ამონარიდებიგამონათქვამები

კონსტანტინე გამსახურდია მთვარის მოტაცება (ამონარიდები)

სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ – შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.

ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.

ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.

ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.

თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button