იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბალღი. მას შრომა არ უყვარდა, პურის ჭამაში კი მაგარი იყო. ეს ბიჭი როცა გაიზარდა, ჯარში წაიყვანეს. ჯარში ის შესანიშნავი კაცი გახდა, საყოჩაღოთ გაითქვა სახელი. ყველას შეუყვარდა. ტანადობით და შეხედულებითაც იმ სახელმწიფოში ყველას სჯობდა. ორი წლის მერე ძალიან მოუნდა მშობლების ნახვა და მეთაურს შეეხვეწა, სახლში დამითხოვეო. მეთაურებს ძალიან უყვარდათ და არ ეთმობოდათ, მაინც დაითხოვეს. ბიჭი შეჯდა შეკაზმულ ცხენზე და გაუდგა გზას. ერთხელ გზაზე დაუღამდა და ერთი უღრანი ტყე ჰქონდა გასავლელი. როცა გაიარა ეს ტყე, ნახა ერთი უზარმაზარი მინდორი და ტყის პირას შუაღამისას ენთო დიდი ცეცხლი. იქ არაფერი ჩანდა სხვა, მაგრამ ცეცხლიდან მოისმოდა ქალის ხმა: მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთო!
ბიჭი მივიდა ახლოს და დაუძახა: – როგორ გიშველო, შენ ცეცხლში ხარ, მე ნაპირზე და არცა სჩანხარო. – ამ დროს ცეცხლიდან გადმოხტა წითელი გველი და ბიჭს შემოეხვია, პირი კი ყელზე მიადო და უთხრა: – დიდი ხანია შენ დაგეძებ და ძლივს გიპოვეო. ბიჭი გაუდგა გზას. გზის პირას შეხვდათ ერთი სახლი. გველი შემოეხსნა და უთხრა: – მიდი, ამ სახლში დაიძინე ამაღამ, დილაზე გამოდი და ისევ გავუდგებით გზასაო. ეს ბიჭი შევიდა სახლში, მაგრამ არ დაუძინია. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა იფიქრა, ახლა იმ გველს ან ეძინება, ან სხვაგან იქნება წასულიო და გავეპარებიო.
გამოვიდა გარეთ და გამოსწია. როგორც კი გზაზე გამოვიდა, გველი ეტაკა და ისევ შემოეხვია. – თუ დასვენება არ გინდა, ახლა მე გაჩვენებ სეირსაო, და გაუყენა გზას. მიადგნენ ერთ მაღალ კოშკს. გველი შემოეხსნა ბიჭს და მზეთუნახავ ქალად იქცა. ამ კოშკში ორი სხვა ქალიც იყო, ნაგველარის დები. ქალმა ბიჭი აიყვანა კოშკში და მასზე დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ბიჭმა სთხოვა ცოლს. – დიდი ხანია მშობლები არ მინახავს, გამიშვი და ისევ მალე მოვალო. – ცოლმა უთხრა: – დაგითხოვ, მხოლოდ აქედან ცოცხალი წახვალ და იქიდან მკვდარი მოხვალო. მისი ცოლი გულთმისანი იყო. ერთი ისეთი ხანჯალი გაატანა, რომ ვისზედაც ეტყოდა, თუნდაც მილიონობით ხალხი ყოფილიყო, ყველას თავებს დასჭრიდა.
ეს ბიჭი შეჯდა ცხენზე, ხანჯალიც წაიღო და გაუდგა გზას. დაუღამდა ხელმწიფის სახლის ახლოს. მივიდა ხელმწიფის სახლში და იმ ღამეს იქ დარჩა, ამ ხელმწიფეს ჰყავდა ერთი ლამაზი ქალი. ამ ქალს უყვარდა სხვა სახელმწიფოს ხელმწიფის შვილი და იმ ბიჭსაც უყვარდა ქალი, მხოლოდ ქალის მამას არ მოსწონდა სასიძო. მეორე დღეს ბიჭი საომრად უნდა მოსულიყო თავისი ჯარით და ეს ქალი გაეტაცათ. ამ ქალის მამას ახლად მოსული ბიჭი მოეწონა სასიძოდ და უთხრა კიდეც: შენ ჩემი სიძე გახდი თუ გავიმარჯვეო. ხვალ სხვა მეფის შვილი მოდის ჩემი ქალის მოსატაცებლადო და ჩხუბს მიპირებსო. ბიჭმა იმედი მისცა: – ნუ გეშინია, მე მარტოკა ვეომებიო.
მართლაც, მეორე დღეს ამ სახელმწიფოს მოადგა დიდი ჯარი. ეს ბიჭი მარტოკა გამოვიდა საბრძოლველად. უბრძანა თავის ხანჯალს: იმ ბიჭის გარდა, რომელსაც ეს ქალი უყვარს, ყველას თავები დასჭერიო. ხანჯალმა აასრულა დავალება. ხელმწიფის შვილი დაღონდა და სირცხვილისაგან აღარ იცოდა რა ექნა, ერთმა ბიჭმა ამოდენა ჯარი როგორ დამიხოცაო. იმ ღამეს გამარჯვებული ქალთან დააწვინეს, ქალი შეეხვეწა, მითხარი, ამოდენა ჯარი როგორ დახოცეო. ბიჭმაც უთხრა ხანჯლის ამბავი. როცა ბიჭს დაეძინა, ქალმა მოჰპარა ხანჯალი და დამარცხებულს წაუღო. მეორე დღეს დამარცხებულმა ბიჭმა გამარჯვებულს ომი გამოუცხადა და იმ ხანჯლით მოკლა ეს ბიჭი, თვითონ კი ზესიძედ მივიდა. ამ ბიჭის გვამი ჩადეს ხურჯინში, ცალ მხარეს ქვები ჩააწყეს და ცხენს აჰკიდეს. ცხენმა მზეთუნახავების კოშკში მიიტანა. ცოლმა ამოიღო ხურჯინიდან მკვდარი ქმარი და გააცოცხლა. ახლა ბიჭი შეეხვეწა ცოლს, ისეთ ცხენად მაქციე, რომ გულთმისანი ვიყო, ლაპარაკი ვიცოდე და კარგი მოსაწონიც ვიყოო. ცოლმა მართლაც აქცია გულთმისან ცხენად.
ცხენი წავიდა იმ სახელმწიფოში, სადაც იგი მოკლეს. გავიდა ბაზარში, დაინახა ერთი გლახა, მივიდა ახლოს და უთხრა: – ბიჭო, მოდი ჩემთანაო. – გლახამ გაიგო ცხენი დამელაპარაკაო, შეეშინდა და გაიქცა. ცხენი გამოეკიდა, დაიჭირა და უთხრა: – შე, ბეჩაო, რას გარბიხარ, მოდი შემაჯექ, მავან ხელმწიფეს მიმყიდე, ათას თუმნად დამაფასე და მოგცემენო. გლახამ მართლაც წაიყვანა ცხენი და თავის ხელმწიფეს მიჰყიდა ათას თუმნად. ეს ცხენი მეფემ დააბა გრილოში. ცხენი როცა იმ ქალს დაინახავდა, რომელმაც ხანჯალი მოჰპარა, სულ თვალებში უყურებდა. ქალს შეეჯავრა ცხენი და უთხრა ქმარს, დავკლათო. მართლაც, გადაწყვიტეს ცხენის დაკვლა. აქა ჰყავდათ ათი წლის გოგო, რომელსაც ცხენი ძალიან უყვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო, მივიდა ცხენთან ტირილით და უთხრა: – ვაიმე, ჩემო ცხენო, დღეს უნდა დაგკლანო, – თან თვალებზე ხელს უსვამდა. ცხენმა ჰკითხა: – უნდა დამკლანო? – ქალმა ცხენის ლაპარაკი რომ გაიგო, შეეშინდა და უკან გადახტა. ცხენმა უთხრა: – როცა დამკლავენ, შენ ახლოს მოდი; შენსკენ ერთი წვეთი სისხლი გადმოვარდება, აიღე მიწიანად და თქვენს ბაღში ჩამარხეო.
ცხენი დაკლეს და გოგო ისეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ სისხლდამარხულ ადგილას ამოვიდა ერთი დიდი ძირი ვაშლის ხე. იგი ზამთარ-ზაფხულ სულ მწიფე ნაყოფს ისხამდა. როცა ქალი ხესთან მივიდოდა, ის ხე ერთბაშად შეირყეოდა, ვაშლი ჩამოცვიოდა და ქალს თავში რახარუხს აუტეხდა. თუ ქალი ზედ ავიდოდა, მაშინვე ტოტები უტყდებოდა და დაბლა ვარდებოდა. ამ ქალმა ვაშლიც შეიძულა და ქმარს შეეხვეწა, მოვჭრათო. პატარა გოგომ ესეც გაიგო, გაიქცა ვაშლთან ტირილით და უთხრა: – ვაიმე, ჩემო ვაშლო, უნდა მოგჭრანო. ვაშლმა ჰკითხა: – უნდა მომჭრანო?
ქალს ვაშლის დალაპარაკებაზე შეეშინდა და უკან გახტა. ვაშლმა უთხრა: – როცა მომჭრიან, ერთი ნაფოტი შენსკენ გადმოვარდება, აიღე და მაგათ აბანოში ჩააგდეო. როცა ვაშლი მოჭრეს გოგო ეგრეც მოიქცა: ნაფოტი აბანოში ჩააგდო. ნაფოტი ბატად იქცა. ცოლ-ქმარმა რომ დაინახეს ბატი, დაიხადეს ტანისამოსი, ის ხანჯალით იქ დადეს, და შევიდნენ ბატის დასაჭერად. ბატმა შორს გაიტყუა, მობრუნდა, თვითონ გამოვიდა ნაპირზე და ისეთ ბიჭად იქცა, როგორიც წინათ იყო. ჩაიცვა ტანისამოსი, ხანჯალიც აიღო, დახოცა ცოლ-ქმარი და თვითონ წავიდა ცოლთან. მერე თავისი მშობლებიც იქ გადაიყვანა და იცხოვრეს ტკბილად.
ჭირი იქა, ლხინიაქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.