კენ კიზი – გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (მიმოხილვა)
თუ თქვენ გაინტერესებთ ამერიკული ლიტერატურის ჭეშმარიტი ღირებულება და ის შარმი, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს მისი წიაღისკენ, მაშინ წარმოუდგენელია ამ ყველაფრის შეცნობა 40-70იანი წლების სოციალურ-ინტელექტუალური მოძრაობის, ბიტნიკების თაობის ნაშრომების წაკითხვის გარეშე. მათი დავიწყება იგივეა, რომ ევროპულ კლასიკურ მწერლობას წაართვა რეალიზმის ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებები. თუ დავაკვირდებით ამ ერის ლიტერატურას, დავინახავთ, რომ ამერიკული ,,თავისუფლება“ უნიკალური ცნებაა, რომელიც თავის თავში საკმაოდ განსხვავებულ კრიტერიუმებს მოიცავს. თავისუფლების ,,ამერიკული“ ვერსიის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა იმ მომენტიდან, როდესაც მათ დაიწყეს ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ და მისი პიკი იყო სწორედ ბიტნიკების( მათთან ერთად ჰიპების) თაობა, რომლებსაც სურდათ ყოველგვარი საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ გალაშქრება, თუნდაც ამის გამო სულ ველურ პირობებში ეცხოვრათ. მათთვის უპირველესი მიზანი იყო ჯერ სულიერი თავისუფლების მოპოვება, რომელსაც საბოლოო ჯამში ფიზიკური თავისუფლება მოჰყვებოდა. ამ ოპტიმისტურმა სულისკვეთებამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურაშიც, რაც საბოლოო ჯამში ამერიკული კლასიკური ლიტერატურის დოგმად იქცა. ეს უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელ ფაქტორად იქცა ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურას შორის. კერძოდ, თითქმის ყველა ამერიკული ლიტერატურას დასასრული აქვს ისეთი, რომელიც თავის თავში გულისხმობს სიცოცხლის გაგრძელებას, ან ამის სურვილს მაინც. ხშირ შემთხვევაში ამ ოპტიმისტურ დასასრულს საფუძვლად უდევს საკმაოდ ამაზრზენი(თუმცა ესე სუბიექტურია) მოვლენა, მაგრამ ამის მიუხედავად ამერიკული ნაწარმოები აუცილებლად ნიშნავს ისეთ დასასრულს, სადაც მოვლენები მთავრდება არა ვიღაცის სიკვდილით, არამედ სიცოცხლით. მაგალითად გავიხსენოთ ფოლკნერის ,,სული რომ ამომდიოდა“, სტეინბეკის ,მრისხანების მტევნების“ და ნებისმიერი სხვა ნაწარმოების ფინალი, რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ ლიტერატურაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მთავრდება პერსონაჟების სუიციდით( ,,ეშმაკნი“) ან ვიღაცის მკვლელობით(,,ჯადოსნური მთა“).
ზემოთ ხსენებულიდან, ლოგიკურია, ჩვენ საუბარი გვექნება ერთ-ერთ ,,თავისუფლების“ მოყვარე ამერიკელი მწერალის, კენ კიზის წიგნზე- ,,გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ ამ წიგნზე მსჯელობას, მინდა აღვნიშნო, რომ კენ კიზი მთელი გულით წინააღმდეგი იყო ამ ნაწარმოებზე ფილმის გადაღების, რადგან ფილმში გამოტოვებული იყო რამდენიმე ისეთი ადგილი, რომელიც მისი აზრით, დაუშვებელი იყო და როგორც თავად ავტორს, ასევე წიგნს უდიდეს შეურაცხყოფას აყენდებდა. ბუნებრივია, ამის გამო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროცესი წააგო. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ფილმში ნამდვილად არის გამოტოვებული ბევრი ადგილი, რომლის გამოტოვება მართლა არ შეიძლებოდა, რადგან ისეთი სიმბოლური მომენტები იყო, რაც ამერიკული ლიტერატურისთვის და სწორედ რომ ,,თავისუფლების“ იდეისთვის დამახასიათებელი იყო. ერთი მომენტი, რომელიც ნადმვილად მნიშვნელოვანი იყო, არის ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო, თუმცა ცოტა თუ დავუკვირდებით, მართლაც ყურადსაღები. საუბარია, მთავარი გმირის, მაკმერფის შორტის მსგავს ტრუსზე, რომელზეც გამოსახული იყო ვეშაპები. მოგეხსენებათ, საუბარი რომ იყოს ევროპულ ან აზიურ ლიტერატურაზე, ამ ვეშაპებს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მივაპყრობდით, თუმცა ამერიკულ ლიტერატურაში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ ლეგენდალური წიგნი ,,მობი დიკი“. მემგონი ამის შეხსენებაც საკმარისია, რათა გავიგოთ რისი თქმაც მინდა. მობი დიკი იყო და გახდა თავისუფლების, დაუმორჩილებლობის სიმბოლო და ვეშაპის გამოსახვა შორტებზე კი ნამდვილად სიმბოლური გადაწყვეტილება იყო მწერლის მხრიდან. ეს ნიუანსი კი ფილმში ნამდვილად არ ჩანს. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მომენტზე, რომელიც ფილმიდან ,,ამოჭრილია“, ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამე კი წიგნის სიუჟეტს გადავხედოთ.
მაკმერფი პაციენტებთან ერთად
ვისაც ფილმი მაინც გაქვთ ნანახი, გეცოდინებათ რომ მოვლენები ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში(თუმცა წიგნში ამბის მთხრობელი არის ინდიელი, რომელიც ფილმში მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწერალს იქ არსებული პაციენტები გამოყვანილი ჰყავს არა როგორც სულით ავადმყოფები ან გიჟები, არამედ საზოგადოებისგან განსხვავებული და გარიყული სოციუმი. ფსიქიატრიულ კლინიკაში, მალევე აღმოაჩენთ, რომ ტოტალიტარიზმია, რომლის ,,ბელადიც“ არის მთავარი ექთანი. ადამიანი, რომელიც პირადი ცხოვრების წარუმატებლობის კომპლექსისგან იტანჯება, რის გამოც ბრაზს და ჯავს პაციენტებსა და მათ შორის, მომუშავე პერსონალზეც იყრის. ბუნებრივია, პაციენტები შეშინებულები და ,,დაპატარავებულები“ არიან. სწორედ ასეთ ვითარებში ასპარეზზე ჩნდება პროტაგონისტი მაკმერფი, რომელიც ადვილი მისახვედრია, ექთნის ანტიპოდად გვევლინება. მალევე აღმოაჩენთ, რომ მაკმერფის პიროვნება ძალიან განსხვავებულია, რომელმაც უბრალოდ არ იცის რა არის ტყვეობა, მორალური შეურაცყოფა და დამცირება, რადგან სულით ხორცამდე მსგავსი მოქმედებების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია. რაც ყველაზე აუცილებელია, მაკმერფი თავის სულისკვეთებას ავრცელებს ირგვლივაც, რაც ნიშნავს გარშემო მყოფი ადამიანთათვის იმედის მიცემას და თავმოყვარეობის გაჩენას. პაციენტებისთვის, რომლებიც გულიანადაც კი ვერ იცინიან, მაკმერფი მესიანური მისიით დატვირთული ადამიანია.
ბუნებრივია, საავადმყოფოში, სადაც უმრავლესობას წარმოადგენს მოწინააღმდეგე, რომელთა ხელშია მოვლენების მართვის სადავეები, ძალიან რთულია დადებითი განწყობისა და თავმოყვარეობით გამოწვეული ამბოხის პროპაგანდა. მაკმერფიმ იცოდა, რომ ნებისმიერი აგრესიული მოქმედება მასზე დამანგრეველად იმოქმედებდა, ამიტომ აირჩია ისეთი ბრძოლის მეთოდი, რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გულისხმობს, თუმცა ფსიქოლოგიურად დამანგრეველი იყო. ეს არის მოწინააღმდეგის(მთავარი ექთნის) მიმართ მშვიდი, გამანადგურებელი სარკაზმული დამოკიდებულება. მაკმერფის ამ ,,იარაღის საწყობი“ გახლდათ ის მხიარული განწყობისა და სიცილის შენარჩუნება, არა მარტო თავის თავში, არამედ გარშემო მყოფ პაციენტებს შორის, რომელიც აძლევდა ძალას ,,მტრისთვის დარტყმა მიეყენებინა“. მაკმერფი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ,,ცხოვრებას თამაშად აქცევენ, რათა მისი ოღრო-ჩოღროები ადვილად გადალახონ“.(ჯემალ ქარჩხაძე, ,,ქარავანი“). ამასვე ადასტურებს მისი სიტყვები: ..რა ემართებათ, რატომ ვერ იცინიან თამამად, კაცი მართლა მაგარი ვერასდროს გახდები, ნებისმიერი მოვლენის და საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია.“ თქვენ ნახავთ, რომ მაკმერფი მართლა მონდომებით ცდილობდა ეს სასაცილო მხარე სხვებისთვისაც დაენახვებინა, რაც ძალიან დიდ ძალილისხმევას მოითხოვდა. ინდიელთან საუბრისას, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ინდიელი პირველი ადამიანია, ვინაც მაკმერფის მიუხვდა ამ ყველაფერს, დაუფასა და უთხა, რომ მაკმერფიმ მასში გააღვიძა ის ,,უძველესი ინდიელის ბუნება“, რომელიც კარგა ხნის მივიწყებული იყო. ჩვენმა პროტაგონისტმა მოახერხა პაციენტთა პიროვნული ,,გაზრდა“, რამაც დათრგუნა მათი შინაგანი კომპლექსები და ისინი თავისუფალ ადამიანებად აქცია. მე მინდა ნაწარმოების სიუჟეტის განხილვისას კავშირი არ დავკარგოთ უშუალოდ ავტორის რეალობასთან, რომელიც ნამდვილად ეწეოდა მსგავსი თავისუფლების მოყვარული იდეების პროპაგანდას თანამედროვეებთან ერთად. სწორედ ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაწარმოებში ერთგვარი ავტობიოგრაფიული ელემენტებიც ურევია, თან საკმაოდ ბევრი, რომლის ნახვაც ინტერნეტშიც შესაძლებელია, უბრალოდ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.
რაც შეეხება ჩვენი წიგნის მთხრობელსა და აგრეთვე მთავარ მოქმედ პირს, ინდიელს, მასსაც ძალიან საინტერესო მხატვრული სახე აქვს. ინდიელი, რომელიც თავს ყრუ-მუნჯად ასაღებს, სინამდვილეში ყველაზე მეტს ხედავს, ყველაზე მეტს გრძნობს და ყველაზე ბევრი ესმის. იგი უნიკალური ადამიანია და ადვილად შეგიძლიათ წიგნში შეამჩნიოთ, თუ როგორც ცდილობს თავისი ეთნიკურობის შენარჩუნებას გონებაში, არ მოსწყდეს თავის ფესვებს, რომელიც კი არ აკავებს და თავისუფლებას უზღუდავს, არამედ პირიქით, ხის პრინციპის მსგავსად, ეს ფესვებია მისი სიცოცხლისა და თავისუფლების საწყისი და საზრისი. შეიძლება წიგნში მისი სიზმარ-ცხადები, სადაც ინდიელი თავის წინაპრებს, მშობლებს ელაპარაკება, ცოტა მოსაწყენად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში პირდაპირ მიგვანიშნებს ინდიელის მართლაც ბელადურ ბუნებაზე. მან კარგად იცოდა, რომ საავადმყოფოში იგი ფაქტობრივად მარტო იყო, საჭირო გახლდათ საკუთარ წარმოდგენაში სასურველი სამყაროს შექმნა, სადაც ის დაელაპარაკებოდა იმ ადამიანებს, რომელთან ყოფნის სურვილიც ჰქონდა და იქნებოდა ისე, როგორადაც ყოფნის მიზანი ამოძრავებდა. ეს უნიკალური უნარია. სწორედ ამ სულით რომანტიკოსობამ(თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) და შინაგანი სამყაროს აგებამ ჩაუყარა საფუძველი მის გათავისუფლების ,,კამპანიას“, რომელიც გააგრძელა და დააგვირგვინა მაკმერფიმ. მსჯელობას თუ მივყვებით, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ მაკმერფისა და ინდიელს შორის გაჩნდა უკვე რაღაც კავშირი არაცნობიერის დონეზე, რომლის წყალობით ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთის გულისწადილს და რაც მთავარია იმ მინიმალურ ადამიანურ მონაცემებს, რაც სიცოცხლისთვის(რომელიც გულისხმობდა არა მარტო გულის ფეთქვას, არამედ აზროვნებას, გავიხსენოთ რენე დეკარტის სიტყვები: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“) აუცილებელი იყო. სწორედ ეს მოვლენა კარგად ხსნის იმ ფაქტს, რაც ინდიელმა საბოლოო ჯამში გააკეთა მაკმერფის მიმართ. მაკმერფი ვეღარ აზროვნებდა, მაშასადამე ვეღარ არსებობდა. შესაბამისად ასეთი მაკმერფი აღარ იყო მაკმერფი და მისი ,,არსებობა“ აღარ იყო ცხოვრება- ეს იყო საცოდაობა. საბოლოო ჯამში, ინდიელმა გადალახა ის უკანასკნელი ზღვარი, დაბრკოლება, რომელიც მისი გათავისუფლების პირობად და აგრეთვე მაკმერფის ანერძადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. საავადმყოფოში არსებული უცნაური გიგანტური მოწყობილობის(პულტის) აღება და თავისუფლების დამთრგუნავი შენობის კედლების დანგრევა. ინდიელმა ეს გააკეთა.
ინდიელი ,,პულტის” მოგლეჯის პროცესში
ამის შემდეგ ფილმში მთავრდება ამბის თხრობა, ხოლო წიგნში კი გრძელდება და სწორედ ეს არის მეორე ის მნიშვნელოვანი ადგილი, რომლის გამოტოვება არ შეიძლებოდა. ინდიელი მანქანას გააჩერებს და ჩაჯდომის შემდეგ მძღოლი ეკითხება თუ საით მიდის. ამაზე ის პასუხობს ძალიან საინტერესო პასუხს- ის მიდოდა ინდიელთა მიწებისკენ, სადაც თავისი ტომის ეგულებოდა. ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია. ანალოგიური დამთავრება აქვს სხვა ამერიკულ ნაწარმოებებს და თუ გავიხსენებთ, ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავალს“. როდესაც ჰეკლბერს ეკითხებიან საით აპირებდა წასვლას, ის ანალოგიურ პასუხს აძლევს: ,,ინდიელთა მიწებისკენ“. ამერიკულ ლიტერატურაში ინდიელთა მიწები აუცილებლად გულისხმობდა თავისუფლების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს, რაც ბუნებრივია. თუ შეერთებული შტატების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ადვილად შევამჩნევთ, რომ ინდიელები იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავისუფლების დაცვას შეეწირნენ და მათკენ მისწრაფება თავისუფლებისკენ სწრაფვას გაუიგივეს.
ავტორი: გიორგი წერეთელი