გრიგოლი წერეთელი – მეცნიერების კეთილშობილი რაინდი
ტრაგიკული ბედის დიდებულ ქართველ მოღვაწეთა შორის წამებულის ეკლიანი გვირგვინით შუბლმოსილი შემოგვცქერის სახელოვანი მეცნიერის, 37-იანი წლების უმანკო მსხვერპლის, გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის კეთილშობილი პროფილი. ესაა სახე კაცისა, რომელმაც ანტიკური გმირივით სინათლისათვის თავდადებულმა, ერთხელაც არ უჩვენა ზურგი უძლეველ მტერს და განწირული, უკომპრომისო ბრძოლაში დაეცა. მისი აზრები და შეხედულებები, ცხოვრება და შემოქმედება არასოდეს დაკარგავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თან სდევს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას, ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და შთამაგონებელ მაგალითად გვევლინება ყველასათვის. მას, „სრულიად განსაკუთრებულს მთელს ქართულ კულტურაში“, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ იცნობს ქართველი ხალხი, რადგან რეჟიმისაგან ტაბუდადებული მისი შემოქმედება მხოლოდ უმძიმეს 20-30-იან წლებში გამოდიოდა ივანე ჯავახიშვილის ხელშეწყობით და მას შემდეგ მიუწვდომელი გახდა ფართო საზოგადოებისათვის.