ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

არჩილ ქიქოძე – მურტალი ქართველები

 ტარიელა არხილოს შარაგზაზე მიაბიჯებდა და გულზე სკდებოდა. ვინც გაიხსენა, ცოლით დაწყებული და გვერდით მომავალი ორი კაცით დამთავრებული, უკვე ყველას აგინა გულში. საღამო იყო, ხალხს საქონელი მოუდიოდა და სოფელი გარეთ იყო გამოსული. დღეს გაკვირვებულები უცქერდნენ, იმიტომ, რომ მირიანასთან ერთად ხედავდნენ, ხვალ კიდევ, ალბათ, ყველაფერს შეიტყობდნენ და მაშინ ნაღდად მთელი სოფლის დასაცინი გახდებოდა.

   ჰო, მირიანასაც აგინებდა გულში და ღვთისოსაც, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეგენი იყვნენ საგინებლები. აკი, თვითონ გადავიდა და დახმარება სთხოვა. ამათაც უარი არ უთქვამთ – მაშინვე გამოჰყვნენ.

   გუჯას, ტაირელას ბიჭს, მოუვიდა აზრად მირიანას დაძახება. მანამდე იმის ხსენებაც არ ყოფილა მაგათ ოჯახში. უფრო სწორედ, ტარიელამ ახსენა რამდენჯერმე, ხან ჯიში უხსენა და ხანაც – დედა, თანაც გუჯას დაემუქრა: ”მაგასთან არა გნახო, თორე ტყავს გაგაძრობო!”

   თვითონ, მინდორში მიმავალი, ყოველდღე ხედავდა ღვთისოს ჭიშკართან ჩაცუცქულს, ვიწრო მხრებზე ზარფუშივით გასიებული თავი რომ ჰქონდა შემოდებული. მთელი სოფლის პაცნები და უსაქმურები გარშემო ეხვივნენ. რომ არ დაენახა, თვალში დააკლდებოდა.

   ზოგი ამბობდა, იმალებაო, მაგრამ ტარიელას მაგისი არა სჯეროდა. დამალვა ტყეში იცოდა ტარიელამ, არხილოსკალოს შარაგზაზე კი არა. ეტყობა, მეტი წასასვლელი აღარსად ჰქონდა და აქ, შირაქში, ჩაუსახლდა ბიძაშვილს მუქთა მჭამელად და მსმელად. სიმთვრალე კი მყრალი აქვსო, ამბობდნენ, მაგრამ არხილოელებიც და ქედელებიც დღედაღამ ტყუილად კი არ გაიძახოდნენ: ”ყველაზე მურტალი ქართველები ვართო”, – აყალმაყალი მართლა გულით უყვარდათ და ერთი-ორჯერ ეცემნათ კიდეც ბიჭებს, მაგრამ პაცნები მაინც ყოველდღე ღვთისოს ჭიშკართან იყრიდნენ თავს მაგის მოსასმენად. დღისით იქ იყვნენ, საღამოობით კი სახლში, ღუმელთან გადადიოდნენ ღვთისოს დედაკაცის გულის გასახარად.

   არა, ეგეთი ხალხი არ უყვარდა ტარიელას, მაგრამ ბედმა და საკუთარმა უჯიგრობამ დღეს ზუსტად ეგეთი კაცის მთხოვნელი გახადა. ჰო, ეგრე იყო ყველაფერი. რაც დაემართა სულ თავის უთქმელობით და უნდობლობით დაემართა და ცოსლაც ტყუილად აგინებდა გულში. ეთერი ხო დედაკაცი იყო და ბოლო იმედს მოეჭიდა. გუჯამ, ტარიელას ბიჭმა, მირიანა რო ახსენა: ” მაგან შეიძლენა გვიშველოს, მაგან იცის ეგეთებიო”, და თან ორიოდ ნაბიჯით ღობისკენ დაიხია – მამა არ დამეტანოსო, მაშინვე მიხვდა ტარიელა, ცოლისთვის არც შეუხედავს ისე ( შვილის ცემა ხომ არც უფიქრია), ღვთისოსთან გადასვლა და იმ თავგასიებულის თხოვნა რომ არ ასცდებოდა.გუჯას ვერ გაგზავნიდა – აკი, მისვლა კი არა, მირიანას ხსენებაც აუკრძალა და სიტყვას ვეღარ გადავიდოდა.

   ახლა კი, სახლისკენ მიმავალი და არციოელთა სალმებზე დაბნეულად მოპასუხე, თავს იმითღა ინუგეშებდა, რომ მთავარი უკვე უკან იყო. ამას იქით, რაც იქნებოდა – იქნებოდა. გადავიდა და სთხოვა. გაუჭირდა კია. კიდევ კაი, პაცნები არ დახვდნენ იქ და ღვთისო კი დახვდა. თუმცა დიდი ძმაკაციობა არც ღვთისოსთან ჰქონდა, მაგრამ რა შედარება იყო – თანასოფლელები იყვნენ, მთელი ცხოვრება ერთმანეთის შემყურებლები, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ისე გამოვიდა, თითქოს ღვთისოს თხოვდა და არა იმის ქალაქელ ბიძაშვილს, რომელიც იქვე, ბეტონის აივანზე ჩაცუცქული, ვერაფერს მიმხვდარიყო და რაღაც ჯოხს თლიდა დასაკეცი დანით.

   – ჩემი ფერდელა ხომ იცი? – ეგრე დაიწყო სათხოვარი ტარიელამ და ის კი არ იცოდა ჯერ, ბოლომდე თუ მიიყვანდა სათქმელს.

   – მაშ, წითელი, – ეჭვით უცქერდა ღვთისო.

   – არა, წითელი კი არა, შავი – პირნიშა, – ჩაცუცქულისკენ თვალი გააპარა ტარიელამ.

   – ვიცი ჰო, მოსაგები, – თავი დაუქნია ღვთისომ.

   – წუხელი მოიგო კაი სახარე, – გაუხარდა ტარიელს, – ნაღდად კაი ხბო, მაგრამ თვითონ ვეღარ ავაყენეთ ფეხზე, ბეჩავი. თავსაც ვეღარ სწევს, კანკალებს და სულ ოფლი ასხამს.

   – ვაა! – შეიცხადა ღვთისომ, ვერაფრით მიმხვდარიყო ტარიელას მისვლის მიზეზს.

   – მაშ! ვერ იქნა, ვერ ავაყენეთ, რა არ ვცადეთ…

   – კუდი თუ დაუსერეთ?

   – ეგეცა. ჩემმა დედაკაცმა კიდევ, ადამიანივით დაიტირა და ”რაც გინდა ქენი და მომირჩინეო”, – უკვე ჩქარ-ჩქარა მიაყარა ტარიელმა, ოღონდაც ეხლა არ გაჩერებულიყო, – წაველი რაიონში. ოთარს ვთხოვე, ჩოხელს, და იმის ”კალხოზნიკით” წავედით. ძროხის ფასი მარტო ბენზინი დავწვით. იმ ახალმა ვეტერინარმა კიდევ: ”ვერ წამოგყვებითო”. ამ სიშორიდან ხალხი ჩაველით და უარი გვითხრა.

   – არაფერს დაჰპირდა?

   – დავპირდი კიდეც, ვაძლიე კიდეც, მაგრამ არა ქნა, არა მცალიაო. ეცოტავა, თუ რა იყო…

   – ეტყობა მართლა არ ეცალა, თორე წამოგყვებოდა – კარგი ბალღიაო, გამიგონია.

   ”კარგი კი არა”, – გაიფიქრა ტარიელამ, – ”ეგრე უჯიგროდ არ უნდა მოვქცეულიყავი და ძალით უნდა წამომეთრია”, – თქმით კი სხვა თქვა:

   – წამალი რაღაც კი გამოგვატანა… – სწორედ მაშინ მოეჩვენა, რომ მირიანაც უსმენდა და გულზე მოეშვა, თორე სულ იმის ეშინოდა, ეხლა ამ ჯოხის თლას მორჩება, ადგება და ახლის საძებრად წავაო…

   – რა წამალი? – ისევ ღვთისო წამოეშველა.

   – კოფეინიო, კიდევ რაღაცა… – ეს კიდევ რაღაცა, კოფეინთან ერთად ცოტა ხნის წინ, ცოლზე და საკუთარ თავზე გამწარებულმა, კინაღამ გომურის კედელს მიალეწა, – არა, ცუდად კი არ მოიქცა, მაგეებში ფულიც არ გამოურთმევია…

   – მერე? მაინც არაფერი ეშველა? – ვერაფერი გაიგო ღვთისომ.

   – ვენაშიო! – ლამის იყვერა ტარიელამ.

   – ვენაშიო? – დაინტერესდა მირიანაც და ტარიელა მიხვდა, ამ კაცის ხმა პირველად რომ ესმოდა. ნახვით მართლა ბევრჯერ ჰყავდა ნანახი, ჭიშკართან ჩაცუცქული, ხმა კი არ გაეგონა. დღესაც არ აღირსა სალამი, ეგ კი არა, წამოდგომაც არ იკადრა, ოდბავ დაუქნია თავი ჩაცუცქულმა და ჯოხის თვლა გააგრძელა.

    – ჰო, ვენაშიო! – ჩაეჭიდა ტარიელაც ერთ ჰაიჰარად გადმოგდებულ სიტყვას, – აბა რა ვიცი ვენების და ნემსებისა?! ეს ჩემი დედაკაცი კიდევ, ამტყდარია: არ დაგაკვლევინებო, არც მე ვარ მაგისი ხორცის მჭამელი, ეგეთი მეწველი და გონიერი საქონელი არა მყოლია. ჰოდა, ხალხი შენზე ამბობს, მირიან, – თავისი გუჯა არ უხსენებია, – ეგ გიშველის, თუ გიშველისო, ვენები და ნემსები მაგას ეცოდინებაო, იქნება დაგვეხმარო…

   ბოლოსკენ, თითქოს, რაღაცა ვერ თქვა ლამაზად. ეგ ხვთისოს შეატყო სახეზე, თორე მირიანა დაფჩენილი პირით ამოჰყურებდა ქვევიდან. ღვთისოს, ეტყობა ის არ მოეწონა, მის ბიძაშვილს ასეთი რამ რომ სთხოვეს. თითქოს მამა აბრამის ბატკანს ინახავდა სახლში და მთელმა სოფელმა არ იცოდა მაგისი ამბები. სამაგიეროდ, მირიანას გაეღიმა და მერე ახარხარდა. წელში გამართვა და წამოდგომაც იკადრა.

   – მაშ, ვენაშიო, არა ძია?

   იმდენი იცინა, ბოლოს ღვთისოს ჩამოეკიდა, რო არ წაქცეულიყო.. ტარიელამ კიდევ, თავი სად ედურთა, არ იცოდა. ქალაქელმა, სიცილით კინაღამ რო დაიხრჩო, მერეღა ამოღერღა:

   – მე მოვარჩენ თქვენ ძროხასა! – და ისევ დაიჭაჭა. – ერთი ხელობა მაინც უნდა იცოდე კაცმა, რო სოფელს გამოადგე!

   სიცილითვე ჩამოხსნა ლურსმნიდან სპორტული ზედა და მოიცვა.

   – წავიდეთ, ძია, – მერე უცებ დასერიოზულდა, სადღაც შორს გაიხედა და ერთი კარგად დაიქსუტუნა ცხვირით, – მე შევალ ვენაში…

   – თფუი! – ბეტონის იატაკს დააფურთხა ღვთისომ და გატრიალდა. ახლა იმას ეხვეწა ტარიელა, შენც გამომყევიო…

   ტარიელს ეზოში ღვთისოს გოშია დაეტანა ყეფით, ისიც პატრონივით პატარა და ფხუკიანი.

   – გაააიდ! – უფრო თავის ყოფას, ვიდრე ძაღლს შეღრიალა ტარიელამ და მიწისკენ დაიხარა, ვითომ ქვის ასაღებად. მერეღა მიხვდა, ხმამაღლა რომ მოუვიდა, მაგრამ მასპინძელს იმას ხომ ვერ აუხსნიდა – შენ ძაღლს კი არა, ჩემს უნდილობას, პირნიშა ძროხას, გასივებულ რაიონელ ვეტერინარს, ჩოხელის ”კალხოზნიკში” ჩამწვარ-ჩაბუგულ ბენზინს და ეთეროს – ყველაფერს ერთად ვუყვირეო.

   – როგორი ავი ძაღლი გყოლიათ, – ეგღა თქვა ჩუმად, მაგითი მოიბოდიშა.

   – წუნკალია… – პირველად ჩაიღიმა ღვთისომ და ტარიელა მაგაზეც მადლობელი დაურჩა.

   სამაგიეროდ მას მერე არ გაუღიმია ღვთისოს, სიტყვაც აღარ უთქვამს. უკვე ლამის ნახევარი არხილო გასჭრეს, ტარიელას სახლიც გამოჩნდა, ის კიდევ ჩუმად, გაკუშტებული მოაბიჯებდა და ტარიელა ახლა იმაზე იმვტრევდა თავს: ღვთისო ყოველთვის ეგეთი იყო, თუ დღეს ჩაყლაპა ენაო? იმვტრევდა და ვერ იხსენებდა.

   მირიანას სიტყვებმა გამოაფხიზლა:

   – კაი არაყი თუ გაქვს სახლში, ძია, მაღარიჩის ამბავში?

   – არაყიც მაქვს და ღვინოც, – ჩაიბუზღუნა თავჩაღუნულმა.

   – მე არყისტი ვარ.

   ’სახრისტი ხარ, არყისტი კი არა”, – გაიფიქრა ტარიელამ და მხრები აიჩეჩა. მაინც ცოტა გონზე მოიყვანა მაღარიჩის ხსენებამ. ეზოში უკვე მამა და იქაურობის ბატონ-პატრონი შევიდა. გუჯა მაშინვე სახლში გაუშვა ამპულების და შპრიცების მოსატანად, ეთეროს კი, მირიანას რომ ათვალიერებდა ეჭვიანი თვალებით, ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა.

   – ჩვენ აქ მივხედავთ, შენ კიდე სახლში ადი სა სადილის თადარიგი დაიჭირე, პატივი ხო უნდა ვცეთ კაცსა…

   – რაო? – ყურებს არ დაუჯერა ცოლმა.

   – რაც გაიგონე! – თვითონ გაუკვირდა, ისე ჯიგრულად გამოუვიდა, – თქვა, მოვარჩენო, თუ არ გინდა, რო მოგირჩინოს, ჰა?!

   ეთერომ თითქოს შეპასუხება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და უხმოდ გაეცალა. სწორედაც მოექცა, თორემ გამოსტყუებდა რამეს. სხვანაირ ხასითზე დამდგარიყო ტარიელა.

   – თქვა, მოვარჩენო, ეტყობა იცის თავისი საქმე, მოარჩენს და პატივისცემა ხო უნდა კაცს, – უკვე თავისთვის ჩაიდუდღუნა მარტოდ დარჩენილმა და თვითონაც დაიჯერა, რომ სხვანაირად უკვე აღარც მოხდებოდა.

   – არადა, ქალზე თითი არ მქონდა დადებული, თითი! არც იყო მაგისი პრობლემა. დრო იყო ეგეთი – პურზე და ყველზე იძლეოდნენ ქალები. ეს კიდე, პროსტო, ჯიგარი იყო. ვაგზალთან რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, რამდენჯერმე ვთხოვე და თავისი ბაითის გასაღები მათხოვა. ჯიგარი იყო, რა!

   რომ დალია, ცხვირით ქსუტუნს უმატა. მალიმალ ჩერდებოდა და აკვირდებოდა, თუ მისმენენო. უსმენდნენ რომელია – დღეს მაგისი დღე იყო. როცა ჩუმდებოდა, ოთახში მხოლოდ მაგისი ცხვირის ქსუტუნი და ღუმელში შეყრილი ნედლი შეშის შიშინიღა ისმოდა. გუჯას ხომ მთლად პირი დაეღო და თვალებში შესციცინებდა. ტარიელას თავიდან დიდად არ სიამოვნებდა ეს უცნაური ენით მოყოლილი, შირაქიდან ძალიან შორს მომხდარი უცხო ამბები, მაგრამ ეთერომ რომ გომურიდან ამბავი მოიტანა – ”ფერდელამ თავი წამოწიაო”, – მოლბა და დაწყნარდა. ერთად გავიდნენ ძროხის სანახავად. ფერდელას მარტო თავი კი არ წამოეწია, გარშემო დაყრილ ბალახსაც ღეჭდა ნება-ნება და ნავთის ლამპის შუქზე თავზე წამომდგარ ადამიანებს ათვალიერებდა დიდი, წყლიანი თვალებით/

   – მაგარი ვარ, არა, ძია ტარიელ? – ჰკითხა არაყმოკიდებულმა მირიანამ.

   – მაგარი ხარ, მაშ! – გაეცინა ტარიელას და სახლში შემობრუნებულმა უფრო მოთმინებით დაუგდო ყური სტუმრის მოჩმახულ სისულელეებს და მის გაუთავებელ ცხვირის ქსუტუნსაც…

   – ხოდა, რო დამიჭირეს, ზონაზე არ ჩამომაკითხა?! გავგიჟდი, ტო! ”შენთან არიან სვიდანიაზეო”, რო მითხრეს, მეთქი, ვინ უნდა იყოს? ვხედავ – დიანაა. გეგუთში ჩამომაკითხა, ქუთაისში, ტო! ეგ რა არის?! ნახევარი წელი თვეში ორჯერ მაკითხავდა, პროვიზიით და რამე. მაგრად გამისწორა…

   ტარიელა დაღლილი იყო, მაგრამ დამშვიდებულიც. დღევანდელ ამბებზე ფიქრობდა. ყველაზე კარგი ვენა მირიანამ მუცელზე უპოვა ფერდელას და იმხელა ძროხა ძლივს გადააქციეს გვერდზე, მირიანას შპრიცი კარგად რომ ემარჯვა. ისე, კაი ფერშალი ვერ გააკეთებდა ნემსს ისე ყოჩაღად, როგორც მაგან გააკეთა. რაღაცა მართლა სცოდნოდა, ამ თავგასიებულს…

   – ხოდა, მომისწრო ზამთარში ჯაბას ამნისტიამაც (მაშინ ყველაზე დიდი ხანი ვიყავი სვაბოდაზე – პაჩტი წელიწადი)… გარეთ ბლომად ხალხი გამოგვყარეს ერთად. თოვლია, სიცივეა. ოცი სული პატიმარი მოვდივართ ერთად ლიანდაგზე სულ გაყინულები. არაფერი არ დადის. თუმცა, რაღა პატიმრები? გრაჟდანები ვართ უკვე. კაროჩე, ძლივს ჩამოვაღწიე თბილისამდე. ვაგზალთან, როგორც იქნა, ტაქსი დავიჭირე და დავგაზე პირდაპირ მუხიანში დიანასთან. მომინდა, რა…

   გუჯა სკამზე აწრიალდა. ტარიელამ გვერდზე მჯდომ ღვთისოს გახედა და ჩუმად სიგარეტი ამოაძვრინა ჯიბიდან.

   – ტაქსისტი მიყურებს და: ”შენო, მირიანა არა ხარო?” ჩემი პარალელური კლასელი ყოფილა – წვერებში ვერ ვიცანი. აქეთური-იქითური, მაგრად გაეხარდა და: ”როდის გამოგიშვესო?” ”იქიდან მოვდივატ-მეთქი”. ეგ მივქარე – აღარ უნდა მეთქვა. ”მერე ნახალოვკაში რატო არ ადიხარ? სახლშიო?” ეხლა ხო არ ვეტყვი: ახალი გამოსული ჯერ ოჯახში აღარ ვყოფილვარ და ქალთან მივდივარ-მეთქი. ვუთხარი: ”ქსივა სროჩნათ მუხიანში მისატანი, თავნის ბაზარია-მეთქი”. კაროჩე, დამიჯერა.

    საკუთარი შვილი სტუმარს გაშტერებული რომ უსმენდა, მაგაზე გული აღარ მოსვლია ტარიელს. აღარც იმ ბავშვებზე ბრაზობდა, ყოველდღე ღვთისოს ჭიშკართან რომ იცუცქებოდნენ. იმათაც ხომ გასართობი უნდოდათ. რადიო აქ აღარ იყო და ტელევიზორი. ტარიელს სხვა რამე სწყინდა: განა თვითონ ცოტა ჰქონდა მოსაყოლი, გინდა შვილისთვის და გინდა სხვისთვის? იმდენიც არაფერი – რო დაფიქრდა, მაგრამ სხვები თუ იყვნენ ბიჭები, თვითონაც იყო ბიჭი. თანავ თუ მოყვებოდა – მარტო სიმართლეს. თორემ ამ მირიანასას ბარე მეათე ამბავს ისმენდა დღეს და სად მართალი იყო და სად ტყუილი, კაცი ვერ გაიგებდა. უბედურება ის იყო, თვითონ კაი მოყოლა რო არ შეეძლო. შვილი ისე გაეზარდა, თავისა ვერაფერი უამბო და გააგებინა. კუჯას, ალბათ, ეგონა, რომ მამამისმა მთელი ცხოვრება ეგრე ეთეროზე და ჭაპან-წყვეტაზე ჯვარდაწერილმა გაატარა…

   – ბოლო-ბოლო მივედით მუხიანში. ჩემდა ბედად, შუქიც იყო და ლიფტიც მუშაობდა, თორე ისეთ დღეში ვიყავი, ათ სართულს ნაღდად ვერ ავივლიდი. ზარი რო დავრეკე, ერთი კი ვიფიქრე – სახლში რო არ იყოს, ან ვინმე რო ყავდეს-მეთქი, მარა სახლში იყო და მარტო იყო. ჯერ მაგრად გაუკვირდა და მერე მაგრად გაეხარდა. ეგრევე წყალი შევადგმევინე გასაცხელებლად და მეთქი: ”მშია!” აბაზანიდან რო გამოვედი, კარტოფილი შეწვა უკვე, რაღაც ვიჩინები როა ჟესტის ბანკებში და არაყი…

   უცქერდა ტარიელა ამ ნათრევ კაცს და, სამელის ბრალი იყო თუ სიბერისა, ცოტათი ებრალებოდა. რაღაცის გაკეთება უნდოდა მისთვის. მაგას წეღან მიხვდა, ეთერომ მეორეჯერ რო შემოიხედა ოთახში და ”ფეხზე წამოდგა ბეჩავიო”…

   უკვე არავინ გაქცეულა გომურში ძროხის სანახავად.

   – რაღა ბეჩავი, თუ ფეხზე დგას უკვე, – გაბედა ტარიელამ.

   – რო დგას, ხო სულ შენითა დგას, – დაიღრინა ეთერომ, მაგრამ დაეტყო, უკვე აღარა ბრაზობდა, – ამ ბალღის მადლობელი უნდა ვიყო, – მირიანასკენ გააქნია თავი:

   – მაგან გადამირჩინა.

   – მადლობა რითიღა უნდა გადაუხადო? – გათამამდა ტარიელა.

   – რითიმე გადავუხდი, – ჩაბუზღუნა ეთერომ.

   – უცოლშვილო ბალღია, თქვენებური ქალი დაალიშნინე, – ხევსურულ ლაპარაკზე გამოაჯავრა ცოლი ტარიელამ, თან ღვთისოს ჩაუკრა თვალი, – წინდებს მოუქსოვს, საქონელს დაუწველის. მეტი მაინც არაფერში ვარგიხართ ხევსურები…

   თამამობდა ტარიელა და ეშმაკობდა, თვითონ კი თანდათან გრძნობდა, სტუმრისათვის რამე, მახრჩობელა არაყზე უფრო მეტი პატივისცემა რომ უნდოდა, თანაც ისეთი პატივისა, გუჯაც რომ დაინახავდა და დააფასებდა. ეგეთი კი ვერაფერი მოიფიქრა. მირიანაც ხომ სულ თავგზას უბნევდა თავისი მონაყოლით…

   – ვჭამეთ, დავლიეთ და ლოგინის გაშლა დაიწყო. რავარია? მარტოები ვართ, მაგისი ხალათი მაცვია, ლოგინს შლის და ქალზე თითი არა მაქვს დადებული. ჩემთვის ვფიქრობ: ”ეხლა, თუ ორი ბალიში დადო, ხო კაი, თუ არა და მოგიწევს მირიან, ჩალიჩი და ენის ტრიალი”. მაიტა, მომიკიდე!

   გაჩერდა და სანამ ღვთისოსგან სიგარეთს უკიდებდა, ერთი-ორიც დაიქსუტუნა ცხვირით.

   – მერე? – ვეღარ მოითმინა გუჯამ.

   ”გამუტრუკებულა, შობელძაღლი!” – სიყვარულით გაიფიქრა შვილზე ტარიელამ.

   – ორი! ორი დადო, – გაიცინა მირიანამ, ორიც თითი ასწია, – ბოლომდე გამისწორა. მერე მთელი სუტკა მეძინა. ეხლა გათხოვილია… – ღუმელში შეაფერფლა და ღუმელზე გააშტერა მზერა, – ერთ სომეხ ბიჭს გაყვა… ვისაც ვუყავი, ყველა გათხოვდა. გამიბაზრდა ეგ ამბავი და, ერთი მაგარი მახინჯი მეზობლის გოგო მყავს ნახალოვკაში, ის მეხვეწებოდა: ”იქნებ მეც მომიხერხო რამეო”. მე ვუთხარი: ”მაგდენს ვერ დავლევ-მეთქი!”

   ყველაზე ხმამაღლა თვითონ გაიცინა და იქვე მდგარ არყიან ბოთლს წაეტანა.

   – ჰა, ძალუავ! – გასძახა ღვთისომ ოთახში შემოსულ ეთეროს, – ალიშნებ ამ ჩემს მამიდის შვილს ხევსურის ქალს, თუ როგორაა საქმე?

   – თუ უნდ, დავალიშნინებ კიდეც, – რძიანი ვედრო ძირს დადგა ეთერომ, – ხევსურებს, აბა, რა სჭირთ თქვენი საწუნი?

   – ხევსურ ქალებზე რაღაცეები გამიგონია, – აქსუტუნდა მირიანა, – აი ქალი და კაცი რო წვებოდნენო ერთად და მთელი ამბებიო, წელზევით ყველაფერიო და ქვეით კიდე – არაფერიო…

   ღვთისოს გაეღიმა, გუჯამ ჩაიფხუკუნა, ეთერო კი მართლა გაბრაზდა:

   – ეგ ფშავლების მოგონილია და ჩვენ გვაბრალებენ…

   – ყველას ერთად გაგიმარჯოთ, დეიდა! – გააწყვეტინა მირიანამ და ჭიქა აიღო ხელში, – ხევსურებსაც, ფშაველებსაც და მთიულებსაც. ყველანი ერთნაირი გიჟები ხართ ამ უდაბნოში შეყრილი.

   – მურტალი ქართველები, არა – ჩაეკითხა ტარიელა, თვითონ უკვე აღარც ახსოვდა როდის მოიქცა მურტალად.

   – თორე შენ არა ხარ სანახევროდ მთიული? – დაუბღვირა მამიდაშვილს ღვთისომ.

   – აბა, მე სადაური მთიული ვარ? – არაყი გადაკრა მირიანამ. – მე ერთი ნახალოვკელი კაცი ვარ, სტუმრად ჩამოსული.

   – ცხენის საჯირითოდ, არა? – მუხლზე ხელი დაარტყა ღვთისომ.

   – რაო? – დაინტერესდა ტარიელაც.

   – რა და ერთი ცხენზე ვერ დამსვა ამ გოთვერანმა, – გაიცინა მირიანამ, – რაც აქა ვარ, იმის მერე ვეხვეწები. თბილისში რო ჩამოდიოდა, მატყუებდა: ორი ცხენი მყავსო, მაგითი დამაბა, თორე აქ ჩამომსვლელი ასი წელი არ ვიყავი.

   – გიყვარს ცხენები, მირიან? – წინ გადაიწია ტარიელა, უცებ რაღაც აზრი მოუვიდა თავში.

   – ცხენების ჯიჟი ვარ. საგარეჯოს ზონის უფროსს აჩუქეს მაგარი ცხენი, პირველი დღეები ზონაზე ყავდა გაშვებული და იმის ცქერით ვერ გავძეხი…

   – კარგად თუ ზიხარ? – აღარ დაამთავრებინა ტარიელამ.

   – დიდი ხანია არ ვმჯდარვარ, – თავი მოიქექა მირიანმა, – ადრე საკაიფოდ ვიჯექი…

   – ეგ როგორია?

   – ეგ ისეთია, რო მაგრად ვიჯექი.

   ტარიელას აღარაფერი უთქვამს. ადგომა და ოთახში გავლა-გამოვლა მოუნდა, მაგრამ არ ქნა – არაფერი დამეტყოსო. არ აპირებდა ნაფიქრალის გამხელას. თუმცა კი ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე. უთენია გაუშვებდა გუჯას პარკაულებთან და იმათ იორღას მიაყვანინებდა ღვთისოსას. ”დაჯდეს და აჭენოს, თუ უხარია”, – გაეღიმა ტარიელას, – ”ნაწვალები კაცია, ნაუბედურალი”. პარკაულები უარს არ ეტყოდნენ, მაგრამ ჯობდა, თვითონ ეთხოვა. გატანებით კი, გუჯას გაატანდა. ბიჭსაც გაახარებდა. თანაც რა ცხენი იყო, რა მკერდი, ან რა შუბლი ჰქონდა. ამათ რა იცოდნენ ცხენებისა…

   – კაი ცხენი, თუ იცი, როგორი უნდა იყოს, მირიან?

   ეტყობა, ძალიან ხმადაბლა თქვა, ანდაც, სულაც თავისთვის, იმიტომ, რომ მირიანს მისკენ არც გამოუხედავს, რაღაც ახალ ამბავს ყვებოდა უკვე.

   ტარიელა კი სტუმარს ყურს ვეღარ უგდებდა. სხვა რამ ედგა თვალწინ. უკვე ხვალინდელ დილაზე ფიქრობდა, უფრო კი იმ წუთზე, გუჯა პარკაულების თეთრ ცხენს რომ მიიყვანდა ღვთისოს ჭიშკართან:

   მზე რომ ახალი მიმდგარი იქნება დაღესტნის მთების წვერებს, გახარებული და გაკვირვებული მირიანა ცხენის ათრთოლებულ ზურგს მიეფერებოდა და უსებ მოექცევა ზედ. პირდაღებული პაცნების თვალწინ შეაყენებს ყალყზე და ზემო ქედისკენ უზამს პირს. მიწას არ შეეხება, ისე გაიქროლებს იორღა არხილოს შარაგზას იქამდე, სანამ მხედარი მარცხნივ არ დაუქაჩავს აღვირს და ალაზნისკენ არ დააქანებს. მირიანას კოხტად, ჯეელურად უჭირავს ტანი თეთრი ცხენის უბელო ზურგზე. ღორღის ჩხრიალით ჩაათავებენ გრძელ, ხრიოკ თავდაღმარტს და ალაზნისპირა ჭალას შეერევიან…

   ბუჩქებიდან სულ ბრდღვიალ- ბრდღვიალით ამოდის მამალი ხოხობი და ის-ის არის, ნაბიჯზე გადასულიგაქაფული ცხენი ფრუტუნით ხტება განზე. მხედარი თითქოს ამასღა ელოდა – მუცელში ქუსლებს ამოჰკრავს, დაბირკულ-დაძურწულ, ნამისაგან მუხლამდე სველ ფეხებს მაგრად მოუჭერს და წინ გააჭენებს, იქით, საცა თუშების ბ ინები ეგულება. თუშების თოვლივით თეთრი ქოფაკები ცხენს ეტანებიან ყეფით, ბინიდან გამოსული წელში მოხრილი სარქალი თვალებს იჩრდილავს, მერე ეტყობა, მხედარს ცნობს და მუშტს უღერებს – უკვე იცის რაც უნდა გაიგონოს.

   – აჰაიტ, თუშებო! ცოლები ვის დსუტოვეთ, თუშებო! – გაჰკივის მხედარი და საბათლოსკენ მიქრის. ვეღარ გაიგებ – ქარისგან აცრემლებია თვალები თუ უკვე თვითონ გამხდარა ქარი?

   შუა ალაზანში ბორანია შესული. გაღმა საინგილოში გადიან სანადიროდ. გაფრენილი იორღას ზურგიდანვე ცნობს ყველას – ქედელ მონადირეებს და იმათ ძაღლებს, კიდევ მაღალ ქალაქელ სამხედროს და იმის ბიჭს, თავისხელა თოფი რომ გადაუკიდია მხარზე. პაპა ალექსი კი, მოხუცი მებორნე – ბევრი წლის წინ გიორგობაზე დამხრჩვალი, ბორნიდან უქნევს ხელს და რაღაცას უყვირის…

   მაშ, როგორი უნდა იყოს კაი ცხენი, ჰა, ძია ტარიელ? – სადღაც შორიდან ჩაესმის მირიანას ხმა.

   ტარიელა თვალს ახელს და იღიმის.

   – კარგ ცხენს ფართო მკერდი, ფართო შუბლი და ფართო გავა უნდა ჰქონდეს. ეგრეა!

   – ეგეთი ქალიც კარგია, მამი! – იცინის გუჯა და მირიანს უკრავს თვალს.

   – ჰაიტ! – შვილს ვითომ დასარტყმელად უღერებს ხელს ტარიელა და ჩუმად ამატებს, – შე მუტრუკო, შენა!..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button