ისტორია

ნაცისტების დადებითი მხარე

ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური სისტემაა და როგორც წესი, მათი ხსენებისას მაშინვე ჩნდება სისხლისღვრისა და სისასტიკის ასოციაცია. ამის მიუხედავად, არის საკითხები, რომლებშიც ნაცისტები მართლები იყვნენ და გატარებული პოლიტიკით სამყაროს სიკეთე მოუტანეს.

პოსტი მიზნად არ ისახავს ნაცისტების რეჟიმის დანაშაულთა გამართლებას. ფაქტია, რომ ნაცისტური მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო ისტორიაში. სტატიის მიზანი ნაკლებად ცნობილი დეტალების გაშუქებაა.


ცხოველების დაცვა. 1933 წელს, როცა ნაცისტები სათავეში მოვიდნენ, არამარტო ადამიანების, არამედ ცხოველების საკითხიც განიხილეს. 1934 წელს მათ დაამტკიცეს სანადირო კანონები, თუ რამდენი ცხოველის მოკვლა შეიძლებოდა 1 წლის განმავლობაში. ასევე დააწესეს სანადირო სეზონები. ეს კანონები, ასე თუ ისე შეცვლილი სახით, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დღეს. ეს კანონი ცნობილი იყო როგორც “Das Reichsjagdgesetz”, ანუ რაიხის ნადირობის კანონი. 1935 წელს ახალი კანონი დაემატა, სახელად “Reichsnaturschutzgesetz”, რომელიც ბუნების დაცვას ეხებოდა. სახელმწიფო იცავდა რამდენიმე ჯიშს, მათ შორის მგელსა და ევროპულ ფოცხვერს. ეს კანონები რომ არა, ზოგიერთი ჯიში საერთოდ გაქრებოდა გერმანული ტყეებიდან.


ვივისექციის აკრძალვა. მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო ნაცისტური გერმანია, რომელმაც აკრძალა ვივისექცია, ანუ ექსპერიმენტები ცოცხალ ცხოველებზე. ეს საკითხი რაიხსტაგში ჯერ კიდევ 1927 წელს დაისვა. ჰერმან გერინგი, ჰაინრიხ ჰიმლერი და ადოლფ ჰიტლერი მხარს უჭერდნენ ცხოველების დაცვას, განსაკუთრებით გმობდნენ მათი სისასტიკით ხოცვას. თანამედროვე კანონები, რომლებიც ვივისექციას ზღუდავს, როგორც გერმანიაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში, აღებულია ნაცისტური წესებიდან. თუმცა ირონიული კი იყო იმ მხრივ, რომ შეიწყალეს ცხოველები და სამაგიეროდ, შავი დღე აყარეს ებრაელებს, ბოშებს, ჰომოსექსუალებს და ა.შ.


მოწევის საწინააღმდეგო კანონები. ჰიტლერმა წამოიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ეფექტური მოძრაობა თამბაქოს წინააღმდეგ. იმ დროს, როცა 30-იან და 40-იან წლებში სხვა ქვეყნებში ანალოგიურმა აქციებმა სრული კრახი განიცადეს, ნაცისტურ გერმანიაში საკმაო წარმატება ხვდა წილად. აიკრძალა მოწევა რესტორნებსა და ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მიდიოდა რეკლამირება მოწევისთვის თავის დანებებისკენ. გაიზარდა ფასი თამბაქოზე, კანონის დამრღვევებზე დიდი ჯარიმები დაწესდა. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები აფრთხილებდნენ ხალხს, რომ მოწევა საფრთხეს უქმნიდა ორსული ქალის ნაყოფს. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ წელიწადში ერთი გერმანელი საშუალოდ 749 ღერს ეწეოდა, ამერიკელი კი – 3000-ს.


კეთილდღეობის პროგრამები. ნაცისტურმა გერმანიამ განახორციელა კეთილდღეობის ერთ-ერთი უმსხვილესი პროგრამა ისტორიაში, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ყველა გერმანელს ჰქონოდა ცხოვრების სტანდარტული პირობები. ვისაც საშუალება ჰქონდა, რიცხავდა თანხას ნაცისტების ანგარიშზე, შემდეგ კი ისინი განკარგავდნენ მას. ამ პროგრამის ერთ-ერთი აქცია იყო ის, რომ ნაცისტებიცა და ჩვეულებრივი მოსახლეობაც დადიოდა ქუჩებში და ფინანსურად ეხმარებოდა გაჭირვებულ მოქალაქეებს. აქციის მიზანი, გარდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა, იყო მოქალაქეებისთვის სიკეთის ქმედების ინიციატივის მიცემა. აქციაში ხშირად იღებდა მონაწილეობას ნაცისტი იოზეფ გებელსი, ასევე ახდენდა პროგრამის რეკლამირებას რადიოთი, ტელევიზიითა და ბეჭდური პრესით.


ფოლკსვაგენის “ხოჭო”. ფოლკსვაგენი თარგმანში ნიშნავს “ხალხის მანქანას”. შეიქმნა სპეციალურად იმისთვის, რომ ნებისმიერ გერმანელს შეძლებოდა მისი ყიდვა. დიზაინის იდეა ჰიტლერს ეკუთვნის – მან დამპროექტებლებს ურჩია, მანქანა ხოჭოსთვის მიემსგავსებინათ. მოდელს დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან პატარა მოტოციკლის ფასი ჰქონდა. მაგრამ ომის მიწურულს მოსახლეობის ფინანსურმა შესაძლებლობებმა იკლო, რის გამოც ავტომობილის პოპულარობა თანდათან შემცირდა. მესამე რაიხის პერიოდის მიწურულს მას უფრო სამხედრო ტრანსპორტის დანიშნულება ჰქონდა. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, გამხდარიყო პოპულარული მოდელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის ცნობილი იყო საიმედოობით, გამორჩეული დიზაინითა და მოხმარების სიმარტივით. 1938-2003 წლებში 21 მილიონი ეგზემპლარი დამზადდა, რაც ერთი მოდელისთვის რეკორდია. ასევე იქცა ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი წარმოების ავტომობილად.


ავტობანი. მართალია, იდეის ავტორები ნაცისტები არ ყოფილან, მაგრამ ჰიტლერი მხურვალედ უჭერდა მხარს ავტობანების პოპულარიზაციას. მისი ინიციატივით, გერმანიაში ავტობანების მსხვილი ქსელი შექმნეს. ასევე გერმანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ჩქაროსნული ავტოსტრადა გაიყვანეს. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი საგზაო ინჟინერიაში, რომელმაც შეცვალა გადაადგილების სისტემა. მალე ბევრი ქვეყანა გაეჯიბრა გერმანიას, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი. გერმანული ავტოსტრადა მთელი ქვეყნის ტერიტორიებს მოიცავს, უფრო მეტიც, გადის სხვა ქვეყანაშიც კი – ავსტრიაში. გარდა ამისა, ავტოსტრადის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 100 000 მუშა, რაც დამატებითი პლიუსი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის.


რაკეტები. ადამიანი, რომელმაც რაკეტების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ვერნერ ფონ ბრაუნი, ნაცისტური პარტიის წევრი იყო. ის ეხმარებოდა როგორც გერმანიას, ისე აშშ-ს თანამედროვე სარაკეტო სისტემის განვითარებაში. II მსოფლიო ომის შემდეგ კი აშშ-ის მოქალაქე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დამსახურებებიც აქვს, მაგალითად თვითმფრინავებში თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტების დაყენება, ფართო საზოგადოებაში მაინც ნასაში მიღწეული წარმატებებითაა ცნობილი. მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია სატურნ V – მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი. სწორედ მისი დახმარებით დაჯდა ადამიანი მთვარეზე 1969 წელს. ფონ ბრაუნის გამოგონებებმა კარი გაუხსნა ადამიანს კოსმოსში მოგზაურობისკენ.


სიახლეები კინოში. ნაცისტები ინტერესით ეკიდებოდნენ მუსიკასა და კინოს, როგორც კულტურის გამორჩეულ სფეროებსა და ქვეყნის პროპაგანდის საშუალებებს. მაგნიტური ლენტით პირველად ჰიტლერის გამოსვლა ჩაიწერეს. იოზეფ გებელსის ინიციატივით, ფილმის გადაღების მრავალი რთული მეთოდი შემუშავდა. მაგალითად, პროპაგანდულ ფილმს “ნებისყოფის ზეიმი / Triumph des Willens”, რომელიც წარმოადგენს სიქველს ასევე პროპაგანდული ფილმისა “რწმენის ზეიმი / Der Sieg des Glaubens”, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კინემატოგრაფიის ისტორიაში. რეჟისორი ლენი რიფენშტალი (სურათზე მარჯვნივ) იყენებდა უმაღლესი ხარისხის 30 კამერას, ასევე დაიხმარა 100-მდე ტექნიკოსი, რათა ორსაათიანი ფილმი გადაეღო. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტზე შეზღუდვა არ იყო, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს. პროპაგანდული ფილმების ეპოქა დასრულდა, მაგრამ იმდროინდელი ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი დღესაც იხმარება ჰოლივუდში სპეცეფექტების მისაღებად.


მოდა. ნაცისტების უნიფორმა მათ მმართველობას შეესაბამებოდა: მსხვილლანჩიანი ტყავის ჩექმები, უხეში ქუდი, ხარის ტყავისგან შეკერილი პალტო. ფერები ძირითადად შავი, ნაცრისფერი და მოყავისფრო. ამით ისინი მოწინააღმდეგეებში შიშს აღძრავდნენ. პალტოსა და ქუდის ფორმა მოგვიანებით ამერიკელებმაც გადაიღეს. ბრიტანული ფირმის Dr. Martens-ის ნაწარმი კი შეხედვისთანავე მოგვაგონებს ნაცისტურ ჩექმებს. ბევრი იმდროინდელი (და არამარტო) ევროპელ-ამერიკელი როკერის ჩაცმულობაში იყო ნაცისტური მოდის გავლენა. “ადიდასის” დამაარსებელი, ადოლფ დასლერი ასევე ნაცისტი იყო. ის ომის პერიოდში ვერმახტისთვის ამზადებდა ფეხსაცმელებს. ბერლინის ოლიმპიადის დროს კი გერმანელ და ამერიკელ მონაწილეებს ამარაგებდა სპორტული ფეხსაცმლით. მისმა ძმამ, ასევე ნაცისტმა რუდოლფ დასლერმა კი დააარსა… “პუმა”. ამათ დამატებული კიდევ ერთი ნაცისტი, სახელად ჰუგო ბოსი.


სამედიცინო წინსვლა. როგორც უნდა მიუდგე, ცხადია, რომ ნაცისტების სამედიცინო ექსპერიმენტები ენით აღუწერელი საშინელება იყო, შეუბრალებელი და ავადმყოფური ქმედებები. თუმცა ამ ექსპერიმენტების დროს ბევრი ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც მედიცინას წაადგა. შეკრიბეს ინფორმაცია, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება ექიმების მიერ. მაგალითად, ნაცისტები დაკვირვებით სწავლობდნენ ჰიპოთერმიას (ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად) დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში. თუმცა ეს ხდებოდა მსხვერპლების არაადამიანური წამებით. ნაცისტები უშვებდნენ მათ სპეციალურ ავზში, რომელიც გაყინული წყლით იყო სავსე, ან კიდევ ზამთრის სიცივეში გარეთ აგდებდნენ შიშველს. თან აკვირდებოდნენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, გულისცემის სიხშირეს, კუნთების მოქმედებასა და შარდის ცვლილებებს. თავიდან ეს ექსპერიმენტი მოხალისე ჯარისკაცებზე ტარდებოდა, მაგრამ ნაცისტები არ იყვნენ კმაყოფილნი შედეგებით და ბანაკებს მიადგნენ. ისინი ცდილობდნენ, შეემუშავებინათ ფორმულა, რომლითაც სხეული ძველ ტემპერატურას აღიდგენდა. მათ შორის იყო ე.წ. სხეულის ხელახალი ჩქარი გახურება, რომელსაც დღესაც იყენებენ დასავლეთში ჰიპოთერმიის წინააღმდეგ. ქირურგიაში კი დღესდღეობით გულსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ოპერაციების ჩატარების დროს იყენებენ ხელოვნურ ჰიპოთერმიას ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირების მიზნით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button