დიდი ილიას პოემები რიცხობრივად არც ისე ბევრია – სულ ხუთი პოემა დაწერა, მაგრამ თითოეული მათგანი კლასიკურ ნაწარმოებს წარმოადგენს და ქართული მწერლობის შედევრად ჩაითვლება.
ილია ჭავჭავაძე დინჯი პოეტი იყო. წერდა ნელა და აუჩქარებლად. იქამდე ნელა, რომ თითოეულ პოემას ერთი წლიდან რამდენიმე წელს ანდომებდა. თანაც ყველა პოემა დაწყებულია პეტერბურგში ცხოვრების დროს (1857-1861), გარდა პოემა „განდეგილისა“, რომელიც საქართველოში შეიქმნა (1883 წ.), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ (მკითხველი მას მოკლედ „კაკო ყაჩაღს“ უწოდებს) დაიწერა პეტერბურგში 1860 წელს. დანარჩენი სამი პოემა პოეტმა დაიწყო პეტერბურგში და დაამთავრა საქართველოში: „აჩრდილს“ წერდა 13 წელი (1859-1872), ხოლო მასზე მუშაობდა 1892 წლამდე. „ქართვლის დედას“ წერდა 11 წელი (1860-1871), „დიმიტრი თავდადებულზე“ კი მუშაობას 17-18 წელი მოანდომა (1860-1877, 1878).
ილიას პოემები ტექსტოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო სურათს იძლევა. საინტერესოა, როგორ წერდა ავტორი ამ პოემებს, როგორ ცვლიდა ტექსტს და როგორ ამუშავებდა მათ. საარქივო მასალებისა და ილიას სიცოცხლისდროინდელი გამოქვეყნებული წყაროების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ილია თითოეულ პოემაზე ძალიან ბევრს ფიქრობდა, ბევრს მუშაობდა. ამის დასტურია, პირველყოვლისა, ის გადახაზული სიტყვები, სტროფები და მთელი რიგი ადგილები, მათზე ან მათ გვერდით მიწერილი სანაცვლო სიტყვები, სტროფები, რომლითაც დაფარულია ავტოგრაფები. გვხვდება სუფთად გადაწერილი ავტოგრაფებიც, დასაბეჭდად გამზადებული, ეს მეორდებოდა გამოქვეყნებულ ტექსტზედაც. დაბეჭდვიდან მეორედ დაბეჭდვამდე კვლავ მიდიოდა მუშაობა ტექსტის შეცვლაზე და ა.შ. ამ მხრივ ურთულესი შრომა აქვს ჩატარებული პოეტს პოემა „აჩრდილზე“. აქ არ შევუდგებით მათ თეორიულ ანალიზს, ამჟამად ეს ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს ფილოსოფიური აზრისა და შინაარსის პოემა სხვა პოემებისაგან განსხვავებით დამუხტულია ეროვნული თუ პატრიოტული ძლიერი ემოციებით, რაც გამორჩეულს ხდის მას ქართულ პოეზიაში.
„აჩრდილს“ ორი რედაქცია და 23 ვარიანტული წყარო აქვს (იგულისხმება ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროები). პირველი რედაქცია სრულია. აქვს თავისი შესავალი და დასასრული. სწორედ ამ რედაქციით დაიწყო ილიამ პოემის წერა და დაამთავრა, როგორც თვითონ წერს, „26 იანვარს, 1859-სა წ.“. რედაქციას, არცერთი თავი არ აკლია განსხვავებით მეორე რედაქციისაგან, სათაურის – „აჩრდილი“ – ქვეშ წერია „ძღვნა“, „ძღვნის“ ტექსტის ბოლოს კი ხელმოწერაა „ილია ჭავჭავაძე“. მასში ჩანს ავტორის დამოკიდებულება პოემისადმი, რომელსაც თავის პირმშოს უწოდებს და მკითხველს სთხოვს, შეიყვაროს იგი, რომელშიც სამშობლოს სევდით გამოწვეული პოეტის დიდი ტკივილია ჩაქსოვილი:
ძღვნა
მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, პირმშო ძე ჩემი,
ახლად შობილი, ნუგეშის და იმედთ მომცემი!
იგი მოგითხრობთ ჩემსა ტანჯვას და ჩემსა ფიქრსა,
რა მამის ცრემლი ზედ ატყვია ლოყებზედ შვილსა.
მიიღეთ ძღვნათა თქვენ მეგობრის ლაღი ტირილი,
თამამათ მოთქმა მისი, რომელიც აშინებს სხვასა;
მიითვისეთ და შეიყვარეთ ჩემი „აჩრდილი“,
ეგ მოგაგონებსთ, მეგობრებო, ჩემ გულის წვასა.
(ჭავჭავაძე)
ამას შემდეგ მოსდევს ისევ სათაური „აჩრდილი“ და იწყება პოემა, რომელსაც წამძღვარებული აქვს ეპიგრაფი „წმ. დავითის ფსალმუნიდამ“: „აღსდექ უფალო, ღმერთო ჩემო და აღმართე ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად!..“ ბოლოს, პოემას უწერია – „დასრულდა“ და თარიღი, თუმცა მას შემდეგ მოსდევს ილიას ოთხსტროფიანი მიმართვა სათაურით „ქართვალებისადმი“, რაც ბოლო, მეორე რედაქციაში არ მეორდება. იგი ასე იწყება:
აჰა, გათავდა!.. ქართველნო, მიცნობთ
ამ ლექსში მწუხარს და მტირალს ქართველს!
შორით, რუსეთით ძმა ძმებს მოგითხრობთ
მას, რაც არ უშრობს ნამდვილ შვილსა ცრემლს.
ამ დროს პეტერბურგში მცხოვრები ახალგაზრდა პოეტი წარმოუდგენლად განიცდის თავის „ტკბილი მამულის“ ბედს, ღმერთს შესთხოვს შეისმინოს მისი ვედრება და გადაარჩინოს იგი, ელის ამ ბნელ ღამეში „დამხსნელი ვარსკვლავის“ გამობრწყინებას და მომავლის იმედი არ უქრება გულში. მიმართვა ასე მთავრდება:
თუ ჩემს ცრემლს, ეხლა ფურცლებზე შემშრალს,
თქვენი ცრემლიცა მოემატება,
მაშინ ვფიცავ იმ ჩვენს დამხსნელ ვარსკვლავს, –
იგი, რაც გვინდა, აღგვისრულდება!
ილია პოემას დიდხანს წერდა და ამუშავებდა, სანამ ბოლო, მეორე რედაქციამდე, ბოლო ნებამდე მივიდოდა. ამ „აჩრდილმა“ ტყავი გამაძრო. ისტორიულ ნაწილზედ ვირსავით შევდექ და ერთი ბიჯი წინ ვეღარ წავდგი. არ ვიცი, რა ვქნა. ვამბობ, ამ „აჩრდილს“ თავი დავანებო-მეთქი. ეგ ოხერი ჩვენი ისტორია… მარტო ომებისა და მეფებიის ისტორიაა, ერი არსად ჩანს, მე კი ასეთის აგებულობის ადამიანი ვარ, რომ მეფეების და ომების სახე არ მიზიდავს ხოლმე, საქმე ხალხია და ხალხი კი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს. ვწუხვარ და ვდრტვინავ და განმკითხავი არსაით არი“, – წერს ილია დ. ერისთავს. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ილიამ პოემას შემდგომ სრული სახე ვერ მისცა და ვერა და ვერ დაწერა პოემის ბოლო რედაქციის 22-ე და 23-ე თავები, რომლებშიც ქართველი ხალხის ისტორია უნდა ასახულიყო.
როგორც აღვნიშნეთ, ილია „აჩრდილის“ ტექსტში ცვლიდა ყველაფერს, რის შეცვლაც შეეძლო (სტროფებს, სიტყვებს, თავებს). მათი ჩვენება ძალიან შორს წაგვიყვანდა, რაც მკითხველს დააბნევდა კიდეც. აქ შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ილია მუშაობის პროცესში ძალიან კრიტიკული იყო არა მარტო ტექსტისადმი, არამედ თავისი თავის მიმართაც. იგი თავს უფლებას არ აძლევდა, მიეყურადებინა მისი ბეჭდვის პროცესიც და ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევდა მას. „ძმაო კირილე, – სწერდა იგი კირილე ლორთქიფანიძეს, – უმიკოვს (პეტრე უმიკაშვილს – რ. კ.), ჩემი „აჩრდილი“ აქვს ახლადგადაკეთებული. იქიდან VII, VIII და IX თავები დაბეჭდე იმ სათაურით, როგორც ადრე იყო დაბეჭდილი „კრებულში“. ამ პატარა ამონარიდითაც ნათელი დასტურია ჩვენი ნათქვამისა. ყოველივე ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ილიას გარეშე, მის სიცოცხლეში შეუძლებელი იყო რომელიმე გამომცემლის ან რედაქტორის თვითნებური ჩარევა, გარდა ცენზურისა.
ცნობილია, როგორ მძვინვარებდა მეფის ცენზურა და ქართველ მწერლებს გასაქანს არ აძლევდა თავისუფლად წერაში და აზროვნებაში, რასაც მწვავედ განიცდიდნენ მწერლები, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც. ამაზე მეტყველებს მისი არაერთი წერილი კერძო პირებისადმი. იგი ყოველმხრივ ცდილობდა თავიდან აეცდინა მისი გამჭოლი მზერა და ბრჯყალები. ამიტომ ილია ძალიან ფრთხილობდა და მაქმისალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის.
პირველ რედაქციას თავისი ვარიანტები აქვს ხელნაწერების სახით: კირ. ლორთქიფნიძის, პ. უმიკაშვილის და უცნობი პირის მიერ გადაწერილი. ჩვენი ყურადღება მიიპყრო უცნობი პირის მიერ გადაწერილმა ტექსტმა (დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში). იგი ცალკე წიგნაკად არის შეკრული და მომზადებულია დასაბეჭდად. ამავე დროს სხვათა გადაწერილისაგან განსხვავებით, სრული ტექსტია. ხელრაწერის შესწავლისას იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს უცნობი, საკმაოდ შეცვლილი ტექსტი ეკუთვნის ილიას, გადამწერი თვით ილია უნდა იყოს. რასაკვირველია, ასე ილიას დროს ტექსტს ვერავინ შეცვლიდა, თუ არა თვითონ ილია. კალიგრაფიაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ილიასეულია. ამას ერთვის ისეთი მინაწერები ტექსტზე, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ავტორს გაეკეთებინა; მაგალითად, II თავზე ფანქრით აწერია: „ეს წიგნში არ არის“, III თავის ბოლოს მიწერილია: „ეს მეტია ბოლომდე“, ასევე V თავის ბოლო ორ სტრიქონზე მიწერილია: „ეს არის მეტი“. ეს სტრიქონები ფანქრით ვერტიკალურად არის გვერდით ჩამოხაზული და გადატანილია მეექვსე თავის დასაწყის სტრიქონებად, ე.ი. VI თავი ამ სტრიქონებით იწყება: „მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა, არცა თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა…“). ამიტომ ამ ხელნაწერზე ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ავტოგრაფზე (დათარიღებულია 1860 წლით). იგი ვარიანტულად არის დამუშავებული, რაც იმის დასტურია, რომ პოეტს დიდხანს უმუშავია და უფიქრია თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ სტროფზე. თავები გადაადგილებულია (I რედაქცია სულ 32 თავისაგან შედგება) და დაყოფილი. მაგალითად, 28-ე თავი ორ თავად არის დაყოფილი 29-ე და 30-ედ და ა.შ. ამ ხელნაწერში ჩნდება ახალი წარწერა სათაურის ქვეშ: «ივანე პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს», საიდანაც ირკვევა, რომ პოემა ავტორმა უძღვნა თავის სიყრმის მეგობარს ივანე პოლტორაცკის (1836-1852) და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს და სოფ. წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დამფუძნებელს ილია წინამძღვრიშვილს (1848-1918). ავტოგრაფში ჩვენთვის ცნობილი ეპიგრაფის ქვეშ წერია აფორიზმი („რა ვარდმან თვისი ყვავილი“…). ამ ავტოგრაფს ქრონოლოგიურად წინ უნდა უსწრებდეს ესკიზი. იგი ცალკეა დაცული ლიტერატურულ მუზეუმში. მისი სათაურია: „აჩრდილი ყაზბეგზედ ანუ ჩანგი მოხუცისა“; სათაურის ქვეშ აღნიშნულია: „I“. ჩანს, ტექსტი ავტორს პოემის ვარიანტის I თავად ჰქონია ნავარაუდევი, მაგრამ შემდეგ ასეთი დასაწყისი პოემისა გადაუფიქრებია. ქვემოთ ვბეჭდავთ ამ ესკიზის ტექსტს, რადგანაც ასეთი სახით (ე.ი. ავტორისეული სახით) იგი მხოლოდ ილიას ოცტომეულის I ტომში დავბეჭდეთ, რომელშიც პირველად ზუსტად მივდევთ ავტოგრაფს:
მზე დაჰყურებდა კავკაზს მღვიძარე,
განაბრწყინებდა მას თეთრთმიანი,
და მით ურყევი, მძლავრი, მყინვარე
ხევდა ჰაერსა ლაჟვარდოვანსა.
მოწმენდილ ცაზედ გძლათ გაწოლილნი
ღრუბელს, ვით ბოლსა, ის მთები ხევდნენ,
და შორს ციაგად მთანი შეცვლილნი
უზომო სივრცეს იკარგებოდნენ,
თავნი ებჯინათ ცისა კამარას.
დიდხანს უგდებდი ყურსა იმ ჩანგსა
თრთოლით შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა
და ღვთიურ სხივით გაბრწყინებული
კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეღო მას თრთოლით ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი,
თურმე მოხუცი ის ლოცულობდა
და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა.
ამის შემდეგ მიდის მოხუცის ლოცვა ორ სტროფად. ტექსტს წამძღვარებული აქვს ეპიგრაფი: „აღსდექ, უფალო ღმერთო…“.
1864 წელს პეტერბურგში კირ. ლორთქიფანიძემ შეადგინა და გამოსცა კრებული „ჩონგური“, რომელშიც გამოქვეყნდა პოემის V თავი სათაურით „არაგვი“.
გავიდა მთელი რვა წელი და ეს დიდებული პოემა აღარ გამოჩენილა პრესის ფურცლებზე, თუმცა მისი ავტორი კვლავ განაგრძობდა პოემაზე მუშაობას. 1972 წლისთვის იქმნება პოემის განახლებული ტექსტი (II რედაქცია), I-სა და შემდეგ II რედაქციის ვარიანტულად შეცვლილი ნაწყვეტები ილიას სიცოცხლეში (1907 წლამდე) 17-ჯერ დაიბძეჭდა. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ამ პოემას 1872 წლის შემდეგ ძირითადი, რედაქციული ცვლილება აღარ განუცდია. ამიტომ 1872 წელი II რედაქციის სავარაუდო თარიღია (დაიბეჭდა 1872 წლის „კრებულში“). პოემის ბოლო ტექსტი I რედაქციისაგან მკვეთრად განსხვავდება, ილიამ იგი თითქმის ხელახლა დაწერა, რომელიც უკვე უახლოვდება ჩვენთვის ცნობილ ძირითად ტექსტს (პოეტის ბოლო ნებას).
პირველი რედაქციის IX თავს („მარად და ყველგან შენთან ვიყავ, ტკბილო ქვეყენავ“…) სათაურად აქვს „ერთი მონოლოგი „აჩრდილიდამ“ ეს IX თავი II რედაქციაში VII თავად მიდის, ამავე დროს უფრო პოეტურად გამართული დასაწყისით: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“. სათაური კი პირველ რედაქციაში ასეა შეცვლილი: ჯერ ეწერა „მონოლოგი“, შემდეგ „ერთი ადგილი „აჩრდილიდამ“, საბოლოოდ ამ სათაურმა მიიღო ასეთი სახე: „ერთი მონოლოგი „აჩრდილიდამ“.
მეორე ახალი რედაქცია მხოლოდ 27 თავს შეიცავს (ტექსტი დაცულია ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში). მე-20 თავი, რომელიც ციფრით მიუნიშნებია ავტორს, ხელნაწერში აღარ დაუწერია. ამ წყაროში ტექსტი მთლიანად გადმოგვცემს თანმიმდევრულად შინაარსს, მიუხედავად თავების გადაადგილებისა. მეორე რედაქციის საბოლოო სახე ჩამოყალიბებულია 1872-1873 წლების ჟურნ. „კრებულის“ ნომრებში, ცალკეულ თავებად.
1873 წლის „კრებულში“ (№ 2) დაიბეჭდა „აჩრდილის“ მე-11-14 თავები. ამ დროს ილია წერილს სწერს ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მწერალს ნიკო ნიკოლაძეს: „ჩემი „აჩრდილის“ პირველ ნაწილს გიგზავნი. თუ მოგეწონოს, სრულად დაბეჭდე. ვიცი, რომ XVI ხანის უკანასკნელ ოთხ სტრიქონს ცენზორი ამოშლის. ისევ ისა ჰსჯობია, ჩვენ წინადვე დავასწროთ, რომ სხვაზე მაინც არ აღელდეს“. მართლაც, ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ჩვენი ტექსტის XVI თავი (იგი ჟურნალში XI თავად მიდის), რომელშიც გამოტოვებულია ილიას მიერ მითითებული სტროფი:
გრძნობას ოქროს ფასად ჰყიდიან,
მთვარის ღიმილზე – პატიოსნებას
და გაჟანგებულ ბორკილზედ სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.
ნ. ნიკოლაძემ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ილიას თხოვნა და ეს სტროფი ამოიღო, თუმცა პ. ინგოროყვას აზრით, იგი ამოშალა ცენზურამ „კრებულში“ დაბეჭდილი ტექსტიდანო.
ამავე წლის „კრებულის“ №5-6-ში ამ ბოლო რედაქციის მე-17 თავი, რაც ჩვენთვის ცნობილი ტექსტის (ტ. I, 1987 წ.) მე-11 თავს მისდევს, განიცდის მთელ რიგ ცვლილებებს. „აჩრდილის“ მეორე რედაქცია ვარიანტულად კვლავ გადამუშავებული, თავიდან ბოლომდე გამოქვეყნდა 1881 წლის „ივერიაში“, თუმცა მას ცენზორის ხელიც ატყვია. ამოღებულია სიტყვები, სტროფები, სტრიქონები. მაგალითად, ამოღებულია შემდეგი სტროფები:
ვსთქვი, თუ სად ცა ეგრე მჭვირვალებს,
ღამე ესეთის დილით თენდება,
სადც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს
და ძალუძს კაცსა ბედნიერება.
ან კიდევ:
თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე,
ხედვათ უცნაურს სახილველისა,
მოეხსნა ყურთა თითქო სიბნელე,
სმენად ბუნების მეტყველებისა.
ამ ტექსტში არ ჩანს 22-ე და 25-ე თავები. საბოლოოდ მაინც დარჩა 22-ე და 23-ე თავები ცარიელი. ვფიქრობთ, ილია ბოლომდე ვერ მოერია ამ უმძიმეს ტვირთს და პოემას საბოლოო სახე ვერ მისცა. პ. ინგოროყვას განსხვავებული აზრი აქვს. მისი ფიქრით, ეს თავები ილიამ დაწერა, მაგრამ ცენზურამ ამოაგდო და დაიკარგა, ხოლო გიორგი ჯიბლაძე თვლის, რომ ეს თავები ილიას საერთოდ არ დაუწერია. ჩვენც, რასაკვირველია, ვიზიარებთ ამ ბოლო მოსაზრებას. ილიას სურდა ქართველი ხალხის ისტორიის წარმოჩენა, მაგრამ მოუცლელობის თუ სხვათა მიზეზის გამო სურვთილი სურვილადვე დარჩა.
1892 წელს „ქართველთა ამხანაგობის“ მიერ გამოვიდა ილიას თხზულებათა I ტომი, უშუალოდ ილიას მეთვალყურეობით და მონაწილეობით. ტომში დაიბჭდა „აჩრდილიც“, თუმცა კვლავ ვარიანტულად შეცვლილი, ვიდრე 1881 წელს გამოქვეყნებული. მასში ძირითადად აღდგენილია ის ადგილები, რომლებიც გამოტოვებულია „ივერიაში“. 1892 წლის შემდეგ პოემას სახე არ უცვლია და ხან მთლიანად, ხან ნაწყვეტების სახით იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს. კერძოდ, კრებ. „ჩანგში“ დაიბეჭდა პოემის V თავი უსათაუროდ (1892); 1898 წელს „პოემების კრებულში“ დაიბეჭდა მთელი პოემა, უთარიღოდ და ხელმოწერით: „ილია ჭავჭავაძე“. 1904 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა „ლექსები თ. ილია ჭავჭავაძისა“. მასში დაიბჭდა „აჩრდილიდან“. სხვადასხვა ნაწყვეტი, სათაურით „ლოცვა (აჩრდილიდან)“, ასევე, სხვადასხვა თავი სხვადასხვა სათაურით: „არაგვი“ (V თავი), „მარად და ყველგან საქართველოვ“ (VII თავი) და სხვა. 1904 წელს გამოდის კრებულები „ჩანგური“ და „ქნარი“, რომლებშიც ასევე იბეჭდება ნაწყვეტები „აჩრდილიდან“. 1907 წელს გამოდის „ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები“; ასევე, „ჩვენი მწერლობა.. 1. მგოსნები“, რომელშიც „აჩრდილის“ მთლიანი ტექსტია წარმოდგენილი, მცირეოდენი შემოკლებით. ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ ილიას სიცოცხლისდროინდელ პერიოდს ეხება, ამიტომ ეს წყაროები სანდო და სარწმუნოა უფრო მეტად, ვიდრე პოეტის სიკვდილის შემდეგდროინდელი ნაბეჭდების (ვგულისხმობთ, 1914, 1925- 1937 და 1951 წლების გამოცემებს). ილიას სიკვდილის შემდეგდროინდელ ამ გამოცემებში აშკარაა რედაქტორ-გამომცემლების თვითნებური ჩარევები და ტექსტებში შეტანილი სწორებები (მათ შორის „აჩრდილის“ ტექსტისაც), რაც ყოვლად დაუშვებელია აკადემიურ გამოცემებში.
რაც შეეხება პოემის დათარიღებას, მას ვაძლევთ ფართო თარიღს, ე.ი. პოემის I რედაქცია დაიწერა პეტერბურგში 1859 წლის 26 იანვარს. ბოლო რედაქცია კი საქართველოში, დუშთში. რადგანაც მისი ავტორისეული თარიღი უცნობია, თარიღად ვიღებთ მის პირველ პუბლიკაციას (1872 წ.). ამრიგად, პოემის თარიღია: 26 იანვარს, 18549-სა წ. პეტერბურგი, – [1872 წ., დუშეთი].
დამოწმებანი:
არქივი: ილია ჭავჭავაძის არქივი. დაცული კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
ჭავჭავაძე 1951-1961: ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ტ.I,ტ.X, პ. ინგოროყვას რედაქციით, თბ.: 1951-1961.
ჭავჭავაძე 1987: ჭავჭავაძე ი. თხზულებანი ოც ტომად. ტ. I, თბ.: 1987.
ჯიბლაძე 1966: ჯიბლაძე გ. ილია ჭავჭავაძე. თბ.: 1966.
Rusudan Kusrashvili
For the Creative History of the Narrative Poem „The Phantom“
Summary
Ilia Chavchavadze worked for a long time on tha narrative poem „the Phantom“. The poem has two editions (which sharply differ from each other) and 23 variations (manuscripts and printed). The first edition includes 32 chiefs and the second one has 27 chiefs.
The first edition has been given author’s date (1859, 26 January), the second edition is without date and therefore conditionally we date it according to the first publication (1872).
Ilia worked much on the poem. He always changed the text during the repeated works on it; he changed the words, lines, verses, and even chiefs. These changes confirm a difficult and long way to the perfection of this poem. The author began working on it in 1859 and finished it in 1872, though the work was continued till 1892, when the first volume of Ilia’s selected works was printed peculiarly with Ilia Chavchavadze’s taking part in.
Being the necessary conditions for the academical edition of the works Ilia Chavchavadze’s lifetime sources are considered in the given article.
წყარო: ლიტერატურული ძიებანი 2007 №28
http://www.nplg.gov.ge