რევაზ ინანიშვილი – მგლის მოკვლა
(ბიძაჩემის ნაამბობი)
კოლექტივი ახალი ჩამოყალიბებულია. ქვევით, მრუდეებში გვიყენია საქონელი: ცხვარი, კამეჩები, ღორი. ჩვენ კიდევ კომკავშირელები ვართ: საწყალი მამაშენი, იოსება, თედუა, მე. სუყველას თოფები გვაქვს, რუსული შაშხანები. ღამღამობით სოფელსა ვყარაულობთ, კოლექტივის მტრებისა გვეშინია. ერთმანეთს პაროლით ვატარებთ: – პაროლი! – ქინძი. მეორე დღეს: – პაროლი! – ლობიო. მესმე დღეს: – ფაფა! და ასე.
მოვიდა თოვლი. წამოუყვა ამ აზამბურის მხრიდან, გააერთიანა ცა და დედამიწა. ჯერ ხომ მუხლამდე დადო, ახლა გადაიღო, ცოტა გაადნო და ზემოდან მოყინა. წამოვიდა ამ მოყინულზე და ისევ დადო. დადო და დაუმატა. ვაზის წვერები ძლივსა ჩანდა ვენახებში. დაიმშა ნადირ-ფრინველი ტყეში. მოაწყდა სოფელსა და ჭალებს. ჩიტი მინახავს, კაცო, მაგრამ იმდენი არასოდეს. აეს დერეფანი სულ სავსე იყო ლამაზ-ლამაზი სკვინჩებით. დედაჩემი რომ გამოვიდოდა და საკენკს გაუტანდა ქათმებს, წიწილებივით დასდევდნენ უკან. ღამღამობით ძაღლი ვეღარა ბედავდა დაყეფებას: მგელი დაგვედო, თითქოს ოსმალო შემოსულაო. რომ დაჰკრავდნენ ბუკს, – აუუუ! – ხან აქ, ხან იქ, აცახცახებდა იმათი ხმა ყველაფერს.
ამოცვივდნენ გულგახეთქილი მწყემსები და მეღორეები: გვიშველეთ, მოგვეხმარეთ, თორემ დაგვჭამს ნადირი საქონლიანადო. წავედით ესენი, ეს კომკავშირელები: მამაშენი, მე, იოსება, თედუა. წავიყვანეთ ჩვენი მორიდებული, მაშინვე მაგარი მონადირე. წავიღეთ ერთი ტიკი ღვინო, ხორცი, პურები. ჩავედით.
მთვარიანი ღამეებია – ფეტვს აჰკრეფავ თოვლზე; ვსხედვართ, ჩვენი ფერმები რომაა, იმის ცოტა აქეთ, ბებერი წნორი თუ გახსოვს, ძველ გომურში. გვინთია შუაცეცხლი, ვწვავთ მწვადებს და ვადღეგრძელებთ ერთმანეთს. ჩვენა ვსვამთ, ეს მორიდებული კიდევ მალ-მალე ადგება და მივა სანათურთან, გარეთ იყურება. ამ სანათურიდან მთელი რიყე მოჩანს – გადასწორებული, გადალესილი. წყალიც გაყინულია, წინწკალი აღარ მიიპარება არსად. აქეთ, კბოდესთან, ჩვენიდან, ეგრე, ხუთი გუთნეულის გაშლაზე, მკვდარი ცხენი გდია ფეხებაწეული, გაშეშებული. მეღორეებს მოუკვდათ. იმ ცხენთან უნდა მოვიდნენ მგლები. თოფები კედელზე გვაქვს მიყუდებული. ამოდის და ამოდის მთვარე. გარეთ ისეა, თითქოს ფიანდაზი იყოს ჰაერი. გადასცდა საშუაღამეოს. ძილი გვერევა. და, აი, ვნახოთ, ამოიღო სადღაც ხევს გაღმა ერთმა მგელმა ხმა. გავიდა ცოტა ხანი და ახლა სხვა მხრიდან ამოიძახა მეორემ. არ ვიცი, მზვერავები ჰყავდათ, თუ რა იყო. აეგრე, ხან აქ ამოიძახებდნენ, ხან იქ. მორიდებული სანათურთან არის მიკირკიტებული. მივედით ჩვენც, მივჯგუფდით, ვიყურებით. მორიდებული გვანიშნებს, იქით გაიხედეთო. ვიხედებით იქით, ვაკვირდებით და ვხედავთ: ამ თეთრად წასული და ყინვის თხელი ბურუსით მიბუნდოვანებული რიყის იქითა ნაპირზე ძეძვის ღობესავით რაღაცა იძვრის, მოდის, მოიწელება. თითქოს რუხი მტვერი იყოს და ის მოჰქონდეს ნიავს. იარა ესე, იარა და გაჩერდა. მგლების ხროვა, კაცო! რა ვიცი, რამდენი იყო! დგანან აეგრე ჩვენ პირდაპირ, შორს, და იმათ სირუხეში ხან ერთი თვალი გაბრწყინდება ციცინათელასავით, ხან მეორე. დავავლეთ თოფებს ხელი, მზადა ვართ. მორიდებულს ველოდებით, რას გვიბრძანებს. მორიდებული მუშტივით არის მოკუმშული. ხელით გვანიშნებს, ჩუმადო, ანდა ცოტა იქით მიდექითო. ბოლოს გამოეყო ხროვას სამი მგელი. მოდიან ჩვენკენ, თავაღებულები, კავალერისტებივით. წამოვლენ, წამოვლენ და გაჩერდებიან. ისევ – წამოვლენ, წამოვლენ და გაჩერდებიან. იმ მკვდარ ცხენს უახლოვდებიან. მოვიდნენ. დადგნენ აესე, თავაწეულები, მაღლები. კიდევ რაღაცას უგდებენ ყურს. დაუდო მორიდებულმა შაშხანის ლულა სანათურზე, გავუშვირეთ ჩვენც, – აბა, მიდითო, – და მივაყოლეთ ოთხივემ თითოჯერ! მეორეჯერ! მერე გავიხედეთ და რასა ვხედავთ: რაღაც მბრწყინავი კორიანტელი დგას, აი, ნათელი რომ ადგათ წმინდანებს, ისეთი. გაგვისკდა გული, ღვთისა ხომ არაფერი მოვკალითო. კომკავშირელები ვართ, მაგრამ მაინც! შეშინებულები ვუყურებთ ერთმანეთს. კიდევ კარგი, რომ სულ მალე გაფერმკრთალდა ის ბრწყინვალება და გაქრა. მაშინ კი მივხვდით, წაქცეული მგელი აბუქებდა გაყინულ თოვლს და ის ბრჭყვიალებდა მთვარის შუქზე.
გავცვივდით გარეთ, ეგრევე, თოფებიანად. ჩავცვივდით ფლაქვაფლუქვით კბოდეზე და წავადექით თავს. აი, მგელი! ასე ორი ხელი რომ მიატყუპო და გაშალო, ამოდენაზე აქვს დაღებული პირი, სულსა ღაფავს. ამოგვხედა ცალი თვალით, რაღაც საცოდავი თვალით, გვიყურა, გვიყურა და მერე, ლამფას რომ ჩაუწევენ, აეგრე ნელ-ნელა ჩაიწია სინათლემ იმ თვალში, ჩაიწია, ჩაიწია და ჩაქრა.
ჩვენ თოფებზე დაყრდნობილები ვიდექით ხმის ამოუღებლად.
სიკვდილის დროს ყველანი ერთნაირები ვართ, შვილო, ადამიანებიც და ცხოველებიც.
ძალიან კარგად არის დაწერილი