Intel-ი კიდევ 50 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს კორონავირუსსა და მის შედეგებთან ბრძოლაში
კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მიზნით Intel-მა თავდაპირველად გამოყო 10 მლნ აშშ დოლარი, ამ თანხის 40 % კომპანიის თანამშრომლებმა შეაგროვეს. ამჯერად კორპორაცია ანალოგიური მიზნით გამოყოფს კიდევ 50 მლნ აშშ დოლარს და იმედოვნებს, რომ დაჩქარდება ვაქცინის, ასევე იმ პაციენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების შექმნა, რომლებიც უკვე დაინფიცირებულნი არიან COVID-19-ით.
დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარს Intel-ი გამოიყენებს ვირუსთან ბრძოლის საშუალებების შექმნისა და ონლაინ-სწავლების მხარდაჭერისთვის. ვაქცინის, ტესტ-სისტემების, სამედიცინო აღჭურვილობის, დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალების შექმნა – ეს ყველაფერი ზემოთხსენებული ფონდის მიერ დაფინანსდება მთელ მსოფლიოში – ყველგან, სადაც Intel-ს ხელი მოუწვდება.
კიდევ 10 მილიონი მიმართული იქნება პარტნიორებისა და პროექტების მხარდაჭერისკენ, რაც თანამშრომლების კერძო ინიციატივას წარმოადგენს. მაგალითად ინდოეთში უკვე იქმნება მასშტაბური სამედიცინო დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ტესტირებით უზრუნველყოფს ქვეყნის მცხოვრებთა მაქსიმალურ რაოდენობას.
ტეხასში ერთ-ერთმა სამედიცინო ცენტრმა მიიღო პლატფორმა Sickbay, სადაც Intel-ის კომპონენტებია გამოყენებული. იგი საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად მიედევნოს თვალყური რეანიმაციულ პალატებში არსებული პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ნორმატიული მაჩვენებლებიდან გადახრა ავტომატურად განისაზღვრება, რათა მორიგე პერსონალმა მიიღოს განგაშის სიგნალი დაკვირვების ხელსაწყოს მეშვეობით. რეანიმაციის პალატებში დამყარებულია მაღალი გარჩევადობის ვიდეოკავშირი, რაც საშუალებას იძლევა
მიღებულ იქნას კონსულტაციები სპეციალისტებისგან დისტანციურად. დიდ ბრიტანეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მწარმოებლებს Intel-ი ამარაგებს თავისი პროგრამირებადი მატრიცებით. ეს აპარატები უნდა გამოუშვას კომპანია Dyson-მა, რომელიც მტვერსასრუტების წარმოებაზეა სპეციალიზებული. აპარატი დამონტაჟდება საწოლის თავთან.
Intel-ი არ ივიწყებს საგანმანათლებლო სფეროსაც. სასწავლო დაწესებულებების დახმარება მისი მხრიდან გამოიხატება ქსელური აღჭურვილობისა და კომპიუტერების მიწოდებაში, რაც აუცილებელია ონლაინ-კურსებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე გაიღო ინდივიდუალური დაცვის მილიონობით საშუალება, ასევე შეუერთდა სუპერკომპიუტერულ ინიციატივას, რომლის მიზანია კორონავირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრა.