რევაზ ინანიშვილი – ცამეტი წლის ბიჭი
ცამეტი წლის ბიჭი დეიდასთან იყო სტუმრად, დეიდაშვილებმა აწყენინეს და, არავისთვის არაფერი უთქვამს, გამოიპარა. თავის სოფლამდე ოცდახუთ კილომეტრზე მეტიჰქონდა გასავლელი, თანაც თოვლჭყაპში, იანვრის მოკლე დღეს. ორღობეები თავჩაღუნულმა გაიარა, სოფლის განაპირას, კალოებისა და საბძლების იქით შედგა, შარვლისტოტები წინდებში ჩაიტანა, პალტოს ღილები შეიკრა, საყელო ყურებზე წამოიწია, ერთი მიბრუნდა, მუქარითა თუ ბრაზით გახედა ნისლში მიკარგულ სახლებს და გამოიქცა. მორბოდა ზომიერი ნაბიჯით, მკერდთან აკრეფილი ხელებით, ისე, როგორც ამას ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლიდა. ეგონა, დიდხანს ირბენდა ასე, მაგრამ ნახევარიკილომეტრიც არ ექნებოდა გარბენილი და, ქოშინი აუვარდა, ისევ ნაბიჯზე გადავიდა. აქ ამ დროს მანქანები არ დადიოდნენ, თუნდაც ევლოთ, ბიჭს ფული არ ჰქონდა დაგაჩერებას ვერ გაუბედავდა. აქეთ რომ მოდიოდა, ცხენზე იჯდა, ამინდიც მშრალი იყო, მზიანი. ტყიან ფერდობებში შაშვები და ჯაფარები დაფრინავდნენ, გზის აქეთ-იქიდანერთმანეთს გადასძახოდნენ ლამაზი სკვინჩა ჩიტები. ახლა ჩაჩუმებული, ჩაღუშული იყო ყველაფერი. შავადაპრიალებულ რცხილებს და ჯაგმუხებს მძივებივითდაჰკიდებოდა წვიმის მსხვილი, კამკამა წვეთები. იმ წვეთების მოწყვეტისა და ფოთლებზე დაცემის ხმა თუ შემოესმოდა, ისიც მაშინ, როცა შეჩერდებოდა. აღმართიაკრთობდა, ეჩვენებოდა, რომ იქ, მაღლა, ბნელოდა. არც უამისობა იყო, ხის ტოტებში გახლართული ნისლი სულ რაღაც ხუთიოდე ნაბიჯის იქით ფუსფუსებდა დაიწეწებოდა. დაღმართში გული ეძლეოდა, გარბოდა. ერთი ორჯერ მოკლეზეც ჩასჭრა, მაგრამ ძალიან დასველდა და ისევ გზაზე სიარული ამჯობინა. ვერც ბალახსმიეკარებოდი და ვერც ხეს, შრიალით მოდიოდა მსხვილი, მძიმე წვეთები. ჯიბეში პატარა, ფრჩხილის საკვეთი დანა და პური ედო, ხელისგულისოდენა, ჩუმად აღებულიპური. პირველი მთა რომ გადაიარა, ხელი წაუცდა და ცოტა წააციცქნა იმ პურს. მაგრამ მერე გაახსენდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, გზას რომ გაინახევრებდა, იქ შეეჭამა, დათავი შეიკავა. „მთავარია, საჭმელზე არ ვიფიქრო“, _ თქვა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. აქ მთები გზიდან შორს იყვნენ გასული, ნისლიც მაღლა იყო აწეული. ხელმარჯვნივ, მდინარის გაღმა, სოფელი მოჩანდა. პატარა ტაფობში ნახირი სძოვდა. ბიჭს აღარაფერი აკრთობდა, მაგრამ გული მაინც დამძიმებული ჰქონდა. დეიდა ადარდებდა. დეიდასაცდამნაშავედ თვლიდა იმ ამბავში, რამაც გამოპარვა გადააწყვეტინა, მაგრამ მაინც ადარდებდა. მოიკითხავდნენ, ვერ ნახავდნენ და გადაირეოდა საცოდავი ქალი! ბიჭსაცსწორედ ეს უნდოდა, მაგრამ მაინც დარდობდა.
„თუ გააკეთებ ასეთ რამეს, აღარც უნდა ინანო“, _ დაასკვნა ბოლოს. ცდილობდა, სხვა რამეებზე ეფიქრა, და ფიქრობდა: „გრძნობენ თუ არა მცენარეები, მე რომ გავუარე ახლაგვერდზე? ან მიწა თუ გრძნობს, ფეხს რომ ვადგამ ზემოდან?“ გაეღიმა. „თუმცა რა, რანაირი პატარა ქინქლაც არ უნდა დაგაჯდეს“… ხევიდან მენახირე ამოვიდა და გზისმახლობლად გაჩერდა. საჩიხწინწამოწეული ბრეზენტის საწვიმარი ეცვა, იღლიით მსხვილ ჯოხს დაჰყრდნობოდა. ბიჭი ფეხაკრეფით მიდიოდა, არ უნდოდა, მენახირესშეემჩნია, მით უმეტეს _ რამე ეკითხა. მაგრამ მენახირემ შეამჩნია. მობრუნდა და ყურება დაუწყო. ბიჭმა გამარჯობა უთხრა. გაგიმარჯოსო, _ გააგრძელა მენახირემ. კითხვითკი არაფერი უკითხავს. აქ უკვე ფეხაჩქარებულს, პურზე ხელი ისევ წაუცდა. პატარა მოატეხა. გაახსენდა თავის თავისათვის მიცემული პირობა და შერცხვა. ის პურის პატარანატეხი რამდენჯერმე გადაატრიალ-გადმოატრიალა. კინაღამ გადააგდო. მაგრამ მერე თქვა, „პურის გადაგდება არ შეიძლება“, და პირში იკრა. „ისევ ჯიბეში ჩაგედო“, _ წამოეწია თითქოს სხვისი ხმა. „ო, აღარც მაგდენად ღირს! მთავარი სხვაა. მთავარია, არ დამიღამდეს. თუ დამიღამდა? ღამეც ვივლი. ღამე არ ამოვედით ამ ზაფხულსმინდვრიდან? გადაირევა ბებიაჩემი. ნეტავ შუადღე თუ გადავიდა?“ ცა კიდით კიდემდე ერთი ფერის იყო. წვრილი, წვრილი წვიმა ჩამოდიოდა, ხანდახან თოვლის ფიფქებიცჩამოსდევდა, ნახევრად გამდნარი თოვლის ფიფქები.
გზა ხევში ჩავიდა. ზაფხულში აქ, ეტყობოდა, დიდ ნიაღვრებს ევლო. რიყის აქეთ-იქით აყრილი მურყები და თხილები მინაშული ნარიყით იყო სავსე. ახლა ოდნავშემღვრეული ლიკლიკა ნაკადული მიედინებოდა. პატარა ტბორს ზემოთ, გაქერქილ ხმელ როკზე, ალკუნი იჯდა. ბიჭს გაგონილი ჰქონდა, ალკუნი ლიფსიტებით იკვებებაო. „„ნუთუ ამ წყალში თევზები არიან?“ გაჩერდა და ცდა დაიწყო, აბა რას იზამს ეს ტბორსჩაშტერებული ჩიტიო. მაგრამ მერე უცებ გაახსენდა, რომ ისედაც აგვიანდებოდა, დახელები აუქნია. დაუყვირა კიდეც _ „ჰოუ!“ ალკუნი აფრინდა, კი არ აფრინდა, როკიდან ძირს დაეშვა და ასე, ცისფერი ფრთების ციმციმით გაუყვა რიყეს.
ხევს იქით შარაგზა იყო. წონწოხში არეულ ხრეშს კარგად ეტყობოდა მანქანების კვალი. მაგრამ რა! რომც ყოფილიყო მანქანა, როგორ გაუბედავდა გაჩერებას! შემოხვდნენგომბორიდან მომავალი ცხენოსანი ოსები _ ორი კაცი და ორი ქალი. ჰკითხეს, ვისი ხარო. სხვაგნებური ვარო, _ და სულ ეს იყო. ოსებმა ეჭვისთვალი აადევნეს ბიჭს, იმათაცგულმა რეჩხი უყო, მაგრამ აღარ ჩასძიებიან, თავიანთი გზა განაგრძეს. ბიჭმაც ნაბიჯს აუჩქარა.
გომბორში დაბა-სოფლისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სურათი დახვდა. ბაზარში სიცივით აბუზული რამდენიმე ქალი იდგა, იქ საპარიკმახერო უსაქმურიგამომეტყველების ხალხით იყო სავსე, საკოლმეურნეო წერტის წინ, გაქონილ ბოძზე, ღორის ფეშხო ეკიდა. იქვე, ათიოდ ნაბიჯზე, მაღაზია იყო. ბიჭი შევიდა და გამყიდველსსაათი ჰკითხა. უკვე ოთხი ხდებოდა. გამყიდველს არ შეუმჩნევია, ბიჭს რომ სახეზე სიწითლემ გადაუარა, არც იმას დაუინტერესებია, რატომ იყო ასე დასველებული. ბიჭიგარეთ გამოვიდა. ვეღარ გადაეწყვიტა, გზა განეგრძო, თუ აქ სადმე დარჩენილიყო. მაინც სად უნდა დარჩენილიყო? ცრემლები მოერია, თავი შეეცოდა. მერე უცებ თავისიგადაწყვეტილება და ქადილი გაახსენდა _ ღამეც ვივლიო. პალტო გაისწორა, პური ამოიღო, ღონივრად ჩაკბიჩა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. ხო, გზისპირა ონკანზე წყალიცდალია. ოდნავ შესცივდა. ამან ფეხი კიდევ უფრო ააჩქარებინა. მიდიოდა და მხოლოდ გზაზეღა ფიქრობდა: „ამ აღმართს მერე არყნარია, არყნარის ქვემოთ _ ნაგომურლები, ნაგომურლებს იქით _ თელიანხევი, თელიანხევს იქით _ ვაკე ტყე“.
გადასავალზე თხელი თოვლი იდო, ახლაც თოვდა. აქ მაღლობია, დაბლა ჩავალ და ისევ წვიმა იქნებაო, მაგრამ არა. თოვლი, პირიქით, გახშირდა. ნაგომურლების დიდიველი თეთრად იყო გადაპენტილი. ერთი პირობა ესეც იფიქრა, რომელიმე ჯერაც ჩამოუნგრეველ გომურში ხომ არ დავრჩეო, მაგრამ, წარმოიდგინა თუ არა გომურის სიბნელე, ეს ფიქრი მაშინვე თავიდან მოიშორა. ჩქარობდა ის და ჩქარობდა თოვლიც, უკვე წვრილი, ხორხოშელასავით მაგარი თოვლი. ეს წვიმას სჯობდა. აღარ ასველებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თოვლი უფრო აკრთობდა. თოვლი და მშიერი ნადირი როგორღაც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული!
თელიანხევში იგრძნო, რომ უღამდებოდა, მაგრამ აღარ შეშფოთებულა. ერთი ტყეღა ჰქონდა გასავლელი, ამ ტყეს გაივლიდა და სათავიანთოში იყო. მაგრამ სწორედ ამ ტყისგავლა იყო საქმე! ნახევარზეც არ იქნებოდა მისული და დაღამდა. შინ, ლოგინში ჩათბუნებულს რომ წარმოედგინა ასეთ ადგილას თავისი თავი, ალბათ შეზარავდა. ახლა კიღამე მხოლოდ აბრაზებდა. მარტო ღამე კი არა, აბრაზებდა ბილიკიც, უშნოდ გამოწვდილი ტოტებიც და ეს სიბრაზე, მისდა გასაოცრად, ძალას მატებდა. „მთავარია, გზა არდავკარგო, მთავარია, ბუწკნარში არ გავება, თორემ ნადირი… ნადირი ტყეში ვერაფერს ვერ დამაკლებს, ხეები აქ არ არის?!“ ახსენდებოდა, რაც კი სახიფათო მოგზაურობაზეწაკითხული ან გაგონილი ჰქონდა. მიდიოდა და თვითონვე უკვირდა, რომ მაინცდამაინც არ ეშინოდა. ასე თუ ივლიდა, ბევრი-ბევრი, ერთ საათს ევლო, და ტყიდანაცგავიდოდა. ერთი საათი, მხოლოდ ერთი საათი! და გარბოდა, შეიქაქანებდა ცოტას და ისევ გარბოდა. სირბილის დროს თითქმის არაფერს არ გრძნობდა, არც არაფერსხედავდა. წინ დატოვებული სიცარიელე თვითონ კარნახობდა, საით უნდა ევლო. მაგრამ მოხდა სწორედ ის, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა: გზა დაკარგა, ბუწკნარში გაება. გამობრუნდა, იხრებოდა და ისე ეძებდა ბილიკის ნიშნებს. გაწამდა, არაფერი გამოუვიდა. მაშინ გაჩერდა და თქვა:
„მორჩა, გზის გაგრძელება აღარ შეიძლება. ხეზე უნდა ავიდე და აქ გავათენო“. ხეები იდუმალი სულებივით იდგნენ, ისინი ახლა ისეთივე უფორმო და უსხეულონი იყვნენ, როგორც სიბნელე. შიშით ადებდა ხელს ხან ერთს, ხან მეორეს. რწმუნდებოდა, რომ ისეთებივე იყვნენ, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ, წიფლები _ გლუვნი, ცივები. მაინცროგორღაც აფრთხობდნენ. ბოლოს თითები აბედივით გამომშრალ, შედარებით თბილ, ხეხეშა ქერქს შეახო. ეს მუხა იყო. ოდნავ წამოხრილი დიდი მუხა. ისე გაუხარდა, თითქოს ნაცნობ კეთილ მოხუცს შეხვედროდეს. მივიდა და იმ მშრალ ადგილას მიეხუტა. გული დაუმშვიდდა. გაეღიმა კიდეც, ეს რა უცნაურობააო. მერე აბობღდა ზედ, სამიტოტის გასაყარიდან თოვლი გადაბერტყა, ჩაჯდა და ხელები პალტოს სახელოებში შემალა. ერთხანს კანკალებდა. მაგრამ ეს შიშის ან სიცივის კანკალი არ იყო, დაღლილიკუნთები უთრთოდა. „არავითარი ავი სულები არ არსებობენ, ნადირი კიდევ აქ ვერ ამოვა. მთავარია, არ ჩამეძინოს, კეთილო მუხავ!“ სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკიოდა. ქამარი მოიხსნა, პალტოს კოფოს გაუყარა, ტოტს შემოახვია და შეკრა. ისევ მოიკუნტა, ხელები ისევ პალტოს სახელოებში შეიყო. სიამოვნებდა კიდევ ერთი რამ: როცამოდიოდა, ეჩვენებოდა, რომ ტყე სულგაკმენდილი იყო, ის თითქოს რაღაცას ელოდა. ახლა განთავისუფლებული იყო ამ მოლოდინისაგან, მშვიდად სუნთქავდა, მშვიდადშრიალებდნენ მშრალი ფიფქები ხმელ ფოთლებზე:
„მთავარია, არ დამეძინოს. მე ბიჭი ვარ და არ უნდა დამეძინოს“. ფიქრობდა თავის კლასელებზე, უფრო გოგონებზე. რას არ გაიღებდა, იმათ სცოდნოდათ ახლა მისი აქყოფნის ამბავი. იქამდე მიიყვანა ფიქრმა, რომ კინაღამ ძირს არ ჩავიდა და გზა არ განაგრძო. ტყეში სიარული უფრო მეტი გმირობა იყო, ვიდრე აქ ჯდომა. მერე თავი ამითიმართლა, ამ კუნაპეტში კაცი როგორ ივლისო, და ისევ თავის ადგილს მიენდო. „მთავარია, არ დამეძინოს“. იშმუშნებოდა, მხრებს ათამაშებდა _ ამით ძილსაც იგერიებდა დასიცივესაც. ღამე და ტყე კი იყვნენ დიდები, ძალიან დიდები… და უცებ წყნარ, გაბმულ შრიალში რაღაც სხვა ხმა გაისმა, რაღაც თქრიალი თუ ფლოქვების ხმა. „ნადირი!“ _ უსიამოვნოდ დაირეკა ბიჭის გულში. აიწია, ქამარმა არ გაუშვა. ხმაური კი ძლიერდებოდა _ თითქოს რამდენიმე ფლოქვოსანი ცხოველი უახლოვდებოდა მუხას. ბიჭმა ქამარიგახსნა, დაახვია, ჯიბეში ჩაიდო და ზედა ტოტზე აინაცვლა. გაისმა ლაწანი, მერე ხვნეშა. ბიჭი კანკალმა აიტანა. და აქ მეხივით გავარდა ადამიანის ხმა: „ჰა, თავმკვდარო!“
ბიჭი ფათაფუთით ჩამოხოხდა მუხიდან. „ძია! ძია!“ _ ატეხა ყვირილი. გარბოდა, მიფორთხავდა, ცრემლები ჩამოსდიოდა და ყვიროდა: „ძია! ძია!“. მერე ვიღაცამ ასანთსგაჰკრა. „ეუჰ, აქ რა გინდა, ბიჭოო!“ ორნი იყვნენ, ორივენი ცხენებზე ისხდნენ. დაქვეითდნენ. ისევ გაჰკრეს ასანთს და ბიჭმა ორივენი იცნო. ერთი კოლმეურნეობისთავმჯდომარე იყო, მეორე _ ფერმის გამგე…
* * *
ტყე უკვე შორს იყო დარჩენილი, ცოტაც და თავიანთ სოფელსაც გადახედავდნენ. ბიჭი ფერმის გამგის უკან იჯდა, ხელები წელზე შემოეხვია. ფერმის გამგის ფარაჯასასდიოდა სველი მატყლის რაღაც შინაურული, თბილი სუნი. მორჩენილიყვნენ გამოკითხვას, გაკვირვებას და დარიგებას. ცხენები ჯიქური ნაბიჯით მიარღვევდნენ სიბნელეს. ბიჭი კი. იჯდა და… ის ხომ ცამეტი წლისა იყო… ისევ ცრემლები ჩამოსდიოდა. ახლა მას ის ატირებდა, რომ თავმჯდომარემ და ფერმის გამგემ საძაგლად უმწეომდგომარეობაში ჩავარდნილს უშველეს, უშველეს, როგორც წყალწაღებულს, როგორც მათხოვარს. სულ ცოტა ხნის წინ კი გმირად გრძნობდა თავს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი რამე დაიწყო, რაზედაც ვერც ერთი მისი ამხანაგი ვერ ამოიღებდა ხმას. ვერ შეძლო ამ საქმის თავის მობმა და ნელ-ნელა, მწარედ ჩამოსდიოდა სირცხვილის ცრემლიგაციებულ ლოყებზე.
კიდევ კარგი, რომ ბნელოდა და ამ ცრემლებს მაინც არ ხედავდნენ სადღაც ოსებში შექეიფიანებული თავმჯდომარე და ფერმის გამგე.