მითები ძველი ეგვიპტის შესახებ
ძველი ეგვიპტისა და ეგვიპტელების ხსენებისას მაშინვე გვიჩნდება მისტიკისა და ინტრიგის ასოციაცია, რაც გარკვეული არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგია. თუმცა ამ ყველაფერმა უძველეს ცივილიზაციასთან დაკავშირებით ბევრი მითიც წარმოშვა. პოსტში მოყვანილია ყველაზე გავრცელებული არასწორი წარმოდგენები, რომლებსაც არცთუ ისე იშვიათად ვხვდებით ძველ ეგვიპტესთან დაკავშირებით.
კლეოპატრა ლამაზი იყო. კლეოპატრა VII, ძველი ეგვიპტის ბოლო ფარაონი, ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, ფართო მასებში ის მაცდური გარეგნობითა და გამორჩეული სილამაზით იყო ცნობილი. ეს იდეა ბევრმა ხელოვანმა უკვდავყო, დაწყებული უილიამ შექსპირიდან, დამთავრებული რეჟისორ ჯოზეფ მანკევიჩით. თუმცა ძველი რომაული მონეტები გვიჩვენებს, რომ კლეოპატრას მამაკაცური გარეგნობა ჰქონდა: მსხვილი ცხვირი, გამობზეკილი ნიკაპი და თხელი ტუჩები. ეს კი არცერთი კულტურის სილამაზის პროტოტიპში არ ჯდებოდა. მეორე მხრივ, კლეოპატრა ინტელექტით გამოირჩეოდა – დღესდღეობით არსებული წყაროები გვიამბობენ მის ქარიზმატულობასა და ჭკუაზე.
სიკვდილით შეპყრობილები. როცა მკითხველი ეცნობა ძველი ეგვიპტელების ტრადიციებს, პირამიდებს, მუმიებსა და შთამბეჭდავ ღმერთებს, ადვილად მივა იმ დასკვნამდე, რომ ეგვიპტელი ხალხი სიკვდილს ადიდებდა, თუმცა ეს აზრი საკმაოდ შორსაა სიმართლისგან. ის დიდი გარჯა, რასაც ეგვიპტელები დამარხვის რიტუალებში დებდნენ, რეალურად სიცოცხლის პატივისცემას ეხებოდა. მაგალითად, ბევრი ილუსტრაციაა აღმოჩენილი, რომლებიც სარკოფაგებს ამშვენებენ შიგნიდან, ეს ილუსტრაციები კი ფერმერობას, თევზაობას, ნადირობას და ა.შ. ასახავს. მუმიფიცირება ემსახურებოდა გვამისთვის ცოცხლის იერის შენარჩუნებას, რაც სიცოცხლის გაიდეალებას ემსახურებოდა და არა სიკვდილისას.
უცხოპლანეტელები. არც ისე ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა რწმენითაც, ძველ ეგვიპტელებს უცხოპლანეტელებთან ჰქონდათ კავშირი. ისინი ამ განცხადებებს იმით იმოწმებენ, რომ პირამიდების სტრუქტურა და შენობები ზეადამიანურ მიღწევებზეა დაფუძნებული, ხოლო ფრესკებზე არამიწიერი არსებები არიან გამოსახულნი. ხშირ შემთხვევაში მსგავსი მიდგომა ერთგვარად ჩრდილავს ეგვიპტელთა მემკვიდრეობას. გიზას პირამიდა მათემატიკური ანალიზის მიხედვით მართლაც განსაცვიფრებელია, მაგრამ ამ ყველაფრის ავტორები იმდროინდელი გამჭრიახი ასტრონომები, სწავლულები და არქიტექტორები არიან. გიზას დიდი პირამიდა 4000 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნაგებობას წარმოადგენდა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეგვიპტელები უცხოპლანეტელებთან მეგობრობდნენ, არამედ იმას, რომ ეგვიპტის მჯობნი ცივილიზაცია XIX საუკუნემდე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ლატვიელმა ამერიკელმა ექსცენტრიკოსმა, ედვარდ ლიდსკალნინმა, მეგალითური ნაგებობის აშენება დამოუკიდებლად შეძლო ეგვიპტელთა საიდუმლოს ამოხსნის შემდეგ.
მნიშვნელოვანი აღმოჩენები უკვე გაკეთებულია. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის აზრით, ძველ ეგვიპტეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკვე ცნობილია და შესაბამისად, ეგვიპტოლოგია მოძველებული და მკვდარი დარგია. ეს მოსაზრება არასწორია, გასაოცარი აღმოჩენები დღევანდელობაშიც ხდება, რაც ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ბევრ დეტალს ხდის ფარდას. მაგალითად, წელს, ივნისის თვეში, გიზას პირამიდაში “მზის ნავი” აღმოაჩინეს და მისი შესწავლა ჯერაც მიმდინარეობს. მკვლევართა მოსაზრებით, ეს ნავი გამოიყენებოდა, რათა გარდაცვლილი ფარაონები დახმარებოდნენ მზის ღმერთს, რას, ბნელეთის დემონ აპოპთან საუკუნო ბრძოლაში. ყოველ ღამეს ღმერთი რა თავისი ნავით მიეშურება აპეპთან, განთიადისას კი იმარჯვებს და ცის გასწვრივ მოგზაურობას იწყებს.
იეროგლიფები. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეგვიპტელებმა იეროგლიფების სისტემა გამოიგონეს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ პრიმიტიული იეროგლიფები მათთან დასავლეთ აზიელმა დამპყრობლებმა შეიტანეს. სხვა მითის მიხედვით, იეროგლიფები წყევლასა და მაგიურ ფორმულებს შეიცავდნენ. ეს იმის გამოა, რომ ხშირად ვხვდებით გველისა და მოგლეჯილი ფეხის გამოსახულებას. რეალურად, იეროგლიფები უმეტესად გამოხატავენ სრულიად უვნებელ მოვლენებსა და ისტორიულ ჩანაწერებს. წყევლებს იშვიათად ვხვდებით აკლდამებში, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: “მისი წლები შემცირდება!” (მონტუემჰეტი – 25-26-ე დინასტიის ფარაონი) და “მას არ ეყოლება მემკვიდრე” (თუტმოს I – მეთვრამეტე დინასტიის ფარაონი). სანამ როზეტის ქვას აღმოაჩენდნენ 1799 წელს და მოგვიანებით გადათარგმნიდნენ, მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ იეროგლიფები იყო ილუსტრაციები და არა ფონეტიკური ბგერები, რომლებიც ანბანს ქმნიდნენ.
პირამიდების დეკორაცია. ეგვიპტური აკლდამებისა და სასახლეების უმეტესობის ინტერიერი იეროგლიფებითაა დაფარული, მაგრამ გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, პირამიდები შედარებით ნაკლებადაა გაფორმებული. უფრო მეტიც, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გიზას პირამიდა შიგნიდან სრულიად “შიშველი” იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ საიდუმლო გასასვლელი აღმოაჩინეს, სადაც პატარა ოთახი იეროგლიფებით იყო მორთული, ასე რომ ეს ვარაუდი გაქარწყლდა. თუმცა პირამიდებს კირქვისფერი ფონი არქიტექტურასთან ერთად აძლევს მათთვის დამახასიათებელ მკაცრს იერს, იერს რომელიც ათასწლეულების მანძილზე თითქმის არ იცვლება.
ფარაონები მსახურებს ხოცავდნენ. როცა ფარაონი გარდაიცვლებოდა, მის მსახურებს არ ხოცავდნენ და აკლდამაში არ აყოლებდნენ, ისე როგორც გავრცელებული მოსაზრება გვამცნობს. თუმცა გამონაკლისები იყო. ეგვიპტის პირველი დინასტიის ორმა ფარაონმა იმით გაითქვა სახელი, რომ მათი მსახურები მათთან ერთად დამარხეს. მოვლენის განზოგადებისკენ ადამიანურმა სწრაფვამ ის შედეგი გამოიღო, რომ ეს იშვიათი მოვლენა 332 ფარაონზე გავრცელდა. მომდევნო ფარაონებმა სავარაუდოდ გააცნობიერეს, რომ მათი საიმედო მსახურები ცოცხლები უფრო გამოადგებოდნენ ქვეყანას, ვიდრე გარდაცვლილები. ამიტომ აკლდამაში მათ ერთგვარ ქანდაკებებს, უშაბტებს ატანდნენ. ეგვიპტელთა რწმენით, ეს ფიგურები ცოცხლდებოდნენ და ფარაონს შემდეგ სიცოცხლეში ეხმარებოდნენ.
პირამიდებს მონები აშენებდნენ. ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა და გავრცელდა, რაც ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ დაწერა თავის ნაშრომებში ქრისტეს შობამდე V საუკუნეში. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰეროდოტეს ცნობები მცდარი იყო – გიზას პირამიდასთან აღმოაჩინეს აკლდამები, რომლებშიც პირამიდების მშენებლები იყვნენ დაკრძალულნი. ღვთაებრივი ფარაონის სიახლოვეს დაკრძალვა უდიდესი პატივი იყო, რაც მონებს არასდროს ეღირსებოდათ. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს საქონლის ძვლები, რამაც დაადასტურა, რომ ძროხის ხორცი, რაც ძველ ეგვიპტეში დელიკატესი იყო, მშენებლების ყოველდღიურ საკვებ დიეტაში დიდ ადგილს იკავებდა. როგორც ჩანს, პირამიდების მშენებლები იყვნენ მაღალი დონის ხელოსნები და არა მონები, როგორც ჰოლივუდი გვაჩვენებს.
ებრაელების მონობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საჩოთირო თემაა, რადგან ბიბლიაში აღწერილია ეგვიპტელების ბატონობა ებრაელებზე, თუმცა შესაბამისი არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც ამ მოსაზრებას გაამყარებდა, დღესდღეობით არ არსებობს. ძველ ეგვიპტეზე ბევრი რამაა ცნობილი იმ პერიოდის ჩანაწერებიდან, თუმცა არსად არ ფიქსირდება, რომ ეგვიპტელი ხალხი რომელიმე ერს მონობაში ამყოფებდა. ასევე არაა წერილობითი ცნობები ეგვიპტეზე დატეხილ 10 სასჯელზე, არც არქეოლოგიური გათხრები მიანიშნებს იმაზე, რომ მილიონობით ებრაელი ეგვიპტიდან გაიქცა და რაღაც პერიოდით უდაბნოში სახლობდნენ. ამასთან, ებრაელების ასეთი მასიური გაქცევა ეგვიპტის ეკონომიკაზე დიდი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ ქრისტეს შობამდე II ათასწლეულში (როცა სავარაუდოდ დაიწყო ისრაელიანთა მასიური გამოსვლა ეგვიპტიდან) ქვეყანა უბრალოდ ყვაოდა.
ფარაონების წყევლა. წყევლა, რომელიც გადმოცემით თავს ატყდებოდა ყველას, ვინც გაბედავდა და ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამას გახსნიდა, დიდი ხნის განმავლობაში იყო მედიის აღტაცებისა და საზოგადოების ინტერესის საგანი. მითის მიხედვით, ტუტანჰამონის წყევლის გამო დაიხოცნენ ლორდ კარნარვონი და ექსპედიციის სხვა წევრები. რეალურად, სარკოფაგის გახსნას ესწრებოდა 58 წევრი და მათგან მხოლოდ 8 გარდაიცვალა მომდევნო 10 წლის მანძილზე. ექსპედიციის ლიდერმა ჰოვარდ კარტერმა, ყველაზე ცნობილმა ფიგურამ წყევლასთან დაკავშირებით, 16 წელი იცოცხლა მას შემდეგ. ამას გარდა, კიდევ იყო რამდენიმე პატარა დამთხვევა უიღბლობის სახით, რაც მაშინვე ფარაონების წყევლას მიაწერეს.