– რა არის უბიკი?
სათაური: უბიკიავტორი: ფილიპ კ. დიკიპირველი გამოცემის წელი: 1969შეფასება Goodreads-ზე: 4.1/5
“…მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით…”
უბიკი ფილიპ დიკის მიერ შექმნილი რეალობაა, რომელიც უდავოდ ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და რომლის მთავარი მოქმედებაც 1992 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარ გმირებს მისტერ გლენ რანსიტერის ასოციაციის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებიც ინერციალების სახელით არიან ცნობილი. ინერციალები ერთგვარი ზებუნებრივი შესაძლებლობის ადამიანებად ითვლებიან, თუმცა უბიკში ეს სულაც არ ითვლება ზებუნებრივად. სიუჟეტში მთავარი კვანძი იკვრება მაშინ, როდესაც ინერციალები მთვარეზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლი ხდებიან და ნელ-ნელა მათი ცხოვრების რეალობა დროსა და სივრცეში ირევა, კარგავს ბუნებრივი სვლის მიმართულებას და ეს ყოველივე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. (ანდა დიკისგან ეს რა გასაკვირია…)
მაგრამ, რა არის უბიკი?
“…უბიკი ხალხის რჩეული ლუდია, რომელიც მხოლოდ კლივლენდში მზადდება.”
რანსიტერის ასოციაციის ხერხემალი მისი მთავარი გამომცდელი, ჯო ჩიპია, რომელიც თავის მხრივ, დიკის წიგნებისთვის დამახასიათებელი სიმშრალით და უბრალოებით ხასიათდება. მას არ ჰყავს მეგობარი ქალი, ნაკლებად ამოძრავებს კერძო ინტერესი, ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და საკუთარი ბინის ფასიანი კარისთვის გადასახდელი ხუთ-ცენტიანიც არ აქვს, რის გამოც კარმა შეიძლება სასამართლოში უჩივოს. მოკლედ, ჩიპი ტიპური ‘მთავარი გმირის’ ტიპის პერსონაჟია, რომელმაც საბოლოოდ სამყარო უნდა გადაარჩინოს, თუმცა უბიკის სამყაროს გადარჩენა არ სჭირდება, რადგან უბიკი…
“…მარტივია გამოსაყენებლად, არ ეკვრის ზედაპირს და მის სისუფთავეს ბზინვარებას სძენს. უბიკი დაგიზოგავთ დროს და დაგავიწყებთ სამზარეულოს გაუთავებელ ხეხვას. უბიკი სრულებით უსაფრთხოა ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში. “
ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაცია და პრინციპში მთელი მსოფლიოც, 1992 წელს უკვე ფასიან ტექნიკაზეა გადასული. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, – ყავის მოდუღება, კარის გაღება, შუაღამით მაცივრის სტუმრობა და შხაპის მიღება, შესაბამისად, 5, 10, 15, ან 40 ცენტი დაგიჯდებათ. გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენ კრედიტუუნაროს სტატუსს იღებთ და ეს სტატუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ. სხვათა შორის, სწორედ ამ პრობლემის წინ დგას ჯო ჩიპიც მაშინ, როცა ის ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მზვერავის, გ. გ. ეშვუდის ‘ნანადირევს’, ანტიტელეპათიური უნარის პატრონს, მოხდენილსა და კოხტას, შავგვრემან პატ კონლის გაიცნობს. პატის უნარი, ყველა სხვა ინერციალისგან განსხვავებულია იმ მხრივ, რომ მას შეუძლია გადაინაცვლოს წარსულის კონკრეტულ მომენტში და შეცვალოს მისი სვლა, მოახდინოს დროითი კონტინიუმის იმგვარი ცვლილება, რომ ამის შესახებ ვერავინ მიხვდეს. პატი კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელზე დაკვირვებაც ნამდვილად ღირს და რომელიც არც ერთ მომენტში არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის ირგვლივ რაიმე სახის ზუსტად განსაზღვრული შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ.
დროდადრო (თუმცა ეს განსაზღვრებაც მთლად ზუსტი არ არის, რადგან ‘დრო’ უბიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფეხქვეშ გათელილი კატეგორიაა) პატი ჯო ჩიპის ფინანსური გარანტი ხდება და მისი ფინანსური პრობლემებიც წარსულს ბარდება. არადა, ამის მიღწევა ჯოს სხვაგვარადაც შეეძლო, რადგან…
“…თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, თქვენ უნდა ესტუმროთ „უბიკის“ დაგროვებით-შემნახველ ბანკს. ის დაგეხმარებათ ვალებისგან გათავისუფლებაში…”
დიკი გვთავაზობს ფილოსოფიური დუალიზმის ახლებურ განსაზღვრებას. 90-იანებში ადამიანები უკვე იყენებენ მორატორიუმებს, სადაც შესაბამისი მომსახურების და გარდაცვლილის ცხედრის სამაცივრე სარკოფაგში მოთავსების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მისი ცერებრარული აქტივობის აღდგენა და ერთგვარი ნახევარ-სიცოცხლის შექმნა, რომლის პერიოდშიც მიცვალებულები ახლობლებთან კავშირზე გამოსვლის უნარს იძენენ. მორატორიუმი უზარმაზარ დერეფნებიანი ცივი შენობაა, რომელიც ერთი დიდი სარკოფაგია, სადაც ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ მკვდარ სხეულებს ეკრანზე გამოსახვის და მეტყველების უნარი აქვთ შერჩენილი. სხვათა შორის, მორატორიუმი ამ პერიოდში საკმაოდ მომგებიან საქმიანობად ითვლება და მისი მეპატრონე, ჰერბერტ შონჰაით ფონ ფოგელზანგიც საკმაო ფულს შოულობს. ამიტომ, მას არაფერში სჭირდება უბიკი.
ნახევრად-სიცოცხლე განსაკუთრებით საინტერესო და საშიში ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების შუაწელს შემდეგ, ჩვენ მას უკვე მეორე მხრიდანაც ვეცნობით. ანუ არა მორატორიუმის, სადაც ახლობლები თავიანთ მიცვალებულებთან კონტაქტს ამყარებენ, არამედ მეორე, მიცვალებულთა სამყაროს მხრიდან, სადაც თავის მხრივ, არავინ თვლის თავს მიცვალებულად და საბოლოოდ ჩნდება შეკითხვა – რომელი სიცოცხლეა რეალური? ის, სადაც უბიკი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუ ის, სადაც უბიკს თვით ბუნებრივ ხრწნადობასა და სიბერის პროცესზეც კი აქვს ბატონობა.“…ჩვენი სურვილი იყო, თქვენთვის მოგვეწოდებინა ჯერაც არნახული საპარსი. ვთქვით, რომ დროა, მამაკაცის სახეს მეტი მზრუნველობით მოვეპყრათ. ვთქვით, რომ უბიკის მექანიკური, შვეიცარიული ქრომის უცვეთი პირების დახმარებით, ნაკაწრები წარსულს ჩაბარდა. სცადეთ უბიკი და თქვენ შეიყვარებთ მას.ყურადღება: გამოიყენეთ ფრთხილად, მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად…”
გეთანხმებით, ყველაფერი გაუგებარია. თუმცა, ათი ამდენი რომ წერო, მაინც ძნელი იქნება იმის გადმოცემა, რასაც დიკი ამ წიგნით ყვება. უბიკი 17 თავს შეიცავს და სანამ ბოლომდე ჩახვალთ, თავი შეიძლება 17-ჯერ დაკარგოთ. 17-ჯერ დაალაგოთ სათქვენო სცენარი და 17-ჯერ გასცეთ პასუხი შეკითხვას – რა არის უბიკი?საერთო ჯამში, ეს არის ამერიკელი ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, რომელზეც აშკარად ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი. ეს არის დიდი გამოცანა და ლაბირინთი, რომლის ამოხსნაც მხოლოდ უბიკის დახმარებითაა შესაძლებელი. თქვენ წინ გელით დაუჯერებელი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, სულის გამყინავი და გულის ამაჩქარებელი ცვლილებები პერსონაჟებსა და მათ მისწრაფებებში. ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი ვიკუნიას (ცხოველია ასეთი) ტყავის ტანსაცმლიდან პლატონის თეორიებამდე, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებიანი იასამნისფერი მარკებიდან ფასიან მოლაპარაკე კარამდე. საბოლოოდ, თქვენ გაიგებთ, რა არის უბიკი, მაგრამ ეს შეკითხვა ბოლომდე შეკითხვად დარჩება, რადგან “… უბიკის სახელი, რომელიც არავინ იცის, არასდროს ითქმის…”
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ავტორი: ირაკლი სულაძე