ლიტერატურამოთხრობა

შოთა ჩანტლაძე – იგავები

* * *

ერთხელ, კურდღლბმა თქვეს: ადამიანები და მხეცები ჩვენს ხორცზე რომ გიჟდებიან, მოდით, ერთხელ ჩვენც გავსინჯოთ მისი გემოო. მათ სასწრაფოდ დაკლეს ერთი თანამოძმე და შეუდგნენ მის ჭამას. ამ დროს ჩამოიარა მგელმა და თქვა: არ გცხვენიათ, მეგობრებო?! ამას ადამიანებიც აღარ ჩადიანო და ჩაიარა.

* * *

ერთხელ, მაიმუნებმა თქვეს: ადამიანობამდე ბევრი მაინც აღარ გვაკლია და მოდი, მაიმუნობას თავი დავანებოთ და ადამიანებივით მოვიქცეთო. მათ ჩაიცვეს კოსტუმები, გაიკეთეს სათვალეები და ხელში დაიკავეს პორტფელები. ერთმანეთს ტყეში თავაზიანად ესალმებოდნენ. ამ დროს ჩამოიარა ლომმა, შეხედა მათ საქციელს და თქვა: ნეტავი რას მაიმუნობენო.

* * *

ერთხელ, ლომი ისეთ ქვეყანაში მოხვდა, სადაც იგი არასოდეს ენახათ. „დიდი კატა! დიდი კატა!“ – ყიჟინით შეოეხვია ხალხი ლომს. ლომი მოხიბლა ასეთმა თბილმა შეხვედრამ და თქვა: იმ ღმერთს რა ვუთხარი, ვინც მე ლომად გამაჩინა.

* * *

ერთ მელას იუბილეს უხდიდნენ. როგორც წესია, იუბილემ მელიის ქებაში ჩაიარა. იგი რამდენჯერმე ლომსაც კი შეადარეს. ლომი იუბილეს არ ესწრებოდა. მელამ იცოდა, რომეს სიტყვები ლომამდე მივიდოდა, ამიტომ საპასუხო სიტყა ასე დაამთავრდა: მე ლომთან შედარებით მხოლოდ მელა ვარო.

* * *

ერთი მგელი მეცხვარედ დანიშნეს და თან უთხრეს: ფარას კარგად მოუარეო და დღეში თითო ცხვარი შენი იყოსო. მგელი ჩინებულად უვლიდა ფარას და ყოველდღე თითო ცხვარს ჭამდა. თან გუნებაში ფიქრობდა: რა იოლი ყოფილა ადამიანობაო.

* * *

ერთხელ, კუ და მელია ჭადრაკს თამაშობდნენ. მელიამ კუს მეფე რამდენიმე სვლაში დააშამათა, რადგან კუ მხოლოდ კუს იცავდა.

* * *

ერთხელ, უხსენებელი ბულბულს მიეპარა. ბულბულმა უცებ გალობა წამოიწყო. უხსენებელი გაირინდა. როცა ბულბული გალობას მორჩა, უხსენებელმა უთხარა: – შეჭმას გიპირებდი, მაგრამ შენმა გალობამ გადაგარჩინაო! მას შემდეგ არის – ნიადაგ გალობს საწყალი ბულბული, ვაითუ, სადმე უხსენებელია ჩასაფრებულიო.

* * *

ერთხელ, მგლებმა თავი მოიყარეს. ერთმა თქვა: – რაშია საქმე?! ადრე ადამიანები ჩვენ თავს გვარიდებდა და ირმებზე ნადირობდა, ახლა კი ირმებს ხელს არ ახლებს და სულ ჩვენი გაჟლეტის ცდაშია, პირის გემო ხომ არ დაკარგაო?! – განა არ იცი, რომ ჩვენს მოკვლაზე 50 მანეთ პრემიას იღებს, ირმის მოკვლისათვის კი, 50 მანეთ ჯარიმას იხდისო?! – უპასუხა მეორემ. პირის გემო კი არ დაუკარგავს, ფულის გემო გაუგიაო! –დასძინა მესამემ.

* * *

ერთი მელია რედაქტორად დანიშნეს. მელიამ ჟურნალის გადახალისება მოინდომა და ადამიანები ჟურნალიდან გაანთავისუფლა და მათ მაგიერ ცხოველები მიიღო. ცხოველები საქმეს შესანიშნავად გაუძღვნენ, მაგრამ ჟურნალი მაინც ვერ გამოსცეს. მათ ამისათვის ერთი პატარა ნაკლი უშლიდათ ხელს: ცხოველებმა წერა–კითხვა არ იცოდნენ!

* * *

უხსოვარ დროს ერთი კაცი იხრჩობოდა და დელფინებმა გადაარჩინა. ისინი დაძმაკაცდნენ. კაცმა დელფინს ლაპარაკი ასწავლა, დელფინმა კი კაცს – ცურვა.

* * *

ერთი ლომი ხაფანგში მოექცა. იგი მამაცურად იტანდა ტკივილებს. ამ დროს ლომთან კურდღლები მივიდნენ და უთხრეს: – ლომო, თავი არ მოგვჭრა, შენს თვალებზე ცრემლები არ დავინახოთო! ლომს თვალებზე ცრემლები მოადგა.

* * *

ერთი კურდღელი ძალიან დათვრა და გრძნობები აეშალა. ამ დროს გამოჩნდა ლომი და კურდღელმა გადაწყვიტა, ლომისთვის თავისი გულის დარდები გაეზიარებინა. უთხრა: – ისეთ გუნებაზე ვარ, რომ თავი ლომი მგონიაო! ლომს გაეღიმა და უპასუხა: – ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლია თავი მეტი გეგონოს, ვიდრე ხარ, მე კი მაგ სიამოვნებასა მოკლებული ვარო!

* * *

ერთმა გლეხმა მწერალს შესჩივლა: – ჩემი ქათამი ბევრს კაკანებს და ცოტა კვერცხს დებსო. –ნუთუ კვერცხს ქათამი დებსო?! – მიუგო ღრმად დაინტერესებულმა მწერალმა.

* * *

ერთხელ, ერთი მეფე და ვეზირი ჭადრაკს თამაშობდნენ.

ვეზირმა მეფის მეფე დააშამათა. მეფემ ბრძანა, ვეზირისთვის თავი მოეკვეთათ.

– როგორ გეკადრებათ დიდო მეფეო, ჭადრაკი ხომ გართობაა, – უთხრა ვეზირმა.

გართობა იმათთვისაა, ვინც იგებსო, – მიუგო მეფემ და ვეზირს თავი მოჰკვეთა.

* * *

ერთხელ, ერთი მეფე და ვეზირი ჭადრაკს თამაშობდნენ.

– რამდენიმე სვლაში თქვენს მეფეს დავაშამათებ, – უთხრა მეფემ ვეზირს.

–ნუ იკადრებთ, დიდო მეფეო, ჩემი მეფე ხომ თქვენა ხართ, – უთხრა ვეზირმა.

* * *

ცხოველებს და ფრინველებს დავა მოუვიდათ. – ფრინველები ცხოველებზე მაღლა ვდგევართო. – გაიძახოდნენ ფრინველები და ცხოველებს მაღლიდან დაჰყურებდნენ. – თქვენ, შიშმა აღგამაღლათ ცაში, ჩვენ კი, სიმამაცემ დაგვტოვა დედამიწაზე, – მიუგეს ცხოველებმა. ქათმები დავაში არ ჩარეულან.

* * *

ერთმა მეიგავემ ხუმრობით იგავი დასწერა ყრუ–მუნჯებზე. იმ დღიდან უამრავი ხალხი გადაემტერა მას. მეიგავის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. რა იცოდა საწყალმა, რომ ქვეყანა ყრუ–მუნჯებით იყო სავსე.

* * *

ერთხელ, ყრუ–მუნჯმა ნადირებმა ტყეში კონცერტი გამართეს. ისინი, რომლებიც მხოლოდ ყრუები იყვნენ, მღეროდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც მხოლოდ მუნჯები იყვნენ – უსმენდნენ. ისინი კი, რომლებიც მუნჯებიც იყვნენ და ყრუებიც, არც უსმენდნენ და არც მღეროდნენ რეცენზიებს წერდნენ კონცერტის შესახებ.

* * *

ერთხელ, ხეებმა გადაწყვიტეს, ეზეიმათ ახალი წელი. თამადად უნდოდათ აერჩიათ ჭაბუკი ნაძვი, მაგრამ სწორედ ახალი წლის წინა დღეს მოვიდა ორი კაცი ერთი ხერხით და მოხერხეს ჭაბუკი ნაძვი. ხეები იძულებულნი გახდნენ, თამადად მუხა აერჩიათ. იზეიმეს ახალი წელი. მრავალი ლიტრა წყალი შეისრუტეს ფესვებით. სიმთვრალისაგან სახეები წამოუმწვანდათ… მრავალი სადღეგრძელო თქვეს ხეებმა. ბოლოს კი, ფეხზე ადგომით შესვეს ყველა უდროოდ დაღუპული ნაძვის შესანდობარი.

* * *

ერთმა უნიჭო მეიგავემ ჰონორარით ხორცი იყიდა და ზოოპარკში შევიდა. იგი ცხოველებს თავისი წარმატების თანამონაწილეებად თვლიდა და უნდოდა ჰონორარიდან მათაც რგებოდათ თავისი წილი. მან გალიებში შეუყარა ხორცი ცხოველებს. მეიგავის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხოველებმა ხორცს პირი არ დააკარეს.

* * *

ერთხელ, ერთმა იგავების მწერალმა იგავში, მისი აზრით, ისე შეასხა ხორცი ლომს, რომ მოეჩვენა: ხორცშესხმული ლომი ქაღალდიდან გადმოვიდა და მის წინ აღიმართა, – ყოველთვის ჩემი დიდი ნიჭი მღუპავდაო, – თქვა შეშინებულმა მწერალმა.

* * *

ერთხელ, ნიანგმა გაიგო, რომ მისი სახელი ქვია ჟურნალებს, რომლებიც ადამიანებს აცინებენ. ნიანგი სევდამ მოიცვა და ნიანგის ცრემლები გადმოცვივდა.

* * *

ერთმა ჭინჭრაქამ სიზმარში ნახა: ვითომ მთელი დედამიწა მოიტაცა და სადღაც წაიღო. როდესაც გამოიღვიძა, გადახედა დედამიწას და თქვა: ასეთი პატარა საქმისათვის კაცი სიზმარში თუ მოიცლიდაო.

* * *

ერთხელ, კატებმა თავი მოიყარეს და თქვეს: – გარეგნობა, სისწრაფე და გული ლომისა გვაქვს, ღმერთს რომ ტანიც მოეცა, ნამდვილი ლომები ვიქნებოდითო. ასი კატა ერთ ლომს ხომ ვუდრით, წავიდეთ და ხარი მოვიტაცოთო. ისინი შეეცადნენ ხარის მოტაცებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამ დროს ჩამოიარა თაგვმა და თქვა: – ასი კატა მაინც ასი კატაა და არც ერთი ლომიო. ამ სიტყვებმა კატებს ისე გაუფუჭათ გუნება, რომ თაგვის შეჭმაც კი დაავიწყდათ.

* * *

ერთი მელია ისტორიაში შევიდა. მელიამ მიიხედ–მოიხედა ისტორიაში და ვერც ერთი ქათამი დაინახა. – ისტორიაში შესვლას საქათმეში შესვლა ჯობნებიაო, – თქვა ბრძენმა მელიამ.

* * *

ერთხელ, მხეცებმა არჩევნები მოაწყვეს. მათ წინდაწინ მოილაპარაკეს, რომ ლომისათვის ხმა არ მიეცათ. ლომის კანდიდატურის წინააღმდეგ პირველი მელია გამოვიდა, მაგრამ სხვა ნადირებმა, ვინაიდან არჩევნები ღია იყო და გადამწყვეტ მომენტში შეშინდნენ, უკლებლივ მისცეს ხმა ლომს. განრისხებულმა ლომმა ჰკითხა მელიას:როგორ გაბედე ჩემი უაროფა, შე მოღალატევ?! – მოტყუებულმა მელიამ თავი იმართლა: – დიდო მეფეო, ქვეყანამ იცის, რომ თქვენი ერთგული კაცი ვარ, მაგრამ ხმა იმიტომ არ მოგეცით, რომ ვიცი, სამეფოს მართვა გაგიჭირდებათ, რადგან ამდენი დაფარული მტრები გახვევიათო, – და დანარჩენ ნადირებზე მიუთითა.

* * *

ერთხელ, შინაურ და გარეულ ცხოველებს ერთმანეთში დავა მოუვიდათ, გარეულები შინაურებს მოღალატეებს უწოდებდნენ. შინაურები გარეულებს – ველურებს, ბოლოს დაასკვნეს, რომ ორივენი მართლები იყვნენ. ახლა იმაზე აუტყდათ დავა, მოღალატეობა სჯობდა თუ ველურობა? ბევრი იდავეს და ბოლოს დაასკვნეს, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ცხოველები უკიდურესად კმაყოფილები დაიშალნენ.

* * *

ერთმა მელიამ იფიქრა: ადამიანები ჩვენზე იგავებს რომ წერენ, რა მოხდება, მეც რომ იგავების წერა დავიწყო. მხეცების ცხოვრებას ადამიანზე უკეთ ვიცნობო. მელიამ მართლაც დაწერა იგავები და ერთ მეიგავეს წააკითხა. აინტერესებდა მისი აზრი. მეიგავემ ყურადღებით წაიკითხა იგავები და მელიას უთხრა: – შენი იგავები ნატურალისტურია, ალეგორიულობა აკლაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს იგავები მწერალმა პრესაში გამოაქვეყნა ფსევდონიმით: მელია.

* * *

ერთი ქურდი მხოლოდ მსაჯულებს ქურდავდა და არასოდეს დაუჭერიათ. ხალხმა ჰკითხა ქურდს: – რად არ გიჩივიან მსაჯულებიო?

– ჩვენ, კოლეგები, ერთმანეთს პატივს ვცემთო, –მიუგო ქურდმა.

* * *

ერთი ზარმაცი გლეხი მიწას უჩიოდა: მაგარია და ვერ დავხანიო. ამ დროს მიწიდან თავი ამოყო თხუნელამ, შეხედა გლეხს და არაფერი თქვა.

* * *

ერთი მოუქნელი ქურდი ღარიბებს ქურდავდა. ერთხელ ჰკითხეს: – რადა იქმ ასეო? – რა ვქნა, მდიდრები ისე კეტავენ სახლს, რომ თვითონაც ძლივს აღებენ, ხოლო ღარიბი კაცის სახლის კარები მუდამ ღიააო.

* * *

ერთხელ, ერთმანეთს შეხვდნენ უდიპლომო ლომი და დიპლომიანი ვირი. – უნდა შეგჭამო, – უთხრა ლომმა ვირს. – დიპლომი თუ გაქვსო, შეეკითხა ვირი. – დიპლომი არა მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ საწარმოო სტაჟი მაქვს დიდიო, – მიუგო უდიპლომო ლომმა და დიპლომიანი ვირი დიპლომიანად შეჭამა.

* * *

ერთხელ, მგლებმა თქვეს, ქვეყანა ჩვენზე რომ ნადირობს და ირმის მოკვლა აკრძალეს, ნეტა რაშია საქმეო?

ერთმა თქვა: – როცა ირმების ოდენობა დავრჩებით, ჩვენზეც აკრძალავენ ნადირობასო.

* * *

ერთი კაცი მელიაზე ნადირობდა. მელია კი – ქათმებზე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. მელია შეშინდა და უთხრა კაცს: – ნუ მომკლავ, კაცო, შენ თუ ვერ გამიგე, მაშ, ვინღამ უნდა გამიგოს, შენც ხომ ჩემსავით მონადირე ხარო.

* * *

ერთი მგელი ერთ კრავს გუნებაში ჭამდა და დიდ ნეტარებას განიცდიდა. ეს იცოდა კრავმა და ამიტომ იგიც, ამ მგელს გუნებაში ჭამდა და დიდ ნეტარებას განიცდიდა. ერთხელ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

– რა გაქვს გუნებაში? – შეეკითხა მგელი კრავს.

– შენი შეჭმა! – მიუგო კრავმა.

– შენ რაღა გაქვს გუნებაში? – შეეკითხა კრავი.

– შენი შეჭმა! – უპასუხა მგელმა.

მიუხედავად ამისა, ისინი ისე დასცილდნენ ერთმანეთს, რომ ერთს მეორე არ შეუჭამია, რადგან იცოდნენ, რომ შემდეგ გუნებაში ვეღარ შეჭამდნენ ერთმანეთს.

* * *

ერთი მელია ლომის მაგიერ მეფედ დანიშნეს. მან ლომის ტყავი ჩაიცვა და სამეფოს მართვას შეუდგა. ცხოველებმა ვეღარ აიტანეს მელიის ლომობა და მოხსნეს იგი მეფობიდან. შეურაცხყოფილმა ამაყად გაიხადა ლომის ტყავი და ზიზღით მიაგდო. ცხოველებმა მელიას მარტო ეს არ აკმარეს, მას მელიის ტყავიც გახადეს.

* * *

ერთმა მლიქვნელმა მწერალმა ისტორიკოსს შესჩივლა: – უცნაურია სწორედ, ისტორიაში მეფეების ფინიებს უფრო იხსენიებენ ვიდრე მწერლებსო.

– თუ ასეა, ბედი გქონიათო, – მიუგო ისტორიკოსმა.

* * *

ერთხელ, ლომმა ჭრიჭინას ჰკითხა: – უხილავი რადა ხარ, რატომ ვერავინ ხვდება საიდან ჭრიჭინებო? – უხილავი იმიტომ ვარ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობო, – მიუგო ჭრიჭინამ.

* * *

ადამიანებს დღემდე გიკვირთ, რომ გუგული კვერცხებს სხვების ბუდეში დებს და სხვებს აჩეკინებს ბარტყებს. ნუ გიკვირთ ადამიანებო! იყო დრო, როდესაც სხვა ფრინველები გუგულის ბუდეში დებდნენ კვერცხებს და აჩეკინებდნენ ბარტყებს.

ახლა ისინი, უბრალოდ, ვალს იხდიან.

* * *

ერთი ბრაკონიერი თევზის ჭერის დროს დაიჭირეს. ბრაკონიერმა თავი იმართლა: –რას მერჩით, თევზები დახრჩობას გადავარჩინეო.

* * *

ერთხელ, ზოოპარკის დირექციამ ცხოველებისათვის სასადილო ააშენა, რათა ცხოველებს ერთად ესადილათ და ამრიგად მათში კოლექტივიზმის გრძნობა განვითარებულიყო. ცხოველები შემოუსხდნენ საერთო მაგიდას. ყველას თავთავისი ულუფა ედვა წინ. როცა სადილობა დამთავრდა, შემოვიდა სასადილოს ადმინისტრატორი და რა ნახა: მაგიდის თავში ლომი იჯდა და მის ირგვლივ კი ცხოველების ძვლები ეყარა, ხოლო ულუფები ხელუხლებელი იყო.

* * *

ერთმა ქათამმა მინის ნატეხი იპოვა, იგი მას სიმინდის მარცვალი არ გონებია, მაგრამ მარგალიტი კი. წაუღო გლეხს და ერთ ფუთ სიმინდად დაუფასა. გლეხმა უთხრა: – ჩვენ სიმინდში ერთნაირად ვერკვევით, მაგრამ ძვირფას ქვებშიც ერთნაირადო.

* * *

ერთხელ, ცხოველებმა ლომს იუბილე გადაუხადეს. აქეს და ადიდეს, მაგრამ იქვე ჭრიჭინი გაისმა. ჭრიჭინა აკრიტიკებდა ლომს. ჭრიჭინი ხან ერთი მხრიდან მოისმოდა, ხან მეორედან. ცხოველებმა ბევრი ეძებეს ჭრიჭინა, მაგრამ ჭრიჭინი თან მისდევდათ. ჭრიჭინა თურმე ლომის ბაგეზე იჯდა და იქედან ლანძღავდა ლომს.

* * *

ერთხელ, ლომი უდაბნოში შეიპყრეს და ზოოპარკის გალიაში დაამწყვდიეს. უდაბნოში გაზრდილ ლომს თავისუფლება ენატრებოდა. ლომმა მოინდომა ზოოპარკიდან გაქცევა. თავის გეგმა სხვა ნადირებსაც გაანდო. ნადირებმა ვერ გაიგეს რას ამბობდა ლომი. მათ უხალისოდ მოუსმინეს ლომს, დაამთქნარეს და ჩასთვლიმეს. ისინი თურმე გალიებში იყვნენ დაბადებულები და გაზრდილები.

* * *

ერთი დათვი და კაცი დამეგობრდნენ ,როდესაც ტყეში ტკბილად მუსაიფობდნენ, ამ დროს გავარდა თოფი და დათვი დაიჭრა. გააფთრებული დათვი მონადირეს ეკვეთა. უეცრად ზურგში ხანჯლის დარტყმა იგრძნო. დათვი მობრუნდა და დაინახა თავისი მეგობარი კაცი. ღალატით დადდარდიანებულმა დათვმა თქვა: – მე კი მომკალით, მაგრამ თუ ჩემს გაყოფაზე ერთმანეთს არ დაკლავთ, იმასაც ნახავთო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button