რევაზ ინანიშვილი – ზეიმი სხვენში
– მოაქვთ, ბიჭებო, მოაქვთ!
რა მოჰქონდათ, ან ვინ იძახდა ამას, არ იკითხავთ? კაკლით სავსე ვეება ტომარა მოჰქონდათ პაპა სოლომონს და ბებია სალომეს სხვენში ასატანად, – „მოაქვთ, მოაქვთო“, – ამას კიდევ თაგვები იძახდნენ, რომლებიც იმ სხვენში ცხოვრობდნენ და ახლა ერთ ჭუჭრუტანასთან თავმოყრილნი გაფაციცებით ჩასცქეროდნენ ეზოში მომავალ პაპას და ბებიას.
– ოხ-ოხო! რამოდენა ტომარაა! – იძახდა თაგვი ბუძგა. – ბარაქა! ბარაქა! ღმერთო, ხელი მოუმართე ჩვენს პაპასა და ბებიას!
– ჰა, ბებო, ყოჩაღად, ყოჩაღად!
ბებია სალომეს ტომრისთვის პირში ჩაევლო ორივე ხელი, პაპა სოლომონი ყურებივით გამოცქვეტილი ბოლოებიდან ეწეოდა და ვაი-ვიშით, ერთმანეთის ქეზებით, – აბა ჰე, აბა ჰეო, – დერეფნისაკენ მოდიოდნენ.
დერეფანში ტომარა დადგეს, მაგრამ ის იყო ხელი შეუშვეს, რომ ტომარა გადაიქცა და კაკლებმა ჩხრიალი მოიღეს.
ამ ხმაზე თაგვებს კბილები აუკაწკაწდათ, ტუჩები ააცმაცუნეს და ნერწყვი გადაყლაპეს.
– ოხ-ოხო! რა კაკალია! რა ზარივით ხმა აქვს! რა გული ექნება! – იძახდნენ და ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ, მიცუცუნებდნენ, მოცუცუნებდნენ, ერთმანეთს ახტებოდნენ, წრუწუნებდნენ, – ჩქარა, რაღას უცდით, ხალხო! ჩქარა, პაპა სოლომონ, ამოიტანეთ ბარემო.
პაპა სოლომონი და ბებია სალომე კი არ ჩქარობდნენ. ტომარა ისევ ფეხზე დააყენეს, ამოიხვნეშეს და დასასვენებლად ჩასხდნენ.
– წელს ეს კაკალი ბლომად მოგვივიდა, ძალიან გავახარებთ ჩვენს შვილიშვილებს! ბევრი გოზინაყი ექნებათ! – ამბობდა პაპა სოლომონი.
– ჩურჩხელები? ჩურჩხელებს აღარა სთვლი? ანდა მარტო ჩურჩხელები? რაღა არ კეთდება ნიგვზისა?!
– ენაცვალოს პაპა ჩვენს ავთანდილსა. რომ ჩავალ ქალაქში ჩემი ჭრელი ხურჯინითა და ჩავუჩხრიალებ ჯიბეში!
– ჩქარა, ხალხნო! – ვეღარ ითმენდნენ თაგვები.
ბოლოს პაპა სოლომონი წამოდგა, კედელზე კიბე მიაყუდა, ზედ აბობღდა და სხვენში აძვრა. იქ, სხვენში, კავი მოძებნა, იმ კავზე კალათი ჩამოჰკიდა და ძირს დარჩენილ ბებიას ჩააწოდა. ბებიამ კალათი კაკლით გაავსო, პაპამ კავი ასწია, კალათი მაღლა აიტანა და სხვენის შუაგულში წამოაპირქვავა.
ამან ხომ მთლად გადარია თაგვები.
– ეუჰ, ეუჰ! – იძახდნენ კბილების კაწკაწით.
პაპა სოლომონი რომ კიბისკენ მიბრუნდა, ცაცხანა თაგვმა მეტი ვეღარ მოითმინა.
– მივდივარ, ბიჭებო!
– სად მიდიხარ, დადექი, რამ გაგაგიჟა?!
– გამიშვით, ხალხნო, რისა გეშინიათ?!
ცაცხანა გაუსხლტა აქეთ-იქიდან დაბღაუჭებულ თაგვებს, გავარდა, დასტაცა ერთ კაკალს პირი და გამოიქცა.
– ვახ! ოხ! – აღმოხდათ თაგვებს და ცაცხანას დაედევნენ, – ერთი გვაჩვენე, როგორი კაკალიაო. – მაგრამ ცაცხანა კოჭებს შორის მირბოდა და ჯავრობდა, – მე რას მომდევთ, ე, ოხრებო, წადით, თქვენ თვითონ ეცადეთო!
თაგვები გამობრუნდნენ და ისევ პაპა სოლომონს დაუწყეს თვალთვალი. პაპა სოლომონი ამოიტანდა სავსე კალათს, დასცლიდა სხვენის შუაგულში და გაშლიდა კალოსავით. ამოიტანდა და დასცლიდა.
მალე ტომარაც დაიცალა. პაპა სოლომონმა კაკლის გროვას ირგვლივ შემოუარა, შემოამრგვალა, ზემოდანაც გადაასწორა და ძირს ჩავიდა.
ჩავიდაო, და ახლა კი ყველა თაგვი ერთად გამოვარდა სამალავიდან. ჯერ თითო-თითო კაკალი მოიტაცეს და გაიქცნენ. მერე გონს მოვიდნენ, – თითო-თითოს რას მივარბენინებთ, განა სულ ჩვენი არ არისო?! – ისევ გამოცვივდნენ და ზედ გროვაზე დაიწყეს კოტრიალი. ჭამა ვიღას ახსოვდა! იცინოდნენ, ბუქნაობდნენ, ერთმანეთს ებღლარძუნებოდნენ და ხმამაღლა გაიძახოდნენ:
– გაუმარჯოს პაპა სოლომონსა და ბებია სალომეს! ბარაქა იმათ სახლ-კარს! აავსოს, ააშენოს, ამრავლოს, გაუმარჯოს!
პაპა სოლომონი და ბებია სალომე კი ისევ დერეფანში ისხდნენ, ისევ იმას ლაპარაკობდნენ, როგორ გაახარებდნენ თავიანთ შვილიშვილებს ბროლა-ბროლა კაკლით, და არ იცოდნენ, რომ იმ კაკლით თავდაპირველად თაგვები ხარობდნენ და ახლა ისინი მთელი ქვეყნის გასაგონად ლოცავდნენ ამ კეთილ მოხუცებს.
– გაუმარჯოს პაპა სოლომონსა და ბებია სალომეს! ბარაქა იმათ სახლ-კარსა, რომელიც ჩვენი სახლ-კარიც არის, ბარაქა! დიდება შემოდგომას! გაუმარჯოს პაპა სოლომონსა და ბებია სალომეს! გაუმარჯოს!