ბრიტანელმა ქალმა 17 წლით ახალგაზრდამ გაიღვიძა
34 წლის ნაომი ჯეიკობსმა 2008 წლის ერთ დილას გაიღვიძა სავსებით დარწმუნებულმა, რომ სინამდვილეში სულ რაღაც 15 წლის იყო. მას ძილში ხანმოკლე ამნეზია დაემართა, რაც სტრესისგან იყო გამოწვეული. თავისი ცხოვრების ბოლო ეპიზოდებიდან მხოლოდ ის ახსოვდა, რომ სკოლის მოსწავლე გოგონა იყო და უყვარდა თავისი კლასელი ბიჭი.
ნაომის ახალ რეალობაში ჯერ კიდევ 1992 წელი იდგა, ჯონ მეიორი პრემიერ-მინისტრი იყო, ნაომი კი მეორადი განათლების სერტიფიკატის ასაღებად ემზადებოდა. არაფერი ახსოვდა იმაზე, რომ ჰყავდა ქმარი და 11 წლის ვაჟი, სახელად ლეო. ინტერნეტი და მობილური ტელეფონი აბსოლუტური ნოვაცია იყო მისთვის, გუგლი, ფეისბუქი და იუტუბი კი გაგონილიც არ ჰქონდა.
უფრო დიდი შოკი სარკეში ჩახედვა იყო, რომლის დროსაც ვიღაც უცხო ქალი აღმოაჩინა, გაცილებით ასაკოვანი და სახეზე ნაოჭებით. შემდეგ პატარა ბიჭი მივიდა მასთან და დედა დაუძახა. ნაომიმ ამ დროს კივილი დაიწყო, რადგან არ იცოდა, ვინ იყო და არც ის ახსოვდა, როდის გააჩინა. უფრო მეტიც, ფიქრობდა, რომ მასზე ბევრად უფროსი არ იყო.
ამნეზიის ის ფორმა, რომელიც ნაომის დაემართა, დიდ ბრიტანეთში 100 000-დან 5-ს მოსდის, ხოლო 50 წელს გადაცილებულთა შორის 23-მდე იზრდება. მეხსიერების დაკარგვამდე ნაომი ფსიქოლოგიის ხარისხს ეუფლებოდა და საბოლოო გამოცდები უახლოვდებოდა, ბავშვის მამასთან კი ცოტა ხნის წინ იჩხუბა და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
ნაომიმ დაკარგა ემოციური მეხსიერება, თუმცა სემანტიკური მეხსიერება ხელუხლებელი იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ შეეძლო რაღაცები გაეხსენებინა, რასაც ხშირად იმეორებდა. მაგალითად, როგორ მართავდა მანქანას, ან ტელეფონის ნომრები, რომლებსაც ხშირად კრეფდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მან შეძლო მეგობართან და დასთან დარეკვა, რათა დახმარება ეთხოვა, მათ კი ექიმთან წაიყვანეს.
ასეთი შემთხვევებისთვის არ არსებობს განსაკუთრებული მეთოდი მკურნალობისა, გარდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომა და მზრუნველობა. საბედნიეროდ, 8 კვირის შემდგომ ნაომის ნორმალური მეხსიერება აღუდგა. ამაში დიდი დახმარება გაუწია მისმა დღიურებმა, რომლებსაც რეგულარულად კითხულობდა.
“15 წლის ასაკში მეგონა, რომ 30-იანებში ნახევარ პლანეტას დავიპყრობდი. დიდი შოკი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი დედა და ვატარებდი ძველ Fiat Brava-ს. ჩემი და და საუკეთესო მეგობარი მეხმარებოდნენ, მესწავლა მობილური ტელეფონის ხმარება და ამეთვისებინა ელექტრონული ფოსტა. პირველ თვეებში სასოწარკვეთილი ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი ცხოვრებისთვის აზრი მიმეცა. ღამე ვიღვიძებდი და ვტიროდი, ისევ სკოლაში მინდოდა სიარული.”
მალე ნაომი წიგნსაც გამოსცემს, რომელიც მის ცხოვრებას ეხება. წიგნს უკვე მესამე წელია წერს – 2008 წლიდან. რადგან სხვა გრანდიოზული ოცნებები ვერ აიხდინა, გადაწყვიტა, ერთ-ერთი მათგანი მაინც განეხორციელებინა და მწერალი გამხდარიყო.