ელანტრისი – ღმერთების ქალაქი
სახელწოდება: ელანტრისი
ავტორი: ბრენდან სანდერსონი
ციკლი: ელანტრისი
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2005
შეფასება Goodreads-ზე: 4.14/5
თუკი დღეს რომელიმე ავტორის სახელი ეპიკურ ფენტეზის უკავშირდება, ეს პირველ რიგში ბრენდან სანდერსონია. კაცი, რომელმაც რობერტ ჯორდანის ლეგენდარული დროის ბორბალი დაასრულა და რომელიც ამ ეტაპზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია ახალი თაობის ეპიკურ მეზღაპრეებს შორის. მისი პოპულარობა ძირითადად სწორედ დროის ბორბალის ბოლო რამდენიმე წიგნმა, მისთბორნის ტრილოგიამ და აგერ, ახლახანს დაწყებულმა სამომავლოდ გამზადებული 10-წიგნიანი საგის პირველმა ორმა ნაწილმა (რომელსაც ქართულადაც მალე ვიხილავთ) განაპირობა, თუმცა პირველი ვრცელი რომანი, რომელმაც ახალგაზრდა ავტორს წარმატება მოუტანა, 2005 წელს გამომცემლობა “თორმა” გამოსცა და ამ რომანს “ელანტრისი” ჰქვია. ელანტრისი თავის მხრივ მხოლოდ მცირედით არის დაკავშირებული ავტორის სხვა რომანებთან და პრინციპში, მისი შემოქმედების პირველ სერიოზულ ნაშრომს წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით მანამდე გამოცემულ რამდენიმე მცირე ზომის მოთხრობას.
ელანტრისის სიქუელის გამოცემას მკითხველი დღემდე ელოდება, თუმცა როგორც ჩანს, ბრენდანი ზედმეტად გადატვირთულია მიმდინარე საგების წერით და თავისი პირველი პირმშოც ჯერჯერობით მივიწყებული ჰყავს. ზოგადად, წიგნი კლასიკური ეპიკური ფენტეზია, მცირედი პოსტ-აპოკალიპტური, დრამატული და შიგადაშიგ რომანტიკული ელემენტებითაც. მის შესახებ საუბრისას, კრიტიკოსები როგორც წესი პირველ პლანზე იმ ელემენტს აყენებენ, რაც სანდერსონმა თავის მთავარ ნიშადაც გაიხადა. ეს არის ძალიან ორიგინალური მაგიური სისტემა და ის მხატვრული სიმსუყე, რასაც სანდერსონი თავის შემდგომ ნამუშევრებში კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. თორემ, ეს რომ არა, წიგნს აშკარად ეტყობა დამწყები ავტორის ხელი და შიგადაშიგ სიუჟეტი ბანალურიც ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელანტრისი მაინც რჩება აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში, როგორც საწყისი საფეხური დიდ და მშვენიერ “სანდერსონისეულ” სამყაროში.
წიგნი ეხება ქალაქს და მისი მთავარი გმირიც ქალაქია. ელანტრისი – ღმერთების ქალაქად იწოდებოდა და მისი სიმშვენიერე ყველას თვალს სჭრიდა. ელანტრისის უშველებელი კოლონები და ციხე-კოშკები ცის კაბადონს სწვდებოდა, მისი მაცხოვრებლები კი იმდენად დიდ სიმაღლეებს აღწევდნენ, როგორც სულიერი, ისე მატერიალურ-ტექნიკური განვითარებით, რომ დროთა განმავლობაში ისინი თავიანთ თავს უკვე ღმერთებსაც უტოლებდნენ, რამეთუ აღარაფერი იდგა ელანტრისელთა მაღლა და მალე მთელმა სამყარომ შეიცნო ელანტრისი – როგორც ღმერთების სამყოფელი. თუმცა, ჟამთასვლამ ღვთიურ ქალაქს განსაცდელი მოუვლინა და ეს განსაცდელი ერთგვარი სენი, დაავადება – შაოდი აღმოჩნდა. შაოდმა შთანთქა ქალაქი და მისი მცხოვრებლები, დაანგრია და გააჩანაგა ერთ დროს დიდებული შენობები და მალევე ელანტრისი მხოლოდ წარსულის დიდების ნაშთად იქცა.
ელანტრისის გარდა წიგნს მეორე მთავარი გმირიც ჰყავს და ეს გმირიც ქალაქია. არელონი – ტიპური ეპიკური ციხე-ქალაქია, რომლის პრინციც პირველივე თავში ავადდება შაოდით. საქმე ის არის, რომ მამამისი, ანუ არელონის მეფე, როგორც წესი და რიგია, შვილის “ელანტრისელად” ქცევას საგულდაგულოდ მალავს და ხალხში ხმას ავრცელებს, თითქოს ის ავადმყოფობით გარდაიცვალა. თუმცა, საქმე ის არის, რომ დაავადებული ელანტრისელის მოკვლა შეუძლებელია. ის კარგავს თმას, გამძლეობას, სუსტდება და ნადგურდება, თუმცა არ კვდება. ყველა ამგვარ ინდივიდს არელონის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ელანტრისის ნასახლარში მიერეკებიან და საგულდაგულოდ შემოსაზღვრული კედლის მიღმა რეზერვაციაში ამყოფებენ. ასე და ამგვარად, ყველამ იცის, რომ ახლა ელანტრისში მხოლოდ ცოცხალ-მკვდარი ნახევრად-ადამიანები ცოცხლობენ, თუმცა არავის წარმოუდგენია, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდებული არელონის ტახტის მემკვიდრე, რაოდენია.
რაოდენის პერსონაჟი არის მთავარი რევოლუცია ელანტრისში. ის იწყებს მშიერი ელანტრისელების გონების კვებას და ცდილობს მათი ფსიქოლოგია შეცვალოს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ისეთივე რთული აღმოჩნდება როგორც ახალი ქალაქის მშენებლობა, თუმცა დროთა განამვლობაში ელანტრისი ხელახლა იბადება და მისი მცხოვრებლებიც ივიწყებენ ისეთ მოთხოვნილებებს როგორიც შიმშილი და წყურვილია. ელანტრისი ემსგავსება იდეალური სოციალისტური წყობის საზოგადოებას.
ფორმალურად სიუჟეტი სამ ხაზად იშლება. ერთი – ზემოხსენებული რაოდენის ელანტრისეული ცხოვრება, მეორე – მისი აწ “დაქვრივებული” მეუღლის (რომელიც არც კი ენახა თვალით, სანამ სენი შეეყრებოდა, თუმცა საქორწინო კონტრაქტი ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქორწინებას მაინც კანონიერ ძალაში ტოვებდა), რომელიც არელონის გამოცოცხლებას და მისი ბელთაყვა მეფის აზრზე მოყვანას ცდილობს და მესამე – ფანატიკოსი რელიგიური ლიდერის, რომელიც მთელი რუდუნებით უმტკიცებს ხალხს, რომ ელანტრისელები ღვთის რისხვით დასჯილი ხალხია და რომ მათი ადგილი იმ დედამიწისეულ ჯოჯოხეთშია, რომელშიც ისედაც იმყოფებიან.
წიგნი თავიდან ბოლომდე ეძღვნება მდუმარებიდან, სიჩუმიდან და უმოძრაობიდან გამოღვიძებას. ახლის შექმნისა და დაწყების სურვილს, ჩაკლული ენერგიის, სულისა და მონდომების ხელახლა გაღვივებას და ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენებას. ელანტრისი ბრენდან სანდერსონის პირველი სერიოზული ნაბიჯია დიდ ლიტერატურაში და როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი გრძელი ბილიკის დასაწყისი აღმოჩნდა. ბრენდანი შესვენებას არ აპირებს; თანამედროვე ეპიკური ფენტეზის ხმალამოღებული რაინდი დღესაც დაუღალავად აგრძელებს ცდას იმისათვის, რომ მკითხველს თავისი ზღაპრული სამყარო შეაყვაროს. ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია….
ავტორი: ირაკლი სულაძე