ერნესტ ჰემინგუეი, ინტერვიუ (1940 წლის აგვისტო)
ერნესტ ჰემინგუეი აქ იყო, ნიუ იორკში, თავისი ყველაზე გრძელი რომანის ბოლო კორექტურას კითხულობდა სკრიბნერის გამომცემლობაში ჩასაბარებლად. რომანს ერქვა “ვის უხმობს ზარი”. ვისაც ხელნაწერი წაკითხული ჰქონდა, ამბობდა, ეს ყველაფერს სჯობს, რაც აქამდე დაუწერიაო.
ჰემინგუეი კორექტურის წასაკითხავად ნიუ იორკში თითქოს იმიტომ დარჩა, რომ საქმეს არ მოსცდენოდა, მაგრამ მოწყენით არც აქ იწყენდა. ბარკლის სასტუმროში, მის ოთახში, მუდამ ალიაქოთი იდგა. პატარა მაგიდაზე ელექტროჩაიდნის გვერდით ყინულის ბალონი და ვისკის ბოთლები ელაგა. ვისკი იატაკზეც ეწყო, ისე, რომ ერთბაშად რამდენიმე სკამიდან ხელით მისწვდებოდით. ვექილები, ძველი მეგობრები, ჯარისკაცები – მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ტელეფონი ლამის გაბმით რეკავდა…
– ჩვიდმეტი თვე ვიმუშავე, – მითხრა ჰემინგუეიმ თავის ახალ რომანზე, – კარგი უნდა გამოვიდეს. თუ არადა, წერაზე ხელი უნდა ავიღო, რადგან ბოლო ნაწარმოებმა – “ქონა თუ არქონა” ვერ ივარგა. ჩვიდმეტი თვის განმავლობაში ფულისთვის ერთი მოთხრობა ან წერილიც არ დამიწერია. გროშიც არ ამიღია ჰონორარი. დავიღალე. ყოველ დილით რვის ნახევარზე ვიწყებ მუშაობას და დაახლოებით სამის ნახევრამდე ვწერ. რომანზე მუშაობისას, პირველ ყოვლისა, უკვე დაწერილს გადავხედავ ხოლმე, მერე სიტყვებს ვალაგებ აგურებივით. აუჩქარებლად ვწერ. ერთხანს ვცადე, სწრაფად მეწერა და მერე ნაწერი დამემუშავებინა. არ გაამართლა. როცა ჩქარობ, საბოლოოდ წიგნი ან გამოვა, ან არა და შეიძლება სწორედ სიჩქარემ გააფუჭოს.
– დღეში რამდენს წერთ?
– რა ვიცი. ხან ბევრს, ხან ცოტას. გეგმის მიხედვით არასოდეს ვწერ, როცა ვიწყებ, წინ სუფთა ფურცელი მიდევს და ის გადამაქვს, რაც იმ წუთში ვიცი. ხშირად ვბორძიკობ… “ქონა თუ არქონა” იმიტომ არ ვარგა, რომ ნოველებისგან შედგება. ჯერ ერთი ნოველა დავწერე, მერე – ესპანეთში – მეორე. მერე დავბრუნდი, ჰარი მორგანი შემხვდა და მესამე ნოველის დაწერა მომინდა. საბოლოოდ რომანი გამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან განსხვავებული ნოველები იყო. ამის მერე არ ვიცი, რას ვიზამ, ამბობენ, ორმოცს რომ გადააბიჯებ, იმდენი რამ კი უნდა გქონდეს ნანახი, რომ კარგი რამეები დაწეროო. ალბათ, ასეა.
– თქვენზე ამბობენ, მწერალი კი არა, ჟურნალისტიაო.
– რა მოგახსენოთ. გაზეთებისთვის ხშირად მიწერია, მაგრამ თავი მწერლად მიმაჩნია. ამას საბოლოოდ დრო გაარკვევს – ჟურნალისტიკა ერთი დღის საქმეა, მწერლობა უფრო გრძელი პერიოდისთვისაა განკუთვნილი. თუ ჩემს ნაწერებს ორმოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგაც წაიკითხავენ, ესე იგი, მწერალი ვყოფილვარ (იცინის). ერთი კია – მაინცდამაინც ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ მითქმა- მოთქმას. ეს უფრო სალონებში თავმოსაწონებლად, საკუთარი ვითომ-ინტელექტუალობის ხაზგასასმელად ნათქვამი ფრაზებია ხოლმე. კიდევ ერთი: როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს იწუნებს და ცხვირს უბზუებს ის, ვისაც თვითონ არასდროს არაფერი გაუკეთებია.
– ერთი სიტყვით, თქვენთვის სულერთია, როგორ შეგაფასებენ?
– არა, სულერთი ნამდვილად არ არის, ოღონდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაფასებს. არიან ადამიანები, ვის აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არიან ადამიანები, ვისი აზრიც საერთოდ არ მაღელვებს.
– მათ შორის ჰერტრუდ სტაინიც ხომ არ არის?
– (იცინის) ეგ თქვენ თქვით, მე არ მითქვამს.
– მისტერ ჰემინგუეი, ხშირად მოგზაურობთ ევროპაში. Bევრ თქვენს ნაწარმოებში მოქმედება ევროპაში ხდება. რა არის თქვენთვის ევროპა?
– მგონი, ამ კითხვის პასუხი ჩემი ნაწერებია. ევროპა არ არის ჩემი სახლი, მაგრამ ესაა ადგილი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, სადაც ბევრი დღესასწაული მქონდა. ესაა ადგილი, რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მენატრება.
– ევროპელები ამერიკელებს ხშირად ცხვირს უბზუებენ. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?
– ალბათ, ამერიკელის ის სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრდა ევროპაში – ბრიყვულად მომღიმარი, მოსულელო ტურისტი, რომელიც ყველაფერს ხალისით ათვალიერებს, გაუჩერებლად ლაქლაქებს და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს.
– თქვენ ხომ არ გიგრძვნიათ ოდესმე ამგვარი დამოკიდებულება?
– არა, არასოდეს. ამას გრძნობს ის, ვინც იმსახურებს.
– იქნებ ევროპელთა ქედმაღლობის მიზეზი ისიც იყოს, რომ მათ უფრო ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ?
– ყველა ქვეყანას თავისი წილი სიმდიდრე აქვს. ტრადიციები არც ამერიკელებს აკლიათ. უბრალოდ, ეს უფრო ახალი ქვეყანაა. საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ.
– თქვენს შემოქმედებაში ესპანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასე რით მოგხიბლეს ესპანელებმა?
– საკუთარი ღირსების შეგრძნებით, შინაგანი კულტურით, რაც ყველაფერში მჟღავნდება – ქცევებში, მეტყველებაში, თავდაჭერაში, სისადავეში.
– სისადავე თქვენთვის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა.
– დიახ.
– თქვენი ნაწერები მართლაც სადაა…
– ყველაფერი გენიალური სადაა (იცინის).
– დღევანდელ ლიტერატურაში სისადავისგან დაშორების ტენდენცია მძლავრობს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით გასაგებად რთულ და ძნელად საკითხავ წიგნებზე?
– ექსპერიმენტი იმის ექსპერიმენტია, რომ ხან გაამართლოს, ხან არა. ამ მძიმე ნაწერებს მე ლიტერატურად არ აღვიქვამ. იყოს, რაც გნებავთ – ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ოღონდ არა ლიტერატურა. თუმცა ყოველგვარი ექსპერიმენტის დრო თავისთავად ჩაივლის. არ შეიძლება, ტვინის ჭყლეტამ დიდი ხნით დაიმკვიდროს ადგილი. დარჩება…
– სადა და მარტივი წიგნები?
– დიახ, სადა და მარტივი წიგნები!
1950 წლის სექტემბერიამჯერად ჰემინგუეისთან შეხვედრისას ასე გადავწყვიტეთ: მე თემებს მივცემდი, თვითონ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ეს უცნაური ინტერვიუ ცოტათი დაემსგავსა ჩანაწერებს ზოგად საკითხ- ებზე, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა.
კითხვები მნიშვნელოვან თემებზე:
– ღმერთმანი, არ ვიცი, როგორ უნდა ვუპასუხო ასეთ კითხვებს. თითქმის ნებისმიერი დიდი სურათის წინ (ისევე, როგორც მნიშვნელოვანი კითხვების წინაშე) ვიბნევი – გამონაკლისია ტინტორენტოს “ჯვარცმა” ვენეციაში.
თანამედროვე თემები:
– სიტყვა “თანამედროვე” გაუგებარია. მარადიული თემებია სიყვარული, უსიყვარულობა, სიკვდილი, მისთვის დროებით თავის არიდება, რასაც სიცოცხლეს ვეძახით, სულის უკვდავება ან წარმავლობა, ფული, ღირსება, პოლიტიკა. ეს თემები მეორდება ყველა ეპოქაში, თუმცა ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს, დამიწერე 150 000 სიტყვა მოცემული თემების ამდილანდელ მდგომარეობაზეო.
ქვეყანა, კულტურა, პოლიტიკა:
რომანისტი წერს ქვეყანაზე, რომელსაც იცნობს, რომელიც გულში აქვს. კულტურა (თუკი გაქვს) კარგია, მაგრამ უნდა გქონდეს შენი პოზიცია, შენი ბრძოლის ველი და გახსოვდეს, რომ არ არსებობს კულტურა, რომელიც სხვას ჰგავს.
ჩვენ იძულებული ვართ, ამ დროში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, ყველაზე უარეს დროში, რაც კი ოდესმე ყოფილა, მაგრამ მაინც შეგიძლია, უამრავი სასიხარულო რამ მოძებნო – თან იცოდე, რა უვარგის დროში ცხოვრობ.
პოლიტიკაზე მირჩევნია არაფერი ვთქვა. მასთან ყოველი შეხება ერთადერთ შეგრძნებას მიტოვებს – თითქოს ბინძური ჭურჭლიდან რაღაც სისაძაგლე დავლიე. თავდაჯერებული პატრიოტი, სხვა ადამიანების ცხოვრებისა თუ რწმენის წარმმართველი – ასეთი გამომეტყველება აქვს ფოტოებზე პოლიტიკოსთა უმეტესობას. სენატმა შეიძლება გაამრავალფეროვნოს ეს სურათი, თუ ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
პოეზიაზე:
ზოგი წერს და ზოგი ცდილობს წერას… მაგრამ დღემდე არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვით კაცს აუცილებლად უნდა მოსწონდეს, ვთქვათ, ტ.ს. ელიოტი.
რომანზე:
– შეიძლება ვინმემ თქვას, წიგნში “მდინარის გადაღმა” არაფერი ხდებაო, მაგრამ ხდება უამრავი რამ. კიდევ, იქ არის კაცი, რომელსაც ერთი გოგო უყვარს და კვდება.
წერასთან არითმეტიკის, გეომეტრიისა და ალგებრის გავლით მოვედი და ახლაც სულ გამოთვლებში ვარ. თუ რაღაცას ვერ ვხვდები, თავს ვანებებ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. თავს არ დავიდარდიანებ და არ დავიწყებ გამოკითხვას – რას ამბობენ! დაე, ილაპარაკონ.
1954 წლის 7 ნოემბერი
8 ოქტომბერს ჰავანაში მშვიდი, სასიამოვნო ამინდი იდგა. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი კუბის დედაქალაქის გარეუბანში, ჰემინგუეის სახლთან. ამ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰემინგუეის ნობელის პრემია მიანიჭეს.
ახლა ტელეფონით ველაპარაკები მწერალს. ყურმილიდან აფორიაქებული ხმები ისმის, შეძახილები, როგორც ჩანს, ოთახში უამრავი ხალხია. თვითონ ჰემინგუეის მშვიდი ხმა აქვს – არც გახალისებული, არც გულგრილი. მშვიდი. მზადაა, ერთი-ორი სიტყვა მითხრას.
– მწერალმა უკიდურესად გულწრფელად წერა უნდა სცადოს. მწერალი პროზას თხზავს იმისგან, რაც იცის, რათა თქვას რაღაც – არა ფოტოგრაფიული ან ნატურალისტური, ან რეალისტური, არამედ რაღაც ისეთი, რაც სრულიად ახალი იქნება, რასაც საკუთარი გამოცდილებითა და წარმოსახვით შექმნის.
კრიტიკაზე ვეკითხები და პასუხს მაძლევს:
– კრიტიკამ ბევრი რამ მასწავლა. გულწრფელმა, უშუალო კრიტიკამ. სხვაგვარი კრიტიკა არ არსებობს. მაგალითად, როცა ჩემზე წერდნენ, ამპარტავანია და ამაყიო ან ათასნაირ ცოდვას მომაწერდნენ, ამას არაფრად ვაგდებდი. საერთოდ, კრიტიკოსებმა ბევრი არაფერი იციან ლიტერატურული ნაწარმოების ალქიმიაზე. აბა, რა იციან, რომ კაცმა გულიანად უნდა წეროს და სცადოს, თავისი ნაწერით თქვას, რა სწამს, რისი სჯერა.
შევახსენე, რომ იტალიელმა მწერალმა იგნასიო სილონემ კითხვაზე, ისტორიაში რომელია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღიო, უპასუხა: “ოცდახუთი დეკემბერი, წელიწადი – ძერო”. ჰემინგუეიმ თქვა:
– მე არ მაქვს მნიშვნელოვანი თარიღები. არასდროს მჯეროდა არც ასტროლოგიის, არც ოკულტური მეცნიერების. მე არ ვიცი, რა არის ადამიანი (ამ სიტყვის ფართო გაგებით). ვიცი, რა არის კაცი, რას ნიშნავს, იყო კაცი და იმედი მაქვს, რაღაცები ვისწავლე ქალებსა და ცხოველებზე.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– დავიწყე მუშაობა სამ ნოველაზე აფრიკის შესახებ მოთხრობათა კრებულისთვის. ამ წიგნის გამოქვეყნებას ჩარლზ სკრიბნერი აპირებს. კრებულში შევა შვიდი გამოუქვეყნებელი მოთხრობა. თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. ცუდია და ძნელი იმაზე ლაპარაკი, რას წერ.
– ნობელის პრემიაზე რას იტყვით?
– არ შემიძლია სინანული არ გამოვთქვა იმის გამო, რომ ეს პრემია არ მიუციათ მარკ ტვენისთვის და ჰენრი ჯეიმზისთვის (მხოლოდ ჩემს თანამემამულეებზე ვლაპარაკობ). უკეთეს მწერლებსაც არ მიუღიათ ეს ჯილდო.
დღეს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, პრემია რომ მიეღო ისეთ მშვენიერ მწერალს, როგორიცაა ისაკ დარნესენი ან ბერნარდ ბერენსონი, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მხატვრობაზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ გავიგებდი, რომ პრემიით დაჯილდოვდა კარლ სენდბერგი.
თუმცა… მადლობის მეტი რა მეთქმის შვედეთის აკადემიის მიმართ.
წყარო: http://mastsavlebeli.ge