მერაბ ღაღანიძე “კონსტანტინოს კავაფისი: მეხსიერებით გამარადისებული გარდასული”
ახალი ბერძნული პოეზიის ყველაზე დიდი წარმომადგენლის, კონსტანტინოს კავაფისის, ცხოვრება ფაქტების სიმრავლით არ გამოირჩევა, – პირიქით, შეიძლება ითქვას, იგი საკმაოდ უღიმღამო შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს მწერალთა ბიოგრაფიების მოყვარულთათვის. მაგრამ მისი ლირიკა, რომელიც სევდისა და წადილის, მონატრებისა და ჟინის ამგვარი ინტენსივობით, მოლოდინისა და განშორების ამგვარი დაძაბულობითაა აღსავსე, ალექსანდრიელი პოეტის მძაფრ და დატვირთულ შინაგან ცხოვრებაზე მეტყველებს.
პროვინციელი მოხელის ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების მიღმა, რომელიც კავაფისის პოეზიაში არსად ასახულა, მისი სტრიქონების კითხვისას მჟღავნდება, ერთი მხრივ, კლასიკური ისტორიის მკვეთრი განცდა, მიმქრალი ტრადიციისადმი მტკივნეული მისწრაფება, ხმელთაშუაზღვისპირული ძირების ნაღვლიანი ძიება, გაუცხოების საერთობერძნული ტრაგედია, – რომ მათი კულტურა და ცივილიზაცია, მათი ქვები და ხსოვნა აღარც ფიზიკურად და აღარც სულიერად მათ აღარ ეკუთვნის, ხოლო, მეორე მხრივ, ალექსანდრიას, კონსტანტინოპოლსა და ათენს შორის გახლეჩილი ყოფა და ცნობიერება, საკუთარი ეროტიკული მეობის მშვიდი მიღება, სიმშვენიერის ოდენ ხორციელ განზომილებაში ჭვრეტა, მშვინვიერ გამოცდილებათა და აღტაცებათა მოპოვება სხეულის წიაღ, ხშირად – უცხო სხეულთან შეხების გზით…
ბერძენი პოეტისათვის, – მეოცე საუკუნის დიდ პოეტთა შორის დიადისათვის, – მეხსიერება ხდება შემოქმედების წყარო და დასაყრდენი: მეხსიერება ისტორიული და მეხსიერება პირადი. თავის წარმოსახვასა და თავის ნაწერებში პოეტი ისევე ცდილობს აღადგინოს ოქტავიანეს შემოსვლა ალექსანდრიაში, ან კესარიონის, კლეოპატრასა და კეისრის ვაჟის, გარინდება ქალაქის აღების ღამეს, ანდა მანუელ კომნენოსის სამონაზვნო შემოსვა სიკვდილის წინ, სექტემბრის ღრუბლიან დღეს, როგორც შემთხვევითი სატრფოს გვერდით განცდილი განცხრომის ორიოდ საათი ან ზღვის სანაპიროზე, ყავახანაში თუ სამეძავო სახლის შესასვლელში შენიშნული მაცდური და მიმზიდველი მზერა…
კავაფისის ლექსებში წარსულის სინამდვილე ის ძნელადმოსახელთებელი, მაგრამ ნაყოფიერი ბიძგია, რომელიც აწმყოს პოეზიაში მარადიულ სიმყარედ გარდაისახება, – განცდის განახლებითა და სიტყვაში მისი განხორციელების წყალობით. ის, რაც შეწყვეტილი, მიტოვებული ან დამთავრებულია წარსულში, აწმყოში აგრძელებს ანდა ხელახლა მოიპოვებს სიცოცხლეს: მეხსიერება პოეზიაში ცოცხლობს. მაგრამ როცა პოეტი ჩქარობს, სიტყვამდე მიიტანოს განცდილი, რა განაპირობებს მის შინაგან მიზანსწრაფვას: ვნებიანი სურვილი იმისა, რომ გამუდმივება მიანიჭოს ნაგრძნობს ან ნახულს თუ დაუღალავი ზრუნვა, რათა სტრიქონებს შთაგონების ნაპერწკალი, მხურვალების წყარო არ შემოაკლდეს? მოვალეობა, რომ ყოველი ის, რაც დაუვიწყარია, აუცილებელ შენახვას საჭიროებს თუ მოფრთხილება, ვინძლო სათქმელის აღმგზნები ალი არ მინავლდეს?
მაგრამ მეხსიერება კავაფისისათვის სხეულის მეხსიერებაა და ის ისევ იმ შეგრძნებისა თუ გრძნობის გახანგრძლივებას ან, კიდევ უკეთეს შემთხვევაში, გამუდმივებას ემსახურება, რომელიც ოდესღაც – საუკუნეთა წინ თუ რამდენიმე საათის წინ – ხელშესახები და მისაწვდომი იყო… განცდა და აღმაფრენა ხორციელების ფარგლებში რჩება და არათუ სულს, სამშვინველსაც ოდნავ ეხება, რაც უცაბედად ააშკარავებს, თუ რატომ გაჟღენთილა განწყობა არამცთუ მოქანცვით ანდა გაწბილებით, არამედ ათარაქსიული მდგომარეობით პოეტის მოკლე, სადა, ყოველგვარი სამკაულისაგან დაცლილ ლექსებში. განსხვავებით თუნდაც პლატონური ან ახალპლატონური აღტაცებული სწრაფვისაგან, – რომ აღარაფერი ვთქვათ ქრისტიანულ თვალსაწიერზე, რაკი კავაფისისთვის არცთუ ახლობელი იყო ქრისტიანული ხედვა, – ლტოლვა მიწიერი სილამაზის მიმართ არ აღმოჩნდება არც ასასხლეტი საყრდენი, არც ასაფრენი მოედანი, არც ხიდი ან კიბე უმაღლესი სულიერების, უმაღლესი ჭეშმარიტების მისაწვდომად და საჭვრეტად.
მაგრამ ის, რაც სიტყვად იქცა, ქმნილების ბუნებრივი ძალით, სწყდება ოდენ ხორციელს, ოდენ ნივთიერს, რადგანაც სიტყვა ყოველთვის ძლევს ცალ განზომილებაში დარჩენის სიმარტოვეს. ხოლო რაკი სიტყვა მოლივლივე და წახნაგოვანია, რაკი სიტყვის წიაღში გადაძახილთა და ნიშნადობათა სიმრავლე ილანდება, რაკი სიტყვა ყოველთვის ირეკლავს იმას, რაც გრძნობადის მიღმა ილანდება, ამიტომაც ეხვევა, – თუნდაც უნებურად, – იდუმალების მკრთალ ბურუსში ბერძენი პოეტის თითქოსდა ეგზომ ადვილად მისაწვდომი და ეგზომ კონკრეტული ლექსები.
კავაფისის პოეზიაში ხორციელების მძაფრ ძახილს, მშვინვიერების ფაქიზი ჩურჩულის გარდა, სულიერების მტანჯველი დუმილიც თანსდევს. ესეცაა ერთი მიზეზი, რომ ეს თითქოსდა გაწონასწრებული, თითქოსდა თავშეკავებული პოეტური სტრიქონები ასე ძალუმადაა განმსჭვალული ტრაგიკული განცდის გარდაუვალი სულისკვეთებით…
2003
პირველად გამოქვეყნდა წიგნში: მერაბ ღაღანიძე, მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ, თბ.: მემკვიდრეობა, 2011, გვ. 467-469.