ზღაპარისაბავშვო

კუდიანი დედაბერი და ოქროსთმიანი ბიჭი

იყო ერთი გლეხი და ჰყავდა პატარა ვაჟი. ერთხელ, როცა გლეხი ყანაში მიდიოდა, პატარა ბიჭიც გაედევნა. ბევრი უშალა მამამ, ნუ მოდიხარო, მაგრამ ბიჭმა არ დაიშალა და წაჰყვა. გზაზე ბავშვს მოსწყურდა და წყაროსაკენ შეუხვია. წყალი რომ დალია, მაღლა აიხედა და წითელი ვაშლებით დახუნძლული ვაშლის ხე დაინახა. ვეღარ მოითმინა, კბილები აუკაწკაწდა და ხეზე აფორთხდა. დაკრიფა ვაშლები და დაიწყო ჭამა.

სად იყო და სად არა, ვაშლის ხის ძირას გაჩნდა მოკუზული, კუდიანი დედაბერი.

– შვილო, ერთი ტოტი ჩამოზნიქე ფეხით, ორიოდე ვაშლს მოვწყვეტო, – წესძახა დედაბერმა.

ბავშვმა დაზნიქა ვაშლის ტოტი; დედაბერმა მოზიდა თავისკენ, წაავლო ბავშვს ფეხში ხელი, ჩამოიყვანა ძირს, ჩასვა გუდაში, თავი მოუკრა და კუნკულ-კუნკულით შინისაკენ გაარბენინა.

გზაში დედაბერმა მოიხსნა გუდა, გზისპირას დადო და თვითონ გზას გადაუხვია. მის დაბრუნებამდის ბიჭი ამოძვრა გუდიდან, შიგ ქვა და რიყე ჩაყარა, მოუკრა თავი და თვითონ ისევ ვაშლის ხეზე ავიდა.

დაბრუნდა დედაბერი, ისევ წამოიკიდა გუდა, შინ მიიტანა და რძალს დაუძახა:

– რძალო, რძალო, მოიტანე გობი, ოქროსთმიანი ბიჭი მოგიყვანეო.

რძალმა ქოხიდან სიხარულით გამოარბენინა გობი. დედაბერმა მოხსნა თავი გუდას და საშინლად გაოცდა, როცა გობი ქვითა და რიყით აივსო.

დედაბერი ისევ გაექანა ვაშლის ხისაკენ, მიკუნკულდა იქ და ისევ მოტყუებით ჩამოიყვანა ბიჭი ძირს და თავმოკრულ გუდით მიიყვანა შინ. რძალმა ისევ გამოიტანა გობი, მოხსნა დედაბერმა გუდას თავი და გობზე ოქროსთმიანი ბიჭი გააგორა.

ზრდიდნენ და ასუქებდნენ ოქროსთმიან ბიჭს რძალ-დედამთილი.

ერთხელ დედაბერი სადღაც მიდიოდა და რძალს ჩუმად დაუბარა:

– ეგ ბიჭი დაკალი, ქვაბით ცეცხლზე შემოდგი და სადილად მომიხარშეო.

ბიჭმა ყური მოჰკრა დედაბრის ნათქვამს.

პატარძალმა გალესა დანა და ბიჭს დაკვლა დაუპირა.

ბიჭმა უთხრა:

– მომეცი დანა, მე თვითონ გამოვიჭრი ყელსაო.

რძალმა დანა მისცა. ბიჭმა გაუქნია დანა რძალს და კიტრივით გააგორა. ნაწილ-ნაწილ აჭრა, ქვაბში ჩაყარა და ცეცხლზე შემოდგა, თვითონ კი ჭერში აძვრა.

დაბრუნდა დედაბერი და დაიწყო მოხარშული ხორცის ჭამა. ჩამოყარა ბიჭმა ჭერიდან ჭვარტლი და ხორცს დააყარა. დედაბერს თაგვი ეგონა და მიაძახა:

– ფრთხილად, თაგუნა, თუ არა შენც შეგჭამო.

კიდევ ჩამოყარა ბიჭმა ჭვარტლი. დედაბერს ახლა კატა ეგონა და მიაძახა:

– ციც, ციცუნია, თუ არა მოგაჯდები ზურგზე და წელს გაგიშლიო.

ჭვარტლი ისევ ჩამოსვივდა ჭერიდან – დედაბერმა აიხედა ზევით და რას ხედავს? ოქროსთმიანი ბიჭი ჭერში არხეინარ ზის. შემოეყარა დედაბერს გული. ახლა მიხვდა, რომ რძლის ხორცი შეჭამა.

– დედაშვილობას, როგორ ახვედი მანდ, მასწავლეო, – შეეხვეწა ბიჭს.

– როგორ ავედი და გავახურე კეცები, დავადე კეცი კეცზე, დავაჯექ და ამოვხტი ჭერზეო.

დედაბერი მართლა ასე მოიქცა, დაიმტვრა, დაიწვა, მაგრამ ჭერში ვერ ახტა.

მეორედ შეეკითხა:

– მასწავლე, მართლა როგორ ახვედი მანდაო?

– როგორ და გავახურე შამფურები, დავაწყვე შამფური შამფურზე, დავჯექ და ამოვხტი ჭერზეო.

დედაბერმა ასეც სცადა ჭერზე ასვლა, მაგრამ გახურებულ შამფურზე წამოეგო და ჭერზე ვერ ავიდა.

მესამედაც შეეხვეწა:

– სწორი მითხარი რით ახვედი მანდაო?

– გავახურე თონე, ზედ დავჯექი და აქ ამომახტუნაო.

ესეც სცადა კუდიანმა დედაბერმა, დაჯდა ავარვარებულ თონეს და შიგ ჩაიფუფქა.

ოქროსთმიანი ბიჭი ჩამოვიდა ძირს და შინისაკენ მოუსვა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button