭულს? ამას კი ნამდვილად არ ვიფიქრებდი. მაგრამ ბარაბაძე… ეგ ხომ ერთ-ერთი გმირთაგანია, ჩვენი მოძრაობის აღიარებული სინდისი. ასეთი კარგები ვიყავით, ასე გვიყვარდა ერთმანეთი და რა გვემართება? იქნებ ყველაფერი მშვიდობიანად დალაგდეს, ჰა? უამრავი სიბინძურე ამოტივტივდება. შენთვის არ მომიყოლია, მაგრამ წინა კვირას მეც მომიგზავნეს ორი გოგო რეზერვიდან: რაღაც-რაღაცეები არ მოგვწონსო, კითხვები გვებადებაო, ქვეყნის განვითარების გზებზე პოლემიკის გამართვა გვინდაო, ესაო, ისაო, და გვერდზე დაგვიდექიო. მაშინ შორს კი დავიჭირე, არც კი ვუთხარი, არც არა – ისე გავისტუმრე, მაგრამ თუ მაიძულეს… ყველა ჩვენ მებრძოლს თანაბრად ვცემ პატივს, ბარაბაძესაც, რა თქმა უნდა. ბრაჭული კი არის მისი ბოროტი გენია, მაგრამ დავიჯერო, მართლა ღალატის გზას დაადგა და “მორჩაში” განხეთქილება გველის? ასე იოლად ამას ვერ ვირწმუნებ. ნუთუ არა ვარ მართალი, ჩე?
– ზოგადად მართალი კი ხარ, მაგრამ იცოდე: მალე ამ პოლემიკაში შენც ჩაგითრევენ, მეც და მოძრაობის ყველა რიგით წევრსაც. ასეთია რევოლუციურ მოვლენათა განვითარების ლოგიკა. დანტონიც დიდი რევოლუციონერი იყო, მაგრამ მშვიდი ცხოვრება მოინდომა და მის კისერს ჰილიოტინა ვერ ასცდა. საერთოდ რევოლუციები… გიუგოს “93 წელი” გადაიკითხე, ჩემო ნატა, იქ ყველაფერი კარგადაა აღწერილი. ზოგჯერ წიგნიც საჭიროა, აბა, მარტო ინტერნეტი ჩემ მტერს.
– კი მაგრამ, სად ჩვენი ბარაბაძე და სად – დანტონი?
– ისტორია ზოგჯერ მეორდება. სჯობს ეხლავე გაგაფრთხილო, რომ ბუნკერში ვერ დაიმალები და ადრე თუ გვიან სწორი პოზიციის დაკავება მაინც მოგიწევს, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ჩვენ კიდევ მოვასწრებთ. იმედი ვიქონიოთ, რომ “მორჩას” ჯანსაღი ორგანიზმი თავის პრობლემებს როგორმე თავად გაუმკლავდება, ეხლა კი ისევ ჩვენ საქმეს დავუბრუნდეთ, ჩვენს ძვირფას კობას, მეცნიერებისა და კულტურის დიდ მოღვაწესა და მოამაგეს. სრულიად კონკრეტულ დავალებას გისახავ და კობას კეთილგანწყობას აწი განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდე. ნეტავი კინოშიც ხშირად დაგპატიჟოს და თეატრშიც… ჩვენთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ეგ და მისი ძმაკაცები ბარაბაძეზეც კი გასულან, ვითომ შემთხვევით, საერთო სუფრაზე შეხვედრიან ერთმანეთს. შენთვის კობას ამის შესახებ ხომ არაფერი უთქვამს?
– არა, პოლიტიკაზე ლაპარაკს ჯერჯერობით ერიდება… თუკი ასეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით გისმენ.
– მაშ, საკუთარი ოპოზიციური გაზეთი მინდაო, არა?…მამა უცხონდა. რაო, მამიკოს მაყუთით ვერ ვქაჩავო?
– ვერაო, მარტო გაქაჩვა ფინანსურად გამიჭირდებაო. ისე, ზოგჯერ მეცოდება: აღარც ცოლი, აღარც სანუკვარი გაზეთი და დარჩენილია ასე, ტეკილას ამარა.
– არა, გენაცვალე, მთლად ასე არ ყოფილა საქმე. შენთვის ჯერ არ გაუმხელია, მაგრამ იცოდე: იმ ცოდნის თუ რაღაცაა პარტიის საქმეც ჩალიჩდება და თანასპონსორებსაც პოულობენ. ამის შესახებ სხვათაშორის ბარაბაძის გარემოცვიდან შევიტყვეთ. იმ საერთო სუფრის მეორე თუ მესამე დღეს ბრაჭულის ერთ გოშიას ჯგუფში უტრაბახია, საქმე გაიმაზა და მერყევი ინტელიგენცია ჩვენკენ უნდა გადმოვიბიროთო, მაგათი დედა… თურმე, ნუ იტყვი და კობას და მის ძმაკაცებს უკვე ხელმოწერებიც შეუგროვებიათ, დამფუძნებელი კრებაც მოუწვევიათ და წინა კვირას განაცხადიც კი გაუშანშალებიათ იუსტიციის სამინისტროში, უბრალოდ ჯერ გახმაურებას ერიდებიან. ეხლა, იუსტიცია რას იზამს, ჯერ არ ვიცი. პრეზიდენტის კურსს ოფიციალურად არ უპირისპირდებიან, ხმამაღალ ოპოზიციურ განცხადებებს არ აკეთებენ და, კანონის მოთხოვნები ფორმალურად დაცული თუ აქვთ, ალბათ, გაატარებენ კიდეც რეგისტრაციაში. დაიწყებენ მერე ამ ჩვენი მერყევი ინტელიგენციის ტვინის არევას, ხალხის ნერვებზე თამაშს, ათას პრობლემას შეგვიქმნიან… როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მაინც ვერ გენდობა. ჩემი კონკრეტული დავალება კი ისაა, რომ კობას რეკომენდაციით შენ მაგ პარტიაში რაც შეიძლება მალე უნდა შეძვრე და სასწრაფოდ მისი აღიარებული აქტივისტი გახდე, მის ცენტრალურ ბირთვშიც კი უნდა მოახერხო შეღწევა. “მორჩაში” პარალელური წევრობა, ცხადია, არ შეგიჩერდება, ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეთანხმებულია. ხელფასს ორჯერ გაგიზრდით, იქაც თუ რამეს გამოჰკარი ხელი – შენია. მიზანი კი ასეთია: ეგ ჩემი ცოდვით სავსე ცოდნის პარტია როგორც ეროვნული ინტელიგენციის გამაერთიანებელი დამოუკიდებელი ორგანიზმი ვერ უნდა შედგეს, იდეურად უნდა გამოიშიგნოს და ამაში შენ დაგვეხმარები. იქ ვინმე რომც დაინტერესდეს შენი ბიოგრაფიით და, ვთქვათ, მორჩელობა წამოგაძახოს, არ დაიბნე. მშვიდად აუხსენი ყველას: “მორჩაში” ასაკმა და სამართლიანობის გრძნობამ მიმიყვანა – რაც სრული სიმართლეა; ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ხალხის, პირველ რიგში, განათლებული ადამიანების მიმართ ხელისუფალთა უსულგულობა ვერ ავიტანე და “მორჩასთან” ერთად ძირგამომპალი რეჟიმის დამხობაში მონაწილეობა პატიოსნად მივიღე, მაგრამ პოსტრევოლუციურ პერიოდში რაღაც-რაღაცეების, მაგალითად, ტელედაპატიმრებების და სახელმწიფო რეკეტის გამო, რევოლუციაზე გული ამიცრუვდა და ბოროტებასთან ბრძოლა თქვენთან ერთად გადავწყვიტე-თქო. რა იქნება ამაში უცნაური? აბა, ფარ-ხმალს ხომ არ დაყრიდი? იმედია, ამ ლეგენდას აუცილებელი დეტალებით თვითონაც კარგად შეამკობ და შეალამაზებ.
– მაგდენს კი მოვახერხებ… კიდევ რამე თუ იცი ამ ახალი პარტიის შესახებ?
– ძალიან ცოტა. მეტის გაგებას შენგან ვაპირებ. ეხლა, რაც შეეხება სპონსორებს. ეჭვი ბევრის მიმართ გაგვიჩნდა, ერთის ვინაობა კი ჩვენთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი. მის ძმაკაცებს შორის აღმოვაჩინეთ ვინმე “ვეშაპა” – ვერნი თუშმალიშვილი. სკოლის მერხიდან ერთად მოდიან, სამოქალაქო ომის დროს კი ამ ვერნიმ იყოჩაღა და დროზე მოხია საქართველოდან. კობას შენთან მისი სახელი ხომ არ უხსენებია?
– არა, არა მგონია, დავიმახსოვრებდი. თუმცა თავად თუშმალიშვილის შესახებ გაზეთებში წამიკითხავს. ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა.
– დიახ, ჩემო ბატონო, ასეა. ამ ვერნის – ეგ სახელი ჟიულ ვერნიდან მოდის თუ რუსეთის ერთგულებიდან ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს – რაღაც ბიზნესები ჰქონია რუსეთში, ფულიც ბლომად დაუგროვებია და ახლა საქართველოში მოინდომა დაბრუნება. ნამდვილი მილიონერია, ჩვენ ოლიგარქებს თუ ჩამორჩება – დიდად არა. აქ დამკვიდრებას ეგ ვერნი, ცხადია, ტრადიციული ხერხებით და მთავრობასთან მოლაპარაკებით უფრო ადვილად მოახერხებდა, მაგრამ, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, ზედმეტად ამბიციური კაცი გამომდგარა. თავიდან, მართალია, კი უცდია ხელისუფლებასთან გარიგება, მაგრამ თავი საკმარისად არ თუ ვერ გამოიდო და რაღაცაზე ვერ შეთანხმებულან. მერე საერთო რიგში ჩადგომა უთაკილია და თანდათანობით საკუთარი დასაყრდენის მოპოვებაზე დაუწყია ფიქრი. ახლა, ასე ცალსახად კი არაა ყველაფერი, იმ კაცს არჩევანი დღესაც აქვს… ჰოდა, მისულა მასთან შენი კობა, ჯერ სკოლის მერხი და სტუდენტობის წლები შეუხსენებია, მერე კი უთქვამს: ოპოზიციურ გუნდში მებრძოლი ხალხი შევგროვდით და პოსტრევოლუციური ეტაპის ყველა უმსგავსობაზე თვალის დახუჭვას და ჩუმად გაჩერებას აღარ ვაპირებთო. დაურწმუნებია – ოპოზიციის ნიშა თავისუფალია, ხალხი უმუშევარია, დაჩაგრულ და ყველასგან მოტყუებულ ქართულ ინტელიგენციას ჩვენს იქით გზა აღარ რჩება, მომავალ არჩევნებში აუცილებლად მხარს დაგვიჭერს, ხვალინდელ დღეზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ აქტიური მოქმედებისთვის ფული გვაკლია და იქნებ სიკეთე ქნა და ხელი გამოგვიმართოო. ახლა, ვერნის წინა პლანზე მაინცა და მაინც გამოჩენა არ სურს, რა იცის საქმე როგორ დატრიალდება, მაგრამ დახმარებას მაინც შეპირებია: ჩვენი მონაცემებით ძველი ძმაკაცის ხათრით ას ათას დოლარამდე ჩამოვა – ეს თანხა შემოწირულობის სახით რეგისტრაციის შემდეგ ეგრევე გადაირიცხება პარტიის ფონდში. ვეშაპასთვის ეგ კაპიკებია, კობა და მისი ამფსონები კი ამ ფულით გაზეთის გამოცემასაც შეძლებენ და ამოძრავებასაც. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ჩე!
X X X
– ფილმი მოგეწონა? ძალიან პრიმიტიული იყო, არა? მოგვიტანეთ, თუ შეიძლება, ორი კაპუჩინო და ერთიც ტეკილა, გოლდი.
– გეთანხმები, მარტივი სურათია, თუმცა მაგარი გადაღებული. ამერიკულია რა! მეტი, მადლობის გარდა, რა გითხრა: თვითონ ადამიანი-ობობა მეტად შთამბეჭდავია, ის საცეცებიანი მანიაკი-პროფესორი კი ისეთი შემზარავია, შეიძლება ამაღამ დამესიზმროს კიდეც… ოღონდ ამ დოლბი-სტერეოს ვერაფრით შევეჩვიე, ძალიან ხმაურიანია, ყურთასმენა წაიღო. განსაკუთრებით სპეცეფექტების დროს მიშლიდა ნერვებს. ისე, ზედგამოჭრილი სატინეიჯერო ფილმია.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. დღეს ქვეყანა ისედაც ტინეიჯერების ხელშია. შენ რა გენაღვლება, ნორჩი ხარ, მე კი ასეთი ფილმების ნახვა იმუნიტეტსაც მიძლიერებს და საკუთარი ძალების რწმენასაც, ამის სცენარისტზე ნაკლების დედაც ვატირე-თქო. ეგ რაა, სინამდვილეში, ჩემი აზრით, არც ერთი ბლოკბასტერი მხატვრული დონით კარგი თეატრის საშუალო წარმოდგენასთანაც კი ვერ მოდის. ვერც ჭკვიანურ წიგნთან, სხვათაშორის.
– ჰა-ჰა… კობა, არ გეწყინოს და ჩემი თაობა წიგნს იშვიათი გამონაკლისის სახით თუ კითხულობს, ძვირიცაა და მოსაწყენიც. ჩვენი კერპები – ეკრანის ვარსკვლავებია. შენი სათაყვანებელი ლიტერატურა კი დღეს მაგარი ჩაშვებული საქმეა. აბა, დაუკვირდი, გადახედე ამ კაფეს: ზევით, კიბეს რომ აუყვები, წიგნების მაღაზიაა, მაგრამ განა იქ წიგნის საყიდლად ვინმე ადის? ათასში ერთხელ. ეზარებათ მაღლა ასვლა, დასკუპდებიან ჩვენსავით მაგიდასთან, ყავას შეუკვეთავენ და მიდი-მოვდივარ – საათობით ჭორაობენ, რა! ხოლო სასწაული თუ მოხდა და შემთხვევით მაღაზიამდე ააღწიეს, იქ რას იყიდიან – მორიგ ჰარი პოტერს? შენ რომ საკუთარ გაზეთს ნატრულობ – აი მაგაში ნამდვილად მართალი ხარ. გაზეთი ყოველდღე იყიდება, საქონელია, მოგება მოაქვს. ამ ბიზნესის არსი მეც კი მესმის.
– ბიზნესმენი არა ვარ, ჩემო ნატა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. პრესის მოთოკვა და მოხრჩობა ჩვენ რეალობაში ადვილია, ხარისხიანი გაზეთის გამოშვება კი – ძნელი. ჰარი პოტერმა კი დამწერსაც და გამომცემელსაც იმდენი მწვანე მოუტანა, მე და შენ მაგდენი არც მოგველანდება. რაც შეეხება წარმატებას… მეც მჯერა, რომ ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, მდიდარი გამომცემლის ჩადებულმა ფულმა და რეკლამამ გაჭრა და დიდი ვერაფერი საბავშვო ნაწარმოებია, ჩემი აზრით, სულ იაფფასიან ტრიუკებზე აგებული მდარე კიჩია, მაგრამ საყოველთაო გამოჩლუნგების ამ იდიოტური ეპოქის მოთხოვნილებას ეგ უფრო აკმაყოფილებს. ვაღიარებ, ტრადიციული კარლსონი, ჯანი როდარის ჯელსომინო ან, თუნდაც, ძალიან რუსული ნეზნაიკა მაგ პოტერს ათასჯერ ჯობია. გაცილებით სუფთაა. განდიდების მანიით შეპყრობილი არ გეგონო, მაგრამ ამ საკითხში თავს საკმაოდ კომპეტენტურად მივიჩნევ და ამის საფუძველიც გამაჩნია. მგონი მითქვამს, რომ ერთხელ ზღაპრების კონკურსში გავიმარჯვე: პრემიაც მომანიჭეს და ფულიც მომცეს-მეთქი?
– ჰო, მახსენდება… მგონი, მაშინ სწორედ აქ მოგადექი, ზუსტად აი ამ მაგიდასთან…
– დიახ, დიახ. უცებ ვერ გიცანი, მერე კი ნიგვზიანზე ძლივს დაგიყოლიე. ჯერ მაგარ უარზე იდექი, მერე კი მოგეწონა. კაი გამახსენდა, ეხლაც შეგიკვეთავ… ქალბატონო, ამ ყავას ერთი ნიგვზიანიც მოაყოლეთ, რა… მაგ კონკურსის ამბავს უფრო დეტალურად მოგიყვები. ახალი საუკუნე მოდიოდა თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მაგრამ მაშინ, ორიათასის შემოდგომაზე, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადა თემატური ლიტერატურული კონკურსი რომელიც ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მხატვრულად ასახვას ეძღვნებოდა. აი, მაშინ გავბედე, ყავა მოვიმარაგე, კომპიუტერთან ღამისთევით დავჯექი, სპეციალურად კონკურსისთვის დავწერე ზღაპარი – “გოჭი სილოვანი კატების ქვეყანაში”, – და ყველა წესის დაცვით გავიტანე სამსჯავროზე. ეხლა ვისღა ახსოვს, მაგრამ საკონკურსო ორომტრიალი კარგა ხანს გაგრძელდა და გარკვეულ წრეში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, რადგან გაერო კარგ ფულს ჩამოდიოდა. წარმოიდგინე: შეჯიბრებაში მონაწილე ოთხმოცზე მეტი პრეტენდენტიდან სხვადასხვა ნომინაციის პრემია მხოლოდ ექვსს გვერგო. უსამართლობაც ბევრი იყო, უკმაყოფილებაც, ბოლო წუთამდე მაგრად გვაწვალეს, კონკურსები ეგრეა… არ დაგიფარავ, გამიხარდა, ცხადია… სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ იმ “გოჭ სილოვანში” ვარდების რევოლუცია მთელი ორი წლით ადრე ვიწინასწარმეტყველე. არადა, როდესაც ვწერდი, ამის არც მიზანი მქონია, არც სურვილი, აბსოლუტურად თავისთავად გამომივიდა, რაც, ჩემი აზრით, უფრო დასაფასებელიც კია. მაშინ, ორიათასში, გამოუსწორებელი ოპტიმისტების და გაღატაკებული მარგინალების გარდა რევოლუციაზე ვინ იოცნებებდა? სიღარიბე სირცხვილად ითვლებოდა, ვისაც შნო ჰქონდა ფულის გაკეთებაზე ეჭირა თვალი, ოღონდ ნებისმიერი ხერხით ფარა გეშოვა და კაცი იყავი. რა რევოლუცია, რის რევოლუცია! შევარდნაძე ბაყბაყდევივით უძლეველი ჩანდა და ყველას სჭირდებოდა, გარეგნულად მთავრობა ერთ გუნდად იყო შეკრული და – გეხსომება – მოქალაქეთა კავშირი ერქვა, ეს რევოლუციონერები სწორედ მის წიაღში წამოიჩიტნენ… მისმინე, ნუთუ ცხრიანში გარტყმა, თუნდაც უნებურად, ავტორისთვის, საამაყო არ უნდა იყოს?
– ალბათ. ისე, რას ქვია – იწინასწარმეტყველე?
– რას ქვია და… ერთი სიტყვით, ჩემი ზღაპრის მთავარ გმირს, პატარა გოჭუნას – რასაკვირველია, საწყალი ბავშვის ალეგორიას – ბოროტი კატების ქვეყანაში – ულვაშეთში – ოჯახიდან გაყიდიან, იქ კი ის თავისი უფლებების მუდმივ შელახვასა და კორუმპირებული კატების უკუღმართ ხელისუფლებას შეებრძოლება, ამ ბრძოლაში თანდათან უბრალო კნუტების მხარდაჭერას მოიპოვებს, რევოლუციას მოაწყობს და ბოლოს ულვაშეთის პრეზიდენტი გახდება. მოკლედ, ძალიან პოლიტიზირებული ზღაპარია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთ ცნობილ ლიტერატურულ მეტრს, მეტად პატიოსან და პრინციპულ პიროვნებას, რომელიც ამასთან ჟიურის თავმჯდომარეც იყო, სწორედ ეგ მოწონებია და, როგორც მერე მითხრეს, ნაწარმოები ბოლომდე კბილებით გაუტანია. ისე, შესანიშნავადაა გამოცემული. ამდენ მოყოლას სჯობს როგორმე თავს ძალა დაატანო და წაიკითხო. მართალია, ერთადერთი ეგზემპლარიღა შემომრჩა, მაგრამ გათხოვებ და თუ არ დახევ და არ დაიზარებ…
– კი მაგრამ, რატომ აქამდე არაფერი გამიგია ამ შენი ზღაპრის შესახებ?
– იმიტომ რომ ეს კომერციული პროექტი არ იყო. გამოცემა გაეროს ბავშვთა ფონდის კუთვნილებაა და ქსელში არ გასულა, გაზეთებმა კი ერთხელ რაღაც დაწერეს, ვალი მოიხადეს და მორჩა. ჩემი კუთვნილი ეგზემპლარები კარგა ხანია რაც დავარიგე და გავაჩუქე, ამით ეს ეპოპეა დასრულებულად ჩავთვალე.
– მერე და რატომ? შენც აგეღო და ახალი ზღაპარი დაგეწერა. მაინცდამაინც კონკურსი უნდა გამოაცხადონ?
– არა, საბავშვო ზღაპრების წერა ჩემი საქმე არაა. რაც მოგიყევი, ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდი იყო, მეტი არაფერი. მართალი გითხრა, ყველაზე მეტად პოლიტიკური ჟურნალისტიკა მიტაცებს. აქაურ ქართველებს არ დაგისახელებ, არ მინდა შურიანად ჩამთვალო, მაგრამ დევიდ ფროსტი, ორიანა ფალაჩი, უოლტერ კრონკაიტი, მელორ სტურუა, პოზნერი – რომ შემეძლოს, მეც მაგათი გზით ვივლიდი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო უქმად დავკარგე. აბა, ჟურნალისტიკაში ხეირიანი ჯერ არაფერი შემიქმნია, მაინცდამაინც არც ბედი მწყალობდა, ერთ ადგილს ვტკეპნი, ტოკ-შოუების მონაწილის დონეს ვერ ავცდი, წლები კი რბიან და რბიან მზის დასავალსა… წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ მამის კომუნისტური წარსულის გამო ზოგი სახელისუფლებო ტელეტინეიჯერი დღეს ალმაცერად რომ მიყურებს – დადგენილი ფაქტია, ამის დედაც ვატირე! რეალურად პროვინციული პოლიტიკანობა შემომრჩა ხელში.
– მისმინე, კობა… გახსოვს ამას წინათ რაღაც პარტიის შექმნაზე რომ მიყვებოდი? მეცნიერების, მწერლების და მხატვრების უმრავლესობა ერთი ქოლგის ქვეშ, რაღაც ცოდნის პარტიაში უნდა მოვაქციოთო?
– ნუთუ გიყვებოდი? ეტყობა, მაგარი ნასვამი ვიყავი. ჰო, მახსენდება რაღაც მაგდაგვარი. ჩათვალე, რომ წამომცდა.
– რატომ წამოგცდა? მე ძალიანაც დავინტერესდი შენი… თქვენი გეგმებით. იქნებ მეც… მეც დაგეხმაროთ. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ სანდო ადამიანები ხომ გჭირდებათ?
– სანდო ადამიანები? რა თქმა უნდა, მაგრამ… უჰ, ცოდვილი, ბოროტი და უსინდისო კი ვარ, მაგრამ არც იმდენად, რომ… პოლიტიკაში როგორ ჩაგრევ, უბინძურესი სფეროა! არა, ამხელა ცოდვას ნამდვილად ვერ ავიკიდებ. პოლიტიკა ჩემთვის მეზარება, უბრალოდ ნამეტანი შორს შევტოპე და უკან წამოსასვლელი გზა აღარ დამრჩა, თანაც ასაკი შემომეპარა, თორემ… რა დასამალია, მე და ჩემმა მეგობრებმა დიახაც გადავწყვიტეთ მსგავსი პარტიის დაარსება და ამასთან დაკავშირებით რაღაც ვალდებულებაც ვიკისრე, ესაა და ეს. ჩვენ ეროვნული ინტელიგენციის ინტერესთა გამომხატველი სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნას ვცდილობთ, ამის პერსპექტივა კი, მართალი გითხრა, საკმაოდ ბუნდოვანია. შესაძლოა, ეს იდეა სრული უაზრობა გამოდგეს. ასეთ ზერელე ეპოქაში, აბა, რა უნდა გამოგვივიდეს?
– ვაიმე, თურმე რა პესიმისტი ყოფილხარ! იქნებ, ეგ თქვენი პარტიული მშენებლობა, პირიქით, შესანიშნავი იდეაა. იქნებ, არც ეს ეპოქაა იმდენად ზერელე და დასაძრახი შენ რომ მიხატავ. იქნებ, ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩემს დაქცეულ სამშობლოს თქვენთან ერთად მეც მინდა გამოვადგე! იმედს ნუ გადამიწურავ რა! აბა, მარტო კუჭის ინტერესებს უნდა გადავყვეთ? არ მინდა ჩემი ცხოვრება ფუჭი იყოს. კობა, ამ დროის მანძილზე ცოტა მაინც ხომ გამიცანი, ხომ ხვდები, რომ მე ამ ქვეყნისა ვარ და საზოგადოებრივ საქმეებს არ გავურბივარ.
– ვაჰ, შენ გენაცვალე, ჩემო ნატა, ისე ლამაზად ჭიკჭიკებ, ვითომ ჟანა დარკი ან პასიონარია იყო. სხვათაშორის, გიხდება.
– მომიხდება, აბა რა! რითი ვარ სხვაზე ნაკლები? მცონარე არსებობას არ ვაპირებ. მცონარეს, რომ იცოდე, არც კაცს ვცემ პატივს და არც ქალს. მხარში მინდა ამოგიდგე და ნუთუ ცივი უარით გამისტუმრებ?
– ნუ, თუკი ასეა… თუ საკითხს ასე სვამ… Вопрос ребром, ядрена мать… არა, ასეთი დაუნდობელიც არა ვარ. ცივი უარით ნამდვილად ვერ გაგისტუმრებ.
– შენი ჭირიმე, კობა!… ხელი ჩამომართვი რა!
– საოცარია. რა თბილი, ნაზი და იმავდროულად ძლიერი ხელი გქონია!
– ეს იმიტომ, რომ შენ ახლახან ნამდვილი სიხარული მომანიჭე. ვამაყობ შენთან მეგობრობით… ესე იგი, ამიერიდან თანაგუნდელები ვართ!
– რატომ ჩქარობ?
– და რატომ არ უნდა ვიჩქარო? ისედაც… შეიძლება ერთი მიწიერი კითხვა დაგისვა?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ თანაგუნდელები ვართ.
– რაც არ უნდა მაგრები იყოთ, წარმატებული პარტიის შექმნას დიდი ფული სჭირდება. დაგაფინანსებთ ვინმე?
– უჰ, რა მაგარი ტეკილაა… ყოველ შემთხვევაში, არა ვლადიმერ ილიას ძე სოროსი. გამოგიტყდები, რომ ამჟამად რამდენიმე შეძლებულ ბიზნესმენთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ შორის ჩემს ძმაკაცებთან. რეალური შემოსავალიც არის და რეალური დანაპირებიც, თუმცა, სპონსორები, ბუნებრივია, გახმაურებას ერიდებიან – კარგად დაწყებული საქმის გაფუჭება არ სურთ. ჩვენც გვერიდება, ხალხს ზედმეტი სალაპარაკო რატომ უნდა მივცეთ? საწყისი ეტაპი თუ დავძლიეთ, ფული უკვე წევრებიდანაც შემოვა. ისე, საქმეს თუ დაჭირდა, მაყუთს სოროსისგან კი არა, თვით ეშმაკისგანაც ავიღებთ და ამას ეროვნული ინტერესებით გავამართლებთ, პოლიტიკა ეგრეა… ხომ იცი, ნამდვილ ვლადიმერ ილიას ძეს ხან კაიზერი ვილჰელმი აფინანსებდა და ხანაც თაღლითი მენშევიკი პარვუსი. მერე და ამით რა, რუსეთი ვერ ამოატრიალა თუ ძალაუფლება ხელში ვერ ჩაიგდო? კამბოჯის კომუნისტურმა დიქტატურამ თავის ქვეყანაში ფული საერთოდ გააუქმა, მაგრამ ქვეყნის გარეთ ანგარიშებიც ჰქონდა გახსნილი და ჩინურ დაფინანსებასაც კარგად ირგებდა. კაპიტალიზმის მთავარ დამამხობელ კარლ მარქსს კი კაპიტალისტი ძმაკაცი ენგელსი ასპონსორებდა. დიადი ძმობა. თუმცა თქვენი თაობა ამის აზრზე არაა, აღარ გასწავლიან, ეხლა უნარ-ჩვევებია მოდაში. ნატა, გაფრთხილებ: არც ერთი პოლიტიკოსის არც ერთ სიტყვას არასოდეს არ დაუჯერო, ჩემს დონეზეც კი, თორემ გაწბილდები. ჯერ გვიან არაა… მოდი, სანამ დროა ყველაფერ ამას შევეშვათ და პოლიტიკის გარეშე ვიმეგობროთ. იცოდე, გუნდური თამაშის წესებს ვეღად გადაუდგები. სამომავლოდ მაინც დაიტოვე ნორმალური ცხოვრების შანსი. არ ღირს რა!
– მაშასადამე, ცივით კი არა, ნელთბილი უარით მისტუმრებ, არა?
– უბრალოდ, გიხმობ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო.
– მოიცა რა! ძალიან გთხოვ, არ გამაბრაზო და… შენ არ იყავი, ეხლახან ხელი მაგრად რომ ჩამომართვი?
– შენი ხელების სითბო… ოჰ, ნატა, ნამდვილად არა მგონია და არც მინდა შენგან მორიგი “რკინის ლედი” გამოვიდეს. ძლიერი ხელი, მაგრამ ძალიან ნაზი ხელისგული გაქვს.
– იცოდე, მართლა მეწყინება. ესე იგი, მე შენთვის მორიგი ვარ?
– არა, არა, ამას არ ვგულისხმობდი. უბრალოდ, არ დაგიმალავ და, მტკიცე ხასიათის ქალების ცოტა მეშინია. ჩემი ყოფილი მეუღლე მახსენდება.
– კარგი რა, აბა, ეგ რა შუაშია!… ჩვენ უკვე შევთანხმდით, გადაწვეტილება მიღებულია, სულმოკლეობას კი ვერც საკუთარ თავს ვაპატიებ და, რომ იცოდე, ვერც შენ.
– ჰმ-მ… ნუ, რადგან ასეა… კი, ბატონო, იყოს ისე როგორც შენ გინდა. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ საბედისწერო შეცდომას არ უშვებ?
– აღარ გინდა რა. მორჩა! რუბიკონი… იმ მდინარეს რუბიკონი ერქვა ხომ? მოკლედ, რუბიკონი გადალახულია. ოღონდ არ მითხრა, პოლიტიკა ქალის საქმე არ არისო. შენ თვითონ მოიტან ათას საპირისპირო მაგალითს ჩვენივე სინამდვილიდან.
– კი, მაგრამ მე ის კი არ მითქვამს, მაინცდამაინც პოლიტიკოსი მანდილოსნები მომწონს-მეთქი.
– ამით რისი თქმა გინდა, კობა?
– იმის, რომ მირჩევნია მომწონდე, ვიდრე არა. ამის უფლება, იმედია, ჯერ არ დამიკარგავს?
– ჰო-ო… ჯერ, რასაკვირველია არა.
– ნატა… მისმინე, ნატა. მე, სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი აღარა ვარ, უარყოფითი გამოცდილებაც ბლომად დავაგროვე და ოჯახიც შემომენგრა ხელში, აღარ მინდა რა… ჯანდაბას ჩემი თავი, გიცხადებ, რომ სულ რამდენიმე დღეში, ჰა-ჰა ერთ კვირაში, პარტიაში უპრობლემოდ გაგაწევრიანებ, ბოლო-ბოლო რა გახდა! ოღონდ წინასწარ ჩემი მეგობრების შემზადება დამჭირდება, მერე შენი თავიც უნდა გავაცნო, კარგად დაგახასიათო, და ასე შემდეგ, ასეთია თამაშის წესები. პირველ ზღუდეს როგორმე ერთად გადავლახავთ, შემდეგ კი უნდა იაქტიურო, იარო, კრებებზე გამოიჩინო თავი, ახალი წევრებიც მოიზიდო, თუნდაც შენი სამეგობროდან და სტუდენტობიდან. ოფიციალურად კი ჩემს თანაშემწედ გაგაფორმებ. თანახმა ხარ?
– გპირდები, რომ არ გიღალატებ.
– ნუ, რა გაეწყობა. მაშინ შენ ერთადერთი და განუმეორებელი თანაშემწე იქნები.
– უმწიკვლო თანაშემწე ყველა საქმეში. რა თბილი და მძიმე ხელი გქონია. გმადლობთ, ჩე
– ჩე?
– ბოდიში, წამომცდა… გმადლობთ, კობა.
X X X
კობასა და მისი მეგობრების მიერ საქართველოში ცოდნის პარტიის დაარსების მცდელობა, ერთი შეხედვით, უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ინიციატივა – თავისთავად – არც იმდენად უტოპიურ იდეას ეყრდნობა, იმ ერთი შეხედვით რომ შეიძლება მოგეჩვენოს კაცს.
ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე ქართულმა საზოგადოებამ მეტნაკლებად მოასწრო იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკურმა გადატრიალებამ – სხვა ყველა სიკეთესთან ერთად – უძლიერესი მენტალური დარტყმა მიაყენა განათლებისა და მეცნიერების ქვეყანაში დამკვიდრებულ ტრადიციულ ფორმებს. მოვლენათა სწრაფმა მსვლელობამ დღის წესრიგში სწავლა-განათლებისა და აკადემიური სისტემების ძირფესვიანად შეცვლა დააყენა, მით უმეტეს, რომ საამისოდ თითქმის ყველა ობიექტური პირობა კარგა ხნის წინ იყო შემზადებული.
გავიხსენოთ, რომ ნეტარხსენებულ საბჭოთა ხანაში ცხოვრების ინტელექტუალური სფეროების უდაო წარმატებულობა – აზროვნების თავისუფლების გამოკლებით, – მათ მიმართ ათეისტური სახელმწიფოს მიერ გაცხადებული დამოკიდებულების, უპირველესად კი ცოდნის მოპოვების უწყვეტი პროცესის სათანადოდ დაფინანსების შედეგი იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – რაოდენ გაღიზიანებასაც არ უნდა იწვევდეს მავანში მწარე სიმართლე, – ხელისუფლების სათავეში ნაციონალისტური რიტორიკის დახმარებით მოსული, ერთმანეთის მონაცვლე ძალების მოღვაწეობას ეკონომიკის საერთო ნგრევა, მეცნიერებისა და კულტურის სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე დატოვება მოყვა: საკმარისია გავიხსენოთ, რომ “დემოკრატიული” ეიფორიის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე, მეცნიერებაში დაკავებული ადამიანის საშუალო თვიური ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალი ციფრით გამოიხატებოდა. წლების მანძილზე მეცნიერი მუშაკის ხელფასი იმდენად სიმბოლური იყო, რომ ვერ სწვდებოდა სამსახურში მისასვლელად აუცილებელ სატრანსპორტო ხარჯებსაც კი. ეს ის პერიოდია, როდესაც თაღლითურად გამდიდრებული რომელიმე გუშინდელი ვიგინდარა კანარის კუნძულებზე დასვენებისას ერთ კვირაში მეტ თანხას ახარჯავდა თავისი მორიგი საყვარლის ხუშტურებს, ვიდრე აკადემიის ათი ინსტიტუტი საკუთარ თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ ძირითადი უბედურება მაინც სხვა იყო. საბჭოთა კავშირმა სული დალია, ხელოვნების ოსტატებმა, მოიშორეს რა იდეოლოგიური მარწუხები, ღვთის მიერ ბოძებული ნიჭისა და მარიფათის ფარგლებში, ასე თუ ისე მაინც მიხედეს საკუთარ თავს (ვინც ვერ მიხედა – დაიღუპა), ლაბორატორიებში მოფუსფუსე ადამიანები კი საერთოდ უპატრონოდ დარჩნენ. მეცნიერების მოწყობის სახელმწიფო სისტემა თითქოს მიცვალებულ საბჭოთა ეპოქაში გაიყინა, ოღონდ ჩვეული დაფინანსების გარეშე, რაც დაახლოებით იგივეა, ვამპირმა ადამიანს ცოცხლად მთელი სისხლი ამოწოვოს, სამადლოდ სისხლძარღვებიღა დაუტოვოს და რიხიანად განუცხადოს: კმაყოფილი უნდა იყო, რომ ეს საზიზღარი, უწმინდური სისხლი გამოგაცალე და აწი ბედნიერად და თავისუფლად შეგიძლია იცხოვროო – იცხოვრებს? ახალი დროების შინაარსსა და აკადემიური მეცნიერების მართვის ანაქრონიულ ფორმას შორის ეს მკვეთრი წინააღმდეგობა გამოვლინდა – სხვანაირად არც შეიძლებოდა, – ერთ დროს აყვავებული სამეცნიერო ცენტრებისა და ინსტიტუტების მიზანმიმართულ ჩაკვლაში, მათი ოდესღაც თავაწეული თანამშრომლების სრულ გაღატაკებაში, ქვეყანაში ჩარჩენილი მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობის (ვისაც ქვეყნის დატოვება შეეძლო, დროზე უშველა თავს) ფსიქოლოგიურ დათრგუნვასა და მათი კანონიერი ყოფითი მოთხოვნების სრულ უგულებელყოფაში. ეკონომიკურ ცხოვრებაში ფსევდოლიბერალური – სინამდვილეში კი მძარცველური – თამაშის წესების ძალისმიერმა დანერგვამ სულ რამდენიმე წელიწადში ნულამდე დასცა ცოდნის გულუბრყვილო მომპოვებელთა საზოგადოებრივი პრესტიჟი, შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა ისინი, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წაგლეჯვის ამ ახლად გაბატონებულ წესებს თან ერთი ეთნოგრაფიული, წმინდა ქართული პარადოქსიც ახლდა: მშობელთა შთაგონებითა თუ წარსული დიდების დაბრუნების ხათრით, ერის მზარდ თაობებში, ჩვენ სისხლსა და ხორცში, უმაღლესი განათლების ფორმალური მიღების სურვილი ისე ძლიერად იყო გამჯდარი, რომ იმ საყოველთაო ნგრევის ხანაშიც კი ქვეყანაში გაიხსნა ათეულობით კერძო უმაღლესი სასწავლებელი. მცირე გამონაკლისის გარდა ასეთი დაწესებულებების აუდიტორიებში მიღებული ცოდნის ხარისხზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ზემოხსენებული დაუოკებელი სურვილის ჭკვიანური ექსპლუატაციითა და პრიალა ფურცლებზე დაბეჭდილი ნაირნაირი დიპლომების მასობრივი დარიგებით შესაძლებელი აღმოჩნდა გვარიანი ფულის შოვნაც და ცოდნის მომპოვებელთა შედარებით ბედნიერი ნაწილის დასაქმებაც.
როგორ რეაგირებდა ყოველივე ამაზე ცოდნის მომპოვებელთა მთავარი ბურჯის – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის – ოფიციალური ხელმძღვანელობა, ანუ სამეცნიერო სამყაროს ყველაზე აღიარებული და პატივცემული პიროვნებებიდან შემდგარი მისი ბირთვი – აკადემიის პრეზიდიუმი? იქნებ მისი წევრები განგაშის ზარების ჩამოკვრას ერთმანეთს ასწრებდნენ და ყოფილი საერთო-სახალხო ქონების წეწვა-გლეჯვით გართულ ახალ ხელისუფლებს სიფხიზლესა და გონიერებისკენ მოუწოდებდნენ, პირუთვნელად აგრძნობინებდნენ, რომ უსინდისობისა და ცოდვებისთვის ადრე თუ გვიან მათაც მოეკითხებოდათ პასუხი ქვეყნისა და ხალხის წინაშე? ნურას უკაცრავად. აკადემიის პრეზიდიუმი გმირულად ინარჩუნებდა ოლიმპიურ სიმშვიდეს და საკუთარი, შედარებით მწირე შესაძლებლობების ფარგლებში, თვითონაც ცდილობდა რაც შეიძლება უკეთესად მორგებოდა ახალი ცხოვრების ყაჩაღურ წესებს.
აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მეცნიერებათაYაკადემია, გარდა იმისა, რომ იგი აწ გარდასული საბჭოთა ეპოქის ულამაზესი მითისა და მკაცრი სინამდვილის ერთობ კონსერვატიული წარმონაქმნის ერთგვარ შენაზავს წარმოადგენდა, ერთდროულად კომუნისტების მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის წარჩინებული მონაც და მისი მუხლმოდრეკილი მძევალიც იყო. ეს სავალალო მდგომარეობა აკადემიას, სამწუხაროდ, იმდენად ჰქონდა შინაგანად გათავისებული, რომ ახალ, ვითომ გადემოკრატებულ ვითარებაშიც იგი კვლავინდებურად კლასიკური კონფორმიზმის ბუდედ რჩებოდა – როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ პირმოთნეობა მას ძველი ეპოქიდან გენეტიკურად გადმოყვა. სახელმწიფო ხელშეწყობის შეწყვეტით გამოწვეული უწყებრივი სიკვდილის პირასაც კი აკადემიის ოფიციალურ მესვეურთა რეაქცია ყოფითი ისტერიკის ფარგლებს არასოდეს ასცილებია – საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, აკადემიის მმართველი ბირთვი – ისევ და ისევ მისი პრეზიდიუმის სახით – საკუთარი წევრების პირადი ინტერესების დაცვის გარდა არაფერზე იწუხებდა თავს და არასოდეს გამოუხატავს ხმამაღალი აღშფოთება მის დაქვემდებარებაში შერჩენილი სამეცნიერო დაწესებულებების თანდათანობითი გაჩანაგების გამო. სამართლიანი პროტესტის გამოხატვას პრეზიდიუმი ისე ერიდებოდა, ვითარც ახალგათხოვილი ქალი პირველი სიყვარულის სხვისგან საჯაროდ შეხსენებას. ვინ იცის, იქნებ ავტორიტეტული ადამიანების მიერ ხმამაღლა გამოთქმულ უკმაყოფილებას გაყინულ და ჩაბნელებულ ლაბორატორიებში ადრე დაგეგმილი კვლევების მინიმალურ შესაძლო დონეზე შენარჩუნება მოყოლილიყო, ან იქნებ ასეთი მცდელობა სულაც უსარგებლოდ ჩაივლიდა და მხოლოდ მორალურად – არადა, ესეც საქმეა! – გაამხნევებდა მათ გაუბედურებულ ხელქვეითებს, მაგრამ ასეთი ექსპერიმენტი არც კი ჩატარებულა: დარგების რეაბილიტაციაზე და კოლეგების ფიზიკურ გადარჩენაზე კეთილშობელურ ზრუნვას პრეზიდიუმის წევრებმა კორუმპირებულ ხელისუფალთა წინაშე სამარცხვინო დაჩოქება, მლიქვნელური დუმილი და საკუთარი მორყეული სავარძლების დროებით გამაგრება ამჯობინეს, ხოლო ერთმანეთში თუ მოსდიოდათ კიდეც რაიმე შეკამათება – საზოგადოებისთვის ეს მაინც უცნობი რჩებოდა. ქვედა აკადემიური რგოლების ყველასგან მიტოვებული და მოტყუებული თანამშრომლებისთვის პრეზიდიუმს – როგორც მეცნიერების მართვის კოლექტიურ ორგანოს – უსინდისო არგუმენტების მთელი დასტა ჰქონდა მომარჯვებული: ესაო და ასეო, სამოქალაქო ომის შედეგებიო, ქვეყანაში ფული გაქრაო, ყველამ ქამრები შემოვიჭიროთო, საერთო გაჭირვება და ეკონომიკური კრიზისიო, აქეთ – რუსეთიო, იქეთ – ამერიკაო, საქართველოს ასტეროიდი შეეჯახაო, ნიჭიერი კაცი კი გზას თავისით გაიკვლევსო. ერთი სიტყვით: человеческое, очень человеческое…
რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში პრეზიდიუმის კოლექტიური ფარისევლობა აკადემიური საზოგადოებისთვის იმთავითვე ცხადი იყო, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი უკეთესი მომავლის იმედით დროებით მაინც ურიგდებოდა საკუთარ ბედს. მაგრამ წელს წელი ემატებოდა, საერთო ვითარებას კი გაუმჯობესების არაფერი ეტყობოდა და ეს ისეთ ქვეყანაში, სადაც გონებრივი შრომის სფეროში ტრადიციულად მოსახლეობის არაპროპორციულად მაღალი პროცენტი იყო დასაქმებული. მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ზედმეტად ქცეული, დაჩაგრული ადამიანები ან საბოლოოდ უნდა დაეთხოვათ სამსახურებიდან, ან გამოეჩინათ რეალური ზრუნვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. სხვათაშორის, ამის თაობაზე პარლამენტის მიერ რაღაც კანონიც კი იქნა მიღებული, მაგრამ მის შესრულებას არავინ ჩქარობდა. ალტერნატივა უმძიმესი იყო, ხმის ამომღები კი – არავინ. ასე რომ, “ვარდების რევოლუცამდე” კარგა ხნით ადრე მეცნიერების ძირეულად რეფორმირების მოთხოვნილებაც და აუცილებლობაც, შეიძლება ითქვას, არათუ მომწიფდა, არამედ გვარიანად გადამწიფდა კიდეც.
აკადემიის ოფიციალურ ლიდერებს ქვეყნის ახალ ხელისუფლებთან კულუარული გარიგების მცდელობებისთვის არც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაუკლიათ ხელი. მაგრამ დემოკრატია მუხთალია – აღმოჩნდა, რომ აკადემიური სისტემის Qქვედა რგოლებში “ჩარჩენილ” და მაღალი სამეცნიერო სტატუსის მქონე არაერთ არცთუ ხელწამოსაკრავ მკვლევარს ისე როდი ხელეწიფებოდა კანონიკური დუმილის დემონსტრირება, როგორც აკადემიის პრეზიდიუმის გამობრძმედილ წევრებს. “ვარდების რევოლუციამ” ამ ღირსეულ პიროვნებებს – მათი რაოდენობა კი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა – სამართლიანობის აღდგენის იმედი ჩაუსახა. გაერთიანებისკენ მათ კონკრეტული ნაბიჯიც კი გადადგეს: აკადემიის პრეზიდიუმის გვერდის ავლით პრესაში მეცნიერთა არაფორმალური შეკრების – ე.წ. ფორუმის – მოწვევის მოწოდების შემცველი კოლექტიური წერილი გამოაქვეყნეს. ამ ძალისხმევის შედეგად ფორუმი მართლაც შედგა და მასზე მოხერხდა კიდეც ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის განხილვა. მოძრაობა დაიწყო, თუმცა ფორუმის ინიციატორებს მიუღებლად მიაჩნდათ შიდა აკადემიური პრობლემების მოსაგვარებლად “კმარასა” და “მორჩას” ტიპის ორგანიზაციების ჩარევა. როგორც ეტყობა, კობამ და მისმა პარტიულმა ამხანაგებმა დროულად მიიღეს და აითვისეს ინფორმაცია სამეცნიერო ინსტიტუტების წიაღში დაბადებული ამ ინიციატივის შესახებ.
ცოდნის პარტიის იდეალისტურად განწყობილ დამაარსებლებს ბუნებრივ მხარდამჭერებად სწორედ ასეთი, საზოგადოებრივად აქტიური მეცნიერები მიაჩნდათ, მაგრამ ჭეშმარიტი პოლიტიკური გამარჯვების შანსები – მსგავსად “მწვანეებისა” – ასეთ პარტიას სინამდვილეში არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ეს უცნაური მეცნიერები უსასრულოდ დაშორებოდნენ ხალხის ძირითად მასას და თავისი უცნაური პრეტენზიებით მუდმივად აღიზიანებდნენ მას. ის გარემოება, რომ ისინი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ჯამაგირს, სხვანაირად, გონებრივი შრომის ხარჯზე ღებულობდნენ, სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მათი დისკრედიტირებისთვის. წმინდა პროფესიულ საწყისებზე აგებული და ამა თუ იმ მცირე ჯგუფის ლოკალური მისწრაფებების გამომხატველი მოძრაობა კი საბოლოოდ მაინც მარცხისთვის – საუკეთესო შემთხვევაში ღირსეული მარცხისთვისაა – განწირული. ქვეყანაში დაწესებული საარჩევნო ზღუდის გადასალახავად მარტოდენ კეთილი სურვილები საკმარისი როდია.
X X X
– გაოგნებული ვარ, ჩე! გუშინ ხელი მთხოვა. პირდაპირ არ ვიცი რა ვიღონო, რა ვუპასუხო.
– ჰოდა, რა უპასუხე?
– მართალი გითხრა, დავიბენი. ხვალამდე მაცალე, მოვიფიქრებ-მეთქი.
– მაგას რა ფიქრი უნდა, ჩე. დავალებას თავი შესანიშნავად გაართვი, ცოდნის პარტიის მდივნად აგირჩიეს, “მორჩა” ბოლომდე გენდობა. შენი შესანიშნავი მუშაობის წყალობით ჩვენ მთლიანად გავერკვიეთ ცოდნის პარტიის შიდა სამზარეულოში. ამჯერად თქვენი ურთიერთობის გაღრმავების არავითარი აუცილებლობა აღარ არსებობს. ოპერაციის პირველი ეტაპი დამთავრებულია.
– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე… მინდა საიდუმლოება გაგანდო როგორც… როგორც გამოცდილ უფროს მეგობარს. შეიძლება? გუშინ ამიტომ დაგირეკე ასე გვიან.
– ეგ, აბა, რა საკითხავია. ყურადღებით გისმენ.
– ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს. თან უხერხულად, თან… მოკლედ, სულ ერთი თვე მეყო, რომ… იცი, ამ ხნის განმავლობაში რაღაცნაირად შევეჩვიე კობას. შევეჩვიე კი არა… ეგ არასწორი სიტყვაა. უბრალოდ მომწონს, მართლა მომწონს. ძალიან კარგად მექცევა, ძალიან ყურადღებიანია და ეს, დარწმუნებული ვარ, გულიდან მოდის. მერე რა, რომ “ვზროსლია”! მესმის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეა, “მორჩას” ღალატს გულში ვერც გავივლებ, დავალებაც პირნათლად შევასრულე, შენც აღიარებ ამას, მაგრამ… მომწონს და რა ვქნა! მგონი, თავი შემაყვარა. გიჟს ვგევარ, ჩე! შენ ხომ მაინც იცი, რომ მე ყოველთვის საქმით დამიმტკიცებია ჩემი მორჩელობა, მაგრამ მეც ხომ მაქვს პირადი ცხოვრების უფლება? მაქვს ხომ? ჩვენი წესდება, არც შავი, არც თეთრი, არ კრძალავს… მირჩიე რამე, როგორ მოვიქცე? იქნებ თანდათანობით ჩვენკენ მოვაქციო, ჰა?
– გენიალურია! როგორ უნდა მოაქციო, იქით მოუქცევიხარ თურმე… უკვე გადაგიწყვეტია და რა გირჩიო? ტყუილს არ ვიკადრებ, შენგან ამის გაგონება ნამდვილად არ გამხარებია. ისე, სიმართლისა და ნდობისთვის – დიდი მადლობა. ეჰ, ქალებო, ქალებო – ყველანი ერთნაირები ხართ… ფორმალურ რჩევას ჩემი მხრიდან, აბა, რა აზრი აქვს? მაინც არ გაითვალისწინებ. ვერ ყოფილა საქმე კარგად… დიახ, შენ ყოველთვის სამაგალითო მორჩელი იყავი. იმაშიც მართალი ხარ, რომ “მორჩას” შავი წესდება სიყვარულს არ კრძალავს, ამიტომ საბოლოო არჩევანში სრულიად თავისუფალი ხარ. სულ მეშინოდა, ეს გოგო რამე ხიფათს არ გადაეყაროს-თქო და ისე აგიხდეს… ჩემი ბრალია, ჩემი. ყველაფერი ვერ გავთვალე. ალბათ არ ღირდა შენთვის ასეთი რთული დავალების მიცემა. იმ ცოდნელებს სხვანაირადაც მოვუვლიდით, რა! ისე, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ბარემ ესეც მითხარი: აი, სანამ გუშინ ხელი არ გთხოვა, მოგწონდა?
– ალბათ კი, მაგრამ საკუთარ თავსაც კი ვერ ვუმხელდი. მართლა! ჩემთვის მთავარი შენი დავალების შესრულება იყო, მაგრამ მერე, მოგვიანებით, როცა თავის მეგობრებს გამაცნო, დამახასიათა, პარტიაში მიმაღებინა და დამაწინაურა… სულ თავიდან მიხაროდა, რომ ასეთი კარგი მსახიობი ვარ. მერე კინოში დამპატიჟა, მერე – თეატრში, ერთხელ. ორჯერ, წარმოდგენების მერე ყოველთვის სახლამდე მაცილებდა. იმ კაფეში, კოსტავაზე, ისედაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით, პაემანის ადგილივით გახდა. ლამაზ კომპლიმენტებს არ მაკლებდა, ლაპარაკში ისე ჩაურთავდა, რომ… გამიჭირდა, მაგრამ ვუძლებდი. წინა კვირას კი მისი წარდგინებით პარტიის მდივნად ამირჩიეს და ქალთა ორგანიზაცია ჩამაბარეს, – მაშინ კი ვიგრძენი თავი საშინელ ნაძირალად. მას მერე უძილობა მჭირს, სული მეხუთება… გუშინ კი ხელი მთხოვა – ეს უკვე ბოლო წვეთია, ვგრძნობ, რომ მეტი თვალთმაქცობა აღარ შემიძლია. ყველაფერი თუ გასკდა…
– რატომ უნდა გასკდეს?
– არა, თუ გასკდა, თვალებში როგორ შევხედო?
– ისევე, როგორც მე. ეს არც ისე რთულია.
– არა, არა. ეგ სხვაა, სულ სხვა… სახლში რომ დავბრუნდი, მართლა ცუდად გავხდი. მგონი, წნევა ამივარდა. რა დროს ჩემი წნევაა? დედას ისე შეეშინდა, გიჟს დაემსგავსა, კინაღამ სასწრაფოს გამოუძახა, ძლივს გადავაფიქრებინე. ხომ იცი, პროგრესული დედა მყავს, მაგრამ არაფრის აზრზე არაა, ერთი რიგითი მორჩელი ვგონივარ და… ცოტა რომ მოვსულიერდი, შენ დაგირეკე. პირველი ხარ ვისაც ჩემი ეს ამბავი გავუმხილე, ჩე! ნუთუ შენც გგონია, რომ ბრაჭულივით უსინდისო ვარ?
– უსინდისო არა… ზედმეტიც კი გქონია ეს ოხერი სინდისი. ასე ჩვენ კოსმოსში ვერ გავფრინდებით. შენ ნდობას, რა თქმა უნდა, ვაფასებ, მაგრამ იქნებ კიდევ გეფიქრა, აგეწონ-დაგეწონა, რამდენიმე დღე მაინც მოგეთმინა. იქნებ ემოციას ხარ აყოლილი. სად გეჩქარება?
– არა, ვეღარ გავაწვალებ. სიტყვა მივეცი, ხვალ-მეთქი, თანაც მეცოდება, უკვე ასაკშია, ისედაც უამრავი თავსატეხი ჰქონდა, მეც კიდევ ახალი გავუჩინე, დავუმატე რა… მტრად ნამდვილად ვეღარ აღვიქვამ. ისე, ჩემი აზრი თუ გინდა, არავითარი ქვეყნის მტერი ეგ არ არის. საქართველოზე ერთი ცუდი არ წასცდენია. არ დაგავიწყდეს, რომ ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ და რაღაცაში ვერკვევი.. ვითომ ხომ არის თან ჟურნალისტი, თან მწერალი, თანაც კიდევ ოპოზიციონერი, სინამდვილეში კი ერთი მარტოსული და კეთილი ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაში ისე ვერ გაუმართლა, როგორც ეკადრება. ბედს ებრძვის და მისი ეს მოზვავებული ენერგიულობაც და პოლიტიკოსობაც აქედან მოდის. არ მინდა მარტოობის განცდა უარით ან დროის გაწელვით გავუმძაფრო. ერთი სიტყვით, ხვალ ოფიციალურად დავთანხმდები ცოლობაზე და…
– მომილოცავს.
– დიდი მადლობა. გეხვეწები, ასეთი თვალებით ნუ მიყურებ რა.
– მოკლედ, მორჩა ჩვენი “მორჩა”?
– ხომ იცი რომ არა. არასოდეს. “მორჩა” მაინც ჩემი ცხოვრების ულამაზესი ნაწილია, ჩე!
– მაგრამ ყველაფერი ერთად შეუძლებელია. ზოგჯერ ადამიანი არჩევანის წინაშე დგება – აი, როგორც შენ ახლა. ძალიან მიყვარხარ, ნატა, მაგრამ კობას ცოლობა და პატიოსანი მორჩელობა ერთად, რა ვქნა, ვერ გამოვა, ურთიერთგამომრიცხავია. მაინც მომილოცავს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ – მე და შენ – აუცილებლად კარგ მეგობრებად უნდა დავრჩეთ, ისეთი ბრძოლები გვაქვს ერთად გადატანილი.
– იმედს ბოლომდე ნუ გადამიწურავ. იქნებ მაინც მოვახერხო ორივეს შეთავსება.
– ძნელი წარმოსადგენია, თუმცა… ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ახლა კი უნდა დაგტოვო, სასწრაფო საქმე მაქვს. იცოდე, ქორწილის დღე არ გამომაპარო. არ მოვალ, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ სულიერად ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. აბა, ნახვამდის. ხვალ კი… ხვალამდე ორგანიზაციას არაფერს შევატყობინებ, შენს საბოლოო გადაწვეტილებას დაველოდები, მერე კი უნდა დავჯდეთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან. შევეცდები, არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ასე რომ, ძალიან გთხოვ ხვალ, ღამის თორმეტ საათამდე, საბოლოო შედეგზე მომახსენო. ჩემი ნომრის შეხსენება იმედია, არ გჭირდება.
– არის შუაღამემდე მოგახსენო, ჩე! მოიცა… უნდა გაკოცო!
– კარგი რა, ნუ ტირი. ეგ ხომ სანტიმენტებია. ყველაფერი კარგად იქნება, ჩე!
X X X
– ამ საბუთს ხელს რითი ვაწერინებთ? მელნით თუ სისხლით?
– რასაკვირველია სისხლით. ცოდნის პარტიის დაჩმორება პრიმა ლინეას გრიფით გადის. მაგ საქმეს საუკეთესო აგენტი ეწირება. აგერ შპრიცი, აგერ სპირტოვკა. პირველმა ვინ მოაწეროს?
– ჩვენ ორში რა მნიშვნელობა აქვს. ალბათ, ჯერ მე, მერე – შენ: წინაზე პირიქით არ იყო. პირველი ორი სტრიქონი ჩვენია, მესამე – ბარაბაძის, დანარჩენები მერე… იერარქია უნდა დავიცვათ, მით უმეტეს წმენდის წინ.
– ბარაბაძე თანახმაა?
– ბარაბაძის დედაც… მესამე სტრიქონზეა და კაი ბიჭია არ მოაწეროს, თავისივე მაკაროვით გავუხვრიტავ შუბლს. მაგრამ ნუ გეშინია, მოაწერს.
– ეგ ბრაჭული როგორმე უნდა მოვიცილოთ.
– გეთანხმები, გასასაღებელია, მაგრამ ჯერ ვერა. ფონდთან საღადავოდ გვჭირდება. თავისი ოქსფორდული ინგლისურით ტვინი კი წაგვიღო, ენასაც უშნოდ გვიტლიკინებს, უფროსი და უმცროსი ეშლება, ნაგლია, მაგრამ გრანტი მაინც მასზეა გაფორმებული. სხვა გზა არაა, ჯერჯერობით ანგარიში უნდა გავუწიოთ. უჰ, ბარაბაძე, ეს ვინ შემოგვტენე, შენი…
– სიგარეტის ერთ მოწევაში როგორ ვერავინ გამოიჭირა?
– მაგარი ფრთხილია. ისე, შენი იდეა ნამდვილად გენიალური იყო. შავი წესდების ასე დახვეწილად შედგენას მე, მაგალითად, ვერ მოვიფიქრებდი. არადა, მაგრად მუშაობს: ვინც სიგარეტს და პლანს ეწევა და არაყსაც სვამს, წესდების ძალით ვერ ვაწინაურებთ და რა ვქნათ! თავის თავს დააბრალონ. ფონდიც კმაყოფილია და კონკურენციაც ნაკლებია. ხომ არ იცი: ბარაბაძე სვამს?
– თავს იკავებს. ამის წინათ “ცოდნელებში” კი უქეიფია, მაგრამ ცოდვაში არ ეთვლება. შავ წესდებაში ასე გვიწერია: “ექსტრემალურ ოპერატიულ ვითარებაში მორჩელს გააჩნია ზომიერად დალევის უფლება”. იტყვის: “ცოდნელებთან” ერთად დალევა ოპერატიული აუცილებლობით იყო გამოწვეულიო და უყარე მერე კაკალი: უბოდიშოდ ხმასაც ვერ გავცემთ.
– ბარაბაძეც მოსაკვეთია. ერთი მაგის, ისედაც დიდხანს ვიტანთ მის ოფოფებს. იმ ერთი ბატალიონის აქეთ მოქცევა არ გადაგვაყოლა! ბოლო-ბოლო, მაშინ ყველანი მაგრები ვიყავით, ჩე!
– სამუდამო ინდულგენციების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ჩე!
– ნიჩევო, წმენდაში მაგას ისე ტექნიკურად მოვაყოლებთ, თვითონაც ვერ მიხვდება. გრანტის ფული რომ მორჩება – ხურდაში ბრაჭულსაც მივაყოლებთ ზედ. მოვაყოლებთ – მივაყოლებთ, რა მაგრა გავრითმე, არა? Какой поэт умирает!
– ნერონთან შედარებით ძალიან ცოცხლად გამოიყურები. თანაც რომი ჯერ არ დაგიწვია, ძველებურად დგას.
– სამაგიეროდ, ძველებურად მყარი აღარ არის, ასე რომ ყველაფერი წინაა. ეჰ, ძმაო, თავის დროზე ყველანი ნერონს შევხვდებით, ისიც სუფრის თავში დაგვიჯდება და თავისი უნიჭო შაირებით აგვაყროლებს. Нო не будем о грустном, друг мой. მოკლედ, უმრავლესობა ჩვენია, ცოტაც უნდა მოვითმინოთ. რაო, რა თქვი, ცოდნის პარტიას აგენტი ეწირებაო? რომელი? შენი ნატა? მაგამ რაღა დააშავა?
– ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ვეცდები გადავარჩინო, მაგრამ…
– რაო, ჩერესჩურ ახლო კონტაქტში შევიდა ობიექტთან, იმ ჩათლახ კობასთან, არა? მერე არ იცოდი, რომ ცხვირმოუხოცავი ქალები ეგრეა? გაგიწირია აგენტი.
– ჰო, კობასთან, მაგის დედა ვატირე. რა ვქნა, ვეცდები დავაშორო, გადავარჩინო გოგო. მაგრამ ასპრო გარანტია არა მაქვს, რა! ხვალ ჩემსას კი ვიზამ, შევეცდები, მაგრამ “მორჩა” ყველაფერზე მაღლაა, ჩე!
– ეგ იასნია. კარგი, გეყოფა ამდენი დეზინფექცია, საქმეს მივხედოთ. ამ შპრიცს ჩვენთვის არასოდეს უღალატია.
– მერე რა, წესი – წესია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ვერ გადამიწყვეტია – ნეკიდან ავიღო თუ საჩვენებლიდან. წინა ჯერზე შუა თითში ნემსი ისე ღრმად გავირჭე, ეხლაც ვგრძნობ, აგერ ფუფხი… ნატამ სხვა გამოსავალი თუ არ დამიტოვა, მაკაროვს საერთო დანიშნულების საწყობიდან ავიღებ, არ მინდა პირადი იარაღი გამესვაროს.
– მაკაროვი, მგონი, აღარ დარჩა. სტეჩკინებია. ცოტა დიდი ხომ არაა?
– საწყობი შესავსები ყოფილა, მისახედია. ჯანდაბას, სტეჩკინსაც არაუშავს, პლაშჩის ქვეშ კარგად იმალება, შემოწმებული მაქვს. არადა, ასეთ საქმეს სხვას ვერ ვანდობ, გაგვიბაზრდება, ყველაფერი ჩემი ხელით უნდა გავაკეთო. მეცოდება, კარგი გოგო იყო, პერსპექტიული, იმ ნაცოდვილარ პარტიაშიც ისე მაგრა გაიქაჩა, რომ აწი მაგათი პატარა გაფხაკუნებაც კი აღარ გამოგვრჩება. ეს სისულელე რომ არ ჩაედინა, შეიძლება როდისმე ცოლადაც კი მომეყვანა, ახლა კი… ხვალ-ზეგ ტვინს თუ ვერ გადავუბრუნებ, მერე გვიან იქნება. ხელებიც დამიბანია, რა!
– ეგეც იასნია. წინა ჯერზე მეც ეგრე არ მომივიდა. უფრო რომლის გასაღებას აპირებ, ამის თუ იმის?
– ვნახოთ. სიტუაცია მიკარნახებს.
– იარაღს გამოიყენებ თუ არა, ეგრევე მტკვარში გადაუშვი. იცოდე, კვალი არ დატოვო.
– მაგის დარდი ნუ გაქვს. თითი აქეთ მაიტა, ჩე!
X X X
– რომელი საათია?
– ორი ხდება.
– ასე ადრე აქ პირველად მოვდივარ. ამ დროს, როგორც წესი, რედაქციაში საქმით ვარ დაკავებული.
– ვიცი. ძალიან ხომ არ აგირიეთ გეგმები?
– არაუშავს. ექვსისთვის დედაჩემი სახლში მელოდება, მაინც უნდა გამოვსულიყავი, ასე რომ გავუძლებ.
– კიდევ კარგი. ისე, თქვენი დღის წესრიგი ჩემთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს.
– ეგ საიდან?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს. გაცილებით უფრო სერიოზულ საკითხზე გაწუხებთ, ბატონო კობა.
– როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? ეგ რა პასუხია. დავიჯერო, მითვალთვალებთ? მერე მე ხომ მოქმედი, თანაც მოპოლიტიკოსო ჟურნალისტი ვარ. ნუთუ ჩემი კონსტიტუციური უფლებების შელახვას სულ არ ერიდებით? თვალთვალი ხომ ჩვენში მხოლოდ ერთ სახელმწიფო ორგანიზაციას შეუძლია.
– რატომ მხოლოდ ერთს? მოვლენებს ჩამორჩენილხართ, ბატონო ჩემო, ასეთი გულუბრყვილობა პოლიტიკოსისთვის დაუშვებელიც კია. მაგრამ ცდებით: მე არ გითვალთვალებდით. კონსტიტუციური უფლებები არაფერ შუაშია. უბრალოდ, ამ კაფეს მარტო თქვენ როდი სტუმრობთ და არც თქვენი რედაქციაა მთლად ძველი მადრიდის სასახლე. Таины мадридского двора, ხომ გაგიგიათ?
– და თქვენ თუ გაგიგიათ: Секрет Полишинеля?
– როგორ არა. თბილისი, მოგეხსენებათ, პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, თუ არ იცნობს – უნახავს, გაუგია, ენას კი ძვალი არა აქვს. დღის წესრიგზე ცოტა უშნოდ ვიხუმრე, იმედია მაპატიებთ. ყავას ხომ არ დალევთ?
– ნუ… რადგან მოვედი, რატომაც არა.
– თურქული თუ კაპუჩინო?
– თურქული.
– ალკოჰოლი?
– მირჩევნია ფხიზელი ვიყო.
– ქალბატონო, ორი თურქული ყავა, თუ შეიძლება.
– მოთელვა დამთავრებულია?
– რაო, რის მოთელვა? ოჰ, ეს თქვენი სპორტულ-ჟურნალისტური ტერმინოლოგია… დიახ, დამთავრებულია.
– მაშ, ყურადღებით გისმენთ. რა არის ისეთი, რისი ტელეფონით თქმაც შეუძლებელი იყო? საქმე თითქოს ჩემს საცოლეს, ქალბატონ ნატას უნდა ეხებოდეს, ასეა? ისე, ეს რომ არა, ამ შეხვედრაზე ასე იოლად ვერ დამიყოლიებდით.
– როგორ გეკადრებათ! ასეთი იაფფასიანი ხრიკის გამოყენება თავშიც არ მომივიდოდა… აი, ჩვენი ყავაც. გმადლობთ. საქმე მართლაც ნატას ეხება, ჩემს თანამშრომელს.
– ერთად მუშაობთ? მაგრამ ის ხომ ჯერ სტუდენტია.
– მერე რა? ერთად მუშაობა დღეს მხოლოდ ერთი დაწესებულების ერთ ვიწრო ოთახში ერთად ჯდომას არ ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გსმენიათ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი მეც გახლავართ, ნატა კი ჩემი უმცროსი კოლეგაა. ნუთუ არაფერი იცოდით ამის შესახებ?
– მართალი გითხრათ, ნატას ამ თემაზე ჩემთან ჯერ არ უსაუბრია. ალბათ, საჭიროდ არ ჩათვალა. აუცილებლად ვკითხავ.
– კითხეთ, მით უმეტეს, რომ თქვენი საცოლეა, თანაც თქვენი პარტიის წევრი. მე კი პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მინდა გითხრათ და გამცნოთ: ეს გოგონა, ნატა, ჩემი შექმნილია.
– რაო, რას ქვია თქვენი შექმნილია?
– რასაც ქვია.
– როგორ, ჩემს საცოლეს მამად ეკუთვნით და ეს აქამდე არ ვიცოდი? ძალიან ახალგაზრდა მამა კი ჰყოლია. რანაირად მოახერხეთ? ან იქნებ თბილისში პიგმალიონის ისტორია მეორდება?
– ისევ ეს თქვენი მწერლური იუმორი, ხომ? თუმცა არასწორად გამიგეთ. რაც შეეხება ჩემს ასაკს, იცოდეთ – მე ნატაზე საკმაოდ უფროსი და თქვენზე გაცილებით ახალგაზრდა ვარ.
– აბა, ყველაზე მძიმე თაობის წარმომადგენელი თქვენ ყოფილხართ. ნგრევის გარდა არაფერი გინახიათ.
¬– შეიძლება. მაგრამ პატივი მაქვს ნატას უშუალო ხელმძღვანელი ვიყო. ნატა ჩემი შექმნილია ისეთივე გაგებით, როგორც თქვენი პოლიტიკოსობა, დავუშათ, ვინმე ვეშაპასი. დიდი ბოდიში, ვერნი თუშმალიშვილის. თქვენს შესახებ მართლაც ბევრი რამ ვიცი. თქვენზეც და თქვენ პარტიაზეც.
– ყოველთვის ვიცოდი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ ვეშაპა რომ მდიდარი კაცია და ჩემი ხათრით ჩვენ პარტიას ეხმარება დიდი საიდუმლოება ნამდვილად არ არის. ამაზე, მგონი, გაზეთებიც წერდნენ. მე მისი შექმნილი სულაც არა ვარ, არასწორი ინფორმაცია გქონიათ. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, ვეშაპას არც ინტერპოლი ეძებს და არც პროკურატურა, თავისუფალი ადამიანია. ვერნი თანამედროვე ძლიერი ბიზნესმენია და კანონის ფარგლებში მოქმედებს, ესაა და ეს. ჩემი საშუალებით ვერნიზე გასვლა თუ გინდათ, დროს უქმად ხარჯავთ, ჩვენ არავითარი ბიზნეს-ინტერესები არ გვაერთიანებს, უბრალოდ ძველი მეგობრები ვართ. მერე და ჩემი საცოლე რა შუაშია? მაინც ვერ გავიგე: რას ქვია – თქვენი შექმნილია? თქვენ რა, ნატას მატერიალურად ეხმარებით?
– ახლა კი ყველაფერი ზედმეტად პირდაპირ გესმით, ბატონო კობა. მწერალი კაცისთვის ასეთი ამჩატება ცოტა უცნაურიც კია. სხვათაშორის მე პატივს ვცემ თქვენ შრომას, თქვენი ზღაპარიც მაქვს წაკითხული. საინტერესო ნაწარმოებია. არა, ნატას მატერიალურად, როგორც წესი, არ ვეხმარები, თუმცა არც მთლად უმაგისობაა. რამდენ ერთობლივ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა! გრანტს მე ვშოულობდი, ნატა კი სამაგალითო შემსრულებელი იყო ხოლმე. იყო და არის კიდეც.
– ვეშაპასთან ანალოგია მაინც უმართებულოდ მეჩვენება.
– ჰო, რა თქმა უნდა, სად ჩვენ და სად ოლიგარქი ვეშაპა. უთუოდ სხვა მასშტაბის კაცია, ნამდვილი ბუმბერაზი. მაგრამ დამეთანხმეთ: ამდენი ნიჭიერი ადამიანი ვეშაპების ხელიდან ჯამაგირის მოლოდინში შიმშილით ხომ არ დავიხოცებით. ცოტა ხელიც უნდა გავანძრიოთ. აბა, ამ უხელფასო ქვეყანაში ამდენი არასამთავრობო რისთვის არსებობს?
– ცინიკოსი ბრძანებულხართ.
– რასაკვირველია. ვამაყობ კიდეც ამით, ოღონდ მესამე მოწმის გარეშე. თუ ნებას დამრთავთ, ისევ ნატას საკითხს მივუბრუნდები.
– კი ბატონო.
– დაახლოებით ერთი წლის წინათ არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელსაც მე წარმოვადგენ, ერთ-ერთი უცხოური ფონდიდან – მისი დაკონკრეტების უფლება მე არა მაქვს, – ძალზე საინტერესო გრანტი მოიპოვა. ასათვისებელი თანხა საკმაოდ დიდია. ამ გრანტის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე, კერძოდ – ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნებზე. გასაგებად ვლაპარაკობ?
– სავსებით გასაგებად. ანუ თქვენ სიაში ჩვენი პარტიაც აღმოჩნდა, ხომ ასეა?
– დიახ, ასეა. ჭკვიან ადამიანთან საუბარი ყოველთვის მეადვილება. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად ვის დაევალა თქვენი პარტიის მონიტორინგი, ბატონო კობა?
– ინტუიცია მკარნახობს, რომ რაღაც საზიზღრობის თქმას აპირებთ.
– მწერლური ინტუიცია უთუოდ დიდი ძალაა. მართალი ბრძანდებით – ეს დაევალა ქალბატონ ნატას, იმ პატარა უჭკუო გოგონას, რომელსაც თქვენ, გამოცდილმა მწერალმა კაცმა, ნამდვილმა მაჩომ, ტვინი აურიეთ და თავი შეაყვარეთ. დიდი ვაჟკაცური საქციელი არც თქვენგან იყო მაშინ, და არც ჩემგანაა ახლა, მაგრამ იძულებული ვარ გავხსნა კარტები და მოგიწოდოთ: ხელი აიღეთ თქვენს განზრახვაზე!
– რა განზრახვაზე?
– ვითომ არ გესმით. რაზე და მასთან დაქორწინებაზე. მით უმეტეს, რომ ოფიციალურად მეუღლესთან გაყრილიც კი არ ყოფილხართ.
– ჩვენ ჯვარი უნდა დავიწეროთ. ოფიციალური გაყრა მოიცდის. მით უმეტეს რომ განქორწინების პროცესი უკვე დაწყებულია. განცხადება წინა კვირას შევიტანე.
– არა, ბატონო ჩემო, სანამ პროცესი მიმდინარეობს მაინც ორცოლიანობა გამოგდით. ჯერ იურიდიულად მოაგვარეთ ყველა საკითხი და ახალი ოჯახის შექმნაზე მერე იფიქრეთ, ასეთია ჩვენი კანონი, წესი და ადათი. ის გოგო, სხვათაშორის, ოჯახშია გაზრდილი. პარადოქსია, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ თქვენ უფრო მარტივად შეელევით თქვენს საცოლეს, ვიდრე მე ჩემს ნაცად თანამშრომელს. ვაჟკაცური გოგოა! გუშინ საღამოს, სანამ მე თქვენ დაგირეკავდით, მან პირველმა დამირეკა და ოდნავ ათრთოლებული ხმით მომახსენა, რომ თანხმობა გამოგიცხადათ, მაგრამ ეგ არაფერი – ჯერ გვიან არ არის.
– გასაოცარია! რა არ არის გვიან? სრულ Qჭკუაზე ხართ? რა, თქვენი არასამთავრობო ქალებს გათხოვებას უკრძალავს?
– ეს რიტორიკული კითხვებია, ჩემი შეურაცხყოფა კი საჭირო არაა – აქ ორივენი სრულ ჭკუაზე ვართ.
– შეურაცხყოფას, მგონი, თქვენ მაყენებთ! როგორ ბედავთ ჩვენ პირად საქმეში ჩარევას. რას და როგორ მოვაგვარებთ, რას დაველოდებით და რას არა – ესეც ჩვენი საქმეა.
– მე პირდაპირი ადამიანი ვარ. თქვენ მაინც მოგიწევთ უარის თქმა ამ ცრუ გამარჯვებაზე. აბა, წარმოიდგინეთ: სულ მალე პოპულარული ჟურნალის “ობობას ქსელის” მკითხველები, თქვენი თანაპარტიელები და მთელი ქართული საზოგადოება შეიტყობენ, რომ თქვენი მომავალი მეუღლე – ჩვენი ძველი აგენტია, თქვენ კი მას ოპოზიციური პარტიის სადავეები ჩაუგდეთ ხელში. ჩათვალეთ, რომ რა წამს ეს ყველასთვის ცნობილი გახდება, მორჩენილია თქვენი პოლიტიკური კარიერა, ასეთი სისულელის ჩადენას თქვენივე თანამებრძოლეები არ გაპატიებენ. სისულელე თუ გაკმარეს. პოლიტიკაში ასეთ სისულელეს სხვა რამ, მაგალითად ღალატი, ეწოდება. ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ და ჩვეულებრივი ადამიანობის ფარგლებში დავრჩეთ, თქვენ ნატაზე ორჯერ უფროსი ხართ. არ გეცოდებათ საწყალი გოგო? შეეშვით რა.
– არა.
– მაპატიეთ, კარგად ვერ გავიგე.
– არა, მეთქი.
– რა მშვიდი ადამიანი ყოფილხართ.
– ო, როცა საჭიროა ძალიან მშვიდი ვარ. მშვიდი, ზრდილი, მაგრამ არა თქვენნაირი გულგრილი ნაძირალა. თქვენთან ერთი საქმიანი წინადადება მაქვს, რომელსაც, იმედია, სწრაფად მიიღებთ. აი ახლა, დაუყოვნებლივ, ფინჯანში დატოვებთ დაულეველ ყავას, ადგებით და აქედან წახვალთ. თუ არადა – კაცობას გეფიცებით, რომ ჩემს ფინჯანში დარჩენილ ყავას სახეში მიგასხამთ. არავის და არაფერს მოვერიდები. მართალია ჩემზე ახალგაზრდა ხართ, მაგრამ თქვენი გასალახი ძალა მაინც მეყოფა. მერე სადაც გინდად მიჩივლეთ და რაც გინდათ ის წერეთ და ილაპარაკეთ, კისერიც გიტეხიათ. ჩემს რეპუტაციას მე როგორმე თვითონ მივხედავ. კარგად დაიმახსოვრეთ, მე სიყვარულით არ ვვაჭრობ. აბა, სამამდე ვითვლი. ერთი…
– ნამდვილად უფრო ჭკვიანი კაცი მეგონეთ. არადა, რა კარგად ვსაუბრობდით. აფსუს, რა ფუჭად დამიკარგავს დრო! ჰო, ვდგები, ვდგები!
– გაფრთხილებთ, აღარ დამენახოთ.
– არავითარ შემთხვევაში. ნახვამდის ჩე!
X X X
– ვაიმე, მარიკა, გესმის! კობა მომიკლეს, ჩემი კობა. საქმრო მომიკლეს მე მიწადასაყრელს! შენ მას არ იცნობდი, მაგრამ…
– მოდი, ჩამეხუტე… აი, ასე, ასე… პირადად არ ვიცნობდი, თორემ ისე კი მინახავს. ერთხელ კოსტავაზე რომ ლიტერატურული კაფეა იქ გნახეთ ერთად. თვეზე მეტი გავიდა და მაინც მახსოვს. შენ დამინახე, რაღაც უთხარი, მერე უცებ – სალუტ, მარიკაო – დამიძახე, მიატოვე და ჩემთან გადმოსკუპდი. სიმპატიური კაცი იყო.
– მეც მახსოვს. ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო და მისი ცოლობა მაშინ აზრადაც არ გამივლია, თორემ ასე როგორ მივატოვებდი… ვეკეკლუცებოდი, თავიდან ცოტა ვაწვალებდი, მერე დავახლოვდით, მოგვიანებით. იცი რა ნიჭიერი იყო, როგორი ყურადღებიანი. ბოლომდე იხარჯებოდა. ეხლა რა მეშველება მე დასაქცევარს, რაღა ვქნა?
– რას იზამ, ბედს უნდა შეურიგდე. მაგრად უნდა დადგე. იქნებ… იქნებ ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ დაქალი ხარ და გავბედავ: კიდევ კარგი, რომ ქორწილი არ მოესწრო. მაშინ კიდევ უარესად იქნებოდა შენი საქმე. შენი დაქვრივება გვინდოდა ეხლა! დედა, როგორ მეცოდები, ნატა, რომ იცოდე, როგორ მეწყინა. კი მაგრამ, რა გაირკვა, ვინ ბოროტმა სულმა მოკლა?
– არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არც არავინ იცის. ვის არ ვკითხე, მაგრამ… პოლიციაში მითხრეს: ან შემთხვევით ჩხუბში მოყვაო, ან რაღაც ისეთი დაინახა, რაც ჯობდა რომ სულ არ დაენახაო. მაგალითად, ვიღაც ნაძირალა მეზობლის ბინას ტეხავდა, ან ვიღაცა ვიღაცას საქმეს ურჩევდა, ეს კი ჩაერიაო. რა ვიცი, შეიძლება ჩაერია კიდეც, არ იყო გულგრილი კაცი. ეჭვები მკლავს, მარიკა. კიდევ კარგი, დედაჩემმა არ იცის რა მოხდა. ისედაც ბოლო დროს მეჩხუბება, სულ კარი-კარ დადიხარო და ამ “მორჩას” თავი გაანებეო. ვერ მივართვი! ვიღაცამ ენა მიუტანა, შენი ქალიშვილი ვზროსლი ბიძასთან დადის და მიხედეო, ერთხელ გამლანძღა კიდეც, მაგრამ ჩემი საქმროს ვინაობა მან არ იცოდა. არც ის იცოდა თუ გათხოვებას ვაპირებდი. ნერვები აღარ მყოფნის, რა, დაწყვეტაზე მაქვს, დედაჩემის კირკიტს რა გაუძლებს! ამაღამ შენთან დავრჩები რა. იქნებ დაურეკო, თხოვო, დედაჩემს ძალიან უყვარხარ, უარს არ გეტყვის.
– რა თქმა უნდა. თავისუფლად იყავი. თან ჩემები სტუმრად არიან, გვიან მოვლენ. დედას დავურეკავ და ვეტყვი ვითომ ჩათვლისთვის ვემზადებით. საწოლს ჩემს ოთახში გაგიშლი. იქნებ ცოტა დამშვიდდე.
– ჰო, იქნებ ცოტა დავმშვიდდე. გაზეთებში კი ათასგვარ სისულელეს როშავენ.
– რაღაცეები მეც წავიკითხე. იქნებ მართლაც ტერორისტები იყვნენ, ჰა? ხომ იცი რანაირი დროა. კობა მაინც პოლიტიკაში იყო გარეული.
– არა, არ მჯერა. კი იყო გარეული, მაგრამ არც ისე ღრმად, რომ… შენ კი იცი, მითქვამს შენთვის, რომ ცოდნის პარტიაში მან მიმიყვანა, მაგრამ არაა ეს პარტია იმდენად ძლიერი, რომ… თან კობა პირველი კაცი ხომ არ იყო! რაღა კობას ესროლეს, რა, სხვა ლიდერები გამოილია? ბევრი მტერი კი ჰყავდა საწყალს. უფრო მტერი კი არა, არაკეთილმოსურნე. ვიღაცას მისი ნაწერები აღიზიანებდა, ვიღაცას ვერნისთან მეგობრობა, ვიღაცას ის, რომ ტეკილას დასალევი ფული ჰქონდა, აბა, რა ვიცი… საცოდავი კობა!
– იტირე, იტირე, იქნებ ასე მაინც დამშვიდდე. მაგარი ყავა მოგიხდება. სამზარეულოში გავალ, დედაშენსაც დავურეკავ და ჩაიდანსაც ავადუღებ. აჰა, ტელევიზორს ჩაგირთავ. დედამ ტელეფონთან რომ დაგიძახოს, ხომ მიხვალ?
– მივალ. ნუ გეშინია, ცრემლად მტრის ჯინაზე არ დავიღვრები. ჩართე, “კურიერს” დაველოდები, იქნებ რამე ახალი თქვან. მე ძალიან, ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს, ჩე!
X X X
(ამონარიდი გაზეთიდან “სამშობლო მიწა”)
“…ჩვენი საზოგადოება უკიდურესადაა შეშფოთებული ქალაქში ამ ბოლო დროს გამეფებული განუკითხაობით. ოპოზიციური ორგანიზაციების წინააღმდეგ გაშლილმა უხილავმა ტერორმა უკვე მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ორიოდე კვირის წინ გაურკვეველ ვითარებაში და აშკარად პოლიტიკური განზრახვით სასიკვდილოდ დაჭრეს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი, გუშინ კი ჯერი ახლად შობილი ოპოზიციური “ცოდნის პარტიის” წამყვან კოორდინატორზე და ცნობილ თბილისელ ჟურნალისტზე კობა.ს-ზეც მიდგა. ბოროტმა ძალამ მისი ლიკვიდაცია საბურთალოს მჭიდროდ დასახლებულ უბანში შებინდებისას, საღამოს ექვსი საათისთვის მოახდინა. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარგადაა ცნობილი, თუ ვისი “გენიალური” გადაწყვეტილების შედეგად ჩააბნელეს ასე ნაადრევად თბილისის ქუჩები და კარმიდამოები. ასევე შესანიშნავადაა ცნობილი, თუ რატომ აირჩიეს ამჟამად სამიზნედ სწორედ “ცოდნის პარტია” – ამ ორგანიზაციაში შეკრებილმა ადამიანებმა არათუ ქვეყანაში მეცნიერებისა და კულტურის გადარჩენისა და განვითარების რეალისტური და ჰუმანური პროგრამა წარუდგინეს ქართულ საზოგადოებას, არამედ სოლიდური ფინანსური მხარდაჭერაც მოიპოვეს, ანუ სახიფათონი გახდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ თავხედური მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. მომხდარი პირდაპირ მიუთითებს ჩვენი სამართალდამცავების გაუგებარ ინერტულობაზე იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ოპოზიციურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს ეხება. მაშინ როცა მთელ მსოფლიოში წარმოებს გააფთრებული, ულმობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, აქვე, ყურის ძირში, ვინ იცის ვისი ნებითა და დაფინანსებით, ფეხი აიდგეს ანონიმურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, რაც განსაკუთრებულ ხიფათს უქმნის ქვეყნის ეროვნულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების საბოლოო დამკვიდრებას…”.
(ამონარიდი გაზეთიდან “თეთრი იალქანი”)
“…როგორც ირკვევა, მკვლელმა ორი საბედისწერო გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს კობა.ს მისივე სადარბაზოს კიბეზე, მეორე და მესამე სართულებს შორის. როგორც ჩანს, გაქცევისას მკვლელმა სადარბაზოს გამჭოლი გასასვლელით ისარგებლა და ეზოებით სააკაძის მოედნისკენ გაიქცა. გადაუხდელობის გამო სადარბაზოში ნათურები გამორთული იყო. ამიტომ შეშინებულმა მეზობლებმა გასროლების ხმაზე ბინებიდან არ გამოიხედეს, მოგვიანებით კი, როდესაც ყველაფერი დამთავრდა, კიბის საფეხურებზე ფარნების საშუალებით იპოვეს სისხლში მცურავი მსხვერპლი და უმალ პატრულსა და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. მანქანები სწრაფად მოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, კობა.ს-ის შველა უკვე შეუძლებელი იყო…
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადებით მკვლელის ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოხერხდა. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოძიების მიერ დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია სტეჩკინის სისტემის პისტოლეტის ორი მასრა და სხვა ნივთმტკიცებები, რაც ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა. ჩვენს მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციით მეორე გასროლა საკონტროლო შეიძლება ყოფილიყო, რაც – თუ დადასტურდა – კილერის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს და შემთხვევითი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს…”.
(ამონარიდი გაზეთიდან “რესპუბლიკური სავანე”)
“…ჩვენ სრულ სოლიდარობასა და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს. მთელი ჩვენი კოლექტივი შეძრწუნებულია ჟურნალ “ობობას ქსელის” პოლიტიკური მიმომხილველისა და “საქართველოს ცოდნის პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებლის კობა.ს-ის საზარელი მკვლელობის გამო. ნიშანდობლივია, რომ მოკლული ამ ჯერაც დაურეგისტრირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო და რუსეთიდან დაბრუნებული ცნობილი ოლიგარქის ვერნი თუშმალიშვილის ახლო გარემოცვაში შედიოდა.
…ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას ობიექტურობისკენ. ოპოზიცია აღარ ელოდება გამოძიების დამთავრებას და უკვე ქოთქოთებს იმაზე, თითქოს ჩადენილი დანაშაული ზოგადად ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ეს მამალი ტყუილია – ამის არავითარი დასტური ბუნებაში არ არსებობს. სამარცხვინოა, როდესაც ზოგიერთი გარედან მართული პოლიტიკური ძალა თავისი პიარისთვის ბინძურ ხერხებს იყენებს და პოლიტიკური ქულების მოპოვებას მსგავსი მტკივნეული თემების აგორებით ცდილობს. ოპოზიციას კოვზი ნაცარში აუცილებლად ჩაუვარდება, რამეთუ ხალხი ყველაფერს ხედავს, იმასაც, რომ ოპოზიციის ადგილი კარგა ხანია ისტორიულ სანაგვეზეა…
…სამართალდამცავების არაოფიციალური ვერსიით სინამდვილეში საქმე შესაძლებელია კრიმინალური გარჩევის სისხლიან შედეგთან, ანუ უბრალო ანგარიშსწორებასთან გვქონდეს, მით უმეტეს, რომ ვერნი თუშმალიშვილის გარემოცვაში ოდენ ფრთიანი ანგელოსები როდი გვევლინებიან…
…მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ შექმნილი “ცოდნის პარტია” ზომიერად ოპოზიციური ორგანიზაციაა და მისი ოფიციალური რეგისტრაციის საკითხი იუსტიციის სამინისტრომ დღე-დღეზე უნდა გადაწყვიტოს. მის პროგრამაში დასახულია მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო გაერთიანება, უკეთესი სოციალური პირობების შექმნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის…”.
(ამონარიდი ჟურნალიდან “ობობას ქსელი”)
“…ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მთელ ჟურნალისტურ და ლიტერატურულ საზოგადოებასთან ერთად, სასტიკად გმობს ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის, ცნობილი მწერლის, კობა.ს-ის საზარელ მკვლელობას. კობა.ს-ის კალამი საკუთარი ხალხის მომავალს ემსახურებოდა, იგი ყოველთვის სიმართლეს წერდა და მისი სიცოცხლეც – დარწმუნებულნი ვართ – ამ სიმართლეს შეეწირა…
იძინე მშვიდად, მეგობარო! მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის მშობლიური მიწა!
X X X
მღვრიე ფიქრნი 20.. წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ
ხვალ არჩევნებია, მჯერა წარმატებული. საშინლად გადატვირთული დღის შემდეგ ფეხზე ძლივს ვიდექი და ორიოდე საათით დივანზე წამოძინების საშუალება მომეცა. მაინც ვერ ვიძინებ. გვერდით ოთახში ხმაურია, მაგრამ ის ხელს არ მიშლის, პირიქით მეხმარება: ესე იგი, ამ გადამწყვეტ ღამეს ჩემი გუნდი ფხიზლობს, ჩემს გვერდითაა. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პრეს-მდივნის ქალბატონ ბრაჭულის ენერგია და ჭეშმარიტად მამაკაცური ნებისყოფა. მისი დამსახურებაა, რომ მთელი გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. საარჩევნო კამპანიაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა და განსაკუთრებული ქების ღირსია. მე კი… ზოგჯერ მინდა ვიყვირო: არ ამირჩიოთ ხალხო! თქვენ არ იცით ვის ირჩევთ. მაგრამ მაინც ამირჩევენ, სხვა გზა არა აქვთ. სუსტი კონკურენტი მყავს.
ჩემს წინამორბედს, როგორც იქნა, ამოეწურა მმართველობის კონსტიტუციური ვადა. ძალიანაც არ უნდოდა პოსტის დატოვება, მაგრამ ვერაფერი გააწყო – ჩვენ უკვე ევროსივრცეში ვართ. დაგეგმილიდან რაღაც გამოუვიდა, რაღაც ნაკლებად, რაღაც – ვერა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. ეკლეზიასტე.
ხვალიდან ქვეყანაში ჩემი დრო დგება.
სხვა მხრივ კი, აბა, რა გითხრათ.
ქალი წავიდა სხვისასა. იმ ამბის შემდეგ ნატას თვალებში – როდესაც მათ მისწორებდა – ყოველთვის ვხედავდი, ვეჯახებოდი რაღაც უხილავ ჯავშანს, რომლის საშუალებით ის ჩემგან იცავდა თავს. არა, ჩვენს ურთიერთობებში გარეგნულად არაფერი შეცვლილა, ძველებურად მიჯერებდა, მაგრამ მის თვალებს აშკარად ელვარება მოაკლდა. მე ნატა ძალიან მიყვარდა, გულის სიღრმეში ახლაც მიყვარს, მაგრამ სრულიად უძლური ვარ. ბოლომდე აღარ მენდობა. მან არ იცის, რომ მე – საქართველოს მომავალი პრეზიდენტი – უბრალო მკვლელი ვარ, მაგრამ ვერც იმას გამორიცხავს, რომ სწორედ მე გავეცი მაშინ სათანადო ბრძანება: ზოგადად მანაც იცოდა – უფრო სწორად, გაუგია, – “მორჩაში” ბოევიკების არსებობის შესახებ. სამაგიეროდ სიკვდილს გადავარჩინე. ნატა დღესაც ჩემი წინასაარჩევნო შტაბის ღირსეული წევრია და გამარჯვების შემდეგ რაღაც ნორმალურ სამსახურს ჩემს ადმინისტრაციაში ისიც უთუოდ მიიღებს. არადა, კობაზე ჯვარი რომ დაეწერა, ნამდვილად ვეღარ ვენდობოდით, და – ჩვენ ისტორიულ მისიას საფრთხე რომ არ შექმნოდა – იძულებული შევიქნებოდი ისიც მოსაშორებელთა სიაში შემეყვანა. ჩემი ხელით მის ლიკვიდაციას მართლაც მოვერიდებოდი, მაგრამ ამას, აბა, რაღა მნიშვნელობა ექნებოდა? მან არც ის იცის, რომ მე – საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა – ამ რამდენიმე წლის წინათ ცოლი მხოლოდ იმიტომ შევირთე, რომ ჩემს პოლიტიკურ კარიერას ჩრდილი არ მიდგომოდა. მიუხედავად ყბადაღებული ევროპიელობისა, ქართველები ხომ დღესაც ნამეტანი ტრადიციული ერი ვართ – ჩვენში არ უყვართ უცოლო მამაკაცები უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე. ცოლ-ქმრულ ცხოვრებას კარგა ხანია შევეგუე და ჩემი შვილები ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მაშინ მარტო, კენტად ვისურვებდი დარჩენას. საბოლოოდ მართალი მაინც მე გამოვდექი: ბუნებრივი მელანქოლიისგან ნატა საკმაოდ მალე განიკურნა. ამჟამად მას ნორმალური მეუღლე და ორი ლოყებში ჩასაკბეჩი ბავშვი ჰყავს – ბიჭი და გოგო.
ნატას ქმარს არაუშავს, კარგი ბიჭია. არ სვამს, არ ეწევა. ჩემს სამდივნოში მუშაობს და, ჭკვიანად თუ იქნება და ცოლს არ აწყენინებს, მინისტრის მოადგილეობასაც გამოკრავს ხელს. ამას მე მივხედავ.
მაშინ, კობამ კაფედან რომ ლამის კინწისკვრით გამომაგდო და ქუჩაში გამოვედი, გაბრაზებული კი ვიყავი, მაგრამ არაფერი კონკრეტული ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა. მერე უცებ გამახსენდა, რომ საუბრის დასაწყისში, როდესაც ჩვენს შორის გარიგება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მას წამოცდა, რომ ექვსი საათისთვის სახლში, პეკინზე აპირებდა გასვლას. დიდი შანსი იყო, რომ ნაადრევად შეწყვეტილი მოლაპარაკების კვალობაზე და ცხელ გულზე დედამისთან უფრო ადრეც მისულიყო, მაგრამ გავრისკე: ჩემი უდაო პლიუსი ისაა, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების კაცი გახლავართ. ეს ჩემი პირველი მკვლელობა როდი იყო, “მორჩას” უმაღლეს იერარქებს ეგ საქმე მაგარი დამუღამებული გვქონდა. საქმის მომთავრებას იმ საღამოსვე თუ მოვასწრებდი, ხომ კარგი, – ნატასაც უფრო მალე ეშველებოდა და საქმესაც. თუ არა და უკეთ მოვემზადებოდი, და დაუდეგარ ბატონ კობას რამდენიმე დღეში მაინც გამოვუყვანდი წირვას.
პირველ რიგში, იარაღის საკითხი უნდა მომეგვარებინა. უცებ გავექანე “მორჩას” სრულიად საიდუმლო საწყობში, სტეჩკინი ავიღე, ლაბადაში საგულდაგულოდ ჩავმალე, ტაქსი გავაჩერე და პეკინზე გავედი. “მორჩას” იერარქები ძალიან წინდახედულები ვართ – კობას სახლის მიმდებარე ტერიტორიები ადრევე კარგად მქონდა შესწავლილი. მოპირდაპირე სახლის ერთ შორეულ სადარბაზოსთან შედარებით წყნარი ადგილი შევარჩიე – ისეთი, მეზობლებისთვის თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, – და დავუდარაჯდი. ერთ ადგილზე, რასაკვირველია, არ გავჩერებულვარ – ცოტა დამღლელი კი იყო. კი მინდოდა მობილურით მასთან სახლში დამერეკა და დედამისისგან მაინც გამეგო: მობრძანდა თუ არა სახლში მისი სანაქებო შვილი, მაგრამ ვერ გავბედე.
ექვსი საათისთვის ეზოში ძლიერ შებინდებულიყო და, მახსოვს, უკვე წასვლაზე ფიქრი შემომეპარა, როცა კობა, როგორც იქნა, ეზოს მისადგომებთან გამოჩნდა. ნელა მოდიოდა და მისი თეთრი ქურთუკი სიბნელეში ლამის პროჟექტორივით ანათებდა. სადარბაზოში შესვლა ვაცალე და ეგრევე უკან ამოვედევნე.
კიბეზე ვიღაც უცხო რომ შემხვედროდა, სროლისგან თავს შევიკავებდი და კობას კიდევ რამდენიმე დღით ნაჩუქარ სიცოცხლეს ვაცლიდი, მაგრამ მას ბედი არ სწყალობდა. სადარბაზოში სიჩუმე და წყვდიადი სიბნელე იყო. ფარანი თან მქონდა. მესამე სართულზე დავეწიე, ფარანი მივუნათე და როდესაც ჩემსკენ შემობრუნდა, ეგრევე პირველი ტყვია ვესროლე. მე მგონი ვერ მიცნო.
ჩემი თანაქალაქელების ფსიქოლოგია მე საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი. ალღომ არც მაშინ მიმტყუნა. სროლის ხმაზე გარეთ არავინ გამოიხედა. როდესაც დაჭრილი კობა პირქვე დაეცა და კიბეზე ჩამოგორდა, მე ფრთხილად, ისე რომ ფეხსაცმელები სისხლში არ ამომეთხვარა, მივუახლოვდი და კეფაში საკონტროლო მივახალე. შემდეგ სწრაფად ჩამოვირბინე კიბეზე და ეზოებით პოლიტექნიკურისკენ გავექანე. სააკაძის მოედნის ხალხმრავლობაში პირველად ამოვისუნთქე და ნელ სიარულზე გადავედი. მერე ხიდამდე მშვიდობიანად ჩავაღწიე და იარაღი მტკვარში მოვისროლე, ეს იყო და ეს.
სხვათაშორის, “ცოდნის პარტია” კარგა ხანია რაც ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და ამაში ჩემი ქარიზმატული წინამორბედის წვლილი მეტია, ვიდრე “მორჩასი” და “კმარასი” ერთად. გააცნობიერა რა პრობლემის არსი, მან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა: პარტიის ყველაზე ავტორიტეტული ლიდერები თანდათანობით თავისკენ გადმოიბირა, რაც კი იმ პარტიის პროგრამაში პოზიტიური იყო – საკუთარი პარტიის პროგრამაში გადაიწერა და შემდეგ ნაწილობრივ განახორციელა კიდეც – სახელისუფლებო რესურსი დიდი ძალაა. ასე რომ, “ცოდნის პარტია” ჯერ ლოზუნგების გარეშე დარჩა, მერე კი დაკნინდა და მარტივ მამრავლებად დაიშალა. მისი ყოფილი ელექტორატის უდიდესი ნაწილი ხვალ მე მომცემს ხმას. მაინც რა ტყუილ და უპერსპექტივო საქმეს შეეჭიდა და შეეწირა ბატონი კობას!
მიზანტროპია მჭირს. ზოგჯერ კაცობრიობის ერთიანად მოსპობის სურვილიც კი მიპყრობს, მაგრამ მერე ისევ ცოლ-შვილი მაგონდება, ახლობლები, ჩემი ქვეყანა და ნელ-ნელა სიცოცხლის სიხალისეს ვიბრუნებ. ეს რომ არა, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. ადამიანი ცხოველია. შეხედეთ თუნდაც ტელეარხებს. გაუთავებელი ტრამპა-ცუმპა და ცეკვა-თამაშია. ხანდახან ვფიქრობ: ნეტავ, რა ამღერებთ და აცეკვებთ, როგორ აძლევენ საკუთარი თავის ასე უბადრუკად მოტყუების უფლებას? კიდევ კარგი, განათლების სისტემა ისე გვაქვს აწყობილი, ჭკვიანი ადამიანების მხრიდან არაფერი გვემუქრება. დისიდენტები კი მაგრად გვყვანან დაბლოკილი და, იმედი მაქვს, ჩემი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ასე დაბლოკილებადვე დარჩებიან. მაგრამ ზოგჯერ მეც კი შემეპარება ხოლმე კითხვა: ერთ მჭამელს მეორე, უფრო მტაცებელი და ხეპრე რომ ცვლის, ეგაა კაცობრიობის პროგრესი?
ცინიკოსი ვარ, ვიცი როგორ უნდა ველაპარაკო ხალხს, რითი უნდა მოვხიბლო. მაგარი ვარ რა!
არ ამირჩიოთ ხალხო!