ლიტერატურაწიგნები

Warhammer 40000: კოსმოსური მგლები, ნაწილი II

ქაოსის ძლევამოსილი მეომრის, მოდოქსის დამარცხებისა და კოსმოსური მგლის სტატუსის მოპოვების შემდეგ რაგნარს წინ გაცილებით უფრო დიდი სამყარო ელის, სადაც ერეტიკოსები და სხვა ბნელეთის არსებები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს, სადაც იმპერიის მრავალი მეომარი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე. თითოეული მათგანი ცდილობს თავიანთი გასაკეთებელი გააკეთოს იმპერიის საზღვრების შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ რაგნარი უკვე იმპერატორის მებრძოლთა რიგებშია, მას მოუწევს უფრო და უფრო მასშტაბური ბრძოლების გადატანა და უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან შერკინება. მისი მოვალეობა განუწყვეტლივ იზრდება.

უილიამ კინგის ,,კოსმოსური მგლების“ მეორე წიგნში, მკითხველს უფრო მასშტაბური ბრძოლები ელის წინ. მეორე წიგნი, რომელსაც ჰქვია ,,რაგნარის ბრჭყალი“, იწყება იმით, რომ კოსმოსური მგლების ბაზაზე გამოჩნდებიან ინკვიზიტორები, რომელთაც ინკვიზიტორი ივან სტერნბერგი მეთაურობს. ივანი მგლებს განუცხადებს, რომ მისი პლანეტა აერიუსი საშინელ განსაცდელშია. გავრცელდა რაღაც დაავადება, რომელიც საათში მილიონობით მცხოვრების სიცოცხელს იწირავს. ასე თუ გაგრძელდა, მალე პლანეტაზე სიცოცხლე აღარ იქნება. ივანის აზრით, ეს უბრალო დაავადება არ არის, მასში ბნელი მაგიაც ურევია, რაც სასიკვდილოა ნებისმიერი მოკვდავისთვის. ივანის აზრით, ამ დაავადების განკურნება შეიძლება მხოლოდ ლიკოსის თილისმის საშუალებით, რომლის ნაწილებიც გაბნეულია სხვადასხვა ადგილას. ერთი ნაწილი სწორედ მგლების საცავში ინახება. ბევრი ჭოჭმანის შემდეგ, გადაწყდება, რომ ინკვიზიტორს მისცემენ თილისმის ნაწილს, თუმცა სამაგიეროდ ინკვიზიტორს გაყვება მგლების გუნდი, რომელიც ამასთანავე თილისმის მცველები იქნებიან. ამ სპეციალურ გუნდში იქნება რაგნარი თავის თანამებრძოლებთან ერთად, ხოლო მეთაური კი სერჟანტი ჰაკონი. მაშასადამე, რაგნარის შემდეგი მისია სწორედ თილისმის სხვა ნაწილების ადგილმდებარეობის დადგენა და ხელში ჩაგდებაა. მის გუნდს სწორედ ინკვიზიტორთა რაზმთან ერთად მოუწევს მოგზაურობა.

                                                                                     ინკვიზიტორი
მეორე წიგნში შემოდის ძალიან საიტნერესო პერსონაჟი, ინკვიზიტორ ივან სტერნბერგის მოწაფე, კარა ისაანი. როდესაც ჩვენი მთავარი გმირი და კარა მარტო დარჩებიან, რაგნარი მასთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ იგი არის ერთ-ერთი საიკერთაგანი, ერთგვარი ჯადოქარი, რომელსაც აქვს უნიკალური მენტალური უნარი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური მართვის. რაგნარი როდესაც შეეცდება ნაბიჯის გადადგმას, აღმოაჩენს, რომ სხეული არ ემორჩილება. თუმცა, კარას გასაოცრად, რაგნარი მაინც შეძლებს კარას ეფექტისგან თავის დაძვრენას, რაც თითქმის წარმოუდგენელია ხოლმე. კარა ამ დროს ეტყვის რაგნარს, რომ იგი არ ჰგავს სხვა კოსმოსურ მგლებს, მის ბუნებაში ცხოვრობს რაღაც ძლევამოსილი არსება, რომელიც გამუდმებით უნდა აკონტროლოს. მომავალში, კარა სწორედ იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი იქნება, ვისთანაც ერთადაც მოუწევს რაგნარს ბრძოლა თილისმანის დასაბრუნებლად. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყობიან.

                                                                                          საიკერი
ბუნებრივია, მოგზაურობისას ძალიან ბევრი თავგადასავალი გადახდებათ კოსმოსურ მგლებს ინკვიზიტორთა არმიასთან ერთად. რაგანრს მოუწევს შებრძოლება ისეთ არსებებთან, რომლებთანაც აქამდე არ უბრძოლია. ნამდვილი ბრძოლა კი მაშინ იწყება, როდესაც იგი იძულებული გახდება ორკების არმიას დაუპირისპირდეს, რომლის მეთაურსაც უკიდია თილისმის ნაწილი, რაც ორკს განუზომელ ძალას ანიჭებს. ეს არის თილისმის მეორე ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიპოვონ პლანეტის გადასარჩენად. მეთაური გარშემორტყმულია ათასობით ორკით, რომელთა დაცვის გარღვევაც წარმოუდგენელია რამდენიმე ერთეული ჯარისკაცის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კოსმოსური მგლები არიან. აქ იმოქმედებს უკვე კარა ისაანი, რომელიც თავისი ჯადოქრობის წყალობით შეძლებს უჩუმრად რაგნარისა და მისი თანამებრძოლების შეპარვას მეთაურის კოშკში და იქ გაუმართავენ ბრძოლას ველურ ბარბაროსს. როგორ დამთავრდება ეს შერკინება, ამას მკითხველი თავად წაიკითხავს.

რაც შეეხება თილისმის მესამე ნაწილს, ის მდებარეობს მკვდარ მზე კორეალისთან. მისი წარმატებით აღმოჩენის შემდეგ მათ უკვე აქვთ მთლიანი თილისმა, რომელიც უნდა მიიტანონ პლანეტა აერიუსზე მდებარე შავ პირამიდასთან, საიდანაც ინკვიზიტორის აზრით, ისინი შეძლებენ დაავადების განკურნებას. თილისმა იყო ერთგვარი გასაღები პირამიდაში შესასვლელად, თუმცა სანამ უშუალოდ გააქტიურებდნენ გასაღებს, პირამიდაში მათ ძველი მღვდლის ჰოლოგრამა გამოეცხადათ, რომელმაც უთხრა არავითარ შემთხვევაში არ აემოქმედებინათ საკეტი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, პლანეტალური მასშტაბის უბედურებას ექნებოდა ადგილი. თუმცა მგლებმა და ინკვიზიტორებმა არ დაიჯერეს, რის შედეგადაც საკეთი გააქტიურეს. ეს კი სანანებლად დაუჯდათ. შავ პირამიდაში დამწყვდეული იყო ძლევამოსილი დემონი, ნარგლის პრინცი ბოჩულასი. რომელიც ათასობით წლის წინ საიკერებმა შესძლეს დაემწყვდიათ უძველესი მაგიის გამოყენებით, ახლა კი ის თავისუფალი იყო. იმის გაანალიზების შემდეგ, რომ გალაქტიკას სასიკვდილო განაჩენი გამოუატანეს, ჩვენმა პერსონაჟებმა დაიწყეს უკვე იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დაემარცხებინათ დემონი, რომლის მოკვლის შანსი თეორიულადაც არ იყო. ერთადერთი საშუალება იყო ისევ დამწყვდევა, ეს კი ურთულესი პროცესი გახლდათ. ამ ეპიკურ ბრძოლას თქვენ წაიკითხავთ მეორე წიგნში, რომელიც სწორედ რომ 2 მასშტაბური ბრძოლით გამოირჩევა პირველი წიგნისგან და რომელშიც ნამდვილად იგრძნობა ვორჰამერის სამყაროს სული.

                                                                                    დემონი ბოჩულასი

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button