რა არის Tether?
Tether – ეს არის Stablecoin, რომელიც გამოუშვა კომპანია Tether Limited-მა. რადგანაც Tether Dollars (USDT) კომპანიის ყველაზე პოპულარული ტოკენია, Tether-ში სწორედ იგი მოიაზრება.
ვინ და როდის შექმნა Tether?
Tether-ის ისტორია იწყება 2012 წელს, როდესაც პროგრამისტმა J.R. Willet-მა წარადგინა იდეა – შექმნილიყო ახალი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ბაზაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2013 წლის 31 ივლისს გამოუშვეს ტოკენი Mastercoin. მისი პროტოკოლის განვითარების მიზნით (შედეგად შეეცვალა სახელი და გახდა Omni Layer Protocol) შეიქმნა ორგანიზაცია Mastercoin Foundation (შემდგომში Omni Foundation). მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო Bitcoin Foundation-ის თავმჯდომარე Brock Pierce, ტექნიკური დირექტორის პოზიცია კი დაიკავა პროგრამისტმა Craig Sellars-მა.
2014 წლის ივლისში პირსმა, სელარსმა და სარეკლამო ინდუსტრიის ანტრეპრენერმა რივ კოლინზმა აამოქმედეს სტარტაპი Realcoin. 2014 წლის 6 ოქტომბერს Bitcoin-ის ბაზაზე Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით კომპანიამ გამოუშვა Realcoin ტოკენები.
„Realcoin იქნება სრულიად გამჭვირვალე, საიმედო, უსაფრთხო და დაზღვეული. თითოეული დოლარი ჩვენს რეზერვში წარმოდგენილი იქნება ერთი მონეტით მიმოქცევაში ნებისმიერ დროს გამოსყიდვის შესაძლებლობით. ერთი ერთთან მიმართებაში რეზერვი სრულებით ხელმისაწვდომი იქნება აუდიტისთვის“ – აცხადებდნენ პროექტის შემქმნელები.
2014 წლის 20 ნოემბერს Realcoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რივ კოლინზმა დააანონსა პროექტის Tether-ად რებრენდინგი. თავად პროექტის ავტორებს სურდათ თავი აერიდებინათ Altcoin-ებთან ასოცირებისგან. მათ განმარტეს:
„ჩვენ არ ვართ Altcoin-ები, ჩვენ არ წარმოვადგენთ ცალკე ბლოკჩეინს. ჩვენ ვართ სერვისი, ტოკენი, რომელიც წარმოადგენს დოლარს და ვსპეციალიზდებით ბლოკჩეინზე ვალუტის გამოშვებაზე. Tether – ეს არის ციფრული მაკავშირებელი რგოლი რეალური სამყაროს აქტივთან“.
მალე ჰონგკონგში დარეგისტრირებულმა კომპანია Tether Limited-მა დააანონსა დახურული ბეტა-ტესტირების დაწყება სამ ტოკენზე: USTether (US+) აშშ დოლარისთვის, EuroTether (EU+) ევროსთვის და YenTether (JP+) იაპონური იენისთვის.
ასევე დაანონსდა Tether-ის პარტნიორობა ჰონგკონგურ კრიპტობირჟა Bitfinex-სა და სამ სტარტაპთან, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობდა ბროკ პირსი: Expresscoin, GoCoin და ZenBox.
2015 წლის იანვარში Bitfinex-მა Tether ბირჟის ლისტინგში ჩასვა. Bitfinex-ისა და Tether-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ, თუმცა 2017 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Bitfinex-ის თანამშრომლებმა ფილიპ პოტერმა და ჯანკარლო დევასინიმ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნეს კომპანია Tether Holdings Limited.
Tether-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ჰონგკონგური კომპანია Tether Limited გახლავთ Tether Holdings Limited-ის შვილობილი კომპანია.
როგორ მუშაობს Tether?
ტოკენების ემისია:
Tether-ის ტოკენების ემიტენტია Tether Limited. ემისიის პროცესზე თვალყურის დევნება შესაძლებელია Omni Explorer-ში.
Tether-ის ტოკენების მიმოქცევის ციკლი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- მომხმარებელი ახდენს ფიატური ფულის დეპონირებას Tether Limited-ის საბანკო ექაუნთზე.
- კომპანია Tether Limited ქმნის Tether-ის ტოკენებს 1 USD = 1 USDT ან 1 EUR = 1 EURT ეკვივალენტში და აძლევს მომხმარებელს. ტოკენები ბრუნვაში ერთვება.
- მომხმარებელი ახორციელებს ოპერაციებს Tether-ით: გადასცემს, ცვლის და ა.შ.
- მომხმარებელს Tether-ში შეაქვს დეპოზიტი ფიატში გადასაცვლელად.
- Tether Limited ანადგურებს შეტანილ ტოკენებს და მომხმარებელს უგზავნის ფიატს.
თავდაპირველად USDT ტოკენები გამოდიოდა მხოლოდ Bitcoin-ის ბაზაზე Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით.
Omni Layer – ეს არის პლატფორმა, რომელიც რეალიზებულია პროგრამული შრეების სახით Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. იგი საშუალებას იძლევა შეიქმნას, გადაეცეს, თვალყური მიედევნოს, გაიცვალოს და განადგურდეს Tether-ტოკენები. Omni-სა და, ბუნებრივია, Tether-ის თითოეული ტრანზაქცია იწერება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ერთი და იმავე ჰეშით.
ამჟამად Tether-ტოკენები გამოდის Ethereum-ის ბლოკჩეინის ბაზაზე ERC-20 პროტოკოლით, Tron-ის ბლოკჩეინზე – TRC-20 პროტოკოლით, ასევე EOS-ის, Algorand-ის ბლოკჩეინსა და Liquid Network-ის ქსელის ბაზაზე.
მომხმარებლის საბაზისო პროგრამული უზრუნველყოფა
ოფიციალური საფულე – Tether.to.
რადგანაც Tether-ტოკენების ნაწილი გამოშვებულია Omni Layer პროტოკოლის მეშვეობით Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს Omni-ს მიერ მხარდაჭერილი საფულით – ეს არის ოფიციალური დესკტოპ საფულე Omni Core და ვებ-საფულე OmniWallet. აგრეთვე ხელმისაწვდომია Omni Layer-ის მხარდაჭერის მქონე გარე დეველოპერების მიერ შექმნილი საფულეები: Holy Transaction, Ambisafe, Coinomi.
Ethereum-ზე გამოშვებული Tether-ტოკენებისთვის შესაძლებელია საფულეების გამოყენება, რომელთაც აქვთ ERC-20 ფორმატის მხარდაჭერა: MyEtherWallet, Ledger Nano S, Metamask, Atomic, Edge, Exodus და სხვები.
როგორ ვითარდება Tether?
უზრუნველყოფა
2014 წლიდან კომპანიის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ყველა USDT ტოკენი სრულებით უზრუნველყოფილი იყო აშშ დოლარით.
2019 წლის 27 თებერვალს Tether-მა შეცვალა USDT-ის უზრუნველყოფის პოლიტიკა. მას შემდეგ თითოეული მონეტა გამყარებულია „რეზერვებით, რომლებიც მოიცავს ვალუტასა და ფიატური ფულის ეკვივალენტს, აგრეთვე დროდადრო სხვა აქტივებსა და სამომავლო სესხებს, რომლებიც Tether-მა წარუდგინა მესამე მხარეს“.
2019 წლის მაისში Tether Limited-ის მთავარმა იურისტმა სტიუარტ ჰოგნერმა დაადასტურა, რომ USDT ფიატური რეზერვებით მხოლოდ 74%-ით არის გამყარებული.
სამართალწარმოება
2019 წლის აპრილში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ ბირჟა Bitfinex-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ მან დამალა 880 მლნ აშშ დოლარი მომხმარებლებისთვის და გამოიყენა Tether-ის რეზერვები გარღვევის დასაფარად. Bitfinex-ის რესურსები გაიყინა რამდენიმე ქვეყანაში Crypto Capital-ის პროცესინგის ანგარიშებზე.
2019 წლის ოქტომბერში ინვესტორებმა Bitfinex-ის მშობელი კომპანია iFinex Inc.-ის წინააღმდეგ შეიტანეს ჯგუფური სარჩელი და ბრალი დასდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების USDT ტოკენების რეალური უზრუნველყოფის გარეშე შექმნაში. მოსარჩელეების აზრით, ამან გავლენა იქონია Bitcoin-ის ფასის ზრდაზე 2017 წლის ისტორიულ მაქსიმუმამდე.
ბრალდებების ზოგადი ნუსხა მოიცავს აშშ-ის სასაქონლო ბირჟების კანონის, RICO-ს კანონის დარღვევის, ფულის გათეთრების, Pump & Dump სქემის, USDT-ის ემისიის ხარჯზე საბაზრო მანიპულაციებისა და ინვესტორების მიზანმიმართული მოტყუებისთვის ბრალდებებს.
2020 წლის 3 ივნისს მოსარჩელეებმა შეიტანეს სარჩელის ახალი ვერსია, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს Bittrex-ისა და Poloniex-ის მისამართით. ამტკიცებენ, რომ ეს ბირჟები უშუალოდ მონაწილეობდნენ სქემაში, ქმნიდნენ ახალი ლიკვიდურობის ილუზიას ბაზარზე BTC-ის შესაძენი მრავალი ორდერით. Bitfinex-მა და Tether-მა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს და მზად არიან საკუთარი რეპუტაცია დაიცვან სასამართლოში, Bittrex და Poloniex ბრალდებას „არადამაჯერებლად“ მიიჩნევენ.
ტოკენების გამოშვება
2016 წლის სექტემბერში Tether-მა დააანონსა ევროსთან დაკავშირებული EURT (Eurocoin) ტოკენის გამოშვება.
2019 წლის აპრილში Tether-მა გამოუშვა პირველი USDT ტოკენები Tron-ის ბლოკჩეინზე, იმავე წლის ივნისში კი – EOS-ბლოკჩეინზე.
2019 წლის ივლისში Blockstream-მა და Tether-მა გამოუშვეს USDT Stablecoin Liquid Network ქსელში. სამომავლოდ ხსენებული კომპანიები გეგმავენ USDT ტოკენების გამოშვებას მეორე დონის Lightning Network ქსელში.
2019 წლის სექტემბერში Tether-მა გამოუშვა Stablecoin, რომელიც დაკავშირებულია ოფშორულ ჩინურ იუანთან (CNH).
2020 წლის იანვარში კომპანიამ განაცხადა ახალი ტოკენის გამოშვების შესახებ, რომელიც ოქროთი იქნებოდა უზრუნველყოფილი. Stablecoin-ი ხელმისაწვდომი იქნება Ethereum-ის ბლოკჩეინსა (ERC-20 პროტოკოლი) და Tron-ზე (TRC-20). ტოკენის ოქროს უზრუნველყოფა შვეიცარიის საცავებშია.
2020 წლის თებერვალში Tether-მა გამოუშვა აშშ დოლარზე მიბმული Stablecoin-ი Algorand 2.0 ბლოკჩეინზე. პარტნიორობის წყალობით Tether იყენებს სტანდარტიზებული აქტივების (ASA) ტექნოლოგიას. ეს უკანასკნელი ტოკენიზაციისა და „ნებისმიერი ტიპის აქტივების“ გამოშვების ფართო შესაძლებლობებს იძლევა Algorand-ის ბლოკჩეინზე. Algorand-ის დეველოპერები მუშაობენ Proof-of-Stake კონსენსუს ალგორითმის ბაზაზე არსებულ ბლოკჩეინზე.
2020 წლის 20 მარტს შედგა Tether-ის (USDT) გამოშვება Bitcoin Cash-ის ბლოკჩეინზე. ამ მიზნით დეველოპერებმა გამოიყენეს Simple Ledger Protocol, რომელიც BCH ქსელზე ტოკენების გამოშვების საშუალებას იძლევა.