გურამ რჩეულიშვილი – შეყვარება
მანქანა ახლა აღმართს აუყვა. რადიატორი გახურდა და წყალმა დუღილი დაიწყო. გატეხილი ფანჯრიდან მძღოლს ადუღებული წყლის წვეთები დაეცა, კიდევ უფრო ჩამოცხა. დემნამ სიჩქარე გამოცვალა. “ტონანახევრიანი” შფოთვით მიიწევდა.
გზის ორივე მხარეს დარგულ აკაციებზე, რომელთა შორისაც ზოგან კაკალი ჩანდა, ბლომად იდო მტვერი. რადიატორიდან ახლა ორთქლის მთელი სვეტი ავარდა. საჭირო იყო წყლის გამოცვლა. გზამ გაივაკა, მერე დამშრალ რიყეზე გავიდა. დიდხანს იგორა მრგვალ ქვებზე. ხევის ბოლოს მძღოლმა მანქანა გააჩერა, შემდეგ საბურავისგან გაკეთებული ჭურჭელი გამოაძრო საჯდომს ქვემოდან და თითქმის დალეული წყლისაკენ გაემართა. ძლივს გაავსო, ლაფის დაწრეტას შეუცადა და რადიატორში წყალი გამოცვალა.
ახლა სოფელში შევიდა მანქანა. ეზოებთან წამოწოლილმა ძაღლებმა ზანტად წამოწიეს თავები. საიდანღაც ყეფა მოისმა. დიდთავა, დიდმუცელა, გამტვერიანებული ბავშვი ვიღაცა თავსაფრიანმა დედაკაცმა შარაგზიდან ცემით შეათრია ეზოში; გაისმა ტირილის ხმა, მერე ყველაფერი მიწყნარდა. დემნამ უკანასკნელი სიჩქარე ჩართო და გაზს მოუმატა. საბურავების ქვემოდან ავარდნილი მტვერი ღობეებსა და დასამწიფებლად მომზადებულ მტევნებს ფენებად ედებოდა. უკნიდან საყვირის ხმა გაისმა. მძღოლმა გზა დაუთმო. მსუბუქმა მანქანამ სწრაფად ჩაიქროლა და გაუჩინარდა. ტონანახევრიანმა სვლას უკლო. ავარდნილ მტვერში გზა აღარა ჩანდა.
მალე დაიწყო ასფალტი. გამოჩნდა ორსართულიანი სახლები. ახლა მოტოციკლეტი გავარდა წინ, ზევიდან ველოსიპედი წამოვიდა. ყარაჯალის გზიდან გალხობილ გუდრონზე ურმებმა გადმოუხვიეს. ერთხანს მტვრიან კვალსა ტოვებდნენ.
მანქანამ ბაზრისკენ აუხვია. მძღოლმა მეორე სიჩქარე მისცა. აღმართის გასწვრივ გაშენებული სამჭედლოებიდან ოხშივარი და გრდემლზე დაცემული ჩაქუჩების ხმა გამოდიოდა. აღმართის ბოლოში ისევ ჩაასხა წყალი. თითქმის ცარიელ ბაზართან ვიღაც ახმახი ლოთი ბარბაცებდა.
დემნამ დაწესებულებაში დააყენა მანქანა და თვითონ დუქნისაკენ შეუხვია. ცოტა გადაჰკრა. მერე ზლაზვნით აუყვა სახლის კიბეს. მისი კარიდან მეზობლის ქალმა გამოყო თავი.
– ბიჭო, თქვენები წავიდნენ, ლიდას დედა გარდაცვლია.
– რას მეუბნები, მართლა? – ცივად იკითხა დემნამ.
– ჰო. ბავშვი მე დამიტოვა ლიდამ, დედაშენიც წავიდა.
– მართლა? – მან ისევ განურჩეველი სახე მიიღო.
– ჰო, შვილო, მე მეჩქარება, ბაზარში ვარ წასასვლელი, თქვენების მოსვლამდინა შენ იყავ სახლში. – იგი კიბეზე დაეშვა.
დემნამ უაზროდ გააყოლა თვალი მეზობლის ქალს, მერე ოთახში შევიდა და გაუხდელად წამოგორდა ტახტზე. დამწვრის სუნი იდგა. ჭერის კუთხეში, ჭვარტლისაგან გაშავებულ აბლაბუდაში უღონოდ გაიფართხალებდა ხოლმე ბუზი.
ცოტა წათვლიმა.
გაისმა ბავშვის ტირილი.
დემნა უსიამოვნოდ წამოდგა და საწოლთან მივიდა. მის წლინახევრის ბიჭს სახე დამანჭვოდა და ტიროდა. ერთხანს უაზროდ უყურა, მერე დაიხარა და დიდი, დაკოჟრებული თითი ცხვირზე დაადო. გაკვირვებული ბავშვი გაჩერდა ცოტახანს, მერე ახალი ძალით აკივლდა. “კაცს ვერ დაუძინია”, გაიფიქრა დემნამ და პატარა ხელში აიყვანა. იგი ტირილს განაგრძობდა. ახლა რწევა დაუწყო, ცოტა გაჩერდა. მალე სულ მიწყნარდა.
მამამ თვალი დააშტერა პატარას, რომელსაც ლოყაზე ცრემლი ჯერ კიდევ არ შეშრობოდა და აკოცა. ბავშვმა თვალები დაჭყიტა, სახე დაემანჭა სატირლად, მაგრამ ტირილის ნაცვლად გაიღიმა და მშობელს ლოყაზე ხელი მოუთათუნა. ახლა მაღლა შეაგდო პატარა, შემდეგ საწოლზე წამოაწვინა, თვითონაც გვერდზე მოუწვა. დიდხანს ეთამაშა, მერე კედელზე ჩამოკიდებულ მეუღლის სურათს შეხედა. დიდხანს უყურა, გაიფიქრა, “რა ძალიანა ჰგავს ლიდას, არა, მეც უნდა მგავდეს”. ბავშვი ახლა თვითონ აუფოფხდა გულზე და მკერდზე უხვად ამოსული ბალანი მოწიწკნა. მალე მოქანცა თამაშმა და მამის გვერდზე ტკბილად დაეძინა. დემნა კი იწვა და ფიქრობდა: “რა ძალიანა ჰგავს დედას. საწყალი ლიდა, დედა მოუკვდა, დედაჩემიც იქ არის. საწყალი ლიდა, დედა მოუკვდა. დედამისი არც ისე მოხუცი იყო”.
ოთახიდან დამწვრის სუნი გავიდა, ჭერის კუთხეში აბლაბუდაში გაბმულ ბუზს ობობა სისხლსა სწოვდა. დემნამ დაღლილი ღიმილით დახედა ბავშვს, მერე თავის ცოლის სურათს და ბუნდოვნად იგრძნო რაღაცა ახალი გულში. “საწყალი ლიდა, დედა მოუკვდა, დედაჩემიც იქ არის, დედამისი კი არც ისე მოხუცი იყო”, კიდევ გაიფიქრა და მუშაობისგან დაღლილს ჩაეძინა.
წელი 1956. ოქტომბრის 10.
შენიშვნები
არსებობს დასათაურებული და დათარიღებული მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1+1-7გვ.). თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური უბრჭყალებოდ. აღსანიშნავია, რომ ბრჭყალები სათაურებთან ამ მოთხრობის შემდეგ აღარ გვხვდება. თარიღში თვე, სავარაუდოა, რომ მწერლის მიერ არასწორადაა აღნიშნული (მწერლის მიერ შეცდომით დათარიღების სხვა შემთხვევები იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). მოთხრობის ტექსტს მოსდევს თარიღი. ამ თარიღიდან ირკვევა, რომ სასწავლო წელი დაწყებულია და გურამი თბილისშია. (აგვისტოში ახალ ათონში იყო. იხ. აგვისტოს მოთხრობები და დღიურები.) ასე რომ, ეს მოთხრობა დაწერილია შემოდგომაზე. დღიური, რომელიც მოსდევს ტექსტს:
„ჩვენთან იყო დემნა. მამამ წაიყვანა სასოფლოში. ნადირობა კიდევ ერთი დღით გადაიდო. რაღაც საქმეები გამოჩნდა. მარინე უკრავს. გუშინ საშინლად გააბრაზა დედა. მართალია, დედამაც ცოტა გადამეტება იცის, მაგრამ ძალიან იღლება მთელი დღე. ის აკეთებს ყველაფერს. ჩვენ კი ვანგრევთ. გუშინ მე ვიყავი ბაზარში და ნერვებაშლილი მოვედი. ის კი ბაზრის გარდა არეულ ფინანსებს და ყველაფერს აწესრიგებს. თან ჩვენ სწავლაზეც ზრუნავს, რაც ყველაზე ძალიან არ გვსიამოვნებს. საერთოდ ჩემი და ზოგჯერ უხეშია. ხანაც ძალიან კარგი. იმდენად, რომ თავისი გულამაჩუყებელი გამოსვლებით ლიტერატურაზე თავს მაბეზრებს. მაინც კმაყოფილი ვარ მისი. ჩემს ნაცნობებსაც ძალიან მოსწონთ. ვნახოთ, რას იზამს მერე. ნახვამდის. ამის ყოფა ავატირე. ყველაფერს ხომ არ დაწერს თავზე კაცი.”
პირველად დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში” 1963 წ. 3 ოქტომბერს. 1985 წელს წიგნში „მოთხრობები. პიესა.”