ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – მაყვალზე

წავედი მაყვალზე. იქ კი არა, სოფლის გოგო-ბიჭობა და ქალები რომ დადიან.-შორს, მდინარის გაღმა, ლეკია ჭალაში. ხომ სულ გვგონია, მდინარის გაღმა, ჩვენიდან შორს, ნაკლებად ხვდება ადამიანის ფეხი! ვიარე, ვიარე, ვიარე. მაყვლის ერთ რიგიან ბარდსაც კი ვერ წავაწყდი. ხელცარიელს რა დამაბრუნებდა, შინ ბარტყებივით პირდაღებული პაწაწინა შსვილიშვილები მელოდნენ, მაყვალს იმათ უწურავდნენ და წვენს ასმევდნენ. სად რა ჭაობებში ვტოპე, სად რა ბუწკნარში გავძვერი, სად რა ფლატეზე ავბობღდი. ბოლოს, როგორც იქნა, ორჭიქიანი მინის ქილა გავავსე, ზოგი წვრილით, ზოგი ჩიტის ნაკენკით. ამაზედაც მადლობელი უნდა ვიყო-მეთქი. მოვუკარი იმ ქილას თავი, ჩავიდე ჩანთაში, ავიღე ჯოხი და შინისკენ გამოვაბიჯე, რომ შაშვები ამიფრინდნენ ჭახჭახით. რასა ვხედავ: წყალი ჩამოჩხრიალებს პატარა კლდიდან, იმ კლდის თავზე ტოტებშემხმარი ბებერი წნორი დგას, წნორის ქვეშ კი მოლურჯო ბარდია, გრძლად წასული ბარდი, ისე ბარდი სულ მაყვალია და ასხია, ასხია, შავად არის მიბნელებული. უცებ დამიბრუნდა რწმენა-თუ გაირჯები, დაუჯილდოებელი არ დარჩები. ჩანთაში საწერი ქაღალდი მქონდა, გავაკეთე ერთი ძაბრული პარკი, გავავსე, თან გულიანად გეახლებით მაყვალს, გავაკეთე მეორე პარკი, ისიც გავავსე. მაინც არ მეთმობა იქაურობა. გავაკეთე კულმუხოს ფოთლის პარკიც, ისიც გავავსე. მაყვალი წნორზედაც იყო ახოხებული, რამდენიმე კუნწულა თვალისმიმტაცად გადმოკიდებულიყო მაღლიდან. მოვიხსენი ჩანთა, დანით გავიკაფე წნორამდე მისასვლელი, ავბობღდი წნორზე. მარცხენა ხელით ერთ ტოტზე ვარ დაკიდებული, მარჯვენით დანა მიკავია და იმ დანით მაყვლის კუნწეულებს ვწვდები. ავჭერი ერთი კუნწულა, ავჭერი მეორე, მესავეს ვეწვდები და – “ჭაახ” – დაიძახა წნორის ტოტმა. ზრიალით წავედი შიგ მაყვლის ბარდში, ტოტიც ზედ დამეცა. ისეთმა შიშმა გამიარა ფეხებში, წამოდგომას ვეღარ ვახერხებდი, ბოლოს მაინც ავედი ჩემდა გასაოცრად, არც რაიმე მქონდა ნატკენი, არც დაგაზული ვიყავი, დანაც კი არ გამვარდნოდა ხელიდან. ავიხედე მაღლა, მაყვლის კუნწულები ისევ ლამაზად იყო გადმოკიდებული წნორიდან, გამეღიმა და ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს:ერთი პატარა ქილა მაყვალი გინდოდა, ის ქილა გაავსე, გაავსე კიდევ ორი ქაღალდის პარკი, გაავსე კულმუხოს ერთი პარკიც. ასკუნწულა, მეორე კუნჭულა. რა გაუმაძღრობაა__იქნებ შენ გარდა სხვასაც უნახავს მაგ კუნწულებს წნორი?ბარდიდან გამოვძვერი, ჩანთა გადავირიდე და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი შინისკენ. ბებერ წნორს ჩამოხლეჩილი ადგილი პირივით დაეღო და თითქოს სადაცაა მომაძახებდა:– ეე! ეე! ეე!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button