ნიკოლაი გოგოლი – შინელი
დეპარტამენტში… მაგრამ სჯობს არ დავასახელოთ დეპარტამენტი. ყოველგვარ დეპარტამენტზე, პოლკზე, კანცელარიაზე, ერთი სიტყვით, ყოველგვარ თანამდებობდივ წოდებაზე ბრაზიანი რამ არაფერი არსებობს, ახლა უკვე ყოველ კერძო კაცს თავის პიროვნების სახით შეურაცხყოფილად მიაჩნია მთელი საზოგადოება, ამბობენ, რომ სულ ახლახან მიუღიათ, აღარ მახსოვს, რომელიღაც ქალაქის კაპიტან-ისპრავნიკის თხოვნა, რომელშიც იგი გარკვეულად ასწერს რომ იღუპება სახელმწიფო დადგენილებიანი და რომ სულ ამაოდ იხსენიება მისი წმიდათაწმიდა სახელი. ამის დასამტკიცებლად თხოვნისათვის თან დაურთავს უშველებელი ტომი რომელიღაც რომანტიკული თხზულებისა, სადაც თურმე ყოველ ათ გვერდზე ვხვდებით კაპიტან-ისპრავნიკს, ზოგ ადგილას უგონო მთვრალსაც კი. ამრიგად, ერთ დეპარტამენტში მსახურობდა ერთი მოხელე; ვერ ვიტყვით, რომ ეს მოხელე მეტად შესამჩნევი ყოფილიყო; ტანდაბალი, მოჩოფურო, ცოტათი წითურა, ცოტათი მოელმოც, შუბლთან ოდნავ გამელოტებული, ორსავე მხარეს ლოყებდანაოჭებული და ისეთი ფერის სახისა, როგორსაც ბუასილიანი ადამიანის ფერი ეწოდება… რას იზამ! პეტერბურგის ჰავის ბრალია. რაც შეეხება ხარისხს (რადგან ჩვენში უპირველეს ყოვლისა ხარისხი უნდა დაასახელო), მისი ხარისხი ის იყო, რასაც მუდმივი ტიტულიარნი სოვეტნიკი ეწოდება: როგორც ცნობილია, ამ ხარისხის მოხელეების აბუჩად აგდებით და გამასხარავებით საკმაოდ იჯერეს გული სხვადასხვა მწერლებმა, რომელთაც საქებარი ჩვეულება აქვთ დაესიონ იმათ, ვისაც კბენა არ შეუძლია. მოხელის გვარი იყო ბაშმაჩკინი. უკვე თვით გვარი გვიჩვენებს, რომ იგი ოდესღაც ბაშმაკისაგან წარმომდგარა: მაგრამ როდის, რა დროს და როგორ წარმოსდგა ეს გვარი ბაშმაკისაგან, – არავინ არაფერი იცის. მამასაც, პაპასაც, მათ მოყვრებსაც კი, ერთი სიტყვით, ყველა ბაშმაჩკინს ჩექმა ეცვა, მხოლოდ წელიწადში სამჯერ უცვლიდნენ ძირს. სახელად აკაკი აკაკიევიჩი ერქვა. ეს სახელი მკითხველს შესაძლოა ეუცხოოს ან ეჩვენოს, განზრახ გამოუნახესო, მაგრამ შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ სრულიად არ გამოუნახავთ და თავისთავად შეიქმნა ისეთი გარემოება, სხვა სახელის დარქმევა არასგზით არ შეიძლებოდა. აი, როგორ მოხდა ეს: აკაკი აკაკიევიჩი დაიბადა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ოცდასამი მარტის წინაღამეს. განსვენებული დედამისი, მოხელის ცოლი და ძალიან კარგი ქალი, უკვე მოემზადა იმისათვის, რომ ბავშვი მოენათლა, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა. დედა ჯერ კიდევ ლოგინიდან ამდგარი არ იყო, კარის პირდაპირ იწვა; მარჯვნივ იდგნენ ნათლიმამა – საუცხოო ადამიანი, ივან ივანიჩ ეროშკინი, რომელიც განყოფილების გამგედ მსახურობდა სენატში, და ნათლიდედა, უბნის ზედამხედველი ოფიცრის ცოლი, იშვიათი სათნო ქალი, არინა სემიონოვნა ბელობრიუშკოვა. მელოგინეს მიანდეს სამში ერთი სახელი აერჩია სურვილისამებრ: ან მოკი, ან სოსი, ან კიდევ წამებული ხოზდაზატის სახელი დაერქმია ბავშვისათვის. “არა, – გაიფიქრა განსვენებულმა. – სულ რაღაცნაირი სახელებია”. მისი ხათრით სხვა ადგილას გადაშალეს კალენდარი; ისევ სამი სახელი მოიკითხეს: ტრიფილი, დულა და ვარახასი. “ეს რა უბედურებაა, – წაილაპარაკა ქალმა, – სულ რაღაც ისეთი სახელებია, მართალი გითხრათ, არასოდეს არ გამიგონია. ვარადატი ან ვარუხი მაინც რომ იყოს, კიდევ ჰო, თორემ ტრიფილი და ვარახასიო”. კიდევ გადაშალეს ერთი ფურცელი და გამოვიდა პავსიკახი და ვახტისი. “ეჰ, – თქვა ქალმა, – ჩანს, ასეთი ბედი ჰქონია. რახან ასეა, სჯობს მამამისის სახელი ეწოდოს. მამას აკაკი ერქვა, შვილსაც აკაკი ერქვას”. ამგვარად წარმოიშვა აკაკი აკაკიევიჩი. ბავშვი მონათლეს. მონათვლის დროს ისე ატირდა და დაიმანჭა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ ტიტულიარნი სოვეტნიკი გახდებოდა. აი ასე მოხდა ყოველივე. ჩვენ ეს იმისათვის გავიხსენეთ, რომ მკითხველმა თვითონ დაინახოს ამ ამბის სრული აუცილებლობა. როდის და რა დროს შევიდა იგი დეპარტამენტში, ან ვინ მოაწყო, ეს აღარავის ახსოვდა. რამდენი დირექტორი და სხვადასხვა უფროსი არ გამოიცვალა, იმას მაინც სულ ერთსა და იმავე ადგილზე, იმავე მდგომარეობაში, იმავე თანამდებობაზე ხედავდნენ, იმავე გადამწერ მოხელედ; ასე რომ შემდეგ კიდეც ირწმუნეს, ალბათ ასეც დაბადებულა ამ ქვეყნად, ვიცმუნდირით გამოწყობილი და თავმოტვლეპილიო. დეპარტამენტში მას არავითარ პატივს არა სცემდნენ. დარაჯები არამცთუ ფეხზე არ დგებოდნენ, როცა გაივლიდა, ზედაც არ შეხედავდნენ ხოლმე, თითქოს მისაღებ ოთახში უბრალო ბუზმა გაიფრინაო. უფროსები რაღაც დესპოტური გულცივობით ეპყრობოდნენ. რომელიმე განყოფილების უფროსის თანაშემწე პირდაპურ ცხვირში მიახლიდა ქაღალდებს და არც კი ეტყოდა: “გადასწერეთ”, ან კიდევ “აი, საინტერესო, კარგი საქმე”, ან რაიმე სასიამოვნოს, როგორც წესიერ სამსახურში იქცევიან. ისიც მხოლოდ აიღებდა ქაღალდს, არც კი შეხედავდა, ვინ მიაჩეჩა და ჰქონდა თუ არა ამის უფლება. აიღებდა ქაღალდს და მაშინვე მოემზადებოდა გადასაწერად ახალგაზრდა მოხელეები დასცინოდნენ, რამდენადაც ჰყოფნიდათ კანცელარიული გონებამახვილობა; აქვე, მისი თანდასწრებით ჰყვებოდნენ მასზე შეთხზულ სხვადასხვა ისტორიებს: ამბობდნენ, სამოცდაათი წლის მოხუცი დიასახლისი სცემსო, ეკითხებოდნენ, როდის იქნება თქვენი ქორწილიო, თავზე ქაღალდის ნაკუწებს აყრიდნენ, და ეუბნებოდნენ, თოვლიაო, მაგრამ ამის პასუხად აკაკი აკაკიევიჩი კრინტსაც არ სძრავდა. თითქოს მის წინ არავინ არ ყოფილიყოს. ეს არც მის მუშაობაზე ახდენდა გავლენას: მთელი ამ აბეზრობის მიუხედავად ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია წერის დროს. მხოლოდ როცა მეტისმეტად აუტანელი იყო ხუმრობა, როცა ხელს აუკრავდნენ და წერას შეუშლიდნენ, მაშინ ეტყოდა ხოლმე: “თავი დამანებეთ, რად მჩაგრავთო”. და რაღაც ისეთი უცნაური რამ ისმოდა ამ სიტყვებსა და კილოში, რაღაც ისეთი სიბრალულის აღმძვრელი, რომ სამსახურში ახალშესული ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სხვებს მიჰბაძა და თავს ნება მისცა აბუჩად აეგდო იგი, ერთბაშად გაჩერდა, თითქოს გულში ლახვარი მოხვდაო; მას აქეთ თითქოს ყველაფერი შეიცვალა ამ ახალგაზრდის თვალში, ყველაფერი სხვა სახით ეჩვენა. რაღაცა უძლეველმა ძალამ ჩამოაშორა ამხანაგებს, რომლებიც ადრე ზრდილობიან, მაღალ საზოგადოებაში გამოსულ ადამიანებად მიაჩნდა. ამის შემდეგ დიდხანს, უმხიარულეს წუთებშიც კი, თვალწინ წარმოუდგებოდა ხოლმე შუბლთან გამელოტებული ტანდაბალი მოხელე მისი გულში ჩამწვდომი სიტყვებით: “თავი დამანებეთ, რად მჩაგრავთო”, – და ამ გულში ჩამწვდომ სიტყვებში სხვა სიტყვები მოისმოდა: “მე ძმა ვარ შენიო!” ახალგაზრდა კაცი სახეზე ხელს მიიფარებდა ხოლმე. თავის ცხოვრებაში ბევრჯერ შეძრწუნებულა, როცა დაუნახავს, თუ რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას…
ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, რომ ასე შესისხლხორცებოდა თავის თანამდებობას. როდი კმარა, თუ ვიტყვით, რომ ერთგულად მსახურობდა, – არა, იგი სიყვარულით ასრულებდა საქმეს. ამ გადაწერაში რაღაც მრავალფეროვან და საამურ სამყაროს ხედავდა. მისი სახე სიამეს გამოხატავდა: ზოგიერთი ასო განსაკუთრებით უყვარდა და, თუ შეხვდებოდა, გულით ხარობდა: უცინოდა კიდევაც, თვალსაც ჩაუკრავდა, ტუჩებსაც მიიშველიებდა, ასე რომ თითქოს შეიძლებოდა მის სახეზე ამოგეკითხათ ყოველი ასო, რომელიც კალამს გამოჰყავდა. ბეჯითობის მიხედვით რომ ეძლიათ ჯილდო, მისდა გასაკვირად შესაძლოა სტატსკი სოვეტნიკებიც კი მიეღო; მაგრამ, როგორც მისივე ოხუნჯი ამხანაგები ამბობდნენ, საბოლოოდ მან მიიღო ღილკილოში გასაკეთებელ ჯილდოდ ბალთა, წელს ქვევით კი – ბუასილი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მის მიმართ არავითარი ყურადღება არ გამოუჩენიათ. ერთმა გულკეთილმა დირექტორმა მოიწადინა დაეფასებინა მისი ხანგრძლივი სამსახური და ბრძანა ჩვეულებრივ გადაწერაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე დაევალებინათ: სახელდობრ, უბრძანეს უკვე გამზადებული საქმიდან შეედგინა რაღაც მიმართვა სხვა სახელმწიფო დაწესებულებისადმი; საჭირო იყო მხოლოდ სათაური შეეცვალა და აქა-იქ ზმნა პირველი პირის ნაცვლად მესამე პირით დაეწერა. ამან ისეთი ჯაფა დაატეხა თავს, რომ მთლად ოფლში გაიწურა, ისრისა შუბლი და ბოლოს თქვა: “არა, სჯობს მომეცით რაიმე გადავწეროო”. მას აქეთ სამუდამოდ დატოვეს გადამწერად. ამ გადაწერის გარეშე მისთვის თითქოს არაფერი არ არსებობდა. ტანსაცმელზე სრულიად არ ზრუნავდა: მისი ვიც-მუნდირი მწვანე კი არა, რაღაც მოწითალო-მოყვითალო ფერისა იყო. ვიწრო დაბალი საყელო ჰქონდა, ასე რომ, თუმცა გრძელკისერა არ იყო, საყელოდან ამოწეული კისერი მაინც არაჩვეულებრივად გრძელი უჩანდა, როგორც თაბაშირის კატებს, რომლებიც თავს აქნევენ და რომლებსაც გასაყიდად თავზე შედგმულს დაატარებენ რუსეთში მცხოვრები უცხოელები. ვიცმუნდირზე ყოველთვის რაღაც ჰქონდა მიკრული: ან ჩალა, ან რაიმე ძაფი; თანაც განსაკუთრებით დახელოვნებული იყო იმაში, რომ ქუჩაში სწორედ იმ სარკმლის ქვეშ ჩაევლო, საიდანაც რაიმე ნაგავს ჰყრიდნენ, ამიტომ მუდამ ეყარა ქუდზე საზამთროს ან ნესვის ქერქები თუ სხვა ამის მსგავსი ნაყარნუყარი. თავის სიცოცხლეში ერთხელაც არ მიუქცევია ყურადღება, თუ რა ხდება ყოველდღე ქუჩაში; როგორც ცნობილია, ასეთ რამეს ყოველთვის შეხედავს მისივე მოძმე, ახალგაზრდა მოხელე, რომელიც იმდენად ცნობისმოყვარეა და ისე უჭრის თვალი, ქუჩის გადაღმა ქვაფენილზეც კი შენიშნავს, ვის მოსძვრა შარვლის სამაგრი პაჭანგი, რაც მუდამ ცბიერ ღიმილს იწვევს მის სახეზე. აკაკი აკაკიევიჩი კი, როცა რამეს უყურებდა, ყველაფერში თავის სუფთად დაწერილ, ჩაწიკწიკებულ სტრიქონებს ხედავდა. ხოლო თუ ღმერთმა უწყის საიდან გაჩენილი ცხენის თავი მხარზე დააწვებოდა და დაასუნთქებდა ლოყებზე, მხოლოდ მაშინ შენიშნავდა რომ შუა სტრიქონზე კი არა, უფრო სწორედ, შუა ქუჩაში იყო. შინ რომ მივიდოდა, მაშინვე მაგიდას მიუჯდებობდა და ისე ჰაიჰარად შესვლიპავდა კომბოსტოიან სუპს და შეჭამდა ხახვით შეკაზმულ ხორცის ნაჭერს გემოს ვერც კი შეამჩნევდა. ჭამდა ბუზებიანად თუ ყოველივე იმიანად რასაც ღმერთი ინებებდა იმჟამად. როცა შეატყობდა, რომ მუცელმა ბერვა დაუწყო, ჭამას თავს ანებებდა, პატარა ქილაში ჩასხმულ მელანს აიღებდა და შინ მოტანილი ქაღალდების გადაწერას შეუდგებოდა. თუ გადასაწერი არ ექნებოდა, მაშინ საგანგებოდ, საკუთარი სიამოვნებისათვის გადაიღებდა პირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქაღალდი შესანიშნავი იყო ენის სილამაზით კი არა, რომელიმე ახალი ან წარჩინებული პიროვნების მისამართით.
იმ საათებშიც კი, როცა პეტერბურგის მოღუშულ ცაზე სრულიად გაქრებოდა მზის სინათლე, როცა მთელი მოხელეობა გაძღებოდა და ისადილებდა, ვისაც როგორ შეეძლო თავისი ჯამაგირისა და წადილის მიხედვით – როცა უკვე ყველაფერი დაისვენებდა დეპარტამენტის მოსამსახურეთა კალმის წრიპინის, ფაციფუცის, თავისი თუ სხვის მაგიერ მუშაობისა და ყოველივე იმის შემდეგ, რასაც დაუდევარი ადამიანი ნებაყოფლობით კისრულობს იმაზე უფრო მეტადაც, ვიდრე საჭიროა, – როცა მოხელეები მიეშურებოდნენ, რომ სიამოვნებით გაეტარებინათ დანარჩენი დრო. ვინც უფრო მკვირცხლი იყო, თეატრში მიქროდა, ზოგი ქუჩაში მიიჩქაროდა გოგონების დასათვალიერებლად, ზოგი საღამოზე, რომ ამ ხნის განმავლობაში ქათინაურები ეფრქვია მოხელეთა ვიწრო წრის მშვენებად აღიარებული რომელიმე სანდომიანი ქალიშვილის წინაშე, ზოგი, – ეს კი ყველაზე ხშირად ხდება, – უბრალოდ მიდიოდა მეოთხე ან მესამე სართულზე მცხოვრებ თავის ამხანაგთან, რომელსაც მრავალი მსხვერპლის, უსადილოდ დარჩენისა და დროს ტარებაზე ხელის აღების ფასად მოდური ნათურით ან რაიმე სხვა ნივთით მცირეოდენი პრეტენზიით მოწყობილი დერეფნიანი ან სამზარეულოიანი ორი პატარა ოთახი ეჭირა; ერთი სიტყვით, იმ დროსაც კი, როდესაც მოხელეები თავიანთი მეგობრების პატარა ბინებში წავიდ-წამოვიდოდნენ, რომ ვისტი ეთამაშნათ, ჩაი ეხვრიპათ და თან კაპიკიანი ორცხობილა შეეტანებინათ, გრძელი ჩიბუხი ებოლებინათ და სათამაშო ქაღალდის დარიგებისას მოჰყოლოდნენ მაღალ წრეში გაგონილ რაიმე ჭორს, რაზედაც რუსი კაცი ვერასოდეს, ვერავითარ მდგომარეობაში ვერ აიღებს ხელს; ან კიდევ, როცა სიტყვის მასალა გამოლეულია, ისევ გაემეორებინათ ანეგდოტი კომენდანტზე, რომელთანაც იმის შესატყობინებლად მისულან, ფალკონეს ქანდაკების ცხენს კუდი მოაჭრესო, – ერთი სიტყვით, მაშინაც კი, როცა ყველა ცდილობს დრო გაატაროს, აკაკი აკაკიევიჩი არც კი ფიქრობდა გართობაზე. ვერავინ იტყოდა, როდისმე თუ უნახავს იგი რომელიმე საღამოზე. გადაწერით რომ გულს იჯერებდა, დასაძინებლად დაწვებოდა და ღიმილით წინასწარ ოცნებობდა ხვალინდელ დღეზე: ნეტავი განგება სახვალიოდ გადასაწერად რას გამიმზადებსო? ასე მიმდინარეობდა უშფოთველი ცხოვრება იმ ადამიანისა, რომელიც ოთხასმანეთიანი წლიური ჯამაგირით კმაყოფილი იყო თვისი წილხვედრისა. შესაძლოა ასეც მიეღწია ღრმა მოხუცობამდე, თუ რომ არ არსებობდეს მრავალნაირი უბედურება, რითაც არა მარტო ტიტულიარნი სოვეტნიკის, არმედ ტაინი, დეისტვიტელნი, ნადვორნი თუ ყოველგვარი სხვა სოვეტნიკების ცხოვრების გზაც უხვად არის მოფენილი, – იმათიც კი, ვინც არც არავის აძლევს და არც თვითონ იღებს რჩევას ვისგანმე.
პეტერბურგში ბუდობს ყველა იმ ადამიანის საშინელი მტერი, რომელსაც წელიწადში ოთხასი მანეთი ან დაახლოებით ამდენი ჯამაგირი აქვს. ეს მტერია ჩვენებური ჩრდილოეთის ყინვა, თუმცა კი ამბობენ, ყინვა მეტად მარგებელია ჯანმრთელობისათვისო, დილის ცხრა საათისათვის სწორედ იმ დროს, როცა ქუჩები დეპარტამენტში მიმავალი ხალხით ივსება, ყინვა ისე მაგრად იჩხვლიტება და განურჩევლად ყველას ისე უწიწკნის ცხვირს, რომ საცოდავმა მოხელეებმა აღარ იციან, სად დამალონ თავიანთი ცხვირები. ამ დროს, როცა დიდი თანამდებობის პირებსაც კი შუბლი ეთოშებათ და თვალებზე ცრემლი ადგებათ ყინვისაგან, საბრალო ტიტულიარნი სოვეტნიკები ზოგჯერ უმწეონი არიან. ერთადერთი ხსნა იმაში მდგომარეობს, რომ თხელ შინელებში გახვეულებმა რაც შეიძლება სწრაფად გადაირბინონ ხუთი-ექვსი ქუჩა და შემდეგ მეკარის სამყოფელში მანამდე აბაკუნონ ფეხები, სანამ ამ საშუალებით არ დაიბრუნებენ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების უნარსა და ნიჭს, რაიც გზაში გაჰყინვიათ. აკაკი აკაკიევიჩმა ერთი ხანია იგრძნო, რომ ყინვამ განსაკუთრებით მძლავრად დაუწყო წვა ზურგსა და მხარში, თუმცაღა ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გადაერბინა კანონით დაწესებული სივრცე. ბოლოს იფიქრა, ჩემს შინელს ხომ არაფერი ცოდვა სჭირსო. როცა შინ კარგად დაათვალიერა შინელი, აღმოჩნდა, რომ ორ-სამ ადგილას, სახელდობრ, ზურგსა და მხრებში, მაუდი იმდენად გაცვეთილიყო, რომ ლანდი გასდიოდა, სარჩულიც დაძენძილიყო. უნდა მოგახსენოთ, რომ აკაკი აკაიევიჩის შინელი მოხელეთა დაცინვის საგნად იყო გადაქცეული: შინელს მისი კეთილშობილი სახელიც კი აჰყარეს და კაპოტი შეარქვეს. მართლაც რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა მისი შინელი: საყელო წლითიწლობით სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა, რადგან სხვა ადგილებში საკერებლის დადებას ხმარდებოდა. ამ საკერებლებით თერძი დიდ ოსტსტობას ვერ დაიკვეხებდა, – შინელი ხალვათად და უშნოდ ადგა. როცა აკაკი აკაკიევიჩმა ნახა, როგორც იყო საქმე, გადაწყვიტა მიეტანა შინელი პეტროვიჩთან, – იმ თერძთან, რომელიც სადღაც უკან კიბით ასავალ მეოთხე სართულზე ცხოვრობდა; ეს თერძი, მიუხედავად იმისა, რომ ცალთვალა იყო და მთელი სახე ნაყვავილარით ჰქონდა დაფარული, საკმაოდ კარგად ახერხებდა მოხელეთა თუ სხვათა შარვლებისა და ფრაკების შეკეთებას, რასაკვირველია, როცა ფხიზელი იყო და სხვა საქმე არაფერი ჰქონდა გუნებაში ნავარაუდევი. რა თქმა უნდა, ამ თერძზე ლაპარაკიც კი არ ეღირებოდა, მაგრამ რახან მიღებულია, რომ მოთხრობაში ყველა პიროვნება სრულად უნდა დაახასიათო, ამიტომ სხვა გზა არ არის, პეტროვიჩიც უნდა წარმოგიდგინოთ. თავდაპირველად მას გრიგორი ეწოდებოდა და ვიღაც მებატონის ყმა იყო; პეტროვიჩი იმის შემდეგ უწოდეს, რაც აზატობის სიგელი მიეცა და საკმაოდ ბლომად დაიწყო გადაკვრა ყველა უქმეზე – ჯერ დიდი დღესასწაულების, ხოლო შემდეგ განურჩევლად ყველა საეკლესიო დღესასწაულის დღეს, რომელსაც კი წინ ჯვარი ესვა კალენდარში. ამ მხრივ პეტროვიჩი ბეჯითად იცავდა მამა-პაპათა ზნე-ჩვეულებას და როცა ცოლს ეჩხუბებოდა, მიწიერ ქალსა და გერმანელ დედაკაცს უწოდებდა. რაკი ცოლი ვახსენეთ, ორიოდე სიტყვა იმაზედაც უნდა ვთქვათ; მაგრამ, საუბედუროდ, ამ ქალზე ცოტა იყო ცნობილი, კერძოდ ის, რომ პეტროვიჩს ცოლი ჰყავდა, რომელიც თავსაბურს იხურავდა და არა მოსახვევს; მაგრამ, მგონია, სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა; ყოველ შემთხვევაში, შეხვედრისას მარტო გვარდიელი ჯარისკაცები თუ შეუჭვრეტდნენ თავსაბურის ქვეშ, ულვაშს აათამაშებდნენ და რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემდნენ.
აკაკი აკაკიევიჩი რომ პეტროვიჩთან ადიოდა კიბეზე, – სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს კიბე მთლად მოწუწული იყო ნარეცხი წყლით და გამჯდარი ჰქონდა სპირტის ის სუნი, რომლიც თვალებს სწვავს და, როგორც ცნობილია, პეტერბურგის ყველა სახლის უკანა კიბის განუყრელ კუთვნილებას შეადგენს, – ჰოდა, პეტროვიჩთან რომ ადიოდა, აკაკი აკაკიევიჩი უკვე იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენს მოსთხოვდა პეტროვიჩი, და გუნებაში გადაწყიტა, არ მიეცა ორ მანეთზე მეტი. კარი ღია იყო, რადგან დიასახლისი რაღაც თევზს ამზადებდა სადილად და სამზარეულოში იმდენი კვამლი დაეყენებინა, ტარაკანებიც კი აღარ ჩანდნენ. აკაკი აკაკიევიჩმა სამზარეულო ისე გაიარა, თვით დიასახლისსაც კი არ შეუმჩნევია; ბოლოს ფეხი შედგა ოთახში, სადაც შეუღებავ ხის ფართო მაგიდაზე თურქ ფაშასავით ფეხმოკეცილი იჯდა ფეხშიშველი პეტროვიჩი, როგორც თერძებს სჩვევიათ მუშაობის დროს. პირველ ყოვლისა, აკაკი აკაკიევიჩს თვალში ეცა მისთვის კარგად ცნობილი ცერი, კუს ბაკანივით სქელი და მაგარი დამახინჯებული ფრჩხილით. პეტროვიჩს კისერზე აბრეშუმისა და ძაფის შულო ეკიდა, მუხლზე კი რაღაც ძველმანი ედო. ის უკვე სამიოდე წუთსა ცდილობდა ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას, მაგრამ ვერ ახერხებდა; ამიტომ ძალზე მოსდიოდა გული სიბნელეზეც, ძაფზეც და ხმადაბლა ბურტყუნებდა: “არ ეყრება წყეული! გადამიყოლე, შე შეჩვენებულო, და ესაა!” აკაკი აკაკიევიჩს არ ესიამოვნა, რომ ისეთ დროს მივიდა, როცა პეტროვიჩი ჯავრობდა. მაშინ უყვარდა ხოლმე პეტროვიჩისათვის რისამე შეკვეთა, როცა იგი უკვე რამდენადმე შეზარხოშებული ან, როგორც მისი ცოლი ამბობდა: “არყით გახეთქილი იყო წყეული ცალთვალა”. ასეთ მდგომარეობაში პეტროვიჩი ჩვეულებრივ დიდ ხათრს უწევდა და ფასს უკლებდა, მუდამ თავსაც კი უკრავდა და მადლობას უხდიდა. მართალია, მერე ცოლი მოდიოდა და წუწუნებდა, ჩემი ქმარი მთვრალი იყო და ასე იაფად იმიტომ იკისრაო, მაგრამ ერთ უზალთუნს დაუმატებდა და საქმეც გაიჩარხებოდა ხოლმე. ახლა კი პეტროვიჩი, როგორც ეტყობოდა, ფხიზელი იყო და ამიტომ მტკიცე ხასიათზე დახვდა, ისე, რომ ვერ დაიყოლიებდა და, ვინ იცის, რა მამასისხლად დაუფასებდა. აკაკი აკაკიევიჩი მიხვდა ამას და, როგორც იტყვიან, უკან დახევა დააპირა, მაგრამ საქმე უკვე დაწყებული იყო: პეტროვიჩმა თავისი ერთადერთი თვალი მოჭუტა და დაჟინებით მიაშტერა; აკაკი აკაკიევიჩმაც უნებურად წარმოთქვა:
– გამარჯობა, პეტროვიჩ!
– გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო! – უპასუხა პეტროვიჩმა და თვალი გადაავლო აკაკი აკაკიევიჩის ხელებს, რომ დაენახა, თუ რა საკბილო მოუტანა.
– აი, მოვედი, პეტროვიჩ, იმაზე რომა…
უნდა მოგახსენოთ, რომ აკაკი აკაკიევიჩმა აზრის გადმოცემა მეტწილად თანდებულებით, ზმნისართებითა და ბოლოს ისეთი ნაწილაკებითაც იცოდა, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ხოლო თუ საქმე მეტად ძნელი იყო, მაშინ ხომ ჩვეულებრივ სრულიად აღარ ამთავრებდა წინადადებებს. ასე რომ ძალიან ხშირად დაუწყია ლაპარაკი სიტყვებით: “მერწმუნეთ, ეს სრულიად ისა…”, რის შემდეგ უკვე აღარაფერს იტყოდა, თვითონაც ავიწყდებოდა და ფიქრობდა, უკვე ყველაფერი ვთქვიო.
– რაშია საქმე? – თქვა პეტროვიჩმა და თავისი ერთადერთი თვალი მოავლო მის ვიცმუნდირს საყელოდან დაწყებული ვიდრე სახელოებამდე, ზურგამდე, კალთებამდე და ღილკილოებამდე. ყოველივე ამას ძალიან კარგად სცნობდა, რადგანაც მისი საკუთარი ნამუშევარი იყო. ასეთი ჩვეულება აქვთ თერძებს: შეხვედრისას პირველად ამით იწყებენ ხოლმე.
– აი, პეტროვიჩ, ისა… შინელის მაუდი… აი, ხედავ, სხვა ადგილებში ყველგან ძალიან მაგარია, ცოტათი გამტვრიანდა და ძველი გეგონება, თორემ ისე ახალია… მხოლოდ ერთ ადგილას ოდნავ ისა… ზურგში და კიდევ აი, ცალ მხარში ცოტათი გაცვთა და აი, ამ მხარში ოდნავ – ხედავ? მეტიც არაფერია. სამუშაოც სულ ცოტაა…
პეტროვიჩმა კაპოტი გამოართვა. ჯერ მაგიდაზე გაშალა, დიდხანს სინჯა, თავი გაიქნ-გამოიქნია და ხელით მისწვდა სარკმელზე ბურნუთის მრგვალ კოლოფს, რომელზედაც ვიღაც გენერლის სურათი ეხატა, – არ ვიცი, სახელდობრ რომელი გენერლისა, იმიტომ რომ ის ადგილი, სადაც სახე უნდა ყოფილიყო, თითით იყო გახვრეტილი და შემდეგ ზედ ოთხკუთხედი ქაღალდის ნაგლეჯი ჰქონდა დაწებებული. პეტროვიჩმა ბურნუთი მოსწია, ხელებზე გაშალა კაპოტი, სინათლეზე გახედა და ისევ გაიქნ-გამოიქნია თავი. მერე ისე გადააბრუნა, რომ სარჩული ზემოთ მოექცა, და კვლავ გააქნია თავი; ხელახლა ახადა კოლოფს ქაღალდდაწებებული გენერლის სურათიანი სახურავი, ბურნუთით გამოიტენა ცხვირი, კოლოფი დახურა, შეინახა და ბოლოს თქვა:
– არა, ამის შეკეთება არ შეიძლება, უვარგისი გარდერობია!
აკაკი აკაკიევიჩს ამის გაგონებაზე გული შეუქანდა.
– რატომ არ შეიძლება, პეტროვიჩ? – ისეთი კილოთი შეეკითხა, თითქოს ბავშვი ემუდარებაო. – მარტო მხრებშია გაცვეთილი, სხვა ხომ არაფერია; ხომ გაქვს რამე ნაჭრები…
– ნაჭრებს კი ვიშოვი, ნაჭრები მოიძებნება, – თქვა პეტროვიჩმა, – მაგრამ დაკერება არ შეიძლება: მასალა მთლად დამპალია, ნემსს მიაკარებ თუ არა, მაშინვე დაიძენძება.
– დაიძენძოს რა, შენც აიღე და მაშინვე საკერებელი დაადე.
– მერე რაზე დავადო საკერებელი, როცა დასამაგრებელი ადგილიც აღარ დარჩენილა, ძალიან არის გაცვეთილი. მარტო ის არის, რომ მაუდი ჰქვია, თორემ, ქარმა რომ დაუბეროს, ხელად დაიშლება.
– გეთაყვა, როგორმე დაადე საკერებელი. აბა, როგორ იქნება, ისა!..
– არა, – გადაჭრით უთხრა პეტროვიჩმა, – არაფერი გამოვა, საქმე ძალიან ცუდად არის. უმჯობესი იქნება, როგორც კი ზამთრის ცივი დღეები დადგება, მაგისგან ფეხსახვევები გაიკეთოთ, იმიტომ რომ წინდა არ ათბობს. წინდები გერმანელებმა გამოიგონეს, რომ მეტი ფული ხვეტონ (პეტროვიჩს უყვარდა გერმანელებისათვის კბილის გაკვრა, როცა შემთხვევა მიეცემოდა); შინელი კი, როგორც ხედავთ, ახალი უნდა შეიკეროთ…
სიტყვა “ახალის” გაგონებაზე აკაკი აკაკიევიჩს თვალთ დაუბნელდა; რაც კი რამ იყო ოთახში, ყველაფერი აირ-დაირია მის თვალწინ. ნათლად ხედავდა მხოლოდ პეტროვიჩის ბურნუთოს კოლოფზე დახატულ გენერალს, სახეზე რომ ქაღალდი ეწება.
– როგორ ახალი? – თქვა მან, თითქოს ჯერ ისევ სიზმარშიაო, – საამისო ფული სად გამაჩნია.
– დიახ, ახალი, – ბარბაროსული სიმშვიდით გაიმეორა პეტროვიჩმა.
– მერე, ვთქვათ, ახალი შინელის შეკერვა გახდა საჭირო, მაშინ როგორ იქნება… ისა…
– ესე იგი, რა ეღირება?
– დიახ.
– სამ ხუთთუმნიანზე მეტი უნდა გადასდოთ, – თქვა პეტროვიჩმა და თან ღრმააზროვნად მოკუმა პირი. მეტად უყვარდა ძლიერი ეფექტები, უყვარდა უეცრად ადამიანის რითიმე საგონებელში ჩაგდება და შემდეგ ცერად თვალის დევნება, თუ რანაირად დაემანჭება სახე საგონებელში ჩავარდნილს ასეთი სიტყვების გაგონებაზე.
– ას ორმოცდაათი მანეთი შინელში! – შეჰყვირა საბრალო აკაკი აკაკიევიჩმა. ასე არ უყვირია ალბათ დაბადების შემდეგ, რადგან ყოველთვის წყნარი ხმით გამოირჩეოდა.
– დიახ, ასე გახლავთ, – თქვა პეტროვიჩმა. – მერე რა შინელი იქნება! თუ კვერნის საყელოს გაუკეთებთ და კაპიშონს აბრეშუმის სარჩულს დაუდებთ, მაშინ ორასიც დაჯდება.
– პეტროვიჩ, გეთაყვა, – ემუდარებოდა აკაკი აკაკიევიჩი, რომელსაც არ ესმოდა და არცა ცდილობდა გაეგონა პეტროვიჩის სიტყვები და ყველა მისი ეფექტები, – როგორმე შეაკეთე, რომ კიდევ რამდენიმე ხანს გამყვეს.
– არა, ეგ არ გამოვა: მუშაობაც ფუჭად ჩაივლის და ფულიც ტყუილად დაიხარჯება, – თქვა პეტროვიჩმა. ამ სიტყვების შემდეგ აკაკი აკაკიევიჩი სრულიად იმედდაკარგული გამოვიდა გარეთ. პეტროვიჩი კი, მისი წასვლის შემდეგ, კიდევ დიდხანს იდგა პირმოკუმული, მუშაობას აღარ უბრუნდებოდა და კმაყოფილი იყო, რომ არც სახელი გაიტეხა და არც თერძის ოსტატობას უღალატა.
ქუჩაში რომ გავიდა, აკაკი აკაკიევიჩს თავი სიზმარში ეგონა. “მაშ ასე ყოფილა საქმე, – ამბობდა გულში. – სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა, ისა…” მერე, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინა: – “მაშ ასე ყოფილა საქმე! ჰოდა, აი რა გამოვიდა ბოლოს! მე კი, სიმართლე რომ ვთქვა, სრულიადაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა საქმე.” კვლავ ხანგრძლივ დადუმდა და მერე თქვა: “მაშ, ასეა! აი როგორ არის საქმე, სწორედ სრულიად მოულოდნელია, ისა… ამას ვერაფრით… ასეთი ამბავია!” – და იმის მაგივრად, რომ შინ წასულიყო, თავისდა შეუმჩნევლად სრულიად სხვა მხარეს გაემართა. გზაში ბუხრის მწმენდავმა მხარი მოსდო და გვერდი გაუმურიანა; კარგა დიდი გროვა კირიც გადაეყარა ახლად აღმართულ სახლის კედლიდან; არაფერი არ შეუმჩნევია და მხოლოდ მერე გამოერკვა, როცა ყარაულს დაეჯახა, რომელსაც გვერდით მიეყუდებინა თავისი აფთი და რქიდან თამბაქოს იყრიდა დაკოჟრებულ ხელზე. მაშინაც იმიტომ გამოერკვა, რომ ყარაულმა დაუყვირა: “რა შიგ ცხვირ-პირში მიძვრები? რაო, ტროტუარი აღარ გყოფნის?” ამ გარემოებამ მიაბრუნა და შინისკენ აბრუნებინა პირი. მარტო შინ მოვიდა გონს, ნათლად და სინამდვილით წარმოიდგინა თავისი მდგომარეობა და თავის თავს დაუწყო საუბარი უკვე ნაწყვეტ-ნაწყვეტად კი არა, გონივრულად და გულახდილად, როგორც ჭკვიან მეგობარს, რომელსაც ადამიანი შეიძლება გამოესაუბროს უსაიდუმლოეს და უსაჭიროეს საქმეზე. “არა, არა, – თქვა აკაკი აკაკიევიჩმა, – ახლა პეტროვიჩთან ლაპარაკი არ შეიძლება: ახლა ისა… ჩანს, ცოლმა მიბეგვა. უმჯობესი იქნება კვირა დილით მივიდე: შაბათის შემდეგ გაბრუებული იქნება, თვალის ბლეტას დაიწყებს, ნაბახუსევზე დალევა ენდომება. ცოლი ფულს არ მისცემს, მე კი ამ დროს უზალთუნიანს ჩავუდებ ხელში და დაყოლიებაც უფრო ადვილი იქნება, მაშინ შინელიც ისა…” ასე განსაჯა გულში აკაკი აკაკიევიჩმა, თავი გაიმხნევა. პიველ კვირა დღეს დაელოდა და, როცა შორით თვალი მოჰკრა, რომ თერძის ცოლი სადღაც წავიდა, პირდაპირ პეტროვიჩს მიაშურა. მართლაც, პეტროვიჩს შაბათის შემდეგ ძალიან ებლიტებოდა თვალები, თავს იატაკამდე ჰქინდრავდა, ნამძინარევი ჩანდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, როგორც კი გაიგო, რაში იყო საქმე, გამოფხიზლდა, თითქოს ეშმაკმა ხელი წაჰკრაო. “არ შეიძლება, – თქვა მან, – ახალი უნდა შეიკეროთ”. სწორედ ამ დროს აკაკი აკაკიევიჩმა ხელში უზალთუნიანი ჩაუდო. “გმადლობთ, ჩემო ბატონო! თქვენს სადრეგრძელოს გადავკრავ და ცოტა ჯანზე მოვალ, – თქვა პეტროვიჩმა. – შინელზე კი ნუღარც იფიქრებთ, აღარაფრად არ გამოდგება. ახალს კი სანაქებოდ შეგიკერავთ, ამაზე შევთანხმდეთ საბოლოოდ!”
აკაკი აკაკიევიჩმა კიდევ სცადა შეკეთებაზე დაეწყო ლაპარაკი, მაგრამ პეტროვიჩმა ბოლომდე არც მოუსმინა და დასძინა: “ახალს კი აუცილებლად შეგიკერავთ, მერწმუნეთ, ძალიან ვეცდები. შეიძლება ისეც შეგიკეროთ, როგორც ახლა მოდად არის შემოღებული: საყელო აპლიკეს დუგმებით შეიკვრება.
აქ კი მიხვდა აკაკი აკაკიევიჩი, რომ ახალი შინელის შეკერვა არ ასცდებოდა, და მთლად სასოწარკვეთილებას მიეცა. მართლაცდა როგორ, რით, რა ფულით შეეკერა? რასაკვირველია, ნაწილობრივ შეიძლებოდა მომავალ დღესასწაულზე დასაჩუქრების იმედი ჰქონოდა, მაგრამ ეს ფული უკვე რა ხანია, განაწილებული იყო წინდაწინ. უნდა შეეძინა ახალი შარვალი, ძველი ვალი მიეცა მეჩექმისათვის, რომელსაც ყელებზე ახალი პირი მიაკერებინა, მკერავი ქალისთვის უნდა შეეკვეთა სამი პერანგი და ორი ცალი სხვა საცვალი, რის დასახელებაც ბეჭდვით სიტყვაში უზრდელობად ჩაითვლება. ერთი სიტყვით, მთელი ფული სრულიად უნდა დახარჯულიყო. დირექტორი თუ იმდენად მოწყალე გამოდგებოდა, რომ ორმოცი მანეთის ნაცვლად ორმოცდახუთი ან ორმოცდაათი მანეთით დაასაჩუქრებდა, მაინც სულ უმნიშვნელო რამ დარჩებოდა, რაც შინელისათვის საჭირო თანხასთან შედარებით წვეთი იქნებოდა ზღვაში. მან, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ პეტროვიჩს ზოგჯერ ხუშტური მოუვლიდა, უზომო ფასს ითხოვდა, ასე რომ ცოლიც კი ვერ შეიკავებდა თავს და შეჰყვირებდა ხოლმე: “რამ გადაგრია, შე სულელო! სხვა დროს თითქმის მუქთად იღებ სამუშაოს, ახლა კი რაღაც ღმერთი გაგწყრომია და ისეთ ფასს მოითხოვ, რომ მაგ ფასად შენ თვითონ არ ღირხარო”; ისიც იცოდა, რომ პეტროვიჩი რვა თუმნადაც იკისრებდა შეკერვას, მაგრამ ეს რვა თუმანი საიდან გაეჩინა? ნახევარი კიდევ შეიძლებოდა ეშოვნა: ნახევარი და შესაძლებელია ცოტა უფრო მეტიც გამოინახებოდა; მეორე ნსხევარი კი სადღა ეშოვნა?.. მაგრამ ჯერ მკითხველმა უნდა გაიგოს, საიდან გაჩნდა პირველი ნახევარი. აკაკი აკაკიევიჩს ჩვეულებად ჰქონდა ყოველ დახარჯულ მანეთზე თითო გროში გადაენახა გასაღებით დაკეტილ ყულაბაში, რომლის სახურავზე პატარა ნახვრეტი იყო ამოჭრილი ფულის ჩასაგდებად. დაგროვებულ სპილენძის ფულს ნახევარ წელიწადში ერთხელ ითვლიდა და ვერცხლის წვრილი ფულით სცვლიდა. ასე სჩადიოდა დიდი ხნიდან. ჰოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული თანხა ორმოც მანეთზე მეტი აღმოჩნდა. ამრიგად, ნახევარი ხელში ჰქონდა; მაგრამ მეორე ნახევარი სადღა ეშოვნა? სად ეშოვნა დანარჩენი ორმოცი მანეთი? აკაკი აკაკიევიჩმა იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა შეემცირებინა ჩვეულებრივი ხარჯები, უკიდურეს შემთხვევაში ერთი წლით მაინც: საღამოობით ჩაი აღარ დაელია, სანთელი აღარ აენთო და, თუ რამე ექნებოდა გასაკეთებელი, დიასახლისის ოთახში შესულიყო და მისი სანთლის შუქზე ემუშავნა; ქუჩაში სიარულის დროს რაც შეიძლება მსუბუქად და ფრთხილად დაედგა ფეხი ქვასა და ფილაქანზე, თითქმის თითის წვერებზე ევლო, რომ მალე არ გაცვეთილიყო ძირები; რაც შეიძლება იშვიათად გაერეცხინებინა მრეცხავისათვის თეთრეული, დიდხანს ხმარებით რომ ჭუჭყი არ ჩაჰკვდომოდა, შინ მისვლისას ყოველთვის გაეხადნა, მარტო ბამბაზიის ხალათი სცმოდა, რომელიც დიდი ხნის წინათ ჰქონდა შეძენილი და ჟამსაც კი დაეზოგნა. სიმართლე უნდა ითქვას, თავდაპირველად გაუჭირდა. ვერ შესჩვეოდა ასეთ შეზღუდვას; მაგრამ შემდეგ როგორღაც მიეჩვია და ყველაფერი რიგზე მიდიოდა; საღამოობით შიმშილსაც კი თითქმის სავსებით შეეჩვია; სამაგიეროდ სულიერად საზრდოობდა, მისი ფიქრი განუწყვეტლივ დასტრიალებდა ახალ შინელს. ამ დროიდან მისი არსებობა თითქოს შინაარსიანი გახდა, თითქოს ცოლი შეირთო, თითქოს ვიღაც სხვა ადამიანი იყო მასთან,თითქოს მარტო კი აღარ იყო, არამედ ვიღაც საამურმა თანამგზავრმა თანხმობა გამოუცხადა ერთად გაევლოთ ცხოვრების გზა. ეს თანამგზავრი კვლავ და კვლავ იგივე შინელი იყო, სქლად დაბამბული, გამძლე სარჩულით, უცვეთელი. როგორღაც გამოცოცხლდა, ხასიათიც კი უფრო მტკიცე გაუხდა, როგორც ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე გარკვეული და დასახული აქვს თავისი მიზანი. სახეზე და ქცევაში თავისთავად გაუქრა იჭვნეულობა, გაუბედაობა, ერთი სიტყვით, მერყეობის და გაურკვევლობის ყოველგვარი ნიშანი. მის თვალებში ზოგჯერ ნაპერწკალი გაჩნდებოდა, თავში უაღრესად გაბედული და თამამი ფიქრებიც კი გაუელვებდა ხოლმე: მართლაცდა იქნებ კვერნის საყელოც დავუდოო? ამ ფიქრებმა კინაღამ გულმავიწყობამდე არ მიიყვანა. ერთხელ, ქაღალდის გადაწერისას კინაღამ შეცდომაც კი მოუვიდა, ასე რომ თითქმის ხმამაღლა შეჰყვირა: “უჰ!” და პირჯვარი გადაიწერა. თვეში ერთხელ მაინც შეივლიდა პეტროვიჩთან, რომ შინელზე ესაუბრა: სად ემჯობინება იყიდოს მაუდი, რა ფერისა და რა ფასიანი, და თუმცა რამდენადმე შეფიქრიანებული, მაგრამ მუდამ კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ, თანაც ფიქრობდა, ბოლოს ხომ მაინც დადგება დრო, როცა ყოველივე ამას შევიძენ და შინელიც შეკერილი მექნებაო. საქმე იმაზე უფრო სწრაფადაც კი წავიდა, ვიდრე ეგონა. ყოველგვარი მოლოდინის წინააღმდეგ დირექტორმა აკაკი აკაკიევიჩს ორმოცი ან ორმოცდახუთი მანეთი კი არა, მთელი სამოცი მანეთი დაუნიშნა: წინასწარ გრძნობდა, რომ აკაკი აკაკიევიჩს შინელი ესაჭიროებოდა, თუ ეს თავისთავად მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ამის მეოხებით მას ზედმეტი ოცი მანეთი გაუჩნდა. ამ გარემოებამ საქმის მსვლელობა დააჩქარა. კიდევ რაღაც ორი-სამი თვის მცირეოდენი შიმშილი და აკაკი აკაკიევიჩს მართლაც ოთხმოც მანეთამდე დაუგროვდა. საერთოდ მეტად მშვიდი მისი გული ატოკდა. პირველსავე დღეს პეტროვიჩთან ერთად დაიარა მაღაზიები. იყიდეს ძალიან კარგი მაუდი – და არცაა საკვირველი, იმიტომ რომ ამაზე ჯერ კიდევ ნახევარი წლით ადრე დაიწყეს ფიქრი და იშვიათი თვე იყო, რომ მაღაზიებში არ შეევლოთ ფასების გასაგებად; სამაგიეროდ თვით პეტროვიჩმა თქვა, უკეთესი მაუდი არ მოიძებნებაო. სასარჩულედ ყალამქარი აირჩიეს, მაგრამ ისეთი კარგი ხარისხისა და ისეთი მკვრივი, რომ, პეტროვიჩის სიტყვით, აბრეშუმს სჯობდა და შესახედავადაც უფრო ლამაზი და პრიალა იყო. კვერნა არ უყიდნიათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირი იყო; მის ნაცვლად საუკეთესო კატის ტყავი აარჩიეს, როგორიც კი მოიძებნებოდა მაღაზიაში,– ისეთი ტყავი, რომ შორიდან კვერნა გეგონებოდათ. პეტროვიჩმა შინელის შეკერვას სულ ორი კვირა მოანდომა, რადგან ბევრგან იყო დასალიანდაგებელი, თორემ უფრო ადრე იქნებოდა მზად. გასამრჯელო პეტროვიჩმა თორმეტი მანეთი აიღო – ნაკლები არასგზით არ შეიძლებოდა. ყველაფერი აბრეშუმით იყო ნაკერი, ორმაგი გვირისტით, რის შემდეგ პეტროვიჩმა ყველა გვირისტს საკუთარი კბილებით დაუარა და ნაირ-ნაირი ფიგურები გამოიყვანა. ეს იყო… ძნელია იმის თქმა, თუ სახელდობრ რა დღე იყო, მაგრამ ის დღე, როცა პეტროვიჩმა ბოლოს შინელი მოუტანა, ალბათ უდიდესი ზეიმის დღე იყო აკაკი აკაკიევიჩის ცხოვრებაში. პეტროვიჩმა შინელი დილით მოუტანა, სწორედ იმის წინ, როცა აკაკი აკაკიევიჩი დეპარტამენტში უნდა წასულიყო. სწორედ რომ დროზე მოუსწრო შინელმა, იმიტომ რომ უკვე კარგა მაგარი ყინვა იწყებოდა და თითქოს უფრო მეტადაც აპირებდა გაძლიერებას. პეტროვიჩი შინელიანად ისე გამოცხადდა, როგორც კარგ თერძს შეშვენის. მის სახეზე აღბეჭდილი იყო ისეთი მედიდური გამომეტყველება, როგორიც ჯერ არასოდეს არ ენახა აკაკი აკაკიევიჩს. პეტროვიჩი თითქოს მთელი არსებით გრძნობდა, რომ პატარა საქმე როდი გააკეთა, რომ ამ საქმით ცხადყო ის უფსკრული, რაც ჰყოფს სარჩულის დადებაზე და გადაკეთებაზე მომუშავე თერძებს იმ თერძებისაგან, რომლებიც ახალს ჰკერავენ. შინელი გახვეული ჰქონდა გაკეწკეწებულ ხელსახოცში, რომელიც მრეცხავს ის-ის იყო მიეტანა: შინელი რომ ამოიღო, ხელსახოცი დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო სახმარებლად. უდიდესი სიამაყით შეხედა აკაკი აკაკიევიჩს, ორივე ხელით დაუჭირა შინელი და ძალიან მარჯვედ შეუგდო მხრებზე; შემდეგ უკანიდან დაბლა დასწია და დასჭიმა ხელით: მერე აკაკი აკაკიევიჩს ისე წამოასხა, რომ კალთები ოდნავ გადაშლილი ჰქონოდა. აკაკი აკაკიევიჩმა, როგორც ხანში შესულმა ადამიანმა, მოისურვა სახელოებში გაეყარა ხელები; პეტროვიჩი ხელების გაყრაშიც დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ ასეც კარგი იყო. ერთი სიტყვით, შინელი სავსებით კარგად მოერგო. ამასთან პეტროვიჩმა შემთხვევით ისარგებლა და აკაკი აკაკიევიჩს უთხრა: ასე იაფად იმიტომ შეგიკერეთ, რომ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობ, უაბროდ ვმუშაობ, თანაც დიდი ხანია გიცნობ; ნევის პროსპექტზე კი მარტო შესაკერს სამოცდათხუთმეტ მანეთს გადაგახდევინებდნენო. აკაკი აკაკიევიჩს არ სურდა ამაზე საუბარი პეტროვიჩთან, თანაც ეშინოდა ყველა იმ დიდი თანხისა, რითაც პეტროვიჩს ბაქიბუქი უყვარდა. პეტროვიჩს გაუსწორდა, მადლობა გადაუხადა და ახალ შინელში გამოწყობილი გაემართა დეპარტამენტისაკენ. პეტროვიჩი ფეხდაფეხ მიჰყვა, ქუჩაში დადგა, კიდევ დიდხანს უყურა შინელს და შემდეგ განგებ სხვა მხარეს წავიდა, რომ მრუდე შესახვევით მოევლო, კვლავ დახვედროდა ქუჩაზე და ერთხელ კიდევ შეეხედა შინელისათვის სხვა მხრიდან, ე.ი. წინიდან. აკაკი აკაკიევიჩი კი უაღრესად საზეიმო გუნებაზე იყო. ყოველ წუთსა და წამს გრძნობდა, რომ მხრებზე ახალი შინელი აქვს წამოსხმული, რამდენჯერმე კიდევაც ჩაიცინა შინაგანი კმაყოფილებით. მართლაც ორნაირად მოგებული იყო: ერთი იმით, რომ შინელი ათბობდა, მეორე კიდევ იმით, რომ კარგი იყო. გზა სრულიად არ შეუმჩნევია და უცბად გაჩნდა დეპარტამენტში; მეკარის სამყოფელში შინელი მოიხსნა, გარშემო შეათვალიერა და მეკარის განსაკუთრებულ ზედამხედველობას მიანდო. არავინ იცის, რა გზით, მაგრამ დეპარტამენტში უცბად ყველამ გაიგო, აკაკი აკაკიევიჩს ახალი შინელი აქვს და კაპოტი უკვე აღარ არსებობსო. იმ წუთშივე ყველანი მეკარის სამყოფელში გაცვივდნენ, რომ აკაკი აკაკიევიჩის ახალი შინელი ენახათ. დაუწყეს მილოცვა, მისალმება; აკაკი აკაკიევიჩი ჯერ მხოლოდ იღიმებოდა, შემდეგ კი შერცხვა კიდევაც. ხოლო როდესაც ყველანი მიადგნენ და ლაპარაკი დაუწყეს, ახალი შინელი უნდა დაასველო და საღამო მაინც გაგვიმართოო, აკაკი აკაკიევიჩი მთლად დაიბნა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა ეპასუხნა და რა მოემიზეზებინა. მთლად გაწითლებულმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ საკმაოდ გულუბრყვილოდ დაუწყო დაჯერება, შინელი სულაც არ არის ახალი, ძველიაო. ბოლოს ერთ-ერთმა მოხელემ, რომელიც, ასე გასინჯეთ, რომელიღაც განყოფილების უფროსის თანაშემწეც კი იყო, ალბათ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, სრულიადაც არა ვარ ამაყი და ჩემზე დაბალ მოხელეებსაც კი არა ვთაკილობო, თქვა: “რაც იყოს, იყოს, აკაკი აკაკიევიჩის ნაცვლად მე ვმართავ საღამოს და გთხოვთ დღეს ჩაიზე მეწვიოთ: თითქოს ბედად, დღეს ჩემი დღეობაც არისო”. რასაკვირველია მოხელეებმა მაშინვე მიულოცეს განყოფილების უფროსის თანაშემწეს და სიამოვნებით მიიღეს მიპატიჟება. აკაკი აკაკიევიჩმა სცადა უარზე დამდგარიყო, მაგრამ ყველამ უთხრა, თავაზიანი საქციელი ვერ გამოგივა, სირცხვილია, თავის მოჭრა იქნებაო, და უარის თქმა აღარაფრით არ შეიძლებოდა. თუმცა შემდეგ კიდევაც ესიამოვნა, როცა მოაგონდა, რომ ამით შემთხვევა მიეცემოდა საღამოს ჟამს ახალ შინელში გამოწყობილს გაესეირნა. მთელი ეს დღე აკაკი აკაკიევიჩისათვის მართლა უდიდესი ზეიმის დღე იყო. შინ უაღრესად ბედნიერი განწყობილებით დაბრუნდა; შინელი მოიხსნა, ფრთხილად ჩამოჰკიდა კედელზე, ერთხელ კიდევ დატკბა მაუდისა და სარჩულის ცქერით და შემდეგ საგანგებოდ ამოიღო შესადარებლად თავისი სრულიად დაძენძილი კაპოტი. რომ შეხედა, თვითონაც კი გაეცინა: ისეთი დიდი განსხვავება იყო! სადილობის დროს კიდევ დიდხანს იღიმებოდა, როგორც კი მოაგონდებოდა, თუ რა სანახაობას წარმოადგენდა კაპოტი. მხიარულად ისადილა, შემდეგ უკვე არაფერი, არავითარი ქაღალდი აღარ გადაუწერია, ცოტა ხანს განცხრომითაც კი წამოწვა ლოგინზე, სანამ დაბნელდებოდა. ამის შემდეგ აღარ დაუყოვნებია, ჩაიცვა, მხრებზე შინელი წამოიცვა და ქუჩაში გავიდა. სად ცხოვრობდა მასპინძელი მოხელე, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით: მეხსიერება ძალიან გვღალატობს. ყველაფერი, რაც კი რამ არის პეტერბურგში, ყველა ქუჩა და სახლი ისე აირია თავში, რომ ძალიან ძნელია რისამე წესიერად გახსენება. ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილი ის არის, რომ ეს მოხელე ქალაქის საუკეთესო ნაწილში და, მაშასადამე აკაკი აკაკიევიჩისაგან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. აკაკი აკაკიევიჩს ჯერ რამდენიმე ოდნავ განათებული მიყრუებული ქუჩის გავლა მოუხდა, მერე კი, რაც უფრო უახლოვდებოდა მოხელის ბინას, მით უფრო მეტი სიცოცხლე ემჩნეოდა ქუჩებს, უფრო მეტად ჩანდა მოსახლეობა და ქუჩებიც უფრო განათებული იყო. უფრო ხშირად ხვდებოდა მოსიარულეებს და კოხტად ჩაცმულ ქალებს; კაცებში წავისსაყელოიანებიც ერივნენ: ნაკლებად ჩანდნენ ვანკები, მათი რიკულიანი ოქროსფერთავიანი ლურსმნებით მოოჭვილი ხის მარხილები; პირიქით, სულ უფრო და უფრო ხშირად მიმოქროდნენ დათვის ტყავის მოსახურიანი, კოხტა, გასანდალოზებული მარხილები, რომლებზედაც ჟოლოსფერი ხავერდის ქუდით შემკული მეეტლეები ისხდნენ; სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა კოხტა კოფოიან კარეტებს, რომელთა თვლებქვეშ ხრაშახრუში გაუდიოდა თოვლს. აკაკი აკაკიევიჩი ისე უყურებდა ყოველივე ამას, თითქოს არასოდეს არ ენახა. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ფეხი არ გაედგა ქუჩაში საღამოობით. ცნობისმოყვარეობით შეჩერდა მაღაზიის განათებულ ფანჯრებთან, რომ დაეთვალიერებინა სურათი, რომელზედაც ვიღაც ლამაზი ქალი იყო დახატული; ქალი ფეხსაცმელს იხდიდა და იმგვარად იჯდა, რომ მთლად მოშიშვლებული კოხტა ფეხი უჩანდა. მის ზურგს უკან კი, მეორე ოთახის კარიდან, თავი გამოეყო ვიღაც ქილვაშებიან კაცს, რომელსაც კოხტა პატარა წვერი ჰქონდა. აკაკი აკაკიევიჩმა თავი გააქნია, ჩაიცინა და თავის გზას გაუდგა. რად ჩაიცინა? იმიტომ ხომ არა, რომ ასეთ რამეს შეხვდა, რაც მისთვის სრულიად უცნობი იყო, მაგრამ რის მიმართაც მაინც ყველა ინარჩუნებს რაღაც ალღოს? ან იქნებ ბევრ სხვა მოხელესავით ასე გაიფიქრა: “დიდი ეშმაკი ხალხია ეს ფრანგები! რაღა ლაპარაკი უნდა, თუკი რასმე მოიწადინებენ, ის…” შესაძლოა არც ეს უფიქრია – სულში ხომ ვერ ჩაუძვრები ადამიანს, რომ ყველაფერი გაიგო, რასაც ფიქრობს. ბოლოს მიაღწია იმ სახლს, სადაც განყოფილების უფროსის თანაშემწე ბინადრობდა. განყოფილების უფროსის თანაშემწე ხელგაშლით ცხოვრობდა: კიბეზე ფარანი ენთო, ბინა მეორე სართულზე ჰქონდა. დერეფანში რომ შევიდა, აკაკი აკაკიევიჩმა იატაკზე რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული კალოშების გროვა დაინახა. იქვე, შუაგულ ოთახში, თუხთუხი გაჰქონდა და ორთქლი ბოლქვებად ასდიოდა სამოვარს, კედლებზე შინელები და ლაბადები ეკიდა, რომელთა შორის ზოგიერთს წავის საყელოც კი ჰქონდა შემოკერებული, ან ხავერდის გადაკეცილი საყელო. კედელს იქით ხმაური და ლაპარაკი მოისმოდა; ხმაური უფრო მკაფიო გახდა და გაძლიერდა, როცა კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა ლაქია, რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა. ლანგარზე დაცლილი ჭიქები, ნაღების ჭურჭელი და კალათზე დაყრილი ორცხობილა ეწყო. ჩანდა, რომ მოხელეებს უკვე დიდი ხანია თავი მოეყარათ და თითო ჭიქა ჩაიც დაელიათ. აკაკი აკაკიევიჩმა თვითონ ჩამოკიდა თავისი შინელი და ოთახში შევიდა. ერთბაშად აუჭრელდა თვალები, როცა სანთლები, მოხელეები, ჩიბუხები და ბანქოს სათამაშო მაგიდები დაინახა, შეაკრთო გაცხოველებულმა ლაპარაკმა, რომელიც ყოველი მხრიდან მოისმოდა, და მიწეულ-მოწეული სკამების რიხინმა. მეტად უხერხულად გაჩერდა შუაგულ ოთახში და ცდილობდა მოესაზრებინა, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ის უკვე შენიშნეს, ყვირილით შეეგებნენ. ყველანი მაშინვე დერეფანში გაცვივდნენ და ხელახლა დაათვალიერეს მისი შინელი. აკაკი აკაკიევიჩმა თავდაპირველად დაიმორცხვა, მაგრამ რადგან გულწრფელი ადამიანი იყო, არ შეიძლება არ გახარებოდა, ასე რომ უქებდნენ შინელს. მერე, რასაკვირველია, ყველამ მიატოვა ისიც და მისი შინელიც და, როგორც ჩვეულებრივ ხდება, ვისტისათვის განკუთვნილ მაგიდებს მიაშურეს. ყოველივე ეს: ხმაურობა, ლაპარაკი და ამდენი ხალხი აკაკი აკაკიევიჩს როგორღაც ეუცხოვა. პირდაპირ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, საით წაეღო ხელ-ფეხი ან ტანი; ბოლოს ბანქოს მოთამაშეებს მიუჯდა, ქაღალდში უყურებდა, სახეზე აჩერდებოდა ხან ერთს, ხან მეორეს; რამდენიმე ხნის შემდეგ მთქნარება დაიწყო, მოწყენა იგრძნო, მით უმეტეს, რომ უკვე დიდი ხანია დამდგარიყო ის დრო, როცა ჩვეულებისამებრ დასაძინებლად წვებოდა. უნდოდა გამომშვიდობებოდა მასპინძელს, მაგრამ არ გაუშვეს, უთხრეს, ახალი შინელის შეძენის აღსანიშნავად აუცილებლად თითო ჭიქა შამპანური უნდა დაილიოსო. ერთი საათის შემდეგ მოიტანეს ვახშამი – ვინეგრეტი, ცივად მოხარშული ხბოს ხორცი, პაშტეტი, საკონდიტროდან მოტანილი ღვეზელები და შამპანური. აკაკი აკაკიევიჩს ძალით დაალევინეს ორი ჭიქა, რის შემდეგ იგრძნო, რომ ოთახში უფრო მეტი მხიარულება ჩამოვარდა, თუმცა ვერაფრით ვერ დაევიწყნა, რომ უკვე თორმეტი საათი შესრულდა და დიდი ხანია შინ წასვლის დრო იყო. მასპინძელს მისი დაყოვნება რომ არ განეზრახა, ოთახიდან ჩუმად გავიდა დერეფანში და შინელი მოძებნა. მცირე გულისტკივილი როდი იგრძნო, როცა დაინახა, მისი შინელი რომ იატაკზე ეგდო; აიღო შინელი, ჩამობერტყა, ბურტყლი ჩამოაცალა, მხრებზე წამოისხა, კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გავიდა. ქუჩა ჯერ კიდევ განათებული იყო. აქა-იქ ღია ჩანდა მეწვრილმანეთა დუქნები, შინაყმებისა და ყოველნაირი ჯალაბობის ეს მუდმივი კლუბები; ზოგიერთები, თუმცა დაკეტილი იყო, მაინც შუქის გრძელი ზოლი გამოდიოდა კარის ნაპრალის გაყოლებაზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ დუქანში ჯერ კიდევ იყო საზოგადოება. შინაყმა ქალებს ან კაცებს ალბათ ჯერაც არ დაემთავრებინათ მითქმა-მოთქმა, ლაპარაკი და ამით საგონებელში ჩაეგდოთ თავიანთი ბატონები, რომელთაც ვერ გაეგოთ, სად არიან ისინი. აკაკი აკაკიევიჩი მხიარულ გუნებაზე იყო; უცბად, თვითონაც არ იცოდა რისთვის, ვიღაც ქალსაც კი აედევნა, რომელმაც ელვასავით ჩაუქროლა მთელი სხეულის არაჩვეულებრივი რხევით, მაგრამ მაშინვე გაჩერდა და კვლავ ძალიან ნელი ნაბიჯით გაემართა. თვითონვე გაუკვირდა, ეს რამ მომიარაო. მალე მის წინ მიყრუებული ქუჩები გადაიჭიმა, რომლებსაც დღისითაც კი არ ეტყობოდა მხიარულება, არამცთუ ღამით. ახლა ეს ქუჩები კიდევ უფრო მიყრუებული იყო. ფარნებიც უფრო იშვიათად ენთო, ეტყობოდა, საწვავს უკვე ნაკლებად იძლეოდნენ; ერთმანეთს წაეწყო ხის სახლები, ღობეები; ძე-ხორციელი არსად ჩანდა; მარტო თოვლი ბრწყინავდა ქუჩებში, ხოლო დარაბებჩახურული, ჩაძინებული, დაბალი, ჩაშავებული ქოხმახები სევდიანად გამოიყურებოდა. აკაკი აკაკიევიჩი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ქუჩას უდაბნოს მსგავსი უშველებელი მოედანი სჭრიდა. მოედნის გადაღმა ძლივს მოჩანდა სახლები.
შორს, ღმერთმა უწყის სად, რომელიღაც საყარაულოში, რომელიც თითქოს ცხრა მთას იქით იდგა, შუქი ციმციმებდა. აკაკი აკაკიევიჩის სიმხიარულემ აქ როგორღაც შესამჩნევად იკლო. მოედანზე უნებლიე შიშით შესდგა ფეხი, თითქოს გული რაღაც არასასიამოვნოს უგრძნობსო. გარშემო მიმოიხედა: ირგვლივ თითქოს უკიდეგანო ზღვა იყო. “არა, სჯობს არც კი მივიხედო”, – გაიფიქრა. თვალებდახუჭულმა განაგრძო გზა და როდესაც თვალები გაახილა, რომ გაეგო, მალე გავიდოდა თუ არა მოედნის ბოლოში, დაინახა, რომ თითქმის მის ცხვირწინ ვიღაც ულვაშებიანი კაცები იდგნენ. სახელდობრ, ვინ იყვნენ, – ეს უკვე ვეღარ გაარჩია. თვალთ დაუბნელდა და გულმა ბაგაბუგი დაუწყო. “ვა, ეს ხომ ჩემი შინელია!” – დაიგრგვინა ერთმა მათგანმა და ხელი ჩაავლო საყელოში. აკაკი აკაკიევიჩმა ის იყო დააპირა დაყვირება – მიშველეთო, რომ მეორემ ზედ პირთან მიუტანა მოხელის თავისოდენა მუშტი და თან დააყოლა: “აბა ერთი გაბედე დაყვირება!” აკაკი აკაკიევიჩმა მარტო ის იგრძნო, რომ შინელი გახადეს და კუკუ ამოჰკრეს. გულაღმა დაეცა თოვლზე და უკვე აღარაფერი უგრძვნია. რამდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვიდა, ფეხზე წამოდგა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იყო. გრძნობდა, რომ მინდორში ციოდა და შინელი აღარ ეცვა. ყვირილს მოჰყვა, მაგრამ მისი ხმა არც კი სწვდებოდა მოედნის ბოლოს. სასოწარკვეთილმა ყვირილით გადაირბინა მოედანი და პირდაპირ საყარაულოსთან მიიჭრა, რომლის მახლობლადაც აფთზე დაყრდნობილი ყარაული იდგა და თითქოს ცნობისმოყვარეობით უყურებდა, რა ეშმაკი აყვირებს და მოარბენინებს ამ კაცსო. აკაკი აკაკიევიჩმა, რომელიც სულს ძლივს ითქვამდა, ყვირილი დაუწყო: გძინავს, არაფერს უყურებ და ვერა ხედავ, როგორ ძარცვავენ კაცსაო. ყარაულმა უპასუხა, რომ არაფერი დაუნახავს, ის კი დაინახა, რომ შუაგულ მოედანზე ორმა კაცმა გააჩერა, მაგრამ მისი მეგობრები ეგონა; ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ ტყუილუბრალოდ ილანძღებოდეს, სჯობს დილით ზედამხედველთან წავიდეს, ის იპოვის იმას, ვინც შინელი გახადა. აკაკი აკაკიევიჩი საშინლად აფორიაქებული მივარდა სახლში: მცირეოდენი თმა, რაც ჯერ კიდევ შერჩენოდა საფეთქლებსა და კეფაზე, სრულიად ასწეწოდა; ცალი გვერდი, მკერდი და მთელი შარვალი თოვლში ჰქონდა ამოსვრილი. კარის მოუთმენელ ბრახუნზე ბინის პატრონი, მოხუცი დედაკაცი, სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და ცალ ქოშში ფეხგაყრილი გაიქცა გასაღებად. თან მორცხვად იფარებდა ხელით პერანგს მკერდზე. კარი რომ გააღო და ასეთ მდგომარეობაში დაინახა აკაკი აკაკიევიჩი, უკან დაიხია. ხოლო როცა მან უამბო, რაც მოხდა, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა: პირდაპირ ბოქაულთან უნდა წახვიდეთ, თორემ უბნის ზედამხედველი მოგატყუებთ, დაგპირდებათ და ტყუილუბრალოდ გატარებთ; ამიტომაც ისა სჯობს პირდაპირ ბოქაულთან მიხვიდეთ, მე მას ვიცნობ კიდევაც, იმიტომ რომ ანა ჩუხონელი, ქალი, რომელიც წინათ ჩემთან იყო მზარეულად, ახლა გამდელად არის ბოქაულთან, თვითონ მას კი ხშირად ვხედავ, როცა ჩვენს სახლთან გაივლის ხოლმე ეტლით; ყოველკვირა ეკლესიაშიც დადის, ლოცულობს და ამავე დროს ყველას მხიარულად უყურებს. მაშასადამე, ყველაფრით ჩანს, კეთილი კაცი უნდა იყოსო. ასეთი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დაღონებული აკაკი აკაკიევიჩი თავის ოთახში შეჩანჩალდა. თუ როგორ გაათენა ღამე, ამის მიხვედრა იმისათვის მიმინდვია, ვისაც რამდენადმე მაინც შეუძლია წარმოიდგინოს სხვისი მდგომარეობა. დილაადრიან ბოქაულთან გაემართა, მაგრამ უთხრეს, ბოქაულს სძინავსო: მივიდა ათ საათზე – კიდევ უთხრეს, სძინავსო, მივიდა თერთმეტ საათზე – უთხრეს, ბოქაული შინ არ არისო; სადილობის დროს მივიდა, მაგრამ დერეფანში მყოფმა გადამწერებმა არაფრის გულისათვის არ შეუშვეს, მოინდომეს იმის გაგება, თუ რა საქმეზე ან რა საჭიროებისათვის იყო მისული და რა შეემთხვა. მაშინ კი აკაკი აკაკიევიჩმა თავის სიცოცხლეში პირველად გადაწყვიტა გამოეჩინა ხასიათის სიმტკიცე და გადაჭრით გამოუცხადა, მსურს პირადად ვნახო ბოქაული, უფლება არა გაქვთ არ შემიშვათ მასთან, დეპარტამენტიდან ვარ მოსული სახელმწიფო საქმეზე. აი, ბოქაულთან რომ გიჩივლებთ, მაშინ ნახავთ თქვენს სეირსო. გადამწერებმა ამის საწინააღმდეგოდ ვერაფრის თქმა ვეღარ გაბედეს და ერთი მათგანი ბოქაულის გამოსაძახებლად წავიდა. ბოქაულს რაღაც მეტისმეტად ეუცნაურა შინელის ამბავი. იმის ნაცვლად, რომ საქმის მთავარი გარემოებისათვის მიექცია ყურადღება, აკაკი აკაკიევიჩს გამოკითხვა დაუწყო: შინ ასე გვიან რად ბრუნდებოდითო? რომელიმე უწესო სახლში ხომ არ შეგივლიათო? ასე რომ აკაკი აკაკიევიჩს მეტისმეტად შერცხვა. ბოქაულის ოთახიდან ისე გამოვიდა, აღარ იცოდა, შინელის საქმე ჯეროვან მსვლელობას მიიღებდა თუ არა: მთელ ამ დღეს დეპარტამენტში არა ყოფილა (ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში). მეორე დღეს ფერმიხდილი გამოცხადდა თავისი ძველი კაპოტით, რომელიც კიდევ უფრო სავალალო სანახავი გამხდარიყო. შინელის წართმევის ამბავმა, იმის მიუხედავად, რომ გამოჩნდნენ ისეთი მოხელეები, რომელთაც აქაც შემთხვევით ისარგებლეს და აბუჩად აიგდეს აკაკი აკაკიევიჩი, მაინც ბევრი დააღონა. გადაწყვიტეს, იქვე შეეგროვებინათ მისთვის ფული, მაგრამ მეტად უმნიშვნელო თანხა შეგროვდა, რადგანაც მოხელეებს ისედაც დიდი ხარჯი გაეწიათ: ხელი მოეწერათ დირექტორისათვის მისართმევ პორტრეტზე და განყოფილების უფროსის წინადადებით – ერთ რაღაც წიგნზე, რომლის შემთხზველი განყოფილების უფროსის მეგობარი ყოფილა, ამრიგად, თანხა სულ უმნიშვნელო აღმოჩნდა. ვიღაცამ გულშემატკივრობით გადაწყვიტა კეთილი რჩევით მაინც დახმარებოდა აკაკი აკაკიევიჩს, ჰოდა, ურჩია წასულიყო არა უბნის ზედამხედველთან, რადგან უბნის ზედამხედველს რომც რაიმე გზით ეპოვნა შინელი, რათა უფროსის ქება დაემსახურებინა, შინელი მაინც პოლიციაში დარჩებოდა, თუ აკაკი აკაკიევიჩი არ წარადგენდა კანონიერ საბუთს, შინელი მე მეკუთვნისო; ამიტომ ყველაფერს ის აჯობებდა, თუ მიმართავდა ერთ წარჩინებულ პირს, ხოლო წარჩინებული პირი მისწერდა, ვისაც ჯერ არს და უფრო მეტი წარმატებით წააყვანინებდა საქმეს. სხვა გზა არ იყო, აკაკი აკაკიევიჩმაც გადაწყვიტა წასულიყო წარჩინებულ პირთან. სახელდობრ, რა თანამდებობა ეჭირა ამ წარჩინებულ პირს და რაში მდგომარეობდა მისი თანამდებობა, ეს აქამდე გაურკვეველი დაჩა. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს წარჩინებული პირი ახლახან გახდა წარჩინებული პირი, თორემ მანამდე არაწარჩინებული პირი იყო. თუმცა მისი ადგილი სხვა, კიდევ უფრო წარჩინებულებთან შედარებით არც ახლა ითვლებოდა წარჩინებულად. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ისეთ ადამიანთა წრე, რომელთათვისაც სხვებისთვის უმნიშვნელო დიახაც მნიშვნელოვანია. ესეც კია, რომ წარჩინებული პირი ბევრი სხვა საშუალებით ცდილობდა გაეძლიერებინა თავისი წარჩინებულობა, სახელდობრ წესად შემოიღო, რომ დაბალი მოხელეები კიბეზევე დახვედროდნენ, როცა სამსახურში მივიდოდა; არავის გაებედნა პირდაპირ მასთან შესვლა და ყველაფერი უმკაცრესი წესის მიხედვით წარმოებულიყო: კოლეჟსკი რეგისტრატორს გუბერნსკი სეკრეტარისათვის მოეხსენებინა, გუბერნსკი სეკრეტარს – ტიტულიარნი სოვეტნიკისათვის ან სხვა ვინმესათვის, ვისაც ეკუთვნოდა და ასეთი წესით მისულიყო საქმე მასთან. რას იზამ, ყველაფერი ასეა მოწამლული მიმბაძველობით ჩვენს კურთხეულ რუსეთში, ყველა თავის უფროსს ჰბაძავს და უფროსად მოაქვს თავი. იმასაც კი ამბობენ, რომ ვიღაც ტიტულიარნი სოვეტნიკმა, როცა რომელიღაც პატარა კანცელარიის მმართველად დანიშნეს, მაშინვე გადაიღობა ცალკე ოთახი, “საკრებულოს დარბაზი” უწოდა, კართან წითელსაყელოიანი, სირმებიანი კაპელდინერები დააყენა, რომლებიც კარს უღებდნენ ყველა მიმსვლელს, თუმცა “საკრებულოს დარბაზში” ძლივს დაეტეოდა ჩვეულებრივი საწერი მაგიდა. წარჩინებული პირის ხერხები და ჩვეულებანი დარბაისლური და მედიდური იყო, მაგრამ არც ისე რთული. მისი სისტემის მთავარ საფუძველს სიმკაცრე შეადგენდა. “სიმკაცრე, სიმკაცრე და სიმკაცრე”, – ამბობდა ჩვეულებრივ და უკანასკნელი სიტყვისას ერთობ გოროზად შეხედავდა ხოლმე იმას, ვისაც ეუბნებოდა. თუმცა ამისათვის არავითარი მიზეზი არ იყო, იმიტომ რომ ათეული მოხელე, რომლებიც კანცელარიის მთელ სამმართველო მექანიზმს შეადგენდნენ, უიმისოდაც ჯეროვან შიშში ჰყავდა: შორიდანვე რომ თვალს მოჰკრავდნენ, მაშინვე საქმეს თავს ანებებდნენ, გაჭიმული იდგნენ და უცდიდნენ, სანამ უფროსი ოთახებს არ გაივლიდა. დაბალ მოხელეებს მკაცრი კილოთი და თითქმის მხოლოდ სამი წინდადადებით ელაპარაკებოდა: “როგორ ბედავთ? იცით თუ არა, ვის ელაპარაკებით? გესმით თუ არა, ვინ დგას თქვენ წინაშე?” თუმცა გულით კეთილი ადამიანი იყო, ამხანაგებს კარგად, თავაზიანად ექცეოდა, მაგრამ გენერლის ხარისხმა მთლად დააბნია. გენერლის ხარისხი რომ მიიღო, თავგზა აერია და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. თუ თავის ტოლებში მოხვდებოდა, მაშინ კიდევ ადამიანს ჰგავდა, ფრიად წესიერ ადამიანს, ბევრ მხრივ საკმაოდ ჭკვიანსაც. მაგრამ როგორც კი ისეთ საზოგადოებაში მოხვდებოდა, სადაც ხალხი მასზე თუნდაც ერთი ხარისხით დაბლა იდგა, იქ სულ ხელიდან წასული იყო: დუმდა და მისი მდგომარეობა სიბრალულს იწვევდა, რადგანაც თვითონვე გრძნობდა, შეიძლებოდა ბევრად უკეთ გამეტარებინა დროო. ზოგჯერ თვალებში ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა ჩარეულიყო რომელიმე საინტერესო საუბრაში ან წრეში, მაგრამ ის აზრი აჩერებდა, მეტისმეტი ხომ არ იქნება ჩემი მხრივ, გაშინეურებულად ხომ არ ჩამთვლიან და ამით წონა ხომ არ დამაკლდებაო? ამიტომ მუდამ დუმილს არჩევდა, მხოლოდ იშვიათად წარმოთქვამდა რაღაც ერთმარცვლიან ბგერებს, რის გამოც ძალზე მოსაწყენი ადამიანის სახელი დაიმსახურა. აი, ასეთ წარჩინებულ პირთან მივიდა ჩვენი აკაკი აკაკიევიჩი, მივიდა თავისთვის მეტად არახელსაყრელ, ერთობ უდროო, მაგრამ წარჩინებული პირისათვის კი მარჯვე დროს. წარჩინებული პირი თავის კაბინეტში იყო და ერთობ მხიარული ლაპარაკი ჰქონდა გაბმული ახლახან ჩამოსულ ერთ ძველ ნაცნობსა და სიყრმის ამხანაგთან, რომელიც რამდენიმე წელი იყო არ ენახა. ამ დროს მოახსენეს, ვიღაც ბაშმაჩკინი მოვიდაო. მოკლედ იკითხა: “ვინ არისო?” უპასუხეს: “ვიღაც მოხელეაო”. – “ჰოო! შეუძლია დაიცადოს, ახლა დრო არა მაქვსო!” აქ უნდა ითქვას, რომ წარჩინებულმა კაცმა მტკნარი სიცრუე ბრძანა: დრო ჰქონდა; მას და მის მეგობარს რა ხანია გამოლეოდათ სალაპარაკო მასალა და მეტად ხანგრძლივ დუმილს ურთავდნენ ლაპარაკში, ერთმანეთს ხელს უტყაპუნებდნენ ბარძაყზე და თან დააყოლებდნენ ხოლმე: “ჰოდა ასე, ივან აბრამოვიჩ!” – “ჰოდა ესე, სტეფან ვარლამოვიჩ!” მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბრძანა, რომ მოხელეს დაეცადნა, რათა ეჩვენებინა მეგობრისათვის, რომელიც დიდი ხანია აღარ მსახურობდა და თავის სოფელში ცხოვრობდა, თუ რამდენ ხანს ელოდებიან ხოლმე მოხელეები დერეფანში. ბოლოს როცა ლაპარაკით, უფრო კი დუმილით საკმაოდ გაძღნენ და მოძრავსაზურგიან, დასასვენებლად მეტად მარჯვე სავარძელში სიგარის წევა გაათავეს, თითქოს უეცრად მოაგონდაო, მოსახსენებელი ქაღალდებით შემოსულ და კართან გაჩერებულ მდივანს მიმართა: “ჰო, მართლა, იქ, მგონი, მოხელე იცდის; უთხარით, რომ შეუძლია შემოვიდეს”. წარჩინებულმა პირმა რომ მორჩილებით მდგომი აკაკი აკაკიევიჩი და მისი ჩველი ვიცმუნდირი დაინახა, უცბად მიუბრუნდა და მტკიცე ხმით უთხრა, რაშიც თავის ოთახში განმარტოებული წინასწარ საგანგებოდ ვარჯიშობდა სარკის წინ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე, სანამ ახლანდელ თავის ადგილზე დანიშნავდნენ და გენერლის ხარისხს მისცემდნენ: “რა გნებავთ?” – აკაკი აკაკიევიჩმა წინასწარვე იგრძნო ჯეროვანი შიში, ცოტა დაიბნა და როგორც შეეძლო, რამდენადაც ენა ემორჩილებოდა, განუმარატა “ისა”-ს მოხშირებული წამატებით, რომ შინელი სრულიად ახალი იყო, ახლა უსინდისოდ გაძარცვეს, და მიმართავს მას, რათა უშუამდგომლოს როგორმე, ბატონ ობერ-პოლიცმეისტერს ან სხვა ვინმეს მისწეროს და მოაძებნინოს შინელი. გენერალს, არავინ იცის, რა მიზეზებით, ასეთი მოქცევა შინაურულად ეჩვენა. “როგორ, მოწყალეო ხელმწიფევ, – შეუყვირა მან მკვახედ, – წესი და რიგი არ იცით? სად შემოხვედით? საქმის მსვლელობის წესი არ იცით? ამაზე ჯერ კანცელარიაში უნდა შეგეტანათ თხოვნა, რომელიც საქმის მწარმოებელს, მერე განყოფილების უფროსს გადაეცემოდა, შემდეგ – მდივანს, ხოლო მდივანი უკვე მე მომახსენებდა…”
– კი, თქვენო აღმატებულებავ, – თქვა აკაკი აკაკიევიჩმა, რომელიც ცდილობდა მოეკრიბა მთელი ის მცირეოდენი მხნეობა, რაც კი მოეპოვებოდა, და ამავე დროს გრძნობდა, რომ მთლად ოფლში იწურებოდა, – მაგრამ მე, თქვენო აღმატებულებავ, იმიტომ გავბედე თქვენი შეწუხება, რომ მდივნები ისა… არასაიმედო ხალხია…
– რაო, რაო, რაო? – შესძახა წარჩინებულმა პირმა. – სად შეითვისეთ ასეთი განწყობილება? სად შეითვისეთ ასეთი აზრები? ეს რა თავხედობა გავრცელდა ახალგაზრდობაში უფროსებისა და მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ! – წარჩინებულმა პირმა, მგონი, ვერ შეამჩნია, რომ აკაკი აკაკიევიჩი უკვე ორმოცდაათ წელს გადასცილებოდა. მაშასადამე, თუკი შეიძლებოდა ახალგაზრდად წოდებულიყო, მარტოოდენ შეფარდებით, ესე იგი იმის მიმართ, ვინც უკვე სამოცდაათი წლისა იყო. – იცით თუ არა, ვის ეუბნებით ამას? გესმით თუ არა, ვინ დგას თქვენ წინ? გესმით თუ არა? გესმით თუ არა? მე თქვენ გეკითხებით.
აქ მან ფეხები დააბრაგუნა და ისე ძლიერ აუწია ხმას, რომ აკაკი აკაკიევიჩს კი არა, სხვასაც შიშის ჟრუანტელი დაუვლიდა. აკაკი აკაკიევიჩს გულს შემოეყარა, წაბარბაცდა, მთელი სხეულით აკანკალდა, მუხლები ჩაეკეცა და, დარაჯები რომ არ მისცვივნოდნენ და ხელი არ შეეშველებინათ, იქვე იატაკზე გაიშხლართებოდა. თითქმის ცოცხალმკვდარი გაიტანეს. წარჩინებულმა პირმა კი, იმით კმაყოფილმა, რომ ეფექტმა მოლოდინსაც გადააჭარბა, და იმ ფიქრით სრულიად დამტკბარმა, რომ მის სიტყვას შეუძლია გრძნობაც დაუკარგოს ადამიანს, ცერად გადახედა მეგობარს, რომ გაეგო, ის როგორ უყურებდა ამას. ჰოდა, სიამოვნებით დაინახა, რომ მისი მეგობარი სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავის მხრივ თვითონაც უკვე შიშს გრძნობდა.
როგორ ჩავიდა კიბეზე, როგორ გავიდა ქუჩაში, – არაფერი არ ახსოვდა აკაკი აკაკიევიჩს. ხელ-ფეხი წართმეული ჰქონდა. მის სიცოცხლეში არასოდეს ასე ძლიერ არ დაუტუქსავს გენერალს და ისიც უცხოს. პირდაღებული, ტორტმანით მიდიოდა ქუჩაში, სადაც ზუზუნი გაჰქონდა ქარბუქს; პეტერბურგის ჩვეულებისამებრ, ქარი ოთხივე მხრიდან, ყოველი შესახვევიდან უბერავდა. სიცივემ ერთბაშად ყელში წაუჭირა და, შინ რომ მივიდა, ხმის ამოღების არაქათი აღარ ჰქონდა; მთლად დასივდა და ლოგინად ჩავარდა. ასე ძლიერად მოქმედებს ხოლმე ზოგჯერ ჯეროვანი დატუქსვა! მეორე დღეს აკაკი აკაკიევიჩს საშინელი ციებ-ცხელება აღმოაჩნდა. პეტერბურგის ჰავის დიდსულოვანი შემწეობით ავადმყოფობამ უფრო სწრაფი მიმდინარეობა მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როცა ექიმი მოვიდა და მაჯა გაუსინჯა, სხვა ვერაფერი იღონა, ცხელი კომპრესი გამოუწერა მხოლოდ იმისათვის, რომ ავადმყოფს მედიცინის კეთილმყოფელი დახმარება არ დაჰკლებოდა; თუმცა იქვე უწინასწარმეტყველა, რომ დღენახევარში, აუცილებლად გათავდებოდა. შემდეგ დიასახლისს მიუბრუნდა და უთხრა: “თქვენ კი, დედი, დროს ტყუილუბრალოდ ნუღარ დაკარგავთ, ახლავე შეუკვეთეთ ფიჭვის კუბო, იმიტომ რომ მუხისას მისი ჯიბე ვერ გასწვდებაო”. გაიგონა თუ არა აკაკი აკაკიევიჩმა ეს მისთვის საბედისწერო სიტყვები ან თუ გაიგონა, თავზარი დაეცა და დაენანა თავისი ბედშავი სიცოცხლე, – არავინ იცის, რადგან გამოუნელებელი სიცხე ჰქონდა და ერთთავად ბოდავდა. განუწყვეტლივ ელანდებოდა უცნაური ამბები: ხან პეტროვიჩს ხედავდა და უკვეთავდა ისეთ შინელს, რომ რაღაც მახეები ჰქონოდა ქურდებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ ეჩვენებოდნენ საწოლქვეშ. წარამარა უძახდა დიასახლისს გამოეყვანა ერთი ქურდი, რომელიც თურმე საბანქვეშაც შესძვრომოდა; ხან ეკითხებოდა, მანდ რად ჰკიდია ჩემი ძველი კაპოტი, როცა ახალი შინელი მაქვსო? ხან მოელანდებოდა, რომ გენერლის წინ დგას, მის ჯეროვან ტუქსვას ისმენს და თან უპასუხებს: დამნაშავე ვარ, თქვენო აღმატებულებავ; ხან კიდევ ისეთი უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა, რომ მოხუცი დიასახლისი პირჯვარსაც კი იწერდა, რადგან თავის სიცოცხლეში მისგან მსგავსი არაფერი არ გაეგონა, მით უმეტეს, რომ ეს სიტყვები უშუალოდ მოსდევდა სიტყვებს “თქვენო აღმატებულაბავ”. შემდეგ ისეთ უაზრობას მოჰყვებოდა, რომ არაფრის გაგება აღარ შეიძლებოდა; ეს კი იყო, რომ არეული სიტყვებიც და აზრებიც ერთთავად შინელს ეხებოდა. ბოლოს საბრალო აკაკი აკაკიევიჩმა სული გალია. არც ოთახი, არც მისი ნივთები არ დაულუქავთ, ვინაიდან მემკვიდრეც არავინ იყო და სამემკვიდრეოც ძალიან ცოტა რამ რჩებოდა, სახელდობრ: ერთი კონა ბატის ფრთის კალამი, ერთი დასტა თეთრი სახელმწიფო ქაღალდი, სამი წყვილი წინდა, ორი-სამი ღილი, რომლებიც შარვალზე ასწყვეტოდა, და მკითხველისათვის უკვე ცნობილი კაპოტი. ვის ერგო ყოველივე ეს, ღმერთმა უწყის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამით არც კი დაინტერესებულა ამ ამბის მთხრობელი. აკაკი აკაკიევიჩი წაასვენეს და დამარხეს. დარჩა პეტერბურგი უაკაკი აკაკიევიჩოდ, თითქოს არც უცხოვრია აქ როდესმე. გაქრა და გაუჩინარდა არსება, რომელიც არავინ დაიცვა, არავისთვის არ იყო ძვირფასი და არავის არ აინტერესებდა, რომელსაც ბუნების მკვლევარის ყურადღებაც კი არ მიუქცევია, თუმცა იგი შემთხვევას არ გამოტოვებს ქინძისთავზე არ წამოაგოს და მიკროსკოპით არ დაათვალიეროს ჩვეულებრივი ბუზი; გაქრა არსება, რომელიც მორჩილებით იტანდა კანცელარიის მოხელეთა დაცინვას, და სამარეში ჩავიდა თუმცა იქ არავითარი განსაკუთრებული საქმე არა ჰქონდა; არსება, რომელსაც, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წუთს, მაგრამ მაინც ჩაუქროლა მომხიბლავმა სტუმარმა შინელის სახით და ერთი წუთით გაუნათა ბედშავი ცხოვრება; არსება, რომელსაც შემდეგ ისევე დაუნდობლად დაატყდა თავს უბედურება, როგორც დასტეხიათ მეფეთა და ძლიერთა ამა სოფლისა… მისი სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ დეპარტამენტიდან ბინაზე დარაჯი გამოგზავნეს, რომელსაც უნდა გადაეცა ბრძანება – დაუყოვნებლივ გამოცხადდი სამსახურში, უფროსი გიბარებსო; მაგრამ დარაჯი გაწბილებული დაბრუნდა და მოახსენა, ვეღარ მოვაო. როცა ჰკითხეს “რატომო?” ასე უპასუხა: “ისე, მომკვდარა. ოთხი დღის წინათ დაუმარხავთო”.
ასე შეიტყვეს დეპარტამენტში აკაკი აკაკიევიჩის სიკვდილის ამბავი. მეორე დღესვე მის ადგილზე უკვე სხვა, ბევრად უფრო მაღალი ტანის მოხელე იჯდა, რომელსაც ასოები ისეთი სწორი ხელით კი არ გამოჰყავდა, არამედ ბევრად უფრო დახრილად და ირიბად.
მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ ჯერ კიდევ არ დამთავრდებოდა აკაკი აკაკიევიჩის ამბავი, რომ სიკვდილის შემდეგ ბედად ეწერა კიდევ რამდენიმე დღე ეცოცხლა, ალიაქოთი აეტეხა თითქოს იმის სანაზღაუროდ, რომ მისი სიცოცხლე არავის შეუმჩნევია. მაგრამ ასე კი მოხდა და ჩვენს სამწუხარო ისტორიას მოულოდნელად ფანტასტიკური დასასრული მიეცა. პეტერბურგში უცებ ხმა დავარდა, კალინკას ხიდთან და ბევრად უფრო შორსაც ღამღამობით მიცვალებული გამოდის მოხელის სახით, რომელიც რაღაც წართმეულ შინელს დაეძებს და ამ შინელის საბაბით განურჩევლად ხარისხისა და წოდებისა ყველას ხდის შინელს: კატისა თუ კვერნის საყელოიანს, დაბამბულსა თუ ენოტის, მელიისა და დათვის ქურქებს, – ერთი სიტყვით, ყოველგვარი ბეწვეულისა და ტყავეულისას, რაც კი ადამიანს საკუთარი ტყავის დასაფარავად მოუგონიაო. დეპარტამენტის ერთ-ერთ მოხელეს თავის თვალით უნახავს მიცვალებული და მაშინვე უცვნია აკაკი აკაკიევიჩი; მაგრამ ისე შეშინებულა, რომ თავზარდაცემული გაქცეულა და ამიტომ კარგად ვეღარ გაურჩევია, მხოლოდ დაუნახავს, შორიდან რომ მუქარით დაუქნევია თითი. ყოველი მხრიდან განუწყვეტლივ მოდიოდა საჩივარი, რომ არა მარტო ტიტულიარნი სოვეტნიკების, არამედ თვით ტაინი სოვეტნიკების ზურგსა და ბეჭებს გაციების საფრთხე მოელით ღამღამობით შინელის გაძრობის გამო. პოლიციას განკარგულება მიეცა, რაც უნდა დასჯდომოდა, დაეჭირა მიცვალებული – გინდ ცოცხალი, გინდ მკვდარი – და სასტიკად დაესაჯა სხვათა სამაგალითოდ; ეს საქმე კინაღამ წარმატებითაც კი დააგვირგვინეს. სახელდობრ, რომელიღაც უბნის ყარულმა კირიუშკას შესახვევში მიცვალებულს მიუსწრო და ხელიც ჩაავლო საყელოში, როცა იგი ფრიზის შინელს ჰხდიდა ვიღაც ყოფილ მემუსიკეს, რომელიც ერთ დროს ფლეიტას უკრავდა. ხელი რომ საყელოში ჩასჭიდა, ყარაულმა მერე თავის ორ ამხანაგს დაუძახა და ბოროტმოქმედი მათ ჩააბარა, თვითონ კი მარტო ერთი წუთით დაიღუნა, რომ ჩექმის ყელიდან ბურნუთის კოლოფი ამოეღო. მაგრამ თამბაქო ალბათ ისეთი იყო, მიცვალებულიც ვერ გაუძლებდა. ყარაულმა ვერც კი მოასწრო თითით დაეცო თავისი მარჯვენა ნესტო და ნახევარი მუჭა შეეყნოსა მარცხენაში, რომ მიცვალებულმა ისეთი ძალით დააცემინა ცხვირი, სამთავეს მთლათ დორბლებით ამოუვსო თვალები. სანამ ისინი თვალებს ამოიწმენდნენ, მიცვალებული უკვალოდ გაქრა, ასე რომ აღარც კი იცოდნენ, ნამდვილად ხელში ჰყავდათ თუ არა. მას აქეთ ყარაულებს ისე ეშინოდათ მიცვალებულებისა, რომ ცოცხლების დაჭერასაც კი ვეღარ ბედავდნენ და მხოლოდ შორიდან გასძახებდნენ ხოლმე: “შენ ეი, შენი გზა მონახეო!” მკვდარი მოხელე უკვე კალენკას ხიდს გადმოღმაც კი ჩნდებოდა ხოლმე და შიშის ზარს სცემდა ყველა მშიშარა ადამიანს. მაგრამ ჩვენ სრულიად მივატოვეთ ერთი წარჩინებული პირი, რომელიც სიმართლე რომ ითქვას, უეჭველად მიზეზი გახდა ამ სავსებით ნამდვილი ისტორიის ფანტასტიკური მიმართულებისა. უპირველეს ყოვლისა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, მეტისმეტად დატუქსული აკაკი აკაკიევიჩის წასვლის შემდეგ მალე რაღაც სინანულის მსგავსი რამ იგრძნო. სიბრალულის გრძნობა მისთვის უცხო არ იყო; მის გულში ბევრ კეთილ გრძნობას შეეძლო დაესადგურებინა იმის მიუხედავად, რომ ხარისხი ძალიან ხშირად უშლიდა ხელს მათ გამომჟღავნებას. ჩამოსული მეგობარი კაბინეტიდან გავიდა თუ არა, წარჩინებულ პირს საბრალო აკაკი აკაკიევიჩი მოაგონდა და კიდევაც ჩაფიქრდა. მას აქეთ თითქმის ყოველდღე წარმოუდგებოდა ხოლმე ფერმიხდილი აკაკი აკაკიევიჩი, რომელმაც ვერ აიტანა თანამდებობრივი დატუქსვა. აკაკი აკაკიევიჩზე ფიქრმა იმდენად შეაწუხა, რომ ერთი კვირის შემდეგ გადაწყვიტა მოხელეც კი გაეგზავნა მასთან და გაეგო, რას აკეთებდა, ან როგორ იყო, ან ხომ არ შეიძლებოდა მართლა რითიმე დახმარებოდა. როდესაც მოახსენეს, აკაკი აკაკიევიჩი უეცრად მოკვდა ციებ-ცხელებითო, ელდაც კი ეცა, სინდისის ქენჯნა იგრძნო და მთელ დღეს ცუდ გუნებაზე იყო. ცოტათი რომ თავი გაერთო და გაეფანტა არასასიამოვნო შტაბეჭდილება, საღამოზე ეწვია ერთ-ერთ თავის მეგობარს, რომელთანაც კარგი საზოგადოება დახვდა; ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ყველანი თითქმის ერთი და იმავე ხარისხისანი იყვნენ, ასე რომ არაფრით არ იქნებოდა შეზღუდული. ამ გარემოებამ გასაოცრად იმოქმედა მის სულიერ განწყობილებაზე, თავი ლაღად იგრძნო, სასიამოვნო და თავაზიანი მოსაუბრე გახდა, ერთი სიტყვით, ძალიან კარგად გაატარა საღამო. ვახშამზე ორიოდე ჭიქა შამპანური დალია, ეს კი, მოგეხსენებათ, მხიარულებას დიახაც ხელს უწყობს. შამპანურმა სხვადასხვა მოულოდნელი წადილი აღუძრა გონებაში, სახელდობრ: გადაწყვიტა ჯერ შინ კი არ წასულიყო, არამედ შეევლო ერთ ნაცნობ ქალთან, კაროლინა ივანოვნასთან, რომელიც წარმოშობით, მგონია, გერმანელი იყო და რომელთანაც სავსებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ წარჩინებული პირი ახალგაზრდა კაცი აღარ იყო, კარგი ქმარი და დარბაისელი მამა გახლდათ ოჯახისა. ორი ვაჟი, რომელთაგან ერთი უკვე კანცელარიაში მსახურობდა, და თექვსმეტი წლის მოხდენილი ქალიშვილი, რომელსაც ოდნავ აბზეკილი, მაგრამ კოხტა ცხვირი ჰქონდა, ყოველდღე ეახლებოდნენ ხოლმე ხელზე საკოცნელად და თან ეუბნებოდნენ: ბონჯოურ, პაპა. მისი მეუღლე, კარგად შენახული და არც ურიგო სილამაზის ქალი ჯერ თავის ხელზე აკოცნინებდა, შემდეგ ხელს გადაუბრუნებდა და ზედ ჰკოცნიდა. მაგრამ წარჩინებულმა პირმა, რომელიც სავსებით კმაყოფილი იყო შინაური, ოჯახური ალერსით, შეუფერებლად არ სცნო ქალაქის სხვა ნაწილში აეჩინა მეგობარი გულითადი ურთიერთობისათვის. ეს მეგობარი არაფრით არ იყო მის ცოლზე არც უკეთესი და არც ახალგაზრდა; მაგრამ ასეთი უცნაური ამბები ხდება ხოლმე ქვეყანაზე და ჩვენი საქმე არ არის ამაზე მსჯელობა. ამრიგად, წარჩინებულმა პირმა კიბე ჩაიარა, მარხილში ჩაჯდა და მეეტლეს უთხრა: “კაროლინა ივანოვნასთანაო”, – თვითონ კი სიამოვნებით გაეხვია თბილ შინელში იმ საამური განწყობილებით, რის უკეთესსაც რუსი კაცისთვის ვერც კი ინატრებ: ისე იგი, როცა შენ თვითონ არაფერზე არ ფიქრობ და ფიქრები კი – ერთიმეორეზე უკეთესი ფიქრები – მისდათავად გიტრიალებს თავში, ისე რომ არც კი გჭირდება მათი ძებნა. სიამოვნების ბურანში გახვეული იგონებდა გატარებული საღამოს ყოველ მხიარულ წუთს, ყოველ სიტყვას, რომლებმაც მეგობართა ვიწრო წრე აცინა; ბევრ მათგანს ხმადაბლა იმეორებდა კიდევაც და რწმუნდებოდა, რომ ისევე სასაცილო იყო, როგორც მაშინ; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თვითონაც გულიანად იცინოდა. მაგრამ დროდადრო ხელს უშლიდა მძაფრი ქარი, რომელიც, ღმერთმა უწყის, საიდან და რა მიზეზით ამოვარდებოდა ხოლმე უეცრად, ბღუჯა-ბღუჯად აყრიდა თოვლს პირში, სახეს აფხაჭნიდა, აფრასავით გადაუფრიალებდა ან უეცრად არაჩვეულებრივი ძალით წამოაცმევდა თავზე შინელის საყელოს, რის გამოც წარამარა უხდებოდა წვალება საყელოდან ამოსაძრომად. უცბად წარჩინებულმა პირმა იგრძნო, რომ ვიღაცამ ძალიან მაგრად ჩასჭიდა ხელი საყელოში. მოიხედა და დაინახა გაცვეთილმუნდირიანი ტანდაბალი კაცი. თავზარდაცემულმა აკაკი აკაკიევიჩი იცნო. მოხელეს სახე გათეთრებოდა და ნამდვილად მკვდრისას მიუგავდა. მაგრამ წარჩინებული პირის შიში ყოველგვარ საზღვარს გადასცილდა, როცა დაინახა, რომ მიცვალებულმა პირი მოიღრიცა, სამარის საზარელი სუნთქვა შეაფრქვია და ასეთი სიტყვებით მიმართა: “აჰა! ბოლოს და ბოლოს ხომ ჩამივარდი ხელში! ბოლოს და ბოლოს ხომ ჩაგავლე, ისა, ხელი საყელოში! სწორედ შენი შინელი მჭირდება! ჩემსაზე არ იზრუნე და კიდევაც დამტუქსე, – მაშ ახლა შენი მომეცი!” საბრალო წარჩინებულ პირს შიშით რამის გული გაუსკდა. თუმცა კანცელარიაში და საერთოდ უმცროსთა წინაშე ხასიათის დიდ სიმტკიცეს იჩენდა და მისი ვაჟკაცური გარეგნობისა და ტანის დანახვაზე ყველა ამბობდა: “უჰ, რა ხასიათის პატრონიაო!” მან, ბუმბერაზული გარეგნობის ბევრ სხვათა მსგავსად ისეთი შიში იგრძნო, რომ კიდეც შეფიქრიანდა რაიმე შეტევა არ მომივიდესო. სწრაფად მოიხსნა საკუთარი ხელით შინელი და საზარელი ხმით დაუყვირა მეეტლეს: “შინისაკენ! ჩქარა! ჩქარაო!” მეეტლეს რომ ისეთი ხმა მოესმა როგორსაც ჩვეულებრივად გადამწყვეტ წუთებში თუ გაიგონებთ და რასაც თან სდევს ბევრად მოქმედი რამ, ყოველი შემთხვევისათვის თავი მხრებში ჩამალა, შოლტი მოიქნია და ისარივით გაჰქროლა. ექვსიოდე წუთზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ წარჩინებული პირი უკვე თავის სახლის შესასვლელთან გაჩნდა. გაფითრებული, გულგახეთქილი, უშინელო, იმის ნაცვლად, რომ კაროლინა ივანოვნას სწვეოდა, შინ მივიდა, ძლივძლივობით მიჩანჩალდა თავის ოთახამდე და დიდ შფოთში გაატარა მთელი ღამე, ასე რომ მეორე დილას, ჩაიზე ქალიშვილმა პირდაპირ უთხრა: “დღეს ძალიან ცუდ ფერზე ხარ, მამაო”. მაგრამ მამა დუმდა და არავისთან კრინტი არ დაუძრავს იმაზე თუ რა დაემართა, სად იყო და სად აპირებდა წასვლას. ამ შემთხვევამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ამის შემდეგ ბევრად უფრო იშვიათად ეუბნებოდა ხოლმე ხელქვეითებს: “როგორა ბედავთ? გესმით თუ არა, ვინ არის თქვენს წინ?” ხოლო თუ ეუბნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოისმენდა, რაში იყო საქმე. მაგრამ კიდევ უფრო შესანიშნავია ის, რომ მას აქეთ აღარსად გამოჩენილა მკვდარი მოხელე; ეტყობა, გენერლის შინელი კარგად მოადგა: ყოველ შემთხვევაში აღარსად ისმოდა ვინმესთვის შინელი გაეძროთ. თუმცა ბევრ გამრჯესა და საქმიან ადამიანს არამც და არამც არ უნდოდა დამშვიდებულიყო: კვლავაც ლაპარაკობდნენ, ქალაქის შორეულ უბნებში კიდევ არაერთხელ გამოჩენილა მკვდარი მოხელეო. მართლაც ერთმა კოლომნელმა ყარაულმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოჩნდა ერთი სახლის უკანიდან მოჩვენება; მაგრამ ეს ყარაული ბუნებით რამდენადმე ძაბუნი იყო, ასე რომ ერთხელ რომელიღაც კერძო სახლიდან გამომხტარმა ჩვეულებრივმა მოზრდილმა გოჭმა წააქცია, რამაც გულიანად ახარხარა გარშემომყოფი მეეტლეები, რომელთაც ასეთი თავხედობის გამო ყარაულმა ნახევარ-ნახევარი კაპიკი დააყაჭინა თამბაქოსათვის. – ჰოდა, რადგან ძაბუნი იყო, ვერ გაბედა გაეჩერებინა და უჩუმრად სდია სიბნელეში მანამდე, სანამ ბოლოს მოჩვენებამ უცბად უკან არ მოიხედა, შეჩერდა და ყარაულს ჰკითხა: “შენ რა გნებავსო?” თან ისეთი მუშტი უჩვენა, როგორიც ცოცხალ ადამიანსაც კი არა აქვს. ყარაულმა უპასუხა: “არაფერიო”, და მაშინვე უკან გამოტრიალდა. მაგრამ ეს მოჩვენება ბევრად უფრო მაღალი იყო ტანად, უშველებელი ულვაშები ჰქონდა; როგორც ჩანდა ობუხოვის ხიდისაკენ გაემართა და მალე სრულიად გაქრა ღამის წყვდიადში.