ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

რევაზ ინანიშვილი – ჩაჩაურის წასვლა

(მოთხრობა)

ალ. ჭინჭარაულს

ჩაჩაურმა წყალი დალია, სათავითურზე მიესვენა, ერთხანს მაღლა იყურებოდა, მერე გამოიხედა, თვალები ცუდად დაელმებოდა.
– ხმალი და სანთელი მომიტანეთ!

მზექალი უფრო მიხვდა, ვიდრე გაიგონა, ხმალსა და სანთელს რომ თხოულობდა. გაჩქარებული წამოვიდა, – “წიქას დაუძახეთ, წიქას!” ორი დიაცი დახრილი,დაფეთებული გაფათფატდა გარეთ. ერთი მაშინვე შემობრუნდა, მზექალმა სანთელი მოძებნა. კედლიდან ხმალი ჩამოხსნა, კალთაზე გადაისვა, მტვერი გააცალა.შემოვიდა, შემობნელდა წიქაც. ხმალი იმან გამოართვა, ქარქაში გააძრო და ჩაჩაურს წაადგა.
– როგორა ხარ, ჩაჩაურო?
– მივდივარ, წიქავ, ხმალი და სანთელი შენ მომეცი.
– არ გეტყობა, ჩაჩაურო.
– არა, ეხლა ნამდვილად წავალ.
– აუნთეთ სანთელი!
მზექალმა სანთელს მოუკიდა და წიქას მიაწოდა. სხვა დიაცები ერთად შექუჩებულიყვნენ და შეწუხებულნი უყურებდნენ ჩაჩაურს. კარის აქეთ–იქით პატარაგოგო და ბიჭიც იდგნენ. წიქამ დასჭყივლა:
– გადით თქვენ გარეთ!
გოგო და ბიჭი კარში გაცვივდნენ.
წიქამ   ჯერ ხმალი მისცა ჩაჩაურს, მერე – სანთელი. ჩაჩაური გაიჯგიმა, ხმალს წვერი ააწევინა. სანთლის ნაღვენთი გამხმარ თითებზე ჩამოსდიოდა. თითებიუთრთოდა, თრთოდა, კანკალებდა სანთლის ალიც. დიაცებმა მანდილის ბოლოები მიიფარეს ტუჩებზე. ჩაჩაურმა ჰაერი ჩაიგროვა, თვალები დაუდიდდა, ამოისუნთქა და მოულოდნელი ომახით იკითხა:
– ხო არ გავფუჭდი, წიქავ?
– არა, არ გაფუჭებულხარ, ჩაჩაურო.
– უსაკადრეოდ ხო არ მივდივარ, წიქავ?
– არა, კარგად მიდიხარ, ჩაჩაურო.
– სისხლი არავისი მიმდევს.
– არავისი, ჩაჩაურო.
– ვალიც არავისი მიმყვება.
– არავისი, ჩაჩაურო.
– ორი ლატანი გამოვართვი დათვიას, მიეცით.
– მივცემთ, ჩაჩაურო.
– ნამდურავიც არავინ დამრჩეს.

– არ დაგრჩება.
– აბიკას დამიძახეთ.
– აბიკას დაუძახეთ! – მობრუნდა წიქა.
დიაცებმა ერთმანეთს გადახედეს. ლელიკა გახუსხუსდა კარისაკენ.

– ჭერხო მთელია! – იძახდა ჩაჩაური.
– მთელია, ჩაჩაურო.
– წყალი არ ჩამოდის.
– არ ჩამოდის.
– ნაქონ–საქონიც მრჩება.
– გრჩება, ჩაჩაურო.

შემოვიდა აბიკა, – მაღალი, ახმახი, ჩაჟანგებულ–ჩაბურძგნული. ქუდმოხდით მიესალმა ჩაჩაურს.
– როგორა ხარ, ჩაჩაურო.
– მივდივარ, აბიკავ, შუბლში გკოცნი და მივდივარ.
– მეცა, ჩაჩაურო, მეცა გკოცნი, – აბიკამ ჩაიმუხლა.
– ფიცხი ვიყავი, დაივიწყე.
– დავივიწყებ, ჩაჩაურო.
– შუღლიასაც დამიძახეთ.
ისევ გაფათფატდნენ დიაცები კარისკენ.
– წიქავ!
– გისმენ, ჩაჩაურო.
– ხარჯები არ დამაკლოთ.
– არაფერს დაგაკლებთ.
– ხმალსაც მომიარეთ.
– მოგივლით, ჩაჩაურო.
– ვინც ღირსი იყოს, იმას მიეცით.
– იმას მივცემთ.
შემოვიდა შუღლია, ისიც ქუდმოხდით წამობარგანდა ჩაჩურისკენ. შორიდანვე იძახოდა:
– შუღლია ვარ, შუღლია!
– შენცა გკოცნი, შუღლიავ.
შუღლიამ გრუზათმიანი თავი ტუჩებთან მიუტანა, ჯერ ჩაჩაურმა აკოცა, მერე – შუღლიამ.
– გულფიცხი ვიყავი, დაივიწყე ყველაფერი.
– დავიწყებული მაქ, ჩაჩაურო, დავიწყებული.
– ბიჭური თუ ამოვიდეს, იმასთანაც ქუდი მომიხადეთ.
– მოგიხდით, ჩაჩაურო.
– ეხლა ყველანი წადით. – ჩაჩაურმა ჩანახევრებული სანთელი მკერდთან აიტანა.
წიქა შემობრუნდა.
– წადით, გადით ყველანი.

კაცებიცა და დიაცებიც თავდახრილნი, ერთმანეთს მიყოლილნი წავიდნენ კარისკენ. წიქამ კარი გამოიხურა, გადარაზა და ზურგით მიაწვასახეზექუდდაფარებული. დიაცები  ჩაკუნტდნენ, მუხლებზე ხელებს იცემდნენ, თავებს იქნევდნენ და ყრუდ ზუზუნებდნენ.
წვიმას გადაეღო, თეთრი ჯანღი გაბადრულიყო გორის თავზე. ნაწურის წვეთებიღა ჭყაპუნობდა აქა–იქ.
ჩაჩაური გაჭიმული იწვა და მაღლა იყურებოდა.
პატარა გოგო და ბიჭი გადაფარებულში.
ბიჭი: სანთლით ინათებს, ხმლით მიიკვლევს და მიდის.
გოგო: სად მიდის?
ბიჭი: მამა–პაპასთან.
ბიჭმა ხანჯლისშვილა ხელის ზურგზე დაიდო, მაღლა აისროლა. ხანჯლისშვილა რბილად ამოტრიალდა ჰაერში, წამოვიდა და მიწაში ჩაესო.
გოგო კაბის სწორებით ჩაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, ასწევდა თითებს და ისევ დაიწყობდა მუხლებზე, ასწევდა თითებს და ისევ დაიწყობდა მუხლებზე,თან ბიჭს უყურებდა თვალმოუშორებლად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button